მთავარი,სიახლეები

შემაკავებელი ორდერი ოჯახში და ქალზე ძალადობისას – რა შეიცვალა შს მინისტრის ბრძანებით

02.05.2023 •
შემაკავებელი ორდერი ოჯახში და ქალზე ძალადობისას – რა შეიცვალა შს მინისტრის ბრძანებით

2023 წლის პირველი მაისიდან ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის განმეორებითი შემთხვევის შემაკავებელი ორდერი და რისკების შეფასების ინსტრუმენტი განახლებული ფორმით ამოქმედდა – შეიცვალა სპეციალური კითხვარით გათვალისწინებული პასუხების შეფასების სისტემა.

კერძოდ:

აქამდე განმეორებითი ძალადობის რისკის სიმძიმე განისაზღვრებოდა შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებული კითხვარით დადგენილი ქულების საფუძველზე და შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულო იყო, თუ ქულათა რაოდენობა შეადგენდა მინიმუმ 5 ქულას.

გამოყენებული იყო ტერმინები: განმეორებითი ძალადობის მაღალი რისკი, საშუალო რისკი და დაბალი რისკი, კითხვარში კი მოცემული იყო 1-ქულიანი, 3-ქულიანი და 5-ქულიანი შეკითხვები.

შს მინისტრის ბრძანების შედეგად, რომელიც ძალაში პირველ მაისს შევიდა, ამიერიდან კითხვარში მხოლოდ 3 და 5-ქულიანი შეკითხვები იქნება და განმეორებითი ძალადობის რისკად ჩაითვლება ერთ 3-ქულიან კითხვაზე დადებითი პასუხიც, ხოლო თუ მინიმუმ ერთი დადებითი პასუხი ფიქსირდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულ ისეთ კითხვაზე, რომელსაც მინიჭებული აქვს 5 ქულა, სიტუაცია ფასდება, როგორც განმეორებითი ძალადობის მაღალი რისკი.

იმ შემთხვევაში, თუ კითხვარით სიტუაცია შეფასდება, როგორც განმეორებითი ძალადობის მაღალი რისკის შემცველი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 30 დღის ვადით, ხოლო სხვა შემთხვევაში ორდერი შეიძლება გამოცემულ იქნეს უფრო მცირე ვადითაც.

რაც შეეხება ელექტრონულ სამაჯურს [ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა, რომელიც ამცირებს განმეორებითი ძალადობის, ფემიციდის მცდელობის და ფემიციდის რისკებს], იგი ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით მოძალადის მიმართ შესაძლოა დაწესდეს, თუ ქულათა რაოდენობამ შეადგინა 10-დან 15 ქულამდე და სახეზეა ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების თაობაზე მსხვერპლის ან მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა.

იმ შემთხვევაში, თუ შემაკავებელი ორდერის ოქმის კითხვარით მიღებული იქნება 15 ან მეტი ქულა, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება სავალდებულოა, მსხვერპლის ან მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე.

1-ქულიანი პასუხების 3-ქულიანით ჩანაცვლებამ გააჩინა იმის შესაძლებლობა, რომ მსხვერპლის პასუხებით ჯამში გაცილებით მეტი ქულა დაგროვდეს, ამით კი, უფრო გამკაცრდეს მოძალადის ზედამხედველობა [იგივე ელექტრონული სამაჯურის გამოყენების აუცილებლობით].

მაგალითად, შემდეგ კითხვებზე:

  • მსხვერპლთან ერთად ცხოვრობს არასრულწლოვანი?
  • მოძალადე მიდრეკილია ალკოჰოლური, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისკენ ან/და აზარტული თამაშებისადმი?
  • მოძალადეს ხელი მიუწვდება ცეცხლსასროლ იარაღზე?
  • მოძალადეს აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები?
  • მოძალადემ შეგიზღუდათ შრომის უფლება ან შეგიზღუდათ წვდომა საკუთრებაზე, თანხაზე, საკვებზე ან/და ოჯახში არსებულ სხვა რესურსებზე?

მსხვერპლს, ყველა ამ კითხვაზე რომ დადებითი პასუხი გაეცა, გროვდებოდა 5 ქულა და კანონი მოძალადეზე ელექტრონული სამაჯურის გამოყენებას არ ითვალისწინებდა.

ცვლილების შემდეგ, 2023 წლის პირველი მაისიდან, ამ კითხვებზე დადებითი პასუხის შემთხვევაში უკვე გროვდება 15 ქულა და ელექტრონული სამაჯურის გამოყენება აუცილებელია.

იმავე კითხვების მაგალითზე რომ განვიხილოთ, თუ მსხვერპლი 4 კითხვას დადებითად უპასუხებდა, შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულო არ იყო. ამჯერად კი, ამ ხუთი კითხვიდან ორზე დადებითი პასუხის შემთხვევაშიც კი, შემაკავებელი ორდერის გამოცემა უკვე სავალდებულო ხდება.

შს სამინისტროს ცნობით, ცვლილებას წინ უძღოდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია Global Rights for Women-ის ექსპერტების მიერ ძალადობის განმეორების რისკების შეფასების მექანიზმის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეფასება, ასევე, სამუშაო შეხვედრები საპოლიციო დანაყოფების, არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან.

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ოჯახში ძალადობის 1031 შემთხვევა დარეგისტრირდა ოფიციალურად. ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების შესახებ შს სამინისტროს პირველი სამი თვის სტატისტიკური ინფორმაცია წელს ჯერ არ გამოუქვეყნებია.

გასულ, 2022 წელს, საქართველოში ოჯახში ძალადობის 4106 შემთხვევა დადასტურდა. გასულ წელს ოჯახში ძალადობის ფაქტზე სულ 8748 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

______________

ფოტო: pixels

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: