მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ ვუმკურნალოთ შაკიკს ბოტოქსით – ექიმის რჩევები

29.05.2023 • 1482
როგორ ვუმკურნალოთ შაკიკს ბოტოქსით – ექიმის რჩევები

ქრონიკული შაკიკი მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობაა. პათოლოგია ხასიათდება თავის ტკივილის მწვავე, ეპიზოდური, პერიოდული, პულსირებადი პაროქსიზმული შეტევებით, რაც ასოცირებულია ღებინებასთან, ფონო და ფოტოფობიასთან [ხმისა და სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა], ძილის ძლიერ მოთხოვნილებასთან. შაკიკი იწვევს შრომის უნარის დაქვეითებას და დასახელებულია უუნარობის მეორე წამყვან მიზეზად მსოფლიოში.

ტიპური შაკიკის შეტევები გრძელდება 4-72 საათის განმავლობაში.

შაკიკის მკურნალობა ძირითადად მოიცავს არაფარმაკოლოგიურ და ფარმაკოლოგიურ თერაპიას. პირველია – ტრიგერული [მაპროვოცირებელი] ფაქტორების ელიმინაცია, თავიდან არიდება და  რელაქსაციური  ტექნიკა; ფარმაკოლოგიური თერაპიის დროს კი გამოიყენება შაკიკისთვის სპეციფიკური და არასპეციფიკური მედიკამენტები. 

თუმცა ქრონიკული შაკიკის მქონე პაციენტებისთვის, რომლებზეც მკურნალობის ტრადიციული მეთოდები არ არის ეფექტური, არსებობს მკურნალობის შედარებით ინოვაციური მეთოდი ბოტულინოტოქსინის ინექციებით. ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის [2016] მიხედვით, შაკიკის მკურნალობისას „მოზრდილ პაციენტებში კარგადაა შესწავლილი ფრონტალურ და კისრის უკანა კუნთებში ბოტულინის ტოქსინის ინექციების ეფექტურობა. მკურნალობის ეს მეთოდი გვერდითი ეფექტების სიმცირით გამოირჩევა, თუმცა პედიატრიულ პოპულაციაში მისი გამოყენება არასასურველად მიიჩნევა თავის ტკივილის დროს“.

აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ბოტოქსი ქრონიკული შაკიკის პროფილაქტიკური მკურნალობისთვის 2010 წელს დაამტკიცა.

ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი, ინფექციონისტი სვეტლანა გეგეჭკორი ერთ-ერთი ლიცენზირებული სპეციალისტია, ვინც ბათუმში შაკიკის სამკურნალოდ ბოტულინოთერაპიას ატარებს. სპეციალისტი განმარტავს, რომ ბოტულინოთერაპიას შაკიკის მქონე პაციენტებისთვის ექიმი-ნევროლოგი ნიშნავს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ  ზუსტი ანამნეზის შედგენა შეეძლოს ინექციონისტსაც, ვინაიდან ინექციის გაკეთების წერტილები და შესაბამისი დოზა დიდწილად არის დამოკიდებული დაავადების მიმდინარეობის სპეციფიკაზე.

„ყოფილა შემთხვევები, როცა კლასიკური ბოტულინოთერაპიის შემდეგ, პლასტიკური ერთეულებით – ეს არის შუბლის არე, თვალების მიდამო, შეამჩნია ზოგიერთმა პაციენტმა თავის ტკივილი მოეხსნა.

შაკიკის დროს ბოტულინოთერაპიას აქვს თავისი ადგილები/ზონები. ასეთი ზონა არის კისრის უკანა კუნთები, კერძოდ, კისრის ტრაპეციული კუნთი და ბოტულინოთერაპის კლასიკური წერტილები სახის მიდამოში – ეს არის შუბლი და წარბებს შორის ზონა. ვაგროვებთ ანამნეზსა და სიმპტომატიკას და ამის მიხედვით ვარჩევთ ზონებსა და დოზებს.

კლასიკურად მოცემულია, რომ ინექცია შეიძლება გაკეთდეს 31-დან 39 წერტილში, ეს წერტილები დადგენილია ნევროლოგიის ინსტიტუტის მიერ; დოზირების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად ტკივილის ხასიათის მიხედვით“ – ამბობს სვეტლანა გეგეჭკორი.

ექიმის განმარტებით, შაკიკი მორეციდივე დაავადებაა,  ბოტულინოთერაპიის შედეგად კი შეტევიდან შეტევამდე გაცილებით უფრო ხანგრძლივი გამოჯანმრთელების ეპიზოდები მიიღწევა, ვიდრე მედიკამენტური მკურნალობისას.

„ბოტოქსის ეს თვისება სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს, შუბლის მიდამოში, პლასტიკური ბოტოქსის გაკეთების დროს, როცა პაციენტს თავის ტკივილი მოეხსნა. საქმე ის არის, რომ შაკიკის დროს კუნთები არის სპაზმირებული, ბოტულინოთერაპია ხსნის კუნთების სპაზმს და კუნთიდან ნერვულ ბოჭკოებზე ტკივილის გადაცემა წყდება, ეს თავისთავად იწვევს ტკივილის მოხსნას“ – ამბობს ექიმი.

პროცედურის შედეგი შეიძლება გაგრძელდეს მინიმუმ სამი-ოთხი თვის განმავლობაში, შედეგი ინდივიდუალურია. ექიმის თქმით, იყო შემთხვევები, როცა პაციენტს შვიდი თვე არ ჰქონია ტკივილი.

ბოტულინოთერაპია არ გამოიყენება, თუ პაციენტს აქვს მიასთენია, ანუ ნერვ-კუნთოვანი დაავადება და აღენიშნება ახლომხედველობა, ასევე, ბოტულინოთერაპია არ გამოიყენება მწვავე ინფექციური დაავადებების დროს, ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში.

პროცედურის საწყისი ფასი დაახლოებით 400 ლარია.

სვეტლანა გეგეჭკორის განმარტებით, ბოტულინოთერაპიას გართულება არ ახასიათებს, მაგრამ შესაძლოა ახლდეს გვერდითი მოვლენა ფტოზის – წარბის დაწევის სახით, რისი აღდგენაც ხდება სპეციალისტის ჩართულობით.

„მართალია, ეს გვერდითი მოვლენა სწორდება, გადადის, მაგრამ სანამ გადავა, დისკომფორტი არის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პროცედურა ჩაატაროს სპეციალურად გადამზადებულმა სპეციალისტმა“ – ამბობს სვეტლანა გეგეჭკორი.

საქართველოში შაკიკის გავრცელების ზუსტი მონაცემები არ არსებობს, რაც ნაწილობრივ სპეციალისტთან დაბალი მიმართვიანობითაც არის გამოწვეული. თუმცა საერთაშორისო სტატისტიკის თანახმად, შაკიკი აწუხებს მოსახლეობის 12%-ს. ცნობილია, რომ პათოლოგია უფრო ხშირია ქალებში – ყოველწლიურად უტევს ქალების 17%-ს და მამაკაცების 6%-ს. ბავშვებს შორის კი შაკიკი უფრო ხშირად გვხვდება გოგოებში, ვიდრე – ბიჭებში.

________________________________

ამავე თემაზე:

როგორ ვმართოთ შაკიკი, თავის ქრონიკული ტკივილი – ექიმის რჩევები

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: