საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას თქმით, დღეს, 21 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლო შეთანხმდება არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელების დასაშვებობის საკითხზე. მისივე განცხადებით, ორივე სარჩელი – პრეზიდენტის და პარლამენტის წევრების, ერთად განიხილება.
„რაც შეეხება გაერთიანებას, ეს ორი სარჩელი თითქმის ერთდროულად არის შემოსული და, შესაბამისად, ორივე სარჩელი ერთდროულად განიხილება. რასაც მე გადავხედე, შინაარსობრივად ისინი თითქმის, არა მთლიანად, მაგრამ ერთმანეთს ემთხვევა და აქედან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი მათი ცალ-ცალკე განხილვა.
გაერთიანებული არ არის, იმდენად, რამდენადაც მეორე სარჩელი რეგისტრაციის შემოწმების ეტაპზეა.
ორივე სარჩელი დარეგისტრირების შემდეგ ერთობლივად გაივლის წარმოებაში მიღების ეტაპს“.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სარჩელების დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება არ არსებობს და მაქსიმუმ ერთ თვეში უნდა დასრულდეს.
ტურავას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ახალი პარლამენტის პირველი სხდომის თარიღთან დაკავშირებითაც.
„რაც შეეხება პარლამენტის სხდომას, ეს საკითხი ჩვენთან არ არის დაყენებული. ამ საკითხზე განმარტებას მე ვერ გავაკეთებ და არ გავაკეთებ, ეს საკითხი ჩვენთან არ არის დაყენებული“ – განაცხადა ტურავამ.
20 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა პრეზიდენტის სარჩელი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ. ასევე 20 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში 34-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც გაასაჩივრა.




