მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ ვმართოთ შაკიკი, თავის ქრონიკული ტკივილი – ექიმის რჩევები

08.12.2021 • 5652
როგორ ვმართოთ შაკიკი, თავის ქრონიკული ტკივილი – ექიმის რჩევები

შაკიკი, რომელიც მძიმე, ინტენსიური თავის ტკივილით ხასიათდება, ჯანმოს ცნობით, შრომისუნარიანობის დაკარგვის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია მსოფლიოში.

რიგ შემთხვევებში ეს დაავადება საზოგადოების მიერ სათანადოდ სერიოზულად არ აღიქმება, რადგან შაკიკი ძირითადად ეპიზოდურია, არ იწვევს სიკვდილს და არ არის გადამდები. ჯანმოს ცნობით, განვითარებულ ქვეყნებში კონსულტაციების დაბალი მაჩვენებლები შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ბევრმა პაციენტმა არ იცის ამ დაავადების ეფექტური მკურნალობის არსებობის შესახებ. თავის ტკივილის მქონე ადამიანების ნახევარი, სავარაუდოდ, თვითმკურნალობას ეწევა.

კლინიკა „მედინას“ ნევროლოგი ხათუნა გობაძე ამბობს, რომ თავის ტკივილი, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საკმაოდ მძიმე ნევროლოგიურ დარღვევებზე მიუთითებდეს, ამიტომაც აუცილებელია ვიზიტი სპეციალისტთან.

  • ქალბატონო ხათუნა, რა არის შაკიკი?

შაკიკი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, უმეტესად მემკვიდრულია და ხასიათდება შეტევითი ხასიათის, ზომიერი ან ძლიერი თავის ტკივილით. ის უფრო ხშირია ქალებში (75%), ვიდრე მამაკაცებში. შაკიკის შეტევის სიხშირე ინდივიდუალურია.

შეტევა შესაძლოა განვითარდეს ძალიან იშვიათად ან თვეში რამდენჯერმე. შაკიკი შეიძლება განვითარდეს ოთხ ეტაპად: პროდრომი, აურა, შეტევა და პოსტდრომი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვისაც შაკიკი აქვს, გადის ყველა სტადიას.

Mayoclinic: შაკიკი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში, თუმცა პირველად უმეტესად მოზარდობის პერიოდში ვლინდება. შაკიკი, როგორც წესი, პიკს აღწევს 30 წლის ასაკში, მომდევნო ათწლეულში კი თანდათანობით სუსტდება ტკივილის ეპიზოდების სიმძაფრე და სიხშირე.

  • რას მოიცავს შაკიკის ფაზები?

პროდრომული ფაზა – შაკიკამდე რამდენიმე საათით, ერთი ან ორი დღით ადრე, შეიძლება შევამჩნიოთ გარკვეული ნიშნები, რომლებიც მიგვანიშნებენ მომავალი შეტევის შესახებ. ეს შეიძლება იყოს საერთო სისუსტე, კონცენტრაციის დაქვეითება,  ხშირი მთქნარება, გაღიზიანება, მომატებული ჭამის მადა, შეკრულობა, გახშირებული შარდვა.

მეორე ფაზა  არის თავის ტკივილი. ამ დროს ვითარდება შეტევითი ხასიათის ზომიერი ან ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც ჩარევის გარეშე, შეიძლება 4-დან 72- საათამდე გაგრძელდეს. ტკივილი უმეტესად არის ცალმხრივი და მოპულსირე, თუმცა ხშირია ტკივილი თავის ორივე მხარეს. ტკივილს შესაძლოა თან ახლდეს თავბრუსხვევა, ღებინება, გულისრევა, ასევე შუქის, ხმაურის და ზოგჯერ სუნის აუტანლობა. შეიძლება ახლდეს ყურებში ხმაური და აზროვნების შეფერხება.

შემდეგ დგება პოსტდრომული ანუ ჩაწყნარების ფაზა. ამ დროს შესაძლოა პაციენტებს აღენიშნებოდეთ შფოთვა, ძილიანობა, ხშირი შარდვა, შესაძლოა ტკივილის გადასვლის შემდეგ მთელი დღის განმავლობაში თავს გრძნობდნენ გამოფიტულად, გაფანტულად.

არის კიდევ ერთი ფაზა – აურა, რომელიც ახასიათებს შაკიკის შედარებით იშვიათ ფორმას – შაკიკი აურით. იგი შედგება ოთხი ფაზისგან: პროდრომი, აურა, თავის ტკივილი, პოსტდრომი.

აურა შეიძლება გამოიხატოს გარდამავალი ნევროლოგიური სიმპტომებით. იმის მიხედვით, თუ ნერვული სისტემის რომელი ფუნქცია ირღვევა, აურა შეიძლება იყოს: მხედველობითი (ვიზუალური მოვლენა, გულისხმობს გარკვეული ფორმებისა და მკვეთრი ლაქების დანახვას), მგრძნობელობითი (მაგ. ხელის, მკლავის, სახის დაბუჟება), მეტყველების მოშლა, მოძრაობის დარღვევა, ასევე თავის ტვინის ღეროს სიმპტომატიკა (თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური), ასევე თვალის ბადურის სიმპტომატიკა, ეს შეიძლება იყოს ცალ თვალში მხედველობის დაქვეითება.

აურის სიმპტომები ერთ საათს გრძელდება.

  • რა ხდება უშუალოდ შეტევის მაპროვოცირებელი?

შაკიკის შეტევა შეიძლება გამოიწვიოს ბევრმა ფაქტორმა, შესაბამისად მათგან თავის არიდება შაკიკის შეტევების უმნიშვნელოვანესი პროფილაქტიკური ღონისძიებაა. ეს ფაქტორები შეიძლება იყოს:

  • ემოციური ფონი – სტრესი, მღელვარება, დეპრესია, შიში;
  • სენსორული სტიმული – კაშკაშა ან მოციმციმე განათება, მაღალი ხმა, ასევე მძაფრი სუნი;
  • ძილის არეული გრაფიკი – ანუ ძილის ნაკლებობა ან ზოგჯერ პირიქით, ზედმეტი ძილი;
  • ფიზიკური ფაქტორები – ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა;
  • მედიკამენტები – ჰორმონალური პრეპარატები, როგორიცაა ორალური კონტრაცეპტივები;
  • ჰორმონალური ცვლილებები ქალებში – ესტროგენის რყევები მენსტრუაციის წინ ან მის დროს;
  • მარილიანი საკვები – დაძველებული ყველი, მარილიანი და შებოლილი საკვები.

ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლი: შაკიკის დროს დიეტიდან სასურველია გამოირიცხოს: შებოლილი ყველი, შოკოლადი, ძმარი, მარინადი, არაჟანი, იოგურტი, თხილი, მიწის თხილის კარაქი, ცხელი ახალი პური, ფუნთუშა, ნებისმიერი საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს მონოსოდიუმის გლუტამატს, ხახვი, კონსერვები, ციტრუსები (არა უმეტეს 1 ფორთოხლისა დღეში), ბანანი (არა უმეტეს ½1/2 ბანანისა დღეში), პიცა, მაგარი ჩაი, ყავა, ძეხვეული, ასპარტამი, მჟავე კომბოსტო.

შაკიკის დიაგნოზის დასმას არ სჭირდება სპეციფიკური კვლევები, დიაგნოზს სვამს ექიმი, პაციენტის მიერ მიწოდებული დეტალური ინფორმაციის საფუძველზე. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პაციენტმა ყურადღება მიაქციოს თავის ტკივილის სიხშირეს, გამომწვევ ფაქტორებს, კარგი იქნება, თუ ექიმთან კონსულტაციამდე აწარმოებს შესაბამის დღიურსაც.

Mayoclinic: თავის სერიოზული ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს ტკივილგამაყუჩებლების ხშირმა მიღებამ, ამ დროს წამლები წყვეტენ ტკივილის შემსუბუქებას და თავად ხდებიან ტკივილის გამომწვევი. თავის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს იბუპროფენისა ან ასპირინის (Advil, Motrin IB, სხვა) მიღებამაც თვეში 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ასევე ტრიპტანებების (მაგ. სუმატრიპტანი) გამოყენებამ თვეში 9 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

  • როგორ მკურნალობენ შაკიკს?

პირველ რიგში, პაციენტმა თავიდან უნდა აირიდოს ის ფაქტორები, რაც პროვოცირებს შეტევას, იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით, დაირეგულიროს ძილი. ამის პარალელურად იშვიათ შემთხვევებში აღმოცენებული თავის ტკივილის დროს, უნდა მიიღოს თავის ტკივილის გამაყუჩებელი მედიკამენტი, მაგრამ თუ ტკივილი ხშირია, კერძოდ თუ ტკივილის პერიოდი თვეში 15 დღეზე მეტ ხანს გრძელდება, ექიმი ნიშნავს კონკრეტულ მედიკამენტებს რეგულარული მიღებისთვის.

შაკიკის დროს, ისევე როგორც სხვა დაავადებების დროს, მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, წონის კონტროლი, ჯანსაღი საკვები, სითხის მიღება და სხვა.

_____________________________________________________________

ქრონიკული შაკიკის მქონე პაციენტებისთვის, რომლებზეც მკურნალობის ტრადიციული მეთოდები არ მუშაობს, არსებობს მკურნალობის შედარებით ინოვაციური მეთოდი ბოტულინოტოქსინის ინექციებით. ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის მიხედვით, შაკიკის მკურნალობისას „მოზრდილ პაციენტებში კარგადაა შესწავლილი ფრონტალურ და კისრის უკანა კუნთებში ბოტულინის ტოქსინის ინექციების ეფექტურობა. მკურნალობის ეს მეთოდი გვერდითი ეფექტების სიმცირით გამოირჩევა, თუმცა პედიატრიულ პოპულაციაში მისი გამოყენება არასასურველად ითვლება თავის ტკივილის დროს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: