მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორია პირველადი დახმარება ალკოჰოლით მოწამვლის დროს | ინტერვიუ ექიმთან

31.05.2023 • 2505
როგორია პირველადი დახმარება ალკოჰოლით მოწამვლის დროს | ინტერვიუ ექიმთან

სტატისტიკის თანახმად საქართველოში ალკოჰოლის მოხმარების დონე საკმაოდ მაღალია, ქვეყანაში მაღალია ალკოჰოლის რეგულარული მომხმარებლების რიცხვიც. STEPS ის ბოლო კვლევის თანახმად, ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარდა გამოკითხული მოსახლეობის 39 პროცენტი (58.9% კაცი, 20.7% ქალი), მძიმე ეპიზოდური სმის პროცენტული მაჩვენებელი კი 18.3 პროცენტია.

ალკოჰოლის ჭარბი მიღება ხშირად იწვევს ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას ანუ მოწამვლას, მძიმე ინტოქსიკაციის დროს კი შეიძლება განვითარდეს კომა და დადგეს ლეტალური შედეგი. „ბათუმელები“ ალკოჰოლით მოწამვლის ნიშნებსა და პირველად დახმარებაზე „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლევან ფსუტურს ესაუბრა. 

  • ბატონო ლევან, რა არის ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, რა მდგომარეობაშია ამ დროს პაციენტი?

ინტოქსიკაციად მიიჩნევა, თუ პაციენტთან გამოხატულია ღებინება, სითხის დეფიციტი და შეცვლილი ცნობიერება (ძილიანობა, სოპორი, კომა).

ამ დროს ღებინება, შეცვლილი ცნობიერების ფონზე, შეიძლება გართულდეს ასპირაციით, ანუ საკვები მასის სასუნთქ გზებში გადასვლით. დროული და ადეკვატური დახმარების გარეშე დგება ლეტალური გამოსავალი.

ბინის პირობებში პაციენტი უნდა მოთავსდეს მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. თავი უნდა მოვათავსოთ შემაღლებულ პოზიციაზე და არ უნდა იყოს გადაწეული უკან, რადგან ამ დროს იხსნება სასუნთქი გზები და იზრდება საკვები მასის სასუნთქი გზებში მოხვედრის ალბათობა. 

თუ პაციენტი ვერ იღებს საკვებს, სითხეს ღებინების გამო, გამოხატულია სითხის დეფიციტი, ჰიპოტენზია, აუცილებლად უნდა მიმართოთ კლინიკას.

ხშირად ინტოქსიკაცია ერევათ თრობაში , როდესაც გამოხატულია მხოლოდ ეიფორიის მდგომარეობა, გამოზარხოშების სინდრომში – თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა.

  • როგორ განვსაზღვროთ, ინტოქსიკაცია მსუბუქია თუ მძიმე?

მსუბუქი ინტოქსიკაციისას დროს პაციენტთან არ არის გამოხატული სითხის დეფიციტი, იღებს სითხეს და მას არ სჭირდება სითხეების ინტრავენური გადასხმა.

მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევაში კი გვაქვს ჰიპოვოლემიის სურათი, სითხის დეფიციტია ორგანიზმში. ასეთ დროს საჭიროა მივმართოთ კლინიკას სითხის ინტრავენურად შევსებისთვის და სხვა შესაძლო გართულებების შემთხვევაში დროული და ადეკვატური დახმარებისთვის

  • როგორია ამ დროს მკურნალობა?

 მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევაში ისაზღვრება გლუკოზის რაოდენობა სისხლში, ელექტროლიტები და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა (ალკოჰოლური კეტოაციდოზის გამოსარიცხად), ელექტროკარდიოგრამა. 

როდესაც პაციენტი ალკოჰოლის ქრონიკული მომხმარებელია და დეფიციტია B ჯგუფის ვიტამინების ორგანიზმში ( B ჯგუფის ვიტამინები აუცილებელია ალკოჰოლის მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტებისთვის) გლუკოზის ხსნარის ინფუზიამდე უნდა მოხდეს B1 ვიტამინის (თიამინის) ადმინისტრირება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ვერნიკეს ენცეფალოპათია [სიცოცხლისთვის სახიფათო სინდრომი, რომელიც ხასიათდება კლასიკური ტრიადით: ენცეფალოპათია, ოკულომოტორული დისფუნქცია, ატაქსია. მკურნალობის გარეშე იწვევს კომას და სიკვდილს]. 

  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რა რისკები შეიძლება არსებობდეს, როცა ალკოჰოლდამოკიდებული პაციენტი დიდხნიანი სმის შემდეგ წყვეტს დალევას

თუ პაციენტი ალკოჰოლის ქრონიკული მომხმარებელია, იღებს შეუწყვეტლად რამდენიმე დღე და ხშირად თვეობითაც, ასეთ შემთხვევაში ალკოჰოლის შეწყვეტის შემთხვევაში ვითარდება აბსტინენცია. ხშირად რთულდება გულყრით და მეორადად განვითარებული ტრავმით.

  • ასეთ დროს ალკოჰოლის მიღება შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს?

აბსტინენციის სინდრომის შემთხვევაში მკურნალობისთვის უმჯობესია მიმართონ ნარკოლოგს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მდგომარეობა გართულდეს გულყრით, დაცემის დროს მიიღოს ტრავმა და .. ალკოჰოლის მომხმარებლებში სიკვდილიანობა გამოწვეულია არა უშუალოდ მისი ტოქსიკური მოქმედებით, არამედ მეორადი ტრავმული დაზიანებებით. 

ასეთი პაციენტი უნდა მოთავსდეს სპეციალიზებულ კლინიკაში, მეთვალყურეობის ქვეშ და რამდენიმე დღის განმავლობაში ჩაუტარდეს შესაბამისი მკურნალობა. არსებობს შესაბამისი პროგრამაც [ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მკურნალობის პროგრამა].

არსებობს მითი, თუ დალევამდე ცხიმიან საკვებს მიიღებთ ეს ხელს უშლის ალკოჰოლის შეწოვას და სიმთვრალის განვითარებას. სინამდვილეში პირიქითაა, ცხიმიანი საკვების მიღება აადვილებს ალკოჰოლის შეწოვის პროცესს. 

  • რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ასეთ დროს უმოქმედობას და დახმარების დაგვიანებას?

მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევაში მოსალოდნელია ტრავმები, ასპირაცია. დროულად უნდა მოხდეს პაციენტის კლინიკაში გადაყვანა. დაკვირვება უნდა გაგრძელდეს კლინიკის და არა ბინის პირობებში.

ჯანმო: ალკოჰოლის მოხმარება 200-ზე მეტი დაავადების, დაზიანებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამომწვევი ფაქტორია. ალკოჰოლის მიღება დაკავშირებულია ჯანმრთელობის გაუარესების ისეთ რისკთან, როგორიცაა: ფსიქიკური და ქცევითი დარღვევები, მათ შორის ალკოჰოლზე დამოკიდებულება და ძირითადი არაგადამდები დაავადებები, როგორიცაა: ღვიძლის ციროზი, ზოგიერთი კიბო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: