მთავარი,სიახლეები

83 წლის მასწავლებელი ქედიდან – 45 წლის ვიყავი, როცა ინსტიტუტში ჩავაბარე

31.05.2023 •
83 წლის მასწავლებელი ქედიდან – 45 წლის ვიყავი, როცა ინსტიტუტში ჩავაბარე

დღეს 83 წლის ნაზი დიასამიძეზე გიყვებით, ქედის სოფელ მერისიდან, რომელიც 61 წლის განმავლობაში სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად. ნაზისთან საუბარი იმით დავიწყეთ, რამდენად იზიარებს თანამედროვე მასწავლებლის ხედვას, რომ „ბავშვებს დღეს დიდი უფლებები აქვთ და მასწავლებლებს ჩაგრავენ“.

„ბავშვებს საკუთარი უფლებები აქვთ და უნდა იცოდნენ ეს ყველაფერი. მე რამდენჯერ წამიკითხავს მოსწავლეებისთვის, რომ თქვენ ეს უფლებები გაქვთ და უნდა დაიცვათ-მეთქი. პედაგოგს რა უფლებები აქვს, ესეც უნდა იცოდნენ.

თქმაც არ სჭირდება, რომ დღეს მოსწავლეებმა უფრო მეტი იციან მათი უფლებების შესახებ, ვიდრე საბჭოთა სკოლებში“, – გვითხრა მასწავლებელმა, რომელიც მიიჩნევს, რომ დღესაც შეძლებს გაკვეთილის ჩატარებას, მაგრამ მუდმივ სიახლეებთან სწრაფი ადაპტირება გაუჭირდა, ჯანმრთელობამ ხელი აღარ შეუწყო.

ნაზი 80 წლის მასწავლებლობისას გახდა. ის ბოლო 3 წელია, რაც აღარ ასწავლის.

ნაზი დიასამიძე ძირითადად დაწყებითი კლასის მასწავლებელი იყო. ჯერ „ლენინის სახელობის პედსასწავლებელი“ დაამთავრა, 45 წლის ასაკში კი ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩაირიცხა დაწყებითის ფაკულტეტზე.

იხსენებს, რომ ამ გადაწყვეტილებაში განსაკუთრებით უჭერდა მხარს მეუღლე და სწავლის დასაწყებად საჭირო საბუთებიც თვითონ შეუგროვა.

ნაზი პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩაბარებას პედსასწავლებლის დასრულებისთანავე აპირებდა, თუმცა ისე გამოვიდა, რომ დაქორწინდა და სწავლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

3 შვილი მყავდა, ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში რომ დავიწყე სწავლაო – გვიყვება. 

„შვილებს ვასწავლე, თბილისში მყავდა გაგზავნილები, ყველას დავამთავრებინე სწავლა და მერე დავიწყე მე. იცინოდნენ ჩემი შვილები ამაზე.

ძალიან საინტერესო იყო 45 წლის ასაკში ინსტიტუტში სწავლა. გონებას ივითარებ, უფრო ფართოდ იხედები. კარგად ვსწავლობდი ინსტიტუტში“, – იხსენებს 83 წლის ქალი.

მისი თქმით, ძალიან რთულია მასწავლებლობა და თუ ვერ ახერხებ მოსწავლეებს ემეგობრო, მათთან საერთო ენა გამონახო, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება სათანადო ცოდნა მისცე მათ.

„მასწავლებელი ისეთი ადამიანი უნდა იყო, რომ არ უნდა მოდუნდე, როგორც არ უნდა უჭირდეს ბავშვს სწავლა. ყველა მხრივ უნდა მივუდგეთ. კი არ უნდა დავტუქსოთ: როგორ არ იცი ეს! რატომ არ ისწავლე! სახლში რატომ არ იმეცადინე! თუ არ იცის, არ უნდა მოვყვეთ ჩხუბს, სხვა მხრივ უნდა მივუდგეთ. ისე, რომ ბავშვს სკოლაში სიარული უხაროდეს.

მოსწავლეს თუ ერთხელ დავტუქსავთ, მეორედ უკვე აღარ უყვარს სკოლა და მოსვლაც შეეზარება გაკვეთილზე, სკოლაში. ერთი პედაგოგი იყო ჩემ გვერდით, ვინ იცის, მოსწავლეები რამდენჯერ გაექცნენ სკოლიდან. მიდგომა უნდა იცოდე ბავშვთან. ეს თუ არ იცი, რთულია. პედაგოგობა ძალიან რთული საქმეა“, – გვითხრა ნაზი დიასამიძემ.

ის ამბობს, რომ ძალიან ენატრება მოსწავლეებთან ურთიერთობა, ვისთან ერთადაც ცხოვრების ნახევარზე მეტი გალია.

„მე მიყვარდა პატარები, მათაც ვუყვარდი. გაკვეთილის დაწყებამდე ყოველთვის გვქონდა „მეგობრული წუთები“. პირველ 5 წუთში ერთმანეთის მცირე ამბებს ვიზიარებდით, ვიცინოდით. 5 წუთი საკმარისი იყო, რომ მოსწავლეები გამხიარულებულიყვნენ და შემდეგ ვიწყებდი გაკვეთილს, ჩვეულებრივად. მოსწავლეები გამოცოცხლებული იყვნენ და ყველა ყურადღებით მისმენდა“, – გვეუბნება მასწავლებელი.

ამბობს, რომ მისი მოსწავლეები ყოველთვის აღწევდნენ გარკვეულ წარმატებას, მაგრამ არც ერთხელ გაჩერებულა და მუდმივად ცდილობდა, მოსწავლეებისთვის რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიეცა.

ნაზი დიასამიძე მოსწავლეებთან ერთად. ფოტო/საოჯახო ალბომიდან

ნაზი დიასამიძეს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სკოლების შესადარებლად ვკითხეთ, მისი აზრით, რას ნიშნავს, როცა საბჭოთა სკოლის მასწავლეებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ მასწავლებლები ჩვეულებრივ ადამიანები იყვნენ, რომლებიც ჭამდნენ, ეძინათ…  მასწავლებლის აზრით, ეს მიუთითებს არა მოსწავლეების თავაზიანობაზე, არამედ იმაზე, რომ საბჭოთა ბავშვები განვითარებას მოკლებული და რაღაც ჩარჩოებს იყვნენ მორგებულნი.

83 წლის ქალი მიიჩნევს, რომ ტექნიკის განვითარებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა მოსწავლეების განვითარებაზე. მათი აზროვნებაც სრულიად თავისუფალია ახლა.

ნაზი დიასამიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა სკოლებში ერთადერთი სწავლის საშუალება წიგნი იყო, ბევრი ახერხებდა უმაღლეს სასწავლებლებში დამატებითი მომზადების გარეშეც ჩაებარებინა. კატეგორიულად არ მოსწონს დღევანდელი ტენდენცია, რომ აბიტურიენტები, ძირითადად რეპეტიტორებთან დადიან უნივერსიტეტის მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად.

„მეც არ ვიცი, რატომ ხდება ასე, ვერ წარმომიდგენია… ალბათ, იმდენს ვერ აძლევს სკოლა, რაც საჭიროა. პედაგოგების მხრიდან მეტი ყურადღება, მოთხოვნაა საჭირო.

ამდენ ხელფასებს რომ უმატებენ, ეს ჩვენს დროს არ იყო. არც ერთხელ არ მქონია დიდი ხელფასი, მაგრამ სკოლას ვაკვდებოდი, რათა ბავშვებს ცოდნა მიეღოთ“, – ამბობს ნაზი.

ნაზი ახლა დროს ძირითადად სახლში, წიგნების კითხვაში ატარებს. სიცილით ამბობს, რომ ბათუმის თუ ქედის ბიბლიოთეკებში არსებული წიგნების ნახევარი მაინც ექნება წაკითხული, იმდენად უყვარს კითხვა.

ხანდახან ეზოში სეირნობს და თუ ოჯახის სხვა წევრები სახლში არ არიან, სადილსაც ამზადებს.

„ჩვენ 10 დედმამიშვილი ვიყავით, აქედან მხოლოდ მე დავრჩი“, – გვითხრა ნაზიმ. ნაზი სოფელ ახალშენში გაიზარდა და ყოველ ჯერზე სტუმრობდა ბავშვობის სახლს, როცა ბათუმში მოხვდებოდა. ახლა აღარ იცის, ამას რამდენად მოახერხებს, შეუწყობს ხელს ჯანმრთელობა თუ არა.

საუბრის ბოლოს, ნაზი დიასამიძემ გვითხრა, რომ საქართველოს მომავალს ევროპაში ხედავს და ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. თუმცა ტელევიზორში რასაც უყურებს, იმის მიხედვით ფიქრობს, რომ საფრთხე ემუქრება ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვანი სტატუსის მიღებას. ნაზის სურს, რომ ყველამ გაერთიანდეს, რათა საქართველომ ევროპისკენ მიმავალ გზას არ გადაუხვიოს.

___

ფოტო – ნაზი დიასამიძის საოჯახო ალბომიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: