მთავარი,სიახლეები

„ჩვენს კორპუსებს საფლავის ქვა დაადგეს“ – აქცია ბათუმის მერიის და „ორბის“ წინააღმდეგ

08.07.2022
„ჩვენს კორპუსებს საფლავის ქვა დაადგეს“ – აქცია ბათუმის მერიის და „ორბის“ წინააღმდეგ

„ფულით გაუმაძღრებს უნდა შევუქმნათ დისკომფორტი“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მირზა მამულაძე, რომლის ფანჯრებთან კომპანია „ორბი“ მალე კედლებს აიყვანს. კომპანიას ამის უფლება ბათუმის მერიამ მისცა. მირზა მამულაძის თქმით, კომპანია „ორბმა“ მათ კორპუსებს „საფლავის ქვა დაადგა“.

დღეს, 8 ივლისს, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების ინფორმაციით, „ორბი“ ხიმშიაშვილის ქუჩაზე აშენებს შენობას, რომელიც ირგვლივ მდებარე კორპუსებში დაახლოებით 6 სართულს დაფარავს და ამის ნებართვა ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა 28 ივნისს გასცა. ძველი ნებართვით, კომპანიას მხოლოდ 2 სართული, ეგრეთ წოდებული ფრთები უნდა აეშენებინა – ერთგვარი ხიდი 12 წლის წინ აშენებულ კორპუსებზე.

აქციის მონაწილეების თქმით, ახალი მშენებლობის გამო 270 ოჯახი კარგავს სამოქალაქო გზით სარგებლობის უფლებას, ბევრ მათგანს ფანჯრებთან კედელი ექნება, შეიზღუდება განიავების შესაძლებლობა და მზის სხივი მათ საცხოვრებლამდე ვეღარ მივა.

„გუშინ წინ აქ იყვნენ არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები. „ორბის“ ხალხთან ერთად მოვიდნენ. ისეთი შთაბეჭდილება იყო, რომ ისინი ერთი სუფრის ხალხია. მათ ჩვეულებრივი ადამიანები, უბრალოდ, არ აინტერესებთ,“ – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, დავით მამულაძე.

საქმე იმაშია, რომ ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე უკვე თვეებია მოსახლეობა აპროტესტებს კომპანია „ორბის“ მშენებლობას. 2022 წლის დასაწყისში კომპანიამ აქ ნებართვის გარეშე დაიწყო მშენებლობა, მოსახლეობამ ეს გააპროტესტა, მერიამ „ორბის“ მშენებლობა შეაჩერა და დააჯარიმა კიდეც. ახლახან კი აქ მცხოვრებლებმა გაიგეს, რომ „ორბს“ მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა მისცა.

„საინფორმაციო დაფების მიხედვით, რაც აქამდე იყო გამოკრული, ვიცოდით, რომ უნდა აშენებულიყო მხოლოდ კომერციული ფართობის სიმაღლეზე ახალი შენობა, ახლა კი, პროექტი ითვალისწინებს 15 მეტრი სიმაღლის მშენებლობას, რაც ჩვენი კორპუსების მინიმუმ 6 სართულს დაფარავს,“ – ამბობს მირზა მამულაძე. მისი აზრით, მერის, არჩილ ჩიქოვანის მიერ ხელმოწერილი ნებართვა უკანონოა, რადგან მას არ ჰქონდა უფლება პირობების და საქმის სათანადო შესწავლის გარეშე გაეცა ახალი ნებართვა.

„მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სამშენებლო კანონმდებლობა 2014 წელს შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა. 2014 წელს იყო გაცემული წინა ნებართვა, რაც „ორბს“ არ გამოუყენებია,“ – დასძინა მირზა მამულაძემ.

„მერიაში დაგვპირდნენ, რომ ძველ ნებართვას აღადგენდნენ, მაგრამ მოგვატყუეს. დაახლოებით 2 სართული უნდა ყოფილიყო. მერმა შეხვედრაზე გაგვიცხადა, რომ გააგრძელებდნენ მხოლოდ ნებართვის ვადებს. მან მოგვატყუა. ოთხი კორპუსის მცხოვრებლებს აღარ გვექნება სამოქალაქო გზით სარგებლობის უფლება“, – აცხადებს აქციის მონაწილე, დავით მამულაძე.

მერიის ამ გადაწყვეტილებას მოქალაქეები სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა, არსებული პრაქტიკით, სასამართლო პროცესების დაწყებამდე, დიდი ალბათობით, „ორბი“ მშენებლობას დაასრულებს.

____________________

ყველაფერი ამ მშენებლობის შესახებ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: