მთავარი,სიახლეები

მთავრობამ 20 მილიონ ლარზე მეტი ვერ დახარჯა – ბიუჯეტის შესრულება I კვარტალში

30.05.2023 • 933
მთავრობამ 20 მილიონ ლარზე მეტი ვერ დახარჯა – ბიუჯეტის შესრულება I კვარტალში

2023 წლის პირველ კვარტალში, დაზუსტებული გეგმის მიხედვით, აჭარის მთავრობა შემოსავლების სახით 100 მილიონი ლარის ამოღებას გეგმავდა, შესრულებამ 19 მილიონით მეტი შეადგინა,  შემოსულობები ისევ გადაჭარბებით შესრულდა, რასაც ვერ ვიტყვით ხარჯვით ნაწილზე.

ამ შემთხვევაშიც, როგორც ხშირად, ათვისების პრობლემა გვაქვს. ეს უმეტესწილად იმას ნიშნავს, რომ საქმე შეფერხდა. შეფერხების პროცესი, შედეგის დაგვიანებას ან საერთოდ ვერ შესრულებას, შესაბამისად დიდი ოდენობით ნაშთის დაგროვებას იწვევს.

2023 წლის ბიუჯეტის სამი თვის გადასახდელების გეგმა 77 მილიონ 938 600 ლარია, ხოლო ფაქტობრივი დაფინანსება 57 მილიონ 578 900 ლარია. სხვაობა 20 მილიონ ლარზე მეტია.

ანგარიშში, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უმაღლეს საბჭოს წარუდგინა, ბევრ შემთხვევაში დაზუსტებული არ არის, რატომ ვერ შესრულდა ბიუჯეტი გადასახდელების ნაწილში და ინფორმაცია მხოლოდ ზოგადად არის მიმოხილული. სამაგიეროდ, სამინისტრომ თითო აბზაცი დაუთმო თითოეული იმ პროექტის აღწერას, რომელიც გეგმის შესაბამისად შესრულდა ან სრულდება.

სხვათა შორის, იგივე პრინციპით არის შედგენილი 2022 წლის ბიუჯეტის ანგარიშიც.

2023 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის ანგარიშში სამინისტრო წერს, რომ  მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებსა და პროგრამულ ღონისძიებებზე, პირველ კვარტალში, 13 მილიონ 410 200 ლარი უნდა დაეხარჯა, ფაქტობრივი დაფინანსება კი 11 მილიონ 829 100 ლარია, რაც გეგმის 88,2 პროცენტია.

სამინისტრო ანგარიშში არ აკონკრეტებს, რას და რატომ მორჩა 2 მილიონი ლარი. არადა ანგარიში იმისთვის კეთდება, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ კარგად დაინახოს, სად აქვს მთავრობას გამოწვევები.

პირველი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მასთან არსებული ორგანიზაციებისა და პროგრამული ღონისძიებებისთვის, 2023 წლის სამ თვეში, რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 22 მილიონ 108 500 ლარი. ფაქტობრივმა დაფინანსებამ შეადგინა 16 მილიონ 809 300 ლარი. ეს გეგმის 76,0 პროცენტია.

სამინისტრო ანგარიშში ერთ-ერთ დაფინანსებასთან დაკავშირებით წერს:

„განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით გამოეყო 5,0 ათასი ლარი განათლებისა და კულტურის სფეროში მოღვაწის ღვაწლის დაფასების მიზნით“, – თუმცა ვინ არის ეს მოღვაწე ანგარიშში არ წერია.

სამინისტრო არც ამ შემთხვევაში აკონკრეტებს რა და რატომ ვერ შესრულდა. მეტ-ნაკლებად იგივე მდგომარეობაა სხვა უწყებებში. ანგარიშის მიხედვით გადასახდელების ნაწილში ბიუჯეტი ძირითადად ვერ შესრულდა, თუმცა რატომ – ამაზე პასუხები არ არის.

ხარჯვით ნაწილში შეუსრულებლობის შესაბამისად დიდი ოდენობით ნაშთის დაგროვებაზე სახელმწიფო აუდიტი 2022 წლის ბიუჯეტის ანგარიშის შეფასებაშიც წერდა.

აუდიტმა სამინისტროს ანგარიშის შეფასება გამოაქვეყნა. აუდიტის შეფასებით, გასულ წელს აჭარის ბიუჯეტში თვეების მიხედვით შემოსულობების მაჩვენებლები ძირითადად აღემატებოდა გადასახდელების მაჩვენებლებს, რაც განაპირობებს ნაშთის დაგროვებას.

აუდიტის შეფასებით, შემოსულობებისა და გადასახდელების შესრულების ამ ტენდენციების გათვალისწინებით, წლის განმავლობაში რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული ნაშთი 44  მილიონ 888 500 ლარით გაიზარდა და 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 45 მილიონ 706 200 ლარი შეადგინა.

შესაბამისად, გასული წელი სამინისტრომ 45-მილიონიანი ნაშთით დაასრულა.

შემოსულობების ნაწილს რომ დავუბრუნდეთ, პირველ კვარტალში სხვა შემოსავლების გეგმა 2 მილიონ 823 700 ლარით განსაზღვრეს, ხოლო შესრულებამ 2 მილიონით მეტი 4 მილიონ 980,4 ათასი ლარი, ანუ გეგმის 176,4 პროცენტი შეადგინა.

სხვა შემოსავლებში დიდი წილი პროცენტებიდან შემოსულ სარგებელზე მოდის. ეს სახაზინო ანგარიშზე არსებულ ნაშთზე სარგებლის სახით დარიცხული თანხაა. 2023 წლის პირველ კვარტალში ამ სარგებლის სახით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 1 მილიონ 500 000 ლარის ამოღებას გეგმავდა, თუმცა მილიონით მეტი,  2 688.6 ათასი ლარი, ანუ გეგმის 179,2 პროცენტი.

  • არაფინანსური აქტივები – აუქციონები ჩაიშალა

გეგმის მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში აჭარის მთავრობა 7 მილიონ 300 000 ლარის ღირებულების ქონების გაყიდვას გეგმავდა, თუმცა შესრულებამ 1 მილიონ  987 300 ლარი შეაგინა, ანუ გეგმის 27,2 პროცენტი.

სამინისტროს განმარტებით, საანგარიშო პერიოდში ნაწილობრივ მოხერხდა რიგი ქონების პრივატიზება, განსაკარგად გათვალისწინებული ქონების პრივატიზების მიზნით გამოცხადდა აუქციონები, მათ შორის რიგ ქონებაზე არაერთგზის, რომლებიც არ შედგა განაცხადების შემოუსვლელობის გამო.

საანგარიშო პერიოდში ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 261,1 ათასი ლარი, ხოლო არაწარმოებული აქტივების (მიწის) გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა 1 726,2 ათასი ლარი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: