მთავარი,სიახლეები

როგორ მოახერხა რესტორანმა ბათუმში ტროტუარის მიტაცება

27.04.2023
როგორ მოახერხა რესტორანმა ბათუმში ტროტუარის მიტაცება

ბათუმში, შარტავას ქუჩაზე, რესტორანმა „თამადამ“ ტროტუარი მიიტაცა და ფეხით მოსიარულეთა გზა ჩაკეტა. „ბათუმელებმა“ ფოტოები, რომლებზეც შემოღობილი ტროტუარია აღბეჭდილი, დღეს, 27 აპრილს, გადაიღო.

მიმდინარე მშენებლობების გამო შარტავას ქუჩაზე გადაადგილება ფეხით მოსიარულეთათვის ისედაც შეზღუდული იყო.

დამატებითმა ბარიერმა და რესტორნის წინ დარგულმა ხეებმა, რომელთა ძირებიც პლაჟიდან აღებული ქვებითაა მოპირკეთებული, სრულად შეუძლებელი გახადა ქვეითებისთვის ამ მონაკვეთზე გადაადგილება. მოქალაქე იძულებულია, რესტორნის მიერ მითვისებული სივრცე გაიაროს და ისე გააგრძელოს გზა.

ტროტუარი შარტავას 11-ში, რომელიც რესტორანმა მიითვისა

ჩაკეტილი ტროტუარი შარტავას ქუჩაზე

„ბათუმელები“ დაუკავშირდა რესტორან „თამადას“ იმის გასარკვევად,  აქვს თუ არა რესტორანს ტროტუარზე მსგავსი ტიპის კონსტრუქციის მოწყობის უფლება. დაწესებულების მენეჯერის განცხადებით, ის ამის შესახებ ინფორმირებული არ არის.

მენეჯერი დაგვპირდა, რომ რესტორნის მეპატრონე დაგვიკავშირდებოდა. თუმცა, ამის შემდეგ არავინ დაგვკავშირებია. მოგვიანებით ტელეფონს აღარც მენეჯერმა უპასუხა.

აქვს თუ არა რესტორანს ბათუმის მერიის ნებართვა აღნიშნული კონსტრუქციის მოსაწყობად? ვკითხეთ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას.

„შარტავას 11-ში კონსტრუქციის უნებართვოდ განთავსების ფაქტზე მიმდინარეობს საქმისწარმოება“, – გვითხრეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესსამსახურში.

პრესსამსახურმა აღარ უპასუხა დამატებით კითხვას, თუ როდის დაიწყო საქმისწარმოება, დაჯარიმებულია თუ არა დამრღვევი და რა ტიპის სანქცია დაეკისრა ობიექტის მეპატრონეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: