როგორ აშავებს აშშ-ში რუსული ქსელი საქართველოში მიმდინარე პროტესტს X-ზე

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიამ [DFRLab] გამოავლინა პლატფორმა X-ის [ყოფილი ტვიტერი] თითქმის ორმოცი საეჭვო ანგარიში, რომლებიც მონაწილეობდნენ საყოველთაოდ ცნობილი რუსული ოპერაცია Doppelganger-ის უახლეს განახლებაში. Doppelganger-ის ოპერაცია, რომელიც უწყვეტად ვითარდება, მოიცავს ახალი ამბების ავტორიტეტული ვებგვერდების ყალბი ვერსიების შექმნას, რათა შექმნას ყალბი სანდოობა ანტიუკრაინული ნარატივების გავრცელებისადმი. 

ამ ანგარიშების ქსელის სამიზნე აუდიტორია იყვნენ ამერიკელები, კერძოდ, ეს ანგარიშები პასუხებს უწერდნენ აშშ-ში რეგისტრირებულ სხვადასხვა მომხმარებელს. შინაარსი მიმართული იყო საქართველოში მიმდინარე ფართომასშტაბიანი პროტესტების დისკრედიტაციაზე“, – წერს DFRLab.

DFRLab არის ორგანიზაცია, რომელმაც დაიწყო დეზინფორმაციის შესწავლა სიცრუისა და ყალბი ამბების გამოვლენით, ადამიანის უფლებების დარღვევის დოკუმენტაციითა და ციფრული მდგრადობის გაძლიერებით.

ევროკავშირის დეზინფორმაციის კვლევის ლაბორატორია EU DisinfoLab-მა და Meta-მ [იგივე ფეისბუქი] პირველად Doppelganger-ის ოპერაცია აღმოაჩინეს 2022 წლის სექტემბერში. დეზინფორმაციასთან ბრძოლის ფრანგულმა სამთავრობო სააგენტო VIGINUM-მა, რუსეთს მიაწერა ოპერაცია, რომელსაც უწოდა „კომპლექსური და მუდმივი ონლაინ მანიპულირების კამპანია“. არსებული კვლევები აჩვენებს, რომ Doppelganger-ის ოპერაციის უპირველესი სამიზნე ევროპული და ამერიკული აუდიტორიაა. ოპერაციის სხვადასხვა განახლება DFRLab-მაც გამოავლინა.

DFRLab წერს, რომ ბოლო განახლებაში ოპერაცია უმიზნებს აშშ-ს აუდიტორიას, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების დისკრედიტაციის შემცველი შინაარსით:

მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა X არ არის დიდად პოპულარული საქართველოში, საერთაშორისო საზოგადოებამ ეს პლატფორმა გამოიყენა საქართველოში აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციებისთვის მხარდაჭერის გამოსახატად. გარდა ამისა, დემონსტრანტებისადმი მხარდაჭერის გამოსახატად, ასევე კანონისა და მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკის გასაზიარებლად X-ის პლატფორმას იყენებდნენ ოფიციალური პირები აშშ-დან, ასევე ევროპელი ოფიციალური პირები და ორგანიზაციები, რამაც X მნიშვნელოვან პლატფორმად აქცია ქართული პოლიტიკის კონტექსტში“.

კოლექტივმა @antibot4navalny პირველად გამოავლინა „პროკრემლისტი ბოტები“, რომლებიც სამიზნეში იღებდნენ აშშ-ს აუდიტორიას და ავრცელებდნენ შეთქმულების თეორიებს, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ შეერთებული შტატები იდგა ქართული საპროტესტო აქციების უკან. შემდეგ იდენტიფიცირებული ანგარიშები დაიბლოკა.

სოციალური მედიის მონიტორინგის ინსტრუმენტის, Meltwater Explore-ის გამოყენებით, DFRLab-მა ჩაატარა კამპანიასთან დაკავშირებული ანგარიშების გაფართოებული ძიება და გამოავლინა მონათესავე ქსელი, რომელიც შედგებოდა მინიმუმ ოცდაცხრამეტი მომხმარებლის ანგარიშისგან.

DFRLab: „…ქსელი მუშაობდა სხვადასხვა თემაზე, მაგრამ ბოლო დროს ფოკუსირებული იყო საქართველოში ანტირუსული და ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დისკრედიტაციაზე. ის ასევე დაკავებული იყო ანტიუკრაინული კონტენტის წარმოებითა და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კრიტიკით. ამ სტატიის წერისას ყველა იდენტიფიცირებული ანგარიში დაბლოკილია“.

სპეციალისტების განმარტებით, რამდენიმე ინდიკატორი მიანიშნებს, რომ ეს ანგარიშები Doppelganger-ის ოპერაციის ნაწილია, მათ შორის ისიც, რომ ყველა ანგარიში შეიქმნა 2024 წლის მაისში.

აღსანიშნავია, რომ მათ თაიმლაინზე არ ჰქონდათ პოსტები; არ ჰყავდათ გამომწერები და არც თავად ჰქონდათ სხვების გვერდები გამოწერილი. გარდა ამისა, ამ ანგარიშებს ავატარებად გამოყენებული ჰქონდათ საჯაროდ ხელმისაწვდომი სურათები, ძირითადად ცხოველებისა და მანქანების გამოსახულებით; ქსელი აქვეყნებდა პასუხებს სხვა X ანგარიშებზე, ხშირად რამდენიმე წუთის ინტერვალით, თითოეული ანგარიში წერდა დაახლოებით ორმოცდაათ პოსტს.

სქრინები იმ ანგარიშებისა, რომლებიც პოპულარიზაციას უწევენ hyehyenabro-ს პოსტს, აშშ-ში სხვადასხვა ანგარიშების პასუხებში. საკვანძო სიტყვები, რომლებიც გამოიყენება DFRLab-ის მიერ ანგარიშების იდენტიფიცირებისთვის, აღნიშნულია წითლად. (წყარო: DFRLab).

Doppelganger-ის ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია RRN პლატფორმა, რომელიც პირველად საფრანგეთის სამთავრობო სააგენტო VIGINUM-მა გამოავლინა. RRN შეიქმნა 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში და თავი შეინიღბა „დამოუკიდებელ მედიასაშუალებად, რომელიც აქვეყნებს „ფაქტებით შემოწმებულ ინფორმაციას“ ძირითადად უკრაინის ომზე.

„24 მაისს, RRN-ის X ანგარიშმა აპინა პოსტი, რომელიც აჩვენებს ვიდეო ინტერვიუს მიხეილ ჟღენტთან – ის საქართველოში ახალდაარსებული, რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიის – „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ გენერალური მდივანია.

ინტერვიუში ჟღენტი იმეორებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას აგენტების კანონის გამო ევროკომისარი დაემუქრა. კომისარმა 23 მაისს საჯაროდ უარყო ეს ბრალდება, თუმცა პოსტი 24 მაისსაც აპინული იყო.

 

1 მილიონი ლარი ბათუმის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციისთვის – ტენდერი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციოდ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ [კმდს] ტენდერი 1 მილიონი ლარით გამოაცხადა.

ტენდერს არ ახლავს პროექტი, თუმცა ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მიხედვით დაგეგმილია სხვადასხვა სამუშაოები, მათ შორის: „საერთო სამშენებლო სამუშაოები; ვიტრაჟები; ფასადის კონსერვაცია-რეაბილიტაცია; ტაძრის მოხატულობის რესტავრაცია“ .

ტენდერში წინადადებების მიღება იწყება 2024 წლის 16 ივნისს და 21 ივნისს დასრულდება.

სააგენტოს სატენდერო კომისიას სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ატვირთული აქვს ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო  კომისიის სხდომის ოქმი N17-1“.

ამ ოქმის ჩანაწერში აღნიშნულია, რომ „დაგეგმილია ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე ძეგლების – ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა“; საუბარია ამ მეჩეთების სარეაბილიტაციო პროექტზეც, თუმცა, კომისია ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ სატენდერო პირობებს საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციოდ ამტკიცებს.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო  კომისიის სხდომის ოქმი N17-1 – დან / წყარო: შესყიდვების პორტალი

მეჩეთების რეაბილიტაციაზე მორიგი ტენდერი სააგენტოს ცალკე აქვს გამოცხადებული 650 ათასი ლარით.

რაც შეეხება კმდს-ს სატენდერო კომისიის ოქმებს, როგორც ჩანს სააგენტოში ამ ოქმებს ისე აკოპირებენ, ცვლიან და აძლევენ დოკუმენტის სახეს, რომ არავინ ამოწმებს მასში რა წერია.

ასე იყო ადრე დაკოპირებული, და რა თქმა უნდა იყო არაზუსტი შინაარსის, ოქმები მეჩეთებთან დაკავშირებითაც. ამ შემთხვევაშიც ოქმების მიხედვით გამოდის, რომ სხდომის დღის წესრიგი იყო სხვა [რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ძეგლები], კომისიის წევრებმა კი გადაწყვეტილება სულ სხვა საკითხზე მიიღეს [მეჩეთებზე].

საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერს რომ დავუბრუნდეთ, აღსანიშნავია, რომ მთავარი მოთხოვნა პრეტენდენტის მიმართ არის ის, რომ „2019 წლის 1-ლი იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების დასრულებული საკულტო ან/და საფორტიფიკაციო სახეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება“.

ამასთან, „სამუშაოების განხორციელებაში აუცილებლად ჩართული უნდა იყოს რესტავრატორი, რომელსაც უნდა გააჩნდეს 2012 წლის 1-ლი იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში 3 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ქრისტიანული საკულტო ნაგებობის სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობის გამოცდილება“.

პირობის მიხედვით სამუშაოები 2025 წლის პირველ დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადას, ის უნდა იყოს „10 წელი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან. საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით“.

სატენდერო პირობებში არის ასეთი შენიშვნაც, რომ „2024 წლის 20 დეკემბრამდე შესრულებული უნდა იყოს არანაკლებ 500 000 ლარის სამუშაოები. 500 000 ლარზე მეტი სამუშაოების შესრულების შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელდება 2025 წლის ბიუჯეტიდან.“

ბოლო წლებში საკათედრო ტაძარში სარეაბილიტაციო სამუშაოები არაერთხელ ჩატარდა, მათ შორის – 2020 წელს.

იმავე 2020 წელს, როცა ტაძარში სამუშაოები უკვე მიმდინარეობდა, სააგენტომ საკათედრო ტაძრის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვაზე გამოაცხადა ტენდერი.

ამ ტენდერში „ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრმა“ გაიმარჯვა და მას პროექტში სააგენტომ ზუსტად 50 ათასი ლარი გადაუხადა. მიღება-ჩაბარების ოქმი კი, 2020 წლის 2 სექტემბერს გაფორმდა.

ZEG – Tbilisi Storytelling Festival – ანონსი

11 ივნისს, 13:00 საათზე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართება პრესკონფერენცია ZEG Tbilisi Storytelling Festival-თან დაკავშირებით.

ZEG Tbilisi Storytelling Festival – ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში, რომელიც Impact Hub Tbilisi-სა და Coda Story-ის მიერ 2019 წელს დაარსდა. წელს ფესტივალი 21-23 ივნისს ჩატარდება და მოიცავს პანელურ დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, საგანმანათლებლო ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს. ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის 100-ზე მეტ წამყვან პროფესიონალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: თიბისი კონცეპტი, Visa, საქართველოში აშშ-ს საელჩო, რადიო თავისუფლება, IFPIM, სტრატეგიის და განვითარების ცენტრი CSD, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, IREX, Setanta Sports, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ROOMS, MARGO, Honore, Jujuna, Windfor’s.

ბილეთები: tkt.ge/ZEG

დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ: Webpage,  LinkedIn, Twitter, Facebook, Instagram, Youtube

სიახლეებისთვის, გამოიწერე ჩვენი ნიუსლეთერი: https://www.zegfest.com/sign-up                    

მისამართი: მარჯანიშვილის ქ. #7, IV სართული.

ბოდიში გენდერული დისკრიმინაციის გამო – სასამართლო მორიგებით დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგებით დასრულდა დავა უფლებადამცველ, უსინათლოთა კავშირის წევრ ესმა გუმბერიძესა და უსინათლოთა კავშირის მესამე ფილიალის ხელმძღვანელს, ირმა ჩიხლაძეს შორის.

ირმა ჩიხლაძემ, რომელსაც ესმა გუმბერიძემ გენდერული დისკრიმინაციისა და შევიწროებისთვის უჩივლა, ბოდიში მოიხადა:

„მე, ირმა ჩიხლაძე ბოდიშს ვუხდი ესმა გუმბერიძეს, მის მიმართ, ჩემი მხრიდან სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გაკეთებული არაკორექტული კომენტარის გამო, რამაც გამოიწვია ესმა გუმბერიძის დამცირება და ღირსების შელახვა. ვადასტურებ, რომ მე წინასწარ განსაზღვრული შეურაცხყოფის მიყენების მიზანი არ მქონია, ვიაზრებ ჩემი ქმედების უმართლობას და ვაღიარებ, რომ მეტი თავშეკავება მომეთხოვებოდა“.

2022 წლის ივლისში ესმა გუმბერიძეს ირმა ჩიხლაძემ შშმ პირთა ჯგუფში კრიტიკული მოსაზრებების გამო შემდეგი კომენტარი დაუწერა – „გათხოვდი, თორემ ხომ ხედავ, ტვინში გირტყამს ქიმია“. ესმა გუმბერიძემ მაშინ განაცხადა, რომ მსგავსი კომენტარი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე მიუთითებდა.

დავა სასამართლოში დაახლოებით ორ წელს გაგრძელდა.

ამავე თემაზე: „გათხოვდი, ქიმია გირტყამს“ – უსინათლოთა კავშირის წევრის დისკრიმინაციული მიმართვა

 

ქაოსური განაშენიანება, არაადაპტირებული გარემო, ნიჰილიზმი – რა აწუხებთ მოქალაქეებს ბათუმში | „ჩაერთე მართვაში“

„ჩაერთე მართვაში“ საინფორმაციო კამპანიაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ინფორმირებას, რათა მათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში. კამპანიის ფარგლებში კლუბები სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში,  ბათუმში, ჩოხატაურში, მარნეულსა და დმანისში შეიქმნა.

ბათუმის კლუბში 15 აქტიური ახალგაზრდა ჩაერთო, რომლებმაც 2024 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში დაგეგმეს და განახორციელეს ადვოკატირების კამპანიები ისეთ თემებზე, როგორიცაა: ადგილობრივი მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირება საინფორმაციო შეხვედრებისა და საჭიროებების კითხვარის წარმოების გზით, შშმ პირებისთვის ბათუმის ქუჩების ხელმისაწვდომობის მონიტორინგი და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების დაინტერესების ნაკლებობის გამომწვევი ფაქტორების მოკვლევა.

ბათუმის კლუბის წევრები

კლუბის წევრებმა მონაწილეობითი მექანიზმებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობაზე საინფორმაციო შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ჯგუფებთან, მათ შორის: სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან, ხანდაზმულებთან, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებთან. ამასთან, განახორციელეს საველე აქტივობები მონიტორინგისა და საინფორმაციო ბროშურების გავრცელების მიზნით, რომელშიც 250-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო.

მათე, ლარა და დიანა სხვადასხვა კლუბებში იყვნენ განაწილებულები და იკვლევდნენ სოციალურად მნიშვნელოვან საკითხებს.

მათე კონჯარია ჯგუფელებთან ერთად მოქალაქეთა საჭიროებებს იკვლევდა. მან კლუბის შესახებ ინტერნეტით გაიგო, შეავსო მონაწილეობის ფორმა, სამოტივაციო წერილიც დაწერა და სხვა შერჩეულებთან ერთად შეუერთდა „ჩაერთე მართვაში“ კლუბს. მისი თქმით სამუშაო თემები ჯგუფური განხილვის შედეგად შეარჩიეს, გაიარეს კონსულტაციები და შეუდგნენ საქმიანობას:

„ჩვენს ინიციატივას ერქვა – „შენი ხედვა – ჩვენი ხმა“ და მის ფარგლებში შევხვდით სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს, გავაცანით მათ ინფორმაცია, თუ როგორ ჩაერთონ სხვადასხვა გზით ქალაქის მართვაში. მეორეს მხრივ ჩავატარეთ როგორც ონლაინ, ისე პირისპირ გამოკითხვა, თუ რა პრობლემები, რა საჭიროებები აქვს მოსახლეობას და რა არის ის ძირითადი გამოწვევები, რაზეც ფიქრობენ, რომ საჭიროა ადგილობრივი ხელისუფლების რეაგირება.

მოკვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს აწუხებთ ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები, მათ შორის: პარკინგის, საცობის საკითხები, მუნიციპალური ტრანსპორტი, ქაოსური მშენებლობები და სხვა.

ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ყველა ჯგუფი იყოს ჩართული მართვაში, რათა ერთად შევქმნათ ინკლუზიური გარემო. ჩვენ ვცხოვრობთ წარმომადგენლობითი დემოკრატიის პირობებში, სადაც მნიშვნელოვანია საზოგადოების ყველა ნაწილი იყო ჩართული მართვის პროცესში”.

მათე კონჯარია

მათე ფიქრობს, რომ რუსულ კანონის მიღების ფონზე მსგავსი ჩართულობის მიღწევა რთული იქნება.

„კანონის მიღების გამო, სავარაუდოდ, მოსახლეობის მმართველობაში ჩართულობა, რაც ისეც პრობლემურია, შემცირდება.

მინდა აღვნიშნო, რომ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა არის ამერიკელი ხალხისგან და უშუალოდ ამერიკის მთავრობამაც და საელჩომაც აღნიშნა, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ შემცირდება დაფინანსებები. ბათუმის მერიის, პარლამენტის საიტების დამზადება დაფინანსებულია USAID-ის მიერ და ამით შეგვიძლია შევაფასოთ რა დონის დახმარებაზეა საუბარი და როგორ აისახება ამ მხარდაჭერის დაკარგვა თითოეულ მოსახლეზე” – ამბობს მათე კონჯარია.

ლარა ქარცივაძემ კლუბელებთან ერთად გამოიკვლია ბათუმის 5 ქუჩის მდგომარეობა, შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობის ნაწილში. 

„ძირითადი პრობლემა, რაც გამოიკვეთა, იყო ტროტუარზე გაჩერებული მანქანები, ეს ქმნის დიდ ბარიერს ეტლით მოსარგებლე, შშმ ადამიანებისთვის.

ასევე, ტროტუარები არ არის ადაპტირებული ისე, რომ მასზე ასვლა ეტლით მარტივად შეძლო.

ტაქტილური ბილიკები უსინათლო ადამიანებისთვის დაზიანებული და გაუმართავია. ამგვარი არაინკლუზიური გარემო ბარიერებს ქმნის არა მხოლოდ შშმ პირებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ბავშვთან ერთად ეტლით გადაადგილდება, ასევე – ქვეითად მოსიარულეებისთვისაც.

ლარა ქარცივაძე

მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ რუსული კანონი მიიღო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში შშმ პირთა ორგანიზაციები წყვეტენ მუშაობას. შესაბამისად, ეს შექმნის ბარიერს სამომავლოდ მოქალაქეების ჩართულობის კუთხით. ჩვენი კლუბიც დასავლური გრანტებით არსებობს და იმ მოტივით შეიქმნა, რომ მოქალაქეებმა წვლილი შეიტანონ ინფრასტრუქტურული და არამარტო საკითხების მოგვარებაში.

ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გაგზავნილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და ველოდებით პასუხს. მათი მხრიდან სურვილის შემთხვევაში, მზად ვართ ვითანამშრომლოთ. ასევე მზადდება ვიდეო ადაპტირებული ტრანსპორტის შესახებ, რომელიც მიმართულია სწორედ არაადაპტირებული გარემოს გამოწვევებზე ცნობიერების ასამაღლებლად” – ამბობს ლარა ქარცივაძე.

დიანა ფუტკარაძე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ნაკლებობას იკვლევდა:

„ჩვენი კვლევა ეხებოდა 17-29 წლის ახალგაზრდებს. ძირითადად გამოვკითხეთ სტუდენტები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყვნენ მართვაში ჩართულები და რა ტიპის მექანიზმებს იყენებდნენ. გამოკითხულთა 91%-მა თქვა, რომ აქამდე არასდროს მიუღია მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვისაც არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ როგორ ჩართულიყვნენ მართვის პროცესში.

დიანა ფუტკარაძე

კვლევის შემდეგ ჩვენ ჩავატარეთ  შეხვედრები უშუალოდ სტუდენტებთან და გავაცანით მათ ინფორმაცია მონაწილეობითი მექანიზმებისა და ფორმების შესახებ. მათ გამოხატეს სურვილი უფრო მეტი გაეგოთ ამ თემებზე, ჰქონოდათ შემეცნებითი და სახალისო შეხვედრები და ღონისძიებები.

სამწუხაროდ, რუსული კანონის მიღებამ ხელი შეგვიშალა შემდგომი ნაბიჯების გადადგმაში, რაც გულისხმობს არასამთავრობოებთან, სახელმწიფოსთან შეხვედრებს და რეკომენდაციების მომზადებას. სწორედ არასამთავროები გვაძლევენ იმ სახის ცოდნას, რასაც წესით სახელმწიფო უნდა გვაძლევდეს, თუ როგორ ვიყოთ აქტიური მოქალაქე და ჩავერთოთ პროცესებში.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფონზე ახალგაზრდების დიდი ნაწილი მოტივირებულია, რომ წავიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს თავისი პოზიცია” – ამბობს დიანა ფუტკარაძე.

„ჩაერთე მართვაში“ კამპანიის ფარგლებში შექმნილი კლუბების მონაწილეებმა შეიძინეს მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება იმისთვის, რომ მომავალში მარტივად გადაჭრან და უპასუხონ ადგილობრივი მნიშვნელობის გამოწვევებს, მოიზიდონ თანამოაზრეები, განახორციელონ ადვოკატირების კამპანია, ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და იყვნენ გადაწყვეტილებების მიღების თანამონაწილეები.

 

„მე და ევროპა“ – დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია ბათუმში

დღეს, 10 ივნისს, ბათუმში „მედიის განვითარების ფონდი“ [MDF]  დოკუმენტური ფილმის „მე და ევროპას“ ჩვენება – დისკუსიას გამართავს.

დისკუსიაში სცენარისტი ქეთი დევდარიანი მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრა სასტუმრო „რუმსში“ [ გოგებაშვილის #10] 16 საათზე დაიწყება.

„გიორგი ქველიძის დოკუმენტური ფილმი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა, საქართველოს 4  რეგიონში: კახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და იმერეთში გადაღებულ ოთხ ამბავს აერთიანებს და ევროპასთან საქართველოს საერთო ღირებულებებზე – მრავალფეროვნებაზე, თანასწორობაზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე – 4 ადამიანის პერსპექტივიდან მოგვითხრობს.

კახეთის სოფელ უდაბნოში მეცხვარე და მზარეული ირაკლი გვიყვება, თუ როგორ შეუძლია მრავალფეროვან საზოგადოებას ჩვენი ცხოვრების გამდიდრება. რაჭაში თენგიზი, რადიომიმღებების საკუთარი კოლექციით, საზღვრებს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. გურიაში ვეცნობით ლანჩხუთის გოგონათა საფეხბურთო კლუბს, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება პირველად შეძლო და რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს. იმერეთში ჩვენ ვხვდებით აქტიურ მოქალაქეებს, აკაკის და ლეონორს, რომლებიც ახალგაზრდებთან ერთად ჩვენს საზოგადოებაში ცხოვრების „მწვანე“ წესის დასამკვიდრებლად და უკეთესი მომავლის შესაქმნელად მუშაობენ,“ – აღნიშნულია „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

___________________

ფოტოზე: ქეთი დევდარიანი. კადრი „ფორმულას“ ეთერიდან. 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 519 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190]
  • ტანკი – 7 879 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 15 144 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 13 644 ერთეული [+51]
  • MLRS – 1 098 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 837 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 358 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 010 ერთეული [+28]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 278 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 18 618 ერთეული [+56]
  • სპეცტექნიკა – 2 267 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 611 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 25 514 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 528 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 308 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 331 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 302 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 413 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთში პირველად განადგურდა SU-57 – უკრაინის დაზვერვა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

შესაძლოა მეწყრული პროცესები გააქტიურდეს – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

სააგენტოს ცნობით, დღეს, 9 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან და ასევე, ხვალ, 10 ივნისს, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს – საფრთხის დონე საშუალო“ – იუწყება სააგენტო.

ამავე თემაზე: როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

რუსული კანონის მხარდამჭერ „ოცნების“ დეპუტატ ზარქუას მონა უწოდეს

„თქვენ ხართ მოღალატე და მონა“ – ასე მიმართეს მოქალაქეებმა რუსული კანონის მხარდამჭერ, „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას – ვიდეო დღეს, 9 ივნისს, ფეისბუქზე გავრცელდა.

„ამიხსენი, რატომ?“ – ჰკითხა ზარქუამ მოქალაქეს.

„იმიტომ, რომ თქვენ რუსეთს აბარებთ ქვეყანას, აი, მაგიტომ, სირცხვილი, გრცხვენოდეთ! თქვენ ასე ვერ უნდა დადიოდეთ ქუჩაში, იმიტომ რომ მოღალატე ხართ სამშობლოსი“ – ასე უპასუხა მას მოქალაქემ.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ მომხდარს ზარქუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაეხმაურა. მისი თქმით, მოქალაქემ კადრების ის ნაწილი გამოაქვეყნა, რაც ყველაფერს არ ასახავს და აღნიშნული მოქალაქე „რადიკალ-ნაც-აქტივისტია“, რომელიც „თანამზრახველთან ერთად სპეციალურად ამ საქმისთვის იყო მოსული“. ზარქუამ მომხდარს „ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხტომა“ უწოდა. 

ზარქუა რუსული კანონის მხარდამჭერი ერთადერთი დეპუტატი არ არის, ვისაც მოქალაქეებმა საჯარო სივრცეში უწოდეს მონა. მონა უწოდეს მოქალაქეებმა დეპუტატებს: ელისო ბოლქვაძეს, ზურა ხაჩიძეს და ვიქტორ სანიკიძეს.

მონა უწოდეს ბათუმში ჩამოსულ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესაც.

„ქართულმა ოცნებამ“ მაისის ბოლოს მიიღო რუსული კანონი, რომელიც ქვეყანაში გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა დიქტატურა.

ევროკავშირის სახელმწიფოები ამბობენ, რომ თუ ეს კანონი საბოლოოდ შევა ძალაში, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება, გარდა ამისა, შესაძლოა, შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა და ქვეყანამ დაკარგოს არაერთი სხვა სარგებელი, რასაც ევროპისგან იღებს.

რუსული კანონის მიღების თითქმის ორთვიან საკანონმდებლო პროცესს თან ახლდა ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები. მედიები და სამოქალაქო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ისინი არ დაემორჩილებიან რუსულ კანონს.

ამავე თემაზე: 

„ფორთოხალი პრობლემა არ არის, თქვენ მომავალი წაგვართვით“ – რა უთხრეს დეპუტატს მაღაზიაში

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 ივნისის 21 საათიდან 10 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში პერიოდულად ელჭექის ხასიათის წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 11-12 ივნისს მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 518 560 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270]
  • ტანკი – 7 869 ერთეული [+26]
  • ჯავშანტექნიკა – 15 131 ერთეული [+26]
  • საარტილერიო სისტემა – 13 593 ერთეული [+60]
  • MLRS – 1 097 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 836 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 357 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 982 ერთეული [+37]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 277 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 18 562 ერთეული [+78]
  • სპეცტექნიკა – 2 253 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 610 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 25 463 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 528 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 304 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 331 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 240 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 387 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინული დრონების თავდასხმა პირველად დაფიქსირდა ჩრდილოეთ ოსეთში

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმის პორტში ხანძარი გაჩნდა

ხანძარი გაჩნდა დღეს, 8 ივნისს, საღამოს, ბათუმის პორტში.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო სამსახური.

ბათუმის სახანძრო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ იწვოდა საწყობის სახურავი. შენობაში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამჟამად მეხანძრეები ხანძრის კერასთან მუშაობენ, თუმცა ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ხანძარი ლიკვიდრებულია. ფოტო: „ბათუმელები“/ცაგო კახაბერიძე

 

რუსეთში თავს დაესხნენ კუპიანსკის კოლაბორანტ მერს – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთში თავს დაესხნენ კუპიანსკის კოლაბორანტ მერს, გენადი მაცეგორას.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით:

„2024 წლის 7 ივნისს, რუსეთში, ქალაქ სტარი ოსკოლში, განხორციელდა თავდასხმა უკრაინის მოღალატე გენადი მაცეგორაზე, რომელსაც ეჭირა კუპიანსკის მერის თანამდებობა ხარკოვის რეგიონში. უკრაინელი ხალხის მოღალატის მდგომარეობა კრიტიკულია“ – იუწყება უკრაინის დაზვერვა.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, მაცეგორა ნებაყოფლობით დათანხმდა სრულ თანამშრომლობას რუს დამპყრობლებთან. კერძოდ, 2022 წლის ივნისში მან ხელი მოაწერა ე.წ. ოქმს საოკუპაციო ხარკოვის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ და ამის შესახებ მან საჯაროდ განაცხადა. კუპიანსკის გათავისუფლების შემდეგ კი იგი რუსებთან ერთად გაიქცა ბელგოროდის რეგიონში.

_____________

ფოტო: უკრაინის დაზვერვა/ტელეგრამი

„ვწყვეტ ჩემს პროექტს“ – კომპიუტერული ინჟინერიის მკვლევარი რუსული კანონის გავლენაზე

„წელიწადში 250 გოგო იღებს ტექნოლოგიურ განათლებას და მონაწილეა ისეთი საერთაშორისო პროექტების, სადაც 60 ქვეყანაა წარმოდგენილი. აი, ასეთი ძალიან ბევრი პროექტი გაჩერდება. მეც ვეღარ გავაგრძელებ ამ პროექტებს, რადგან არავინ აპირებს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი დაიწეროს“- ამბობს ნანა დიხამინჯია, კომპიუტერული ინჟინერიის მკვლევარი, რომელიც ამ დროისთვის სან-ფრანცისკოში, სილიკონის ველზე მუშაობს.

„ბათუმელების“ ნანა დიხამინჯიას განათლებაზე რუსული კანონით გამოწვეულ ნეგატიურ გავლენებზე ესაუბრა. 

  • ქალბატონო ნანა, როგორც ვიცით, დასავლეთის დახმარებით ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტები ხორციელდება სკოლებსა და უნივერსიტეტებში. რა ელოდება ამ ყველაფერს რუსული კანონის ამოქმედების პირობებში?

რა თქმა უნდა, განათლების სფეროს პირდაპირ საფრთხეს უქმნის ეს კანონი რამდენიმე მიმართულებით. 

პირველი ის, რომ განათლების სფეროში ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება ევროპული და ამერიკული დაფინანსებით და ევროპა ჯერ კიდევ განიხილავს, რა ზომები უნდა მიიღოს „ქართული ოცნების“ არა მარტო ანტიდემოკრატიული კანონის, არამედ მთავრობის მოქმედებების გამო, იმ ლანძღვა-გინების გამო, რაც გვესმის დასავლეთის მიმართ. ამერიკისგან პირდაპირ მივიღეთ გზავნილი. ამ ეტაპზე მხოლოდ ნაწილობრივ დაასანქცირეს დეპუტატები იმიტომ, რომ ჯერ კიდევ აქვს ამერიკას იმედი, რომ გამოჩნდებიან შედარებით გონიერი ადამიანები ამ დეპუტატებს შორის და უარს იტყვიან ამ კანონზე. 

მათ ასევე გვითხრეს, რომ თუ კანონი შევა მოქმედებაში, ეს 390 მილიონიანი დახმარება, რომელიც გათვალისწინებული ჰქონდათ საქართველოსთვის, აუცილებლად გაჩერდება, რაც იმას ნიშნავს, რომ USAID-ის პროექტები ვეღარ განხორციელდება. 

მიმდინარე პროექტებიდან, რომელიც პირდაპირ ეხება მოსახლეობის კეთილდღეობას, შესაძლოა ყველა ერთად არ გაჩერდეს, მაგრამ მდგრადობის რისკის დასაზღვევად ხომ გვჭირდება ახალ პროექტებზე მუშაობა, არა?! ამიტომ, აი, ეს შემდგომი პროექტები აღარ შემოვა ქვეყანაში. 

უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ამ სანქციების გამო ეს პოლიტიკოსები არაფერს შეცვლიან, შემდეგი ხუთი თვე, ფაქტობრივად, დაკარგული დრო იქნება და თუ არჩევნების შემდეგ ევროპული მთავრობა მოვა ქვეყანაში, პროექტების აღდგენას დიდი დრო დასჭირდება. 

რეალურად, სახელმწიფო დაახლოებით 6 თვეს კარგავს საგრანტო აპლიკაციებისთვის. 

მეორე მიმართულება ეს არის პირადი ინფორმაციის დაცვა. მთელი რიგი სოციალური მეცნიერებების, ფსიქოლოგიის და ასე შემდეგ კვლევები, ხორციელდება ისე, რომ დაცულია რესპონდენტის ანონიმურობა და ეს კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული. რუსული კანონი აბსოლუტურად არანაირ დაცვას არ იძლევა, იმიტომ, რომ არის სრულიად ბლანკეტური ჩანაწერი, რომლის საშუალებითაც არ არის დაცული პირადი ინფორმაცია. 

მაგალითად, თუ „სენი“ [კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი] გადაწყვეტს, რომ დარეგისტრირდეს უცხო ქვეყნის გავლენის რეესტრში, იცით, რომ მას კლუბები აქვს სკოლებში და ამ შემთხვევაში სახელმწიფო მიადგება მოსწავლეებს და მოსთხოვს პირად ინფორმაციას. 

ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს უფლება ექნება წაიღოს მოსწავლის კომპიუტერი და ტელეფონი და დაათვალიეროს. იმ შემთხვევაში, თუ უარს ეტყვი, დაგაჯარიმებს, შემდეგ მეორედ დაგაჯარიმებს და ამას, რა თქმა უნდა, ვერავინ გაუძლებს. 

  • ბავშვის უფლებებს ხომ კანონი იცავს. გამოდის ყველა კანონის უგულებელყოფა მოხდება?

კი, იმიტომ, რომ ეს პროცესი არ რეგულირდება არაფრით. 

გასაჩივრების მექანიზმი არ გაქვს, დასაბუთება არ მოეთხოვება იუსტიციას, ნებისმიერს შეიძლება მიადგნენ და ასაკიც არ არის განსაზღვრული. 

გაერომ დასკვნა რომ დადო საქართველოში ბავშვთა უფლებებზე, ერთ-ერი აბზაცი ამ კანონს დაუთმო და თქვა, რომ ეს ძალიან დამაზიანებელი იქნება ბავშვთა უფლებების მიმართულებებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ხოლო მეორე, რაც ამ ორგანიზაციებისგან გავარკვიე, არის ის, რომ ბავშვთა პირადი მონაცემები სხვა კანონით არის დაცული და ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს რაღაც ჭიდაობა თითოეულ ქეისზე, რაც სრულიად წარმოუდგენელი ამბავია.

მესამე ფაქტორი, თუ რატომ არის ქართული განათლება საფრთხეში ამ კანონის მიღების გამო, არის ის, რომ ქართული განათლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მარტო დაფინანსება კი არა, გამოცდილების და ცოდნის გაზიარებაა, რადგან მაგალითად, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის სფეროში უმნიშვნელოვანესია ასეთი თანამშრომლობა, განსაკუთრებით აშშ-თან, რადგან რამდენიმე წელია სილიკონის ველზე, ტექნოლოგიურ კომპანიებთან ვმუშაობთ მე და ჩემი მეგობრები და ვცდილობთ სან-ფრანცისკოში საკონსულოსთან ან „ჯიტასთან“ [საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო] ვითანამშრომლოთ, რომ იქაური გამოცდილება როგორმე შემოვიტანოთ საქართველოში. 

ვთქვათ სახელმწიფომ უზრუნველყო ის რესურსები, რასაც ისინი გვაძლევდნენ, არ ვიცი რამდენი იყო ეს დაფინანსება, წელიწადში ალბათ ნახევარი მილიარდი? თუმცა, რომც გამოყონ ეს თანხები, არავინ ვითანამშრომლებთ ასეთ სახელმწიფოსთან, იმიტომ, რომ აქ არავინ გახსნის ციფრული ტექნოლოგიის ცენტრებს, ფილიალებს, როგორც კი ეს კანონი რეალურად შევა ძალაში. 

ჩანაწერში მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოებაა დაცული, კორპორაციული და კომერციული საიდუმლოც კი არ არის გამონაკლისი და ამას ძალიან მკაცრად უყურებენ დიდი ტექნოლოგიური კომპანიები. ამ კომპანიებთან ასე მარტივი არ არის მოლაპარაკებები. იმისთვის, რომ რაღაც პატარა ძვრა დაიწყოს, მთელი რიგი პროცესებია საჭირო და ასეთი კანონის პირობებში ჩვენთან არავინ ითანამშრომლებს. 

ამიტომ ეს არის მესამე ფაქტორი, რის გამოც საფრთხე შეექმნება ამ პროექტებს. 

მაგალითად, ესტონეთმა განაცხადა უკვე, რომ აღარ ითანამშრომლებს ამ კანონის გამო საქართველოსთან, რაც სტარტაპებისთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება. 

ესტონეთს ძალიან კარგად ესმის რუსული კანონის საფრთხეები და იმედი მაქვს, იმ უამრავ საჯარო მოხელესაც, რომლებიც სხვადასხვა ინსტიტუციებში, სიპებში დაუღალავად მუშაობდნენ იმისათვის, რომ ეს თანამშრომლობები შეექმნათ და გაეღვივებინათ დასავლეთთან. 

ყველა საჯარო მოხელე „ოცნების“ დეპუტატი და ბიძინას მონა-მორჩილი ხომ არ არის. 

ამ ყველაფერს, ერთი ხელის მოსმით ყრის „ოცნება“, რაც სრულიად გაუგებარია. 

თუ არ ჩავთვლი იმას, რომ ეს არის რუსეთისკენ ჩვენი წათრევის მექანიზმი, სრულიად არალოგიკური ქცევაა, რადგან ერთ მხარესაა განვითარების უზარმაზარი შესაძლებლობები და მეორე მხარეს რაღაც „გამჭვირვალობა“, რომელიც ისედაც არსებობს, რადგან ყველა იხდის გადასახადებს, ყველა ჩართულია საპენსიო სქემაში და ასე შემდეგ.

  • ჩვენ წლებია გვესმის, რომ სახელმწიფოს არ აქვს საკმარისი ფინანსები განათლებისთვის, ვერ აფინანსებს მეცნიერებას, კვლევებს. ამ ფონზე კი რუსული კანონით ფაქტობრივად ვკარგავთ ყველაფერს. არის რისკი რომ სრულიად ჩამოიშალოს საგანმანათლებლო სისტემა? 

 რა თქმა უნდა. და როცა ჩაეკითხები რისი მიზეზით ხდება ეს ყველაფერი, გელაპარაკებიან ვიღაც ჰიპოთეტურ ორგანიზაციაზე, რომელიც თურმე გეგმავს გადატრიალებას. მე ვერ დავიჯერებ, რომ ამ ქვეყანაში რომელიმე ამომრჩეველი ასეთი სულელია, რომ დაიჯეროს ეს ყველაფერი. 

თუ ასეა, სად არის გამოძიება? რას ნიშნავს სხვა ქვეყნის ელჩის ან სხვა ქვეყნის ორგანიზაციების დადანაშაულება იმ დროს, როცა რუსეთი გვერდზე გვყავს და ის მტერია. 

  • როგორც ვიცით, „ოცნებამ“ კიდევ ერთი ანტიდემოკრატიული კანონპროექტი დაარეგისტრირა პარლამენტში, რომელიც ე.წ ლგბტ პროპაგანდას შეეხება და ასევე ითვალისწინებს ხელოვნების სფეროში ცენზურასაც. თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე? 

ეს საერთოდ წარმოუდგენელი რაღაცაა, იმიტომ, რომ თუ წინა კანონზე იყო მსჯელობა – არის თუ არა ეს კანონი ნამდვილად რუსული, ამ შემთხვევაში სამტკიცებელიც კი არ არის არაფერი, რადგან პირდაპირ რუსეთის და უნგრეთის კანონებიდან არის გადმოწერილი შინაარსობრივად. 

2022 წლის პარლამენტის გენდერული საბჭოს განცხადებებს რომ ჩავხედოთ, ისინი მადლობას უხდიან შსს იმისთვის, რომ პრაიდის დღეები ჩატარდა ექსცესების გარეშე და ისინი აღნიშნავენ, რომ ყველა ადამიანი არის თანასწორი. 

ამ დროს ვხედავთ ამ კანონს, სადაც არანაირ თანასწორობაზე არ არის საუბარი.

ჩვენ 90-იან წლებში ვუყურებდით „ფსიქოს“, სადაც გოგი გვახარია გვაცნობდა ევროპული კინოს მწვერვალებს და ახლა საუბარია იმაზე, რომ ფილმებიდან შეიძლება ამოჭრან სცენები, სადაც ერთი სქესის ადამიანების, ვთქვათ, კოცნა იქნება?!

მაინტერესებს, ამ კანონზე რას იტყვიან „იმედში“ ის ადამიანები, რომლებიც კულტურის მიმართულებით მუშაობენ და საერთაშორისო ორგანიზაციებში ჟიურის წევრები არიან ხოლმე თავადაც?!

ეს კანონი არის ანტიდემოკრატიული, ანტიევროპული და პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებებს, უგულებელყოფს მედიცინისა და კვლევების მიღწევებს.

თუ მე ვუყვები ბავშვებს ხელოვნურ ინტელექტზე, არ უნდა მოვუყვე ალან ტიურინგის შესახებ? რომელსაც უზარმაზარი წვლილი მიუძღვის კომპიუტერული მეცნიერებების განვითარებაში, რომელიც იყო ბრიტანელი მეცნიერი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ენიგმა მანქანის გაშიფვრაში და როგორც ამბობენ ექსპერტები, მან 2-3 წლით დააჩქარა მეორე მსოფლიო ომის მოგება მოკავშირეების მიერ და ის დაისაჯა ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ, იმიტომ, რომ იყო გეი და მას შესთავაზეს ქიმიური წამლები ჰომოსექსუალობის „სამკურნალოდ“, რის შემდეგაც დაემართა დეპრესია და ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. 

არ უნდა ველაპარაკო ამის შესახებ მოსწავლეებს? ეს დაცენზურდება? ამ რეჟიმში უნდა გადავიდეს განათლების სისტემა? რომელ განვითარებულ ქვეყანაში გვინახავს ასეთი რამ. 

  • მიდის რაიმე მსჯელობა საგანმანათლებლო სივრცეებში ამ პროცესების შესახებ? როგორ შეიძლება გაჩნდეს, ვთქვათ, წინააღმდეგობის მოძრაობა, რომ ვერ მოიცვას ცენზურამ განათლება, ხელოვნება… რა ფორმით შეიძლება იმუშაოს ამ ყველაფერმა, როგორ ფიქრობთ?

მე მგონი ქართველმა ერმა თავისი წინააღმდეგობა გამოხატა ცენზურის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, მასწავლებლები არიან დაშინებული და კარგად ვიცით, როგორ ემუქრებიან ხოლმე დირექტორები ან რესურსცენტრები. ისედაც უცნაური სისტემა გვაქვს, რადგან რესურსცენტრმა უნდა მისცეს სკოლას უფლება რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან რომ ითანამშრომლოს. ამ პირობებში უბრალოდ მასწავლებლებს უნდა გაუჩნდეთ პროტესტი. 

რაღაც მომენტში მასწავლებლები გაბრაზდებიან, რადგან მათ კარგად უნდა გაიაზრონ, რომ შეიძლება ერთი მასწავლებელი გაუშვან, მაგრამ ხუთ მასწავლებელს ერთ სკოლიდან ვერ გაუშვებენ. ხუთი მასწავლებელი კი უკვე ძალიან დიდი ძალაა. 

ერთმანეთის მხარდაჭერაა ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ სხვა გზა, სხვა ხერხი არ გვაქვს, ვინც ამ კანონს და ამ რუსულ რეჟიმს ვუწევთ წინააღმდეგობას, ჩვენ ყველა ამას ვაკეთებთ კონსტიტუციის ფარგლებში. ჩვენი ინსტრუმენტი არის პროტესტის გამოხატვა. გამოხატვა იმის, თუ როგორი ზეწოლაა სკოლებში. 

  • თუმცა ჯერ კიდევ ვერ მოხდა ბოლომდე იმის გააზრება პედაგოგებში, რომ ძალა მათ ერთიანობაშია.

მე, მაგალითად, ჩემს ნაცნობ მასწავლებლებს ვეუბნები, თუ დირექტორი თავს უფლებას აძლევს რომ მიგითითოთ თუ რაზე შეიძლება ილაპარაკოთ არასამუშაო დროს, გეუბნებათ, რომ არ უნდა გახვიდეთ აქციაზე, თუ დირექტორი თავს უფლებას აძლევს, რომ ამის გამო საყვედური გითხრათ, ეს უკვე არის რუსეთი, რადგან ამას ვერ გაბედავდა ვერცერთი დირექტორი განვითარებულ ქვეყანაში.

ამიტომ, ამას უნდა ებრძოლო იმ სამუშაო სივრციდან, სადაც ვართ. როგორ მიბედავს ჩემი უფროსი, რომ მაცენზუროს? ამას უნდა დაუპირისპირდეს ყველა, ამას უნდა დაუპირისპირდნენ პროფესორები, რომლებიც რექტორების პოლიტიკურ ნებას მიჰყვებიან ხოლმე.

ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება უნდა დავიწყოთ პირველ რიგში ჩვენი სამუშაო სივრცეების და ჩვენი ცხოვრების გათავისუფლებით. იმის გააზრებით, რომ მე ვარ მოქალაქე და მაქვს უფლება. 

მე ისედაც წამოვედი „ალტე-უნივერსიტეტიდან“, მაგრამ ზოგადად, პროფესორები ნაკლებად ვართ სამუშაოზე მიბმული და არ გვეშინია მისი დაკარგვის, რადგან ძალიან მწირი რესურსებია ამ ქვეყანაში აკადემიური თვალსაზრისით. ამიტომ უფრო თამამად გამოვთქვამთ ხოლმე ჩვენს მოსაზრებებს, მაგრამ იქაც კი მუშაობს თვითცენზურა. პროფესორებმა იციან, რომ არსებობს სტანდარტები და თუ ამ სტანდარტებს არ დაიცავს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, შეიძლება უჩივლონ, მაგრამ მაინც ჩართული აქვთ თვითცენზურა. საბჭოთა მენტალობა არსად არ წასულა. 

აქაც გასათვალისწინებელია ის, რომ 4-5 პროფესორს ვერავინ გაუშვებს უნივერსიტეტიდან ერთდროულად, არ არიან ამ ქვეყანაში პროფესორები. ამიტომ აუცილებელია ამის გააზრება და ბრძოლა. 

მე, პირადად, სამოქალაქო აქტივიზმი ვისწავლე მისურიში, პატარა ქალაქში სადაც ვცხოვრობდი და იქ, მთელი რიგი ინიციატივები სწორედ მოსახლეობის ჩართულობით კეთდებოდა. იქ სენატორი რაღაცას არასწორად რომ აკეთებს, ყველა ამომრჩეველი ერთად იწყებს რეკვას და წერილებს გზავნის და შემდეგ ამ სენატორს უკან მიაქვს თავისი არასწორი გადაწყვეტილება. 

ჩვენ შემთხვევაში, საქართველოში არ გვაქვს ასეთი მექანიზმები, ამიტომ უნდა შევხედოთ, განვითარებულმა ქვეყნებმა როგორ მიაღწიეს ამ მექანიზმებს, როგორი იყო საპროტესტო გამოსვლები და უნდა დავიწყოთ იმით, რომ პროფესორმა მოითხოვოს თავისი პროფესიული განვითარების გეგმა, უნდა იყოს ჩახედული უნივერსიტეტის ბიუჯეტში და ასე შემდეგ. 

როცა სოფელში ცხოვრობ და შენი შვილი ათი წელია დადის სკოლაში, რომლის საპირფარეშოში არის ანტისანიტარიული მდგომარეობა, ამის გამო მშობლები ყოველდღე პროტესტით უნდა გამოდიოდნენ. 

უნდა ვისწავლოთ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის მოთხოვნა და გააზრება და შემდეგ უკვე ვერანაირად ვერ გაჩნდება ისეთი მთავრობა, რომელიც იღებს ისეთ კანონებს, რომელიც მთელი 30 წლის შრომას და პოლიტიკური კურსისთვის ჩვენს დახარჯულ ენერგიას ერთი ხელის მოსმით გააცამტვერებს.

  • როგორც ვიცი, თქვენ გაქვთ პროექტები ციფრული ტექნოლოგიის მიმართულებით და ასწავლით ქალებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. რა ბედი ეწევა ამ ყველაფერს რუსული კანონის პირობებში? 

მე მაქვს ძალიან მცირე გრანტი „ტექნოოუშენის“ სათავო ოფისიდან, რომელიც მთლიანად ტექნოლოგიურ ბანაკში უნდა გაიხარჯოს და რომელსაც სექტემბერში ვგეგმავდი, მაგრამ აღარ ვაპირებ ამ პროექტის გაგრძელებას თუ კანონი შევა ძალაში; სანამ არჩევნების შედეგები არ მეცოდინება და ეს არ იქნება ევროპული კურსის მთავრობა, მანამდე მე ამ პროექტს აღარ განვახორციელებ, მიუხედავად იმისა, რომ მესამე წელია ვმუშაობ და კვირაში 5-10 საათს ვხარჯავ ხოლმე ამ პროექტზე სრულიად უსასყიდლოდ.

წელიწადში 250 გოგო იღებს ტექნოლოგიურ განათლებას და მონაწილეობს ისეთ საერთაშორისო პროექტებში, რომლის მონაწილეც 60 ქვეყანაა. 

როცა საბოლოო შეჯიბრი გვქონდა, 18-19 მაისს, მაშინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ პროექტს ვერ გავაგრძელებთ.

ძალიან ბევრი პროექტი გაჩერდება ამის გამო საქართველოში, არავინ აპირებს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი დაიწეროს, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში ფული არ არის და უცხოელებისგან უნდა მივიღოთ, კარგი პროექტები რომ განვახორციელოთ.

არავინ აპირებს ბენეფიციარების და პარტნიორების პირად მონაცემებში ხელები აფათურებინოს სახელმწიფოს. 

  • თქვენ გაქვთ განწყობა, რომ არჩევნებით დავიბრუნებთ დემოკრატიას?

რა თქმა უნდა, მაქვს ასეთი განწყობა. იმიტომ, რომ უკვე შეუძლებელია ასეთ ანტიდასავლურ და თან ძალიან პრიმიტიულ რიტორიკას შერჩეს ბევრი ამომრჩეველი.

მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ყველა სივრცე უნდა დავიკავოთ. მაგალითად, თბილისის მერია უცხოელ პარტნიორებთან ერთად ატარებდა ჯანსაღი ქალაქის თემაზე ფორუმს და ორი დღეა მარტო მე დავდივარ და ვსვამ კრიტიკულ კითხვებს. 

ყველა ასეთი სივრცე უნდა ავითვისოთ, ყველა კონფერენციაზე, ყველა პარტნიორთან უნდა ვიმუშაოთ. დიდ იმედს მაძლევს ისიც, რომ ამ არჩევნებზე ჩემი ბევრი მეგობარი ჩემთან ერთად აპირებს დარეგისტრირდეს დამკვირვებლად, რადგან ასეთი საფრთხე ჩვენ არასდროს არ გვიგრძნია. მე პირადად, არასდროს ვყოფილვარ პოლიტიკაში აქტიური, მაგრამ რაღაც მომენტში, როგორც ჯავახიშვილმა თქვა, დგება დრო, როცა კალამი გვერდზე უნდა გადავდოთ და დავიცვათ ჩვენი უფლებები. ამ შემთხვევაში, არჩევნები უნდა დავიცვათ. 

უკრაინული დრონების თავდასხმა პირველად დაფიქსირდა ჩრ. ოსეთში

შაბათს, 8 ივნისს, დრონების თავდასხმა პირველად დაფიქსირდა რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე აეროდრომთან , რომელსაც, ოფიციალური კიევის ცნობით, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის იყენებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ერთი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა, მოგვიანებით კი რეგიონის გუბერნატორმა განმარტა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოზდოკში სამი დრონი ჩამოაგდეს.

რუსული მედიის ცნობით, ჩრ. ოსეთში მდებარე მოზდოკის რეგიონში მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, ყველა საჯარო ღონისძიება გაუქმებულია.

უკრაინული მხარის ცნობით, მოზდოკის აეროდრომიდან მიფრინავენ უკრაინისკენ რუსული თვითმფრინავები: МиГ-31К და Ту.

ჩრდილოეთ ოსეთი საბრძოლო ზონიდან საკმაოდ დიდ მანძილზე მდებარეობს, მაგალითად, ზაპოროჟიედან 900 კმ-ით არის დაშორებული.

_____________

ფოტოზე: უკრაინული დრონი „ღამურა“. ფოტო: EPA-EFE/სერგეი კოზლოვი

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 517 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210]
  • ტანკი – 7 843 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 15 105 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 13 533 ერთეული [+36]
  • MLRS – 1 095 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 834 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 357 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 945 ერთეული [+59]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 277 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 18 484 ერთეული [+68]
  • სპეცტექნიკა – 2 248 ერთეული [+10]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 610 თვითმფრინავი
  • 275 ვერტმფრენი
  • 25 397 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 528 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 294 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 330 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 208 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 355 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

საფრანგეთი უკრაინას გამანადგურებლებს გადასცემს და უკრაინელ პილოტებს მოამზადებს

2025 წლისთვის რუსეთს მძიმე მდგომარეობა დაუდგება აღჭურვილობის და ტექნიკის მხრივ – ინტერვიუ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„57 წელია ვეძებთ ბაბუას, ტირილს დავამთავრებთ მაშინ, როცა ვიპოვით“ – რეპრესირებულის შვილიშვილები

სტალინურ რეპრესიებს არაერთი სასულიერო პირი შეეწირა. სისხლიანი ტერორი შეეხო როგორც მართლმადიდებლურ, ისე მუსლიმ სასულიერო პირებს.

აჰმედ მეკეიძე სოფელ ღორჯომში დაიბადა და გაიზარდა. განათლება ხულოში მიიღო. მუსლიმი სასულიერო პირი გახდა, ხოჯა, რომელსაც ყველა პატივს სცემდა.

26 წლის იყო, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა. ყველაფერი, რაც აჰმედს ეკუთვნოდა, ტანსაცმელიც კი, მილიციამ წაიღო და გააქრო. ოჯახს არც ფოტოები შემორჩა. აჰმედს ჯერ შვილები ეძებდნენ, შემდეგ მისი ძებნა შვილიშვილებმა გააგრძელეს.

„67 წლის ვარ ახლა. 57 წელია ვეძებ ბაბუაჩემს, აჰმედ ფერჰატის ძე მეკეიძეს. 10 წლის რომ გავხდი, მას შემდეგ ვეძებთ მე და ჩემი ბიძაშვილი ბაბუას“, – უყვება „ბათუმელებს“ აჰმედ მეკეიძის შვილიშვილი, ახმედ მეკეიძე.

„ბავშვობაში, როცა აღმოვაჩინეთ, რომ ყველას ბაბუა ჰყავდა ჩვენს გარდა, მე და ჩემი ბიძაშვილი მივედით ბებიაჩემთან და ვკითხეთ, სად იყო ჩვენი ბაბუა.

დიდმა ბებიამ, ბაბუაჩემის დედამ, ზექიე აბულაძემ ორივე, მეც და ჩემი ბიძაშვილი მუჰამედიც დაგვსვა აქეთ-იქით და გვითხრა, თქვენი ბაბუა ციხეშიაო. მაშინ ჰაფიზხანას ეძახდნენ ციხეს.

ღორჯომში ვცხოვრობდით. მალე მოგვიწია ბათუმთან ახლოს, სოფელ ჩელტაში წამოსვლა. მე და ჩემი ბიძაშვილი ვიპარებოდით ხოლმე სოფელ ჩელტიდან ბათუმში ფეხით, მივდიოდით ბათუმის ციხეზე და ვეძახდით ბაბუას. გვეგონა ბაბუა ციხეში იყო და ჩვენს ხმას გაიგონებდა. მე 10 წლის ვიყავი, ჩემი ბიძაშვილი 12-ის.

ასტრონომია და ექვსი ენა იცოდა ბაბუაჩემმა. ისკენდერ თავართქილაძის მოსწავლე იყო. ღორჯომში პირველი სასწავლებელი რომ გაიხსნა, იქ სწავლობდა.

ძალიან ლამაზი კაცი ყოფილა ბაბუა, განათლებული და წარმოსადეგი. მისი ძირითადი ოჯახი ღორჯომში ცხოვრობდა, დაპატიმრებისას თავად ადიგენში, სოფელ ფხეროში ყოფილა, იქ ჰყოლია ცოლ-შვილი, ნაქირავებ სახლში.

ბებიაჩემი, ნებიე თავართქილაძე ასე იხსენებდა ხოლმე იმ დილას, როცა მისი ქმარი წაიყვანეს:

„ლოცვაზე წავიდა დილას მეჩეთში. მზე ახლად შემოსული იყო სოფელში, როცა ჩვენს სახლში მილიცია მოვიდა. გაივსო ეზო ხულოდან ამოსული მილიციელებით. როცა აჰმედი ეზოში შემოვიდა, მაშინვე დააკავეს. სახლშიც აღარ შემოუშვეს.

ექვსი თვის და სამი წლის ბავშვებით დავრჩი მარტო ფხეროში. არავინ ახლოს არ გვეკარებოდა, ვერავინ ბედავდა ჩვენს დახმარებას, ეშინოდათ. მერე ერთმა მეზობელმა თქვა, რა უნდა მიქნან, დიდი დიდი მეც დამაკავონო, მოგვკიდა ხელი და ჩამოგვიყვანა ხულოში, აჰმედის ოჯახში,“ – იხსენებს ახმედ მეკეიძე ამბავს ბაბუის შესახებ.

"ბაბუაჩემი ხოჯა იყო, რეპრესიების დროს დააპატიმრეს და გააქრეს" - ახმედ მეკეიძე სტალინურ დიდ ტერორზე

  • ბრალდება

„1936 წლის სექტემბრის ბოლოსაა დაპატიმრებული ბაბუა. დააპატიმრეს სწავლა-განათლების გამო. დააპატიმრეს, იმიტომ, რომ იყო სწავლული და განათლებული. ბრალად დასდეს ვითომ სახელმწიფო უნდა დაენგრია. ეს იყო ბრალდება, მეტი არაფერი.

რა უნდა გაეფუჭებინა ქვეყნისთვის? არაფერი. მისი გაქრობა იყო უბრალოდ ვიღაცის ინტერესი. დაკავების მერე სასტიკად მოექცნენ. ხელი და ფეხი გაუბორკიათ ჯაჭვით. ხულოდან ბათუმში ფეხით ჩამოიყვანეს თურმე. პოლიცია ცხენებზე იჯდაო. ხელები უკან ჯაჭვით ჰქონია შეკრული და ფეხებზეც ჯაჭვი შებმული,“ – ამბობს ახმედ მეკეიძე.

ბიძაშვილები, ახმედი და მუჰამედი იხსენებენ, რომ ისინი ბებიებმა, აჰმედ მეკეიძის დედამ, ზექიე აბულაძემ და აჰმედის მეუღლემ, ნებიე თავართქილაძემ გაზარდეს.

„ჩვენი ბებიები ტიროდნენ. ერთი შვილს ტიროდა, მეორე – მეუღლეს. ყველაფერი, რასაც ბავშვობაში ბებიები გვიყვებოდნენ, ღრმად ჩაიბეჭდა ჩვენს გონებაში და მათ პირობა მივეცით, რომ ოდესმე ვიპოვიდით ბაბუას და სახლში დავაბრუნებდით“ – ამბობს ახმედ მეკეიძე.

„გადმონაწილდა ჩვენზე ის ტირილი“, – ამატებს ახმედის მონათხრობს მუჰამედ მეკეიძე.

„დღემდე ვტირით, არ დაგვიმთავრებია ტირილი. ტირილს დავამთავრებთ მაშინ, როცა მათ, იმ ჩვენ ბებიებს, ერთ ბებიას მის შვილს და მეორე ბებიას მის მეუღლეს, მათ გვერდზე დავუსაფლავებთ. ჰო, ჩვენი ტირილი იმ დღეს დამთავრდება,“ – ამბობს ახმედ მეკეიძე.

მუჰამედ და ახმედ მეკეიძეები

ორივე შვილიშვილმა მთელი ცხოვრება ბაბუის კვალის ძებნას მიუძღვნა.

ახმედმა მას შემდეგ რაც სამხედრო სავალდებულო სამსახური მოიხადა, ყველა ის კოლონია შემოიარა, სადაც სამუდამო პატიმრობამისჯილი ადამიანები იხდიდნენ სასჯელს.

„ვიყავი ხაბაროვსკში, მურმანსკში, ვლადივოსტოკში – ყველა დიდი კოლონია ვნახე. ისეთ ადგილებში დავდიოდი, სადაც შესვლა რთული იყო. ვეძებდი ბაბუას და ბაბუა არსად იყო.

ნივთი რომ დაგეკარგოს ადამიანს, ნივთი და გახსოვდეს, რომ დაკარგე, რამდენჯერაც გაგახსენდება, იმდენჯერ დაიწყებ ძებნას.

ადამიანის დაკარგვა კიდევ სულ სხვა არის.

ადამიანს მისი ოჯახი ეძებს, მისი შთამომავალი ეძებს. წინაპარი არავის არ დაუვიწყებია და არც დაივიწყებს. ჩვენთვის ცოცხალია ბაბუა. მე რომ ბაბუას ვამბობ, მრცხვენია უკვე. 67 წლის ვარ. ბაბუაჩემი, რომელიც დააპატიმრეს და დახვრიტეს – 26 წლის იყო.

განა რა დანაშაული ჰქონდა ისეთი, რომ დაიჭირეს და დახვრიტეს? ადამიანს უსაფუძვლოდ აპატიმრებენ, ასე უგზო-უკვლოდ იკარგება – ეს ყველაზე დიდი ტკივილია. ჩვენი ტკივილი ესაა. არ მორჩება, ვერ მორჩება. გვინდა ვიპოვოთ და საგვარეულო სასაფლაოზე დავკრძალოთ ბებიების გვერდით, რადგან სასაფლაო არის ადამიანის არ დავიწყების და მისი სული მოხსენიების ერთ-ერთი კერა,“- ამბობს ახმედ მეკეიძე.

რეპრესირებულის შვილიშვილის თქმით, რეპრესიები, რომელიც სტალინმა გაატარა, გამანადგურებელი იყო, რადგან გააქრო განათლებული ადამიანები.

„სტალინის კანონი დიქტატურა იყო. ვისაც ქვეყანაზე, კუთხეზე, ოჯახზე გული შესტკიოდა, ისეთ ხალხს აპატიმრებდნენ. უსინათლო კაცი ვერსად ვერ წავა და სინათლეს როცა წაართმევ, ყველა ბნელში რჩება. შუქის, სინათლის, ცოდნის წართმევის წყარო იყო სტალინის კანონი და რეპრესია. ხალხის დამორჩილების პოლიტიკა იყო.
დღე უკვე სხვა დროა. უკვე ტელევიზიაა, ინტერნეტია და ყველა ყველაფერს ვხედავთ. გავითავისოთ ყველა ჩვენგანმა, რომ ბოროტების შექმნა და დატოვება ძალიან ცუდია, გადადის შთამომავლობაზე. ყველამ იცის, ვისი ბებია თუ ბაბუა რას ემსახურებოდა.
ახალი თაობა რომ ამას აღარ მოვემსახუროთ, ამისათვის ყველაზე ყველაზე დიდი მაგალითია ეს რეპრესიები. ჭკვიანს რომ გაანადგურებ, განათლებულს რომ სიბნელეში დატოვებ და წაართმევ ყველაფერს, ქვეყნის აშენება მერე ძნელია,” – ამბობს ახმედ მეკეიძე.

ახმედ მეკეიძე საუბრობს სახელმწიფოს როლზე, რომელსაც შეუძლია რეპრესირებულთა ნეშტების მოძიება და წარსულის გამოკვლევა.

„დღეს ჩვენ გვინდა სახელმწიფოს დახმარება. სახელმწიფოს შეუძლია დაგვეხაროს და მოვნახოთ სამარხები. ჯერ კიდევ გაუხსნელია სამარხები. ამოვასვენოთ ეს ხალხი.

სამარხებში, რომელიც ხელვაჩაურში გახსნეს, 30-35 კაცი ერთად იყო ჩაყრილი. ცოტა უხეშად გამომდის, ტყიდან რომ „სამასვალით“ შეშას მოიტან და გადმოყრი, ასე არიან ჩაყრილი. ზოგი თავით არის, ზოგი ფეხით, ზოგი ყირამალა, ძალიან ცუდი შესახედავია. ამ ადამიანებს რომ სასაფლაო ვაღირსოთ, ამაში სახელმწიფოს დიდი წვლილია საჭირო. ისინი ჩვენი ქვეყნის შვილები იყვნენ”, – ამბობს ახმედ მეკეიძე. 

აჰმედის გაქრობიდან 80 წლის შემდეგ გაიგეს მისმა შვილიშვილებმა, რომ ბაბუა, რომელსაც ეძებდნენ, შესაძლოა ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ყოფილიყო დახვრეტილი.

2023 წლის ივლისში დაკრძალეს სამი რეპრესირებული, რომელთა იდენტიფიცირებაც დნმ-ის ნიმუშების საშუალებით მოხდა.

ბიძაშვილებს იმედი აქვთ, რომ ერთ დღესაც ბაბუას ნაშთს იპოვიან და მათი მრავალწლიანი ძებნა დასრულდება.

არსებობს „ოცნების ქალაქში“ კორპუსებში შეჭრის საშიშროება – სამინისტრო ბინებს 1 თვეში გასცემს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაცვის პოლიციასთან „ოცნების ქალაქში“ ახალაშენებული კორპუსების დასაცავად ხელშეკრულებას გააფორმებს. სამინისტროს ინფორმაციით, არსებობს კორპუსებში მოქალაქეთა თვითნებურად შეჭრის მაღალი რისკი.

„მოქალაქეების მიერ მასობრივად, თვითნებურად დაკავების საშიშროების არსებობიდან გამომდინარე“ პოლიციის მიერ კორპუსების 1 თვის განმავლობაში დასაცავად სამინისტრო 54 999 ლარს გადაიხდის. აჭარის სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის უკვე მიმართა.

ახალაშენებული სოციალური სახლების მოკვლევის ოქმიდან

 

„გაცნობებთ, რომ არსებობს მოქალაქეთა ჯგუფის მხრიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქალაქ ბათუმში, გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩა, N47დ – ში მდებარე 9 327 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული N1, N2, N3 შენობა-ნაგებობების თვითნებურად დაკავების მაღალი რისკი“, – წერს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე შესყიდვების სააგენტოს 2024 წლის 7 ივნისის წერილში.

შესყიდვების პორტალზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განაცხადში კი აღნიშნულია, რომ „არსებული ინფორმაციით, მითითებულ მისამართზე ბენეფიციარებისთვის ბინების გადაცემის პროცესი გაგრძელდება შემდეგი ერთი თვის განმავლობაში. შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების ვადად [დაცვის პოლიციისთვის] განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 13 ივლისის ჩათვლით პერიოდი.“

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ბინების გადაცემის თაობაზე ინფორმაციის მისაღებად / 6.06.2024

5 ივნისს, აჭარის მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ ახალი ბინების გადაცემის ცერემონია გამართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა. ბინა კი, სიმბოლურად მხოლოდ ერთ ოჯახს გადასცეს. ამ ეტაპზე 582 ბინაა გასაცემი.

„დანარჩენი ოჯახების სიაც შედგენილია, თუ ვინ მიიღებს ბინას და მათ სამინისტროს წარმომადგენლები უკვე უკავშირდებიან.“ – გვითხრეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

აჭარის მთავრობის 6 ივნისის ინფორმაციით, „ოცნების ქალაქში“ ოჯახებზე საცხოვრებელი ფართობების გადაცემის პროცესი გრძელდება. დღეს ბინები სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით შერჩეულ 35 ოჯახზე გადანაწილდა.“

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ოჯახების ნაწილს სურვილი ჰქონდათ ბინები ადგილზე დაეთვალიერებინათ, თუმცა დაცვამ ამის საშუალება მათ არ მისცა – უთხრეს, რომ კორპუსებში „ჯერ ვერ შეუშვებდნენ“.

„ოცნების ქალაქის“ მიმდებარედ კორპუსების მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება კომპანია „დაგთან“ 38 745 999 ლარზე ჰქონდა გაფორმებული. ხელშეკრულება 2020 წლის 13 თებერვალს გაფორმდა და მშენებლობა 2021 წლის 13 ივლისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულებულიყო. თუმცა ეს ვადა შეიცვალა და სახელშეკრულებო ღირებულებაც 40 973 388 ლარამდე გაიზარდა.

მშენებელ კომპანიაში „ბათუმელებს“ 4 თვის უკან უთხრეს, რომ კორპუსების მშენებლობა დასრულებული იყო.

ვრცლად ამ თემაზე:

როგორ აპირებს მთავრობა „ოცნების ქალაქის“ განაშენიანებას – საკრებულომ კონცეფცია დაამტკიცა

რუსულიც ვიცი, მაგრამ ჩვენ ვართ საქართველოში, მათ არ უნდა შევუქმნათ კომფორტი – მოქალაქე

„ჩვენ სულ ვსაუბრობდით ოკუპაციაზე, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მომიწია უფრო მკაფიოდ დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია“ – ამბობს ელენე ხაჯიშვილი, მოქალაქე, რომელმაც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ „რუსკი კარაბლის“ ფოტო, ცნობილი წარწერით, საკუთარ სამუშაო ოთახში, კედელზე ჩამოკიდა.

ელენე თარჯიმანთა ბიუროში მუშაობს, რომელსაც ხშირად სტუმრობენ რუსეთის მოქალაქეები.

„მიწევს რუსულენოვან ხალხთან კონტაქტი. მინდოდა მათთვის მეჩვენებინა, რომ რუსეთი ოკუპანტია და ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას.

ჩვენს ქვეყანაში უნდა ვაჩვენოთ მათ, რომ არ გვინდა რუსეთი და გვინდა ევროპა. ოფისში გამოკრული გვქონდა უკრაინის დროშა, ასევე რუსული გემი, რომელიც იძირება, ცნობილი წარწერით, თუ სად უნდა წასულიყო ეს რუსული ხომალდი, სად უსურვებდნენ მას წასვლას.

რუსულენოვან ადამიანებს სხვადასხვა რეაქცია ჰქონდათ ამაზე. ზოგი იღიმოდა და გვეუბნებოდა, ნამდვილად აქ არის გასაშვებიო, მაგრამ კონფლიქტური სიტუაციებიც გვქონია, პოლიციაც გამოგვიძახებია. გვეუბნებოდნენ, როგორ ბედავთ ამის თქმასო, ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ეს კერძო საკუთრებაა და შეგვიძლია მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი.

მე თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობ და მინდა ასე გაგრძელდეს. მინდა, სიტყვის თავისუფლება იყოს და არავინ მიკრძალავდეს აზრის გამოხატვას“.

ელენე გვიყვება, რომ თარჯიმანთა ბიუროში მისულ რუსეთის მოქალაქეებს შორის ყოფილან ისეთებიც, რომლებიც პუტინის რეჟიმს გამოექცნენ და საქართველოში არჩიეს ცხოვრება:

„ჩვენთან მოსულ რუსულენოვან ადამიანებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გამოექცნენ რუსეთის რეჟიმს და მათთვის ყველაზე კარგი წასასვლელი ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა. ისინი ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიდნენ და მხარს უჭერენ უკრაინას, ამას ჩვენთან ნათლად აფიქსირებდნენ, მაგრამ ამბობდნენ, რომ მათ ქვეყანაში ამის გაკეთება არ შეუძლიათ. ამას ხმამაღლა ვერ იტყვიან და გამოიქცნენ, რადგან შეიძლება დაიჭირონ, მოხვდნენ ციხეში, იქ არ არის სიტყვის თავისუფლება.

ერთმა თქვა, წინდა მქონდა, რომელსაც უკრაინის დროშა ეხატა და ამის გამო პოლიციამ გამაჩერა, შემდეგ წამიყვანეს პოლიციაში, ესეც კი აკრძალულია ჩემს ქვეყანაშიო. მე პირადად ერთან არანაირი კონფლიქტი არ მაქვს, ესეც ხომ პოლიტიკიდან გამომდინარეა, ჩვენ იმ პოლიტიკოსებს ვერჩით, რომლებსაც მხოლოდ ცუდი მოაქვთ“. 

ბიუროში მისულ რუსულენოვან ადამიანებთან ელენე ქართულად იწყებს საუბარს:

„როდესაც შემოდიან ოფისში, ყოველთვის გვესაუბრებიან თავის ენაზე, მე ყოველთვის ქართულად ვესაუბრები. გამოიხედავენ ხოლმე – რას მეუბნებაო, შემდეგ ვაგრძელებ კომუნიკაციას.

მასპინძლები კი ვართ, მაგრამ ვფიქრობ, უნდა ვაჩვენოთ, რომ ისინი სტუმრები არიან. ამიტომ ჩვენს ენაზე მივმართოთ და შემდეგ უკვე გავაგრძელოთ საუბარი, შეგვიძლია. ის, რომ  საქართველოში არიან, უნდა ჩანდეს.

ვფიქრობ, რომ არ უნდა შევუქმნათ კომფორტი. არსებობს ქართული ენა, სახელმწიფო ენა. მესმის, რომ არ იცის ქართული ენა, ამიტომ მენიუ შეიძლება შევთავაზოთ ინგლისურ ენაზე, მაგრამ პირველ რიგში უნდა შევთავაზოთ ქართულად“ – ამბობს ელენე.

„ჩვენ აქ მათ არ უნდა შევუქმნათ კომფორტი“- მოქალაქე ანტირუსულ განწყობებზე

ელენე იხსენებს შემთხვევებს, როცა მოუწია მითითება, რომ საქართველოში ქართულად უნდა უპასუხონ, ქართულად დაუსვან კითხვები:

„ბევრჯერ გვქონია შემთხვევა, როდესაც კაფეში შევსულვართ და მენიუ არ ყოფილა ქართულ ენაზე. რუსული ენაც ვიცი და ინგლისურიც, მაგრამ მე ვარ საქართველოში და მინდა მენიუ მომიტანონ ქართულ ენაზე, ამაზე ყოველთვის მიმიცია შენიშვნა.

ყოფილა შემთხვევა, კაფეში შევსულვართ და მიმტანმა არ იცოდა ქართული ენა, რუსულად ან ინგლისურად გველაპარაკებიან. მე და ჩემს მეუღლეს ყოველთვის მიგვიცია შენიშვნა, მოგვითხოვია, რომ ჩვენ უნდა მოგვემსახურონ ქართულ ენაზე. მოთხოვნა წაგვიყენებია, რომ თქვენ ხართ ბათუმში, ამიტომ მენიუ მოგვიტანეთ ქართულ ენაზე, კითხვები დაგვისვით ქართულ ენაზე“.

ელენე მიიჩნევს, რომ პოზიციის დაფიქსირება აუცილებელი და მნიშვნელოვანია:

„ამას იმიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ ისინი არ უნდა იყვნენ კომფორტის ზონაში. მაგალითად, შევედი მე – დამელაპარაკა რუსულად, შევიდა სხვა – ისიც რუსულად დაელაპარაკა და ამ დროს ამბობენ, რომ აი, ყველამ იცის რუსული და რად მინდა მე სხვა ენაზე კომუნიკაცია, რისთვის მჭირდება. უნდა დაიცვან წესები და მოგვერგონ ჩვენ და ჩვენ არ უნდა მოვერგოთ მათ“.

ელენეს აზრით, საქართველოში ჩამოსულ რუსებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც აქ კულტურული და სხვა აქტივობების გამართვა სურს, უნდა მოვთხოვოთ, დააფიქსირონ აზრი ოკუპაციაზე, აღიარონ, რომ რუსეთი ოკუპანტია:

„ძალიან კარგი იქნებოდა ასეთი მოთხოვნა რომ იყოს მათ მიმართ, იმ სფეროს მიმართ, სადაც ტარდება აქტივობები რუსულ ენაზე. დააფიქსირონ, გამოიტანონ, მაგალითად, რაიმე პლაკატი სადაც წერია – „რუსეთი ოკუპანტია“, რომ ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი და შემდეგ გააგრძელონ. მგონი პირიქით, შეიძლება ტაშით შეხვდეს ხალხი, ასეთ აქტივობებზე შეიძლება ქართველებმაც კი იარონ, მაგრამ ისინი ამას არ აღიარებენ.

შესაბამისად, ისევ გავმეორდები, რომ კომფორტის ზონაში არიან, არ უწევთ არაფრის აღიარება და საქართველო მათთვის არის მხოლოდ რაღაც ადგილი, სადაც შეუძლიათ აქტივობა ჩაატარონ, კომფორტულად იყვნენ და შემდეგ დაბრუნდნენ ისევ. თუ რამეს ჰკითხავ ამასთან დაკავშირებით, გეუბნებიან – პოლიტიკაში არ ვერევი, აპოლიტიკური ვარ და არ დამისვათ ასეთი კითხვებიო. შემდეგ აპელირებენ იმაზე, მე რომ რამე ვთქვა, შეიძლება ჩემს ქვეყანაში დამიჭირონო“.

კითხვაზე, რატომ არა რუსულ კანონს, ელენე ამბობს, რომ არ უნდა რუსეთში გაიღვიძოს:

„არ გვინდა გავიღვიძოთ რუსეთში.

მე და ყველა იმ ადამიანს, ვინც ვაპროტესტებთ, გვინდა, რომ ვიცხოვროთ დამოუკიდებელ საქართველოში. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ეს ზუსტად იმის ანალოგია, რაც დაიწყო რუსეთში და არ მინდა ჩვენც იგივე დაგვემართოს, არ მინდა ჩემი ქვეყნიდან გაქცევა მომიწიოს იმის გამო, რომ ვეღარ დავაფიქსირებ ჩემს აზრს, თუნდაც მშვიდად ვერ გავიარო ქუჩაში, მქონდეს რაღაც შეზღუდვები, იმიტომ, რომ ეს შეეხება თავისუფლებას, დამოუკიდებლობას“.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციის ვიზიტი სტრასბურგში

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით კარგი საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის მიზნით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ცესკოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით,  სტრასბურგში იმყოფებოდნენ. სწავლება სახელწოდებით „არჩევნების მოდერნიზება, გამოწვევები და სამომავლო გეგმები“ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა.

სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა ლირი კოპაჩი-დი-მიკელმა, ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა და საგარეო ურთიერთობათა დირექტორატის დირექტორის მოადგილე კრისტიან ურსემ და ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნეს.

ორი დღის განმავლობაში  სხვადასხვა ევროპული ინსტიტუციის წარმომადგენლებმა საქართველოს ცესკოს წარმომადგენლებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაუზიარეს გამოცდილება, როგორიცაა: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგისა და არჩევნებზე დაკვირვების პროცედურები, ინფორმაციის დაცულობა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არჩევნებში, სიძულვილის ენის გავლენა არჩევნებზე და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხი. შეხვედრებს მოდერაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების საარჩევნო პროგრამის კოორდინატორი ფრენკ დეშლერი უწევდა.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრების ფარგლებში გაიმართა საინტერესო დისკუსიები. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მხარეებს შორის გაგრძელდება მჭიდრო კომუნიკაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით.

ორდღიანი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციის წევრებმა ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენლებს 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომელსაც ადმინისტრაცია აღნიშნული არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების ჩასატარებლად   ახორციელებს. ამასთან, ცესკოს თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი თანამშრომლობისა და საქმიანობების მხარდაჭერისთვის, რომელიც ორიენტირებულია როგორც ინსტიტუციის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ასევე ქვეყანაში საარჩევნო პროცესების განვითარებაზე.

სამუშაო შეხვედრებში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის – ცესკოს მდივანი და სწავლების ცენტრის დირექტორი, ცესკოს სპიკერი, საარჩევნო პროცესების მართვის, საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების, სტრატეგიული კომუნიკაციების, იურიდიული და საფინანსო დეპარტამენტების წარმომადგენლები.

სასწავლო ვიზიტი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

18 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელმაც შშმ ცოლი მოკლა ურეკში – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 17 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლე მოკლა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული

ბათუმში ჰაერში მტვრის შემცველობის მაჩვენებელი 2024 წლის 7 ივნისის მონაცემებით გაუარესებულია.

ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების [PM10, PM2.5] შემცველობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ეს არ არის კარგი ზოგი დაავადების მქონე ადამიანების ჯანმრთელობისთვის.

გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამის პორტალზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, როცა მტვრის ნაწილაკების შემცველობა დამაკმაყოფილია, „ჰაერის დაბინძურებისადმი სენსიტიური ჯგუფები შესაძლებელია განიცდიდნენ ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე. თუმცა, მთელი მოსახლეობისათვის მავნე ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის“.

გარემოს სააგენტო ასევე ავრცელებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს, იმ შემთხვევისთვის, როცა ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა მომატებულია, თუმცა მთლიანობაში ჰაერის ხარისხი არის „დამაკმაყოფილებელი“ [რაც დაფიქსირებული დღეს ბათუმში]:

„ასეთ დროს გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა უნდა შეამცირონ შემდეგმა ჯგუფებმა:

  • გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირებმა
  • ბავშვებმა და ხანდაზმულებმა“.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ქვეყანაში ჰაერის დაბინძურება „უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული“.

„6 ივნისიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული“ – აცხადებს სააგენტო.

მტვრის ნაწილაკების გავლენა ჯანმრთელობაზე: თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.


როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

10 წლის შემდეგ „ბათუმის ციხეში პატიმრების წამების საქმე“ თავიდან დაიწყება – მოსამართლე გამოცვალეს  

ბათუმის ციხეში პატიმრების წამების საქმის“ განხილვა 10 წლის თავზე ხელახლა დაიწყება. ჯერ უცნობია, ამჯერად რომელი მოსამართლე მოუსმენს ყოფილ პატიმრებს, რომლებმაც ჩვენება წლების წინ მისცეს სასამართლოს და სამართალი ვერ იპოვეს.

ყოფილი პატიმრებიდან რამდენიმე გარდაიცვალა კიდეც.

ამ საქმის განხილვა განსაკუთრებით გაჭიანურებულია – „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ზუსტად ციხეებში არსებული სისასტიკის გამოძიების დაპირებით მოვიდა.

„ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმეს“ მოსამართლე კოტე ჭილაია განიხილავდა. მას 2024 წლის 18 ივნისს მოსამართლის უფლებამოსილება უწყდება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციაში დაგვიდასტურეს, რომ კოტე ჭილაია 19 ივნისამდე იმუშავებს ბათუმის სასამართლოში. აქ ვერ გვითხრეს, სად განაგრძობს მუშაობას მოსამართლე, რომელსაც გამოსაცდელი ვადა რამდენიმე დღეში ეწურება.

მოსამართლის უვადოდ გამწესებაზე იუსტიციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, თუმცა ბოლო პერიოდში უვადოდ გამწესებულთა სიაში კოტე ჭილაია არ იძებნება. ადვოკატების თქმით, კოტე ჭილაიას უვადო მოსამართლეობაზე უარი უთხრეს.

მოსამართლე კოტე ჭილაიას შესახებ „ბათუმელების“ შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე სათადარიგო მოსამართლე დანიშნული არ არის, საქმის განხილვა თავიდან იწყება.

მაგალითად, თავდაპირველად ამ საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავდა. ის 2021 წელს სამუშაოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადავიდა და საქმე კოტე ჭილაიას ჩააბარეს. შესაბამისად, ამ მოსამართლემ საქმის განხილვა თავიდან დაიწყო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 6 ივნისს ვერ გვითხრეს, ამ საქმეზე იყო თუ არა დანიშნული სათადარიგო მოსამართლე. ბოლო სხდომაზე, რომელსაც „ბათუმელები“ ესწრებოდა, საქმეს მხოლოდ მოსამართლე კოტე ჭილაიას განიხილავდა. მან მორიგი სხდომა 2024 წლის ივნისში ჩანიშნა.

ივნისში კი, როგორც ამჯერად ბათუმის საქალაქო სასამართლოში გვითხრეს, ჯერ არაა ჩანიშნული სხდომა „ციხის ყოფილი უფროსების საქმეზე“.

ბრალდებული ბათუმის ციხის ყოფილი უფროსები ზაზა ჯიქია და გიორგი ვეკუა არიან. ისინი გირაოს საფუძველზე ჰყავს სასამართლოს გათავისუფლებული.

თიბისის პარტნიორი კომპანია 1plus1-ის აპლიკაცია ყველაფრის გაორმაგებაში დაგეხმარებათ

1plus1 თიბისისა და აწარმოე საქართველოს ინოვაციური სტარტაპის გამარჯვებული კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ოპერირება 2 თვის წინ დაიწყო.

იდეა, რომელიც მეგობრებმა და ბიზნეს-პარტნიორებმა, დიანა ლაჭყეპიანმა და ზურაბ რცხილაძემ ბიზნესად აქციეს, უმარტივესია:

 „ადამიანს ყოველთვის სურს, მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე იხდის. მარკეტინგული ხერხი 1+1 მსოფლიოში კარგადაა აპრობირებული. გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა საერთაშორისო კომპანია, რომელიც თავს მოუყრიდა ასობით სხვადასხვა ბიზნესის პროდუქტსა თუ სერვისს და მარტივი აპლიკაციის სახით, შესთავაზებდა მომხმარებელს. ადამიანი რეგისტრირდება, ყოველთვიურად იხდის სულ რაღაც 9.80 ლარს და სარგებლობს 1+1 მომსახურებით ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან. მაგალითად, უკვეთავთ ერთ პიცას, მეორეს კი უფასოდ იღებთ. სპორტდარბაზში იხდით ერთი თვის საფასურს, მეორე თვე კი უფასოა, ან იხდით ერთი ადამიანისას, მეორე ადამიანს კი უფასოდ ეკუთვნის იგივე სერვისი“, – ამბობს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ რცხილაძე.

კომპანია 1+1-ის პარტნიორი უკვე ასობით სხვადასხვა სახის ბიზნესია: სასტუმროები, სწრაფი კვების ობიექტები, საბილიარდოები, სპორტული დარბაზები, ტატუს სალონები, სტომატოლოგიური კლინიკები, სტადიონები, რესტორნები, საბავშვო მაღაზიები. მოკლედ, უამრავი სრულიად განსხვავებული პროდუქტი თუ მომსახურება, რომელიც მომხმარებელს 1+1-ის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს.

„ჩვენი აპლიკაცია მომხმარებელს თანხის გაორმაგებაში დაეხმარება. ჯერჯერობით ვებგვერდი გვაქვს https://1plus1.ge, ხოლო აპლიკაცია დასრულების ეტაპზეა და მზად ერთ თვეში იქნება. აპლიკაცია ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, რადგან უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი. ყველა, ვინც გაიაქტიურებს მას, იოლად ნახავს რამდენი დაზოგა თვის განმავლობაში. ყველგან, სადაც ამ აპლიკაციას გამოიყენებთ, მოხდება მისი დასკანერება და ცხადი იქნება, თვის ჭრილში რა თანხა დაიზოგა. 9.80 ლარის გადახდით მომხმარებელი შეძლებს ათასი, ორიათასი, სამიათასი ან მეტი ლარი გაიორმაგოს. მაგალითად, თუ სასტუმროს ნომერს უკვეთავთ, რომელიც ღამე 300 ლარი ღირს, მეორე ღამეს უფასოდ რჩებით, ანუ 300 ლარს იორმაგებთ“.

მსოფლიო ბაზარზე ყოველთვიური გადასახადის ოდენობა იგივე დარჩება, მხოლოდ ვალუტა შეიცვლება – ევროპის მასშტაბით 9.80 ევრო იქნება, აშშ-ში კი – 9.80 დოლარი.

ბიზნესი, რომელიც მარკეტინგულ და სარეკლამო აქტივობას მხოლოდ ახლა იწყებს, საქართველოს მასშტაბით უკვე ორასამდე პარტნიორ კომპანიას ითვლის, თუმცა, დამფუძნებლის თქმით, ყოველთვიურად, დაახლოებით, ას კომპანიას მაინც იმატებენ. ზაფხულის ბოლომდე მინიმუმ 500-600 კომპანიასთან პარტნიორობაა დაგეგმილი, მათ შორის ძალიან დიდი და ცნობილი ბრენდები.

„როცა კომპანია შესაბამის მასშტაბზე გავა და ყველაფერი ჩვენი გეგმისა და ვარაუდის მიხედვით განვითარდება, დაგეგმილი გვაქვს, რომ საქართველოსთვის გადასახადი მოიხსნას. დიახ 1+1 სერვისის მიღება სრულიად უფასო იქნება“.

ეს აპლიკაცია და მომსახურება უნივერსალურია, 1+1 პლატფორმა გაორმაგების პლატფორმაა და ყველა ასაკობრივ თუ სოციალურ ჯგუფს ეხება. აქედან გამომდინარე, კომპანიას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს.

„ჩვენს მიერ შერჩეული ახალგაზრდების გუნდი, დაახლოებით, 30 ადამიანს ითვლის. იგეგმება, რომ ყოველ თვე 10-15 ადამიანი დაემატება გუნდს. საქართველოს მასშტაბით 200-250 კაციანი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს. ამჟამად მხოლოდ ორი ოფისი გვაქვს, თბილისსა და ბარსელონაში.  მალე, უკვე ზაფხულში, ოფისი ბათუმსა და ქუთაისშიც გაიხსნება. ივლის-აგვისტოში მილანის ოფისის გახსნა იგეგმება, ეტაპობრივად კი სხვა ევროპული ქალაქებიც დაგვემატება“.

კომპანიის წარმომადგენლების, ლევან რცხილაძის და კონსტანტინე რაზმაძის თქმით, ბარსელონა იდეალური ქალაქია ევროპის დასაპყრობად. ესპანეთის 2 ქალაქში, მადრიდსა და ბარსელონაში, 1+1-მა ფუნქციონირება უკვე დაიწყო. ბარსელონას ოფისის ხელმძღვანელი, როინ შიოშვილი ფიქრობს, რომ ბრენდი მალე მოედება მთელ ესპანეთს. 2024 წლის დასასრულს კომპანია 14 ევროპული ქალაქის „დაპყრობას“ გეგმავს.

1plus1 ქართული ბრენდია, რომლის  მისიაც ევროპის მასშტაბით ასპარეზზე გამოჩენაა და რომლის გეგმებსაც საზღვარი არ გააჩნია.

გაზის იარაღის შეძენისა და რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2024 წლის 7 ივნისიდან გაზის (აირის) იარაღის, შეძენის/რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა.

„სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად, თუ პირს სურს გაზის (აირის) იარაღის შეძენა/რეგისტრაცია საჭიროა მომსახურების სააგენტოში წარადგინოს იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან თანხმობა.

დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადებისა და შესაბამისი გარემოებების შესწავლის საფუძველზე, თანხმობის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას, იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო.

გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში დაბარებული პირის არგამოცხადება/მისვლაზე უარი ან/და პირის საცხოვრებელ ადგილზე/იარაღის შენახვის ადგილზე მისული უფლებამოსილი პირის არდაშვება წარმოადგენს თანხმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს“ – წერს შსს.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გაზის (აირის) იარაღად მიიჩნევა „ლულაში ან დოლურაში ჭურვის ანდა საფანტის ჭურვების გასროლის გამომრიცხავი სპეციალური სტაციონარული ტიხრის მქონე იარაღი (პისტოლეტი ან რევოლვერი), რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად“.

საფრანგეთი უკრაინას გამანადგურებლებს გადასცემს და უკრაინელ პილოტებს მოამზადებს

6 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას Mirage-2000-5 გამანადგურებლებს გადასცემს, მოამზადებს უკრაინელ პილოტებს და მონაწილეობას მიიღებს უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამაში.

Mirage 2000-5 ერთადგილიანი გამანადგურებელია, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 1999 წელს. იგი აღჭურვილია მაღალი ხარისხის რადარით და გააჩნია ერთდროული სროლის შესაძლებლობა რამდენიმე სამიზნეზე.

ამ ეტაპზე არ სახელდება გამანადგურებლების ზუსტი რაოდენობა.

მაკრონმა BFMTV-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას შესთავაზებს 4500 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადებას.

დღეს, 7 ივნისს, მაკრონი მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ ზელენსკისთან პარიზში.

„ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, პრეზიდენტები ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც საფრანგეთი უკრაინას 650 მილიონი ევროს ოდენობის სესხებსა და გრანტებს აძლევს ადგილობრივი ხელისუფლებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით კი ენერგეტიკის, რომელიც რუსეთის მუდმივი თავდასხმის სამიზნეა.

_____________

ფოტოზე: Mirage 2000-5

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 ივნისის 21 საათიდან 8 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +21 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 9-10 ივნისს საღამოს და ღამის საათებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის წვიმა.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 516 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080]
  • ტანკი – 7 834 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 15 096 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 13 497 ერთეული [+64]
  • MLRS – 1 095 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 833 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 357 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 886 ერთეული [+40]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 270 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+1]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 18 416 ერთეული [+56]
  • სპეცტექნიკა – 2 238 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 610 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 25 326 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 528 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 287 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 330 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 188 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 336 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინის დაზვერვამ ყირიმთან კიდევ ერთი რუსული გემი გაანადგურა

2025 წლისთვის რუსეთს მძიმე მდგომარეობა დაუდგება აღჭურვილობის და ტექნიკის მხრივ – ინტერვიუ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ვინ არის ლინდას გმირი? – მამა, რომელიც აგვისტოს ომის მონაწილეა და ახლა ემიგრაციაშია | ვიდეო

ამ სტატიაში ლინდა მოგვიყვება, ვინ არის მისი გმირი, როდის გაუჩნდა პროტესტის განცდა, ვისთვის და რისთვის იბრძვის, მას როგორ შეეხება რუსული კანონი, როგორ ქვეყანაში უნდა იცხოვროს და რამ შეაძლებინა ძალების მოკრება, ინტროვერტების დაძლევა და აქციის მონაწილეთა რიგებიდან სცენაზე ასვლა.

„მამაჩემი 2008 წლის 8 აგვისტოს გმირი, მებრძოლი ადამიანია. ამ პერიოდში მე 2 წლის ვიყავი. მართალია ვერაფერს ვერ ვიაზრებდი, მაგრამ მამაჩემის წასვლა ჩემთვის მაინც მტკივნეული იყო, რადგან ვგრძნობდი, რომ შესაძლო იყო უკან ვერ დაბრუნებულიყო.

ამ დღეს დაეცა ცხინვალი და დაეცა საქართველო, მაგრამ მამაჩემის დაბრუნება მაინც გამიხარდა.  დღეს აქ ვარ მის გარეშე. ვგრძნობ მამაჩემის ძალას, ენერგიას და ყველაფერს, რაც მაძლევს მოტივაციას უფრო ხმამაღლა ვისაუბრო ჩვენს უკეთეს მომავალზე.

მამაჩემი ემიგრანტია და ეს ემიგრაცია უკვე 8 წლის განმავლობაში გრძელდება. ქვეყანაში არ გვაქვს იმის პირობები, რომ გვქონდეს კარგი ხელფასი, კარგი [სამუშაო] გარემო. ჩვენს ქვეყანაში, ვერ აფასებენ განათლებას, ცოდნას და არ არის უკეთესი მომავლის პერსპექტივა. ამიტომ მოუწია მამაჩემს ევროპაში წასულიყო.

YouTube video player

მამაჩემის პოზიციაც ზუსტად იგივეა, რაც ჩემი და სხვა ჩემი მეგობრების. ჩვენ ერთად ვეუბნებით უარს რუსულ კანონს, რუსულ მთავრობას და კი – ყველაფერს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ევროპულ მომავალს.

როცა აქციაზე ვარ, მამაჩემი ერთადერთ რამეს მეუბნება  – „მამა, გთხოვ ფრთხილად იყავი, თავს გაუფრთხილდი, რადგან ვერასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს შენგან სიშორეს, თუ რამე მოგივა“.

მართალია, აქციაზე სიტყვით გამოსვლა ჩემთვისაც არ არის კომფორტის ზონა, რადგან ინტროვერტი ვარ. ჩემთვის უკეთესია, თუ ჩუმად, მშვიდად, კუთხეში, ხალხის მასისგან შორს ვიქნები, მაგრამ ახლა ამის დრო და ადგილი არ არის. ახლა ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ვიყვიროთ, ვიბრძოლოთ. მთავარია, რომ გავბრაზდეთ და ამოვიღოთ ხმა“, – ამბობს ლინდა.

ლინდა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართვას, რომლებმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს – „ჩვენ ამით მოღალატეობრივი სახე გვაჩვენეს, რომელსაც ქართველი ერის თვალში ვერასდროს მოინანიებენ. ქართველი ერის გარდა ამას ხედავს მთელი მსოფლიო.

ჩვენ ველოდით ამ ყველაფერს. ბიბლიური ელფერის ღამე გვქონდა ქართველებს, როგორც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თქვა. ქრისტემ იცოდა, რომ იუდა გაყიდდა 30 ვერცხლად და ჩვენც ვიცოდით, რომ 84 მოღალატე გაყიდდა საქართველოს. შესაბამისად, მათთვის ჩვენ წარმოვადგენთ არაფერს. ისინი ვერ აგებენ ჩვენს უკეთეს მომავალზე პასუხს, რადგან ამისთვის არაფერი გაუკეთებიათ.

ზარებით, წარწერებით, დაშინებებით, მუქარით, ოჯახის წევრებზე ძალადობით ისინი ავლენენ შიშს ახალგაზრდების მიმართ, რომელშიც არ კვდება ბრძოლის უნარი. ხედავენ ჩვენ ამბოხებას, ხედავენ ჩვენ ბრაზს და ვერ გვაჩერებენ.

მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ეს ყველაფერი ისევ და ისევ დაგიბრუნდებათ საპასუხოდ, მაგრამ არა მუქარით, არა ძალადობით, არა დაშინებით, პირიქით, ჩვენ უფრო ბედნიერები, ლაღები, მებრძოლები და უფრო მეტი შემართებით დავბრუნდებით ქუჩებში. ისევ ვნახავთ გაბრწყინებულ და განათებულ რუსთაველის ქუჩას. ისევ ნახავთ ხალხს, რომელიც იბრძვის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ უკან არ დავიხევთ. ყოველი ნაბიჯი წინ, არცერთი ნაბიჯი უკან.

მე არ მეშინია ამ მთავრობის, არ მეშინია იმ ზარების, რომლებსაც ყოველდღიურად და უკვე ყოველ საათში ახორციელებენ ჩვენზე. ასევე ვფიქრობ, რომ იქ დგომა, სადაც ახლა ჩვენ ახალგაზრდები ვდგავართ, არის იმის ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომ ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები და ვიბრძვით დაუღალავად.

ჩემთვის სიტყვა „პატრიოტი“ ასოცირდება ყველა იმ ადამიანთან, რომელიც გრძნობს ბრძოლის ყიჟინას, არ ნებდება ყველა იმ პრობლემას, რაც ჩვენს ქვეყანას ემუქრება“.

ლინდას თქმით, როცა მას და მის მეგობრებს ურეკავენ, იწყენს, ნერვიულობს, ტირის, თუმცა მალევე ბრაზდება და სჯერა, რომ მისი და მის თანატოლების მხნეობა აუცილებლად დაამარცხებს ქვეყნის მოღალატეებს და სწორედ ამ რწმენის გამო არ კარგავს ბრძოლის უნარს.

„ბევრჯერ დამირეკეს. ერთადერთხელ ვუპასუხე, ისიც სრულიად შემთხვევით. გამარჯობის თქმაც კი არ დამცალდა, უშვერი სიტყვებით გამისტუმრეს“.

სტუდენტის თქმით, მას, როგორც საქართველოს მოქალაქეს, რუსული კანონი  ხელს შეუშლის მონაწილეობა მიიღოს ევროპის უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამებში. „ვერ შევძლებ ჩემი პროფესიული განვითარება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გავაგრძელო“, – წუხს სტუდენტი.

სტუდენტის თქმით, უნივერსიტეტების გაფიცვის პერიოდში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლების ორი სახე დავინახეთ: „ნაწილი, რომელიც იდგა ჩვენ გვერდით, გამოვიდა აუდიტორიებიდან და ნაწილი, რომელიც დარჩა უნივერსიტეტში და აგრძელებდა სწავლა-განათლებას. ამ ყველაფერზე ჯავახიშვილის სიტყვები მახსენდება – არის დრო და მომენტი, როცა ყველამ კალამი უნდა დავდოთ და ხმა ამოვიღოთ. ახლა ზუსტად ეს დროა“.

ლინდას საქართველოში უნდა ცხოვრება, სადაც ადამიანებს არ ეშინიათ ცენზურის, გამოხატვის თავისუფლების, საკუთარ ტერიტორიებზე მტრის დასახლების, არ უწევთ მოქალაქეებს ქვეყნიდან წასვლა ემიგრაციაში.

„მინდა, ჩვენს ქვეყანაშიც გვქონდეს ისეთი პირობები, რომ ყველა ადამიანი იყოს ბედნიერი, თავისუფალი, ლაღი. რაც მთავარია, მინდა, ბავშვებს ჰქონდეთ იმედი, რომ, როცა ჩვენს ასაკში მოვლენ, არ მოუწევთ ჩვენსავით ბრძოლის ხაზზე დგომა“.

ჩვენთან ინტერვიუს სტუდენტი ასე ასრულებს: „არა რუსულ რეჟიმს! არა რუსულ მთავრობას! არა რუსულ კანონს და არა ყველაფერ იმას, რაც ეწინააღმდეგება ჩვენ ევროპულ გზას!“.

“30-40 წელი ელოდა ოჯახი ბაბუაჩემის დაბრუნებას, რადგან გადასახლებული ეგონათ“ – რეპრესირებულის შთამომავალი

1938 წლის 19 აპრილს იოსებ სტალინმა ხელი მოაწერა სიას, რომელშიც საქართველოში მცხოვრები 253 ადამიანის სახელი და გვარი იყო შეტანილი.

ეს იყო დასახვრეტთა სია. ჩამონათვალი იმ ადამიანების, ვისთვის უნდა ყოფილიყო 1938 წლის გაზაფხული უკანასკნელი.

„ჩემი დიდი ბაბუა, ვიქტორ ჭედია დახვრიტეს 1938 წელს, ბათუმში. 38-ში დახვრიტეს მისი ძმაც, ტარას ჭედია. მათ დახვრეტას ხელი სტალინმა მოაწერა,“- იხსენებს 86 წლის შემდეგ რეპრესირებული კაცის ამბავს მისი შთამომავალი, თინათინ ჯაფარიძე.

ვიქტორ ჭედიას სახელი სტალინის ხელმოწერილ დასახვრეტ პირთა სიაში. 19 აპრილი, 1938 წელი

ვიქტორ ჭედიას 7 შვილი ჰყავდა, 6 ქალიშვილი და ერთი ვაჟი. თინათინ ჯაფარიძე ვიქტორ ჭედიას უმცროსი ქალიშვილის, თამარის შვილიშვილია. დიდი ბაბუის შესახებ ცნობების მოგროვება თინათინმა მას შემდეგ დაიწყო, რაც სტალინური რეპრესიების პერიოდის შესწავლით დაინტერესდა.

„მთელი ბავშვობა მესმოდა სახლში 1937 წლის ამბები. ბათუმი პატარა ქალაქი იყო, შეიძლება ამიტომ გადავიდა ოჯახი თბილისში, 50-იან წლებში. აქ ვინმეს რომ არ დაეძახა „ხალხის მტრის შვილი“.

სახლში მე მიყვებოდნენ იმ ისტორიებს, რაც ხდებოდა ბებიაჩემის და მისი და-ძმების ბედნიერ ბავშვობაში, სანამ მათ მამას, ვიქტორ ჭედიას დააპატიმრებდნენ. 3-4 წლის რომ გავხდი, იმ ასაკიდან მიყვებოდნენ ამბებს – უზარმაზარი ძაღლი ჰყოლიათ, რომელსაც ლორდი ერქვა. ამ ძაღლს სულ სასაცილო ისტორიები ემართებოდა თურმე და ბავშვები დასდევდნენ მთელს ბათუმში. სულ ასეთ ისტორიებს გვიყვებოდნენ.

რა ხდებოდა ბაბუას დაპატიმრების შემდეგ, მაგაზე არ ლაპარაკობდნენ, რადგან ოჯახისთვის ბაბუას დაპატიმრება იყო საშინელი ტრაგედია,“- იხსენებს თინათინ ჯაფარიძე.
ვიქტორ ჭედია 1880 წელს დაიბადა ლანჩხუთში. ცხოვრობდა ბათუმში, მაშინდელი მარქსის, ახლანდელი ვაჟა-ფშაველას ქუჩის 60 ნომერში. მუშაობდა სხვადასხვა ადგილას.

„როგორც ვიცი, ბაბუაჩემი 1938 წელს, სანამ დააპატიმრებდნენ, ბათუმის ქალაქის საბჭოს კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელი იყო. 30-იან წლებში ბათუმში მისი ხელმძღვანელობით გაკეთდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი.

დაკავებამდე ბაბუაჩემი თბილისში ყოფილა მივლინებით. ამიტომ არ ვიცით დააპატიმრეს თბილისში თუ ბათუმში მოასწრო ჩამოსვლა. ოჯახს აცნობეს – დაპატიმრებულია. არ უთქვამთ, რომ დახვრიტეს. ოჯახს წლების განმავლობაში ეგონა, რომ გადასახლებული იყო.

როდესაც დახვრიტეს ბაბუაჩემი იყო 58 წლის.  სადღაც კიდევ 30 – 40 წელი ელოდა ოჯახი.

სულ ელოდებოდნენ და ფიქრობდნენ –  იქნებ გადაასახლეს და იქ დარჩა. იქნებ რაღაცა წერილს გამოგზავნის. სულ იყო ეს მომენტი, კითხულობდნენ გადასახლებიდან ჩამოსულებთან, ვინც იცოდნენ – ხომ არ შეგხვედრიათ ესეთი და ესეთი ადამიანი?“ – გვიყვება თინათინ ჯაფარიძე.

  • 1937

1937 წლის 30 ივლისს, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ნიკოლაი ეჟოვის ხელმოწერით გამოიცა ბრძანება №00447.

ამ ბრძანების საფუძველზე დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში. შეიქმნა ე.წ. განსაკუთრებული სამეულები (ტროიკა), რომელიც იყო არასასამართლო, არაკონსტიტუციური ორგანო. სამეულებმა ათიათასობით ადამიანს სასამართლოს გარეშე გამოუტანეს დახვრეტის განაჩენი.

„ენკავედეს“ ანუ შინსახკომის განსაკუთრებულ სამეული იყო სპეციალური ორგანო, რომელიც შექმნილი იყო სტალინური ხელისუფლების მიერ, დიდი ტერორის რეპრესიების გატარებისთვის. სამეული შედგებოდა რესპუბლიკის შინსახკომის თავმჯდომარისგან, მისი მოადგილისგან და რესპუბლიკის პროკურორისგან.

სტალინმა დაიწყო სიების შედგენა, რომელშიც შეიყვანა თითქმის ყველა ძველი ბოლშევიკი. საბჭოთა კავშირში შემავალი თითოეული რესპუბლიკისათვის სიებს ცალ-ცალკე ადგენდნენ. ის სია, რომელშიც ვიქტორ ჭედიას სახელი მოხვდა, 1938 წლის 19 აპრილსაა სტალინის მიერ ხელმოწერილი.

„ვიქტორ ჭედია დაპატიმრებამდე, ანუ 1938 წლამდე ბათუმში, ქალაქის საბჭოში კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელობდა.

დაპატიმრებისას საბჭოთა ხელისუფლებამ ბრალად დასდო, რომ იყო აჭარის კონტრრევოლუციური, არალეგალური, მენშევიკური ორგანიზაციის თადარიგის ცენტრში. მონაწილეობას იღებდა ცენტრის თათბირებში, სადაც ისახებოდა გეგმა, თუ როგორ უნდა ებრძოლათ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ბრალდების მიხედვით, ვიქტორ ჭედია ცდილობდა, კავშირი დაემყარებინა საქართველოში მენშევიკთა ცენტრთან მას შემდეგ, რაც კონტრრევოლუციურმა ორგანიზაციამ აჭარაში მარცხი განიცადა,“ – ამბობს თინათინ ჯაფარიძე.

საქმის მასალების მიხედვით, ვიქტორ ჭედიამ თავი დამნაშავედ ცნო. ის შინსახკომის სამეულმა გაასამართლა. მომხსენებელი იყო გორშკოვი. სხდომაში მონაწილეობდნენ სერგო გოგლიძე, ილარიონ ტალახაძე, შალვა წერეთელი და მოროზოვი.

ვიქტორ ჭედია რეაბილიტირებულია. ცნობა მისი რეაბილიტაციის შესახებ ოჯახმა სტალინის გარდაცვალების შემდეგ,  1956 წელს მიიღო.

“შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამეულის 1938 წლის 28 აპრილის დადგენილება ვიქტორ იაგორის ძე ჭედიას მიმართ გაუქმდა და საქმე წარმოებით მოისპო ბრალდების დაუდასტურებლობის გამო,” – წერია ვიქტორ ჭედიას რეაბილიტაციის ცნობაში.

თინათინ ჯაფარიძე არქივებში მუშაობს და ცდილობს რეპრესიების შესახებ მეტი ინფორმაცია მოიძიოს.

„აჭარაში მყავს ნათესავები. გარდა ბაბუაჩემისა, ჩემი რამდენიმე ნათესავია რეპრესირებული. ვეძებდი ინფორმაციას მათ შესახებაც. არქივში მუშაობისას წავაწყდი ერთ ისტორიას მოხუც კაცზე, რომელიც იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და რომელიც დახვრიტეს. ცხოვრობდა ხელვაჩაურში, სოფელში. არაფერს არ ფლობდა, ჰყავდა მხოლოდ მეუღლე, შვილი – არა. მისი გრაფის გასწვრივ ეწერა – ინვალიდი. ეს ადამიანი დახვრიტეს.

ასეთი ჩანაწერებით ხვდები რეჟიმის რეალურ სახეს. ადამიანები ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ, არსებობდნენ და რეჟიმმა გააქრო ისინი,“ – ამბობს თინათინ ჯაფარიძე.

თინათინის თქმით, სტალინის ეპოქის თანმდევი იყო მუდმივი შიში – შიში გადასახლების, შიში დაპატიმრების, შიში დახვრეტის.

„ეს შიში აისახა შემდეგ თაობებზე. არსად წასულა.

1937-38 წლებში, სულ რაღაც 2 წელიწადში დააპატიმრეს მილიონ 700 ათასი ადამიანი. 725 ათასი ადამიანი დახვრიტეს და მილიონი გადაასახლეს.

სტალინი იყო დიქტატორი, ტირანი, პირველ რიგში. მე ვფიქრობ ადამიანებს ჯერ კიდევ არ აქვთ სრული ინფორმაცია, რას წარმოადგენდა ეს ადამიანი. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ისტორია უნდა ვისწავლოთ თავიდან. განსაკუთრებით ამ პერიოდის ისტორია,“ – ამბობს თინათინ ჯაფარიძე.

"30-40 წელი ელოდა ოჯახი ბაბუას დაბრუნებას, რადგან გადასახლებული ეგონათ" - თინათინ ჯაფარიძე

უკრაინის დაზვერვამ ყირიმთან კიდევ ერთი რუსული გემი გაანადგურა

6 ივნისს, გამთენიისას, უკრაინის სამხედრო დაზვერვის მე-9 დეპარტამენტის სპეციალურმა განყოფილებამ დროებით ოკუპირებული ყირიმის სანაპიროზე წარმატებული დარტყმა განახორციელა რუსულ ბუქსირ „სატურნზე“.

„პანსკოეს ტბის წყლებში ჩატარებული ოპერაციის შედეგად განადგურდა რუსი დამპყრობლების კიდევ ერთი გემი. შეტევა განხორციელდა შავი ზღვის წყლებში დამპყრობელთა თავდაცვითი ბარიერების ხაზის წარმატებული გარღვევის შემდეგ“ – აცხადებს უკრაინის დაზვერვა.

უკრაინული მხარის ცნობით, გემი განადგურებულია.

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება

საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე 5 თვე რჩება. არჩევნების მოდერნიზების პროცესი გადამწყვეტ ეტაპზეა. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს ელექტრონული არჩევნების წარმატებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ყველა ეტაპზე არის ღია, საჯარო და ყველა ჩართულ მხარეს აქვს შესაძლებლობა დეტალურად გაეცნოს მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, კვლავ გრძელდება გადაუმოწმებელი, უსაფუძვლო და საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი განცხადებები.

კერძოდ, ბოლო პერიოდში, არჩევნებთან და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელდება უსაფუძვლო განცხადებები და შეფასებები, მათ შორის ქვეყნის გარეთაც. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების სრული დაცვით, ამ მიმართულებითაც  ვრცელდება ინსტიტუციის დამაზიანებელი უსაფუძვლო ბრალდებები. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საარჩევნო პროცესის ირგვლივ გაკეთებული ასეთი შეფასებები მთლიანად საარჩევნო პროცესს აზიანებს.

მსგავსი განცხადებები, პოლარიზებული საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით, ემსახურება ცრუ წარმოდგენების, არასწორი აღქმების შექმნას, მათზე დაფუძნებული დასკვნების გავრცელებას და აზიანებს როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციას, ისე ზოგადად საარჩევნო გარემოს და არჩევნების მთლიანობას. ისიც უნდა აღნიშნოს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მთელი ძალისხმევა მიმართულია საარჩევნო პროცესებიდან პოლიტიკური დისკურსის და გავლენების აღკვეთისაკენ. ამ პროცესში კი უმნიშვნელოვანესია ჩართული მხარეების ობიექტური მხარდაჭერა და არა  წინასწარი წარმოდგენებისა და არასწორი აღქმების შექმნა, რაც უფრო მეტად  დააზიანებს საარჩევნო გარემოს.

არჩევნები საერთო საქმეა და საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, იყვნენ ობიექტურები და მიუკერძოებლები, ხელი შეუწყონ არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას. ამასთან, სურვილის შემთხვევაში, როგორც ყოველთვის, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის შესაბამის დაინტერესებულ პირებთან საჯარო შეხვედრებისთვის, რათა კითხვების არსებობის შემთხვევაში დეტალურად გავუზიაროთ ინფორმაცია ყველა იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების ჩასატარებლად ახორციელებს. ჩვენი მხრივ, ვადასტურებთ რა ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლების წინაშე, ყოველთვის მივაწვდით მათ ობიექტურ და გადამოწმებულ ინფორმაციას.

ტერორიზმის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დავაკავეთ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბათუმში დააკავეს ორი პირი, რომლებსაც საბრძოლო მასალა და  „ისლამურ სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები აღმოაჩნდათ.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.

სპეციალური ოპერაცია ქალაქ ბათუმში ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა. დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტები, ხელყუმბარები, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულებები.

აქტიურად მიმდინარეობს კონტრტერორისტული ღონისძიებები დაკავებული პირების ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“კავშირების იდენტიფიცირების მიზნით,“ – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 328-ე მუხლებით აწარმოებს, რაც 3-დან 6 წლამდე და 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 515 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300]
  • ტანკი – 7 828 ერთეული [+22]
  • ჯავშანტექნიკა – 15 076 ერთეული [+40]
  • საარტილერიო სისტემა – 13 433 ერთეული [+48]
  • MLRS – 1 095 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 831 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 357 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 846 ერთეული [+41]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 270 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 27 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 18 360 ერთეული [+63]
  • სპეცტექნიკა – 2 230 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 610 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 25 225 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 527 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 276 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 330 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 162 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 311 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

2025 წლისთვის რუსეთს მძიმე მდგომარეობა დაუდგება აღჭურვილობის და ტექნიკის მხრივ – ინტერვიუ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

წელს ბათუმის ბულვარი პლაჟებს აუქციონზე არ გაიტანს

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია პლაჟებს ერთწლიანი ვადით, პირდაპირი წესით, გაასხვისებს. ბათუმის მერიისა და საკრებულოს, ასევე ბულვარის ადმინისტრაციის ერთობლივი გადაწყვეტილებით, აუქციონებს წელს არ გამოაცხადებენ.

მერია თანახმაა, ბულვარმა ხელშეკრულებები გაუგრძელოს მოქმედ მოიჯარეებს, რომ მათ იგივე ქონებითა და პირობებით შეძლონ სარგებლობა, რაც გასულ წელს ჰქონდათ ხელშეკრულებით განსაზღვრული. ამ გადაწყვეტილებას გასულ კვირას, 31 მაისს ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა.

გადაწყვეტილების მიზეზი გასულ წელს განვითარებული შტორმული მოვლენებია. მერიის განმარტებით, 2024 წლის 27 მაისს ბულვარის ადმინისტრაციამ  წერილით მიმართა მერიას, როგორც ქონების მესაკუთრეს და მოიჯარეების მოთხოვნის შესახებ აცნობა:

„ბათუმის ბულვარში“ შესულია ბულვარის სანაპირო ზოლზე არსებული საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოიჯარეთა კოლექტიური განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და სსიპ „ბათუმის ბულვარის“ სარგებლობაში არსებული ქონების, 2024 წლის სეზონზე პირდაპირი განკარგვის წესით [აუქციონის გარეშე] სარგებლობაში გადაცემა.

მერიის განმარტებით, პლაჟების მოსარგებლეები ქონების პირდაპირი წესით გადაცემას, გასულ წელს შტორმებით მიყენებული ზარალის გამო ითხოვენ.

„გასული სეზონის განმავლობაში ზღვაზე რამდენჯერმე განვითარებული ძლიერი შტორმის დროს ზღვიდან გადმოვიდა წყლის დიდი მასა, როგორც პლაჟის ნაწილზე, ისე პრომენადსა და შიდა სასეირნო ხეივანში, რის გამოც დაზიანდა მოიჯარეების მიერ მოწყობილი საპლაჟო ინფრასტრუქტურა და ინვენტარი“, – იმავე წერილში ბულვარის ადმინისტრაცია მერიას წერს, რომ თანხმობის შემთხვევაში თავად უზრუნველყოფს შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს.

მერიამ მოთხოვნის დაკმაყოფილება მიზანშეწონილად მიიჩნია:

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინოს სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს მიერ დასმული საკითხი, ხელი
შეეწყოს მოიჯარეებს, რათა მათ შეძლონ შექმნილ მდგომარეობასთან გამკლავება. სსიპ „ბათუმის ბულვარს“ მისცეს თანხმობა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, უზუფრუქტის ფორმით სსიპ „ბათუმის ბულვარის“-ს სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონების [პლაჟის მოკვეთები] 2023 წელს იჯარით მოსარგებლე პირებზე სსიპ
„ბათუმის ბულვარი“-ს მიერ პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით 2024 წლის 31 დეკემბრამდე ვადით სარგებლობაში გადაცემაზე.“

განმარტებით ბარათში ნათქვამია ასევე, რომ მერიამ პროექტზე დანართის სახით საკრებულოს წარუდგინა მოიჯარეთა კოლექტიური განცხადება და 2023 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების სია. თუმცა ასეთი დანართები საკრებულოს ვებგვერდზე ატვირთული არ არის. ვერც იქნებოდა, რადგან დანართები მერიას განკარგულების პროექტთან ერთად საკრებულოში არ გადაუგზავნია. ჩვენ კი გვითხრეს, რომ თუ ამ დოკუმენტების გაცნობა გვინდა, უნდა გამოვითხოვოთ.

ასეთია გამჭვირვალობა მერიის ლოგიკით.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოიჯარეებს ქონება ზაფხულის სეზონზე 2024 წლის 20 ივნისიდან 20 ოქტომბრამდე, 4 თვის ვადით გადაეცემათ. საკრებულოს გადაწყვეტილებით, პლაჟის მონაკვეთების ერთი კვ.მეტრის ოთხი თვის საიჯარო ქირა განისაზღვრეს 11.70 ლარის ოდენობით, წლიური საიჯარო ქირა – 35 ლარია.

ბულვარი, იმავე მიზეზით, პირდაპირი წესით გაასხვისებს ასევე გონიო-კვარიათისა და მახინჯაურის პლაჟებს.

გონიო, კვარიათი. ფოტო: „ბათუმელები“/ცაგო კახაბერიძე

„ოჯახებს სამინისტროდან უკავშირდებიან“ – ბინების გადაცემის ცერემონია ბინების გარეშე „ოცნების ქალაქში“

დღეს, 5 ივნისს, აჭარის მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ ახალი ბინების გადაცემის ცერემონია გამართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა. ბინა კი, სიმბოლურად მხოლოდ ერთ ოჯახს გადასცეს. ამ ეტაპზე 582 ბინაა გასაცემი.

„დანარჩენი ოჯახების სიაც შედგენილია, თუ ვინ მიიღებს ბინას და მათ სამინისტროს წარმომადგენლები უკვე უკავშირდებიან.“ – გვითხრეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

ვინ არის სიაში და როდის გადასცემენ ბინებს დარჩენილ 581 ოჯახს, ეს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა ზუსტად არ იციან.

ვადები ვერც ჯანდაცვის სამინისტროში დაგვიზუსტეს: „ამ  ოჯახებთან სამინისტრო ამყარებს კომუნიკაციას და ბინები მათ უახლოეს პერიოდში გადაეცემათ. ამასთან დაკავშირებით კი შემდეგ ცალკე დავუკავშირდებით. დღეს სიმბოლურად გადაეცა გასაღები ერთ ოჯახს. ამდენი აქტივობა ერთად ვერ მოხერხდებოდა ერთ დღეს“.

აჭარის მთავრობა არ ასაჯაროებს იმ 582 ოჯახის სიას, ვისაც ბინები უნდა გადასცენ.

ოჯახების სიას კი, რომლებსაც პირველ ეტაპზე გადასცემდნენ ბინებს, აჭარის ხელისუფლებისგან „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები ადრეც ითხოვდნენ; ასევე ითხოვდნენ საგარანტიო ხელშეკრულებების გაფორმებასაც, თუმცა მთავრობას არც სია გადაუცია ამ ოჯახებისთვის და არც ხელშეკრულებები გაუფორმებია. მოსახლეობა პერიოდულად აქციებსაც მართავდა ამ მოთხოვნებით. ვარაუდობდნენ, რომ მათ ბინებს წინასაარჩევნოდ მაინც გადასცემდნენ.

ვრცლად: ვინ [ვერ] მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“

„ოცნების ქალაქის“ მიმდებარედ კორპუსების მშენებლობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება კომპანია „დაგთან“ 38 745 999 ლარზე ჰქონდა გაფორმებული.

ხელშეკრულება 2020 წლის 13 თებერვალს გაფორმდა და მშენებლობა 2021 წლის 13 ივლისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულებულიყო. თუმცა ეს ვადა შეიცვალა და სახელშეკრულებო ღირებულებაც 40 973 388 ლარამდე გაიზარდა. სამუშაოები კი 2023 წლის 25 ოქტომბრამდე უნდა დასრულებულიყო.

მშენებელ კომპანიაში „ბათუმელებს“ 4 თვის უკან უთხრეს, რომ კორპუსების მშენებლობა დასრულებული იყო.

ვრცლად: „ოცნების ქალაქში“ კორპუსებს ვალაგებთ – მშენებელი კომპანია

როგორც ადრე „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან მოგვწერეს: „აჭარის მთავრობის განკარგულებით, 2019 წელს შეიქმნა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების [ე.წ. „ოცნების ქალაქი“] მოქალაქეთა მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. ამ ჯგუფმა იმავე წელს დანომრა 1 726 საცხოვრისი, ხოლო წარმოდგენილი განცხადებებიდან რეგისტრაცია გაიარა – 1 607-მა ოჯახმა.“

582 ოჯახის ბინებით დაკმაყოფილების შემდეგ „ოცნების ქალაქში“ ბინის მოლოდინში 1 025 ოჯახი დარჩება.

ამ ოჯახების ბინებით დაკმაყოფილება კი, სამომავლოდ „ოცნების ქალაქის“ არსებული ტერიტორიის განაშენიანების გეგმის განხორციელებაზეა დამოკიდებული.

ამ თემაზე:

როგორ აპირებს მთავრობა „ოცნების ქალაქის“ განაშენიანებას – საკრებულომ კონცეფცია დაამტკიცა

 

 

 

Exit mobile version