მთავარი,სიახლეები

ეტლით მოსარგებლეები ახალ ბულვარში, პლაჟზე ვერ გავლენ – მერიის 15,8 მილიონიანი პროექტი

31.05.2023 • 1804
ეტლით მოსარგებლეები ახალ ბულვარში, პლაჟზე ვერ გავლენ – მერიის 15,8 მილიონიანი პროექტი

ბათუმის ახალ ბულვარში, დაახლოებით ერთკილომეტრიან მონაკვეთზე, მერია ნაპირდამცავ ნაგებობას ისე აშენებს, რომ ეტლით მოსარგებლე შშმ პირები პლაჟზე ვეღარ გავლენ. დღეს არსებული პროექტით აქ [აკვაპარკიდან პირსამდე მონაკვეთში] პლაჟზე ჩასასვლელად მხოლოდ კიბეები მოეწყობა. ამ პროექტისთვის კი, ქალაქის ბიუჯეტიდან 15,8 მილიონი ლარია გამოყოფილი.

რატომ არ არის გათვალისწინებული პროექტში პანდუსები სასეირნო ბილიკიდან პლაჟზე ჩასასვლელად და რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად? – ამ კითხვით ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მივმართეთ, რომელსაც ნაპირგამაგრებაზე ტენდერი აქვს გამოცხადებული. პროექტიც სამმართველოს დაკვეთით არის მომზადებული, თუმცა პასუხი კითხვაზე „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო.

„ტენდერი გამოცხადებულია და კომენტარს ტენდერის დასრულების შემდეგ გავაკეთებთ“ – მხოლოდ ეს გვითხრეს მერიის სამმართველოში.

ახალ ბულვარში სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენაზე ბათუმის მერიის სამმართველოს ტენდერი 15 831 978 ლარით აქვს გამოცხადებული; წინადადებების მიღება 2023 წლის 14 ივნისს დაიწყება და 19 ივნისს დასრულდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ნაპირგამაგრების ამ კონკრეტულ პროექტს არ იცნობს, მაგრამ „თუ კიბეები კეთდება, ესე იგი, პანდუსიც გაკეთდება, ამიტომ ეს შეიძლება დისკრიმინაციულიც კი იყოს, იმიტომ, რომ სხვას აქვს წვდომა პლაჟზე/ზღვაზე და შენ არ გაქვს, მით უმეტეს, ეს დღეს კეთდება.

დღეს არსებული სტანდარტებით შშმ პირებისთვის ნებისმიერი მისაწვდომობა უნდა გაიზარდოს,  იქნება ეს ინფრასტრუქტურა თუ სხვა. ამ კონკრეტულ ფაქტს აუცილებლად გავეცნობით და გამოვითხოვთ ინფორმაციას. მერიაში მოქმედებს შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო და საბჭოს სხდომაზეც აუცილებლად გავიტანთ ამ საკითხს, განვიხილავთ და მივაწვდით რეკომენდაციას. ჩვენ საბჭოს მეშვეობით მხოლოდ რეკომენდაციით შეგვიძლია მივმართოთ მერს.

რეაგირება აუცილებლად იქნება. მაინტერესებს, რატომ არ მოხდა შშმ პირთა უფლებების გათვალისწინება პროექტში – ეს უბრალოდ გამოეპარათ, თუ რამე სხვა მიზეზები აქვს ამ ყველაფერს. დეტალები ძალიან საინტერესოა, თუმცა პროექტირებისას, პირველ რიგში, პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო არსებული რეგულაციები, რაც სახელმწიფოს აქვს ამ კუთხით და ეს რეგულაციები მერიამ თავად უნდა დაიცვას“, – ამბობს თომა კაკაბაძე.

არაადაპტირებულია დამცავი ნაგებობის პლაჟზე ჩასასვლელები პირსიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე მონაკვეთშიც, სადაც ქვის ლოდებია დალაგებული. ამ მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 1,7 კილომეტრია და პლაჟზე ჩასასვლელად აქაც მხოლოდ კიბეებია მოწყობილი. ამ პროექტში სახელმწიფოს 52 მილიონი ლარი აქვს გადახდილი.

სანაპირო ზოლი სადაც ეტლით მოსარგებლე პლაჟზე ვერ გადის [აღნიშნული წითელი ხაზით] და ზოლი, სადაც მერიის პროექტით აღდგენილ სანაპიროზე ეტლით მოსარგებლეები პლაჟზე ვეღარ გავლენ [ვარდისფერი ხაზით. ამ მონაკვეთზე სამუშაოების დასაწყებად ტენდერი უკვე გამოცხადებულია]

ბათუმის ახალ ბულვართან შტორმის მიერ დანგრეული სანაპიროს თითქმის ერთკილომეტრიან ზოლს რკინის შპუნტებით გაამაგრებენ. აღადგენენ სასეირნო ბილიკსაც, შპუნტების ზედა ნაწილზე მოაწყობენ რკინა-ბეტონის სარტყელს, ხოლო ამ სარტყელზე – ტალღამრეკლს. პლაჟზე ჩასასვლელად კი, კიბეებს გააკეთებენ.

კიბე პლაჟზე ჩასასვლელად /  ნახაზები პროექტიდან

ვრცლად ამ თემაზე:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: