„მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე პოლიციამ დღეს, 19 ნოემბერს, მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დააკავა.
„დაკავებულებს ვიღებდი და ამ დროს მოხდა ჩემი დაკავება. პოლიციას ხელი შევუშალე თურმე. მეუბნებოდნენ, რომ სავალი ნაწილიდან უნდა გადასულიყავი, მოგიწოდეთო, მაგრამ მე მოწოდება არ გამიგია.
ძალადობა იყო. ნახეთ, თვალიც რას მიგავს, ძირს ვეგდე და მირტყამდნენ. ყველა მირტყამდა ვისაც გაუხარდებოდა. ძალიან ბევრნი იყვნენ“ – ამბობს ოპერატორი სერგი ბარამიძე.
მას დაზიანებები თავსა და თვალის არეში აღენიშნება.
მისი თქმით, ის პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა მას ადვოკატი არ მოუთხოვია.
„მე ჩემს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი, ამიტომ არ მომითხოვია ადვოკატი“- ამბობს სერგი ბარამიძე. მისი თქმით, პოლიციამ ქუჩაში ბევრი აქტივისტი დააკავა.
დღეს, 19 ნოემბერს, პოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩებზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეები დაარბია.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, დაკავებულია მინიმუმ 12 ადამიანი.
მოქალაქეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას.
ამავე თემაზე:
შეწყვიტეთ ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება – ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შს სამინისტროს






