„ქართული ოცნების“ მიერ 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბება-მიტაცების გამო ხელახალი არჩევნების მოთხოვნით თბილისში ოპოზიციისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები განახლდა. პარალელურად კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციების დაშლა განაახლა.
პოლიციამ თბილისში 19 ნოემბერს, დილით, მშვიდობიანი აქცია დაარბია და ჭავჭავაძის გამზირი მომიტინგეებისგან გაათავისუფლა. 20 ნოემბრის დილით კი, იმავე ადგილზე აქცია შსს-მ მშვიდობიანად დაშალა. საპოლიციო ძალები, მათ შორის სპეცრაზმი, აქციების დაშლამდე თსუ-ს ტერიტორიაზე იყო განლაგებული.
მშვიდობიანი აქციის დამშლელ პოლიციელებს შსს „საველე პირობებში“ სპეციალური ლანჩით კვებავს, რომელსაც ტენდერით ან უტენდეროდ ყიდულობს.
გაზაფხულზე, ანტირუსული აქციების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის შენობის მიმდებარედ მობილიზებული პოლიციელებისა და სპეცრაზმელების ლანჩისთვის [2024 წლის აპრილ-მაისში] ჯამში 753 744 ლარი დახარჯა. აქედან ტენდერით მხოლოდ 150 ათასი ლარი, დანარჩენი კი, უტენდეროდ – გამარტივებული წესით.
ვრცლად: შსს-მ სპეცრაზმის ლანჩისთვის 88,5 ათასი ლარი დახარჯა 28 მაისის აქციის დროს
მიმდინარე აქციების დასაშლელად მობილიზებული პოლიციელებისთვის კი საკვებს შსს წესით ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან შეიძენს, რომელთანაც ხელშეკრულება 200 ათას ლარზე აქვს გაფორმებული.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილე შს სამინისტროს მოსამსახურეების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვაზე“ ხელშეკრულება 2024 წლის 16 ივლისს გაფორმდა სამინისტროსა და კომპანია „სთარ ფუდს“ შორის, რომელსაც ხელს აწერენ: შსს-ს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორი თია მელაძე და შპს „სთარ ფუდის“ დირექტორი თამარ სულაძე.
ხელშეკრულება ძალაშია 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით, „მაგრამ არაუადრეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვნად შესრულებამდე“.
შესაბამისად, თუ აქციების დარბევა გაგრძელდება და ტენდერით გათვალისწინებული 200 ათასი ლარი ამოიწურება, პოლიციელთა საკვების შეძენას სამინისტრო უკვე ტენდერის გარეშე გააგრძელებს.
ამ 200 ათასი ლარიდან კი, შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით შსს-ს „სთარ ფუდისთვის“ 4 ნოემბრის ჩათვლით უკვე გადარიცხული აქვს 88 ათას 765 ლარი.
ხელშეკრულების მიხედვით, „სთარ ფუდი“ ვალდებულია სამინისტროს მოთხოვნიდან 12 საათის განმავლობაში მიაწოდოს ლანჩი. კომპანიამ „ერთჯერადად უნდა შეძლოს არანაკლებ 5 000 კომპლექტის დამზადება [მიმწოდებლის თანხმობის შემთხვევაში შესაძლებელია შეიცვალოს აღნიშნული რაოდენობა, რაც არ საჭიროებს წერილობით შეთანხმებას]. მომსახურების გაწევის ადგილია თბილისი, ჭიჭინაძის I შესახვევი N3 [შსს-ს მიერ მზა საკვების გატანა მოხდება აღნიშნული მისამართიდან]“.
ხელშეკრულებაში ასევე აღნიშნულია, რომ „კომპანიამ შეკვეთის დამზადებამდე სამინისტროსთან უნდა შეათანხმოს გამაგრილებელი სასმლის და შოკოლადის ნაწარმის [ბატონის ტიპის] მწარმოებელი/ბრენდი“.
კომპანია სამინისტროს ორი სახის ლანჩის კომპლექტს აწვდის, რომელთა შემადგენლობები განსხვავებულია. შესაბამისად, განსხვავებულია ფასებიც. პირველი კომპლექტის მიხედვით 1 ლანჩის ნაკრების ღირებულება 8,85 ლარია, ხოლო მეორე კომპლექტის შემთხვევაში – 11,95 ლარი.
ძირითადი მენიუ უცვლელია: სენდვიჩი – პურით, სულგუნით, შაშხით; შოკოლადი „სნიკერსი“, გაზიანი გამაგრილებელი სასმელი:
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლიდან დღემდე პერიოდში გამარტივებული წესით გაფორმებული არცერთი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე არ იძებნება. აქედან გამომდინარე, უცნობია ვისთან გააფორმა შსს-მ ხელშეკრულებები ამ პერიოდში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ „ბათუმელებს“ 6 თვის წინ ზოგადი პასუხი მოგვწერა, რომ შესყიდვების ელექტრონულ პორტალზე ტექნიკური შეფერხება იყო, თუმცა ეს „შეფერხება“ შს სამინისტროსთვის ამ დრომდე გრძელდება, ანუ კვლავ უცნობია, რას, ვისგან და რა ფასად ყიდულობს სამინისტრო ტენდერის გარეშე.
შს სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ „შეკრების/მანიფესტაციის დროს მუშავდება უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სახელმწიფო საიდუმლოების მოთხოვნათა დაცვით.
სამოქმედო გეგმაში, სხვა საკითხებთან ერთად, აისახება შემდეგი მონაცემები: სპეციალური ღონისძიების განხორციელების ადგილზე მყოფი ხელმძღვანელი პირების მონაცემები; სპეციალური ღონისძიების პროცესში მონაწილე სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების რაოდენობა, მათი ფუნქციები და მოქმედებათა თანამიმდევრობა; სპეციალური ღონისძიების ჩატარებისთვის სამინისტროს შესაბამისი პასუხისმგებელი პირი/პირები; პირადი შემადგენლობის რაოდენობა; დანაყოფების აღჭურვილობა და სხვა.“
შესაბამისად, შსს ზემოთ აღნიშნულ მონაცემებსაც არ ასაჯაროებს.
„თუ სანქციები იქნება და აქაც პროტესტი კიდევ უფრო გაძლიერდება, სისტემური რყევები დაიწყება. საბოტაჟი თუ დაიწყო სისტემამ, ბიძინა თვითონ ხომ არ დაიწყებს ქუჩაში სირბილს? ასეთ შემთხვევაში ჩამოიშლებიან და ჩამოიშლებიან ძალიან სწრაფად,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი:
„მითოლოგია ბიძინაზე უნდა დაინგრეს, სისტემაში ჯერ კიდევაა ილუზია მის ყოვლისშემძლეობაზე“ – ინტერვიუ