მთავარი,სიახლეები

„ხელვაჩაურის მერიის თანამდებობის პირებმა მცემეს, შემაფურთხეს, დამემუქრნენ“ – მოქალაქე | ვიდეო

22.11.2024 •
„ხელვაჩაურის მერიის თანამდებობის პირებმა მცემეს, შემაფურთხეს, დამემუქრნენ“ – მოქალაქე | ვიდეო

„ხელვაჩაურში, ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე მივედი, თანამდებობის პირებმა ჩემზე ფიზიკურად იძალადეს, სახეში შემაფურთხეს, შემაგინეს, დამემუქრნენ და გამომაძევეს,“ – ამბობს მოქალაქე თორნიკე ქავთარაძე.

ის, რასაც მოქალაქე ამბობს, დასტურდება ვიდეოჩანაწერითაც. ობიექტური მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, მოქალაქეზე ძალადობის გამო ამ დრომდე არავინ დასჯილა.

მოქალაქე ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში 18 ნოემბერს ხელვაჩაურის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაზე მივიდა. განხილვაზე მისული თორნიკე ქავთარაძე თანმხლებ ორ პირთან ერთად დარბაზიდან გააძევეს. მოქალაქეებს ბიუჯეტის განხილვაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ.

„კამერები არ იყოს, სხვანაირად დაგელაპარაკებოდი“, „ხულიგანი ხარ, ენას ნუ ატლიკინებ“, „ტუტუცი ბაღანა ხარ,“ – მიმართავს მოქალაქე თორნიკე ქავთარაძეს ხელვაჩაურის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი, იოსებ ბოლქვაძე.

თორნიკე ქავთარაძის თქმით, მას თავდაპირველად ააიპ „ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის“ დირექტორმა, ფარნაოზ თედორაძემ დარბაზში, სადაც ბიუჯეტის პროექტი უნდა განეხილათ და ადამიანები იკრიბებოდნენ, სახეში შეაფურთხა, დაემუქრა და შეაგინა. ხელვაჩაურის მერის მოადგილემ გიორგი ქარცივაძემ და ააიპ„ხელვაჩაურის წყლის“ დირექტორმა, პაატა ზაქარაძემ კი, დარბაზიდან გამოძევების დროს მასზე ფიზიკურად იძალადეს.

მოქალაქის თქმით, ხელვაჩაურის საკრებულოს აპარატის წევრმა, იოსებ ბოლქვაძემ მას დარბაზიდან გამოძევების შემდეგ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

დარბაზიდან გამოძევების შემდეგ თორნიკე ქავთარაძეს აგრესიულად მიმართავს კიდევ ერთი თანამდებობის პირი – ააიპ „ხელვაჩაურის სასაფლაოების“ ხელმძღვანელი ირაკლი კარანაძე. ის რამდენჯერმე იმეორებს: „რატომ მიღებ?“

თორნიკე ქავთარაძე ის მოქალაქეა, რომელიც 2023 წელს „ბათუმელებთან“ ამბობდა, რომ ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ მოსახლეობას ფული გამოსძალა, „ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე, არის კორუმპირებული – ამ სიტყვებისთვის ხელვაჩაურის პოლიციის უფროსმა დამაკავა, პოლიციაში გადაყვანის შემდეგ კი, ფეხები მირტყა თავისა და ტანის არეში“, – გვითხრა მაშინ თორნიკე ქავთარაძემ.

ვიდეო, რომელიც თორნიკე ქავთარაძის თანმხლებმა პირმა ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში 2024 წლის 18 ნოემბერს გადაიღო, ჩანს, რომ თორნიკე ქავთარაძეს აგინებს და ემუქრება „სასპორტო სკოლის დირექტორი“, თორნიკე ქავთარაძეს ძალის გამოყენებით ატოვებინებენ დარბაზს და უკანონოდ სთხოვენ მობილურის გამორთვას. ჩანაწერში ჩანს კიბეზე ჩასვლის დროს, როგორ ძალადობენ საჯარო მოხელეები ისევ მოქალაქეზე.

„დაპირისპირება ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში მოჰყვა იმას, რომ არ უნდათ კრიტიკის მოსმენა,“ – გვიყვება მოქალაქე თორნიკე ქავთარაძე. – „ჩვენ მანამდე ვამხილეთ ხელვაჩაურის მერია, როგორ ხდებოდა გამოძალვა… დარბაზში როცა შევედით, მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძემ გვითხრა, დატოვოთ უნდა დარბაზიო. თან მახლდა, მაგალითად, ტარიელ ბარამიძე, რომელიც ამ დრომდე ქოხში ცხოვრობს და არავინ ყურადღებას არ აქცევს. ვუთხარი, რომ პრობლემებზე სალაპარაკოდ ვიყავი მისული, მაგრამ მათ კრიტიკის მოსმენა არ სურდათ. ქარცივაძემ შეხვედრის დაწყებამდე მოიყვანა პარტაქტივი და მოაწყვეს პროვოკაცია, მაგრამ თავად აღმოჩნდნენ ამ პროვოკაციის მსხვერპლი.

იქვე, ჩემზე ძალადობის შემდეგ, მოვიდა პოლიცია, რომელმაც ოქმიც კი არ შეადგინა, წარმოგიდგენიათ? ეს არის ზონდერპოლიცია, რომელიც მხარს უჭერს გამომძალველ და კორუმპირებულ მერს, ასევე მის მიერ დანიშნულ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ამორალურად მოქმედებენ რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ.

გამომიგზავნეს უწყება გამოკითხვაზე, მაგრამ პოლიციაში არ მივედი, ცუდი გამოცდილება მაქვს – ჩემ შესახებ „ბათუმელები“ წერდა, როგორ გამისწორდნენ პოლიციის განყოფილებაში ზონდერ ჯგუფები პოლიციის უფროსის ჩართულობით. პოლიციას გავუგზავნე ჩემი განცხადება და ვიდეოჩანაწერი, სადაც აღწერილია საჯარო მოხელეების მხრიდან ძალადობა.

გამოძიება დაიწყო მუქარის მუხლით, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ფიზიკური ძალადობაც – პაატა ზაქარაძე და გიორგი ქარცივაძე იღებდნენ ჩემს გამოძევებაში მონაწილეობას, კიბეზეც ძალით ჩამომიყვანეს, ეს იყო მტკივნეული…

მეორე დღეს კიდევ მივედი, ისევ იყო ბიუჯეტის პროექტის განხილვა და არ შემიშვეს, ადგილი არ არისო. სპეციალურად საჯარო მოხელეებით წინასწარ ავსებენ დარბაზს. აღარ შეგვიშვეს დარბაზში საერთოდ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თორნიკე ქავთარაძემ.

„კარგად ბრძანდებოდეთ“ – მხოლოდ ეს უთხრა „ბათუმელებს“ ფარნაოზ თედორაძემ, ააიპ „ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის“ დირექტორმა. მას ტელეფონით დავუსვით კითხვა მოქალაქეზე ძალადობის შესახებ: გამოჰკითხეს თუ არა საგამოძიებო ორგანოში?

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარს და შეტყობინებას არ უპასუხა ხელვაჩაურის მერის მოადგილემ, გიორგი ქარცივაძემ. ჩვენს სატელეფონო ზარებს არც პაატა ზაქარაძემ უპასუხა.

რა რეაგირება მოჰყვა ხელვაჩაურში მოქალაქეზე თანამდებობის პირების მხრიდან მუქარას და ძალადობას? – შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია.

შსს-ს გარდა, მსგავს შემთხვევაზე ადმინისტრაციული საქმისწარმოება უნდა დაეწყო ხელვაჩაურის მერიასაც. რა რეაგირება მოჰყვა ხელვაჩაურის მერიაში თანამდებობის პირების მხრიდან კანონის დარღვევას? – ინფორმაციის მოწოდებას ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრშიც დაგვპირდნენ, თუმცა უშედეგოდ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: