მთავარი,სიახლეები

მესაზღვრე ნასვამი იყო და ისროდა – რა მოხდა ვაშლოვანის ნაკრძალში

30.05.2023 •
მესაზღვრე ნასვამი იყო და ისროდა – რა მოხდა ვაშლოვანის ნაკრძალში

ფოტოგრაფი ნანუკა ავალიანი „ბათუმელებთან“ ჰყვება, რომ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ლაშქრობის დროს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ერთ-ერთი მესაზღვრე ტურისტებს დამამცირებლად მოექცა და კარვის მიმართულებითაც გაისროლა.

„ლაშქრობაზე ვიყავით 27-28 მაისს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე, აქ რეინჯერებიც არიან და მესაზღვრეებიც. ვფიქრობდი, რომ ყველაზე დაცულად უნდა ვყოფილიყავით. რეალურად კი ისეთი ადამიანებისგან შეიქმნა საფრთხე, ახლაც შოკში ვარ“- გვითხრა მან.

„კარვებში ვიყავით, როცა შუაღამით ატყდა ხმაური, აღმოჩნდა, რომ ნასვამი იყო ერთ-ერთი მესაზღვრე და ჰყვიროდა: გამოდით, არ ხართ ვინმე ქართველი, რომ რუსებთან დალაპარაკებაში დამეხმაროთო?

ერთხელ გაისროლა კიდევ და შემდეგ გადატენილი იარაღი იქვე დადო.

ჩვენ გარდა ბანაკში ახალგაზრდა ტურისტების ჯგუფი იმყოფებოდა. რუსულენოვანი ჯგუფი იყო, მაგრამ ამ ჯგუფში არ იყვნენ მხოლოდ რუსები, როგორც ვიცი, იყვნენ ბელარუსებიც და იყო ერთი ინგლისელი ტურისტიც.

მესაზღვრემ ერთ-ერთ ბელარუსს ხელბორკილი დაადო, მერე უთხრა, რომ გასაღები არ ჰქონდა, ვერ ხსნიდა ხელბორკილს და რაღაც დამამცირებლად ექცეოდა. შემდეგ მესამე ადამიანი ჩამოვიდა პოსტიდან და მოხსნა ეს ბორკილები“ – ამბობს ნანუკა ავალიანი.

მისი თქმით, ტურისტი ძალიან აღშფოთებული იყო მსგავსი მოპყრობით და ამბობდა, რომ ამის შესახებ აუცილებლად გაავრცელებდა ინფორმაციას. ნანუკას თქმით, აღნიშნული პირი რომ მესაზღვრე იყო, ამაზე მისი ფორმაც მიუთითებდა.

როგორც ნანუკა ავალიანმა გვითხრა, ტურისტები დაცულ ტერიტორიაზე, სადაც მესაზღვრეები იმყოფებიან, სპეციალური საშვის გარეშე ვერ მოხვდებიან.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორია

„სანამ ბანაკამდე მიხვალ, ორი სასაზღვრო პუნქტი უნდა გაიარო, მანამდე კი ასევე უნდა გაიარო პირველი პუნქტი, სადაც საშვი უნდა მოგცენ. ამ საშვით შედიხარ ტერიტორიაზე.

ამ ტერიტორიაზე მოსახვედრად ჩვენ წინასწარ ვაგზავნით საბუთებს, პირადობას, ტელეფონის ნომერს და სხვა მონაცემებს, რომ მივიღოთ საშვი.

არავის აქვს უფლება, უკვე დაბანაკებულს მოგთხოვოს საბუთები, რადგან თუ შემოწმებული არ ხარ, ისე ვერ მოხვდები იმ ადგილას, ვერანაირად“ – ამბობს ნანუკა.

მისი თქმით, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ვერც უცხოელი ტურისტები მოხვდებოდნენ  ამ საშვის გარეშე, შესაბამისად, მესაზღვრეს უფლება არ ჰქონდა, მათთვის თუნდაც საბუთები მოეთხოვა.

„მესაზღვრის ქცევა არ იყო კანონიერი. რომ არ ყოფილიყო დამამცირებელი მოპყრობა, ხმას არ ამოვიღებდით. მაგრამ ჯერ ადამიანი დაამცირეს, აბუჩად აიგდეს, შემდეგ იყო იარაღის გასროლა და კარვებში ფარნებს გვანათებდნენ, ეს უკვე მეტისმეტი იყო.

ძალიან სტრესული იყო, რადგან შეგვეშინდა, კონფლიქტი არ გამწვავებულიყო. ამიტომ მთელი ღამე დავრჩით კარავში, გარეთ კი ისმოდა ამ მესაზღვრის ღრიალი“ – გვეუბნება ნანუკა.

მისი თქმით, ნასვამ მესაზღვრეს მეწყვილე ამშვიდებდა, თუმცა ის მაინც არ წყნარდებოდა.

„რომელიმე ჩვენგანს რომ მოხვედროდა ის ტყვია, ვინ გასცემდა ჩვენს ოჯახებს პასუხს?

იმედია, ექსპერტიზა დაადგენს, რა მიმართულებით გაისროლა, თუმცა ეს აქამდე უნდა გაეკეთებინათ, ან თუნდაც ალკოჰოლზე რომ შეემოწმებინათ ის მესაზღვრე“ – გვეუბნება ის.

ნანუკა ამბობს, რომ ამ ამბის შესახებ ფეისბუქზე დაწერა, რის შემდეგაც რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა, რომელთაც მსგავსი სიტუაციის შესახებ უამბეს.

„სხვა ლოკაციებზეც ყოფილა შემთხვევები, მაგალითად, კახეთში, ლაგოდეხის ნაკრძალში, თუშეთში, რომელსაც რეაგირება არ მოჰყოლია“.

მისი თქმით, პრობლემა სისტემურია.

„ერთი ადამიანი მაინც რომ დაისაჯოს, მეორე და მესამე აღარ ჩაიდენს იმავეს. თუმცა ჩვენი მიზანი არ არის თუნდაც ამ მესაზღვრის დასჯა, რადგან სისტემური პრობლემაა და უნდა მოგვარდეს, მაგალითად ის, რომ მესაზღვრეებიც ცუდ პირობებში იმყოფებიან, მთელი ათი დღე არიან პოსტზე, არც კომუნიკაცია აქვთ, არც ტელევიზორი, ტელეფონიც არ იჭერს.

გვინდა, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს, რომ ტურისტებიც დაცული ვიყოთ და მესაზღვრეებიც უკეთეს პირობებში მუშაობდნენ“ – ამბობს ნანუკა ავალიანი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მიერ ტურისტების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: