მთავარი,სიახლეები

რატომ ქრება ქედის ცნობილი პომიდორი – რას ამბობს ფერმერი

01.06.2023 • 10581
რატომ ქრება ქედის ცნობილი პომიდორი – რას ამბობს ფერმერი

ქედის ცნობილი „ვარდისფერი პომიდორი“ ნელ-ნელა ქრება. ძველი, გემოვნური თვისებებით გამორჩეული პომიდვრის ჯიში, ახალმა, ჰიბრიდულმა ჯიშებმა ჩაანაცვლეს.

რატომ ქრება ვარდისფერი პომიდორი ქედაში, ამ პრობლემაზე „ბათუმელები“ სოფელ ჯალაბაშვილებში ერთ-ერთ ფერმერს, ევგენი ცინცაძეს ესაუბრა.

ევგენი ცინცაძის ოჯახში ვარდისფერი პომიდორი რამდენიმე თაობას მოჰყავდა. თუმცა დღეს, მის ბაღჩაში ვარდისფერი პომიდორი ერთ პატარა ნაკვეთზეა დარგული, სულ რამდენიმე ცალი და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ პატრონი მის სრულ გაქრობას ვერ შეელია.

თუმცა ფაქტია, რომ ქედაში ვარდისფერი პომიდვრის ეპოქა ნელ-ნელა სრულდება. მის ადგილს კი ჰოლანდიური ჯიშის პომიდორი იკავებს.

ჰოლანდიური ჯიშის პომიდორი ქედაში

„მქონდა გასულ წელს, შევიძინე 30 ძირი, მაგრამ 30 კილო ნაყოფიც არ მომიწევია. ქედის პომიდორს აღარ აქვს იმუნიტეტი, ძალა და ეს განაპირობა კლიმატის ცვლილებამ, რადიაციამ და ასე შემდეგ“, – გვეუბნება ევგენი ცინცაძე.

ქედის ტრადიციული, ვარდისფერი პომიდორი

მისი თქმით, ახლა ფერმებს აქცენტი აქვთ გადატანილი უკეთეს ჯიშებზე, რომელიც უფრო მსხმოიარეა და თავსაც ინახავს.

„ჩვენი სოფლისთვის ჯალაბაშვილებისთვის პომიდვრის კულტურა წამყვანია.

ქედაში უკვე მასობრივი სახე აქვს ჰოლანდიურ პომიდორს, რადგან უფრო გამძლე ჯიშია, ვიზუალიც კარგი აქვს და მსხმოიარობაც. „ოქროს ვაშლივითაა“ რა, რენტაბელური და ჯანმრთელი.

თუმცა, ძველ ჯიშებს მაინც ვერ ვღალატობ და წელსაც რამდენიმე ძირი დავრგე საჩვენებლად. ამ ჯიშს „კარტოფილას“ ვეძახით, დიდი ფოთლებითაა.

იგივე სასუქებს ვაწვდი, იგივე მეთოდით ვწამლავ, როგორც ჰოლანდიურ პომიდორს, თუმცა მაინც ვერ ვითარდება.

ძალა, იმუნიტეტი აღარ აქვს. მაგალითად, თუ ქედის ტრადიციული პომიდორი ერთ ძირზე კილო-ნახევარ ნაყოფს იძლევა, ჰოლანდიური 7 კილომდე ისხამს.

ყველა გადასულია ხეირის მოტანაზე, პირად სარგებელზე, თორემ, ვარდისფერი პომიდვრის გემო ახლაც პირში აქვს ხალხს“, – გვეუბნება ევგენი ცინცაძე.

ევგენი ცინცაძე მეურნეობაში

მისი თქმით, ქედის ტრადიციული პომიდვრის თესლსაც ისეთივე დამუშავება სჭირდება, როგორც ჰოლანდიურს, თუმცა აგრონომები ამით ნაკლებად არიან დაინტერესებული.

„გემოვნური თვისებებით არც ჰოლანდიურია ნაკლები, თუმცა ტრადიციულს, მაინც თავისი ისტორია და სახელი აქვს. დღესაც ეს სახელი ჭრის ბაზარზე და, ფაქტობრივად, მისი იმიჯით იყიდება ახალი ჯიშებიც“, – ამბობს ევგენი.

ჰოლანდიური პომიდვრის მეურნეობა სოფელ ჯალაბაშვილებში

რაც შეეხება ეკოლოგიურ სისუფთავეს, ევგენი ცინცაძის თქმით, სადაც ფულია, იქ ნაკლებად ფიქრობენ კეთილსინდისიერებაზე და ასეა პომიდვრის ბიზნესშიც.

„სამწუხაროდ, ყველა ფერმერი კეთილსინდისიერად არ იქცევა და ბაზარი შხამქიმიკატებიანი პომიდვრით არის სავსე.

მე, პირადად, ვიცავ სტანდარტს, არაერთხელ შეამოწმეს ჩემი პროდუქცია და ნორმის ფარგლებში აქვს ყველაფერი. სასუქების გამოყენების სწორი სქემა მაქვს და ამას მივყვები.

თუ არასწორად არის გამოყენებული შხამქიმიკატები, ნაყოფი იწვევს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას, იწვევს სიბრმავეს, სიმსივნეებს და ასე შემდეგ“, – გვეუბნება ის.

საქართველოს სოფლის წარმოებაში ძალიან დიდ ფინანსურ რესურს დებს ევროკავშირი. ქედელ ფერმერებს ევროპული ორგანიზაცია „ფაო“ დაეხმარა ახალი ჯიშების განვითარებაში.

ევგენი ცინცაძე მიიჩნევს, რომ ფერმერების ცნობიერების გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არასწორად მოქმედების შემთხვევაში, ნაყოფიც ზიანდება და მოსავალიც იკლებს.

„ის რა ცოდნაც გვაქვს დღეს სოფლის მეურნეობაში, ყველაფერი ევროკავშირის ხელშეწყობითაა. არაერთი ტრენინგი ჩაგვიტარეს, გვასწავლეს ბევრი რამ, მაგრამ სახელმწიფოც უნდა ეხმარებოდეს გლეხებს ამ ცოდნის გაღრმავებაში.

ევროკავშირში ყოფნაც იმიტომ გვინდა, რომ განვვითარდეთ და უკან-უკან არ წავიდეთ. დღეს კი სწორედ უკან მიგვექაჩებიან. ჩვენი გზა, ხსნა ევროპაშია, მაგრამ არ ესმის მთავრობას, მარტო ბიძინასი ესმის მაგას“, – ამბობს ევგენი ცინცაძე.

წლების შემდეგ, ქედის ვარდისფერი, ტრადიციული პომიდორი ალბათ ბაზრიდან საბოლოოდ გაქრება, თუმცა ევგენის მსგავსად, ერთგულ ოჯახებში შესაძლოა აქა-იქ მაინც შემორჩეს, როგორც ევგენი გვეუბნება, „საჩვენებლად“, ან ოჯახისთვის.
იხილეთ ვიდეო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: