წარმოიდგინეთ, რომ ავად ხართ და სისტემატური, სპეციფიკური მოვლა და დახმარება გჭირდებათ. ვინ იზრუნებს თქვენზე ოჯახის წევრების გარდა? რა როლი აქვს სახელმწიფოს ამ დროს თქვენი, როგორც მოქალაქის სამედიცინო და სოციალურ მხარდაჭერაში?
სწორედ ამ მხარდაჭერისთვის არსებობს პროგრამა, რომელიც წლებია ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობს, საქართველოში კი წელს დაინერგა სახელმწიფო ქვეპროგრამის სახით.
შინმოვლა – ამ ტერმინით აღინიშნება მოვლის საჭიროების მქონე პირთა სამედიცინო, სოციალური და ტექნიკური მომსახურება მისსავე საცხოვრებელ ადგილზე. შინმოვლა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება იმ ადამიანს, რომელსაც ზრუნვა სჭირდება და, ასევე, მის ოჯახსაც.
ამ სტატიაში გიამბობთ, შინმოვლის როგორი პროგრამები გვაქვს საქართველოში, რა გამოწვევებია ამ მიმართულებით და რით განსხვავდება შინმოვლა საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების შინმოვლის პროგრამებისგან.
- როგორ მუშაობს შინმოვლის პროგრამა საქართველოში
საქართველოში შინმოვლის ქვეპროგრამას 2024 წლიდან ზრუნვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამისთვის წელს 440 000 ლარია გამოყოფილი. ეს თანხა პროგრამის 400 მოსარგებლეზეა გათვლილი.
იმისთვის, რომ საქართველოს 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქემ პროგრამით ისარგებლოს, მწოლიარე უნდა იყოს, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით.
პროგრამაში რომ მოხვდეს, მოქალაქემ ზრუნვის სააგენტოს უნდა მიმართოს განცხადებით, რის შემდეგაც მის მდგომარეობას სპეციალური, ბართელის სკალის მიხედვით შეაფასებენ. ესაა კითხვარი, რომლითაც იზომება პროგრამით მოსარგებლე პირის საჭიროებები.
შეფასების შემდეგ შინმოვლის სერვისის მიმღები პირები სამ კატეგორიაში ნაწილდებიან – პირველი კატეგორია რთულად მიიჩნევა, მეორე – საშუალო სიმძიმის და მესამე – შედარებით მსუბუქად. თითოეულ კატეგორიას აქვს თავისი ვაუჩერული დაფინანსება, რაც განსაზღვრავს მოქალაქესთან შინმოვლის გუნდის ვიზიტების რაოდენობასაც.
მაგალითად, თუ ქალაქში მცხოვრები მოქალაქე ბართელის სკალით პირველ კატეგორიაში მოხვდა, მასთან სახლში თვეში ორჯერ მივა ექიმი, 10-ჯერ – ექთანი, 12-ჯერ – მომვლელი და სხვა სპეციალისტები, ანუ თვეში, ჯამში, მულტიდისციპლინური გუნდის 36 ვიზიტია მის დასახმარებლად გათვალისწინებული.
მაგრამ თუ მოქალაქე სოფელში ცხოვრობს, ვიზიტების რაოდენობა 22 იქნება, რადგან საქართველოში შინმოვლის სახელწიფო პროგრამა სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს საჭიროების მქონე მოქალაქეებს ქალაქებსა და სოფლებში.
ვიზიტების რაოდენობის გარდა, ქალაქისა და სოფლის მოდელში განსხვავდება მულტიდისციპლინურ გუნდში სპეციალისტების რაონოდენობაც.
მაგალითად, ქალაქის მოდელში შინმოვლის მულტიდისციპლინურ გუნდში შედის კოორდინატორი, ექიმი, ექთანი, მომვლელი, სოციალური მუშაკი, საყოფაცხოვრებო ასისტენტი და ტექნიკური ასისტენტი, სოფლის მოდელში კი – მხოლოდ კოორდინატორი, ექთანი და მომვლელი.
ბოლო მონაცემებით, რამდენი ადამიანია ჩართული შინმოვლის პროგრამაში? რამდენად მოიცავს პროგრამა საჭიროების მქონე ყველა ბენეფიციარს – ხომ არ დგას პროგრამის გაფართოების საჭიროება? რის მიხედვით განისაზღვრა სოფლისა და ქალაქის მოდელები? – „ბათუმელებმა“ ამ და სხვა კითხვებით ზრუნვის სააგენტოს მიმართა, თუმცა უწყებამ ეს კითხვები ამ დრომდე უპასუხოდ დატოვა. სააგენტოსგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
თავად ზრუნვის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით კი 2024 წელს, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ამ პროგრამისთვის სულ 206 905 ლარი დაიხარჯა. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ სექტემბერში 96 ბენეფიციარზე 50 132 ლარი დაიხარჯა.
რა გამოწვევები აქვს შინმოვლას საქართველოში – რას ამბობენ ექსპერტები
„ბათუმელები“ ესაუბრა ზურაბ ტატანაშვილს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებიას და განვითარების ცენტრის სოციალური მომსახურების ექსპერტს, რომელიც შინმოვლის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ პროცესებს აკვირდება საქართველოში.
ზურაბ ტატანაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საქართველოში შინმოვლის პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ე,წ. „მწოლიარეს“ საკითხი:
„ზრუნვის სააგენტოში რომ მივიდეს ადამიანი, საბუთი მიიტანოს და შეფასება დაიწყოს, ფორმა 100-ში უნდა ეწეროს სიტყვა „მწოლიარე“. სხვა შემთხვევაში არ ხვდება მოქალაქე იმ კატეგორიაში, რომლის მიხედვით შინმოვლის სერვისი მიეწოდება.
საქმე იმაშია, რომ შესაძლებელია ადამიანს ჰქონდეს შინმოვლის საჭიროება, მაგრამ არ იყოს მწოლიარე. შესაძლოა შეეძლოს ადგომა, მაგრამ, მაგალითად, თვითმოვლის ნაწილში სჭირდებოდეს დახმარება.
ეს ნამდვილად არის პროგრამის გამოწვევა და სამუშაო ჯგუფში ეს საკითხი ინტენსიურად განიხილება. დიდი ალბათობით, შემდეგი წლიდან შეიცვლება ეს ამბავი“ – ამბობს ზურაბ ტატანაშვილი.
იგი განმარტავს, რომ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეზე ე.წ. ვაუჩერის გაცემით, ფაქტობრივად „ყიდულობს“ მომსახურებას სხვადასხვა მომსახურების მიმწოდებლისგან, თუმცა სერვისის მიმწოდებლები, ორგანიზაციები, რომლებსაც შინმოვლის სერვისის შეთავაზება შეუძლიათ, ყველა მუნიციპალიტეტში არ არიან, რაც შინმოვლის სერვისის მიწოდებას შეუძლებელს ხდის.
ზურაბ ტატანაშვილის თქმით, თვალშისაცემია განსხვავება შინმოვლის ქალაქისა და სოფლის მოდელებს შორის. განსხვავებულია შინმოვლის სერვისის მიმწოდებლების ანაზღაურებაც – ქალაქის მოდელზე ვაუჩერით მეტი თანხაა გამოყოფილი ვიდრე სოფლის მოდელზე და განსხვავდება სერვისიც:
„მაგალითად, სოფლის მოდელში პირველადი ჯანდაცვის ექიმი უნდა ჩაერთოს, სოციალური მუშაკი კი, ითვლება, რომ სხვა სისტემიდან უნდა იყოს და გადამისამართებით უნდა მოგვარდეს ეს ამბავი. სოფლის ექიმები გადატვირთულები არიან. ხშირად, სოციალური მუშაკები საერთოდ არ ჰყავთ ან ისინიც გადატვირთულები არიან და ეს ნაწილი, ფაქტობრივად, დაუფარავი რჩება სოფლის მოდელში.
სოფლის მოდელში მნიშვნელოვანია ასევე გათვალისწინებული იქნეს ტრანსპორტზე დახარჯული დროის და რესურსის საკითხი. შესაბამისად, თითო ვიზიტზე გაცილებით მეტი თანხა უნდა გამოიყოს, ვიდრე ქალაქის მოდელზე, რადგან თუ ერთმა სპეციალისტმა შეიძლება ქალაქში დღეში 5-10 მოსარგებლის მომსახურება მოასწროს, სოფელში, განსაკუთრებით დაბალი სიმჭიდროვის და მთაგორიან დასახლებებში, ზამთარში, შესაძლოა მხოლოდ ერთი მოსარგებლის მომსახურება შეძლოს“.

ზურაბ ტატანაშვილი
ტატანაშვილის თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა ექთანი ან მომვლელი ითავსებს საყოფაცხოვრებო ასისტენტის ფუნქციებსაც, რაც ზრდის პერსონალის დატვირთვას და ბენეფიციართან ვიზიტის დროსაც.
ზურაბ ტატანაშვილი აღნიშნავს, რომ პროგრამაში მოქალაქეების ჩართვა ძალიან შენელებულია და ამის მიზეზი ინფორმაციის არქონაა:
„რეალურად ადამიანებმა, ვისაც ძალიან სჭირდებათ შინმოვლა, შესაძლოა, არ იცოდნენ ამ პროგრამის არსებობის შესახებ.
მე რაც ვნახე, ძირითადად ბენეფიციარები მოიზიდეს სერვისის მიმწოდებელმა ორგანიზაციებმა. ეს ასე არ უნდა იყოს. სისტემა უნდა მუშაობდეს ისე, რომ ჯანდაცვის სისტემის ექიმებმა და სოციალურმა მუშაკებმა უნდა იცოდნენ შინმოვლის პროგრამის შესახებ და გადაამისამართონ მოსარგებლეები ზრუნვის სააგენტოში“ – მიიჩნევს ექსპერტი.
- განსხვავება ქართულ და ევროპულ შინმოვლის პროგრამებს შორის
შუქია ჭინჭარაული პროფესიით ექთანია, მას შინმოვლის სფეროში მუშაობის 26-წლიანი გამოცდილება აქვს. „ბათუმელებთან“ შუქია საუბრობს, რა განასხვავებს საქართველოში არსებულ შინმოვლის პროგრამას ევროკავშირის წევრი ქვეყნების პროგრამებისგან და რატომაა მნიშვნელოვანი ქართული პროგრამა დაემსგავსოს ევროპულ მოდელს.
„სერვისის განმავითარებელი ორგანოს წარმომადგენელი ვარ, მე ვარ თავად ტრენერი, აღიარებული და ავტორიზებული სახელმწიფოს მხრიდან.
ძალიან დიდი სხვაობაა შინმოვლის მომსახურების მიწოდების მასშტაბში. მაგალითად, ევროპის გერმანულენოვან ქვეყნებში სხვადასხვა დაზღვევა მუშაობს, ერთი არის ავადმყოფობის დაზღვევა, მეორე – მოვლის დაზღვევა. შინმოვლის სერვისის დაფინანსება ხდება მოვლის დაზღვევით. განისაზღვრება კატეგორია, თუ რომელი პაკეტი შეიძლება სჭირდებოდეს სერვისით მოსარგებლეს და ამის მიხედვით ერთვება მოქალაქე პროგრამაში.
სხვადასხვა კატეგორიაა, როგორც ჩვენთან: სირთულის, სიმძიმისა და ჩარევის ხარისხის დასადგენად, ოღონდ, განსხვავება ის არის, რომ იქ ყველაფერი შედის შინმოვლის პაკეტში.
ჩვენთან სერვისი დაზღვევიდან არ ფინანსდება და გვაქვს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მხოლოდ 400 ბენეფიციარზეა გათვლილი“ – გვეუბნება შუქია ჭინჭარაული.
მისი თქმით, ევროპულ და ქართულ შინმოვლის მოდელებში განსხვავებულია პროგრამაში ჩართვის ეტაპებიც. საზღვარგარეთ გაცილებით იოლია შინმოვლის სერვისში ჩართვა.
„ჩვენთან მწოლიარე ადამიანისთვის ძალიან ძნელია ფორმა 100-ის მოპოვება. ძალიან ძნელია ექიმის მიყვანა სახლში მის დასაწერად. ზრუნვის სააგენტომ რატომღაც თავიდანვე მოითხოვა, რომ ამ საბუთში უნდა ყოფილიყო ჩაწერილი „მწოლიარე“, არადა, პირველი კატეგორიის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ფეხზე მოსიარულე, მაგალითად, შეიძლება ღრმა დემენცია ჰქონდეს და მიეკუთვნებოდეს პირველ კატეგორიას.
დიდი ხანია ვესაუბრებით ზრუნვის სააგენტოს, რომ შეცვალოს ეს მოთხოვნა“ – ამბობს შუქია ჭინჭარაული.
იგი ხაზს უსვამს კიდევ ერთ გარემოებას – კანონიერი წარმომადგენლის საჭიროებას შინმოვლის საჭიროების მქონე იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ ჰყავთ ოჯახი. კანონიერი წარმომადგენლის გასაფორმებლად საჭიროა ნოტარიუსთან მისვლა ან ნოტარიუსის სახლში მიყვანა, რაც დამატებით ბარიერებს ქმნის ფინანსური თვალსაზრისითაც.
თუმცა ბარიერები ამით არ სრულდება:
„დავუშვათ, გააკეთა ყველაფერი ადამიანმა, შეიტანა მოთხოვნილი საბუთები. ზრუნვის სააგენტო გადადგამს შემდეგ ნაბიჯს, ეს გახლავთ უკვე ექიმის გაგზავნა სახლში, რომელიც ბართელის ინდექსით შეაფასებს ბენეფიციარს. აქ არის კიდევ ერთი დიდი პრობლემა – ვერ აიძულა სახელმწიფომ ექიმები, კლინიკები, რომ თანხმობა ეთქვათ ამ მომსახურების გაწევაზე, იმიტომ, რომ 25 ლარზე მეტს არ უხდიან თითო ვიზიტში ექიმს და ამ თანხაში შედის ტრანსპორტირებაც.
შეფასების გადაგზავნის შემდეგ ზრუნვის სააგენტომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელსაც აცნობებს ბენეფიციარს და ოჯახს, რა რიცხვიდან არის ის შინმოვლის პროგრამაში ჩართული და აცნობებს, ასევე, სავარაუდო ორგანიზაციებს, ვისაც შეიძლება ბენეფიციარმა მიმართოს ამ სერვისის მისაღებად, მაგრამ ამ გადაწყვეტილებაში არსად წერია, რომელი კატეგორია მიენიჭა ბენეფიციარს. ანუ, ორგანიზაციამ, რომელსაც ბენეფიციარი ან მისი ოჯახის წევრი მიმართავს, უნდა მოიძიოს ინფორმაცია ზრუნვის სააგენტოში, თუ რომელი კატეგორიით შეფასდა ამ ადამიანის მდგომარეობა.
ევროპაში როგორც კი დადგინდება შინმოვლის საჭიროება, ძალიან სწრაფად მიდის პროცესი, რადგან სისტემა აწყობილია. ხდება მოძიება ყველაზე ახლოს არსებული შინმოვლის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის და იწყება სერვისის მიწოდება. თუ კი რაიმე პრობლემამ იჩინა თავი, შესაძლოა რაღაცები შეიცვალოს, თუ არა და სერვისი შინმოვლის საჭიროების მქონე პირს ყოველდღე მიეწოდება“ – ამბობს შუქია ჭინჭარაული.
იგი განმარტავს იმ სირთულეებსაც, რაც საქართველოში იმ ორგანიზაციებმა უნდა გაიარონ, ვისაც სურვილი აქვს შინმოვლის სერვისის მიმწოდებლები გახდნენ.
„ამ ორგანიზაციებს სჭირდებათ სპეციალურად გადამზადებული კადრები, რომლებსაც გავლილი უნდა ჰქონდეთ მინიმალური პროგრამა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აღიარებული, რომელიც მოიცავს 62 საათს.
ეს კურსი აერთიანებს ორ მოდულს. ძირითადი ოპერაციული ჯგუფი, ექთნები და მომვლელები გადიან ორივე მოდულს. ეს ადვილი არ არის, რადგან არ არის მთლიანად დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან [კურსები] და თუკი რომელიმე ორგანიზაციას უნდა ეს სერვისი ააწყოს, თავისი ხარჯებით უნდა დაფაროს ტრენინგები.
შიგადაშიგ გამოიყოფა გარკვეული დაფინანსებები, მაგრამ ძალიან ცოტა. ამ წუთას, „გაეროს ქალთა ფონდი“ აფინანსებს შინმოვლის ტრენინგებს ოთხ რეგიონში“.
შუქია ჭინჭარაული მიიჩნევს, რომ შინმოვლის სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაცია იმიტომაც არ ვრცელდება ფართოდ, რომ პროგრამისთვის გადამზადებული თანამშრომლების რაოდენობა საკმარისი არ არის.
ჭინჭარაულის თქმით, კიდევ ერთი განსხვავება ქართულ და ევრუპულ მოდელს შორის, პერსონალის კვალიფიკაცია და მოვალეობებია:
„იქ აბსოლუტურად სხვა განათლებას იღებენ დასაქმებულები. მაგალითად, საექთნო განათლება, ხანდაზმულთა მომვლელის განათლება, მომვლელის ასისტენტის სასწავლო კურსი ერთმანეთისგან განსხვავდება კრედიტების რაოდენობით და შინაარსით.
ექთნებს კი სულ მცირე, სამწლიანი ან საბაკალავრო განათლება უნდა ჰქონდეთ.
ჩვენს საგანმანათლებლო კურსს რომ შევადაროთ, ძალიან დიდი სხვაობაა.
გარდა ამისა, ევროპაში ყველას ევალება ძირეული მოვლის შესრულება, რასაც პირად ჰიგიენას ეძახიან, მაგრამ გაცილებით მეტია, ვიდრე პირადი ჰიგიენა. აი, რასაც ჩემს თავს ყოველდღე ვუკეთებ: დაბანა, კბილების გახეხვა, საჭმლის მომზადება, მირთმევა, საპირფარეშოში სიარული და ა.შ.
ამ ძირეული მოვლის ელემენტებს ექთნები და მომვლელები ჩვეულებრივად ასრულებენ იქაც, უბრალოდ განსხვავება იმაშია, რომ თუკი პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ან სამედიცინო კუთხით სერიოზული ჩარევა სჭირდება, ძირეული მოვლის ელემენტებს აუცილებლად ექთნები ასრულებენ.
ჩვენს სტანდარტზე რომ გითხრათ, აკრძალულია ან ნება დართულია – არა. არსად არ წერია, რომ არ უნდა შეასრულოს ან უნდა შეასრულოს ექთანმა ძირეული მოვლის ელემენტები, მაგრამ სახელმწიფოს შემოთავაზებულ დოკუმენტაციაში თუ ჩავიხედავთ, იქ ძალიან მკვეთრადაა გაყოფილი. ანუ, სამედიცინო-ტექნიკური მანიპულაციები, პროცედურები არის მხოლოდ ექთნის საქმე, მათ შორის ხელმძღვანელობა, ზედამხედველობა, მონიტორინგი და ა.შ. ძირეული მოვლის ელემენტები კი, რაც ძალიან ხშირად ჯანმრთელობის მდგომარეობით რთულ პაციენტებთან საკმაოდ ძნელი შესასრულებელია, მომვლელების საქმეა“.

შუქია ჭინჭარაული
მოვლის ექსპერტი გვეუბნება, რომ ევროპაში, საქართველოსგან განსხვავებით, არ აქვთ ქალაქის და სოფლის შინმოვლის მოდელები ცალ – ცალკე.
„მაგალითად, გერმანიაში არავინ არ უყურებს ბენეფიციარი სოფელში ცხოვრობს თუ ქალაქში. იქ მთელი ქვეყნის მასშტაბით კატეგორიები, თანხა და საქმიანობა დროების მიხედვით ზუსტადაა გაწერილი, რაც სამართავად ადვილია სახელმწიფოსთვის.
ევროპის შინმოვლის სერვისში ვერ იმუშავებს ვერც ერთი სპეციალისტი, თუ მას არ აქვს მართვის მოწმობა. ისეა აწყობილი მარშრუტები, 7-10 წუთი, ეს არის მაქსიმუმი ერთი პაციენტიდან მეორესთან მისასვლელი დრო, რომელიც ანაზღაურებადია და სამუშაო დროში ითვლება. ჩვენთან, მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაა – გინდა დიდ ქალაქებში, გინდაც – სოფლებში და ვერაფრით დავიცავთ გრაფიკს.
[ევროპულ] დაზღვევაში ყველანაირი ხარჯი გათვლილია. ერთი შეხედვით ჩვენთანაც, მაგრამ თუკი რამე ხარჯი შეიძლება წარმოიქმნას, კატეგორიების მიხედვით რა თანხაცაა ვაუჩერულად გამოყოფილი, იმ თანხაში უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი.
ჩვენს სტანდარტში პირდაპირ წერია, რომ 25 ლარია თითო ბენეფიციარზე მოსავლელი მასალების საყიდელი თანხა. დამიჯერეთ, 25 ლარად კარგი ხარისხის პამპერსის ერთ შეკვრასაც ვერ ვიყიდით“.
- რას ამბობს პროგრამაში ჩართული ექთანი
ირმა დევაძე შინმოვლის ქვეპროგრამის ექთანი და კოორდინატორია ქედის მუნიციპალიტეტში. მისი თქმით, ქედაში სულ 14 ადამიანი სარგებლობს პროგრამით, თუმცა მსურველების რაოდენობა იზრდება.
„ბენეფიციარები გვყავს ისეთ სოფლებში, საიდანაც არ გვყავს სპეციალისტები და ძალიან შორი მანძილის გავლა გვიწევს როგორც ექთნებს, ასევე შინმოვლის სპეციალისტებსაც.
თავიდან ვიყავი მხოლოდ კოორდინატორი და ბოლოს მეც შევითავსე ექთნის მოვალეობა.
შრომატევადი საქმეა. ეს არ ჰგავს ექთნის მოვალეობას კლინიკაში. ჩვენ ვაკეთებთ მომვლელის, ექთნის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის საქმეს და ა.შ, რადგან სოფლის მოდელის გუნდი ნაკლები სპეციალისტებით კომპლექტდება.
ახლა გვემატებიან ბენეფიციარები, კიდევ უფრო გაფართოვდება სამუშაო არეალი და გაგვიჭირდება გადაადგილება.
ამ დროისთვის გვყავს 14 ბენეფიციარი, ხუთი ახალი დარეგისტრირებულია და სამი ელოდება შეფასებას. ფაქტობრივად, 22 ბენეფიციარი გვყავს ქედაში და მათთან უნდა ვიმუშაოთ ორმა ექთანმა და ხუთმა შინმოვლის სპეციალისტმა.
მყავს შინმოვლის სპეციალისტი, რომელიც სოფელ პირველი მაისიდან დადის სოფელ კოკოტაურში. მისი ანაზღაურება 15 ლარია ერთ ვიზიტზე და აქედან 8 ლარს ხარჯავს გზაში. ფიზიკურ შრომასთან და იმ სამუშაოსთან ერთად, რასაც ის ასრულებს, ფინანსური ხარჯიც ძალიან დიდი აქვს.
გვპირდებიან ცვლილებებს იანვრის თვიდან. ვნახოთ“ – ამბობს ირმა დევაძე.

ირმა დევაძე
ექთნის თქმით, ბენეფიციარებთან ყოფნის დრო განსხვავებულია მათი საჭიროების მიხევდით, თუმცა ერთ ბენეფიციართან სულ მცირე ერთი საათი ჩერდებიან.
„კვირაში ექთნის 2 ვიზიტი და მომვლელის სამი ვიზიტია განსაზღვრული ბენეფიციართან. ექთანს და მომვლელს შეუძლიათ ერთდროულადაც დაგეგმონ ვიზიტები, მაგრამ მძიმე ბენეფიციარებთან ისე გვაქვს განაწილებული, რომ ერთად არ მივიდეთ და კვირაში ხუთი დღე დავუფაროთ ბენეფიციარს.
მყავს ბენეფიციარი, რომელთანაც ფეხით მივდივარ. ისეთ უბანში ცხოვრობს, სადაც ტრანსპორტი აქტიურად არ მოძრაობს და ვერც ტაქსის აიყვან. ნახევარი საათი მჭირდება, მასთან რომ მივიდე ფეხით.
ფაქტობრივად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ბენეფიციარებისთვის ყოველ დღე მივიდეთ და შევაფასოთ მათი მდგომარეობა.
გვყავს ბენეფიციარი, რომელიც რვა წლის განმავლობაში იყო მწოლიარე და ახლა გადაადგილებაც დაიწყო“ – იხსენებს ირმა.
შუქია ჭინჭარაულის მსგავსად, ირმა დევაძეც აღნიშნავს, რომ ბენეფიციარის მოვლისთვის საჭირო მასალების შეძენისთვის გამოყოფილი ვაუჩერი რაც 25 ლარს შეადგენს, მიზერულია და საჭიროებებს ვერ ფარავს.
ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.