ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

„სიყვარული მძიმეა“ – ბულვარს უარი უთხრეს 25 ათასის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე 

11.11.2022 • 1825
„სიყვარული მძიმეა“ – ბულვარს უარი უთხრეს 25 ათასის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე 

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ქანდაკების – „სიყვარული მძიმეა“ დამზადება-მონტაჟისთვის 25 ათასი ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თანხმობა არ მისცა.

სააგენტოს ბულვარმა 2022 წლის 2 ნოემბერს მიმართა და ტენდერის გარეშე გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძვლით მოითხოვა. ქანდაკების ესკიზის ავტორი გელა წულაძეა.

სააგენტომ ბულვარს 2022 წლის 4 ნოემბერს მოსთხოვა – დაეზუსტებინა წარმოდგენილი ინფორმაცია.

„ბულვარის ადმინისტრაციის დაზუსტება არასრულყოფილია და, შესაბამისად, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მომართვაში დასმულ საკითხზე“, – აღნიშნულია სააგენტოს დირექტორის განკარგულებაში.

ამავე განკარგულებაში ასევე აღნიშნულია: „განუხილველი დარჩეს სსიპ „ბათუმის ბულვარის“ მომართვა გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის შესახებ.“

რას აპირებს ბულვარი?

ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ლაშა მიქელაძეს, 2022 წლის 2 ნოემბერს გამოცემული აქვს ბრძანება, რომლის მიხედვითაც:

  • ბულვარის ფინანსებისა და შესყიდვების სამსახურს დაევალა, შესყიდვის „გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება 25 000 ლარის ფარგლებში შეათანხმოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან და უზრუნველყოს შესყიდვებისთვის აუცილებელი სხვა პროცედურების განხორციელება“;
  • იმავე სამსახურს ასევე დაევალა „ზემოაღნიშნული თანხმობის მიღების შემდგომ განახორციელოს ქანდაკება – „სიყვარული ძნელიას“ დამზადება-მონტაჟისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

გელა წულაძემ ბულვარს შესთავაზა ესკიზი ქანდაკების, რომელსაც ჰქვია „სიყვარული მძიმეა“; ბულვარის ადმინისტრაციაც შესყიდვების სააგენტოდან ითხოვდა თანხმობას ქანდაკების – „სიყვარული მძიმეა“ მონტაჟზე, გამარტივებული წესით;

ლაშა მიქელაძის ბრძანებაში კი, „სიყვარული“ ხან „ძნელია“, ხან „მძიმეა“:

ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა მიქელაძის, 2022 წლის 2 ნოემბერს გამოცემული ბრძანებიდან

საბოლოოდ, ბულვარისთვის „ძნელი“ აღმოჩნდა შესყიდვების სააგენტოდან მიეღო თანხმობა გამარტივებულ შესყიდვაზე.

ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ საკითხზე მიდის მსჯელობა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, რა გზით წავლენ – კონკურსის თუ ტენდერის, ჯერ მიღებული არ არის.

„ესკიზს, რომელიც უკვე არსებობს, აქვს ექსკლუზიური საავტორო უფლება, ჩვენ სწორედ ამიტომ მივმართეთ პირდაპირ შესყიდვაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, [ქანდაკების] დადგმაზე ეს არ იყო საკმარისი. ახლა ვმსჯელობთ, წავალთ კონკურსის თუ ტენდერის კუთხით. ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ეს გადადის უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში. ახლა თანხმობა რომ ყოფილიყო, ქანდაკების დადგმა წელს ესწრებოდა“, – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

 

მთავარი ფოტო: „სიყვარული მძიმეა“ / ფოტომონტაჟი / გელა წულაძის ესკიზიდან

 

გელა წულაძის მიერ ბულვარის ადმინისტრაციაში გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სკულპტურის დადგმა სასურველია „ბულვარის შიდა ხეივანში, კერძოდ, ნინოშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე ერთ-ერთ მწვანე სივრცეში“.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/445823/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: