მთავარი,სიახლეები

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა

19.11.2024
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

პრეზიდენტი, არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე,  მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.

ბათუმში პრეზიდენტის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ დღეს, 19 ნოემბერს, შეიტანა.

„ამ სამართლებრივ გზას პრეზიდენტი მიმართავს იმის გამო, რომ უნდა იყოს ყველა სამართლებრივი სივრცე, ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოყენებული, რათა პრეზიდენტმა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები დაიცვას.

სარჩელში საუბარია ორი ძირითადი კონსტიტუციური უფლების დარღვევაზე:

პირველი, ეს არის საყოველთაობის დარღვევა, რაც პირველ რიგში გამოიხატა იმაში, რომ ქვეყნის გარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა არა მხოლოდ შეეზღუდათ, არამედ აეკრძალათ კიდეც და იცით, რომ ათასობით მოქალაქე ვერ იღებდა მონაწილეობას არჩევნებში. ეს არღვევს კონსტიტუციურ უფლებას არჩევნების საყოველთაობის შესახებ და მეორე უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც არის კონსტიტუციაში, ეს არის არჩევნებში ხმის ფარულობის დაცვა.

ამ საკითხთან დაკავშირებითაც არის არაერთი დადასტურებული მტკიცებულება, რომ ხმის ფარულობა დაირღვა, რაც კონსტიტუციური სტანდარტის დარღვევაა.

და კიდევ ერთი საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვიდავებთ იმ ნორმების კონსტიტუციურობაზე, რომელიც პარლამენტის წევრებს აიძულებს უფლებამოსილების ცნობის პროცედურა გაიარონ და მათ უფლებამოსილების შეწყვეტა არ ხდება იმავე ეტაპზე, რა ეტაპზეც გაცხადებულია ნება, რომ ისინი არ იქნებიან პარლამენტში, რომლის შედეგები გაყალბდა“ – განაცხადა დღეს, 19 ნოემბერს, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, საქართველოში არ არის სასამართლოს მიმართ ნდობა, მაგრამ ეს არის სამართლებრივი გზა და პრეზიდენტი იცავს კონსტიტუციას. ეკა ბესელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე სასურველია სარჩელი სწრაფად იქნეს განხილული.

პრეზიდენტის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში ეკა ბესელია წარმოადგენს.

ეკა ბესელიამ ასევე განაცხადა, რომ კონსტიტუციის თანახმად, ახალი პარლამენტის შეკრება მხოლოდ პრეზიდენტის მიერ დანიშნული თარიღით განისაზღვრება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: