მთავარი,სიახლეები

საკონსტიტუციო არ განიხილავს სარჩელს C ჰეპატიტის მკურნალობაზე – რას ითხოვდა მოსარჩელე

29.05.2023 • 997
საკონსტიტუციო არ განიხილავს სარჩელს C ჰეპატიტის მკურნალობაზე – რას ითხოვდა მოსარჩელე

„კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებაში სარჩელის შესახებ, რომელიც C ჰეპატიტით მკურნალობას უკავშირდება იმ შემთხვევებში, როცა პაციენტი საქართველოშია, მაგრამ საქართველოს მოქალაქე არ არის.

ამ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს სახალხო დამცველმა 2022 წლის ოქტომბერში მიმართ და მისი დაჩქარებული წესით განხილვა ითხოვა.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომის შემდეგ გადაწყვიტა, რომ სარჩელი არსებითად არ განიხილოს. განსხვავებული მოსაზრება ორმა მოსამართლემ დააფიქსირა.

სახალხო დამცველი სარჩელში კონკრეტულ მოქალაქეებზე საუბრობს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები არ არიან, მათ შორისაა, მაგალითად, პალესტინის მოქალაქე, რომელიც საქართველოში თავშესაფრის მიღებას ითხოვდა.

„..სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ მას სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების პერიოდში, C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო გამოკვლევების სრული სპექტრის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ მსჯავრდებული დაავადებული იყო C ჰეპატიტის ვირუსით. მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულს ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევების სრული სპექტრი, არ განხორციელებულა მისი პროგრამით გათვალისწინებულ შემდგომ ეტაპზე მკურნალობის კომპონენტში ჩართვა,“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ სარჩელში.

სარჩელის მიხედვით, C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა საქართველოში კომპანია „გილიადის“ მხარდაჭერით ხორციელდება, რაც გულისხმობს C ჰეპატიტის სამკურნალოდ ახალი თაობის მედიკამენტების უსასყიდლოდ გადმოცემას. საქართველოს მთავრობასა და კომპანია „გილიადს“ შორის გაფორმებული მემორანდუმისა და მედიკამენტების ღირებულების გათვალისწინებით, პროგრამის განხორციელების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს მედიკამენტის უსაფრთხოება, მათ შორის, მისი საზღვრებს გარეთ გატანა.

დავის საგანი საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული დადგენილება გახდა „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, რომლის მიხედვითაც პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა გამორიცხავს პროგრამით სარგებლობიდან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირებს, საქართველოში შრომითი ბინადრობის უფლების მქონე უცხოელებს, ლტოლვილის სტატუსის, ჰუმანიტარული სტატუსის და დროებითი დაცვის სტატუსის მქონე პირებს, რაც დისკრიმინაციულ მოპყრობას განაპირობებს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით „დაცული თანასწორობის უფლების შეზღუდვას ადგილი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა…

მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პირები არ არიან სრულად მოკლებული შესაძლებლობას, ისარგებლონ C ჰეპატიტის პროგრამით და მათი, ისევე, როგორც პროგრამის სხვა ბენეფიციარების პროგრამაში მონაწილეობის ფარგლები, განსაზღვრულია „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტით. შესაბამისად, იმის განსაზღვრა, თუ რომელ პირთა კატეგორია ხვდება C ჰეპატიტის პროგრამით სარგებლობის მიღმა, შესაძლებელია, მხოლოდ მოსარჩელის მიერ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის სადავოდ ქცევის პირობებში. ამგვარად, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი დამოუკიდებლად არ წარმოადგენს ისეთ ნორმას, რომელიც იწვევს მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ პირთა დიფერენცირებას,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

ამ საქმეზე განსხვავებული მოსაზრება ორმა მოსამართლემ დააფიქსირა: ირინე იმერლიშვილმა და თეიმურაზ ტუღუშმა.

„…განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარემ სადავოდ გახადა სწორედ ის ნორმა, რომელიც ადგენს განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებისათვის, კერძოდ, მათ ანიჭებს C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უფლებას იმისდა მიუხედავად, ამავდროულად, განეკუთვნებიან თუ არა 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით დამტკიცებული „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ-ზ“ ქვეპუნქტებში მითითებულ რომელიმე სხვა კატეგორიას. ამგვარი უფლება კი, არ გააჩნია მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ პირთა ჯგუფს.

განსხვავებული აზრის ავტორთა პოზიციით, მოსარჩელე მხარის მიერ ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა არის სწორედ იმ უფლებააღმჭურველი სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე მსჯელობა, რომელიც უთანასწორო რეჟიმის საფუძველია. ამასთან, გამოკვეთილია აშკარა შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს შორის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად უნდა მიეღო №1684 კონსტიტუციური სარჩელი და არსებითი განხილვის ფორმატში შეეფასებინა სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით,“ – ვკითხულობთ მოსამართლეები განსხვავებულ მოსაზრებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: