მთავარი,სიახლეები

მოსახლეობა ისევ „ორბის“ წინააღმდეგ – აქცია ბათუმში

31.05.2023
მოსახლეობა ისევ „ორბის“ წინააღმდეგ – აქცია ბათუმში

დღეს, 31 მაისს, ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე აქცია გაიმართა.

აქ მცხოვრები მოსახლეობა სამშენებლო კომპანია „ორბის“ წინააღმდეგ გამოვიდა აქციაზე. მოსახლეობის თქმით, „ორბი“ კვლავ პროექტის დარღვევით აგრძელებს მშენებლობას, ითხოვდნენ შეხვედრას კომპანიის წარმომადგენელთან და ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ჩართულობას.

ხიმშიაშვილის 15-ში „ორბი“ მრავალფუნქციურ სასტუმრო კომპლექსს აშენებს, რომელიც რამდენიმე კორპუსისგან შედგება. საკუთარი ცათამბჯენების გვერდით, როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ, „ორბი“ გამაერთიანებელ სივრცეს, როგორც პროექტშია მითითებული, ეგრეთ წოდებულ „ფრთებს“ აშენებს.

2022 წლის ზაფხულში მოსახლეობამ აქ გააპროტესტა დაგეგმილი პროექტის ე.წ. „ფრთები“, რადგან მიშენება მოსახლეობას უფარავდა ფანჯრებს, შესაბამისად – მზის შუქს.

მაშინ მოსახლეობამ სასამართლოსაც მიმართა, თუმცა სასამართლომ მშენებლობა არ შეაჩერა და ჯერ არც საქმის განხილვა დაუწყია. ბათუმის მერიამ კომპანია დაავალდებულა მოენგრია მიშენება და შეეცვალა პროექტის პარამეტრები, თუმცა როგორც ახლა მოსახლეობა აცხადებს, „ორბი“ ისევ დარღვევებით აშენებს.

მოსახლეობა „ორბის“ წინააღმდეგ. აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/ცაგო კახაბერიძე

მოსახლეობა „ორბის“ წინააღმდეგ. აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/ცაგო კახაბერიძე

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მოსახლეობა ასახელებს იმასაც, რომ „ორბის“ მშენებლობამ, შესაძლოა, მათ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩიდან საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან მისასვლელი დაუბლოკოს.

„აშენებული რაც ჰქონდათ, ვითომ მოშალეს, თვალსაჩინოებისთვის დაანგრიეს. ახლა აღმოჩნდა, რომ განახლებულ მშენებლობაზე ისევ დარღვევებია… დავურეკეთ მაჟორიტარს და „მე როგორც ვიცი დაანგრიეს და რა ვქნა, ტრანსპარანტებით დავდგეო?!“ – ასე მიპასუხა. ახლა რომ აქვთ პროექტი, რატომ ვერ ეტევიან?! ვნახოთ, რას იტყვის მერი“ – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მოსახლეობა ასევე ითხოვს მშენებლობაზე საინფორმაციო დაფის განთავსებას, რაც კანონის მოთხოვნაა, თუმცა მსგავსი დაფა სამშენებლო კომპანიას არ აქვს გამოკრული. ასეთ საინფორმაციო დაფაზე, კანონის თანახმად, უნდა იყოს მითითებული პროექტის პარამეტრები, მისი მასშტაბები, სამშენებლო ნებართვა და ა.შ.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და მუნიციპალური ინსპექცია.

აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოსახლეობას საკითხის შესწავლას დაჰპირდა. თავის მხრივ, ხვალ მოსახლეობა გეგმავს ბათუმის მერთან შეხვედრას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: