ხელვაჩაურში 35-წლამდე კაცი მოკლეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში ოჯახის წევრის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 2 ივნისს, მოხდა.

გარდაცვლილია 35 წლამდე კაცი.

კაცის მკვლელობაში სავარაუდოდ ძმაა ბრალდებული.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 ივნისის 21 საათიდან 3 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10– 15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 4-5 ივნისს აჭარაში ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

წამყვანისა და მენტორის სტატუსის ასამაღლებელ გამოცდაზე რეგისტრაცია გადაიდო

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელი უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია 2024 წლის იანვრამდე გადავადდა.

მინისტრის განცხადებით, რომელსაც განათლების სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს, „ეს პროცესი არ შეაფერხებს დაანონსებულ ვადებს და 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მათ მიეცემათ სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა“.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპზე მასწავლებლები პორტფოლიოების შეფასების ეტაპს გადიან, რომელიც სამინისტროს საშუალებას მისცემს, სწორად გააანალიზოს მასწავლებლების საჭიროებები.

„ეს პერიოდი გვინდა გამოვიყენოთ პროცესზე დასაკვირვებლად, რომელიც პირველად მიმდინარეობს სისტემაში. გავაანალიზოთ და გამოვიტანოთ სწორი დასკვნები, რათა ჩვენი გადაწყვეტილებები არ იყოს ორიენტირებული მოკლევადიანი ამოცანების გადაჭრაზე, არამედ ეფუძნებოდეს გრძელვადიან სისტემურ ხედვას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებს მუდმივად ჰქონდეთ სრული მხარდაჭერა სისტემის ყველა რგოლისგან პროფესიული განვითარებისთვის და ასევე, ყოველწლიურად ჰქონდეთ მრავალმხრივი შესაძლებლობა, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, განახორციელონ კარიერული წინსვლა“, – მინისტრ ამილახვრის ამ კომენტარს განათლების სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 208 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +540]
  • ტანკი – 3 819 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 7 490 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 3 501 ერთეული [+27]
  • MLRS – 575 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 335 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 313 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 298 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 137 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 117 ერთეული [+10]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 267 ერთეული [+28]
  • სპეცტექნიკა – 465 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 2 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 431 თვითმფრინავი
  • 235 ვერტმფრენი
  • 4 436 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 356 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 108 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 971 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 598 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

რუსეთი მწვავე დილემის წინაშეა – რას წერს ბრიტანული დაზვერვა

რა სტერეოტიპებს ებრძვიან გოგონები წალკიდან – Video

თითქმის ყოველ დღე 25 გოგონა ფეხბურთის სათამაშოდ იკრიბება წალკის ცენტრალურ მოედანზე. დღეს მათზე გიყვებით, გოგონების საფეხბურთო კლუბ „ეძანზე“.

კლუბი 2021 წელს ოფიციალურად დარეგისტრირდა, თუმცა მისი ჩამოყალიბების იდეა კლუბის დამფუძნებლებსა და ამავდროულად მწვრთნელებს, გივი ფუტკარაძესა და ალექსანდრე შავაძეს ერთი წლით ადრე გაუჩნდათ.

გივი და ალექსანდრე სპორტსკოლაში მუშაობდნენ ერთად, როცა წალკის შიდა ტურნირი ჩაატარეს ფეხბურთში. ტურნირზე გოგონებიც აქტიურობდნენ და სწორედ მაშინ გაუჩნდათ იდეა,  გოგონათა საფეხბურთო კლუბი ჩამოეყალიბებინათ.

მწვრთნელები: გივი და ალექსანდრე. ფოტო: Facebook

„2020-ში დაიწყო ეს ყველაფერ, ჩვენიი გერბიც გამოხატავს ამას. ჯერ ბიჭების გუნდი ჩამოვაყალიბეთ  და შემდეგ – გოგონების, რომელიც 2021 წელს საფეხბურთო კლუბად დავარეგისტრირეთ. ტურნირებშიც ამ დროიდან დავიწყეთ მონაწილეობის მიღება“, – გვეუბნებიან მწვრთნელები. მათი თქმით, ვარჯიშები რომ დაიწყეს, სულ რამდენიმე წევრი ჰყავდა „ეძანს“, დღეს კი გუნდში 25-ზე მეტი გოგო თამაშობს ფეხბურთს.

მწვრთნელების თქმით, გუნდს ჰყავს 13 წლამდე ასაკის წევრებიც, რომლებსაც ტურნირებში არ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ფეხბურთის ფედერაციის წესდების მიხედვით, თუმცა აქტიურად ვარჯიშობენ და ყველა შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას, როგორც კი შესაბამისი ასაკი ექნებათ.

ალექსანდრე შავაძე 2 წელია, რაც მწვრთნელია. მისი თქმით, გოგონათა ფეხბურთის გუნდის შექმნისას წევრების მშობლებთანაც მოუწიათ საუბარი, რათა დაერწმუნებინათ, რომ ფეხბურთი მხოლოდ კაცების საქმე არ არის და ქალებსაც შეუძლიათ ამ სპორტის თამაში.

„იყო რამდენიმე კარგი მოთამაშე, რომელთა მშობლებს დამოკიდებულება ჰქონდათ: არ შეიძლება, გოგო და ფეხბურთი ვის გაუგია. მაგრამ სწორად რომ ავუხსენით რა როგორ იყო, რასთან იყო დაკავშირებული ფეხბურთის თამაში და რომ არ არის ეს  მხოლოდ და მხოლოდ გართობა, დაფიქრდნენ, შემდეგ უკვე თვითონ დაგვიკავშირდნენ და ეს ბავშვები ახლა ჩვენი გუნდის წევრები არიან“, – გვითხრა ალექსანდრე შავაძემ.

მწვრთნელის თქმით, პირველად მონაწილეობა თბილისის „მასტერ ლიგაში“ მიიღეს და მონაწილე 48 გუნდიდან  საუკეთესო 4 გუნდს შორის მოხვდნენ.

„გუნდს ყოველდღიურად აქვს ვარჯიშები წალკის ცენტრალურ მოედანზე – წვიმაა, ავდარი თუ დარი“ – გვეუბნება ალექსანდრე. მისი თქმით, „ეძანს“ ფეხბურთის ფედერაცია ეხმარება.

„ეძანი“ საგაკვეთილო პროცესის შემდეგ, 4:30 საათზე ვარჯიშობს, რათა გუნდის წევრებმა, რომლებიც წალკაში არ ცხოვრობენ, მოსვლა შეძლონ.

„ეძანმა“ პირველად მიიღო მონაწილეობა გასულ წელს საქართველოს ქალთა ფეხბურთის მეორე ლიგაში, სადაც საკმაოდ კარგად იასპარეზა გუნდმაო – გვითხრა გივი ფუტკარაძემ.

„პირველი წელი იყო თან, ბავშვებს არ ჰქონდათ გამოცდილება. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთს არ ჰქონდა დიდ მოედანზე თამაშის გამოცდილება. იყო ემოციები, ზოგადად გამოუცდელობა, რახან არც დიდი პერიოდი არ გვქონია მომზადებისთვის.

წელს უკეთესი შედეგები გვაქვს, წინ მიდის ყველაფერი და ვფიქრობ, რომ შემდეგ წლებში კიდევ უფრო კარგ შედეგებს ვაჩვენებთ, რადგან ბავშვები უკვე იღებენ გამოცდილებას, ფორმაში მოდიან.

ბავშვებს სხვადასხვა სოფლიდან უწევთ ჩამოსვლა და რა თქმა უნდა, არის ხოლმე პრობლემები. საერთო ჯამში, ვახერხებთ, რომ ბავშვები სულ კარგ ფორმაში იყვნენ. მაქსიმალურად ცდილობენ, ვარჯიში არ გააცდინონ. სერიოზულად უდგებიან ფეხბურთს“, – ამბობს გივი ფუტკარაძე.

მისი თქმით,   ფეხბურთის გოგონათა გუნდის ვარჯიშზე დადებითად აისახება, თუ არსებულზე უკეთესი მოედანი ექნებათ.

„ჩვენ არ ვჩერდებით. ვაპირებთ აქტიური ვარჯიშების გაგრძელებას. ვფიქრობთ, რომ სადაც ფეხბურთი არსებობს [შესაბამისი], მოედნებიც და ინფრასტრუქტურაც იქნება“, – გვითხრა მან.

ვიქტორია სურმალიანი

ეთნიკურად სომეხი ვიქტორია სურმალიანი 16 წლისაა. ის საფეხბურთო კლუბ „ეძანს“ შექმნისთანავე შეუერთდა. მას კლუბში გაწევრიანება ერთ-ერთმა მწვრთნელმა შესთავაზა და ვიქტორიაც მაშინვე დასთანხმდა, რადგან ფეხბურთის თამაში ყოველთვის აინტერესებდა.

„ჩვენ შევქმენით ჩვენი გუნდი“, – გვითხრა ვიქტორიამ. მისი თქმით, ვარჯიში გუნდის წევრებისთვის, ვინც არ ცხოვრობს წალკაში და სოფლებიდან ჩამოდიან, არ არის მარტივი.

„პრობლემები გადაადგილებაზე სულ არის, იმიტომ, რომ ჩვენთან ავტობუსი არ დადის. ამიტომაც ხშირად გვიწევს ფეხით ჩამოსვლა. ასე არიან ჩემი მეგობრებიც. ფეხით დავდივართ მაშინაც, როცა სიცივეა, ზამთარშიც, რადგან ზამთარში ხშირად არ დადიან მანქანით, ამიტომაც გვიწევს ფეხით ჩამოსვლა 7 კილომეტრის.

თუ ვინმემ ისე გამოიარა, ეგაა, თორემ რეგულარულად არც ერთი ტრანსპორტი არ დადის“, – გვეუბნება ვიქტორია და დასძენს, რომ როცა ფეხით უწევს წალკაში ჩასვლა, უკვე ენერგიული აღარ არის.

„დაახლოებით  გუნდის 8-9 წევრი დავდივართ ფეხით. ამაზე გვისაუბრია მწვრთნელებთან, ჩვენი მუნიციპალიტეტის მერიასაც უთხრეს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერს არ აკეთებენ“, – ამბობს ვიქტორია.

მისი თქმით, ქალთა ფეხბურთზე სტერეოტიპებს დღემდე ვხვდებით. მასაც ხშირად მოუსმენია გარშემომყოფებისგან, რომ ფეხბურთი არ არის გოგოს საქმე, მაგრამ მას მისი ოჯახის წევრები მხარს უჭერენ და სხვების დამოკიდებულებაც თანდათან იცვლება.

„ოჯახის წევრებს არასდროს უთქვამთ, არ ითამაშო, ეს საქმე არ გააკეთოო. სულ გვერდით მიდგანან.

სოფელ წალკაში ადრე ამბობდნენ, რომ ვაიმე, გოგონებმა დაიწყეს თამაში, ფეხბურთი გოგოს საქმე არ არისო, მაგრამ უკვე ყველა ჩვენ გვერდით დგას, გვგულშემატკივრობენ.

გუნდს რომ შემოვუერთდი, სულ 10-11 გოგო ვიყავით და ახლა ნელ-ნელა გვემატებიან. ყველა დაინტერესდა ფეხბურთით. ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი წინსვლა გვექნება. გავხდებით მეორე ლიგის ჩემპიონატები,  პირველი ლიგის და უმაღლესი ლიგისაც“, – გვითხრა ვიქტორიამ.

ფეხბურთს პატარაობიდანვე თამაშობდა და ამ სპორტზეა შეყვარებული 16 წლის მარიამ გობაძეც. ის „ეძანს“ ჩამოყალიბებისთანავე შეუერთდა.

გოგოების ფეხბურთის გუნდი – წალკა
მარიამი თანაგუნდელებთან ერთად

„ფეხბურთი ჩემთვის გართობაზე მეტია. ეს ის საქმეა, რისი გაკეთებაც მსიამოვნებს. ჩემთვის პრიორიტეტულია ფეხბურთის თამაში და ვცდილობ, რომ კიდევ უფრო განვვითარდე ამ სფეროში“, – გვეუბნება მარიამი.

მისი თქმით, მისი მეგობრების უმრავლესობა ფეხბურთს თამაშობს და მისი ინტერესი ამ სპორტის მიმართ ყველასთვის ბუნებრივი იყო, თუმცა ოჯახის წევრებს თავიდანვე იგივე განწყობა არ ჰქონიათ.

„ახალი გამოწვევა იყო მათთვისაც, მაგრამ ხელის შემშლელი ფაქტორი რომ გამხდარიყო, ასე არ ყოფილა. მშობლები გვერდში დამიდგნენ. ყოველთვის ცდილობენ, იმ მიმართულებით განვვითარდე, რაც მომწონს“, – ამბობს მარიამი.

მისი თქმით,  მათი გუნდის დამსახურებაა გოგონათა ფეხბურთის პოპულარიზაცია წალკაში.

მარიამი სოფელ ავრანლოში ცხოვრობს და ვარჯიშზე  ყოველ დღე „მარშუტკით“ დადის. „2 საათზე გავდივარ და საღამოს 7-ზე ვბრუნდები სახლში. ტრანსპორტი, ასე თუ ისე, გვაქვს“, – გვეუბნება ის.

მარიამი ამბობს, რომ გუნდის მწვრთნელები მაქსიმალურს აკეთებენ, რომ გუნდის წევრები განვითარდნენ ფეხბურთში:

„ყველა ვცდილობთ, რომ არ გავაცდინოთ ვარჯიშები, რადგან თითოეულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი.

რამდენიმე წელი აუცილებლად გავაგრძელებ თამაშს, მაგრამ არ ვიცი, ზუსტად რა მოხდება. პროფესიონალურ დონეზე თუ არა, სამოყვარულო დონეზე აუცილებლად გავაგრძელებ ფეხბურთის თამაშს.“

„რომ არ ყოფილიყვნენ ჩვენი მწვრთნელები, ჩვენ დღეს არ ვიქნებოდით აქ, არ ვითამაშებდით ფეხბურთს. მათ მოგვცეს მოტივაცია და გზა ფეხბურთში. მწვრთნელებმა ჩვენში ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადეს ამ კუთხით“, – გვითხრა მარიამმა საუბრის დასასრულს.

„გართობა არ არის ფეხბურთი, ეს ჩემთვის მთელი ცხოვრებაა და მსიამოვნებს ამ სპორტით დაკავება“, – გვეუბნება 14 წლის მარინა ირემაძე. მისი თქმით, პატარაობიდანვე დაიწყო ფეხბურთის თამაში და ერთი წლის წინ  შეუერთდა „ეძანს“.

„თავიდან ყველა მაგას გაიძახოდა, რომ გოგოს საქმე არ არის ფეხბურთი, თუმცა ეს დავძლიე და დღეს მე ისევ აქ ვარ.

დიდი მიზნები მაქვს და მინდა, ისეთი ფეხბურთელი გავხდე, როგორც ნეიმარ ჯუნიორია“, – გვითხრა მარინამ.

„ეძანს“ 2021 წელს შეუერთდა მარი ართმელაძე. ის ამბობს, რომ ბურთთან ურთიერთობა ბავშვობიდან უყვარდა და აქედან გაუჩნდა ინტერესი ფეხბურთის მიმართაც.

მარი ართმელაძე

„ჩემი მიზანია, რომ ვიყო ნამდვილი ფეხბურთელი, რომელსაც ბევრი გაიცნობს. ეს არ არის ჩემთვის გართობა.

სკოლაში რომ წავალ და მოვალ, იმის შემდეგ სულ სტადიონზე ვარ და ვთამაშობ. მამხნევებდნენ, იცოდნენ ჩემებმა, რომ ბურთთან ურთიერთობა მიყვარდა და დღემდე მოდიან [თამაშებზე], მგულშემატკივრობენ”, – გვითხრა მარიმ.

მარი გოგონებს, რომელთა ოჯახის წევრებიც ეწინააღმდეგებიან მათ არჩევანს, ურჩევს, რომ არ შეწყვიტონ ფეხბურთის თამაში.

„ეძანის“ ფეხბურთელები

_________________________________

მთავარი ფოტო „ეძანის“ ფეისბუქგვერდიდან

ავარიული სახლების სიაში ახალი მისამართები გაჩნდა – როგორ გრძელდება პროგრამა

ავარიული სახლების ჩამონათვალში ახალი მისამართები გაჩნდა, 2022 წლის ოქტომბერში, როდესაც მერიამ სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი სახლების მისამართები გამოაქვეყნა, ჩამონათვალში 139 სახლი იყო. ახლა ეს ნუსხა 173 შენობას მოიცავს.

ავარიული შენობების ნუსხაშია ბათუმში, მელიქიშვილის #8-ში მდებარე #4 საჯარო ბაღიც.

ბათუმი, მელიქიშვილის #8 – ბათუმის მეოთხე საჯარო ბაღის შენობა

#4-ე საჯარო ბაღის შენობის მდგრადობის ექსპერტიზა 2023 წლის აპრილში, ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს დაკვეთით ჩაატარეს.

დასკვნის მიხედვით, შენობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საფუძვლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს, კონსტრუქციული პროექტის მიხედვით –  „მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად“.

ექსპერტი წერს:

„ბათუმელებისთვის“ ასევე ცნობილია, რომ ბაღის მიმდებარედ კონკრეტული კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს მოსახლეობასთან, ადგილის დათმობაზე. გავიგეთ ისიც, რომ ინვესტორმა მოსახლეობასთან გასაუბრებისას მეოთხე ბაღის შენობაზეც ისაუბრა.

მელიქიშვილის #8 და 8ა მოიცავს 2 152 კვ.მეტრ ტერიტორიას ბათუმის ცენტრში – გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში. საჯარო ბაღის გარდა ეს ტერიტორია რამდენიმე შენობას, ძირითადად კომერციულ ფართობებს აერთიანებს. მერიის გარდა აქ სულ 19 მესაკუთრეა რეგისტრირებული, თუმცა ყველაზე დიდი ადგილი – 1362 კვ.მეტრი მაინც ბაღის შენობასა და ეზოს უჭირავს.

ბათუმი, მელიქიშვილის #8
მონიშნულია მელიქიშვილის #8-ში ერთ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული ტერიტორია

„ბათუმელებისთვის“ უცნობია, რა გზას აირჩევს მერია, შეისყიდის პროექტს ბაღის შენობის გასამაგრებლად, თუ ახლის აშენებას გეგმავს. ავარიულ სახლებთან დაკავშირებული ინფორმაცია 4 აპრილს ოფიციალურად გამოითხოვეთ, თუმცა მერია ინფორმაციას მალავს.

ავარიული სახლების ნუსხას დაემატა, პუშკინის #124-იც. აქ ხუთსართულიანი კორპუსია. ექსპერტი მერიას წერს, რომ საყურადღებოა ამ კორპუსში გაჩენილი ბზარები. პუშკინის #124-ში ქონებას 30-ზე მეტი მესაკუთრე ფლობს, მათ შორის არის შპს „პუშკინის 124“. ეს კომპანია აქ 300 კვ.მეტრზე მეტ ფართობს ფლობს. კომპანიის მესაკუთრე თემურ ბიწაძეა – „ალიანსის“ დამფუძნებლის, გიორგი ბიწაძის შვილი.

ავარიული სახლების ნუსხაშია ასევე პუშკინის #39, 124 და 158 – ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსები. თუმცა, როგორც ექსპერტი წერს, მათი მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

ავარიული სახლების ნუსხაში იყო გიორგი ბრწყინვალეს #48. ახლა ამ ქუჩაზე კიდევ ორი სახლია მერიის ნუსხაში, ეს არის გიორგი ბრწყინვალეს 52 და 54. ეს კორპუსები ერთმანეთის გვერდითაა, ორივე კორპუსს აქვს ეზო და საკმაოდ დიდი ტერიტორია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ინვესტორის ინტერესი ამ მისამართებზეც უკვე გამოხატულია.

შედარებით მუქი ფერით მონიშნულია გიორგი ბრწყინვალეს #52-54- მდებარე ავარიული სახლები, ამ ორ კორპუსს ეზოების ჩათვლით სულ 3387 კვ.მეტრი უჭირავს. ღია ფერით კი მონიშნულია გიორგი ბრწყინვალეს #48- აქ რამდენიმე სახლია, რომლებიც ჯამში 1568 კვ.მეტრს აერთიანებს.

რატომ ქრება ქედის ცნობილი პომიდორი – რას ამბობს ფერმერი

ქედის ცნობილი „ვარდისფერი პომიდორი“ ნელ-ნელა ქრება. ძველი, გემოვნური თვისებებით გამორჩეული პომიდვრის ჯიში, ახალმა, ჰიბრიდულმა ჯიშებმა ჩაანაცვლეს.

რატომ ქრება ვარდისფერი პომიდორი ქედაში, ამ პრობლემაზე „ბათუმელები“ სოფელ ჯალაბაშვილებში ერთ-ერთ ფერმერს, ევგენი ცინცაძეს ესაუბრა.

ევგენი ცინცაძის ოჯახში ვარდისფერი პომიდორი რამდენიმე თაობას მოჰყავდა. თუმცა დღეს, მის ბაღჩაში ვარდისფერი პომიდორი ერთ პატარა ნაკვეთზეა დარგული, სულ რამდენიმე ცალი და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ პატრონი მის სრულ გაქრობას ვერ შეელია.

თუმცა ფაქტია, რომ ქედაში ვარდისფერი პომიდვრის ეპოქა ნელ-ნელა სრულდება. მის ადგილს კი ჰოლანდიური ჯიშის პომიდორი იკავებს.

ჰოლანდიური ჯიშის პომიდორი ქედაში

„მქონდა გასულ წელს, შევიძინე 30 ძირი, მაგრამ 30 კილო ნაყოფიც არ მომიწევია. ქედის პომიდორს აღარ აქვს იმუნიტეტი, ძალა და ეს განაპირობა კლიმატის ცვლილებამ, რადიაციამ და ასე შემდეგ“, – გვეუბნება ევგენი ცინცაძე.

ქედის ტრადიციული, ვარდისფერი პომიდორი

მისი თქმით, ახლა ფერმებს აქცენტი აქვთ გადატანილი უკეთეს ჯიშებზე, რომელიც უფრო მსხმოიარეა და თავსაც ინახავს.

„ჩვენი სოფლისთვის ჯალაბაშვილებისთვის პომიდვრის კულტურა წამყვანია.

ქედაში უკვე მასობრივი სახე აქვს ჰოლანდიურ პომიდორს, რადგან უფრო გამძლე ჯიშია, ვიზუალიც კარგი აქვს და მსხმოიარობაც. „ოქროს ვაშლივითაა“ რა, რენტაბელური და ჯანმრთელი.

თუმცა, ძველ ჯიშებს მაინც ვერ ვღალატობ და წელსაც რამდენიმე ძირი დავრგე საჩვენებლად. ამ ჯიშს „კარტოფილას“ ვეძახით, დიდი ფოთლებითაა.

იგივე სასუქებს ვაწვდი, იგივე მეთოდით ვწამლავ, როგორც ჰოლანდიურ პომიდორს, თუმცა მაინც ვერ ვითარდება.

ძალა, იმუნიტეტი აღარ აქვს. მაგალითად, თუ ქედის ტრადიციული პომიდორი ერთ ძირზე კილო-ნახევარ ნაყოფს იძლევა, ჰოლანდიური 7 კილომდე ისხამს.

ყველა გადასულია ხეირის მოტანაზე, პირად სარგებელზე, თორემ, ვარდისფერი პომიდვრის გემო ახლაც პირში აქვს ხალხს“, – გვეუბნება ევგენი ცინცაძე.

ევგენი ცინცაძე მეურნეობაში

მისი თქმით, ქედის ტრადიციული პომიდვრის თესლსაც ისეთივე დამუშავება სჭირდება, როგორც ჰოლანდიურს, თუმცა აგრონომები ამით ნაკლებად არიან დაინტერესებული.

„გემოვნური თვისებებით არც ჰოლანდიურია ნაკლები, თუმცა ტრადიციულს, მაინც თავისი ისტორია და სახელი აქვს. დღესაც ეს სახელი ჭრის ბაზარზე და, ფაქტობრივად, მისი იმიჯით იყიდება ახალი ჯიშებიც“, – ამბობს ევგენი.

ჰოლანდიური პომიდვრის მეურნეობა სოფელ ჯალაბაშვილებში

რაც შეეხება ეკოლოგიურ სისუფთავეს, ევგენი ცინცაძის თქმით, სადაც ფულია, იქ ნაკლებად ფიქრობენ კეთილსინდისიერებაზე და ასეა პომიდვრის ბიზნესშიც.

„სამწუხაროდ, ყველა ფერმერი კეთილსინდისიერად არ იქცევა და ბაზარი შხამქიმიკატებიანი პომიდვრით არის სავსე.

მე, პირადად, ვიცავ სტანდარტს, არაერთხელ შეამოწმეს ჩემი პროდუქცია და ნორმის ფარგლებში აქვს ყველაფერი. სასუქების გამოყენების სწორი სქემა მაქვს და ამას მივყვები.

თუ არასწორად არის გამოყენებული შხამქიმიკატები, ნაყოფი იწვევს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას, იწვევს სიბრმავეს, სიმსივნეებს და ასე შემდეგ“, – გვეუბნება ის.

საქართველოს სოფლის წარმოებაში ძალიან დიდ ფინანსურ რესურს დებს ევროკავშირი. ქედელ ფერმერებს ევროპული ორგანიზაცია „ფაო“ დაეხმარა ახალი ჯიშების განვითარებაში.

ევგენი ცინცაძე მიიჩნევს, რომ ფერმერების ცნობიერების გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არასწორად მოქმედების შემთხვევაში, ნაყოფიც ზიანდება და მოსავალიც იკლებს.

„ის რა ცოდნაც გვაქვს დღეს სოფლის მეურნეობაში, ყველაფერი ევროკავშირის ხელშეწყობითაა. არაერთი ტრენინგი ჩაგვიტარეს, გვასწავლეს ბევრი რამ, მაგრამ სახელმწიფოც უნდა ეხმარებოდეს გლეხებს ამ ცოდნის გაღრმავებაში.

ევროკავშირში ყოფნაც იმიტომ გვინდა, რომ განვვითარდეთ და უკან-უკან არ წავიდეთ. დღეს კი სწორედ უკან მიგვექაჩებიან. ჩვენი გზა, ხსნა ევროპაშია, მაგრამ არ ესმის მთავრობას, მარტო ბიძინასი ესმის მაგას“, – ამბობს ევგენი ცინცაძე.

წლების შემდეგ, ქედის ვარდისფერი, ტრადიციული პომიდორი ალბათ ბაზრიდან საბოლოოდ გაქრება, თუმცა ევგენის მსგავსად, ერთგულ ოჯახებში შესაძლოა აქა-იქ მაინც შემორჩეს, როგორც ევგენი გვეუბნება, „საჩვენებლად“, ან ოჯახისთვის.
იხილეთ ვიდეო.
რატომ ქრება ქედის ცნობილი პომიდორი

ბათუმში 27 გრადუსამდე დათბება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი ივნისის 21 საათიდან 2 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10– 15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 3 ივნისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 4-5 ივნისს კი – ზოგან ხანმოკლე წვიმა.

სად რა ღონისძიება გაიმართება დღეს, პირველ ივნისს, ბავშვებისთვის ბათუმში

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში დაგეგმილია ღონისძიებები ბავშვებისთვის, ცენტრალურ პარკში და დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, „მთელი დღის განმავლობაში ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნებენ ზღაპრის გმირები, ჯამბაზები და მეკობრეები, გაიმართება სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიება, ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და თამაშები; ტერიტორია მოირთვება სადღესასწაულოდ, განლაგდება მულტფილმების გმირების სტენდები და ფოტოსტენდები“.

  • 10:30 საათამდე საბავშვო გასართობი აქტივობები – სპორტული ესტაფეტები, ფერადი საპნის შოუ, ზღაპრის გმირები – იქნება წარმოდგენილი ბავშვებისთვის.
  • 11:00 საათზე – გალა-კონცერტი ყინულის ცენტრის მოციგურავეებისა და ემილის მონაწილეობით.
  • 12:00 – 18:00 საათამდე ბათუმში მოქმედი საბავშვო სტუდიებისა და ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
  • 18:30 საათზე ანსამბლ „რანინას“ კონცერტი იგეგმება.

ასევე,  აქტივობები დაგეგმილია სპორტულ ცენტრში (ლადო ასათიანის #27).

___

ფოტო ბათუმელების არქივიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – პირველი ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 1-ელ ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 208 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +460]
  • ტანკი – 3 804 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 7 478 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 3 474 ერთეული [+14]
  • MLRS – 575 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 333 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 313 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 298 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 131 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 107 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 239 ერთეული [+9]
  • სპეცტექნიკა – 458 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 1-ელ ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 430 თვითმფრინავი
  • 235 ვერტმფრენი
  • 4 407 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 352 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 105 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 954 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 587 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

რუსეთი სულ უფრო მეტად თმობს ინიციატივას – ბრიტანეთის დაზვერვა

„ეს არის პუტინის ადვოკატობა“ – თეონა აქუბარდია ღარიბაშვილსა და ნატოს მოახლოებულ სამიტზე

რატომ არ სურს სინამდვილეში რუსეთს ნატოს გაფართოება? როგორია მოსკოვის პოლიტიკა მისი მეზობლებისადმი? როგორ ამტკიცებს რუსეთი საკუთარი მაგალითით, რომ კონფლიქტების მოგვარების საშუალება ნეიტრალიტეტი არ არის და რას შეიძლება ელოდოს საქართველო ივლისში, ვილნიუსში დაგეგმილი ნატოს სამიტიდან? – „ბათუმელების“ კითხვებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია პასუხობს.

თეონა აქუბარდია იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 2014-2018 წლებში და არის „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ თანადამფუძნებელი.

  • 11-12 ივლისს ვილნიუსში ნატოს სამიტი იმართება. თქვენი აზრით, რას უნდა ელოდოს ვილნიუსის სამიტიდან საქართველო?

არ მაქვს მოლოდინი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით იქნება ადეკვატური ჩანაწერი პოლიტიკურ კომუნიკეში.

ადეკვატური ჩანაწერი უნდა იყოს ის, რომ გარდა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემისა, არის ღია კარის პოლიტიკა და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია. და რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები.

2016-ში ბრიუსელის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში გვიწერია, რომ საქართველოს აქვს ნატოს წევრობის ყველა ინსტრუმენტი.  2018-ში ამას დაემატა, რომ მაპი არის [ნატოს წევრობის] აუცილებელი ნაბიჯი.

ახლა, გამომდინარე იქიდან, რომ მაპის გარეშე გახდა ფინეთი ნატოს წევრი და შვედეთიც გზაშია, მაპი აღარ არის აუცილებელი ნაბიჯი წევრობისთვის.

ჩვენ რომ გვყავდეს ეროვნული ინტერესების შესაბამისი მთავრობა, ვფიქრობ, რომ აი, ამ ჩანაწერის ამოღება, პოლიტიკურად იქნებოდა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ნატოში გაწევრიანების გზაზე.

თუმცა მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ჩვენი „ბედნიერი“ მთავრობა იმუშავებდა ასეთი პოლიტიკური ტექსტისთვის და შესაბამისად, აი, ამ პოლიტიკური განცხადებების ფონზე, არ ვარ მყარად იმ წარმოდგენაში, რომ საქართველოს განსაკუთრებული ყურადღება და განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნება პოლიტიკურ კონტექსტში.

  • 30 მაისს, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა უკრაინაში ომის „ერთ-ერთ მიზეზად“ ნატოს გაფართოება დაასახელა. თქვენი აზრით, რა საფრთხეა ქვეყნისთვის ის, რომ მისი პრემიერი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს ასე ხედავს?

პრემიერს რომ პირველი პასუხი კითხვაზე – რის გამო დაიწყო ეს ომი?- ეთქვა სუვერენიტეტის შეზღუდვა, სუვერენული არჩევანის შეზღუდვა და შემდგომ – ნატო, ეს არ იქნებოდა ამხელა განხილვის და ყურადღების ღირსი.

მაშინ, როდესაც ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტ პუტინის წერილი, ნატოს გაფართოების საწინააღმდეგო და შემდგომ ორ დღეში დაწყებული ომი, ამ შემთხვევაში ეს არის პუტინის ადვოკატობა, იმ ქვეყნის პრემიერის მხრიდან, რომელსაც აქვს ქვეყნის 20% ოკუპირებული. და არ შეჩერებულა არამხოლოდ მცოცავი ოკუპაცია, არამედ რუსეთის მხრიდან ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები.

როდესაც მხოლოდ და მხოლოდ ნატოს ასახელებს და არა სუვერენიტეტს და სუვერენულ არჩევანს, ეს არის პუტინის ადვოკატობა და სხვა არაფერი.

და ეს არის გზავნილი, რომ ნატოში წევრობა არის შეჩერებული, საქართველოს პრემიერის და მთავრობის ნებიდან გამომდინარე – იყოს არა ფრთხილი, არამედ მხდალი, რუსული გავლენების ფონზე.

  • როცა საქართველოს პრემიერი ნატოს სამიტის წინ აკეთებს ისეთ განცხადებას, როგორიც მან ბრატისლავაში, უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა, რა გზავნილია ეს ნატოსთვის?

რუსეთმა, ისევე როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ძალიან კარგად იცის, რომ ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი სწრაფვა არის კონსტიტუციით გამყარებული. იციან, რომ კონსტიტუციის შეცვლა შეუძლებელია, რამდენადაც „ოცნებას“ არ აქვს ხმების საჭირო რაოდენობა ამ პარლამენტში.

ამ ტიპის განცხადება არის ჩვენი კონსტიტუციის წინააღმდეგ სვლა და ეს არის გზავნილი ნატოსთვის, რომ საქართველო არ აპირებს ნატოს წევრობისთვის ყველა ღონის ხმარებას, რაც კონსტიტუციაში გვიწერია და რომ საქართველოს ნატოში წევრობა არის რეალურად შეფერხებული რუსეთის გავლენებიდან გამომდინარე.

  • საქართველოს რუსეთმა მაშინ წაართვა აფხაზეთი და სამაჩაბლო, როცა ნატოში შესვლა ჰორიზონტზეც არ ჩანდა. რამდენად სწორია საერთოდ იმაზე დისკუსია, რომ ნატოს გაფართოების გამო დაიწყო რუსეთმა ტერიტორიების მიტაცება?

საერთოდ არ იყო ნატოში წევრობის განაცხადი გაკეთებული, როდესაც 1993 წელს სოხუმს პირდაპირ რუსული „სუებით“ ბომბავდნენ და რუსეთის რეგულარული ჯარები მონაწილეობდნენ სოხუმის ალყაში, რამაც განაპირობა საბოლოოდ ჩვენი რეგულარული ჯარების მარცხი ამ კონფლიქტში.

ამიტომ ვის თუ არა პრემიერს, უნდა სცოდნოდა და უნდა იცოდეს, რომ აქ ნატო კი არ არის შუაში, არის ჩვენი სუვერენული არჩევანი.

არჩევანი, რომლის გამოც რუსეთმა აწარმოვა სამი ომი საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალში, აფხაზეთში და ბოლოს – 2008 წელს.

ამ მოცემულობაში პუტინის პროპაგანდის განმეორება სხვა არაფერი არაა, თუ არა პუტინის ადვოკატობა და გამართლება ამ ომის, ამ აგრესიის.

რეალურად, როდესაც პუტინი ულტიმატუმს უყენებდა ნატოს, რომ მისი გაფართოება გამოიწვევდა ომებს, მისი სტრატეგიული მიზანი უკრაინის წინააღმდეგ ომში, კრახით დასრულდა.

იმიტომ, რომ ფინეთი, რომელსაც 1300 კილომეტრი აქვს საზღვარი რუსეთთან, გახდა ნატოს წევრი ისე, რომ მანამდე ჰქონდა ნეიტრალიტეტი გამოცხადებული. ამით შეიკრა წრე ბალტიის რეგიონის და შვედეთი, რომელიც იმედი მაქვს მალე გახდება ნატოს წევრი, შეკრავს რუსეთის ირგვლივ ნატოს წარმომადგენლობის სარტყელს.

აბსოლუტური სიყალბეა, რომ ნატო რაიმე საფრთხეს ქმნის რუსეთისთვის, იმიტომ, რომ ნატო იცავს თავის მოკავშირეებს სამხედრო აგრესიისგან. თურქეთი, რომელიც ნატოს წევრია, არ უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას საფრთხეს.

მთავარი პრობლემა, რის გამოც რუსეთი ნატოს გაფართოებას აღიქვამს საფრთხედ, არის გავლენების დაკარგვა.

რუსეთს სურს კვლავ დააწესოს გავლენის სფეროები, რასაც საერთაშორისო სამართალი კრძალავს და სუვერენიტეტის პრინციპი, არის მთავარი ამოსავალი წერტილი დასავლეთის ვესტფალიის ზავიდან მოყოლებული.

რუსეთმა, ჯერ მედვედევის პრეზიდენტობის დროს, უსაფრთხოების პაქტი შესთავაზა დასავლეთს, სადაც უარი მიიღო, მერე 2008 წლის ომი აწარმოვა. ეს იყო მისი მცდელობა, შეეჩერებინა სუვერენული არჩევანის შესაძლებლობა საქართველოსთვის და იმავდროულად დაესაჯა სამაგალითოდ საქართველო სუვერენული არჩევანისთვის, რომ მაგალითი მიეცა იგივე უკრაინისათვის, რომ იგივე მოელოდა მასაც.

აქ არის დაპირისპირება სუვერენიტეტის პრინციპს (რომელიც აღიარებულია სუვერენული დასავლეთის მხრიდან) და რუსეთის ამ რევიზიონისტული საგარეო პოლიტიკის შორის, რომელიც იმპერიალისტურ იდეებზე დგას და რომელსაც უნდა აღადგინოს რუსეთის იმპერია, იქნება ეს საბჭოთა კავშირის სახით თუ ახალი მოდელით. აქ არის ღირებულებითი დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის.

მე ჩემს სტუდენტებს, როდესაც ვესაუბრები რუსეთის აგრესიაზე საქართველოსა და უკრაინაში, ყოველთვის ვუხსნი, რის გამო დაიწყო რუსეთმა ეს ომი.

ეს არის სუვერენიტეტის შეზღუდვის მცდელობა და არა ნატოს გაფართოების საკითხი – გადაბრალება, რომ ნატოს გაფართოების გამო იწყებს რუსეთი ომს.

ნატოს გაფართოება, ფინეთის საკითხი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა რუსეთს არ უწარმოებია ომი ფინეთთან.

  • თქვენი აზრით, რუსეთის პოზიცია, საქართველოს ნატოში შესვლის სურვილზე, არის რუსეთის შიში ნატოს მიახლოებაზე თუ შეუქცევადი სურვილი და ოცნება საბჭოთა კავშირის აღდგენაზე?

რა თქმა უნდა, ოღონდ ეს არ არის საბჭოთა კავშირის აღდგენა კლასიკური გაგებით. ეს არის რუსეთის იმპერიალისტური იდეა, რომელიც სხვადასხვა ფორმით რეინკარნირდება.

პუტინის ეს ახალი რეინკარნაცია – მისი სურვილი არა კლასიკურად საბჭოთა კავშირის აღდგენაშია, არამედ რუსეთის დომინანტობაში საკუთარ მეზობლებზე, რუსეთის დომინანტობაში საერთაშორისო დღის წესრიგში, რომ მას ჰქონდეს კვლავ ისევ ის ძალა, რითაც ის კარნახობდა თავის დღის წესრიგს და თავის პირობებს მსოფლიოს.

  • ბოლოს მინდა გკითხოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ნატოს პოლიტიკურ კომუნიკეში საქართველოს შესახებ ჩანაწერი.

კომუნიკე არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ გვაქვს ნატოს უსაფრთხოების ათწლიანი კონცეფცია, რომელიც ნატოს მადრიდის სამიტზე მიიღეს და რომელიც არის სტრატეგია და ხედვა ნატოს განვითარების.

მეორეს მხრივ, არის ყოველწლიური, პოლიტიკური დეკლარაცია, სადაც ყოველწლიურად ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და განმეორება იმ გადაწყვეტილებების, რომელიც ნატოს მანამდე ჰქონდა.

თუ შეადარებთ ერთმანეთს ნატოს კომუნიკეებს, განსაკუთრებით 2015 წლიდან დღემდე, ნახავთ როგორც აღმასვლებს, ისე დაღმასვლებს ამ პოლიტიკის კუთხით.

მადრიდის სამიტზე, როდესაც საქართველოს პოლიტიკურ კომუნიკეში არ ჰქონდა სათანადო ადგილი დათმობილი, ეს იქნა ახსნილი იმით, რომ უსაფრთხოების სტრატეგიაში იყო საქართველოზე საუბარი.

მაგრამ წელს, როდესაც მხოლოდ სამიტია და დოკუმენტი არ იქნება მიღებული, იმიტომ, რომ ათწლიანი უკვე მიღებულია, საქართველოს მხარდამჭერი ჩანაწერის გარეშე, ეს არის სამწუხაროდ საქართველოს ნატოში წევრობის საბოტაჟირება, არა ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან, არამედ საქართველოს მთავრობის მიერ.

იმიტომ, რომ მთავრობებმა უნდა იმუშაონ პოლიტიკურ დეკლარაციაზე, საგარეო უწყებების მეშვეობით. ეს პროცესი არ ხდება ერთ დღეში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო არის მთავარი მაკოორდინირებელი უწყება, თუ რა გზავნილები უნდა იყოს ნატოს სამიტამდე, რა უნდა იყოს მოთხოვნები და რა უნდა იყოს შედეგი. ამაზე მიმდინარეობს მძლავრი აქტიური დიპლომატია, რომ მხარი დაგვიჭირონ დიდმა ქვეყნებმა, იმისათვის, რომ ტექსტში მოხვდეს ის, რაც სურს საქართველოს.

აი, ამ პროცესს მე ვერ ვხედავ, კითხვები მაქვს გაგზავნილი სამინისტროსთან, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არანაირი საჯარო ინფორმაცია, თუნდაც სადეპუტატო კითხვაზე პასუხი, არ არსებობს.

83 წლის მასწავლებელი ქედიდან – 45 წლის ვიყავი, როცა ინსტიტუტში ჩავაბარე

დღეს 83 წლის ნაზი დიასამიძეზე გიყვებით, ქედის სოფელ მერისიდან, რომელიც 61 წლის განმავლობაში სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად. ნაზისთან საუბარი იმით დავიწყეთ, რამდენად იზიარებს თანამედროვე მასწავლებლის ხედვას, რომ „ბავშვებს დღეს დიდი უფლებები აქვთ და მასწავლებლებს ჩაგრავენ“.

„ბავშვებს საკუთარი უფლებები აქვთ და უნდა იცოდნენ ეს ყველაფერი. მე რამდენჯერ წამიკითხავს მოსწავლეებისთვის, რომ თქვენ ეს უფლებები გაქვთ და უნდა დაიცვათ-მეთქი. პედაგოგს რა უფლებები აქვს, ესეც უნდა იცოდნენ.

თქმაც არ სჭირდება, რომ დღეს მოსწავლეებმა უფრო მეტი იციან მათი უფლებების შესახებ, ვიდრე საბჭოთა სკოლებში“, – გვითხრა მასწავლებელმა, რომელიც მიიჩნევს, რომ დღესაც შეძლებს გაკვეთილის ჩატარებას, მაგრამ მუდმივ სიახლეებთან სწრაფი ადაპტირება გაუჭირდა, ჯანმრთელობამ ხელი აღარ შეუწყო.

ნაზი 80 წლის მასწავლებლობისას გახდა. ის ბოლო 3 წელია, რაც აღარ ასწავლის.

ნაზი დიასამიძე ძირითადად დაწყებითი კლასის მასწავლებელი იყო. ჯერ „ლენინის სახელობის პედსასწავლებელი“ დაამთავრა, 45 წლის ასაკში კი ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩაირიცხა დაწყებითის ფაკულტეტზე.

იხსენებს, რომ ამ გადაწყვეტილებაში განსაკუთრებით უჭერდა მხარს მეუღლე და სწავლის დასაწყებად საჭირო საბუთებიც თვითონ შეუგროვა.

ნაზი პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩაბარებას პედსასწავლებლის დასრულებისთანავე აპირებდა, თუმცა ისე გამოვიდა, რომ დაქორწინდა და სწავლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

3 შვილი მყავდა, ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში რომ დავიწყე სწავლაო – გვიყვება. 

„შვილებს ვასწავლე, თბილისში მყავდა გაგზავნილები, ყველას დავამთავრებინე სწავლა და მერე დავიწყე მე. იცინოდნენ ჩემი შვილები ამაზე.

ძალიან საინტერესო იყო 45 წლის ასაკში ინსტიტუტში სწავლა. გონებას ივითარებ, უფრო ფართოდ იხედები. კარგად ვსწავლობდი ინსტიტუტში“, – იხსენებს 83 წლის ქალი.

მისი თქმით, ძალიან რთულია მასწავლებლობა და თუ ვერ ახერხებ მოსწავლეებს ემეგობრო, მათთან საერთო ენა გამონახო, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება სათანადო ცოდნა მისცე მათ.

„მასწავლებელი ისეთი ადამიანი უნდა იყო, რომ არ უნდა მოდუნდე, როგორც არ უნდა უჭირდეს ბავშვს სწავლა. ყველა მხრივ უნდა მივუდგეთ. კი არ უნდა დავტუქსოთ: როგორ არ იცი ეს! რატომ არ ისწავლე! სახლში რატომ არ იმეცადინე! თუ არ იცის, არ უნდა მოვყვეთ ჩხუბს, სხვა მხრივ უნდა მივუდგეთ. ისე, რომ ბავშვს სკოლაში სიარული უხაროდეს.

მოსწავლეს თუ ერთხელ დავტუქსავთ, მეორედ უკვე აღარ უყვარს სკოლა და მოსვლაც შეეზარება გაკვეთილზე, სკოლაში. ერთი პედაგოგი იყო ჩემ გვერდით, ვინ იცის, მოსწავლეები რამდენჯერ გაექცნენ სკოლიდან. მიდგომა უნდა იცოდე ბავშვთან. ეს თუ არ იცი, რთულია. პედაგოგობა ძალიან რთული საქმეა“, – გვითხრა ნაზი დიასამიძემ.

ის ამბობს, რომ ძალიან ენატრება მოსწავლეებთან ურთიერთობა, ვისთან ერთადაც ცხოვრების ნახევარზე მეტი გალია.

„მე მიყვარდა პატარები, მათაც ვუყვარდი. გაკვეთილის დაწყებამდე ყოველთვის გვქონდა „მეგობრული წუთები“. პირველ 5 წუთში ერთმანეთის მცირე ამბებს ვიზიარებდით, ვიცინოდით. 5 წუთი საკმარისი იყო, რომ მოსწავლეები გამხიარულებულიყვნენ და შემდეგ ვიწყებდი გაკვეთილს, ჩვეულებრივად. მოსწავლეები გამოცოცხლებული იყვნენ და ყველა ყურადღებით მისმენდა“, – გვეუბნება მასწავლებელი.

ამბობს, რომ მისი მოსწავლეები ყოველთვის აღწევდნენ გარკვეულ წარმატებას, მაგრამ არც ერთხელ გაჩერებულა და მუდმივად ცდილობდა, მოსწავლეებისთვის რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიეცა.

ნაზი დიასამიძე მოსწავლეებთან ერთად. ფოტო/საოჯახო ალბომიდან

ნაზი დიასამიძეს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სკოლების შესადარებლად ვკითხეთ, მისი აზრით, რას ნიშნავს, როცა საბჭოთა სკოლის მასწავლეებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ მასწავლებლები ჩვეულებრივ ადამიანები იყვნენ, რომლებიც ჭამდნენ, ეძინათ…  მასწავლებლის აზრით, ეს მიუთითებს არა მოსწავლეების თავაზიანობაზე, არამედ იმაზე, რომ საბჭოთა ბავშვები განვითარებას მოკლებული და რაღაც ჩარჩოებს იყვნენ მორგებულნი.

83 წლის ქალი მიიჩნევს, რომ ტექნიკის განვითარებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა მოსწავლეების განვითარებაზე. მათი აზროვნებაც სრულიად თავისუფალია ახლა.

ნაზი დიასამიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა სკოლებში ერთადერთი სწავლის საშუალება წიგნი იყო, ბევრი ახერხებდა უმაღლეს სასწავლებლებში დამატებითი მომზადების გარეშეც ჩაებარებინა. კატეგორიულად არ მოსწონს დღევანდელი ტენდენცია, რომ აბიტურიენტები, ძირითადად რეპეტიტორებთან დადიან უნივერსიტეტის მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად.

„მეც არ ვიცი, რატომ ხდება ასე, ვერ წარმომიდგენია… ალბათ, იმდენს ვერ აძლევს სკოლა, რაც საჭიროა. პედაგოგების მხრიდან მეტი ყურადღება, მოთხოვნაა საჭირო.

ამდენ ხელფასებს რომ უმატებენ, ეს ჩვენს დროს არ იყო. არც ერთხელ არ მქონია დიდი ხელფასი, მაგრამ სკოლას ვაკვდებოდი, რათა ბავშვებს ცოდნა მიეღოთ“, – ამბობს ნაზი.

ნაზი ახლა დროს ძირითადად სახლში, წიგნების კითხვაში ატარებს. სიცილით ამბობს, რომ ბათუმის თუ ქედის ბიბლიოთეკებში არსებული წიგნების ნახევარი მაინც ექნება წაკითხული, იმდენად უყვარს კითხვა.

ხანდახან ეზოში სეირნობს და თუ ოჯახის სხვა წევრები სახლში არ არიან, სადილსაც ამზადებს.

„ჩვენ 10 დედმამიშვილი ვიყავით, აქედან მხოლოდ მე დავრჩი“, – გვითხრა ნაზიმ. ნაზი სოფელ ახალშენში გაიზარდა და ყოველ ჯერზე სტუმრობდა ბავშვობის სახლს, როცა ბათუმში მოხვდებოდა. ახლა აღარ იცის, ამას რამდენად მოახერხებს, შეუწყობს ხელს ჯანმრთელობა თუ არა.

საუბრის ბოლოს, ნაზი დიასამიძემ გვითხრა, რომ საქართველოს მომავალს ევროპაში ხედავს და ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. თუმცა ტელევიზორში რასაც უყურებს, იმის მიხედვით ფიქრობს, რომ საფრთხე ემუქრება ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვანი სტატუსის მიღებას. ნაზის სურს, რომ ყველამ გაერთიანდეს, რათა საქართველომ ევროპისკენ მიმავალ გზას არ გადაუხვიოს.

___

ფოტო – ნაზი დიასამიძის საოჯახო ალბომიდან

ეტლით მოსარგებლეები ახალ ბულვარში, პლაჟზე ვერ გავლენ – მერიის 15,8 მილიონიანი პროექტი

ბათუმის ახალ ბულვარში, დაახლოებით ერთკილომეტრიან მონაკვეთზე, მერია ნაპირდამცავ ნაგებობას ისე აშენებს, რომ ეტლით მოსარგებლე შშმ პირები პლაჟზე ვეღარ გავლენ. დღეს არსებული პროექტით აქ [აკვაპარკიდან პირსამდე მონაკვეთში] პლაჟზე ჩასასვლელად მხოლოდ კიბეები მოეწყობა. ამ პროექტისთვის კი, ქალაქის ბიუჯეტიდან 15,8 მილიონი ლარია გამოყოფილი.

რატომ არ არის გათვალისწინებული პროექტში პანდუსები სასეირნო ბილიკიდან პლაჟზე ჩასასვლელად და რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად? – ამ კითხვით ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მივმართეთ, რომელსაც ნაპირგამაგრებაზე ტენდერი აქვს გამოცხადებული. პროექტიც სამმართველოს დაკვეთით არის მომზადებული, თუმცა პასუხი კითხვაზე „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო.

„ტენდერი გამოცხადებულია და კომენტარს ტენდერის დასრულების შემდეგ გავაკეთებთ“ – მხოლოდ ეს გვითხრეს მერიის სამმართველოში.

ახალ ბულვარში სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენაზე ბათუმის მერიის სამმართველოს ტენდერი 15 831 978 ლარით აქვს გამოცხადებული; წინადადებების მიღება 2023 წლის 14 ივნისს დაიწყება და 19 ივნისს დასრულდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ნაპირგამაგრების ამ კონკრეტულ პროექტს არ იცნობს, მაგრამ „თუ კიბეები კეთდება, ესე იგი, პანდუსიც გაკეთდება, ამიტომ ეს შეიძლება დისკრიმინაციულიც კი იყოს, იმიტომ, რომ სხვას აქვს წვდომა პლაჟზე/ზღვაზე და შენ არ გაქვს, მით უმეტეს, ეს დღეს კეთდება.

დღეს არსებული სტანდარტებით შშმ პირებისთვის ნებისმიერი მისაწვდომობა უნდა გაიზარდოს,  იქნება ეს ინფრასტრუქტურა თუ სხვა. ამ კონკრეტულ ფაქტს აუცილებლად გავეცნობით და გამოვითხოვთ ინფორმაციას. მერიაში მოქმედებს შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო და საბჭოს სხდომაზეც აუცილებლად გავიტანთ ამ საკითხს, განვიხილავთ და მივაწვდით რეკომენდაციას. ჩვენ საბჭოს მეშვეობით მხოლოდ რეკომენდაციით შეგვიძლია მივმართოთ მერს.

რეაგირება აუცილებლად იქნება. მაინტერესებს, რატომ არ მოხდა შშმ პირთა უფლებების გათვალისწინება პროექტში – ეს უბრალოდ გამოეპარათ, თუ რამე სხვა მიზეზები აქვს ამ ყველაფერს. დეტალები ძალიან საინტერესოა, თუმცა პროექტირებისას, პირველ რიგში, პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო არსებული რეგულაციები, რაც სახელმწიფოს აქვს ამ კუთხით და ეს რეგულაციები მერიამ თავად უნდა დაიცვას“, – ამბობს თომა კაკაბაძე.

არაადაპტირებულია დამცავი ნაგებობის პლაჟზე ჩასასვლელები პირსიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე მონაკვეთშიც, სადაც ქვის ლოდებია დალაგებული. ამ მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 1,7 კილომეტრია და პლაჟზე ჩასასვლელად აქაც მხოლოდ კიბეებია მოწყობილი. ამ პროექტში სახელმწიფოს 52 მილიონი ლარი აქვს გადახდილი.

სანაპირო ზოლი სადაც ეტლით მოსარგებლე პლაჟზე ვერ გადის [აღნიშნული წითელი ხაზით] და ზოლი, სადაც მერიის პროექტით აღდგენილ სანაპიროზე ეტლით მოსარგებლეები პლაჟზე ვეღარ გავლენ [ვარდისფერი ხაზით. ამ მონაკვეთზე სამუშაოების დასაწყებად ტენდერი უკვე გამოცხადებულია]
ბათუმის ახალ ბულვართან შტორმის მიერ დანგრეული სანაპიროს თითქმის ერთკილომეტრიან ზოლს რკინის შპუნტებით გაამაგრებენ. აღადგენენ სასეირნო ბილიკსაც, შპუნტების ზედა ნაწილზე მოაწყობენ რკინა-ბეტონის სარტყელს, ხოლო ამ სარტყელზე – ტალღამრეკლს. პლაჟზე ჩასასვლელად კი, კიბეებს გააკეთებენ.

კიბე პლაჟზე ჩასასვლელად /  ნახაზები პროექტიდან

ვრცლად ამ თემაზე:

ახალ ბულვართან ნაპირს რკინის შპუნტებით გაამაგრებენ, პლაჟზე ჩასასვლელად კი, კიბეები იქნება

მოსახლეობა ისევ „ორბის“ წინააღმდეგ – აქცია ბათუმში

დღეს, 31 მაისს, ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე აქცია გაიმართა.

აქ მცხოვრები მოსახლეობა სამშენებლო კომპანია „ორბის“ წინააღმდეგ გამოვიდა აქციაზე. მოსახლეობის თქმით, „ორბი“ კვლავ პროექტის დარღვევით აგრძელებს მშენებლობას, ითხოვდნენ შეხვედრას კომპანიის წარმომადგენელთან და ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ჩართულობას.

ხიმშიაშვილის 15-ში „ორბი“ მრავალფუნქციურ სასტუმრო კომპლექსს აშენებს, რომელიც რამდენიმე კორპუსისგან შედგება. საკუთარი ცათამბჯენების გვერდით, როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ, „ორბი“ გამაერთიანებელ სივრცეს, როგორც პროექტშია მითითებული, ეგრეთ წოდებულ „ფრთებს“ აშენებს.

2022 წლის ზაფხულში მოსახლეობამ აქ გააპროტესტა დაგეგმილი პროექტის ე.წ. „ფრთები“, რადგან მიშენება მოსახლეობას უფარავდა ფანჯრებს, შესაბამისად – მზის შუქს.

მაშინ მოსახლეობამ სასამართლოსაც მიმართა, თუმცა სასამართლომ მშენებლობა არ შეაჩერა და ჯერ არც საქმის განხილვა დაუწყია. ბათუმის მერიამ კომპანია დაავალდებულა მოენგრია მიშენება და შეეცვალა პროექტის პარამეტრები, თუმცა როგორც ახლა მოსახლეობა აცხადებს, „ორბი“ ისევ დარღვევებით აშენებს.

მოსახლეობა „ორბის“ წინააღმდეგ. აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/ცაგო კახაბერიძე
მოსახლეობა „ორბის“ წინააღმდეგ. აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/ცაგო კახაბერიძე

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მოსახლეობა ასახელებს იმასაც, რომ „ორბის“ მშენებლობამ, შესაძლოა, მათ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან მისასვლელი დაუბლოკოს.

„აშენებული რაც ჰქონდათ, ვითომ მოშალეს, თვალსაჩინოებისთვის დაანგრიეს. ახლა აღმოჩნდა, რომ განახლებულ მშენებლობაზე ისევ დარღვევებია… დავურეკეთ მაჟორიტარს და „მე როგორც ვიცი დაანგრიეს და რა ვქნა, ტრანსპარანტებით დავდგეო?!“ – ასე მიპასუხა. ახლა რომ აქვთ პროექტი, რატომ ვერ ეტევიან?! ვნახოთ, რას იტყვის მერი“ – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მოსახლეობა ასევე ითხოვს მშენებლობაზე საინფორმაციო დაფის განთავსებას, რაც კანონის მოთხოვნაა, თუმცა მსგავსი დაფა სამშენებლო კომპანიას არ აქვს გამოკრული. ასეთ საინფორმაციო დაფაზე, კანონის თანახმად, უნდა იყოს მითითებული პროექტის პარამეტრები, მისი მასშტაბები, სამშენებლო ნებართვა და ა.შ.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და მუნიციპალური ინსპექცია.

აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოსახლეობას საკითხის შესწავლას დაჰპირდა. თავის მხრივ, ხვალ მოსახლეობა გეგმავს ბათუმის მერთან შეხვედრას.

სარფში 21,6 კილოგრამი ვერცხლის ნაკეთობები მალულად შემოჰქონდათ – შემოსავლები

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილისა და მისი მისაბმელის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, 41 540,67 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ვეცხლის საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

ვერცხლის ნაკეთობების საერთო წონა 21,635 კილოგრამი იყო.

„საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური

 

 

ჩემი კლასელები „ვეიფს“ ეწევიან – ელსიგარეტის მოხმარების მზარდი ტენდენცია მოზარდებში

ჯანდაცვის სპეციალისტები მსოფლიო მასშტაბით, ბოლო რამდენიმე წელია, მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარების საგანგაშოდ მზარდ ტენდენციაზე საუბრობენ. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. მე-7 კლასელი ლიკა, ბათუმის ერთ-ერთი სკოლიდან ამბობს, რომ მისი თანა და უფროსკლასელები ელექტრონულ სიგარეტს მასიურად მოიხმარენ.

ეგრეთ წოდებული „ვეიფის“ კომპაქტურობის, რთულად ამოსაცნობი ფორმისა და კლასიკური თამბაქოსგან განსხვავებული სუნის გამო, მისი გამოყენება მოზარდებისთვის ხალხმრავალ ადგილებშიც მოსახერხებელია. „ჩვენთან სკოლაში, უმეტესად ბიჭები ეწევიან „ვეიფს“, თითქმის ყოველ დღე. უმეტეს შემთხვევაში მეშვიდე-მერვე კლასელები.

ჩემი კლასელები და კიდე ბევრი ბავშვი პირდაპირ კლასში, მასწავლებლის წინ ეწევა „ვეიფს“. მასწავლებლები მაინცა და მაინც არ აქცევენ ყურადღებას ამ ფაქტს“, – ჰყვება ლიკა.

ელექტრონული სიგარეტის გამოყენებისას მომხმარებელი ჩაისუნთქავს ნიკოტინს ორთქლით [vapour] და არა კვამლით. ნიკოტინი თამბაქოს სიგარეტში ძირითადი დამოკიდებულების გამომწვევი კომპონენტია. ელექტრონული სიგარეტი მუშაობს სითხის გაცხელებით, რომელიც ჩვეულებრივ შეიცავს ნიკოტინს და არომატიზატორებს სხვა ქიმიკატებთან ერთად.

საქართველოში ნიკოტინის შემცველი ელექტრონული სიგარეტის მიყიდვა 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის აკრძალულია. თუმცა, როგორც ჩანს, მოზარდებისთვის მათი შეძენა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

ESPAD – ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სკოლების კვლევის პროექტია, რომელიც ევროპის 35 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ტარდება; ამ კვლევის ბოლო [2019 წლის] მონაცემებით, ESPAD-ის ქვეყნების 10-დან ერთზე მეტმა მოსწავლემ (11%) მოწია ელექტრონული სიგარეტი 13 წლის ან უფრო ახალგაზრდა ასაკში.

ESPAD: 16 წლის სკოლის მოსწავლეების 12% რეგულარული მწეველია, 7% მოიხმარს ელექტრონულ სიგარეტს, 5% ჩილიმს და 3% გახურებადი თამბაქოს ნაწარმს.

„ჩემი კლასელები სკოლაში დადიან და აგროვებენ ფულს და მერე „ვეიფს“ ყიდულობენ. მე როგორც შევამჩნიე, „ვეიფს“ თავისუფლად ყიდულობენ და მათ წლოვანებას არავინ არ აქცევს ყურადღებას“, – ამბობს ლიკა. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ელექტრონული სიგარეტი ისეთივე მავნებელია ჯანმრთელობისთვის, როგორც თამბაქოს სხვა ნაწარმი – „ელ. სიგარეტის მოხმარება ზრდის ფილტვის დაზიანებისა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა, კიბოს და სხვა დაავადების რისკს;

NCDC: ელ.სიგარეტის გამოყენება იწვევს დამოკიდებულებას, განსაკუთრებით კი მოზარდებში; ხშირ შემთხვევაში, თამბაქოს ახალი პროდუქტის მომხმარებელი, პარალელურად, ეწევა სიგარეტსაც, რაც ორმაგ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას; ელ. სიგარეტის მომხმარებელი სამჯერ უფრო მეტს ეწევა, ვიდრე ტრადიციული თამბაქოს მომხმარებელი.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) წერს, რომ ელექტრონული სიგარეტის გამოყენება სახიფათოა ბავშვებისთვის, მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის. ელ. სიგარეტების უმეტესობა შეიცავს ნიკოტინს.

ნიკოტინი ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს და შეიძლება ზიანი მიაყენოს მოზარდის ტვინის განვითარებას, რომელიც გრძელდება დაახლოებით 20-დან 25 წლამდე. გარდა ამისა, ელექტრონული სიგარეტი ნიკოტინის გარდა შეიძლება შეიცავდეს სხვა მავნე ნივთიერებებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წერს, რომ ნიკოტინის მოხმარება ბავშვებსა და მოზარდებში მავნე ზეგავლენას ახდენს ტვინის განვითარებაზე, რაც იწვევს ტვინის განვითარების გრძელვადიან შედეგებს და პოტენციურად იწვევს სწავლის შეფერხებასა და შფოთვითი აშლილობების განვითარებას.

2017 წელს, საქართველოში კანონით განიმატა ელექტრონული სიგარეტი და დადგინდა ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობისა და მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმები.

თუმცა, „თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია 2021-2025“  ვკითხულობთ, რომ ისეთი საკითხი, როგორიცაა ელექტრონული სიგარეტებისა და სხვა მოწყობილობების შემადგენლობის და უსაფრთხოების კონტროლის გამკაცრება, ჯერ კიდევ არ არის ასახული ქვეყნის კანონმდებლობაში.

გაერთიანებული სამეფოს კიბოს კვლევის ასოციაციის თანახმად, არსებობს შეშფოთება, რომ ელექტრონული სიგარეტის მარკეტინგი გამიზნულია უფრო მოზარდებზე, რომლებიც არ ეწევიან თამბაქოს, ვიდრე იმ მწეველებზე, რომლებიც ცდილობენ სიგარეტზე თავის დანებებას.

საქართველოს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს ბაზარზე შემოდის ახალი ნაწარმები და მოსაწევი საშუალებები, რომლებიც არ შეიცავენ ნიკოტინს, თუმცა სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, შესაძლოა საზიანო იყოს ადამიანების ჯანმრთელობისთვის.

23 მაისს BBC-იმ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ კიდერმინსტერის ბაქსტერის კოლეჯში, სკოლის მოსწავლეებიდან ამოღებული ელექტრონული სიგარეტები შეიცავდა ტყვიის, ნიკელისა და ქრომის მაღალ დონეს.

„ლივერპულში მდებარე Inter Scientific ლაბორატორიამ, რომელიც მუშაობს „ვეიფის“ მწარმოებლებთან, რათა უზრუნველყოს მარეგულირებელი სტანდარტების დაცვა, გაანალიზა 18 „ვეიფი“. მათი უმეტესობა არალეგალური იყო და არ ჰქონდა გავლილი რაიმე სახის ტესტირება დიდ ბრიტანეთში გაყიდვამდე“.


ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი

ბრაზილიაში ქართველი მეზღვაური მოკლეს – მედია

ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში ქართველი მეზღვაური მოკლეს – ინფორმაციას ბრაზილიური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, გემის ინჟინერი, 31 წლის მამაკაცი, რიო დე ჟანეიროს სასტუროში იპოვეს მოკლული სამშაბათს, 30 მაისს.

ეჭვმიტანილი დაკავებულია. მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილს კრიმინალური წარსული აქვს.

რუსეთმა გზა ააფეთქა უკრაინის, რუსეთის და ბელარუსის საზღვარზე

რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის საზღვარზე რუსეთმა გზა ააფეთქა.

„სამი დის“ ძეგლთან მომხდარი აფეთქების ვიდეო დღეს, 31 მაისს, რუსულმა პრო-სამხედრო ტელეგრამამ არხებმა გამოაქვეყნეს. რუსი პროსახელისუფლებო ბლოგერები აფეთქების მიზეზად უკრაინის ტანკებისთვის გზის შეზღუდვას ასახელებენ.

ინფორმაცია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა, ანდრეი დემჩენკომ დაადასტურა. „უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ კომენტარში მან დააკონკრეტა, რომ გზა ააფეთქეს 30 მაისს.

მისი თქმით, რუსეთმა გზა სავარაუდოდ იმის შიშით ააფეთქა, რომ უკრაინა შეტევას წამოიწყებდა ბრიანსკის რეგიონულ ცენტრზე, „მაგრამ უკრაინა არ არის აგრესორი… ჩვენი სახელმწიფო თავს იცავს. ჩვენ არ გვჭირდება ბრაიანსკი“, – განაცხადა უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა.

ძეგლი „სამი და” 1975 წელს გაიხსნა ბრიანსკის, გომელისა და ჩერნიგოვის რეგიონების საზღვარზე რუსი, უკრაინელი და ბელარუსი ხალხის მეგობრობის აღსანიშნავად. ერთი წლის წინ, ჩერნიგოვის სახელმწიფო ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ მოხდებოდა ძეგლის დემონტაჟი.

რუსეთი სულ უფრო მეტად თმობს ინიციატივას – ბრიტანეთის დაზვერვა

2023 წლის მაისის დასაწყისიდან რუსეთი სულ უფრო მეტად თმობს ინიციატივას და უმეტესად რეაგირებს უკრაინის ქმედებებზე, საკუთარი სამხედრო მიზნებისკენ სვლის ნაცვლად – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა წერს დღეს, 31 მაისს, ყოველდღიურ მოკლე მიმოხილვაში.

ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ რუსი მეთაურები, სავარაუდოდ, ცდილობენ შექმნან სარეზერვო ძალები და განათავსონ ისინი იქ, სადაც, მათი აზრით, უკრაინის კონტრშეტევა მოხდება. აქვე აღნიშნულია, რომ ეს მიზანი მიღწეული არ არის, რადგან საჭირო ხდება ჯარისკაცების გაგზავნა ბახმუტის ირგვლივ, ფრონტის ხაზზე არსებული ხარვეზების შესავსებად.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მაისის განმავლობაში რუსეთი 20-ჯერ დაესხა თავს უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით ან/და ფრთოსანი რაკეტებით.

დაზვერვა წერს, რომ რუსეთს მცირე წარმატება აქვს სავარაუდო მიზნებში – უკრაინის გაუმჯობესებული საჰაერო თავდაცვის განეიტრალება და უკრაინის კონტრშეტევითი ძალების განადგურება.

მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთმა გადაანაწილა ძალები, რათა უპასუხოს პარტიზანულ თავდასხმებს დასავლეთ რუსეთში.

როგორია პირველადი დახმარება ალკოჰოლით მოწამვლის დროს | ინტერვიუ ექიმთან

სტატისტიკის თანახმად საქართველოში ალკოჰოლის მოხმარების დონე საკმაოდ მაღალია, ქვეყანაში მაღალია ალკოჰოლის რეგულარული მომხმარებლების რიცხვიც. STEPS ის ბოლო კვლევის თანახმად, ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარდა გამოკითხული მოსახლეობის 39 პროცენტი (58.9% კაცი, 20.7% ქალი), მძიმე ეპიზოდური სმის პროცენტული მაჩვენებელი კი 18.3 პროცენტია.

ალკოჰოლის ჭარბი მიღება ხშირად იწვევს ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას ანუ მოწამვლას, მძიმე ინტოქსიკაციის დროს კი შეიძლება განვითარდეს კომა და დადგეს ლეტალური შედეგი. „ბათუმელები“ ალკოჰოლით მოწამვლის ნიშნებსა და პირველად დახმარებაზე „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლევან ფსუტურს ესაუბრა. 

  • ბატონო ლევან, რა არის ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, რა მდგომარეობაშია ამ დროს პაციენტი?

ინტოქსიკაციად მიიჩნევა, თუ პაციენტთან გამოხატულია ღებინება, სითხის დეფიციტი და შეცვლილი ცნობიერება (ძილიანობა, სოპორი, კომა).

ამ დროს ღებინება, შეცვლილი ცნობიერების ფონზე, შეიძლება გართულდეს ასპირაციით, ანუ საკვები მასის სასუნთქ გზებში გადასვლით. დროული და ადეკვატური დახმარების გარეშე დგება ლეტალური გამოსავალი.

ბინის პირობებში პაციენტი უნდა მოთავსდეს მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. თავი უნდა მოვათავსოთ შემაღლებულ პოზიციაზე და არ უნდა იყოს გადაწეული უკან, რადგან ამ დროს იხსნება სასუნთქი გზები და იზრდება საკვები მასის სასუნთქი გზებში მოხვედრის ალბათობა. 

თუ პაციენტი ვერ იღებს საკვებს, სითხეს ღებინების გამო, გამოხატულია სითხის დეფიციტი, ჰიპოტენზია, აუცილებლად უნდა მიმართოთ კლინიკას.

ხშირად ინტოქსიკაცია ერევათ თრობაში , როდესაც გამოხატულია მხოლოდ ეიფორიის მდგომარეობა, გამოზარხოშების სინდრომში – თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა.

  • როგორ განვსაზღვროთ, ინტოქსიკაცია მსუბუქია თუ მძიმე?

მსუბუქი ინტოქსიკაციისას დროს პაციენტთან არ არის გამოხატული სითხის დეფიციტი, იღებს სითხეს და მას არ სჭირდება სითხეების ინტრავენური გადასხმა.

მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევაში კი გვაქვს ჰიპოვოლემიის სურათი, სითხის დეფიციტია ორგანიზმში. ასეთ დროს საჭიროა მივმართოთ კლინიკას სითხის ინტრავენურად შევსებისთვის და სხვა შესაძლო გართულებების შემთხვევაში დროული და ადეკვატური დახმარებისთვის

  • როგორია ამ დროს მკურნალობა?

 მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევაში ისაზღვრება გლუკოზის რაოდენობა სისხლში, ელექტროლიტები და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა (ალკოჰოლური კეტოაციდოზის გამოსარიცხად), ელექტროკარდიოგრამა. 

როდესაც პაციენტი ალკოჰოლის ქრონიკული მომხმარებელია და დეფიციტია B ჯგუფის ვიტამინების ორგანიზმში ( B ჯგუფის ვიტამინები აუცილებელია ალკოჰოლის მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტებისთვის) გლუკოზის ხსნარის ინფუზიამდე უნდა მოხდეს B1 ვიტამინის (თიამინის) ადმინისტრირება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ვერნიკეს ენცეფალოპათია [სიცოცხლისთვის სახიფათო სინდრომი, რომელიც ხასიათდება კლასიკური ტრიადით: ენცეფალოპათია, ოკულომოტორული დისფუნქცია, ატაქსია. მკურნალობის გარეშე იწვევს კომას და სიკვდილს]. 

  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რა რისკები შეიძლება არსებობდეს, როცა ალკოჰოლდამოკიდებული პაციენტი დიდხნიანი სმის შემდეგ წყვეტს დალევას

თუ პაციენტი ალკოჰოლის ქრონიკული მომხმარებელია, იღებს შეუწყვეტლად რამდენიმე დღე და ხშირად თვეობითაც, ასეთ შემთხვევაში ალკოჰოლის შეწყვეტის შემთხვევაში ვითარდება აბსტინენცია. ხშირად რთულდება გულყრით და მეორადად განვითარებული ტრავმით.

  • ასეთ დროს ალკოჰოლის მიღება შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს?

აბსტინენციის სინდრომის შემთხვევაში მკურნალობისთვის უმჯობესია მიმართონ ნარკოლოგს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მდგომარეობა გართულდეს გულყრით, დაცემის დროს მიიღოს ტრავმა და .. ალკოჰოლის მომხმარებლებში სიკვდილიანობა გამოწვეულია არა უშუალოდ მისი ტოქსიკური მოქმედებით, არამედ მეორადი ტრავმული დაზიანებებით. 

ასეთი პაციენტი უნდა მოთავსდეს სპეციალიზებულ კლინიკაში, მეთვალყურეობის ქვეშ და რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა. არსებობს შესაბამისი პროგრამაც [ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მკურნალობის პროგრამა].

არსებობს მითი, თუ დალევამდე ცხიმიან საკვებს მიიღებთ ეს ხელს უშლის ალკოჰოლის შეწოვას და სიმთვრალის განვითარებას. სინამდვილეში პირიქითაა, ცხიმიანი საკვების მიღება აადვილებს ალკოჰოლის შეწოვის პროცესს. 

  • რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ასეთ დროს უმოქმედობას და დახმარების დაგვიანებას?

მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევაში მოსალოდნელია ტრავმები, ასპირაცია. დროულად უნდა მოხდეს პაციენტის კლინიკაში გადაყვანა. დაკვირვება უნდა გაგრძელდეს კლინიკის და არა ბინის პირობებში.

ჯანმო: ალკოჰოლის მოხმარება 200-ზე მეტი დაავადების, დაზიანებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამომწვევი ფაქტორია. ალკოჰოლის მიღება დაკავშირებულია ჯანმრთელობის გაუარესების ისეთ რისკთან, როგორიცაა: ფსიქიკური და ქცევითი დარღვევები, მათ შორის ალკოჰოლზე დამოკიდებულება და ძირითადი არაგადამდები დაავადებები, როგორიცაა: ღვიძლის ციროზი, ზოგიერთი კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 31 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 31 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 207 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +470]
  • ტანკი – 3 802 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 7 472 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 3 460 ერთეული [+15]
  • MLRS – 575 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 333 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 313 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 298 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 124 ერთეული [+32]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 107 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 230 ერთეული [+11]
  • სპეცტექნიკა – 454 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 31 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 429 თვითმფრინავი
  • 235 ვერტმფრენი
  • 4 390 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 345 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 103 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 946 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 574 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

რუსეთი სულ უფრო მეტად თმობს ინიციატივას – ბრიტანეთის დაზვერვა

„სიყვარული მძიმეა“ – ბულვარი ქანდაკების მონტაჟის ფასს ადგენს

„სიყვარული მძიმეა“ – ამ ქანდაკების დადგმის პროცედურა „მძიმე“ აღმოჩნდა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციისთვის, რომელსაც დამზადება-მონტაჟისთვის 25 ათასი ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვა ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თანხმობა არ მისცა.

მაშინ ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქანდაკების დადგმაზე გრძელდებოდა მსჯელობა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, რა გზით წავიდოდნენ – კონკურსის თუ ტენდერის, ჯერ მიღებული არ იყო.

როგორც ჩანს, ბულვარმა მეორე გზა აირჩია და ქანდაკების – „სიყვარული მძიმეა“ დამზადება-მონტაჟის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო თანხა 6 144 ლარია. წინადადებების მიღება კი 2023 წლის 6 ივნისს დაიწყება და 9 ივნისს დასრულდება.

მიმწოდებელმა სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ბულვარის ადმინისტრაციას ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში უნდა მიაწოდოს.

ხარჯთაღრიცხვის შედგენით დაზუსტდება, რა ოდენობის თანხა იქნება საჭირო ამ ქანდაკების დამზადებისა და ბულვარში დადგმისთვის, რაზედაც ალბათ ცალკე გამოაცხადებენ ტენდერს.

ქანდაკების ავტორისა და ბულვარის ადმინისტრაციის ადრინდელი გადაწყვეტილებების სანახავად გადადით ამ ბმულზე:

„სიყვარული მძიმეა“ – ბულვარს უარი უთხრეს 25 ათასის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე 

 

მთავრობამ 20 მილიონ ლარზე მეტი ვერ დახარჯა – ბიუჯეტის შესრულება I კვარტალში

2023 წლის პირველ კვარტალში, დაზუსტებული გეგმის მიხედვით, აჭარის მთავრობა შემოსავლების სახით 100 მილიონი ლარის ამოღებას გეგმავდა, შესრულებამ 19 მილიონით მეტი შეადგინა,  შემოსულობები ისევ გადაჭარბებით შესრულდა, რასაც ვერ ვიტყვით ხარჯვით ნაწილზე.

ამ შემთხვევაშიც, როგორც ხშირად, ათვისების პრობლემა გვაქვს. ეს უმეტესწილად იმას ნიშნავს, რომ საქმე შეფერხდა. შეფერხების პროცესი, შედეგის დაგვიანებას ან საერთოდ ვერ შესრულებას, შესაბამისად დიდი ოდენობით ნაშთის დაგროვებას იწვევს.

2023 წლის ბიუჯეტის სამი თვის გადასახდელების გეგმა 77 მილიონ 938 600 ლარია, ხოლო ფაქტობრივი დაფინანსება 57 მილიონ 578 900 ლარია. სხვაობა 20 მილიონ ლარზე მეტია.

ანგარიშში, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უმაღლეს საბჭოს წარუდგინა, ბევრ შემთხვევაში დაზუსტებული არ არის, რატომ ვერ შესრულდა ბიუჯეტი გადასახდელების ნაწილში და ინფორმაცია მხოლოდ ზოგადად არის მიმოხილული. სამაგიეროდ, სამინისტრომ თითო აბზაცი დაუთმო თითოეული იმ პროექტის აღწერას, რომელიც გეგმის შესაბამისად შესრულდა ან სრულდება.

სხვათა შორის, იგივე პრინციპით არის შედგენილი 2022 წლის ბიუჯეტის ანგარიშიც.

2023 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის ანგარიშში სამინისტრო წერს, რომ  მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებსა და პროგრამულ ღონისძიებებზე, პირველ კვარტალში, 13 მილიონ 410 200 ლარი უნდა დაეხარჯა, ფაქტობრივი დაფინანსება კი 11 მილიონ 829 100 ლარია, რაც გეგმის 88,2 პროცენტია.

სამინისტრო ანგარიშში არ აკონკრეტებს, რას და რატომ მორჩა 2 მილიონი ლარი. არადა ანგარიში იმისთვის კეთდება, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ კარგად დაინახოს, სად აქვს მთავრობას გამოწვევები.

პირველი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მასთან არსებული ორგანიზაციებისა და პროგრამული ღონისძიებებისთვის, 2023 წლის სამ თვეში, რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 22 მილიონ 108 500 ლარი. ფაქტობრივმა დაფინანსებამ შეადგინა 16 მილიონ 809 300 ლარი. ეს გეგმის 76,0 პროცენტია.

სამინისტრო ანგარიშში ერთ-ერთ დაფინანსებასთან დაკავშირებით წერს:

„განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით გამოეყო 5,0 ათასი ლარი განათლებისა და კულტურის სფეროში მოღვაწის ღვაწლის დაფასების მიზნით“, – თუმცა ვინ არის ეს მოღვაწე ანგარიშში არ წერია.

სამინისტრო არც ამ შემთხვევაში აკონკრეტებს რა და რატომ ვერ შესრულდა. მეტ-ნაკლებად იგივე მდგომარეობაა სხვა უწყებებში. ანგარიშის მიხედვით გადასახდელების ნაწილში ბიუჯეტი ძირითადად ვერ შესრულდა, თუმცა რატომ – ამაზე პასუხები არ არის.

ხარჯვით ნაწილში შეუსრულებლობის შესაბამისად დიდი ოდენობით ნაშთის დაგროვებაზე სახელმწიფო აუდიტი 2022 წლის ბიუჯეტის ანგარიშის შეფასებაშიც წერდა.

აუდიტმა სამინისტროს ანგარიშის შეფასება გამოაქვეყნა. აუდიტის შეფასებით, გასულ წელს აჭარის ბიუჯეტში თვეების მიხედვით შემოსულობების მაჩვენებლები ძირითადად აღემატებოდა გადასახდელების მაჩვენებლებს, რაც განაპირობებს ნაშთის დაგროვებას.

აუდიტის შეფასებით, შემოსულობებისა და გადასახდელების შესრულების ამ ტენდენციების გათვალისწინებით, წლის განმავლობაში რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული ნაშთი 44  მილიონ 888 500 ლარით გაიზარდა და 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 45 მილიონ 706 200 ლარი შეადგინა.

შესაბამისად, გასული წელი სამინისტრომ 45-მილიონიანი ნაშთით დაასრულა.

შემოსულობების ნაწილს რომ დავუბრუნდეთ, პირველ კვარტალში სხვა შემოსავლების გეგმა 2 მილიონ 823 700 ლარით განსაზღვრეს, ხოლო შესრულებამ 2 მილიონით მეტი 4 მილიონ 980,4 ათასი ლარი, ანუ გეგმის 176,4 პროცენტი შეადგინა.

სხვა შემოსავლებში დიდი წილი პროცენტებიდან შემოსულ სარგებელზე მოდის. ეს სახაზინო ანგარიშზე არსებულ ნაშთზე სარგებლის სახით დარიცხული თანხაა. 2023 წლის პირველ კვარტალში ამ სარგებლის სახით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 1 მილიონ 500 000 ლარის ამოღებას გეგმავდა, თუმცა მილიონით მეტი,  2 688.6 ათასი ლარი, ანუ გეგმის 179,2 პროცენტი.

  • არაფინანსური აქტივები – აუქციონები ჩაიშალა

გეგმის მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში აჭარის მთავრობა 7 მილიონ 300 000 ლარის ღირებულების ქონების გაყიდვას გეგმავდა, თუმცა შესრულებამ 1 მილიონ  987 300 ლარი შეაგინა, ანუ გეგმის 27,2 პროცენტი.

სამინისტროს განმარტებით, საანგარიშო პერიოდში ნაწილობრივ მოხერხდა რიგი ქონების პრივატიზება, განსაკარგად გათვალისწინებული ქონების პრივატიზების მიზნით გამოცხადდა აუქციონები, მათ შორის რიგ ქონებაზე არაერთგზის, რომლებიც არ შედგა განაცხადების შემოუსვლელობის გამო.

საანგარიშო პერიოდში ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 261,1 ათასი ლარი, ხოლო არაწარმოებული აქტივების (მიწის) გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა 1 726,2 ათასი ლარი.

რა დადგინდა გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ კორპუსებზე – 2 წლის შემდეგ

რა გაირკვა გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ კორპუსებზე? – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა დღეს, 30 მაისს, დაუსვა ბათუმის მერიას, ბათუმის საქალაქო სასამართლოს და კომპანიას, რომელმაც 9 კორპუსი შუა ქალაქში უკანონოდ ააშენა.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში გვითხრეს, რომ სასამართლო განხილვა ჯერ არ დასრულებულა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში კი ვერ გვიპასუხეს, რის გამო არ განიხილა ამ დრომდე და თითქმის ორი წლის განმავლობაში „უკანონო კორპუსების საქმე“ სასამართლომ.

ბათუმში, გოგოლის 11-ში, უკანონო მშენებლობა ხელისუფლებამ 2021 წელს არ შეაჩერა. კორპუსები ახლა ქვის ღობითაა გარშემორტყმული და იქ ამ დროისთვის არავინ ცხოვრობს. სხვადასხვა ჯგუფი, მათ შორის, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები პერიოდულად ითხოვენ ამ კორპუსების სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადაცემას.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ბათუმის მერიამ გოგოლის ქუჩაზე კორპუსების უკანონოდ მშენებლობის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წლის პირველ ივნისს შეიტყო, როცა მხოლოდ ერთი კორპუსის ორი სართული იყო აშენებული. მას შემდეგ მერიამ 6-ჯერ [ჯამში 31 ათასი ლარით] დააჯარიმა კომპანია „მეტრო ტერმინალი“.

ჯარიმების გარდა მუნიციპალურმა ინსპექციამ ასევე მოითხოვა მშენებლობის შეჩერება და აშენებულის დემონტაჟი. კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემული აქტები სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა 2021 წლის ზაფხულიდან დღემდე ამ საქმის განსახილველად ბათუმის საქალაქო სასამართლომ ვერ მოიცალა.

კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ სასამართლოში მოითხოვა, მერიის მიერ გამოცემული დადგენილებები სასამართლოს უკანონოდ მიეჩნია. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კი, კომპანიამ სასამართლოს მერიის მიერ გამოცემული დადგენილებების შეჩერებაც სთხოვა, მერიას რომ აღარ ჰქონოდა უფლება, მოეთხოვა ჯარიმების გადახდა და არ შეეჩერებინა მშენებლობა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 16 აგვისტოს განჩინებით კომპანია „მეტრო ტერმინალის“ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

საია-ს შეფასებით, სასამართლოს გოგოლის 11-ში უკანონო მშენებლობის შეჩერება მაინც შეეძლო. „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას – წერია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტში,“ – განმარტავდა საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე. იურისტი მაშინ აქცენტს აკეთებდა კონკრეტულ ჩანაწერზე: „საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას“.

„სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ ჯარიმის ნაწილში და გამოიყენა შაბლონი, რასაც იყენებს, მაგრამ საერთოდ არ უმსჯელია მშენებლობის შეჩერების ნაწილში. აქ იყო საჭირო სიღრმისეული სამართლებრივი შეფასება… გამოდის, რომ მოსამართლემ ამ მასშტაბის უნებართვო მშენებლობა არ შეიმჩნია და მას მწვანე შუქი აუნთო,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი მირზა მამულაძე.

მუნიციპალურმა ინსპექციამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება 2021 წელსვე სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა, თუმცა ამასობაში გოგოლის ქუჩაზე კორპუსების მშენებლობა დასრულდა.

საქმის არსებითი განხილვა კი, ამ დრომდე არ დაწყებულა.

ამ კორპუსების მესაკუთრე „მეტრო ჰოლდინგია“, რომლის დამფუძნებელი გალიფ ოზთურქი [თურქეთის და საქართველოს მოქალაქე] ახლა ციხეშია. გალიფ ოზთურქს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის თებერვალში 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნარკოდანაშაულისთვის.

კომპანია „მეტრო ჰოლდინგში“ დღეს ვერ გვითხრეს, რა ხდება უკანონოდ აშენებულ კორპუსებში, ან რას უპირებს მას კომპანია.

გალიფ ოზთურქი ბრალდებულია ფინანსურ დანაშაულზეც – გამოძიება ამჯერად მილიონერ ბიზნესმენს „ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას“ ედავება.

ამ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 31 მაისს, უნდა დაიწყოს.

ამ თემაზე:

9 კორპუსის უკანონო მშენებლობა ბათუმში – რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში

ივლისიდან ტყვიის შემცველი საღებავების გაყიდვა იკრძალება, მას მხოლოდ ძეგლებზე გამოიყენებენ

2023 წლის პირველი ივლისიდან საქართველოში იკრძალება იმ ლაქ-საღებავების შემოტანა-რეალიზაცია, რომლებშიც ტყვიის შემცველობა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს აჭარბებს.

ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებიდან ერთი თვით ადრე კი, საქართველოს მთავრობამ მიიღო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციისთვის ისეთი საღებავების მიწოდება, რომლებშიც ტყვიის შემცველობა დაშვებულ ნორმაზე მეტია, თუმცა იკრძალება მისი ბაზარზე განთავსება სარეალიზაციოდ.

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციის მიზნით, აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად, აუცილებლობის შემთხვევაში, დასაშვებია ზღვრული ნორმის დარღვევით ტყვიაშემცველი ლაქ-საღებავების მიწოდება, მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრულ კონკრეტულ ობიექტში გამოყენების მიზნით.

ასეთ შემთხვევაში, პროდუქტის ეტიკეტზე  დატანილი უნდა იყოს გამაფრთხილებელი ფრაზა: „ფრთხილად! შეიცავს ტყვიას!“ ამ პუნქტით გათვალისწინებული ლაქ-საღებავი არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის ან/და განთავსებული სარეალიზაციოდ“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 მაისის დადგენილებაში.

აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებამდე ძეგლების რესტავრაციის მიზნით დაშვებული იყო „ზღვრული ნორმის დარღვევით ტყვიაშემცველი ლაქ-საღებავების ბაზარზე განთავსებაც შესაბამისი შემცვლელების არ ქონის ან/და გადაუდებელი აუცილებლობის დასაბუთებით“.  

ახალი დადგენილებით:

[checklist]

  • ლაქ-საღებავის ეტიკეტზე, რომელიც აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დატანილი უნდა იყოს ფრაზა: „პროდუქტში ტყვიის შემცველობა არ აღემატება 90 ppm-ს (0.009%)“. აღნიშნული ფრაზა დატანილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე (იმპორტირებული ლაქ-საღებავების შემთხვევაში, იმპორტის შემდეგ, ლაქ-საღებავის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობამდე)“;
  • მწარმოებელი ვალდებულია ლაქ-საღებავის შეფუთვაზე მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია მწარმოებელთან დაკავშირება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
  • იმპორტიორი ვალდებულია ლაქ-საღებავის იმპორტის შემდეგ, ბაზარზე განთავსებამდე, ლაქ-საღებავის შეფუთვაზე მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია იმპორტიორთან დაკავშირება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.“.

[/checklist]

 

[toggle title=”ახლებურად ჩამოყალიბდა რეგლამენტის მე-4 მუხლი, რომლის სანახავად დააწკაპუნეთ აქ”]

„ტექნიკური რეგლამენტის − ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4

1. სსიპ − შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, საქართველოს  კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამავე მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიმართოს საქონლის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს პროდუქტი ამ მუხლით გათვალისწინებული, პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება.

2. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობა, შემოსავლების სამსახურისგან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, მისი შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდის მიზნით.

4. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა, სააგენტო პროდუქტის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას ადგენს პროდუქტის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შესაბამისი საექსპერტო დასკვნის სააგენტოში წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში დადგინდება, რომ პროდუქტი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ან/და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, შემოსავლების სამსახური ვალდებულია არ დაუშვას ასეთი პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება.

6. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა, საქონლის მიმართ, საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები, საქონლის მფლობელის/იმპორტიორის ხარჯით.“;

[/toggle]


საქართველოში ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე ნორმას ათჯერ აღემატება, რასაც გაეროს კვლევაც ადასტურებს.

ცნობილია ისიც, რომ ტყვიის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი [85%] დაფიქსირდა აჭარაში მცხოვრებ ბავშვებს შორის.

რატომ არის ტყვიის მაჩვენებელი მაღალი  საქართველოში, ჯერ კიდევ  სწავლობენ. თუმცა ცნობილია, რომ ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის მიზეზად, სავარაუდოდ, არსებობს ტყვიის ექსპოზიციის ერთდროულად რამდენიმე წყარო.

ამ თემაზე:

ტყვია ნეგატიურად აისახება ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზეც – ჯანმოს ექსპერტი

როგორი ავტომობილი ჩაითვლება კლასიკურად – ახალი კანონი

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ბოლო ცვლილებით, „კლასიკური ავტომობილი“ განისაზღვრა. ამ ცვლილების მიხედვით, კლასიკურად ჩაითვლება ავტომობილი, რომელიც 40 წელზე მეტი ხნის წინ არის გამოშვებული.

კლასიკური ავტომობილების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები კი, საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დარეგულირდება.

კანონში შესული ცვლილებით:

  • „კლასიკური ავტომობილი − მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომლის წლოვანებაც 40 წელს აღემატება.
  • ავტომობილის კლასიკურ ავტომობილად მიჩნევის წესი და კრიტერიუმები, რომლებსაც იგი უნდა აკმაყოფილებდეს, აგრეთვე მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

ცვლილებები სრულად 2023 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება, მანამდე კი საქართველოს მთავრობამ ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი უნდა მიიღოს.

2022 წლის ბოლოს „ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესი“ და „ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის კრიტერიუმებიც“ დაამტკიცეს. სპორტული მანქანებით გზებზე თავისუფლად გადაადგილება კი, აიკრძალა.

2022 წლის დასაწყისში საქართველოში რეგისტრირებული იყო 1 477 400 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა – 1 229 200 გამოშვებულია 10 და მეტი წლის წინ.

2022 წლის ბოლოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს ასევე, რომ მუშაობენ საკითხზე, უნდა აიკრძალოს თუ არა 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი საქართველოში [იმპორტიორები მაშინ ამბობდნენ, რომ მსგავსი მოლოდინის გამო 10 წლის და მეტი ასაკის ავტომანქანებზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასიც გაიზარდა].

ამ თემაზე ვრცლად:

დაჯარიმდებით თუ ავტომანქანას დროულად არ განაბაჟებთ ან ნაწილებად გაყიდით

ტექდათვალიერების გარეშე ავტომობილის მართვაზე ჯარიმები იზრდება – ცვლილება კოდექსში

შემოუერთდი ბრიტანულ საზაფხულო სკოლას – დარჩენილია 5 ადგილი

ბრიტანული საზაფხულო სკოლა იწვევს მსურველებს საინტერესო, შემეცნებითად დატვირთული და სახალისო უქმეების გასატარებლად.

ბრიტანული საზაფხულო სკოლის დღეები გაწერილია და მორგებულია ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიცაა: კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, კოლაბორაცია, კრეატიულობა, კომუნიკაცია და სხვა.

პროცესი მიმდინარეობს მხოლოდ ინგლისურ ენაზე. ბრიტანელი ან/და ამერიკელი მასწავლებლები კვირის დღეებში მოსწავლეებს ჩაუტარებენ საინტერესო  სემინარებს, რომლებიც მოიცავს შემდეგ საკითხებს: ლიტერატურა, მეცნიერება, შერლოკ ჰოლმსის დღე, ინტელექტუალური შეჯიბრი და ა.შ.

შაბათ-კვირას, განტვირთვის მიზნით, ბავშვები კლუბებში ჩაერთვებიან, სადაც ისინი განივითარებენ საჭირო უნარ-ჩვევებს.

ფეხბურთისა და კალათბურთის კლუბები ყველაზე მოთხოვნადი და სახალისოა გამოკითხული ბავშვების თქმით. მონაწილეები სწავლობენ თამაშის წესებს, აყალიბებენ გუნდებს, რომ საბოლოოდ მონაწილეობა მიიღონ ჩემპიონატში, რომელსაც ჩაატარებენ ბრიტანული საზაფხულო სკოლა და ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში. ჩემპიონატში გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა თასი.

ხელოვნების კლუბში ბავშვები სწავლობენ სხვადასხვა დარგს და განივითარებენ ხატვისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. ბოლოს მოეწყობა მათი ნამუშევრების გამოფენა.

რაც შეეხება მუსიკის კლუბს, პროექტის ფარგლებში არსებულ ბენდში თითოეული ბავშვი შეძლებს გამოცადოს საკუთარი თავი ინსტრუმენტზე, თუ უკვე იცის დაკვრა, ან სურვილის შემთხვევაში დაიწყოს მისი შესწავლა.

საზაფხულო სკოლაში მისაღები მსმენელების რაოდენობა შეზღუდულია, დარჩენილია მხოლოდ 5 ადგილი. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://www.englishbookeducation.co.uk/summer-school-2023

მესაზღვრე ნასვამი იყო და ისროდა – რა მოხდა ვაშლოვანის ნაკრძალში

ფოტოგრაფი ნანუკა ავალიანი „ბათუმელებთან“ ჰყვება, რომ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ლაშქრობის დროს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ერთ-ერთი მესაზღვრე ტურისტებს დამამცირებლად მოექცა და კარვის მიმართულებითაც გაისროლა.

„ლაშქრობაზე ვიყავით 27-28 მაისს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე, აქ რეინჯერებიც არიან და მესაზღვრეებიც. ვფიქრობდი, რომ ყველაზე დაცულად უნდა ვყოფილიყავით. რეალურად კი ისეთი ადამიანებისგან შეიქმნა საფრთხე, ახლაც შოკში ვარ“- გვითხრა მან.

„კარვებში ვიყავით, როცა შუაღამით ატყდა ხმაური, აღმოჩნდა, რომ ნასვამი იყო ერთ-ერთი მესაზღვრე და ჰყვიროდა: გამოდით, არ ხართ ვინმე ქართველი, რომ რუსებთან დალაპარაკებაში დამეხმაროთო?

ერთხელ გაისროლა კიდევ და შემდეგ გადატენილი იარაღი იქვე დადო.

ჩვენ გარდა ბანაკში ახალგაზრდა ტურისტების ჯგუფი იმყოფებოდა. რუსულენოვანი ჯგუფი იყო, მაგრამ ამ ჯგუფში არ იყვნენ მხოლოდ რუსები, როგორც ვიცი, იყვნენ ბელარუსებიც და იყო ერთი ინგლისელი ტურისტიც.

მესაზღვრემ ერთ-ერთ ბელარუსს ხელბორკილი დაადო, მერე უთხრა, რომ გასაღები არ ჰქონდა, ვერ ხსნიდა ხელბორკილს და რაღაც დამამცირებლად ექცეოდა. შემდეგ მესამე ადამიანი ჩამოვიდა პოსტიდან და მოხსნა ეს ბორკილები“ – ამბობს ნანუკა ავალიანი.

მისი თქმით, ტურისტი ძალიან აღშფოთებული იყო მსგავსი მოპყრობით და ამბობდა, რომ ამის შესახებ აუცილებლად გაავრცელებდა ინფორმაციას. ნანუკას თქმით, აღნიშნული პირი რომ მესაზღვრე იყო, ამაზე მისი ფორმაც მიუთითებდა.

როგორც ნანუკა ავალიანმა გვითხრა, ტურისტები დაცულ ტერიტორიაზე, სადაც მესაზღვრეები იმყოფებიან, სპეციალური საშვის გარეშე ვერ მოხვდებიან.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორია

„სანამ ბანაკამდე მიხვალ, ორი სასაზღვრო პუნქტი უნდა გაიარო, მანამდე კი ასევე უნდა გაიარო პირველი პუნქტი, სადაც საშვი უნდა მოგცენ. ამ საშვით შედიხარ ტერიტორიაზე.

ამ ტერიტორიაზე მოსახვედრად ჩვენ წინასწარ ვაგზავნით საბუთებს, პირადობას, ტელეფონის ნომერს და სხვა მონაცემებს, რომ მივიღოთ საშვი.

არავის აქვს უფლება, უკვე დაბანაკებულს მოგთხოვოს საბუთები, რადგან თუ შემოწმებული არ ხარ, ისე ვერ მოხვდები იმ ადგილას, ვერანაირად“ – ამბობს ნანუკა.

მისი თქმით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ვერც უცხოელი ტურისტები მოხვდებოდნენ  ამ საშვის გარეშე, შესაბამისად, მესაზღვრეს უფლება არ ჰქონდა, მათთვის თუნდაც საბუთები მოეთხოვა.

„მესაზღვრის ქცევა არ იყო კანონიერი. რომ არ ყოფილიყო დამამცირებელი მოპყრობა, ხმას არ ამოვიღებდით. მაგრამ ჯერ ადამიანი დაამცირეს, აბუჩად აიგდეს, შემდეგ იყო იარაღის გასროლა და კარვებში ფარნებს გვანათებდნენ, ეს უკვე მეტისმეტი იყო.

ძალიან სტრესული იყო, რადგან შეგვეშინდა, კონფლიქტი არ გამწვავებულიყო. ამიტომ მთელი ღამე დავრჩით კარავში, გარეთ კი ისმოდა ამ მესაზღვრის ღრიალი“ – გვეუბნება ნანუკა.

მისი თქმით, ნასვამ მესაზღვრეს მეწყვილე ამშვიდებდა, თუმცა ის მაინც არ წყნარდებოდა.

„რომელიმე ჩვენგანს რომ მოხვედროდა ის ტყვია, ვინ გასცემდა ჩვენს ოჯახებს პასუხს?

იმედია, ექსპერტიზა დაადგენს, რა მიმართულებით გაისროლა, თუმცა ეს აქამდე უნდა გაეკეთებინათ, ან თუნდაც ალკოჰოლზე რომ შეემოწმებინათ ის მესაზღვრე“ – გვეუბნება ის.

ნანუკა ამბობს, რომ ამ ამბის შესახებ ფეისბუქზე დაწერა, რის შემდეგაც რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა, რომელთაც მსგავსი სიტუაციის შესახებ უამბეს.

„სხვა ლოკაციებზეც ყოფილა შემთხვევები, მაგალითად, კახეთში, ლაგოდეხის ნაკრძალში, თუშეთში, რომელსაც რეაგირება არ მოჰყოლია“.

მისი თქმით, პრობლემა სისტემურია.

„ერთი ადამიანი მაინც რომ დაისაჯოს, მეორე და მესამე აღარ ჩაიდენს იმავეს. თუმცა ჩვენი მიზანი არ არის თუნდაც ამ მესაზღვრის დასჯა, რადგან სისტემური პრობლემაა და უნდა მოგვარდეს, მაგალითად ის, რომ მესაზღვრეებიც ცუდ პირობებში იმყოფებიან, მთელი ათი დღე არიან პოსტზე, არც კომუნიკაცია აქვთ, არც ტელევიზორი, ტელეფონიც არ იჭერს.

გვინდა, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს, რომ ტურისტებიც დაცული ვიყოთ და მესაზღვრეებიც უკეთეს პირობებში მუშაობდნენ“ – ამბობს ნანუკა ავალიანი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მიერ ტურისტების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

სამინისტრო დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგებს არ აქვეყნებს – გასულია 2 თვე

განათლების სამინისტროს  ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგები.

გასაუბრება დირექტორობის კანდიდატებთან 20 მარტს დაიწყო  და  თითქმის ორი თვის წინ დასრულდა, თუმცა შედეგები ცნობილი არ არის.

სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდები 22 იანვარს ჩატარდა. ტესტირებაზე რეგისტრაცია  დირექტორობის  3 205-მა მსურველმა გაიარა, თუმცა ადგილზე მხოლოდ 1839 აპლიკანტი გამოცხადდა.

ნახევარზე მეტმა აპლიკანტმა ზღვარი ვერ გადალახა და გასაუბრების ეტაპზე მხოლოდ 755 დირექტორობის  მსურველი გადავიდა.

ამ ეტაპზე ყველა საჯარო სკოლის დირექტორი მოვალეობის შემსრულებელია, მათ უმრავლესობას 2021 წლის შემოდგომაზე ამოეწურა უფლებამოსილების ვადა.

ამ ეტაპზე არც ის არის ცნობილი, გაასაჩივრა თუ არა რომელიმე კანდიდატმა პირველი ან მეორე ეტაპის შედეგები.

2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში სულ 2 086 საჯარო სკოლა იყო.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 მაისის 21 საათიდან 31 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით – უმეტესად უნალექოდ, ხვალ, დღისით კი – ზოგან ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 6– 11 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, პირველ ივნისს მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე წვიმა, 2-3 ივნისს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 207 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +410]
  • ტანკი – 3 802 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 7 469 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 3 445 ერთეული [+10]
  • MLRS – 575 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 332 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 313 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 298 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 092 ერთეული [+38]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 107 ერთეული [+51]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 219 ერთეული [+12]
  • სპეცტექნიკა – 454 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 429 თვითმფრინავი
  • 235 ვერტმფრენი
  • 4 379 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 9 328 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 100 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 941 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 10 544 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

[yellow_box]დრონებით თავდასხმა მოსკოვზე — რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ბახმუტში „ვაგნერი“ ერთგვარ ხაფანგშია – სირსკი

როგორ ვუმკურნალოთ შაკიკს ბოტოქსით – ექიმის რჩევები

ქრონიკული შაკიკი მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობაა. პათოლოგია ხასიათდება თავის ტკივილის მწვავე, ეპიზოდური, პერიოდული, პულსირებადი პაროქსიზმული შეტევებით, რაც ასოცირებულია ღებინებასთან, ფონო და ფოტოფობიასთან [ხმისა და სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა], ძილის ძლიერ მოთხოვნილებასთან. შაკიკი იწვევს შრომის უნარის დაქვეითებას და დასახელებულია უუნარობის მეორე წამყვან მიზეზად მსოფლიოში.

ტიპური შაკიკის შეტევები გრძელდება 4-72 საათის განმავლობაში.

შაკიკის მკურნალობა ძირითადად მოიცავს არაფარმაკოლოგიურ და ფარმაკოლოგიურ თერაპიას. პირველია – ტრიგერული [მაპროვოცირებელი] ფაქტორების ელიმინაცია, თავიდან არიდება და  რელაქსაციური  ტექნიკა; ფარმაკოლოგიური თერაპიის დროს კი გამოიყენება შაკიკისთვის სპეციფიკური და არასპეციფიკური მედიკამენტები. 

თუმცა ქრონიკული შაკიკის მქონე პაციენტებისთვის, რომლებზეც მკურნალობის ტრადიციული მეთოდები არ არის ეფექტური, არსებობს მკურნალობის შედარებით ინოვაციური მეთოდი ბოტულინოტოქსინის ინექციებით. ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის [2016] მიხედვით, შაკიკის მკურნალობისას „მოზრდილ პაციენტებში კარგადაა შესწავლილი ფრონტალურ და კისრის უკანა კუნთებში ბოტულინის ტოქსინის ინექციების ეფექტურობა. მკურნალობის ეს მეთოდი გვერდითი ეფექტების სიმცირით გამოირჩევა, თუმცა პედიატრიულ პოპულაციაში მისი გამოყენება არასასურველად მიიჩნევა თავის ტკივილის დროს“.

აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ბოტოქსი ქრონიკული შაკიკის პროფილაქტიკური მკურნალობისთვის 2010 წელს დაამტკიცა.

ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი, ინფექციონისტი სვეტლანა გეგეჭკორი ერთ-ერთი ლიცენზირებული სპეციალისტია, ვინც ბათუმში შაკიკის სამკურნალოდ ბოტულინოთერაპიას ატარებს. სპეციალისტი განმარტავს, რომ ბოტულინოთერაპიას შაკიკის მქონე პაციენტებისთვის ექიმი-ნევროლოგი ნიშნავს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ  ზუსტი ანამნეზის შედგენა შეეძლოს ინექციონისტსაც, ვინაიდან ინექციის გაკეთების წერტილები და შესაბამისი დოზა დიდწილად არის დამოკიდებული დაავადების მიმდინარეობის სპეციფიკაზე.

„ყოფილა შემთხვევები, როცა კლასიკური ბოტულინოთერაპიის შემდეგ, პლასტიკური ერთეულებით – ეს არის შუბლის არე, თვალების მიდამო, შეამჩნია ზოგიერთმა პაციენტმა თავის ტკივილი მოეხსნა.

შაკიკის დროს ბოტულინოთერაპიას აქვს თავისი ადგილები/ზონები. ასეთი ზონა არის კისრის უკანა კუნთები, კერძოდ, კისრის ტრაპეციული კუნთი და ბოტულინოთერაპის კლასიკური წერტილები სახის მიდამოში – ეს არის შუბლი და წარბებს შორის ზონა. ვაგროვებთ ანამნეზსა და სიმპტომატიკას და ამის მიხედვით ვარჩევთ ზონებსა და დოზებს.

კლასიკურად მოცემულია, რომ ინექცია შეიძლება გაკეთდეს 31-დან 39 წერტილში, ეს წერტილები დადგენილია ნევროლოგიის ინსტიტუტის მიერ; დოზირების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად ტკივილის ხასიათის მიხედვით“ – ამბობს სვეტლანა გეგეჭკორი.

ექიმის განმარტებით, შაკიკი მორეციდივე დაავადებაა,  ბოტულინოთერაპიის შედეგად კი შეტევიდან შეტევამდე გაცილებით უფრო ხანგრძლივი გამოჯანმრთელების ეპიზოდები მიიღწევა, ვიდრე მედიკამენტური მკურნალობისას.

„ბოტოქსის ეს თვისება სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს, შუბლის მიდამოში, პლასტიკური ბოტოქსის გაკეთების დროს, როცა პაციენტს თავის ტკივილი მოეხსნა. საქმე ის არის, რომ შაკიკის დროს კუნთები არის სპაზმირებული, ბოტულინოთერაპია ხსნის კუნთების სპაზმს და კუნთიდან ნერვულ ბოჭკოებზე ტკივილის გადაცემა წყდება, ეს თავისთავად იწვევს ტკივილის მოხსნას“ – ამბობს ექიმი.

პროცედურის შედეგი შეიძლება გაგრძელდეს მინიმუმ სამი-ოთხი თვის განმავლობაში, შედეგი ინდივიდუალურია. ექიმის თქმით, იყო შემთხვევები, როცა პაციენტს შვიდი თვე არ ჰქონია ტკივილი.

ბოტულინოთერაპია არ გამოიყენება, თუ პაციენტს აქვს მიასთენია, ანუ ნერვ-კუნთოვანი დაავადება და აღენიშნება ახლომხედველობა, ასევე, ბოტულინოთერაპია არ გამოიყენება მწვავე ინფექციური დაავადებების დროს, ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში.

პროცედურის საწყისი ფასი დაახლოებით 400 ლარია.

სვეტლანა გეგეჭკორის განმარტებით, ბოტულინოთერაპიას გართულება არ ახასიათებს, მაგრამ შესაძლოა ახლდეს გვერდითი მოვლენა ფტოზის – წარბის დაწევის სახით, რისი აღდგენაც ხდება სპეციალისტის ჩართულობით.

„მართალია, ეს გვერდითი მოვლენა სწორდება, გადადის, მაგრამ სანამ გადავა, დისკომფორტი არის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პროცედურა ჩაატაროს სპეციალურად გადამზადებულმა სპეციალისტმა“ – ამბობს სვეტლანა გეგეჭკორი.

საქართველოში შაკიკის გავრცელების ზუსტი მონაცემები არ არსებობს, რაც ნაწილობრივ სპეციალისტთან დაბალი მიმართვიანობითაც არის გამოწვეული. თუმცა საერთაშორისო სტატისტიკის თანახმად, შაკიკი აწუხებს მოსახლეობის 12%-ს. ცნობილია, რომ პათოლოგია უფრო ხშირია ქალებში – ყოველწლიურად უტევს ქალების 17%-ს და მამაკაცების 6%-ს. ბავშვებს შორის კი შაკიკი უფრო ხშირად გვხვდება გოგოებში, ვიდრე – ბიჭებში.

________________________________

ამავე თემაზე:

როგორ ვმართოთ შაკიკი, თავის ქრონიკული ტკივილი – ექიმის რჩევები

 

„მატარებელი როცა ჩერდებოდა, ხალხს უფლებას აძლევდნენ დაემარხათ ახლობლები“ – რეპრესიები

ქურთები აჭარაში დღევანდელი თურქეთის ტერიტორიიდან შემოვიდნენ. მომთაბარე ცხოვრების წესის მიმდევარი ქურთები ზაფხულობით არდაჰანისა და ყარსის მხრიდან საძოვრებზე ერეკებოდნენ პირუტყვს აჭარის მიმართულებით.

ისმაილ შამოღლი ახალსოფელში მცხოვრები ქურთია. ის სტალინური რეპრესიების პერიოდში გადასახლებაში, ყირგიზეთში დაიბადა 1953 წელს. მისი ოჯახი 1944 წელს გადაასახლეს. ისმაილ იხსენებს მამის მოყოლილ ამბებს და პირადი გამოცდილებების შესახებაც გვიყვება:

„ქურთები ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრებას. ზაფხულობით საძოვრებზე მიჰყავდათ საქონელი და ზამთარში ჭოროხის ნაპირებში ჩამოდიოდნენ. ყველაზე დიდი ქურთული დასახლებები იყო ანგისაზე და ადლიაში, ასევე აქ ახალსოფელში, მაშინ აქაურობას ქიზილთოფრახს ეძახდნენ, წითელ მიწას ნიშნავს.

მამაჩემი ხუსეინ ალის ძე შამოღლი იყო განთიადის კოლმეურნეობის თავმჯდომარე 1936-37-იან წლებში. იმ ტერიტორიაზე ციტრუსი – მანდარინი, ფორთოხალი მამაჩემის მოშენებულია. ამ ტერიტორიაზე ქურთების გარდა ჰემშილები (მუსლიმი სომხები), აჭარლები, უკრაინელები და რუსები ცხოვრობდნენ.

საზღვრისპირა რაიონებიდან 1944 წელს ქურთებთან ერთად ჰემშილები და აჭარლებიც გადაასახლეს. ყველას შეეხო გადასახლება, მამაჩემი პარტიის წევრი იყო, მაგრამ მაინც გადაასახლეს. რადგან თურქეთი გერმანიის მოკავშირე იყო, ამბობდნენ, მეორე ფრონტი უნდა გაიხსნასო. ძალიან ბევრი ხალხი გადაასახლეს, მათ შორის აქაური ბერძნებიც.

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ჯერ დაანაწილეს სამხედროები და მერე ერთ ღამეში ყველა გადაასახლეს. წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევდა. პირუტყვის გადასაყვან მატარებელში შეყარეს. მამაჩემმა ჭკუა იხმარა და რა სიმინდიც ჰქონდა წაიღო – გზაში მაგით გაიტანეს თავი.

გადაასახლეს შუა აზიაში – უზბეკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში. მატარებლის ვაგონებში შეყრილი ხალხი გზადაგზა იხოცებოდა. როცა მატარებელი ჩერდებოდა, ხალხს უფლებას აძლევდნენ იქვე, 20 მეტრში ამოეთხარათ საფლავები და დაემარხათ მკვდრები, ახლობლები.

თითო ვაგონში 20-მდე ოჯახი იყო. მთელი ერთი თვე ვაგონში გაატარეს. როცა მატარებელი უკვე შუა აზიაში შევიდა, მატარებელს ჩუმად ეხსნებოდა 4-4 ვაგონი და სხვადასხვა ტერიტორიაზე რჩებოდა ხალხი. იმის გამო, რომ ხალხი დაფანტულიყო და ერთად არ ყოფილიყვნენ. ბევრი ოჯახი დაიშალა მაგის გამო. მამაჩემი მოხვდა ყირგიზეთში, მამიდები ყაზახეთში.

ღამე როცა დაცალეს მატარებელი, მამაჩემმა ადგილობრივებს ფული გადაუხადა, რომ ისეთ ადგილას წაეყვანათ, სადაც რუსები ცხოვრობდნენ. მამაჩემმა გათვალა, რომ რუსი ცუდ ადგილას არ იქნებოდა დასახლებული და ასე აღმოჩნდა სოფელ ბლაგოვეშენსკში. იქ დავიბადე მეც. ხალხი, ვინც ადგილობრივების დასახლებებში დარჩა, უმეტესად დაიხოცა. ძალიან ბევრი დაიხოცა, ყველაზე მეტი აჭარლები, მკვიდრი მოსახლეობა გადაასახლეს ხიხაძირიდან, შუბნიდან.

გადასახლებაში ჯალ-აბადის, სუზაკის რაიონებში ხალხს მონურად ამუშავებდნენ ყურძნის, ბამბის, თამბაქოს პლანტაციებში. ყველაზე საშინელება იყო ბამბის დამუშავება. რაიონებიდან რომ გასულიყავი 5-6 საათი უნდა გევლო ფეხით.

გადასახლებაში ჩემმა ოჯახმა 11 წელი გაატარა. 1955 წელს დავბრუნდით. ყველა არ გამოუშვეს. ბევრი იმიტომ ვერ დაბრუნდა, რომ საკმარისი თანხა არ ჰქონდათ. მთავრობა ხალხს არ დახმარებია უკან დაბრუნებაში. ეს იყო რეპრესია.

ისევ იმ ადგილას დავბრუნდით, საიდანაც წავედით. აქ ჩვენს სახლში ვინც ცხოვრობდა, მამაჩემმა მას ფული გადაუხადა სახლის მოვლისთვის, სიმინდიც მისცა. დღესაც ვინმე თუ არის შემორჩენილი შუბანში, ხიხაძირში ახსოვთ მამაჩემი, მან გამოაპარა ბევრი აჭარელი გადასახლებიდან უკან, საქართველოში. ვინც იქ დარჩა უკვე აქეთ წამოსვლა აღარ უნდათ, რამდენიმე წლის წინ ვიყავი იმ ადგილებში და ენა დაკარგული აქვთ“.

საბჭოთა კავშირი, სტალინი

„საბჭოთა კავშირში ისეთი კანონი იყო, რომ ერთი ჯოხით გარეკა ყველა. ვერავინ ვერ ბედავდა წინააღმდეგობას. ყველა იყო შრომაში ჩართული, ხალხს ვირულად ამუშავებდნენ. ზოგს ობლიგაციას ურიგებდნენ, დღემდე შერჩათ, ვერაფერში ვერ გამოიყენეს.

ახლა თავისუფლება მეტია. კარგად რომ განვითარებულიყო საბჭოთა კავშირი იქნებოდა ევროკავშირი. ევროკავშირში ცივილიზაციაა, განათლებაა. საბჭოთა კავშირში იყო მონური შრომა“.

„მე შევეკითხე ერთხელ ბებიაჩემს, რომელიც დაიბადა 1866 წელს, სტალინი როგორი კაცი იყო? სტალინი თან მიყვარდა, მაგრამ თან ძალიან მეშინოდა მისიო. ეშინოდათ სტალინის გაგონება. სტალინი რომ გარდაიცვალა, ჩვენ მაშინ ჩამოვედით. სტალინის სიკვდილის ამბავი რომ გახმაურდა, როგორც მამაჩემი ამბობდა, ხალხში იყო შიში, არ იცოდნენ რა მოხდება“.

1937 წლის ტერორი

„მამაჩემმა იცოდა 6-7 ენა, 4 ენაზე წერდა და კითხულობდა, განათლებული კაცი იყო, რის გამოც დააყენეს კოლმეურნეობის თავმჯდომარედ. 37 წელს ჩვენი სოფლიდან 1 კაციც კი არ დაუხვრეტიათ. მამაჩემმა გააპარა კრუხივით. ბევრი დახვრიტეს გონიოში, ჭარნალში. ჩვენს სოფელში კი ოჯახი არ დაქვრივებულა, არ განადგურებულა, იმიტომ, რომ მამაჩემის სიტყვა ჭრიდა. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, მთელმა სოფელმა გააცილა. ყველაზე ცუდი პერიოდი იყო 37-38 წლები. მამაჩემი ქალაქიდან ფეხით როცა მოდიოდა, ჭოროხის ნაპირებში ხედავდა, როგორ მოჰყავდათ მანქანებით ხალხი და როგორ ხვრეტდნენ“.

უკან დაბრუნება

„აქ რომ დავბრუნდით, ჩვეულებრივად კოლმეურნეობის წევრები გავხდით. ყველა ვმუშაობდით. დედაჩემი ჩაის კრეფდა. მამაჩემი ცოტა ხანს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე იყო, შემდეგ კოლექტივში მუშაობდა, მანდარინზე. ჩაის გაშენებაზეც მუშაობდა. მეც მაქვს ბავშვობაში ჩაის გაშენებაზე ნამუშევარი. ბრინჯსაც თესავდნენ ნესტიან მიწებზე, სიმინდსაც.

ქურთებს ადგილობრივ მაცხოვრებლებთან, აჭარლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. თუმცა ჩვენი ენა დაგვავიწყდა. მამაჩემი ხომ იყო იქ გადასახლებაში, მაგრამ უკან დაბრუნდა, აქაურებს თვლიდა თავის სახლად. ჩვენთან სოფელში სულ 2-3 ქურთი მოსახლე ჩამოვიდა. ერთეული ოჯახები დაბრუნდნენ კახაბერში და ახლომახლო ტერიტორიებზეც“.

ვინ დააჯილდოვეს ვენაში ფესტივალზე, სადაც „ბათუმელებიც“ იყო წარდგენილი

25-26 მაისს ვენაში გაიმართა „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტისა“ (IPI) 2023 წლის მსოფლიო კონგრესი და მედიაინოვაციის ფესტივალი. ღონისძიების ძირითადი თემა იყო – „ახალი საზღვრები: პრესის თავისუფლება და მედია ინოვაცია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“.

კონგრესსა და ფესტივალს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ესწრებოდნენ რედაქტორები, ჟურნალისტები, მედია ექსპერტები და მედიის სფეროში მომუშავე დონორი თუ საკონსულტაციო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ორი დღის განმავლობაში 30 სესია, ფილმის ჩვენება და ვორქშოფი გაიმართა, ისეთ თემებზე როგორიცაა: პრესის თავისუფლება რისკის ქვეშ, ჟურნალისტიკა დევნილობაში, მედიის ხელში ჩაგდება და ჟურნალისტიკა შეზღუდული დემოკრატიის ქვეყნებში, მედია ბიზნესი სახელმწიფო ზეწოლის ქვეშ და ინოვაციები, ხელოვნური ინტელექტი და დეზინფორმაცია, ომის გაშუქებასთან დაკავშირებული გამოწვევები, თვალთვალი ჟურნალისტებზე და ა.შ.

ფესტივალის ფარგლებში ასევე გამოვლინდნენ „თავისუფალი მედიის ნოვატორისა“ და „მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის“ ჯილდოს მფლობელები. ეს ჯილდოები ყოველწლიურად გაიცემა.

2023 წლის “თავისუფალი მედიის ნოვატორის” ჯილდოს ფინალურ ათეულში იყო ასევე Netgazeti&Batumelebi. წელს გამარჯვებული მიანმარული ონლაინ გამოცემა Myanmar Now გახდა.

2015 წელს დაფუძნებული გამოცემა ბირმულ და ინგლისურ ენებზე აშუქებს ახალ ამბებს და ატარებს ჟურნალისტურ გამოძიებებს. იგი გახდა სამხედრო ხუნტის მთავარი სამიზნე, რომელმაც 2021 წელს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოაწყო. გამოცემა დაარბიეს სამხედროებმა, ჩამოართვეს და დაუზიანეს აღჭურვილობა, გაუუქმეს სამუშაო ლიცენზია და გამოაცხადეს ახალი ამბების უკანონო სუბიექტად. ჟურნალისტების ნაწილი გაქცეულია ქვეყნიდან და დისტანციურად მუშაობს, ნაწილი კი იატაკქვეშეთში, საკუთარი სიცოცხლისა და უსაფრთხოების რისკის ფასად რჩება მიანმარში და აწვდის კრიტიკულ სიახლეებს თავის აუდიტორიას მიანმარში.

2023 წლის “თავისუფალი მედიის ნოვატორის” ჯილდო ონლაინ გამოცემა Myanmar Now-ს გადაეცა

„მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის“ ჯილდო მექსიკელმა ჟურნალისტმა, კარმენ არისტეგიმ მიიღო. არისტეგი მექსიკელი მექსიკაში სხვადასხვა მთავრობის დროს იძიებდა მნიშვნელოვან კორუფციულ სქემებს და გარიგებებს. ზეწოლის მრავალი მცდელობის მიუხედავად არისტეგი ათეულობით წელია აგრძელებს მუშაობას. მასზე განხორციელებული არაერთი თავდასხმისა თვალთვალის გარდა, თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ მისი არასრულწლოვანი შვილი, კოლეგები და ახლობლები, რომლებსაც ასევე უთვალთვალებდნენ.

არისტეგის დახმარებით შეიქმნა MexicoLeaks, რომელიც “ვიკილიქსის” მექსიკური ვერისაა კორუფციის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნად მიიჩნევა მექსიკა, სადაც ყოველ 13 საათში თავს ესხმიან ჟურნალისტს ან მედია გამოცემას.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტისა“ (IPI) 2023 წლის მსოფლიო კონგრესს IPI-ს წევრი მედიაორგანიზაციის სტატუსით პირველად ესწრებოდა Netgazeti&Batumelebi.

_________

მთავარ ფოტოზე: კარმენ არისტეგის დაჯილდოება

ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის აშენებაა დაგეგმილი

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის აშენებას გეგმავს, რისთვისაც პირველ რიგში პროექტს შეისყიდის.

პროექტირების სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით, აეროპორტების გაერთიანება ბაზრის კვლევას ატარებს. უნდა დაპროექტდეს როგორც ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ასევე სააეროდრომო ინფრასტრუქტურა.

„ყველაფერი დამოკიდებულია პროექტირებაზე, თუმცა ქუთაისის აეროპორტში 2 ასაფრენ-დასაფრენი ზოლი იქნება. როცა ახალი აშენდება, არსებული ზოლი შეიძლება სათადარიგოდ გამოვიყენოთ. ეს დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის“, – უთხრეს „ბათუმელებს“ აეროპორტების გაერთიანებაში.

ბაზრის კვლევის დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ „ტექნიკური დავალება გულისხმობს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებისა და რეკონსტრუქციისათვის რიგი საპროექტო დოკუმენტაციების კომპლექსურად მომზადებას“.

„ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, პერსპექტივის გათვალისწინებით, უნდა დაპროექტდეს ICAO-ს კოდური აღნიშვნით E კატეგორიის საჰაერო ხომალდებისთვის. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე განისაზღვროს ქუთაისის აეროპორტის პირობებში კრიტიკული საჰაერო ხომალდის B 747 -ის შერჩევით. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელია უკვე არსებული სამანევრო ბილიკები TWY-A და TWY-B რეკონსტრუქცია, მათი დაგრძელება და E კატეგორიის საჰაერო ხომალდებისთვის მორგება, ასევე საჭიროების შემთხვევაში დამატებით დაპროექტდეს ახალი სამიმოსვლო ბილიკი“.

ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი

ტექნიკური დავალების მიხედვით, ასაფრენი ბილიკის ადგილმდებარეობის შეცვლა გამოიწვევს არსებული სანიაღვრე სისტემის რეკონსტრუქციის აუცილებლობას.

ამასთან, „საჭიროების შემთხვევაში, მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აეროპორტის მიმდებარე შესაბამისი ტერიტორიების განსახლების გეგმის სრული დოკუმენტაციის მომზადება. აღნიშნული გულისხმობს განსახლების პროცესისათვის საჭირო სრული დოკუმენტაციის მომზადებას, მათ შორის:

  • შესაბამისი დამატებითი ტერიტორიების ტოპოგეოდეზიურ სამუშაოებს;
  • კერძო ნაკვეთების რეგისტრაციებს და ნაკვეთების გამიჯვნას;
  • ნაკვეთების ინვენტარიზაციას (ნაგებობების აზომვა, ხეების დათვლა ნაირსახეობის წლების მსხმოიარობის და ა.შ.), შეფასებას (აუდიტორული დასკვნის მომზადებას გამოსყიდვისათვის) და მესაკუთრეებთან შესაბამისი შეთანხმების გაფორმებას.

„ტექნიკურ პირობებში მითითებულ მონაცემებს აქვთ საორიენტაციო ხასიათი. მიმწოდებელმა თავად უნდა შეისწავლოს ტერიტორია, დააზუსტოს მონაცემები და თავად განსაზღვროს სწორი საპროექტო გადაწყვეტა, დამკვეთთან კოორდინაციით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

პროექტირება მოიცავს ტერიტორიის გეოლოგიურ და შესაბამისი ნიმუშების ლაბორატორიულ კვლევებსაც.

აეროპორტების გაერთიანება პრეტენდენტებისგან გარკვეულ გამოცდილებასაც ითხოვს:

  • „პრეტენდენტს ბოლო 15 წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს სულ მცირე ერთი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაპროექტების გამოცდილება, აქედან მინიმუმ ერთი საერთაშორისო აეროდრომზე. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს არ აქვს საერთაშორისო აეროდრომზე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის დაპროექტების გამოცდილება, შეუძლია შეივსოს აღნიშნული გამოცდილება ინჟინერ-სპეციალისტით, რომელსაც აქვს მინიმუმ ერთ საერთაშორისო აეროდრომზე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი დაპროექტებული.
  • პრეტენდენტს ან მის ქვეკონტრაქტორს უნდა ჰქონდეს გეოლოგიური კვლევების ჩატარების გამოცდილება, მინიმუმ შესრულებული უნდა ჰქონდეს 10 გეოლოგიური კვლევა, ასევე გააჩნდეს სპეციალური ლაბორატორია.“

საკონსტიტუციო არ განიხილავს სარჩელს C ჰეპატიტის მკურნალობაზე – რას ითხოვდა მოსარჩელე

„კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებაში სარჩელის შესახებ, რომელიც C ჰეპატიტით მკურნალობას უკავშირდება იმ შემთხვევებში, როცა პაციენტი საქართველოშია, მაგრამ საქართველოს მოქალაქე არ არის.

ამ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს სახალხო დამცველმა 2022 წლის ოქტომბერში მიმართ და მისი დაჩქარებული წესით განხილვა ითხოვა.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომის შემდეგ გადაწყვიტა, რომ სარჩელი არსებითად არ განიხილოს. განსხვავებული მოსაზრება ორმა მოსამართლემ დააფიქსირა.

სახალხო დამცველი სარჩელში კონკრეტულ მოქალაქეებზე საუბრობს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები არ არიან, მათ შორისაა, მაგალითად, პალესტინის მოქალაქე, რომელიც საქართველოში თავშესაფრის მიღებას ითხოვდა.

„..სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ მას სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების პერიოდში, C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო გამოკვლევების სრული სპექტრის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ მსჯავრდებული დაავადებული იყო C ჰეპატიტის ვირუსით. მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულს ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევების სრული სპექტრი, არ განხორციელებულა მისი პროგრამით გათვალისწინებულ შემდგომ ეტაპზე მკურნალობის კომპონენტში ჩართვა,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ სარჩელში.

სარჩელის მიხედვით, C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა საქართველოში კომპანია „გილიადის“ მხარდაჭერით ხორციელდება, რაც გულისხმობს C ჰეპატიტის სამკურნალოდ ახალი თაობის მედიკამენტების უსასყიდლოდ გადმოცემას. საქართველოს მთავრობასა და კომპანია „გილიადს“ შორის გაფორმებული მემორანდუმისა და მედიკამენტების ღირებულების გათვალისწინებით, პროგრამის განხორციელების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს მედიკამენტის უსაფრთხოება, მათ შორის, მისი საზღვრებს გარეთ გატანა.

დავის საგანი საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილება გახდა „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, რომლის მიხედვითაც პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა გამორიცხავს პროგრამით სარგებლობიდან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებს, საქართველოში შრომითი ბინადრობის უფლების მქონე უცხოელებს, ლტოლვილის სტატუსის, ჰუმანიტარული სტატუსის და დროებითი დაცვის სტატუსის მქონე პირებს, რაც დისკრიმინაციულ მოპყრობას განაპირობებს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით „დაცული თანასწორობის უფლების შეზღუდვას ადგილი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა…

მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პირები არ არიან სრულად მოკლებული შესაძლებლობას, ისარგებლონ C ჰეპატიტის პროგრამით და მათი, ისევე, როგორც პროგრამის სხვა ბენეფიციარების პროგრამაში მონაწილეობის ფარგლები, განსაზღვრულია „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტით. შესაბამისად, იმის განსაზღვრა, თუ რომელ პირთა კატეგორია ხვდება C ჰეპატიტის პროგრამით სარგებლობის მიღმა, შესაძლებელია, მხოლოდ მოსარჩელის მიერ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის სადავოდ ქცევის პირობებში. ამგვარად, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი დამოუკიდებლად არ წარმოადგენს ისეთ ნორმას, რომელიც იწვევს მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ პირთა დიფერენცირებას,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

ამ საქმეზე განსხვავებული მოსაზრება ორმა მოსამართლემ დააფიქსირა: ირინე იმერლიშვილმა და თეიმურაზ ტუღუშმა.

„…განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარემ სადავოდ გახადა სწორედ ის ნორმა, რომელიც ადგენს განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებისათვის, კერძოდ, მათ ანიჭებს C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უფლებას იმისდა მიუხედავად, ამავდროულად, განეკუთვნებიან თუ არა 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ-ზ“ ქვეპუნქტებში მითითებულ რომელიმე სხვა კატეგორიას. ამგვარი უფლება კი, არ გააჩნია მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ პირთა ჯგუფს.

განსხვავებული აზრის ავტორთა პოზიციით, მოსარჩელე მხარის მიერ ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა არის სწორედ იმ უფლებააღმჭურველი სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობა, რომელიც უთანასწორო რეჟიმის საფუძველია. ამასთან, გამოკვეთილია აშკარა შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს შორის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად უნდა მიეღო №1684 კონსტიტუციური სარჩელი და არსებითი განხილვის ფორმატში შეეფასებინა სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით,“ – ვკითხულობთ მოსამართლეები განსხვავებულ მოსაზრებაში.

Exit mobile version