მთავარი,სიახლეები

რა სტერეოტიპებს ებრძვიან გოგონები წალკიდან – Video

01.06.2023 • 1688
რა სტერეოტიპებს ებრძვიან გოგონები წალკიდან – Video

თითქმის ყოველ დღე 25 გოგონა ფეხბურთის სათამაშოდ იკრიბება წალკის ცენტრალურ მოედანზე. დღეს მათზე გიყვებით, გოგონების საფეხბურთო კლუბ „ეძანზე“.

კლუბი 2021 წელს ოფიციალურად დარეგისტრირდა, თუმცა მისი ჩამოყალიბების იდეა კლუბის დამფუძნებლებსა და ამავდროულად მწვრთნელებს, გივი ფუტკარაძესა და ალექსანდრე შავაძეს ერთი წლით ადრე გაუჩნდათ.

გივი და ალექსანდრე სპორტსკოლაში მუშაობდნენ ერთად, როცა წალკის შიდა ტურნირი ჩაატარეს ფეხბურთში. ტურნირზე გოგონებიც აქტიურობდნენ და სწორედ მაშინ გაუჩნდათ იდეა,  გოგონათა საფეხბურთო კლუბი ჩამოეყალიბებინათ.

მწვრთნელები: გივი და ალექსანდრე. ფოტო: Facebook

„2020-ში დაიწყო ეს ყველაფერ, ჩვენიი გერბიც გამოხატავს ამას. ჯერ ბიჭების გუნდი ჩამოვაყალიბეთ  და შემდეგ – გოგონების, რომელიც 2021 წელს საფეხბურთო კლუბად დავარეგისტრირეთ. ტურნირებშიც ამ დროიდან დავიწყეთ მონაწილეობის მიღება“, – გვეუბნებიან მწვრთნელები. მათი თქმით, ვარჯიშები რომ დაიწყეს, სულ რამდენიმე წევრი ჰყავდა „ეძანს“, დღეს კი გუნდში 25-ზე მეტი გოგო თამაშობს ფეხბურთს.

მწვრთნელების თქმით, გუნდს ჰყავს 13 წლამდე ასაკის წევრებიც, რომლებსაც ტურნირებში არ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ფეხბურთის ფედერაციის წესდების მიხედვით, თუმცა აქტიურად ვარჯიშობენ და ყველა შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას, როგორც კი შესაბამისი ასაკი ექნებათ.

ალექსანდრე შავაძე 2 წელია, რაც მწვრთნელია. მისი თქმით, გოგონათა ფეხბურთის გუნდის შექმნისას წევრების მშობლებთანაც მოუწიათ საუბარი, რათა დაერწმუნებინათ, რომ ფეხბურთი მხოლოდ კაცების საქმე არ არის და ქალებსაც შეუძლიათ ამ სპორტის თამაში.

„იყო რამდენიმე კარგი მოთამაშე, რომელთა მშობლებს დამოკიდებულება ჰქონდათ: არ შეიძლება, გოგო და ფეხბურთი ვის გაუგია. მაგრამ სწორად რომ ავუხსენით რა როგორ იყო, რასთან იყო დაკავშირებული ფეხბურთის თამაში და რომ არ არის ეს  მხოლოდ და მხოლოდ გართობა, დაფიქრდნენ, შემდეგ უკვე თვითონ დაგვიკავშირდნენ და ეს ბავშვები ახლა ჩვენი გუნდის წევრები არიან“, – გვითხრა ალექსანდრე შავაძემ.

მწვრთნელის თქმით, პირველად მონაწილეობა თბილისის „მასტერ ლიგაში“ მიიღეს და მონაწილე 48 გუნდიდან  საუკეთესო 4 გუნდს შორის მოხვდნენ.

„გუნდს ყოველდღიურად აქვს ვარჯიშები წალკის ცენტრალურ მოედანზე – წვიმაა, ავდარი თუ დარი“ – გვეუბნება ალექსანდრე. მისი თქმით, „ეძანს“ ფეხბურთის ფედერაცია ეხმარება.

„ეძანი“ საგაკვეთილო პროცესის შემდეგ, 4:30 საათზე ვარჯიშობს, რათა გუნდის წევრებმა, რომლებიც წალკაში არ ცხოვრობენ, მოსვლა შეძლონ.

„ეძანმა“ პირველად მიიღო მონაწილეობა გასულ წელს საქართველოს ქალთა ფეხბურთის მეორე ლიგაში, სადაც საკმაოდ კარგად იასპარეზა გუნდმაო – გვითხრა გივი ფუტკარაძემ.

„პირველი წელი იყო თან, ბავშვებს არ ჰქონდათ გამოცდილება. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთს არ ჰქონდა დიდ მოედანზე თამაშის გამოცდილება. იყო ემოციები, ზოგადად გამოუცდელობა, რახან არც დიდი პერიოდი არ გვქონია მომზადებისთვის.

წელს უკეთესი შედეგები გვაქვს, წინ მიდის ყველაფერი და ვფიქრობ, რომ შემდეგ წლებში კიდევ უფრო კარგ შედეგებს ვაჩვენებთ, რადგან ბავშვები უკვე იღებენ გამოცდილებას, ფორმაში მოდიან.

ბავშვებს სხვადასხვა სოფლიდან უწევთ ჩამოსვლა და რა თქმა უნდა, არის ხოლმე პრობლემები. საერთო ჯამში, ვახერხებთ, რომ ბავშვები სულ კარგ ფორმაში იყვნენ. მაქსიმალურად ცდილობენ, ვარჯიში არ გააცდინონ. სერიოზულად უდგებიან ფეხბურთს“, – ამბობს გივი ფუტკარაძე.

მისი თქმით,   ფეხბურთის გოგონათა გუნდის ვარჯიშზე დადებითად აისახება, თუ არსებულზე უკეთესი მოედანი ექნებათ.

„ჩვენ არ ვჩერდებით. ვაპირებთ აქტიური ვარჯიშების გაგრძელებას. ვფიქრობთ, რომ სადაც ფეხბურთი არსებობს [შესაბამისი], მოედნებიც და ინფრასტრუქტურაც იქნება“, – გვითხრა მან.

ვიქტორია სურმალიანი

ეთნიკურად სომეხი ვიქტორია სურმალიანი 16 წლისაა. ის საფეხბურთო კლუბ „ეძანს“ შექმნისთანავე შეუერთდა. მას კლუბში გაწევრიანება ერთ-ერთმა მწვრთნელმა შესთავაზა და ვიქტორიაც მაშინვე დასთანხმდა, რადგან ფეხბურთის თამაში ყოველთვის აინტერესებდა.

„ჩვენ შევქმენით ჩვენი გუნდი“, – გვითხრა ვიქტორიამ. მისი თქმით, ვარჯიში გუნდის წევრებისთვის, ვინც არ ცხოვრობს წალკაში და სოფლებიდან ჩამოდიან, არ არის მარტივი.

„პრობლემები გადაადგილებაზე სულ არის, იმიტომ, რომ ჩვენთან ავტობუსი არ დადის. ამიტომაც ხშირად გვიწევს ფეხით ჩამოსვლა. ასე არიან ჩემი მეგობრებიც. ფეხით დავდივართ მაშინაც, როცა სიცივეა, ზამთარშიც, რადგან ზამთარში ხშირად არ დადიან მანქანით, ამიტომაც გვიწევს ფეხით ჩამოსვლა 7 კილომეტრის.

თუ ვინმემ ისე გამოიარა, ეგაა, თორემ რეგულარულად არც ერთი ტრანსპორტი არ დადის“, – გვეუბნება ვიქტორია და დასძენს, რომ როცა ფეხით უწევს წალკაში ჩასვლა, უკვე ენერგიული აღარ არის.

„დაახლოებით  გუნდის 8-9 წევრი დავდივართ ფეხით. ამაზე გვისაუბრია მწვრთნელებთან, ჩვენი მუნიციპალიტეტის მერიასაც უთხრეს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერს არ აკეთებენ“, – ამბობს ვიქტორია.

მისი თქმით, ქალთა ფეხბურთზე სტერეოტიპებს დღემდე ვხვდებით. მასაც ხშირად მოუსმენია გარშემომყოფებისგან, რომ ფეხბურთი არ არის გოგოს საქმე, მაგრამ მას მისი ოჯახის წევრები მხარს უჭერენ და სხვების დამოკიდებულებაც თანდათან იცვლება.

„ოჯახის წევრებს არასდროს უთქვამთ, არ ითამაშო, ეს საქმე არ გააკეთოო. სულ გვერდით მიდგანან.

სოფელ წალკაში ადრე ამბობდნენ, რომ ვაიმე, გოგონებმა დაიწყეს თამაში, ფეხბურთი გოგოს საქმე არ არისო, მაგრამ უკვე ყველა ჩვენ გვერდით დგას, გვგულშემატკივრობენ.

გუნდს რომ შემოვუერთდი, სულ 10-11 გოგო ვიყავით და ახლა ნელ-ნელა გვემატებიან. ყველა დაინტერესდა ფეხბურთით. ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი წინსვლა გვექნება. გავხდებით მეორე ლიგის ჩემპიონატები,  პირველი ლიგის და უმაღლესი ლიგისაც“, – გვითხრა ვიქტორიამ.

ფეხბურთს პატარაობიდანვე თამაშობდა და ამ სპორტზეა შეყვარებული 16 წლის მარიამ გობაძეც. ის „ეძანს“ ჩამოყალიბებისთანავე შეუერთდა.

გოგოების ფეხბურთის გუნდი – წალკა

მარიამი თანაგუნდელებთან ერთად

„ფეხბურთი ჩემთვის გართობაზე მეტია. ეს ის საქმეა, რისი გაკეთებაც მსიამოვნებს. ჩემთვის პრიორიტეტულია ფეხბურთის თამაში და ვცდილობ, რომ კიდევ უფრო განვვითარდე ამ სფეროში“, – გვეუბნება მარიამი.

მისი თქმით, მისი მეგობრების უმრავლესობა ფეხბურთს თამაშობს და მისი ინტერესი ამ სპორტის მიმართ ყველასთვის ბუნებრივი იყო, თუმცა ოჯახის წევრებს თავიდანვე იგივე განწყობა არ ჰქონიათ.

„ახალი გამოწვევა იყო მათთვისაც, მაგრამ ხელის შემშლელი ფაქტორი რომ გამხდარიყო, ასე არ ყოფილა. მშობლები გვერდში დამიდგნენ. ყოველთვის ცდილობენ, იმ მიმართულებით განვვითარდე, რაც მომწონს“, – ამბობს მარიამი.

მისი თქმით,  მათი გუნდის დამსახურებაა გოგონათა ფეხბურთის პოპულარიზაცია წალკაში.

მარიამი სოფელ ავრანლოში ცხოვრობს და ვარჯიშზე  ყოველ დღე „მარშუტკით“ დადის. „2 საათზე გავდივარ და საღამოს 7-ზე ვბრუნდები სახლში. ტრანსპორტი, ასე თუ ისე, გვაქვს“, – გვეუბნება ის.

მარიამი ამბობს, რომ გუნდის მწვრთნელები მაქსიმალურს აკეთებენ, რომ გუნდის წევრები განვითარდნენ ფეხბურთში:

„ყველა ვცდილობთ, რომ არ გავაცდინოთ ვარჯიშები, რადგან თითოეულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი.

რამდენიმე წელი აუცილებლად გავაგრძელებ თამაშს, მაგრამ არ ვიცი, ზუსტად რა მოხდება. პროფესიონალურ დონეზე თუ არა, სამოყვარულო დონეზე აუცილებლად გავაგრძელებ ფეხბურთის თამაშს.“

„რომ არ ყოფილიყვნენ ჩვენი მწვრთნელები, ჩვენ დღეს არ ვიქნებოდით აქ, არ ვითამაშებდით ფეხბურთს. მათ მოგვცეს მოტივაცია და გზა ფეხბურთში. მწვრთნელებმა ჩვენში ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადეს ამ კუთხით“, – გვითხრა მარიამმა საუბრის დასასრულს.

„გართობა არ არის ფეხბურთი, ეს ჩემთვის მთელი ცხოვრებაა და მსიამოვნებს ამ სპორტით დაკავება“, – გვეუბნება 14 წლის მარინა ირემაძე. მისი თქმით, პატარაობიდანვე დაიწყო ფეხბურთის თამაში და ერთი წლის წინ  შეუერთდა „ეძანს“.

„თავიდან ყველა მაგას გაიძახოდა, რომ გოგოს საქმე არ არის ფეხბურთი, თუმცა ეს დავძლიე და დღეს მე ისევ აქ ვარ.

დიდი მიზნები მაქვს და მინდა, ისეთი ფეხბურთელი გავხდე, როგორც ნეიმარ ჯუნიორია“, – გვითხრა მარინამ.

„ეძანს“ 2021 წელს შეუერთდა მარი ართმელაძე. ის ამბობს, რომ ბურთთან ურთიერთობა ბავშვობიდან უყვარდა და აქედან გაუჩნდა ინტერესი ფეხბურთის მიმართაც.

მარი ართმელაძე

„ჩემი მიზანია, რომ ვიყო ნამდვილი ფეხბურთელი, რომელსაც ბევრი გაიცნობს. ეს არ არის ჩემთვის გართობა.

სკოლაში რომ წავალ და მოვალ, იმის შემდეგ სულ სტადიონზე ვარ და ვთამაშობ. მამხნევებდნენ, იცოდნენ ჩემებმა, რომ ბურთთან ურთიერთობა მიყვარდა და დღემდე მოდიან [თამაშებზე], მგულშემატკივრობენ”, – გვითხრა მარიმ.

მარი გოგონებს, რომელთა ოჯახის წევრებიც ეწინააღმდეგებიან მათ არჩევანს, ურჩევს, რომ არ შეწყვიტონ ფეხბურთის თამაში.

„ეძანის“ ფეხბურთელები

_________________________________

მთავარი ფოტო „ეძანის“ ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: