უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კომიტეტის [CPAC] კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა, „ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება“ და „უმცირესობის მიერ უმრავლესობაზე ძალადობის დაუშვებლობა” იყო მისი გამოსვლის მთავარი აქცენტები.
რას ემსახურება სინამდვილეში ღარიბაშვილის რიტორიკა და რატომ არ აქვს საერთო ამ ყველაფერს არც კონსერვატიზმთან და მით უფრო ეროვნულ ფასეულობებთან? – ამის შესახებ „ბათუმელებთან“ აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ცუცქირიძე საუბრობს.
- ბატონო ლევან, როცა პრემიერი ღარიბაშვილი ოჯახზე, რწმენაზე, ტრადიციებზე ლაპარაკობს, თქვენი აზრით, ეს სიყალბეა? რატომ?
ზოგადად, კონსერვატიზმი არ არის მხოლოდ, რაღაც მნიშვნელოვანი თემების ხსენება, კონსერვატიზმი არის ამ საკითხებზე ზრუნვა პოლიტიკის საშუალებით. მხოლოდ იმის თქმა, რომ მე მიყვარს ჩემი ოჯახი, რელიგია, ტრადიცია, თემი, სოფელი და ქალაქი, არ გხდის კონსერვატორად.
კონსერვატორად გხდის შენი ქცევა, რომელიც აისახება პოლიტიკაში, მმართველობაში, ეკონომიკაში, ფისკალურ პოლიტიკაში და ყველაფერში.
პოლიტიკური იდეოლოგია არ არის მხოლოდ რიტორიკა, არამედ მოქმედებების პროგრამა. „ქართული ოცნების“ პროგრამა კი არასდროს ყოფილა კონსერვატიული და საგარეო ურთიერთობებს რომ შევხედოთ, ის დღემდე სოციალისტური ოჯახის წევრია. როგორ შეიძლება სოციალისტური ოჯახის წევრი იყოს კონსერვატორი, გამოდის, რომ ცრუობს ხომ? ან ქართველებს გვატყუებს, ან ევროპელებს ატყუებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ტყუილების ლაპარაკი და ადამიანებისთვის თვალში ნაცრის შეყრა შეუთავსებელია პოლიტიკურ მომავალთან.
კონსერვატიზმისთვის მნიშვნელოვანი თემები რაც არის, არცერთ ამ თემაში საქართველოს არ აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა.
- მაგალითად, რომელია ეს თემები?
დავიწყოთ თუნდაც ოჯახის თემით.
შევხედოთ, რამდენი ადამიანი წავიდა მძიმე შრომისთვის ემიგრაციაში საქართველოდან „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს. რამდენი ოჯახი დაიქსაქსა სხვადასხვა კონტინენტზე, სხვადასხვა ქვეყანაში იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს უნარი და სურვილი გაატაროს დასაქმების წესიერი პოლიტიკა, რომელიც ღირსეული ცხოვრების საშუალებას მისცემს ადამიანებს საქართველოში.
ვნახოთ, რა პირობებში ცხოვრობენ ქართული ოჯახები და მერე დავასკვნათ, ზრუნავს თუ არა „ქართული ოცნება“ ქართულ ოჯახებზე? – რა თქმა უნდა, არა.
ჰკითხეთ ყოველ იმ ოჯახის წარმომადგენელს, რომელსაც ემიგრაციაში ჰყავს ოჯახის წევრი, არის თუ არა მისი ცხოვრება უკეთესი.
ავიღოთ სხვა საკითხებიც, მაგალითად თავისუფლების, ავტორიტარიზმსა და დიქტატურასთან დაპირისპირების თემა. ეს კონსერვატიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კონსერვატიზმი, ისევე როგორც სხვა ძირითადი დემოკრატიული იდეოლოგიები, თავისუფლებისკენ სწრაფვის და ემანსიპაციის პროგრამაა.
ამერიკელმა რესპუბლიკელებმა, შესაბამისად კონსერვატორებმა, გააუქმეს მონობა ამერიკაში და ჩაგრული უმცირესობა გაათავისუფლეს, მისცეს მათ როგორც მონობისგან თავისუფლება, ასევე არჩევნებში მონაწილეობის და კანდიდატად მონაწილეობის უფლებაც.
დღევანდელ შემთხვევაში კი რას აკეთებს ის მედროვეთა გაერთიანება, რომელშიც ახლა ღარიბაშვილიც შევიდა? გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ რუსეთის ჩრდილის ქვეშ. სად არის აქ კონსერვატიზმის თავისუფლების ხაზი, მე ამას ვერ ვხედავ.
ამას ვერ ვხედავ იგივე საქართველოს პოზიციაში უკრაინასთან დაკავშირებით, რომელიც რეალურად იბრძვის არა მხოლოდ თავისი თავისუფლებისთვის, არამედ მთელი კონტინენტის და მთელი ევროპული სივრცის თავისუფლებისთვის.
თვითმმართველობის საკითხს შევეხოთ, კონსერვატიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არსებული ტრადიციული ინსტიტუტების შენარჩუნება და მათი ხელოვნურად არ გარდაქმნა.
საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ძლიერი თვითმმართველობა, თუ არ ჩავთვლით წითელი ტერორის პერიოდს, რომელიც სრულიად არანორმალური იყო საქართველოსთვის და არანაირი კავშირი ამას ჩვენს პოლიტიკასთან არ აქვს.
„ქართული ოცნება“ არის ის პარტია, რომელიც წინასაარჩევნო პროგრამაში წერდა, რომ გააძლიერებდა თვითმმართველობას, სინამდვილეში კი მან თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა შეამცირა.
თვითმმართველობა არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ კონსერვატორები ნაკლებად ენდობიან მთავრობებს. ამიტომ ამბობენ, რომ ხალხმა თვითონ უნდა მართოს საკუთარი თავი, მათ უნდა ჰქონდეთ ამის ბევრი შესაძლებლობა, რადგან ისინი ეჭვით და უნდობლად უყურებენ მთავრობებს.
კონსერვატიზმი ასევე უაღრესად დიდ პატივს სცემს საზოგადოებრივ კონტრაქტს, საზოგადოებრივ ხელშეკრულებას და ამბობს, რომ მე არ გამოვიყენებ ხელოვნურ და უხეშ მეთოდებს იმისთვის, რომ შევცვალო ის კონსენსუსი, ცხოვრების წესი, ის იდეები, რომელიც საზოგადოებაში არის გავრცელებული, ფესვგადგმული და რასთანაც საზოგადოება კომფორტულად ცხოვრობს.
მაგრამ რას აკეთებს „ქართული ოცნება“?
90-პროცენტიან ქართულ კონსენსუსს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, „ოცნება“ რეალურად საბოტაჟს უწყობს. სად არის აქ კონსერვატიული პრინციპი? – არსად არ არის. აი, ასეთი, კიდევ ბევრი რამ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ.
- ჩვენ წლებია ვხედავთ, როგორ იტანჯებიან ონკოპაციენტი ბავშვების მშობლები იმის გამო, რომ არ აქვთ მათი შვილების მკურნალობის შესაძლებლობა, ახლა კი ვნახეთ არაერთი დედა ქუჩაში, წვიმასა და ქარში როგორ დგას და ითხოვს შილებისთვის წამალს. ღარიბაშვილს რატომ არ ესმის მათი ხმა, თუკი ოჯახი ასეთი წმინდაა მისთვის?
ამიტომ ვამბობ, რომ კონსერვატიზმი, რაზეც ღარიბაშვილი საუბრობს, არ არის მარტო ჩოხის ჩაცმა, გულზე ხელის დარტყმა და თქმა, რომ „მე მიყვარს ჩემი ქვეყანა“.
თავისი ქვეყანა ყველას უყვარს. საქართველოს მოქალაქეები კონსერვატორებიც არიან, ლიბერალებიც, სოციალისტებიც, სხვადასხვა ფერი აქვს ქართულ საზოგადოებას, აქ ყველას შეუძლია ქვეყნის სიყვარულში შეეჯიბროს.
მაგრამ შენ თუ ამბობ, რომ ხარ კონსერვატორი, მაშინ უნდა გაატარო ის პოლიტიკა, რასაც კონსერვატიზმი ქადაგებს. ამას კი „ოცნება“ არ აკეთებს.
ეს არის ჩვეულებრივი ოპორტუნიზმი, მედროვეობა, იმიტომ, რომ გამოიყენონ რაღაც შესაძლებლობები, რადგან სხვა უკეთესი შესაძლებლობები აღარ აქვთ. „ქართულ ოცნებას“ არცერთ სოლიდურ პოლიტიკურ ოჯახში აღარ მიესვლება ევროპაში. ახლა ისეთ ავანტიურისტებთან, როგორიცაა ორბანი, პოულობს რაღაც დროებით საერთო ენას. ეს არის და ეს.
აქ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ „ქართული ოცნების“ ეს პოზიცია ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ მომავალს.
- ცოტა ხნის წინ, საზოგადოებამ შეძლო და რუსული კანონი უკან წააღებინა „ოცნებას“, პრორუსი „ალტ-ინფო“ კი ახალი კანონპროექტის მიღებით იმუქრება, „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“. როგორ ფიქრობთ, რადგან უმცირესობების საკითხზე ჩვენს საზოგადოებაში არ არის ერთგვაროვანი აზრი, ამის იმედი აქვს „ოცნებას“?
ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი მსგავსი კანონი, რა სახელითაც არ უნდა შეიტანონ, სინამდვილეში მიმართული იქნება საქართველოს ევროპული და თავისუფალი მომავლის წინააღმდეგ.
ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს განსხვავებული მოსაზრებები სექსუალური უმცირესობების, აბორტის, სხვადასხვა მედიკამენტის გამოყენების გარშემო. ეს არის დემოკრატიული საზოგადოების ნიშანი, რომ ხალხს აქვს განსხვავებული აზრი და არც საქართველო განსხვავდება ამით, შესაძლოა ჩვენთან გამოხატვის ფორმები არ შეესაბამებოდეს, მაგრამ დებატები ყველა ქვეყანაში მიმდინარეობს სხვადასხვა თემაზე.
საქართველოში რაზეც არის საზოგადოების, მოსახლეობის აზრი ერთიანი, ეს არის ამ ქვეყნის თავისუფლება, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და ამ ქვეყნის მოქალაქეების დიდი ნაწილს ეწინააღმდეგება რუსეთის ჩრდილში ცხოვრების პერსპექტივას.
ამიტომ, რაც არ უნდა სახელი დაარქვან კანონებს, მჯერა, რომ საზოგადოება ამას სწორად დაინახავს.
„ქართული ოცნება“ იმასაც ფიქრობდა, რომ რუსულ კანონს გაიტანდა, რომ ხალხს ფეხზე ეკიდებოდა რა შედეგებს მოიტანდა ეს, მაგრამ ხალხმა დაინახა, რომ მათ თავისუფლებას და ევროპულ მომავალს ემუქრებოდა საფრთხე. იგივე იქნება სხვა დროსაც.
„ქართულმა ოცნებამ“ გაწყვიტა ხალხთან საზოგადოებრივი კონტრაქტი, რადგან ქვეყანა ამბობს, რომ მას უნდა ევროპასთან ყოფნა.
ამიტომ, ეს ხალხი არ უნდა შეცდეს და არ უნდა ეგონოს, რომ „ქართული ოცნება“, „ალტ-ინფო“ ან „კონსერვატიული მოძრაობა“ მართლა კონსერვატორები არიან. ესენი არიან ჩვეულებრივი პრორუსული, ანტიდემოკრატიული ძალები საქართველოში და არაფერი აქვთ საერთო ამ თავისუფლების იდეის შემცველ იდეოლოგიასთან. არც ორბანს და არც ღარიბაშვილს.
- ძალიან ხშირად ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებიც ცდილობენ რუსული იდეოლოგია მართლმადიდებლობის სახელით გადაფუთონ. თქვენც წერდით, რომ სინამდვილეში ევროკავშირია ქრისტიანული ქვეყნების ყველაზე დიდი და წარმატებული გაერთიანებაა, სადაც მართლმადიდებელი ქვეყნებიც არიან და არასდროს შეჰქმნია მათ იდენტობას საფრთხე.
მართლმადიდებელი ქვეყნები არა მარტო ცხოვრობენ ევროკავშირის სივრცეში, არამედ კარგად ცხოვრობენ.
შევხედოთ, რომელი ქვეყანაა ლიდერი მსოფლიოში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მაჩვენებლით, რუსეთი ხომ? სად არის ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი? სად ცხოვრობენ ოჯახები უფრო უკეთ, ქალები უფრო უკეთ, სად არის ნაკლები ოჯახის ნგრევა? – ევროპაში.
სად არის ყველაზე უკეთ დაცული იგივე ინსტიტუტები, რომელსაც კონსერვატორებიც პატივს სცემენ, სად არის დაცული ტრადიციული რწმენა, კერძო საკუთრების უფლება, სოფელი, თვითმმართველობა? – აი, ეს კითხვები უნდა დავსვათ და იმის მიხედვით უნდა გააკეთონ ადამიანებმა არჩევანი.
რუსული ეკლესიის ხელმძღვანელი ფაქტობრივად ომის კრიმინალი და კგბ-შნიკია. ევროპაში სასულიერო პირები თავის საქმეს აკეთებენ წესიერად და პატიოსნად – ხელისუფლების ჩარევისა და ინტრიგების გარეშე.
თუ ტრიბუნიდან ამბობ, რომ ეკლესიას პატივს ცემ, მაშინ საეკლესიო მოხელეებს რატომ დასდევს უშიშროება და რატომ იწერს მათ მალულად, თუკი ეკლესიაა ამათთვის მნიშვნელოვანი? ეს არის ეკლესიის პატივისცემა და კონსერვატიზმი?
- პრემიერის შვილი ამერიკაში ისწავლის და იცხოვრებს. დეპუტატების დეპუტატების შვილები და ოჯახის წევრებიც აშშ-ს და ევროკავშირის მოქალაქეები არიან. ამას ხომ ხედავს საზოგადოება?
რა თქმა უნდა, ხედავს. ვინმეს სჯერა, რომ დასავლეთში დასდევენ ბავშვებს და სქესს უცვლიან?
„ქართულ ოცნებას“ სჯერა, რომ პროპაგანდის ამ ძალიან მარტივი მეთოდებით, რომ რაც არ უნდა სიბრიყვე და სისულელე თქვან, თუ ბევრჯერ გაიმეორებენ, ხალხი ამას დაიჯერებს. დამწკრივდებიან, დგანან გაშტერებული სახეებით და იმეორებენ ერთსა და იმავეს, რომ „ევროპას ომი უნდა“, „გლობალური ომის პარტია“, „ჩვენ გვიყვარს ღმერთი“, „ჩვენ გვიყვარს ოჯახი“. ამ სახეებით ტრაგიკომიკური სერიალის პერსონაჟებს მაგონებენ ხოლმე ხშირად.
ქართველი ხალხი ჰგონიათ სულელი, მაგრამ არ იჯერებს ამას ხალხი.
- თუმცა „ეს უვიცი თავი“, როგორც თქვენ უწოდებთ მათ, საქართველოს საქმეს აფუჭებს ევროინტეგრაციის გზაზე. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ, რომ წლის ბოლოს ისევ დააკარგვინონ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი?
ევროპარლამენტარები ვერ ჩამოვლენ და ვერ იტყვიან ჩვენ სათქმელს, ამის ანგარიშვალდებულება ჩვენ უნდა დავაყენოთ მთავრობის წინაშე, რომ თუ ჩვენ მოგვისპობენ მომავალს, ჩვენ პოლიტიკურად პასუხს ვაგებინებთ მათ.
მგონი ევროკავშირი ახალი წევრების მიღებაზე არასდროს ყოფილა ასეთი ღია, ცივი ომის დასრულების შემდეგ.
ამ დროს ღარიბაშვილი მიდის და ანტიევროპულ, ანტიდემოკრატიულ კონფერენციაზე ლაპარაკობს. არ გვაქვს ასარჩევად საქმე და ერთადერთი, ყველაზე მშვიდობიანი, ყველაზე წარმატებული, კეთილდღეობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ეს არის ევროკავშირი, მსოფლიოს უნიკალური პროექტი, რომელმაც დაასრულა ევროპული ომების საშინელი ეპოქა და თაობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, პენსიაში გავიდა უმდიდრეს ქვეყნებში. ამხელა წარმოუდგენელი გარღვევა მოახდინა ევროკავშირმა, ხომ?!
„მშვიდობა და ომს“ რომ იძახიან, შეუძლია რომელიმემ თქვას, როდის იყო ევროკავშირის წევრებს შორის ომი? – არასდროს.
ევროპა არის მშვიდობის, განვითარების გაერთიანება და ეს ხალხი თავისი საქციელით ამ შესაძლებლობას გვართმევს.
- „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს აშშ-ის ელჩმაც განაცხადა, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება პროპაგანდა, რათა საქართველო ევროპული გზიდან გადაიყვანოს. რაზე უნდა გაამახვილოს ხალხმა ყურადღება ასეთ დროს?
ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ აზროვნება, რადგან „ოცნებას“ უნდა ჩვენ აღარ ვიაზროვნოთ, აღარ ვიფიქროთ და დავიჯეროთ ის სისულელეები, რასაც ისინი ტელეეკრანებიდან გვეუბნებიან.
მოქალაქეებმა უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა და კრიტიკული აზრის სივრცე არ უნდა ჩავახშობინოთ ამ პროპაგანდას. ვიმოქმედოთ, ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე არ საუბრობს ხელისუფლება.
ვისაუბროთ უნივერსიტეტებში, სკოლებში, მედიაში, თვითმმართველობებში, ვისაუბროთ ბავშვებთანაც, თუ რატომ გვინდა ევროპა და თავისუფლება. ველაპარაკოთ ყველას და თუ მთავრობა არ შეასრულებს ჩვენ მოთხოვნას, პასუხი უნდა აგონ არჩევნებზე.
„ქართული ოცნება“ ოჯახებზე, ეკლესიაზე და ტრადიციებზე არ ზრუნავს. სად ინგრევა ოჯახი? – სიღარიბეში. სად ფუჭდება საეკლესიო საქმეები? – ტირანიაში და ავტოკრატიაში. სად მახინჯდება ტრადიცია? – დიქტატურაში, სადაც მას არ აქვს თავისუფალი განვითარების საშუალება.
მართალია, მათ ბევრი ფული და ბევრი შესაძლებლობა აქვთ, ბევრი მათგანის შვილები ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები არიან, ბინები, სახლები აქვთ, ყველაფერი აქვთ იქ და ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი საზრუნავი გვაქვს – როგორ სკოლაში ივლიან ჩვენი შვილები, რა ხარისხის საკვებს შეჭამენ, რა განათლებას მიიღებენ, რა ხარისხის ჰაერს ჩაისუნთქავენ, ამათ ეს არ აწუხებთ და ჩვენ რომ ამაზე მშვიდად ვიფიქროთ და ვიცხოვროთ, ამის საშუალებასაც გვართმევენ.