ბათუმი,მთავარი,სიახლეები

პლაჟის ზღვაში ჩაზვავების რისკის შესამცირებლად ბათუმის კონცხთან კვლევას ჩაატარებენ

02.04.2023 • 2655
პლაჟის ზღვაში ჩაზვავების რისკის შესამცირებლად ბათუმის კონცხთან კვლევას ჩაატარებენ

ბათუმის კონცხთან პლაჟის მოწყვეტის და ზღვაში ჩაზვავების რისკის შესამცირებლად სპეციალისტები შესაბამის კვლევას ჩაატარებენ.

კვლევის შედეგად თუ აღმოჩნდა, რომ კონცხის წყალქვეშა ფერდზე ჭარბი რაოდენობით ნატანია დაგროვილი, შემუშავდება პროექტი, რომლის მიხედვითაც ჭარბ ნატანს ამოიღებენ და ავარიულ სანაპირო უბნებზე გადაიტანენ.

ავარიული უბნები ბათუმის სანაპიროზე, დღევანდელი მდგომარეობით, ახალი ბულვარის გასწვრივაა, სადაც ზღვა ნაპირს რეცხავს. ზოგიერთ ადგილზე ზღვის ხელოვნური კვების მიზნით უკვე შეაქვთ ხრეში, რომელსაც ჭოროხის კალაპოტიდან იღებენ.

„ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობის შესწავლის, ჭარბი აკუმულაციის უბნების გამოვლენისა და მოსალოდნელი რისკების შემცირების მიზნით, სათანადო კვლევის ჩატარებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე“ აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ხელშეკრულება იმ კომპანიასთან გააფორმა, რომლის პროექტითაც ზღვას ხელოვნურად კვებავენ.

სამმართველომ, ტენდერის გარეშე ხელშეკრულება შპს „ქოსთ დიზაინთან“ 2023 წლის 24 მარტს გააფორმა 41 700 ლარზე.

პლაჟი ბათუმის კონცხზე / 1.04.2023

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია სამუშაოებს ორ ნაწილად შეასრულებს:

  • ბათუმის კონცხის შავი ზღვის სანაპირო ზოლის წყალქვეშა ფერდობის შესწავლა, კვლევა [I ნაწილი];
  • წყალქვეშა ფერდობზე ჭარბი აკუმულირებული მასალის არსებობის შემთხვევაში, მისი ამოღების და ავარიულ სანაპირო უბანზე განთავსების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება [II ნაწილი].

ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ კომპანია მეორე ნაწილით განსაზღვრულ სამუშაოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეასრულებს, თუ ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობზე ჭარბი აკუმულირებული მასალის არსებობა დადგინდება.

„წყალქვეშა ფერდობზე ჭარბი აკუმულირებული მასალის არარსებობის შემთხვევაში კომპანიას არ გააჩნია პრეტენზია მეორე ნაწილით განსაზღვრული მომსახურების შესრულებაზე/მისი ანაზღაურების მოთხოვნაზე და სამმართველო აანაზღაურებს მხოლოდ პირველი ნაწილით განსაზღვრული მომსახურების ღირებულებას“, – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

ამასთან, პირველი ნაწილით განსაზღვრული მომსახურების ღირებულება შეადგენს 21 000 ლარს; ხოლო მეორე ნაწილით განსაზღვრული მომსახურების – 20 700 ლარს.

პირველი ნაწილით განსაზღვრული სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 20 სამუშაო დღეში უნდა შესრულდეს, ხოლო მეორე ნაწილის სამუშაოები [თუ ამის აუცილებლობა გამოიკვეთება] – სამმართველოს წერილობითი შეტყობინებიდან 15 სამუშაო დღეში.

ბათუმის კონცხი / 1.04.2023

კონკრეტული სამუშაოები, რომლებიც კომპანიამ უნდა ჩაატაროს

I ნაწილი – ბათუმის კონცხის შავი ზღვის სანაპირო ზოლის წყალქვეშა ფერდობის შესწავლა, კვლევა:

  • საძიებო-კვლევითი სამუშაოების განხორციელება: საკვლევი უბნის ტოპო-გეოდეზიური აგეგმვა; საკვლევი უბნის სანაპირო ზოლის მიმდებარე ზღვის აკვატორიის ბათიმეტრიული აგეგმვა; საკვლევი უბნის ზოგადი საინჟინრო-გეოლოგიური მახასიათებლების განსაზღვრა.
  • სანაპირო ზოლის მორფოდინამიკური პროცესები: მორფოდინამიკური პროცესების ისტორიული მიმოხილვა; წყალქვეშა ბათუმის კანიონის და მყარი ნატანის მნიშვნელობა ნაპირის ფორმირებაში; ზღვის ტალღური რეჟიმი.
  • საპროექტო ღონისძიებები: წყალქვეშა ფერდობიდან ჭარბი აკუმულირებული მასალის მოცულობის დადგენა.

II ნაწილი – წყალქვეშა ფერდობზე ჭარბი აკუმულირებული მასალის არსებობის შემთხვევაში მისი ამოღების და ავარიულ სანაპირო უბანზე განთავსების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება [სათანადო უსაფრთხოების ღონისძიებების გათვალისწინებით]:

  • წყალქვეშა ფერდობიდან ჭარბი აკუმულირებული მასალის ამოღების და ავარიულ სანაპირო უბანზე განთავსების საპროექტო ღონისძიებები: დაგეგმილი ღონისძიებების გეგმის მომზადება; სანაპირო ზოლის ავარიული უბნის დადგენა [სადაც მოხდება ამოღებული მასალის განთავსება]; სამშენებლო სამუშაოების მოცულობათა უწყისის შედგენა; საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.
  • სკრინინგის ანგარიშის შედგენა.

[„იმ შემთხვევაში თუ დადგინდება რომ წყალქვეშა ფერდობზე ჭარბი აკუმულირებული მასალა არ არის, მაშინ II ნაწილით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების საჭიროება აღარ იქნება“ – წერია ხელშეკრულებაში].

ბათუმის კონცხთან 1999 წლის 14 იანვარს ნაპირს მოწყდა და მყისიერად დაიკარგა ზღვაში დაახლოებით 200 მეტრი სიგრძის და 60 მეტრამდე სიგანის პლაჟი [დაახლოებით 1,2 ჰექტარი].

„[ინერტული] მასალის მუდმივი დაგროვება იახტკლუბთან აუცილებლად გამოიწვევს პლაჟის მოწყვეტას და ჩაზვავებას კანიონში. როდის მოხდება ეს პროცესი და ექნება თუ არა მას კატასტროფული ხასიათი, დამოკიდებულია ბევრ შემთხვევით პროცესზე და მისი ზუსტი დრო უცნობია“, – აღნიშნული იყო „ქოსთ დიზაინის“ მიერ მომზადებულ პროექტში, რომლის მიხედვითაც ბათუმში ზღვის ხელოვნური კვებაა დაწყებული.

ამავე პროექტში აღნიშნულია ასევე, რომ „ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“.

უფრო ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: