მთავარი,სიახლეები

„უდაბნოში გავჩერდით. ვიფიქრეთ, დახვრეტა დაიწყებოდა“ – რეპრესირებული ქალის ისტორია

08.05.2023 • 14251
„უდაბნოში გავჩერდით. ვიფიქრეთ, დახვრეტა დაიწყებოდა“ – რეპრესირებული ქალის ისტორია

„სიმწრის მეტი არაფერი მინახავს. შიმშილობა, შიში – რა ვიცი, რა არ გამოვცადეთ.

კოშმარივით მახსენდება ის 15 დღე, ეშელონით რომ მივყავდით შუა აზიაში. არავის არ ვუსურვებ ასე ცხოვრებას.

მგზავრობა იმდენად მძიმე იყო, რომ ხალხი იხოცებოდა. ყველა გაჩერებაზე, ძირითადად, პატარა ბავშვები, გადმოჰყავდათ ვაგონებიდან და სადღაც მინდორში, სასწრაფო მანქანებით მიჰყავდათ. სად მარხავდნენ, რას შვრებოდნენ, არ ვიცი. ამ ყველაფერს ვუყურებდით.

ვერ უძლებდა ხალხი. მოხუცები და პატარა ბავშვები ძირითადად. ეს გააკეთა სტალინმა. და მე სულელი ვტიროდი, სტალინი რომ მოკვდა,“ – 86 წლის ჯულიეტა (მერი) ლომთათიძე ასე იხსენებს გასული საუკუნის ყველაზე სასტიკ რეპრესიებს, რომელიც სტალინის სახელს უკავშირდება.

ჯულიეტა ლომთათიძე 1937 წელს დაიბადა ბათუმში. დედა ბერძენი ჰყავდა, მამა – ქართველი. 1949 წლამდე, სანამ შუა აზიაში გადაასახლებდნენ, ბათუმში ცხოვრობდნენ. პროფესიით პედაგოგია, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

გადასახლებიდან დაბრუნებულმა უმაღლესი განათლება მიიღო და 1962 წელს მუშაობა ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში დაიწყო მასწავლებლად.

თუმცა სანამ მისი კარიერული აღმასვლა დაიწყებოდა,  ჯულიეტამ და მისმა ოჯახმა შიმშილის, გაჭირვებისა და რეპრესიების რთული წლები გაიარა.

„ბათუმელები“ გთავაზობთ ჯულიეტა (მერი) ლომთათიძის მოგონებას მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არსებული სტალინური რეპრესიების შესახებ, როცა ათიათასობით უდანაშაულო ოჯახი საკუთარი სახლებიდან აყარეს და მათთვის უცხო, კლიმატურად რთულ რეგიონებში გადაასახლეს.

ჯულიეტა (მერი) ლომთათიძე:

„დავიბადე 1937 წლის 13 ივლისს ბათუმში. დედაჩემი ბერძენი იყო, ვალენტინა მეტაქსა, მამა ქართველი – ვლადიმერ ლომთათიძე.

ერთმანეთი ჩაქვში გაიცნეს. დედაჩემს პედაგოგიური ტექნიკუმი ჰქონდა დამთავრებული და ჩაქვში მუშაობდა მასწავლებლად. მამაჩემი მძღოლად მუშაობდა ჩაქვში. შეუყვარდათ ერთმანეთი და მშობლების ნებართვის გარეშე გაჰყვა მამაჩემს დედაჩემი. ცხოვრობდნენ ბათუმში.

1937 წელს მე დავიბადე. მერე გაჩნდა ჩემი ძმა ლაზარე, მაგრამ ის ცოტა ხანში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

ომის დაწყებამდე, 1941 წელს, დაიბადა ჩემი ძმა, გედევანი.

ამ დროს, 1941 წელს, მშობლები უკვე ცხოვრობდნენ ბათუმში, მამა მძღოლად მუშაობდა, დედა ჩვენ გვზრდიდა. ომი რომ დაიწყო, მამაჩემი, ვალიკო გაიწვიეს ჯარში.

დავრჩით დედა და ორი ბავშვი. დედა უმუშევარი, ჩვენ – პატარები. სამსახური არ ჰქონდა, ან რას იშოვიდა? ძალიან გაგვიჭირდა.

კარგი მეზობლები გვყავდა – შეიკრიბებოდნენ ერთად, ვისაც რა ჰქონდა, ერთად მიჰქონდათ მატარებლით სამტრედიაში ან ოზურგეთში, იქ ცვლიდნენ პროდუქტზე და ჩამოჰქონდათ ჩვენთან.

ჩვენ, ბავშვებს, გვტოვებდნენ მეზობლად ერთ ოჯახში. დედაჩემს ჰქონდა ძალიან ბევრი კარგი ნივთი, რომლებსაც პროდუქტში ცვლიდა. როცა ბებიაჩემი, დედაჩემის დედა, საბერძნეთში წავიდა, ძალიან ბევრი კარგი ნივთი დაუტოვა.

ისინი (დედაჩემის ოჯახი) 1939 წელს წავიდნენ. მაშინ ბერძნები ან საბერძნეთში უნდა წასულიყვნენ, ან გადასახლებაში. ბებია წავიდა მოსკოვში, გააკეთა საბუთები დედაჩემის და ჩემი – ნებართვა საბერძნეთში წასვლის.

ჩამოუტანა საბუთი და უთხრა – აი, შვილო, საბუთი, გინდა, წამოდი შენ და შენი შვილი ჩემთან ერთად, გინდა, დარჩი შენს ქმართანო.

დედამ არჩია ქმართან დარჩენა და დარჩა მამაჩემთან. ისინი კი წავიდნენ საბერძნეთში.

მათი წასვლის შემდეგ, სანამ ომი არ დამთავრდა, აბსოლუტურად არაფერი არ იცოდა დედაჩემმა მათ შესახებ – რა ქნეს, როგორ მოეწყვნენ.

ისინი ძალიან კარგად წავიდნენ აქედან – ბევრი ოქრო ჰქონდათ. ჩემი ბიძები ისეთი მოხერხებულები იყვნენ,  სკამებში დამალეს ოქრო და ასე გაიტანეს, იმით ააშენეს საბერძნეთში გალანტერიის ფაბრიკა და ცხოვრობდნენ გადასარევად.

1941 წელს დაიწყო ომი. ოზურგეთსა და სამტრედიაში ცვლიდნენ დედაჩემი და ჩვენი მეზობლები ნივთებს საკვებზე. სანახევროდ მშივრები ვიყავით. თუ რამე კარგი ჰქონდა დედაჩემს, ნივთები, ოქროულობა, ყველაფერი ასე გადაცვალა საჭმელში, რომ ჩვენ გადავერჩინეთ.

მახსოვს, მამაჩემი მძღოლად მუშაობდა ომში. იცინოდა – ისე დავამთავრე ომი, ერთი გერმანელი არ მომიკლავს და ალბათ მეც ამიტომ გადამარჩინა ღმერთმაო.

ერთ დღეს, მგონი, ეს იყო 1942 წელი, ზუსტად არ მახსოვს, შემოთვალა – საქართველოში მოდის ჩვენი ნაწილიო, სამტრედიაში ვიქნებით ამა და ამ დღესო, კარტოფილი მომაქვს თქვენთვისო. წავედით მე, დედა და ჩემი ძმა სამტრედიაში. რკინიგზაზე გავედით  და ვუცდიდით, როდის გაივლიდა და ჩამოდგებოდა ეშელონი სამხედროებით. ორად ორი წუთი გაჩერდა მატარებელი. გამოჩნდა მამაჩემი – ხელს გვიქნევდა.

ერთი ტომარა კარტოფილი გადმოგვიგდო ვაგონიდან. ეს ერთი ტომარა წამოვიღეთ, მაგრამ ისეთი შიმშილობა იყო და ისე ეხათრებოდა დედაჩემს – მეზობელი მშიერიაო, ფარდას ჩამოვაფარებდით ხოლმე ფანჯარაზე და ისე ვჭამდით იმ კარტოფილს.

ასე გავატარეთ ომის პერიოდი.

შემდეგ დამთავრდა ომი და ჩამოვიდა მამაჩემი ვალიკო ომიდან უვნებელი. დაიწყო მუშაობა ისევ მძღოლად და მოვითქვით სული.

ამასობაში დაიწყეს ბერძნების გადასახლება.

არ ვიცი, რა იყო მიზეზი – ალბათ მოღალატეებად მიაჩნდათ.

დედაჩემს კი ჰქონდა საბჭოთა პასპორტი, მაგრამ მაინც ელოდა, რომ გადაასახლებდნენ.

ჯულიეტა (მერი) ლომთათიძე

ჯულიეტა (მერი) ლომთათიძე მშობლებთან და ძმებთან ერთად

გადასახლება რომ დაიწყო, ზაფხულში, ერთ ღამეს მოგვადგნენ სამხედროები, 4-5 კაცი თავიანთი მეთაურით. ის მეთაური აღმოჩნდა ისეთი კარგი კაცი, ისეთი გულჩვილი, დიდი ბოდიშით შემოვიდნენ სახლში, ჩვენ არც ერთს არ გვეძინა. მეზობლები ჩვენთან იყვნენ.

უნდა გადაგასახლოთო, ვალიას, დედაჩემს უთხრა. თან გააფრთხილა – თუ რამე ჭურჭელი გაქვს, მოიმარაგე ამ ჭურჭელში წყალიო. მეზობლები გაიქცნენ, მაშინ ხის ბალონები იყო და ეს ჭურჭელი მოიტანეს სავსე წყლით.

მამაჩემი, ვალიკო, მძღოლი ხომ იყო. ისიც იყო ჩართული ამ მობილიზებაში, მანქანით გადაჰყავდა მასაც გადასახლებული ბერძნები. იმ კაცმა გაიგო ვალიკოზე, მოიძია მამაჩემი, მოიყვანა სახლში და თავისი მანქანით წაგვიყვანა ვალიკომ ჩვენ ეშელონზე.

წაყვანამდე ვალიკომ დედაჩემს უთხრა – შენ მარტო რომ წახვიდე, ბავშვების გარეშე გაგიჟდებიო, ვერ გადაიტანო. წაიყვანე ბავშვები და მე გეპატრონებით თქვენო. მართლაც ჩაგვწერეს მე და ჩემი ძმა სიაში.

ასე მოგვიყვანეს ბათუმში, სატვირთო სადგური იყო დიდი ეშელონების. საქონელი რომ გადაჰყავდათ დახურული ვაგონებით და მარტო პატარა ფანჯრები რომ ჰქონდათ, აი, მანდ შეგვყარეს. ამ კაცმა იმდენი ქნა, რომ მონახა დედაჩემის, ვალიას მამიდები, მამიდაშვილები, ბერძნები და ერთ ვაგონში შეგვყარეს ყველა. მახსოვს კადრი – ბარგი დაწყობილი, ხალხი ზემოთ დამსხდარი და სამხედროები კარებთან დარაჯად.

ორი დღე ვიდექით ასე ბათუმში.

ჩამოვიდნენ ჩემი მამიდები ჩაქვიდან – რას კიოდნენ, რას წიოდნენ, როგორ გვეძებდნენ ამ ვაგონებში. 7 თუ რვა ვაგონი იყო, მატარებელი ჩამომდგარი. ვარდო მამიდა ცუდად გახდა.

ასე წაგვიყვანეს.

ვაგონის კარებს მხოლოდ უკაცრიელ ადგილებზე აღებდნენ. გააღებდნენ კარებს და დაიძახებდნენ: „სლიზაიწე“ (ჩამოძვერით)… ტუალეტში ვინ სად დარბოდა, ვინ რას შვრებოდა… მერე დაიძახებდნენ – „პა ვაგონამ“ (ვაგონებში) და მწკრივში ჩამდგარი სამხედროების თანხლებით ისევ ავდიოდით ვაგონებში და მივდიოდით.

მთელ ვაგონს ჰყოფნიდა ჩვენი წყალი. ბოლოს გაგვიფუჭდა, იმდენი ჭურჭელი გვქონდა წაღებული და გზიდან ვყრიდით ბალონებს.

სად მივყავდით, არაფერი ვიცოდით. ზოგს ეგონა, რომ წაგვიყვანდნენ და დაგვხვრეტდნენ. ზოგს ეგონა, სადღაც გადასახლებაში მივყავართო.

მეთორმეტე დღეს, შუაღამისას, გაჩერდა მატარებელი. ბრძანება გასცეს – ჩამოდით ვაგონებიდან თქვენი ბარგითო.

უდაბნოში ვიყავით. ვიფიქრეთ, რომ ახლა დახვრეტა დაიწყება ამ ხალხის. ჩამოვედი და ვალიას არ ვშორდებოდი. ვიდექით ასე დიდხანს.

ცოტა ხანში გამოჩნდა მანქანები, სატვირთო.

სინათლეები დავინახე. მოვიდნენ. ბერძნები გაანაწილეს ამ უდაბნოს მეურნეობებში. ეს იყო სირდარია და ამუდარია სადაც ერთდება იქ, ბამბის მეურნეობა.

ისე მოაწყვეს, რომ ნათესავები ერთად წაგვიყვანეს მეურნეობაში, რომელსაც პახტა არალი ერქვა.

უდაბნოში, ამ პახტა არალში, იყვნენ გადასახლებულნი ფინელები, გერმანელები და ძალიან ცოტა იყო ადგილობრივი ხალხი.

ირგვლივ სულ  ბამბის პლანტაციები იყო. უამრავი შხამიანი გველი, ობობები. წყალი მხოლოდ ერთ საგანგებოდ გათხრილ ხელოვნურ არხში მოდიოდა, რომელსაც მოჰყვებოდა მიწა. დღისით ვერ ისარგებლებდი იმ წყლით.

ღამე გადიოდნენ, რადგან ღამე ნაკლებად ბინძური იყო წყალი. აიღებდნენ, გააჩერებდნენ ჭურჭელში და რომ დაწდებოდა ნახევარი მიწა, ზემოთ რაც დარჩებოდა, იმას გადაადუღებდნენ და ვსვამდით.

ბერძნები შეგვყარეს ყველა ერთ დიდ ბარაკში.

ბარაკი იყო ალბათ ერთი კილომეტრი სიგრძის. ბრეზენტით გადახურული კარვები და იქ ვცხოვრობდით. არ გასულა ცოტა ხანი და დაიწყო მიწისძვრა.

ისე კარგად მახსოვს, ეს იყო 13 ივლისი, ის დღე, როცა 13 წელი შემისრულდა. მიწისძვრა იყო ისეთი, რომ გამოვცვივდით ამ ბარაკიდან. მიწა იხსნებოდა, ისეთი ძლიერი მიწისძვრა იყო.

მერე დაიწყეს მშენებლობა ამ გადასახლებული ხალხისთვის. პატარ-პატარა სახლები, ოროთახიანი ბინები აგვიშენეს.

ისე მოვიდა ზამთარი, კედლებმა ვერ მოასწრო გაშრობა. იქ მკაცრი ზამთარი იცის. ოთახში რომ შეხვიდოდი, კედელი ელავდა ყინვისგან, როგორც ზღაპარში. სულელი ბავშვები ვიყავით – გვეგონა, ოი, ზღაპარში ვართო. სულ ელავდა ეს კედლები და იქ ხის ნარებზე, რაც გვქონდა ქვეშაგებელი, ვწვებოდით იმაზე. ღამე  ყინვისგან საბანი კედელს ეკვროდა. ვწეწავდით იმ საბანს და ასე გავატარეთ ერთი წელი.

მეურნეობაში იყო სკოლა და შევედი მეექვსე კლასში იმ სკოლაში. ძირითადად გადასახლებული ხალხი იყო იქ. მამაჩემი, ვალიკო, ორჯერ ჩავიდა ამასობაში მოსკოვში, რომ აეღო ნებართვა და ჩვენ წავეყვანეთ იმ მეურნეობიდან.

მამაჩემმა, ამ უსწავლელმა კაცმა, სამი კლასი ჰქონდა სულ დამთავრებული, მიაღწია იმას, რომ აიღო ნებართვა,  ჩვენ, ბავშვები და დედაჩემი გადავეყვანეთ ქალაქში. ვალიკომ წაგვიყვანა ქალაქ ჯამბულში. ჯამბული იყო არაჩვეულებრივი ქალაქი.

ქალაქი რა, ადგილობრივები ცოტა იყვნენ და  გადასახლებული ხალხით იყო სავსე.

ბერიას სანათესავო, ამდენი ქართველი, ლენინგრადის (ახლანდელი სანქტ პეტერბურგი) უნივერსიტეტის ლექტორები…

ვსწავლობდი ისეთ სკოლაში, სადაც უბრალო მასწავლებელი არ მყავდა – ან დოცენტი, ან პროფესორი მასწავლიდა. ისეთი განათლება მივიღე, ჩემს ცხოვრებაში მერე მე არსად ისეთი განათლება არ მიმიღია. ქიმიის გაკვეთილი არ ტარდებოდა საკლასო ოთახში – სულ ქარხნებში, ფაბრიკებში გვიტარდებოდა. ბიოლოგიის მასწავლებელს გარეთ დავყავდით, ცხოველებს და გველებს გვაცნობდა. რაღაც საოცარი სწავლა იყო.

ჯულიეტა მერი ლომთათიძე

ისტორიას გვასწავლიდა უნივერსიტეტის პროფესორი კაცი, რომელიც გერმანელი იყო და რუსულად ვერ ლაპარაკობდა. ძლივს აბამდა ორ სიტყვას რუსულად.  ისე კარგად შემასწავლა გერმანული, რომ მერე, როცა დავბრუნდი საქართველოში და ოზურგეთში მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, გერმანულის გაკვეთილებიც კი მომცეს. მასწავლებელი ავად გახდა და იმიტომ.

ვალიკო ავტობუსზე მუშაობდა. ვიქირავეთ ბინა. ყველაფერი იაფი იყო, მაგრამ იყო ძალიან მკაცრი კლიმატი. ზაფხულში 40-50 გრადუსი სიცხე და ზამთარში 40-50 გრადუსი ყინვა.

სკოლაში დიდი ქეჩის „ვალინკებით“ დავდიოდი, ზემოდან მობმული კანტებით და თოვლში მივსრიალებდი ისე.

გაზაფხულზე, როცა ყინვა დნებოდა, ვალინკებზე კალოშებს ვიცვამდით, რომ წყალი არ შესულიყო.

ასე გავატარეთ გადასახლებაში შვიდი წელი.

გადასახლებაში დაიბადა ჩემი ძმა ნოდარი.

გადასახლებაში დავამთავრე სკოლა. ლენინგრადში მინდოდა სწავლა. საბუთები მქონდა გაგზავნილი, ფარმაცევტულ ინსტიტუტში მინდოდა ჩაბარება, დასტურიც მივიღე, მაგრამ უარი მითხრეს მშობლებმა. ვალიკომ და ვალიამ თქვეს – სად წახვალ შენ, მარტო იქო. არა, არა, არაო. ბათუმში წავიდეთო.

ამასობაში ბათუმში დაბრუნების უფლება მივიღეთ. ჩამოვედით იმ დროს, როცა ქართული საერთოდ არ მახსოვდა.

ხუთებზე დავამთავრე სკოლა, მაგრამ მედალი არ მომცეს, რაკი გადანასახლები ვიყავი. ჩემი ბიძაშვილი, რეზო, მიმყვა ინსტიტუტში საბუთების მისატანად. მაგრამ არ მიიღეს სამდივნოში. ჯერ ერთი, ხუთებზე აქვს სკოლა დამთავრებული და სადაა მედალიო. მერე, მეორე მხარეს ყაზახურ ენაზე არ იყო შევსებული ეს ატესტატი.

რეზო ეხვეწა მდივანს, მისი კურსელი იყო, ნაცნობი, მიიღეო. თუ ჩააბარებს, მერე გამოვითხოვთ იქიდან საბუთებსო. მიიღეს ასე ჩემი საბუთები. ისეთი სიმკაცრე იყო მიღებაზე. მაშინ მექრთამეობა იყო და ძალიან ბევრი გადიოდა ქრთამით.

ისე ჩავაბარე ყველა საგანი, ბოლო გამოცდაზე კომისიაზე გამიყვანეს, გეოგრაფიას ვაბარებდი. საიდან ხარ შენო და რატომ მოდი აქო. ვუთხარი ჩემი ისტორია და ვუთხარი, მინდა დავბრუნდე ჩემს ოჯახში-მეთქი.

ბერძნებს  გადასახლების შემდეგ სახლები ჩამოართვეს. ჩვენთვის არ ჩამოურთმევიათ, რადგან მამაჩემი დარჩა აქ და დავბრუნდით ჩვენს სახლში.

ინსტიტუტი დავამთავრე წითელ დიპლომზე.

მოწინავე სტუდენტებს შორის ჩემი სურათიც იყო გამოკრული.

მეორე კურსზე ვიყავი, როცა ჩემი მომავალი მეუღლე, ნუგზარი გავიცანი. ექვსი წელი გვიყვარდა ერთმანეთი. მერე ნუგზარს სამწლიანი ჯარი მოუწია. რომ ჩამოვიდა ჯარიდან, ვალია ძალიან წინააღმდეგი იყო  ჩემი გათხოვების, მაგრამ მაინც გავყევი და ასე შევქმენით ოჯახი.

თავიდან ძალიან გაგვიჭირდა. ნუგზარი ბათუმში მუშაობდა, მე ციხისძირში ვმუშაობდი და ვცხოვრობდით ნაქირავებ ბინაში. მერე წავედით, გადავედით ოზურგეთში, სადაც მიმიღეს პირველ საშუალო სკოლაში და ასე დაიწყო ჩემი კარიერა.

დიდებულად ვიცოდი რუსული ენა, მეთოდიკა. დავიმსახურე ბავშვების სიყვარული. ვინმე თუ მოდიოდა რაიონში, ჩვენს სკოლაში მოჰყავდათ, მერის გაკვეთილს დაესწროსო.

ძალიან ხანმოკლე მქონდა ბედნიერი ცხოვრება ნუგზართან ერთად, როცა შვილები მყავდა, მაგრამ ისიც არ დამცალდა. ჯერ ნუგზარი გარდაიცვალა, მერე – ჩემი შვილი, მერე შვილიშვილი.

ჯულიეტა ლომთათიძე მეუღლესთან და შვილთან ერთად. ფოტო პირადი არქივიდან

რატომ მისტირის ხალხი საბჭოთა კავშირს? რა ვიცი, მე იმის გარდა [საბჭოთა კავშირის] კიდევ სხვა თუ რამე არსებობდა, არ მეგონა. სტალინი რომ მოკვდა, ისე ვტიროდი, ფიზიკის მასწავლებელი რომ შემოვიდა გაკვეთილზე, მკითხა – გოგო, რა გატირებსო? ამ სტალინის გამოა აქ რომ ზიხარ ახლაო. რა გატირებსო?“.

ჯულიეტა ლომთათიძე იხსენებს, რომ ბერძნების გადასახლება მის ოჯახს ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე შეეხო.

1939 წელს მისი ბებია და ბიძები საბერძნეთში წავიდნენ. მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, ჯულიეტას ოჯახი – ბიძები ცდილობდნენ თავიანთი დის შესახებ ინფორმაცია გაეგოთ.

„ომის შემდეგ პირველად ჩამოდგა საქართველოში, ბათუმში ბერძნული გემი. უმცროსი ბიძა ისეთი უნარიანი იყო, დაიქირავა ერთი მეზღვაური, მისცა ძალიან დიდი ფული და უთხრა – აი, ამა და ამ ქუჩაზე ცხოვრობს ჩემი და. გამიგე, არის თუ არა ცოცხალი. ბავშვები როგორ არიან, ჩემი სიძე სადაა – ყველაფერი გამიგეო. ეს გემი რომ ჩამოდგა, ვალიას, ეტყობა, რაღაცა წინათგრძნობა ჰქონდა.

დაინახა, ქუჩაში მოდის ბერძენი კაცი და მღერის ბერძნულად. ოღონდ სიმღერა კი არ იყო, არამედ იყო ამბავი – მე ვარ ესა და ეს, გამომგზავნა ამან და ამან და მაინტერესებს ამა და ამ ოჯახის ისტორია. გაიგონა ეს სიტყვები დედაჩემმა.

ეს მეზღვაური ნელ-ნელა მიდიოდა და სტვენდა. არც კი გამოუხედავს სახლისკენ. ნელ-ნელა აიარა. საბჭოთა კაგებე აკონტროლებდა ყველაფერს. უკან რომ ბრუნდებოდა, ვალიამ გამოგვიყვანა მე და ჩემი ძმა აივანზე, დაგვსვა და დაგვიწყო ხმამაღლა საუბარი – ვითომ გვიწყრებოდა. არადა, ამ დროს ამბობდა – ჩვენ ყველანი ცოცხლები ვართ, ვალიკო ომიდან დაბრუნდა ცოცხალი. მისი ამბავი ყველაფერი ხმამაღლა მოუყვა ამ ბერძენს.

ასე პირველად გავიგეთ მაშინ მათი ამბავი ჩვენ და ჩვენი ამბავი მათ.

მეორე კურსზე რომ ვიყავი, 50-იანი წლების ბოლოს, მისცეს ბერძნებს ჩამოსვლის ნებართვა. ბებიაჩემმა ისეთი საბუთები გააკეთა, რომ მისცეს ნებართვა, თავის შვილთან ჩამოსულიყო. ჩამოვიდა ოდესაში გემით და ვალიას შემოუთვალა – ამა და ამ დღეს ვიქნები ოდესაშიო. 1939 წლის შემდეგ არ ჰყავდა ნანახი მშობლები. სულ მეშინოდა, გული არ გაუსკდეს ემოციისგან ვალიას-მეთქი.

იმდენი რამე ჩამოიტანა ბებიამ, იმდენი რამე, ტაქსიში არ ჩაეტია. მახსოვს, 16 დიდი ფუთა გემით ჩამოიტანეს ბათუმში. იმდენი რამე იყო, ვიქირავეთ ავტობუსი და ავტობუსში ჩავაწყვეთ ეს ყველაფერი.

როგორ მეცვა, იცი? ინსტიტუტში კაციშვილს არ ეცვა ისე, იმდენი რამე ჩამომიტანა ბებიამ. ოქროც ჩამოიტანა, იმ ოქროთი სახლი ააშენა მამაჩემმა“.

განვლილ ცხოვრებაზე საუბრისას ჯულიეტა ლომთათიძე ამბობს „ვნანობ, რომ გავჩნდი“.

„ვნანობ, რომ საერთოდ გავჩნდი ამ ქვეყანაზე. ეს ყველაფერი თავიდან რომ გამოსავლელი მქონდეს, ნამდვილად არ მინდა ცხოვრება.

გეუბნებით, რაღაც მოკლე-მოკლე მონაკვეთები მაქვს ბედნიერი ცხოვრების მთელი ამ ხნის განმავლობაში.

ახლა მრცხვენია, რომ ამ წლამდე მოვაღწიე. იმიტომ, რომ ამდენი გაჭირვების გამომვლელს რა მაცოცხლებს? როგორ მიდგას სული? აზრზე არ ვარ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: