მთავარი,სიახლეები

ძალადობის მსხვერპლისთვის თავშესაფრის ვადა 4 თვემდე იზრდება – კიდევ რა იცვლება?

07.05.2023 • 948
ძალადობის მსხვერპლისთვის თავშესაფრის ვადა 4 თვემდე იზრდება – კიდევ რა იცვლება?

„მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირების თავშესაფარში მოთავსება ხდება 4 თვემდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის წესდებით [შინაგანაწესით] დადგენილი წესით,“ -ეს ახალი ჩანაწერია კანონში „ქალთა მიმართ ძალადობის, ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, რომელიც ძალაში შედის 2023 წლის პირველი ივლისიდან.

ამ დრომდე თავშესაფარში მოთავსების მაქსიმალური ვადა 3 თვე იყო.

კანონში „ქალთა მიმართ ძალადობის, ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ სხვა ცვლილებებიც შედის, რაც ძირითადად უკავშირდება იმას, რომ, შესაძლოა, ძალადობის მსხვერპლი სამართალდამცავ ორგანოებთან არ თანამშრომლობდეს, მაგრამ მან სახელმწიფოსგან მხარდამჭერი სერვისები უნდა მიიღოს, მათ შორის, ისარგებლოს თავშესაფრით ან კრიზისული ცენტრით.

„მსხვერპლისთვის მხარდაჭერის მომსახურებების მიწოდება არ არის დამოკიდებული მის მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა წინააღმდეგ,“ – აღნიშნულია კანონის ქალთა მიმართ ძალადობის, ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მე-19 მუხლის პრიმა მეორე მუხლში.

ეს მუხლი ასევე განმარტავს, რა შეიძლება იყოს მსხვერპლისთვის „მხარდაჭერა“:

„მსხვერპლთა მხარდაჭერა გულისხმობს ისეთ მომსახურებას/პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვას, სამართლებრივ დახმარებას, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას/რეაბილიტაციას და მათი ფიზიკური თუ ფსიქოემოციური გაჯანსაღებისთვის ზრუნვას, მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლით [თავშესაფრით] უზრუნველყოფას, მათი ჯანმრთელობის დაცვას, პროფესიული მომზადების/გადამზადების ან/და დასაქმების ხელშეწყობას და რომლის მიზანია მსხვერპლთა [განსაკუთრებით − მსხვერპლ ქალთა] შესაძლებლობების გაფართოება და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობა.

მხარდაჭერის მომსახურებების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ მიღებული ზომები უნდა იყოს გენდერულად მგრძნობიარე, ყურადღებას უნდა ამახვილებდეს მსხვერპლის, როგორც ადამიანის, უფლებებსა და უსაფრთხოებაზე, უნდა ითვალისწინებდეს მოწყვლადი პირების [მათ შორის, მსხვერპლ ბავშვთა] კონკრეტულ საჭიროებებს და მათთვისაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

მხარდაჭერის მომსახურების/პროგრამის მიმწოდებელი ვალდებულია განსაზღვროს შესაბამისი კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზედაც იგი მსხვერპლის მიერ აღნიშნული მომსახურების მოთხოვნის ან/და პროგრამაში ჩართვის სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან, იღებს გადაწყვეტილებას მისთვის აღნიშნული მომსახურების მიწოდების/მისი აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის ან მისთვის ამ მომსახურების მიწოდებაზე/პროგრამაში ჩართვაზე უარის თქმის შესახებ. ეს კრიტერიუმები უნდა ითვალისწინებდეს აღნიშნული უარის თქმის საფუძვლებს და მისი დასაბუთების ვალდებულებას,“ – აღნიშნულია კანონში „ქალთა მიმართ ძალადობის, ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“.

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, თავშესაფრის განმარტებას ემატება ერთი სიტყვაც: „სადღეღამისო“.

„თავშესაფარი – მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბაზაზე არსებული მსხვერპლთა დროებითი [სადღეღამისო] განთავსების ადგილი, რომელიც უზრუნველყოფს მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ დახმარებას/რეაბილიტაციას, იურიდიულ დახმარებას, სამედიცინო დახმარებასა და დაცვას,“ – ვკითხულობთ კანონში.

საკანონმდებლო ცვლილება ეხება „კრიზისულ ცენტრებსაც“ – პირველი ივლისიდან კრიზისულ ცენტრში მსხვერპლი ფსიქოლოგიურ-სოციალური, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების და სამართლებრივი მომსახურების გარდა, უნდა უზრუნველყონ დროებითი სადღეღამისო საცხოვრებლით მომსახურებასაც.

პირველი ივლისიდან გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორის კომისიას დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს. ამ დებულებით განისაზღვრება უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის პრევენციის კუთხით მუნიციპალიტეტის ორგანოებმაც უნდა იმუშაონ:

„მუნიციპალიტეტის ორგანოები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებებსა და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებებს ახორციელებენ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში,“ – ეს ჩანაწერი ემატება კანონის მე-7 მუხლს.

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შემთხვევის გამოვლენა და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა 2023 წლის პირველი ივლისიდან მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს აღარ შეეძლება. ეს ვალდებულება მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებს დარჩება, სასამართლო ორგანოებთან ერთად.

ოჯახში ძალადობის ფაქტზე, პირველადი იდენტიფიკაციის შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოებისთვის მიმართვის ვალდებულება ისევ ეკისრება სამედიცინო და სააღმზრდელო დაწესებულებებს.

ამ თემაზე:

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად 25-44 წლის ქალები არიან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: