მთავარი,სიახლეები

მერმა ფული გამოგვძალა, პოლიციის უფროსმა კი გვცემა – ხელვაჩაურის მცხოვრებლები | VIDEO

19.06.2023 • 5633
მერმა ფული გამოგვძალა, პოლიციის უფროსმა კი გვცემა – ხელვაჩაურის მცხოვრებლები | VIDEO

„ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე, არის კორუმპირებული – ამ სიტყვებისთვის ხელვაჩაურის პოლიციის უფროსმა დამაკავა, პოლიციაში გადაყვანის შემდეგ კი, ფეხები მირტყა თავისა და ტანის არეში“, – გვიყვება თორნიკე ქავთარაძე, ხელვაჩაურის მცხოვრები.

აქ ამბობენ, რომ კონფლიქტი მოქალაქეებსა და მერიას შორის ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ხელვაჩაურის მერიამ მოქალაქეებს აუწყა, რომ სასმელი წყლის ჭაბურღილებისთვის საჭირო ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადონ – თვეში 45 ლარი.

„ბათუმელებს“ ხელვაჩაურში მცხოვრებმა ათამდე მოქალაქემ უთხრა, რომ 45 ლარს ისე ახდევინებდნენ, რომ გადახდის ქვითარს არ გასცემდნენ. სწორედ ამიტომ გაუჩნდათ მოქალაქეებს ეჭვი, რომ მათი ფული „ვიღაცის ჯიბეში წავიდა“. მალევე სოფელში ხელმოწერებიც შეაგროვეს თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით.

მოქალაქეებმა თანხის დაბრუნებაში დახმარების თხოვნით მიმართეს ხელვაჩაურის საკრებულოსაც. ამბობენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ ირემაძემ, ისინი ცინიკურად მოიშორა: „ევროპაში თუ გინდათ, გადაიხადეთ გადასახადები“. მოქალაქეების აზრით, შეუძლებელია საკრებულოს თავმჯდომარემ არ იცოდეს, რომ ხელვაჩაურში არც ერთი ოჯახი არ არის აბონენტად დარეგისტრირებული და შესაბამისად თანხის ამოღებაც გამოძალვაა.

მერიაში მათ ფულის დაბრუნებაზე უარი უთხრეს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სულ 19 წყლის ჭაბურღილია. ერთი ჭაბურღილით დაახლოებით 100-110 ოჯახი სარგებლობს. მოქალაქეების გათვლებით, მერიამ მათ ჯიბიდან „დაახლოებით 70 ათასი ლარი ააცალა“.

თორნიკე ქავთარაძის თქმით, სწორედ მან მოახერხა მეზობლების დარწმუნება, რომ მერია უკანონოდ ითვისებდა მათ ფულს. „ეს არ მაპატიეს“ – დარწმუნებულია ახალგაზრდა კაცი.

[red_box]„პოლიციაში მცემეს, მაფურთხებდნენ და მაგინებდნენ“ – მოქალაქე[/red_box]

თორნიკე ქავთარაძის თქმით, ხელვაჩაურის პოლიციის უფროსმა ის 26 მაისის საზეიმო დღესასწაულზე, მერიასთან მოიხელთა. ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი იაგო დავითაძეა. ცოტა უფრო ადრე ამ თანამდებობაზე ხელვაჩაურის მოქმედი მერი, ზაზა დიასამიძე მუშაობდა.

თორნიკე ქავთარაძის თქმით, ხელვაჩაურის პოლიციაში მას წიხლებით სცემეს, აფურთხებდნენ და აგინებდნენ

„26 მაისის ღონისძიება იყო, გახარებული ვცეკვავდი. ამ დროს მოვიდა ჩემთან უცნობი ადამიანი და მითხრა, რომ დამეტოვებინა ტერიტორია. ფორმა არ ეცვა. მე ვუთხარი, პატივცემულო, როგორც შენ გაქვს აქ ყოფნის უფლება, ისე მაქვს მეც-მეთქი. მითხრა, ბიჭო, აქაურობა უნდა დატოვო, მე პოლიციის უფროსი, იაგო დავითაძე ვარო. მე კიდევ ერთხელ გავუმეორე, მერე რა, რომ პოლიციის უფროსი ხარ, შენც იგივე უფლებით სარგებლობ-მეთქი. ხელი ჰქონდა ჩემზე ჩაჭიდებული, გავაშვებინე და გავეცალე“.

თორნიკე ქავთარაძის თქმით, ამის შემდეგ „ბატონმა იაგომ სადღაც დარეკა“.

„ჩემთვის მოულოდნელად, მომვარდნენ პოლიციელები და მიმათრევდნენ გაურკვეველი მიმართულებით. მე ვეკითხებოდი, სად მივყავდი. მეუბნებოდნენ, ჩუმად იყავიო. ვთხოვე, ხელი გამიშვით, ისედაც წამოვალ-მეთქი. ხელი გამიშვეს, ორნი იყვნენ, იქეთ-აქეთ მედგნენ და პოლიციის ავტომობილთან მიმიყვანეს. შემდეგ თავად ბატონი იაგო მოვიდა და უბრძანა, რომ ავტომანქანაში შევეტენე“.

თორნიკესთან ერთად დააკავეს მისი მეგობარი რომან ფარტენაძეც. რომანის თქმით, პოლიციელებს არც კი მიახლოებია, ისე ეკითხებოდა, თუ სად მიჰყავდათ დაკავებული. „ესეც ბევრს ლაპარაკობს. დააკავეთ – თქვა ვიღაცამ და მეც ჩამსვეს მანქანაში“, – იხსენებს რომანი, რომელმაც შემდეგ შეიტყო, რომ მისი დაკავების ბრძანება პოლიციის უფროსის მოადგილეს გაუცია.

ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე

თორნიკეს თქმით, მას ხელბორკილები პოლიციაში მისვლის შემდეგ დაადეს. „იაგო მოვარდა განყოფილებაში და დამიწყო ცემა, გინება. მიყვიროდა, აღარ მეთქვა, ზაზა დიასამიძე გამომძალველი და კრიმინალი რომაა“, – იხსენებს თორნიკე 26 მაისის ამბებს.

თორნიკეს შეფასებით, პოლიციის უფროსი „კიდევ უფრო გაღიზიანდა“, როცა ის ცემის მიუხედავად ერთსა და იმავეს ეკითხებოდა – „რატომ დამაკავეთ“:

„იაგომ დაუწყო ყვირილი პოლიციელებს, თუ რატომ არ მირტყამდნენ, რის შემდეგაც ყველა წიხლებით შემდგა. მაფურთხებდნენ და მაგინებდნენ, ჩემ დამცირებას ცდილობდნენ. რაუნდ-რაუნდ მირტყამდნენ. მე მაინც იმავეს ვეკითხებოდი, რატომ დამაკავეს და რატომ მირტყამდნენ“.

იაგო დავითაძე, ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი

მას შემდეგ, რაც თორნიკეს ცემისგან სხეულზე არაერთი ნიშანი დააჩნიეს, იაგომ კატეგორიულად გააფრთხილა, ხელვაჩაურის მერი რომ აღარ უნდა ახსენოს – ესეც თორნიკე ქავთარაძის მონათხრობია.

„ბოლოს მითხრა, ჩვენ ის გვაინტერესებს, რომელი პარტიის დაკვეთას ასრულებო. რეალურად არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ, არც მე და არც ჩემი ის მეზობლები, რომლებიც ამბობენ, რომ ხელვაჩაურის მერმა ფული გამოგვძალა“, – აცხადებს თორნიკე.

დაკავებულები ლანჩხუთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც, იაგოს თქმით, სასწრაფოს ექიმი მიხვდა, რომ იგი ნაცემი იყო და მოითხოვა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.

პოლიციის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, დაკავებულებს ორი მუხლის დარღვევას ედავებოდნენ: „წვრილმანი ხულიგნობა“ და „წინააღმდეგობის გაწევა“

„რომელი მოკრივეები ჩვენ ვართ, მაგათ წინააღმდეგობა გაუწიოთ, ან სულელები ხომ არ ვართ. წინააღმდეგობა რომ გაგვეწია, წარმოგიდგენიათ, რას მიზამდნენ? – მუხლებს დამიმატებდნენ“.

თორნიკეს და მისი მეგობრის თქმით, მოსამართლეს მათი მოსმენაც კი არ სურდა – უცვლელად გაიზიარა მოწმე პოლიციელების ჩვენებები.

„მაისური გავიხადე და ვაჩვენე მოსამართლეს, რომ უამრავი დალურჯება, დაზიანება და სისხლჩაქცევა მქონდა. მოვუყევი, როგორ გამისწორდნენ. სიტყვას გამუდმებით მაწყვეტინებდა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე. არც კი სურდა გამოკითხვა ეწარმოებინა ან პოლიციას რაიმე მტკიცებულება წარმოედგინა. ის ამბობდა – ყველაფერი გასაგებია და შეგვიძლია დასკვნით ნაწილზე გადავიდეთო“.

თორნიკე ქავთარაძის თქმით, მოწმეებად სასამართლოში ის ადამიანები გამოვიდნენ, ვინც მათ უსწორდებოდა „ფიზიკურად, ნარკოტიკის ჩადებით გვემუქრებოდა და შეურაცხყოფას გვაყენებდა“.

„საქმის ყველა მოწმე მუშაობს ხელვაჩაურის მერიაში, საკრებულოში ან პოლიციაში“, – აცხადებს თორნიკე ქავთარაძე, რომელიც სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა, მისი მეგობარი რომან ფარტენაძე კი, გააფრთხილა.

თორნიკე ქავთარაძის თქმით, მან უკვე მიმარტა სპეციალური საგამოძიებო სამსახურს.

„ბათუმელები“ ხელვაჩაურის პოლიციაში მივიდა, იაგო დავითაძისთვის რომ ეკითხა, მართლა სცემა თუ არა მოქალაქეს. აქ გვითხრეს, რომ პოლიციის უფროსი ადგილზე არ იმყოფებოდა.

[red_box]„ის ფული ვიღაცის ჯიბეში წავიდა“[/red_box]

„იმ ფულს მერიისგან ვითხოვ უკან. ჯერ წყალი არ მყავს შემოყვანილი და რატომ გადამახდევინეს“, – გვიყვება თორნიკეს პენსიონერი მეზობელი ავთანდილ ვერძაძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ „ის ფული ვიღაცის ჯიბეში წავიდა“:

„გადავიხადე 80 ლარი წყლის „სოჩიკის“, რამდენი თვის იყო, არ ვიცი. მოვითხოვე, მაგრამ არავითარი ქვითარი არ მოუციათ. ფულს რომ ვაბარებთ ბანკში, ერთ ქვითარს წერენ და წყალკანალში ვაბარებთო. სხვა ქვითარი არ იწერებაო“.

ავთანდილ ვერძაძე პენსიონერია. ის თავისი ფულის უკან დაბრუნებას ითხოვს

მეზობელთან გასაუბრებით გავარკვიეთ, რომ გასულ ზაფხულს ხელვაჩაურის მერის ინიციატივით, ისინი ზაზა დიასამიძეს შეხვდნენ. მათ მერმა აუხსნა, რომ „მიიღო კანონი და მოსახლეობამ უნდა გადაიხადოს წყლის ჭაბურღილების ელექტროენერგიის საფასური“.

„ჩვენც დავუჯერეთ“ – ამბობენ ხელვაჩაურში.

აქ მცხოვრებთა თქმით, თანხის შეგროვება დაავალეს მათსავე მეზობელს, რომელიც მაშინ „ხელვაჩაურის წყალში“ მუშაობდა – „ვინც წყალს კურირებდა ადგილობრივ დონეზე“.

ალოგიკური კი ის იყო, რომ თანხის აკრების მიუხედავად, მოსახლეობას წყლის მიწოდება უწყდებოდა.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დავრეკეთ და ვთხოვეთ ჭაბურღილზე დენის ჩართვა. აქ გვითხრეს, რომ მრიცხველი, რომელიც ხელვაჩაურის მერიის საკუთრებაა, გამორთულია გადაუხდელობის გამო და საჭიროა მერიიდან დაგვიკავშირდნენო“, – იხსენებენ „ბათუმელებთან“ შესახვედრად შეკრებილი მოქალაქეები.

იმ პირთა სია, ვინც თანხა გადაიხადა. სია შედგენილია შპს „ხელვაჩაურის წყლის“ თანამშრომლის მიერ. სიაში ბევრად მეტი ადამიანია, ვიდრე აქ არის წარმოდგენილი.

მამუკა ქორიძე აზუსტებს, რომ პირადად მას 45 ლარი გადაახდევინეს. „ფული მთელ სოფელს მოგვახეკიეს. ეს ფული ალბათ მთავრობამ აიღო, გადასახდელია მთავრობისო. თუ არაა საჭირო, რატომ უნდა გადავიხადო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითხოვთ ფულს უკან“, – კატეგორიულია მამუკაც.

გიორგი ვარშანიძის თქმით, სოფლის ახალგაზრდები აპირებენ თანხის უკან დასაბრუნებლად სამართლებრივადაც იბრძოლონ

ფულის დასაბრუნებლად სოფლის ახალგაზრდობა მზადაა მერის წინააღმდეგ სამართლებრივი დავაც წამოიწყოს, „დაბრუნებულ ფულს კი სოფლის სხვა საჭიროებას მოახმარენ“.

„ჩემი ოჯახიდან წყლის საქაჩი ჭაბურღილისთვის 90 ლარი გავიდა – მამაჩემმა გადაიხადა, ზურაბ ვარშანიძემ.

ოჯახის წევრებმა ითხოვეს, რახან ვიხდით თანხას, ქვითარი გვინდაო, მაგრამ იყო უარი – არანაირი ქვითარი არ მოსულა არავისთან.

ეს თანხა ტყუილად გადავიხადეთ. ალბათ წავიდა ვიღაცის ჯიბეში, არ ვიცი, სად როგორ მოიხმარეს, მაგრამ სრულ ტყუილზე დაფუძნებულად გადავიხადეთ ეგ თანხა.

სოფელი, ვინც გადავიხადეთ, ხელმოწერების შეგროვებით მივიდა მერთან და უთხრეს, რომ დაგვიბრუნოს ეს თანხა. უარი თქვა. ვითხოვთ კიდევ ერთხელ, რომ თანხა დაბრუნდეს ან მოხმარდეს იმას, რაც სოფელშია გასაკეთებელი“, – აცხადებს გიორგი ვარშანიძე.

მოქალაქეების თქმით, „ათასობით ლარი მიუტანეს შპს „ხელვაჩაურის წყლის“ უფროსს, პაატა ზაქარაძეს, რომელმაც თანხა აიღო კაბინეტში, „ნაღდი ფული“.

[red_box]როგორ ხსნიან ხელვაჩაურში „წყლის ჭაბურღილის“ გადასახადის შემოღებას[/red_box]

„ხელვაჩაურის წყალს“ ჯერჯერობით არ აქვს ლიცენზია, ანუ იმის უფლება, რომ წყალი გაყიდოს. ამას ორგანიზაციის ხელმძღვანელი პაატა ზაქარაძეც ადასტურებს, რომელიც თავდაპირველად დაგვპირდა, რომ ყველა კითხვაზე გვიპასუხებდა, სავარაუდოდ მერთან, ზაზა დიასამიძესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ კი განაცხადა, რომ მხოლოდ მოკლე კომენტარს გააკეთებს და სხვა ინფორმაციის მისაღებად „პიარს მივმართოთ“.

პაატა ზაქარაძეს ვკითხეთ მოსახლეობის ეჭვებზე. „ხელვაჩაურის წყლის“ ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ მოსახლეობის ამ პრეტენზიის შესახებ ჩვენგან შეიტყო:

„მე როგორც ვიცი, ხელვაჩაურის რაიონში მოქმედი ჭაბურღილების ელექტროენერგიის გადასახადს მოსახლეობა თვითონ იხდიდა, უზრუნველყოფდა. თვითონ მოსახლეობა კრებდა თანხას და იხდიდა ელექტროენერგიის გადასახადს. დანარჩენი დეტალები მე არ ვიცი.

ახლა პროგრამულად მუნიციპალიტეტი იხდის ჭაბურღილის გადასახადს, თუ არ ვცდები, ამ წლიდან. წინა წელს არ ვიხდიდით, ჩემი ხელმძღვანელობის დროს ეს არის – ერთი წელია, რაც დავინიშნე, 2021-ის ბოლოს.

მანამ, სანამ არ იქნა შემუშავებული პროგრამა, მოქალაქეების მიერ მოხმარებული ჭაბურღილის ელექტროენერგიის გადასახადს იხდიდნენ მოქალაქეები, მაგრამ ვერ უზრუნველყოფდნენ  თანხის სრულად გადახდას. შესაბამისად, ბიუჯეტიდან იხდებოდა დარჩენილი ნაწილი, რომ წყლის გარეშე არ დარჩენილიყო მოსახლეობა“.

პაატა ზაქარაძის თქმით, „ხელვაჩაურის წყალს“ 19 ჭაბურღილი აქვს. მან ასევე თქვა, რომ ზუსტად არ იცის, რა თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან ამ ჭაბურღილების მუშაობაზე.

პაატა ზაქარაძე აცხადებს, რომ მოქალაქეები თავად იხდიდნენ ჭაბურღილის მოსაკრებელს

ამ კომენტარის გაკეთებამდე სატელეფონო საუბარი გაიმართა პაატა ზაქარაძესა და, სავარაუდოდ, ზაზა დიასამიძეს შორის, სადაც ხელვაჩაურის მერმა მოსთხოვა მის დაქვემდებარებულ სამსახურის უფროს, რომ პიართან გადაგვამისამართოს.

საუბრის ჩანაწერი:

სატელეფონო საუბარი [სავარაუდოდ] ზაზა დიასამიძეს და პაატა ზაქარაძეს შორის

– გადაამისამართე პიართან და პროგრამულად რომ იხდი, ის მიეცი

– ჩვენი თუ აქეთ?

– პიარი, კაცო… შენთან არიან კაბინეტში?

– კი

– რა უნდებიენ შენთან?

– რა ვიცი

– ჰო, ასე არ ხდება… პროგრამულადაც…. ვინ არიან?

– ვებგაზეთი ბათუმელები

– ვააჰ. პიარი უთხარი 

– კი ბატონო.

[red_box]რა თქვა მერმა და რა – პიარმა?[/red_box]

თანხის გამოძალვისა და მოსახლეობის სხვა ბრალდებების შესახებ პასუხის მისაღებად „ბათუმელები“ 9 ივნისს იმყოფებოდა ხელვაჩაურის მერიაში. უწყების პრესცენტრმა გვითხრა, რომ ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე, შეხვედრაზეა და ვერ შეგვხვდება. აქ გვირჩიეს კითხვებზე პასუხის მისაღებად წერილობით მიგვემართა. პრესცენტრმა ასევე გაგვაფრთხილა, რომ ამ საკითხზე კომენტარს ზაზა დიასამიძისგან ვერ მივიღებთ.

ხელვაჩაურის მერიიდან წერილობით შემდეგი გვაცნობეს:

ხელვაჩაურის მერიის მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაცია

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: