ხმის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის პრინციპის დარღვევა – ამ ორი მთავარი არგუმენტით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოოდ შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
„ელექტრონულად ჩატარებული არჩევნების არეალში ფარულობა ყველგან დაირღვა, რაც გულისხმობს/მოითხოვს ამ სისტემით ჩატარებული შედეგების გაბათილებას…
არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმების გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსები და მათ საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგები,“ – ვკითხულობთ პრეზიდენტის სარჩელში, რომელიც მან საკონსტიტუციო სასამართლოში 2024 წლის 20 ნოემბერს შეიტანა.
სარჩელი უკვე დარეგისტრირებულია. ცნობილია, რომ პრეზიდენტის სარჩელს სასამართლოს პლენუმი განიხილავს, თუმცა მოსამართლეებს ჯერ პრეზიდენტის სარჩელის დასაშვებობაზე არ უმსჯელიათ. ამ საქმის მომხსენებელი მოსამართლე ვასილ როინიშვილი იქნება. ანალოგიური მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე მიმართეს მოქმედი პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც.
საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 21 ნოემბერს, გადაწყვეტს ამ სარჩელების დასაშვებობის საკითხს. კონსტიტუციონალისტების განმარტებით, თუ მოსამართლეები სარჩელების არსებითად განხილვას დაიწყებენ, პარლამენტის ახალი მოწვევის უფლებამოსილების ცნობა შეუძლებელი იქნება, ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
პრეზიდენტი ახსენებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რომ ხმის ფარულობა კონსტიტუციით დაცული უფლებაა. სარჩელში სალომე ზურაბიშვილი ასაბუთებს, როგორ დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა:
„ხმის მიცემის ფარულობა საარჩევნო კონსტიტუციური უფლების ძირეული კომპონენტია, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც უფლების დაცულობის მასშტაბი ფიქციური ხდება.
ფარულობის პრინციპის დარღვევა ასევე არღვევს ევროპულ კონვენციას, რომლის თანახმადაც, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ გონივრული პერიოდულობით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას. [„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი].
2024 წლის 26 ოქტომბერს ელექტრონული წესით ჩატარებული არჩევნები შეიცავდა ყველა იმ რეალურ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა დაემუქროს კენჭისყრის ფარულობას და ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას. გამოკვლეული მტკიცებულებით დადგინდა, რომ გონივრულობის ფარგლებში, უმეტეს შემთხვევებში, შეუძლებელია ამომრჩეველმა წარმოდგენილი ბიულეტენის, მარკერის და ჩარჩო – კონვერტის მეშვეობით გამოხატული ნება [გაფერადებული/გაუფერადებელი, მონიშნული/მოუნიშნავი ბიულეტენი] ისე მოათავსოს ხმის დათვლის სპეციალურ ელექტრონული აპარატში, რომ სრულად გამორიცხული იქნეს მისი ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ელექტრონული კენჭისყრის ჩატარებული პროცედურის ფარგლებში საარჩევნო სუბიექტის წინ მდებარე წრის გაფერადების შემდგომ, მარკერის კვალი სრულად გადადიოდა ბიულეტენის უკანა მხარეს. შესაბამისად, ბიულეტენის მთვლელ აპარატში მოთავსებისას კომისიის წევრების, საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე სუბიექტებისთვის, მარტივად აღქმადი იყო ამომრჩევლის გამოხატული ნება.
მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ბიულეტენების დაბეჭდვა უზრუნველყო ცესკომ მის მიერ შერჩეული სტამბების და მის მიერვე მიტანილი საბეჭდი ქაღალდის მეშვეობით, შესაბამისად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოყენებული ბიულეტენი იყო ერთი ხარისხობრივი ნიშნის. გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩარჩო-კონვერტი განკუთვნილი იყო და ფარავდა მხოლოდ ბიულეტენის იმ ნაწილს, სადაც ფიქსირდებოდა საარჩევნო სუბიექტები, თავის მხრივ, კონვერტი უზრუნველყოფდა ბიულეტენის წინა მხარეს გაკეთებული არჩევანის ფარულობას და ამ მიზნითვე ხდებოდა ბიულეტენის მოთავსება მთვლელ აპარატში ამობრუნებულ მდგომარეობაში.
თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამობრუნებულ ბიულეტენზეც იკვეთებოდა ამომრჩევლის ნება. კერძოდ, ჩარჩო-კონვერტიდან მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას მასზე გარკვევით ჩანდა მარკერის კვალი, რაც მინიმუმ იმის იდენტიფიცირების სრულ შესაძლებლობას იძლეოდა, ამომრჩევლის ნება ოპოზიციურ თუ სახელისუფლებო პარტიას მიემართებოდა – აპარატის მიერ ბიულეტენის უკან დაბრუნების შემთხვევაში კი სრულად იდენტიფიცირდებოდა გაფერადებული საარჩევნო სუბიექტი.
გარდა ამისა, ხდებოდა ამომრჩეველთა გამოსახულებით იდენტიფიკაცია, ეს გარემოებაც პირდაპირ მიმართული იყო საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ფარულობის პრინციპის დარღვევისკენ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ საარჩევნო უბნები კენჭისყრის დღეს, 26 ოქტომბერს, საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ აღჭურვა იმგვარად, რომ დაცული ყოფილიყო ხმის მიცემის ფარულობა, შესაბამისად ყველა ელექტრონულ უბანზე, სადაც გამოყენებული იქნა ელექტრონული ბიულეტენი, დაირღვა საარჩევნო პრინციპები,“ – აღნიშნავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში საქართველოში 2263 უბანზე ჩატარდა. ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევა გასაჩივრდა სასამართლოებში, თუმცა მხოლოდ ერთმა მოსამართლემ – თეთრიწყაროს სასამართლოში დაადასტურა ფარულობის პრინციპის დარღვევა. საბოლოოდ, საერთო სასამართლოებმა „ქართული ოცნების“ და ცესკოს არგუმენტები გაიზიარეს და თქვეს, რომ შესაძლოა ბიულეტენზე მარკერმა გაჟონა, მაგრამ ჩარჩო-კონვერტი უზრუნველყოფდა ხმის ფარულობას, თუ ამომრჩეველი წესებს დაიცავდა.
სალომე ზურაბიშვილი სარჩელში ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ცესკო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არჩევნებამდე დაჰპირდა, კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი განსხვავებული იქნებაო:
„არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ესწრებოდნენ ცესკოს მიერ ორგანიზებულ ელექტრონული ტექნოლოგიების სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებს, სადაც ხდებოდა ელექტრონული წესით ხმის მიცემის პროცედურის „დატესტვა“. ჯერ კიდევ ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა, რომ ირღვეოდა ნების გამოხატვის ფარულობა.
სპეციალური მარკერები, რომლებითაც უნდა მომხდარიყო საარჩევნო სუბიექტის შესაბამისი გრაფის გაფერადება, ტოვებდა ბიულეტენის უკანა მხარეს გაფერადებული წრის კვალს, ეს კი ბუნებრივია, ცხადს ხდიდა ამომრჩევლის გამოხატულ ნებას. ამ პრობლემასთან დაკავშირებით ცესკოსათვის მიწერილი წერილის პასუხად, ცესკომ განმარტა, რომ „შეხვედრებზე გამოყენებული ბიულეტენი არის სატესტო ვერსია და შესაბამისად, კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნება განსხვავებული, რაც უზრუნველყოფს ფარულობის დაცვას.“
უბნებზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების მეშვეობით ჩატარდა, კენჭისყრის დღესვე გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები, რომლებიც გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა იმდენად მასშტაბური, რომ ცხადყო საარჩევნო უფლების უმნიშვნელოვანესი პრინციპის, ხმის მიცემის ფარულობის მასობრივი დარღვევა. აღნიშნული გამოიხატა იმაში, რომ დაფიქსირებული ხმა ისახებოდა ბიულეტენის უკანა მხარეს.
ნიშანდობლივია, რომ ფარულობის დაცვას ვერ უზრუნველყოფდა ვერც ჩარჩო-კონვერტი. ეს გამოწვეული იყო ერთი მხრივ, ჩარჩო-კონვერტის ზომით, ხოლო მეორე მხრივ, იმით, რომ კომისიის წევრების მხრიდან გაცემული ბიულეტენის ჩარჩო-კონვერტში მოთავსების განმარტებული წესის დაცვის პირობებშიც კი ხმის მთვლელ აპარატში შეცურების მომენტში ბიულეტენის უკანა მხარე ნაწილ-ნაწილ ხილული ხდებოდა.
ამასთანავე, საარჩევნო უბნების გახსნისთანავე, უბნებზე მასობრივად განთავსდა ვიდეოკამერები. საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ვიდეოკამერები რიგ შემთხვევაში უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე დამტკიცებული ბიულეტენის და არსებული მარკერის ფორმა იმთავითვე ვერ უზრუნველყოფდა ხმის ფარულობას. კერძოდ, მარკერით გაფერადებული წრე, ბიულეტენის თხელი მატერიისა და მარკერის სიმუქის გამო, ვიზუალურად აშკარად აღსაქმელი იყო ბიულეტენის ხმის დათვლის სპეციალურ აპარატში შეცურებისას.
ამასთანავე, პრობლემური იყო თითქმის ყველა საარჩევნო უბანში დამონტაჟებული ვიდეოკამერა, რომელიც დღის განმავლობაში მუდმივ რეჟიმში იღებდა კენჭისყრის პროცესს, რაც ამომრჩევლებისთვის ქმნიდა კონტროლის განცდას და უქმნიდა აღქმას, რომ არჩევნები არ იყო ზეწოლისგან თავისუფალი.
მაგალითისათვის წალკის მუნიციპალიტეტში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2024 წლის 4 ნოემბრის N3/62-24 (3-63/24) გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს ძირითადი კანონით – კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას,“ – აღნიშნულია სარჩელში.
პრეზიდენტი არჩევნების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების ანტიკონსტიტუციურად მიჩნევას მოითხოვს იმ მოტივით, რომ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლი: „საქართველო არის დემოკრატიული რესპუბლიკა. სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. არავის აქვს უფლება მიითვისოს ხელისუფლება“ მუხლი 37: „….პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან.“
პრეზიდენტი ასაჩივრებს საყოველთაობის პრინციპის დარღვევასაც – საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ემიგრანტების ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეუზღუდეს. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის.
„სასამართლოს მხრიდან ნორმის იმგვარად განმარტება, რომ ცესკოს დისკრეციაა, თუ სად შექმნის საარჩევნო უბანს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის, ეწინააღმდეგება საარჩევნო უფლებით სარგებლობის გარანტირებისთვის სახელმწიფოს პოზიტიურ კონსტიტუციურ ვალდებულებებს, შესაბამისად საფრთხეს უქმნის საარჩევნო უფლების რეალიზაციას, შედეგად სახალხო სუვერენიტეტის პრინციპს და დემოკრატიას.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა არჩევნებში მონაწილეობისათვის. ამომრჩევლის საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინების გარეშე საარჩევნო უბნების შექმნა, წარმოადგენს არამართლზომიერ ჩარევას ამ უფლებაში.
ამასთან, უფლებაში ჩარევა არათანაზომიერია, რადგან ამომრჩეველი იძულებულია დიდი მანძილი [რამდენიმე ასეული და ათასი კილომეტრი] გაიაროს, რაც შეუძლებელს გახდის საარჩევნო უფლების განხორციელებას, მაგალითად, თუ ალაბამაში მცხოვრებ ამომრჩეველს მოუწევს ნიუ-იორკში გახსნილ უბანზე მისვლა, ეს აშკარად პრაქტიკული დაბრკოლებაა იქნება მისთვის. ამდენად, საარჩევნო უბნების ადგილის განსაზღვრა სხვა სახელმწიფოებში უნდა ემყარებოდეს ამომრჩევლის ადგილსამყოფელს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს აქტიური საარჩევნო უფლების რეალური და ეფექტიანი განხორციელება.
ზღვარი „არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1 500 ამომრჩევლისთვის“ ქმნის ჩარჩოს, რომელიც არეგულირებს თითოეული საარჩევნო უბნის ფარგლებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას.
თუმცა, ამ ჩარჩოს პრაქტიკულ გამოყენებაში ცესკოს უნდა ჰქონდეს გათვალისწინებული ამომრჩეველთა გეოგრაფიული განაწილება. ეს აუცილებელია, რათა თავიდან იქნეს აცილებული ცალკეული საარჩევნო უბნების გადატვირთვა და უზრუნველყოფილ იქნეს, რომ თითოეულ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაბამისი წვდომა საკუთარ საარჩევნო უბანზე.
აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს დემოკრატიული პროცესის გამართულობას და ცხადყოფს, რომ საარჩევნო სისტემა პასუხობს მოქალაქეების საჭიროებებს და ინტერესებს.
2024 წლის 29 სექტემბრის N01/2777 სამსახურებრივი ბარათით 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებისა და ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ, ინფორმაცია მიეწოდათ ცესკოს წევრებს. ქვეყნების რაოდენობა – 42; ქალაქების რაოდენობა – 53; უბნების რაოდენობა – 60; ამომრჩეველთა რაოდენობა სპეციალურ სიაში – 65 508.
მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა სიმრავლის გამო დამატებით რამდენიმე უბანი იქნა გახსნილი, ბუნებრივია, ეს სრულფასოვნად ვერ ქმნის საზღვარგარეთ საყოველთაო საარჩევნო უფლებით სარგებლობის ადეკვატურ შესაძლებლობას.
იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო პერიოდში დაახლოებით 270 000-ზე მეტი ამომრჩეველი იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ფაქტობრივად კენჭისყრის დღემდე დაკარგა ამომრჩეველთა უმრავლესობამ, ვინაიდან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ შექმნა უფლებით სარგებლობის სათანადო გარანტიები, არ გახსნა თანაზომიერი და პროპორციული ოდენობისა და შესაბამისი ადგილმდებარეობის მიხედვით საარჩევნო უბნები და ამავდროულად, ამომრჩევლებს არ მიეცათ შესაძლებლობა გაევლოთ სათანადო რეგისტრაცია მათთვის ხელმისაწვდომ უბნებზე.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ამომრჩეველთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, ეს პირდაპირ ზღუდავს ამომრჩეველთა კონსტიტუციურ უფლებებს.
ამ პირობებში, ცესკოს მოქმედებები უნდა იყოს გამყარებული მკაფიოდ განსაზღვრული სამართლებრივი საფუძვლით, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ყველა გადაწყვეტილება, რაც ამომრჩეველთა უფლებების რეალიზაციას ეხება, იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ცესკოს გადაწყვეტილებები ეყრდნობოდეს შესაბამის კანონმდებლობას, რომელიც ნათლად განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში და რა პირობებში შეიძლება ცესკომ მიიღოს კონკრეტული ზომები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების შეზღუდვას,“ – წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.
სალომე ზურაბიშვილის დასაბუთებით, მასშტაბურად დაირღვა ფარულობის პრინციპი, ასევე საყოველთაობის პრინციპის დარღვევამ გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე. პრეზიდენტი სარჩელში საუბრობს იმაზე, თუ რატომ უნდა მიიჩნიოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად უსკოს და ცესკოს შემაჯამებელი ოქმები:
„საგულისხმოა, რომ ფარულობის მასშტაბური დარღვევა, შეიძლება მიჩნეულ იქნეს არჩევნებზე იმგვარ არსებით გავლენის მქონე ეფექტად, რომელსაც შეეძლო, საარჩევნო სუბიექტთა პროცენტული მაჩვენებლები შეეცვალა, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს განსხვავებულ შედეგს.
ამასთანავე განსაკუთრებით საყურადღებოა ფარულობის დარღვევის გავლენა მოწყვლად ამომრჩეველზე, რომელთა ნების გამოვლენა მარტივად შეიძლება გახდეს მანიპულირების საგანი ფარულობის დარღვევის შემთხვევაში. იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩეველთათვის გარკვეულწილად წინასწარ კენჭისყრის დღემდეც ცნობილი იყო, რომ სპეციალური მარკერის, ჩარჩო კონვერტის ზომისა და ბიულეტენის ტექნიკური მონაცემების გათვალისწინებით შესაძლებელი იყო დარღვეულიყო ხმის მიცემის ფარულობა, და დამატებით უშუალოდ კენჭისყრის დღეს ყველასათვის თვალსაჩინო გახდა აღნიშნული ფაქტი, ბუნებრივია ამ დარღვევის მასშტაბმა არსებითი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე.
ფარულობის დარღვევის მასშტაბის შეფასებისას ბუნებრივია საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ელექტრონული კენჭისყრის პროცედურა ჩატარდა 2263 საარჩევნო უბანზე. ამ უბნებზე ამომრჩეველთა სრული ოდენობის დაახლოებით 90% იყო რეგისტრირებული. ვინაიდან ამ უბნებზე არსებითად დაირღვა ელექტრონული კენჭისყრის პროცედურის ფარგლებში ხმის მიცემის ფარულობა, ამან მასშტაბური და გადამწყვეტი გავლენა იქონია ამომრჩეველთა ნების თავისუფლების გამოვლენის პრინციპზეც და ბუნებრივია არჩევნების შედეგებზე.
რაც შეეხება არჩევნების საყოველთაობის პრინციპის დარღვევის გავლენას არჩევნების შედეგებზე, აღნიშნულ შემთხვევაში შედარებით მეტად არის დათვლადი კონკრეტული მონაცემები, თუ რა გავლენა იქონია სარჩელში მითითებულმა გაუმართლებელმა ჩარევამ არჩევნების შედეგებზე. კერძოდ არსებული ინფორმაციით საზღვარგარეთ საარჩევნო სიაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა იყო დაახლოებით 96 ათასი, რომელთაგანაც დაახლოებით ამომრჩეველთა 2/3-მა (60 000-ზე მეტმა) ვერ შეძლო არჩევნებში მონაწილეობა, [19] მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ ცნობილია რამდენად მაღალი იყო საზღვარგარეთ კონკრეტულ უბნებზე ამომრჩეველთა აქტიურობა.
აღნიშნულ შემთხვევაში ამომრჩეველთა სრული ოდენობა დაახლოებით შეადგენდა 2 მილიონ ამომრჩეველს (ცესკოს სადავო შემაჯამებელი ოქმის მიხედვით 2 111 834 ამომრჩეველი), რის გათვალისწინებითაც პირები, რომლებიც საარჩევნო სიაში იყვნენ და ვერ შეძლეს არჩევნებში მონაწილეობა დაახლოებით შეადგენდა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 3%, რამაც ფარულობის დარღვევასთან ერთად და დამოუკიდებლადაც ბუნებრივია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე.
ამასთანავე საყურადღებოა ის ზოგადი მონაცემები, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ არჩევნების დღისათვის დაახლოებით იმყოფებოდა დაახლოებით 270 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე, რომელთაგანაც უდიდეს ნაწილს ასევე არ მიეცა უფლება არჩევნებში მიღოთ მონაწილეობა, რის გამოც საყოველთაობის პრინციპის ამგვარმა გაუმართლებელმა დარღვევამ გაცილებით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების საბოლოო შედეგებზე,“ – აღნიშნულია პრეზიდენტის სარჩელში.