Batumelebi | ტყვია აჭარაში გამოკვლეული ბავშვების 85%-ში – გაერომ ქვეყანას ტყვიის დეტექციის 4 აპარატი გადმოსცა ტყვია აჭარაში გამოკვლეული ბავშვების 85%-ში – გაერომ ქვეყანას ტყვიის დეტექციის 4 აპარატი გადმოსცა – Batumelebi
RU | GE  

ტყვია აჭარაში გამოკვლეული ბავშვების 85%-ში – გაერომ ქვეყანას ტყვიის დეტექციის 4 აპარატი გადმოსცა

ბოლო კვლევის შედეგებით, საქართველოში ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე ნორმას ათჯერ აღემატება. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი (85%) დაფიქსირდა აჭარაში მცხოვრებ ბავშვებს შორის. რის გამო არის ტყვის მსგავსი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში და განსაკუთრებით აჭარაში, ჯერჯერობით, შესწავლილი არ არის.

პრობლემის მოსაგვარებლად გაეროს ბავშვთა ფონდმა ეტაპობრივი სტრატეგია შეიმუშავა. პრობლემის აღმოჩენის შემდეგი ეტაპი მიზნად ისახავს ტყვიის წყაროებისა და გზების დადგენას.

2019 წელს გამოქვეყნებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის ფარგლებში აიღეს  2-7 წლის ასაკის ბავშვების 1 570 ვენური სისხლის ნიმუში. საქართველოში ბავშვების 41 პროცენტს სისხლში ტყვიის შემცველობის 5 მკგ/დლ-ზე მაღალი დონე აღმოაჩნდა, რაც დაახლოებით ათჯერ აღემატება განვითარებულ ქვეყნებში დადგენილ შემცველობას. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი (85%) დაფიქსირდა აჭარაში მცხოვრები ბავშვების სისხლში.

ამისთვის, 2020 წელს დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადაეცა ატომურ აბზორფციული სპექტომეტრი და სწრაფი დეტექციის ოთხი აპარატი – ლაბორატორიული დანადგარები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა სახის ნიმუშში (სისხლში, წყალში, საკვებში და ა. შ.) ტოქსიკური მეტალების შემცველობის განსასაზღვრად.

ლაბორატორიული მოწყობილობა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) და ესტონეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გაეროს ფონდმა შეიძინა.

ამირან გამყრელიძის თქმით, რომელიც ამ საკითხზე ბათუმში მიმდინარე კონფერენციას ესწრება, ოთხიდან ერთ-ერთი აპარატი სწორედ აჭარის ჯანდაცვას გადაეცემა: “2018 წელს, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, ჩვენ ჩავატარეთ მულტიინდიკატორული კლასტერული კვლევა, რომელშიც დამატებული იყო ტყვიის კომპონენტი და აღმოჩნდა, საქართველოში გვაქვს პრობლემა სისხლში ტყვიის მაღალი გავრცელებისა, ძირითადად ბავშვებში. ტყვია არის მძიმე მეტალი, რომელიც მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ბავშვის ჯანმრთელობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში. ამიტომ დაიწყო სწრაფი რეაგირება და შემდეგ შემუშავდა სახელმწიფო პროგრამა ტყვიაზე პასუხისა. პირველ ეტაპზე სახელმწიფო პროგრამა მოიცავდა მხოლოდ ამ დაზიანებული ჯგუფების ოჯახებში შესაბამის კვლევებს, შემდეგ ის გაფართოვდა და ყველა ბავშვი 2-7 წლამდე, რომელთანაც ექიმი მიიჩნევს, რომ საჭიროა კვლევა – იკვლევა. შედიან მათთან ოჯახებში და იკვლევენ ტყვიის წყაროებს, როგორია ტყვიის კონცენტრაცია… გაერომ გვაჩუქა ოთხი აპარატი, რომელთა საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ნივთიერებაში ტყვიის კვლევა. ერთს გადავცემთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის  აჭარის დეპარტამენტს და აჭარაშიც იქნება შესაძლებელი ამ კვლევების ჩატარების.

სტრატეგიის შემდგომი ფაზა გულისხმობს ტყვიის შემცველობის აღმოსაფხვრელად მთავრობის მიერ შემუშავებული ეროვნული რეაგირების გეგმის განხორციელების ხელშეწყობას, კერძოდ, გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით, 2020 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროგრამას განახორციელებს, რომელიც ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას უზრუნველყოფს“.

„საქართველოში ტყვიის წყაროების კვლევის და საპასუხო ღონისძიებების განხილვა, სწრაფი დეტექციის აპარატის დემონსტრირება“ – კონფერენცია ბათუმში ისევ გრძელდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან