ნეტგაზეთი • RU

ივლისიდან ტყვიის შემცველი საღებავების გაყიდვა იკრძალება, მას მხოლოდ ძეგლებზე გამოიყენებენ

2023 წლის პირველი ივლისიდან საქართველოში იკრძალება იმ ლაქ-საღებავების შემოტანა-რეალიზაცია, რომლებშიც ტყვიის შემცველობა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს აჭარბებს.

ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებიდან ერთი თვით ადრე კი, საქართველოს მთავრობამ მიიღო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციისთვის ისეთი საღებავების მიწოდება, რომლებშიც ტყვიის შემცველობა დაშვებულ ნორმაზე მეტია, თუმცა იკრძალება მისი ბაზარზე განთავსება სარეალიზაციოდ.

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციის მიზნით, აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად, აუცილებლობის შემთხვევაში, დასაშვებია ზღვრული ნორმის დარღვევით ტყვიაშემცველი ლაქ-საღებავების მიწოდება, მხოლოდ ამ პუნქტით განსაზღვრულ კონკრეტულ ობიექტში გამოყენების მიზნით.

ასეთ შემთხვევაში, პროდუქტის ეტიკეტზე  დატანილი უნდა იყოს გამაფრთხილებელი ფრაზა: „ფრთხილად! შეიცავს ტყვიას!“ ამ პუნქტით გათვალისწინებული ლაქ-საღებავი არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის ან/და განთავსებული სარეალიზაციოდ“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 მაისის დადგენილებაში.

აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებამდე ძეგლების რესტავრაციის მიზნით დაშვებული იყო „ზღვრული ნორმის დარღვევით ტყვიაშემცველი ლაქ-საღებავების ბაზარზე განთავსებაც შესაბამისი შემცვლელების არ ქონის ან/და გადაუდებელი აუცილებლობის დასაბუთებით“.  

ახალი დადგენილებით:

  • ლაქ-საღებავის ეტიკეტზე, რომელიც აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დატანილი უნდა იყოს ფრაზა: „პროდუქტში ტყვიის შემცველობა არ აღემატება 90 ppm-ს (0.009%)“. აღნიშნული ფრაზა დატანილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე (იმპორტირებული ლაქ-საღებავების შემთხვევაში, იმპორტის შემდეგ, ლაქ-საღებავის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობამდე)“;
  • მწარმოებელი ვალდებულია ლაქ-საღებავის შეფუთვაზე მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია მწარმოებელთან დაკავშირება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
  • იმპორტიორი ვალდებულია ლაქ-საღებავის იმპორტის შემდეგ, ბაზარზე განთავსებამდე, ლაქ-საღებავის შეფუთვაზე მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია იმპორტიორთან დაკავშირება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.“.

 

ახლებურად ჩამოყალიბდა რეგლამენტის მე-4 მუხლი, რომლის სანახავად დააწკაპუნეთ აქ
„ტექნიკური რეგლამენტის − ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 აპრილის დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4

1. სსიპ − შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკების მართვის სისტემაზე დაყრდნობით, შეაჩეროს პროდუქტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს, საქართველოს  კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. ამავე მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიმართოს საქონლის შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეაჩეროს პროდუქტი ამ მუხლით გათვალისწინებული, პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება.

2. სააგენტო უფლებამოსილია, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობა, შემოსავლების სამსახურისგან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, მისი შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდის მიზნით.

4. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა, სააგენტო პროდუქტის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას ადგენს პროდუქტის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შესაბამისი საექსპერტო დასკვნის სააგენტოში წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში დადგინდება, რომ პროდუქტი არ შეესაბამება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ან/და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, შემოსავლების სამსახური ვალდებულია არ დაუშვას ასეთი პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება.

6. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა, საქონლის მიმართ, საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით, ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები, საქონლის მფლობელის/იმპორტიორის ხარჯით.“;


საქართველოში ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე ნორმას ათჯერ აღემატება, რასაც გაეროს კვლევაც ადასტურებს.

ცნობილია ისიც, რომ ტყვიის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი [85%] დაფიქსირდა აჭარაში მცხოვრებ ბავშვებს შორის.

რატომ არის ტყვიის მაჩვენებელი მაღალი  საქართველოში, ჯერ კიდევ  სწავლობენ. თუმცა ცნობილია, რომ ბავშვების ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის მიზეზად, სავარაუდოდ, არსებობს ტყვიის ექსპოზიციის ერთდროულად რამდენიმე წყარო.

ამ თემაზე:

ტყვია ნეგატიურად აისახება ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზეც – ჯანმოს ექსპერტი

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com