მთავარი,სიახლეები

ავარიული სახლების სიაში ახალი მისამართები გაჩნდა – როგორ გრძელდება პროგრამა

01.06.2023 • 3853
ავარიული სახლების სიაში ახალი მისამართები გაჩნდა – როგორ გრძელდება პროგრამა

ავარიული სახლების ჩამონათვალში ახალი მისამართები გაჩნდა, 2022 წლის ოქტომბერში, როდესაც მერიამ სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი სახლების მისამართები გამოაქვეყნა, ჩამონათვალში 139 სახლი იყო. ახლა ეს ნუსხა 173 შენობას მოიცავს.

ავარიული შენობების ნუსხაშია ბათუმში, მელიქიშვილის #8-ში მდებარე #4 საჯარო ბაღიც.

ბათუმი, მელიქიშვილის #8 – ბათუმის მეოთხე საჯარო ბაღის შენობა

#4-ე საჯარო ბაღის შენობის მდგრადობის ექსპერტიზა 2023 წლის აპრილში, ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს დაკვეთით ჩაატარეს.

დასკვნის მიხედვით, შენობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საფუძვლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს, კონსტრუქციული პროექტის მიხედვით –  „მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად“.

ექსპერტი წერს:

„ბათუმელებისთვის“ ასევე ცნობილია, რომ ბაღის მიმდებარედ კონკრეტული კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს მოსახლეობასთან, ადგილის დათმობაზე. გავიგეთ ისიც, რომ ინვესტორმა მოსახლეობასთან გასაუბრებისას მეოთხე ბაღის შენობაზეც ისაუბრა.

მელიქიშვილის #8 და 8ა მოიცავს 2 152 კვ.მეტრ ტერიტორიას ბათუმის ცენტრში – გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში. საჯარო ბაღის გარდა ეს ტერიტორია რამდენიმე შენობას, ძირითადად კომერციულ ფართობებს აერთიანებს. მერიის გარდა აქ სულ 19 მესაკუთრეა რეგისტრირებული, თუმცა ყველაზე დიდი ადგილი – 1362 კვ.მეტრი მაინც ბაღის შენობასა და ეზოს უჭირავს.

ბათუმი, მელიქიშვილის #8

მონიშნულია მელიქიშვილის #8-ში ერთ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული ტერიტორია

„ბათუმელებისთვის“ უცნობია, რა გზას აირჩევს მერია, შეისყიდის პროექტს ბაღის შენობის გასამაგრებლად, თუ ახლის აშენებას გეგმავს. ავარიულ სახლებთან დაკავშირებული ინფორმაცია 4 აპრილს ოფიციალურად გამოითხოვეთ, თუმცა მერია ინფორმაციას მალავს.

ავარიული სახლების ნუსხას დაემატა, პუშკინის #124-იც. აქ ხუთსართულიანი კორპუსია. ექსპერტი მერიას წერს, რომ საყურადღებოა ამ კორპუსში გაჩენილი ბზარები. პუშკინის #124-ში ქონებას 30-ზე მეტი მესაკუთრე ფლობს, მათ შორის არის შპს „პუშკინის 124“. ეს კომპანია აქ 300 კვ.მეტრზე მეტ ფართობს ფლობს. კომპანიის მესაკუთრე თემურ ბიწაძეა – „ალიანსის“ დამფუძნებლის, გიორგი ბიწაძის შვილი.

ავარიული სახლების ნუსხაშია ასევე პუშკინის #39, 124 და 158 – ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსები. თუმცა, როგორც ექსპერტი წერს, მათი მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

ავარიული სახლების ნუსხაში იყო გიორგი ბრწყინვალეს #48. ახლა ამ ქუჩაზე კიდევ ორი სახლია მერიის ნუსხაში, ეს არის გიორგი ბრწყინვალეს 52 და 54. ეს კორპუსები ერთმანეთის გვერდითაა, ორივე კორპუსს აქვს ეზო და საკმაოდ დიდი ტერიტორია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ინვესტორის ინტერესი ამ მისამართებზეც უკვე გამოხატულია.

შედარებით მუქი ფერით მონიშნულია გიორგი ბრწყინვალეს #52-54- მდებარე ავარიული სახლები, ამ ორ კორპუსს ეზოების ჩათვლით სულ 3387 კვ.მეტრი უჭირავს. ღია ფერით კი მონიშნულია გიორგი ბრწყინვალეს #48- აქ რამდენიმე სახლია, რომლებიც ჯამში 1568 კვ.მეტრს აერთიანებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: