მთავარი,სიახლეები

„ეს არის პუტინის ადვოკატობა“ – თეონა აქუბარდია ღარიბაშვილსა და ნატოს მოახლოებულ სამიტზე

31.05.2023 • 1236
„ეს არის პუტინის ადვოკატობა“ – თეონა აქუბარდია ღარიბაშვილსა და ნატოს მოახლოებულ სამიტზე

რატომ არ სურს სინამდვილეში რუსეთს ნატოს გაფართოება? როგორია მოსკოვის პოლიტიკა მისი მეზობლებისადმი? როგორ ამტკიცებს რუსეთი საკუთარი მაგალითით, რომ კონფლიქტების მოგვარების საშუალება ნეიტრალიტეტი არ არის და რას შეიძლება ელოდოს საქართველო ივლისში, ვილნიუსში დაგეგმილი ნატოს სამიტიდან? – „ბათუმელების“ კითხვებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია პასუხობს.

თეონა აქუბარდია იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 2014-2018 წლებში და არის „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ თანადამფუძნებელი.

  • 11-12 ივლისს ვილნიუსში ნატოს სამიტი იმართება. თქვენი აზრით, რას უნდა ელოდოს ვილნიუსის სამიტიდან საქართველო?

არ მაქვს მოლოდინი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით იქნება ადეკვატური ჩანაწერი პოლიტიკურ კომუნიკეში.

ადეკვატური ჩანაწერი უნდა იყოს ის, რომ გარდა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემისა, არის ღია კარის პოლიტიკა და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია. და რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები.

2016-ში ბრიუსელის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში გვიწერია, რომ საქართველოს აქვს ნატოს წევრობის ყველა ინსტრუმენტი.  2018-ში ამას დაემატა, რომ მაპი არის [ნატოს წევრობის] აუცილებელი ნაბიჯი.

ახლა, გამომდინარე იქიდან, რომ მაპის გარეშე გახდა ფინეთი ნატოს წევრი და შვედეთიც გზაშია, მაპი აღარ არის აუცილებელი ნაბიჯი წევრობისთვის.

ჩვენ რომ გვყავდეს ეროვნული ინტერესების შესაბამისი მთავრობა, ვფიქრობ, რომ აი, ამ ჩანაწერის ამოღება, პოლიტიკურად იქნებოდა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ნატოში გაწევრიანების გზაზე.

თუმცა მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ჩვენი „ბედნიერი“ მთავრობა იმუშავებდა ასეთი პოლიტიკური ტექსტისთვის და შესაბამისად, აი, ამ პოლიტიკური განცხადებების ფონზე, არ ვარ მყარად იმ წარმოდგენაში, რომ საქართველოს განსაკუთრებული ყურადღება და განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნება პოლიტიკურ კონტექსტში.

  • 30 მაისს, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა უკრაინაში ომის „ერთ-ერთ მიზეზად“ ნატოს გაფართოება დაასახელა. თქვენი აზრით, რა საფრთხეა ქვეყნისთვის ის, რომ მისი პრემიერი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს ასე ხედავს?

პრემიერს რომ პირველი პასუხი კითხვაზე – რის გამო დაიწყო ეს ომი?- ეთქვა სუვერენიტეტის შეზღუდვა, სუვერენული არჩევანის შეზღუდვა და შემდგომ – ნატო, ეს არ იქნებოდა ამხელა განხილვის და ყურადღების ღირსი.

მაშინ, როდესაც ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტ პუტინის წერილი, ნატოს გაფართოების საწინააღმდეგო და შემდგომ ორ დღეში დაწყებული ომი, ამ შემთხვევაში ეს არის პუტინის ადვოკატობა, იმ ქვეყნის პრემიერის მხრიდან, რომელსაც აქვს ქვეყნის 20% ოკუპირებული. და არ შეჩერებულა არამხოლოდ მცოცავი ოკუპაცია, არამედ რუსეთის მხრიდან ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები.

როდესაც მხოლოდ და მხოლოდ ნატოს ასახელებს და არა სუვერენიტეტს და სუვერენულ არჩევანს, ეს არის პუტინის ადვოკატობა და სხვა არაფერი.

და ეს არის გზავნილი, რომ ნატოში წევრობა არის შეჩერებული, საქართველოს პრემიერის და მთავრობის ნებიდან გამომდინარე – იყოს არა ფრთხილი, არამედ მხდალი, რუსული გავლენების ფონზე.

  • როცა საქართველოს პრემიერი ნატოს სამიტის წინ აკეთებს ისეთ განცხადებას, როგორიც მან ბრატისლავაში, უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა, რა გზავნილია ეს ნატოსთვის?

რუსეთმა, ისევე როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ძალიან კარგად იცის, რომ ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი სწრაფვა არის კონსტიტუციით გამყარებული. იციან, რომ კონსტიტუციის შეცვლა შეუძლებელია, რამდენადაც „ოცნებას“ არ აქვს ხმების საჭირო რაოდენობა ამ პარლამენტში.

ამ ტიპის განცხადება არის ჩვენი კონსტიტუციის წინააღმდეგ სვლა და ეს არის გზავნილი ნატოსთვის, რომ საქართველო არ აპირებს ნატოს წევრობისთვის ყველა ღონის ხმარებას, რაც კონსტიტუციაში გვიწერია და რომ საქართველოს ნატოში წევრობა არის რეალურად შეფერხებული რუსეთის გავლენებიდან გამომდინარე.

  • საქართველოს რუსეთმა მაშინ წაართვა აფხაზეთი და სამაჩაბლო, როცა ნატოში შესვლა ჰორიზონტზეც არ ჩანდა. რამდენად სწორია საერთოდ იმაზე დისკუსია, რომ ნატოს გაფართოების გამო დაიწყო რუსეთმა ტერიტორიების მიტაცება?

საერთოდ არ იყო ნატოში წევრობის განაცხადი გაკეთებული, როდესაც 1993 წელს სოხუმს პირდაპირ რუსული „სუებით“ ბომბავდნენ და რუსეთის რეგულარული ჯარები მონაწილეობდნენ სოხუმის ალყაში, რამაც განაპირობა საბოლოოდ ჩვენი რეგულარული ჯარების მარცხი ამ კონფლიქტში.

ამიტომ ვის თუ არა პრემიერს, უნდა სცოდნოდა და უნდა იცოდეს, რომ აქ ნატო კი არ არის შუაში, არის ჩვენი სუვერენული არჩევანი.

არჩევანი, რომლის გამოც რუსეთმა აწარმოვა სამი ომი საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალში, აფხაზეთში და ბოლოს – 2008 წელს.

ამ მოცემულობაში პუტინის პროპაგანდის განმეორება სხვა არაფერი არაა, თუ არა პუტინის ადვოკატობა და გამართლება ამ ომის, ამ აგრესიის.

რეალურად, როდესაც პუტინი ულტიმატუმს უყენებდა ნატოს, რომ მისი გაფართოება გამოიწვევდა ომებს, მისი სტრატეგიული მიზანი უკრაინის წინააღმდეგ ომში, კრახით დასრულდა.

იმიტომ, რომ ფინეთი, რომელსაც 1300 კილომეტრი აქვს საზღვარი რუსეთთან, გახდა ნატოს წევრი ისე, რომ მანამდე ჰქონდა ნეიტრალიტეტი გამოცხადებული. ამით შეიკრა წრე ბალტიის რეგიონის და შვედეთი, რომელიც იმედი მაქვს მალე გახდება ნატოს წევრი, შეკრავს რუსეთის ირგვლივ ნატოს წარმომადგენლობის სარტყელს.

აბსოლუტური სიყალბეა, რომ ნატო რაიმე საფრთხეს ქმნის რუსეთისთვის, იმიტომ, რომ ნატო იცავს თავის მოკავშირეებს სამხედრო აგრესიისგან. თურქეთი, რომელიც ნატოს წევრია, არ უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას საფრთხეს.

მთავარი პრობლემა, რის გამოც რუსეთი ნატოს გაფართოებას აღიქვამს საფრთხედ, არის გავლენების დაკარგვა.

რუსეთს სურს კვლავ დააწესოს გავლენის სფეროები, რასაც საერთაშორისო სამართალი კრძალავს და სუვერენიტეტის პრინციპი, არის მთავარი ამოსავალი წერტილი დასავლეთის ვესტფალიის ზავიდან მოყოლებული.

რუსეთმა, ჯერ მედვედევის პრეზიდენტობის დროს, უსაფრთხოების პაქტი შესთავაზა დასავლეთს, სადაც უარი მიიღო, მერე 2008 წლის ომი აწარმოვა. ეს იყო მისი მცდელობა, შეეჩერებინა სუვერენული არჩევანის შესაძლებლობა საქართველოსთვის და იმავდროულად დაესაჯა სამაგალითოდ საქართველო სუვერენული არჩევანისთვის, რომ მაგალითი მიეცა იგივე უკრაინისათვის, რომ იგივე მოელოდა მასაც.

აქ არის დაპირისპირება სუვერენიტეტის პრინციპს (რომელიც აღიარებულია სუვერენული დასავლეთის მხრიდან) და რუსეთის ამ რევიზიონისტული საგარეო პოლიტიკის შორის, რომელიც იმპერიალისტურ იდეებზე დგას და რომელსაც უნდა აღადგინოს რუსეთის იმპერია, იქნება ეს საბჭოთა კავშირის სახით თუ ახალი მოდელით. აქ არის ღირებულებითი დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის.

მე ჩემს სტუდენტებს, როდესაც ვესაუბრები რუსეთის აგრესიაზე საქართველოსა და უკრაინაში, ყოველთვის ვუხსნი, რის გამო დაიწყო რუსეთმა ეს ომი.

ეს არის სუვერენიტეტის შეზღუდვის მცდელობა და არა ნატოს გაფართოების საკითხი – გადაბრალება, რომ ნატოს გაფართოების გამო იწყებს რუსეთი ომს.

ნატოს გაფართოება, ფინეთის საკითხი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა რუსეთს არ უწარმოებია ომი ფინეთთან.

  • თქვენი აზრით, რუსეთის პოზიცია, საქართველოს ნატოში შესვლის სურვილზე, არის რუსეთის შიში ნატოს მიახლოებაზე თუ შეუქცევადი სურვილი და ოცნება საბჭოთა კავშირის აღდგენაზე?

რა თქმა უნდა, ოღონდ ეს არ არის საბჭოთა კავშირის აღდგენა კლასიკური გაგებით. ეს არის რუსეთის იმპერიალისტური იდეა, რომელიც სხვადასხვა ფორმით რეინკარნირდება.

პუტინის ეს ახალი რეინკარნაცია – მისი სურვილი არა კლასიკურად საბჭოთა კავშირის აღდგენაშია, არამედ რუსეთის დომინანტობაში საკუთარ მეზობლებზე, რუსეთის დომინანტობაში საერთაშორისო დღის წესრიგში, რომ მას ჰქონდეს კვლავ ისევ ის ძალა, რითაც ის კარნახობდა თავის დღის წესრიგს და თავის პირობებს მსოფლიოს.

  • ბოლოს მინდა გკითხოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ნატოს პოლიტიკურ კომუნიკეში საქართველოს შესახებ ჩანაწერი.

კომუნიკე არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ გვაქვს ნატოს უსაფრთხოების ათწლიანი კონცეფცია, რომელიც ნატოს მადრიდის სამიტზე მიიღეს და რომელიც არის სტრატეგია და ხედვა ნატოს განვითარების.

მეორეს მხრივ, არის ყოველწლიური, პოლიტიკური დეკლარაცია, სადაც ყოველწლიურად ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და განმეორება იმ გადაწყვეტილებების, რომელიც ნატოს მანამდე ჰქონდა.

თუ შეადარებთ ერთმანეთს ნატოს კომუნიკეებს, განსაკუთრებით 2015 წლიდან დღემდე, ნახავთ როგორც აღმასვლებს, ისე დაღმასვლებს ამ პოლიტიკის კუთხით.

მადრიდის სამიტზე, როდესაც საქართველოს პოლიტიკურ კომუნიკეში არ ჰქონდა სათანადო ადგილი დათმობილი, ეს იქნა ახსნილი იმით, რომ უსაფრთხოების სტრატეგიაში იყო საქართველოზე საუბარი.

მაგრამ წელს, როდესაც მხოლოდ სამიტია და დოკუმენტი არ იქნება მიღებული, იმიტომ, რომ ათწლიანი უკვე მიღებულია, საქართველოს მხარდამჭერი ჩანაწერის გარეშე, ეს არის სამწუხაროდ საქართველოს ნატოში წევრობის საბოტაჟირება, არა ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან, არამედ საქართველოს მთავრობის მიერ.

იმიტომ, რომ მთავრობებმა უნდა იმუშაონ პოლიტიკურ დეკლარაციაზე, საგარეო უწყებების მეშვეობით. ეს პროცესი არ ხდება ერთ დღეში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო არის მთავარი მაკოორდინირებელი უწყება, თუ რა გზავნილები უნდა იყოს ნატოს სამიტამდე, რა უნდა იყოს მოთხოვნები და რა უნდა იყოს შედეგი. ამაზე მიმდინარეობს მძლავრი აქტიური დიპლომატია, რომ მხარი დაგვიჭირონ დიდმა ქვეყნებმა, იმისათვის, რომ ტექსტში მოხვდეს ის, რაც სურს საქართველოს.

აი, ამ პროცესს მე ვერ ვხედავ, კითხვები მაქვს გაგზავნილი სამინისტროსთან, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არანაირი საჯარო ინფორმაცია, თუნდაც სადეპუტატო კითხვაზე პასუხი, არ არსებობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: