„აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის ნომერ პირველი მიმართულება კოტეჯებია, სადაც შეიძლება დასაქმება, ფულის გამომუშავება. შეიძლება დარჩე სოფელში, მაგრამ არავის და არაფერს ჩამორჩე. ხარ შენს სოფელში, ინარჩუნებ სოფელს, გყავს მეზობლები და ცხოვრება გრძელდება. ამის ერთ-ერთი საშუალებაა ეს კოტეჯები. ამ მხრივ ძალიან დიდი როლი ექნება სახელმწიფოს, მთავრობას, რომ ეს მიმართულება რაც შეიძლება გააძლიეროს ფინანსურად “ – გვიზიარებს თავის ხედვას ბაგრატ თავართქილაძე, ტურისტული განთავსების ობიექტების მფლობელი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში.
„მიმოიხედეთ ირგვლივ, ყველგან ადგილებია კოტეჯებისთვის“ – გვეუბნება ბაგრატი და ხელით გვაჩვენებს კოკოტაურის მიმდებარე სოფლებსა და ტყეებს.
ბაგრატ თავართქილაძე
„აქ ახლა აფრიკელს რა უნდა, მაგრამ ვიღებთ აფრიკიდან სტუმრებს, ამერიკიდან აქ კაცს რა უნდა, მაგრამ მოდის ის ამერიკელიც, ევროპიდან ხომ მოდიან და მოდიან, ადგილობრივებიც არ გვაკლია. ჩვენი მთა და ბარი უნდა გადავაქციოთ ტურიზმად და აქ მაცხოვრებლებისთვის ეს იქნება საარსებო წყარო“ – ამბობს ის.
ბაგრატ თავართქილაძის ეს მოსაზრება გამოცდილებითაა გამყარებული. ის საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც შვილებთან ერთად „გლემფინგის“ ტიპის დასასვენებელი კოტეჯები ქედის მუნიციპალიტეტში, მშობლიურ სოფელ კოკოტაურში მოაწყო.
„გლემფინგი“ გულისხმობს ცივილიზაციიდან შორს, ავთენტურ ბუნებაში, ბანაკის ან სასტუმროს ტიპის ადგილას დასვენებას, სადაც ჰარმონიულადაა შერწყმული ბუნება და კომფორტი.
„ბოლო 25 წლის განმავლობაში თბილისში ვცხოვრობდი. ჩემს შვილს გაუჩნდა იდეა, რომ შეიძლებოდა ჩვენს სოფელში ტურიზმი განვითარებულიყო, რაღაც უნდა გაგვეკეთებინა და ეს ძალიან მომეწონა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჩამოსვლა მომიწევდა და ეს მახარებდა და მეორეც – საქმეს დავიწყებდი. თან ბრუნდები სოფელში, სადაც წლების განმავლობაში ვერ ვიტყოდი, რომ გადაკარგული ვიყავი, მაგრამ მაინც არ მიცხოვრია და მეც დავეთანხმე, რომ საქმისთვის მოგვეკიდა ხელი.
ჩამოვედი თბილისიდან და „აჭარა გლემფინგით“ დავიწყეთ“ – იხსენებს ჩვენთან საუბარში ბაგრატ თავართქილაძე.
„აჭარა გლემფინგი“
ამ პერიოდში ქედის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, „ენპარდის“ პროგრამა ხორციელდებოდა, რომლის პრიორიტეტიც სოფლისა და სოფლის მეურნეობისა მხარდაჭერა/ დაფინანსება იყო. ბაგრატის შვილმა, გიორგიმ სოფელში კოტეჯების მოწყობის იდეა საგრანტო კონკურსზე წარადგინა. იდეამ, როგორც ინოვაციურმა და პოტენციურად წარმატებულმა სტარტაპმა, საგრანტო კომისიის დიდი მოწონება დაიმსახურა და გრანტიც მოიპოვა.
მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ჯამში პროექტს გაცილებით მეტი თანხა დასჭირდა, ვიდრე გრანტით გათვალისწინებული თანხის რაოდენობა იყო, ბაგრატ თავართქილაძე იმ ეტაპზე გრანტით დაფინანსებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს:
„ევროკავშირის ფული იმითაა კარგი, რომ საწყისს გაძლევს, ეზოს გარეთ როცა ვერ გადიხარ, ის გეუბნება, რომ შეგიძლია წახვიდე – აი, ესაა ევროკავშირის ფული. იმის მიღმა ბევრი ხარჯია, მაგრამ საწყისი ფული დიდ სტიმულს გაძლევს“.
გარდა ევროკავშირის გრანტისა, თავართქილაძეების ოჯახმა სახელმწიფო პროგრამითაც-„აწარმოე საქართველოში“ ისარგებლა. არც ეს აღმოჩნდა საკმარისი, მაგრამ საქმის კეთების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ოჯახმა ყველა დაბრკოლება დაძლია და შრომის ნაყოფიც გამოჩნდა.
პროექტმა, გამომდინარე იქიდან, რომ აჭარის რეგიონისთვის სიახლე იყო, მოლოდინი გაამართლა და კარგი გამოხმაურება მოჰყვა როგორც საერთაშორისო ვიზიტორებში, ასევე, ადგილობრივებში.
კოკოტაურში თავდაპირველად დადგეს ორი კოტეჯი, რომლებიც „აჭარა გლემფინგის“ სახელით ოპერირებენ. თუმცა, მოთხოვნიდან გამომდინარე, ბიზნესი მალე გაფართოვდა და უკვე იმავე სოფელში, მაგრამ უფრო ტყის სიღრმეში, სამი კოტეჯისგან შექმნილი კომპლექსი, „სერი“ დაემატა.
„სერი“
ამ კომპლექსებს შორის განსხვავება კლასშია: „სერი“ აერთიანებს მთლიანად ბუნებრივი ხით მოწყობილ ლუქს ნომრებს, ხოლო „აჭარა გლემფინგი“ ძირითადად რკინის კონსტრუქციისა და სპეციალური მასალით აწყობილი კარვის ტიპის ნომერია.
ორივე კომპლექსს ჯამში, ამ ეტაპზე, 10 ადგილობრივი ემსახურება და სამზარეულოშიც ძირითადად ადგილობრივთა ნაწარმს იყენებენ.
პროექტის მფლობელი მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს და გაფართოებას, მომსახურების გამრავალფეროვნებას და დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს, რაც ადგილობრივი გარემოს განვითარებას, მეტი ადამიანის დასაქმებას და მეტ რეალიზებულ ადგილობრივ პროდუქტს ნიშნავს. ამიტომ სამეზობლოც მოტივირებულია და ერთმანეთს ხშირად ეხმარებიან, გამოწვევებს ერთად უმკლავდებიან, ეს იქნება ადგილობრივ გარემოზე ზრუნვა, გაფრთხილება თუ განვითარება.
„ჩვენი ხეობა განსაკუთრებულია ტურიზმის თვალსაზრისით. აქ ახლოსაა ზღვაც და მთაც. ეს ხეობა ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. ამიტომ ყველა სოფელში მე ვისურვებდი, რომ იყოს კოტეჯები, სადაც ჩვენი სტუმრები დაისვენებენ“ – ამბობს ბაგრატ თავართქილაძე.
მხოლოდ ბუნება და გარემო პირობები რომ არაა საკმარისი, ბიზნესმენმა ესეც ძალიან კარგად იცის და წუხს, რომ განვითარების ტემპს ცუდი ინფრასტრუქტურა აფერხებს, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში, სადაც ისედაც მცოცავი და მეწყრულად არამდგრადი მიწაა. ბევრგან არაა წყალი, გაზი, არ არის დაგებული გზის საფარი დაგებული ან სანიაღვრე სისტემა არაა მოწყობილი. ბაგრატ თავართქილაძე აქ ადგილობრივი ხელისუფლების განსაკუთრებულ როლს ხედავს ბიზნესის ხელშესაწყობად და მაგალითად მოჰყავს ფაქტი, როცა სოფელში გასულ წელს გზა დაიმეწყრა, დიდხანს ვერ გაწმინდეს და ამის გამო ტურისტს ვერ იღებდა, ამ დროს კი ბანკში სესხის თანხა გადასახდელი იყო.
„ხედავთ, რომ კოტეჯებთან მისასვლელი გზა ცუდია და მეტიც, როცა სველდება, ექსტრემალურია. მე კი ვემსახურები საკუთარი მაღალი გამავლობის მანქანებით და მიმყავს ადგილზე სტუმარი უსაფრთხოდ, მაგრამ ვისაც თავისი მანქანით უნდა ამოსვლა, მაქვს შემთხვევები, როცა უარს ამბობენ ან ამოდიან და შემდეგ რევიუებში წერენ, რომ ყველაფერი მოეწონათ გზის გარდა, რაც ქმნის პრობლემას ყველა სეზონზე მუშაობისთვის.
მსგავს საკითხებში ძალიან გვჭირდება ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება და რთულია ამ პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტა ჩვენი ტიპის ბიზნესისთვის. იგივე ხარჯების, ბიზნესის სეზონურობისა და სხვა ბიუროკრატიული დეტალების გამო. მხოლოდ მე არა, ხეობაში ბევრი ბიზნესია, ვისაც მსგავსი პრობლემები აქვს“ – ამბობს ბიზნესმენი.
პროექტების სარგებელზე საუბრის დროს ბაგრატი პირველ რიგში საკუთარი სოფლის ცნობადობის გაზრდაზე საუბრობს და ერთგვარი სიამაყით აღნიშნავს, რომ მან ამ სტილის ტურიზმის განვითარებას დაუდო საფუძველი აჭარის მაღალმთიანეთში. უკვე მხოლოდ მის სოფელში რამდენიმე ადგილია „გლემფინგისთვის“, განსაკუთრებით კი მომრავლდა „გლემფინგი“ ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.
ეს ორი მუნიციპალიტეტი ევროკავშირის სამიზნე მუნიციპალიტეტებს წარმოადგენდა, სადაც „ენპარდის“ პროგრამა ხორციელდებოდა და უკვე ათეულობით სხვადასხვა ტურისტული დანიშნულების ობიექტია დაფინანსებული.
მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ევროკავშირისგან მსგავსი პროექტების დაფინანსების შეწყვეტის ალბათობა რეალურია და ამის მიზეზი ჩვენს ქვეყანასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ურთიერთობის გაციებაა, რისი შედეგიც უარყოფითად აისახება ტურიზმზეც:
„თუ შეწყდება დაფინანსებები და ამის რეალური შანსი არის, ურთიერთობების გაციება ჩვენს ქვეყანასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის, ეს ძალიან ცუდი ნიშანი იქნება. იმიტომ, რომ ეს შემდეგ აისახება მარტო იმაზე კი არა, რომ რაღაც დაფინანსებები შეწყდება, არამედ ტურიზმზე.
ის მოქალაქე [პოტენციური ევროპელი ტურისტი] უყურებს და უსმენს ისე, როგორც მე და თქვენ. ამიტომ, თუ იქნება გრილი ურთიერთობა, ის შეიკავებს თავს აქ წამოსვლაზე. როგორმე უნდა დათბეს ისევ ურთიერთობები, რომ ტურიზმის ეს მიმართულება არ გაჩერდეს, თორემ ადამიანი აღარ ჩამოვა. ტურიზმი მხოლოდ ფინანსურად არ მუშაობს, მუშაობს ფსიქოლოგიურადაც. ამიტომ, ამ მიმართულებით მუშაობა სავალდებულოა“ – ამბობს ბიზნესმენი.
ნახეთ ვიდეო:
- ENPARD – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა
დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ევროკავშირი საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით უჭერდა და უჭერს მხარს. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ბოლო წლებში წარმატებით განხორციელდა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ია, რომლის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 180-მდე მილიონი ევრო დახარჯა.
აჭარაში პროგრამის ერთ-ერთი სამიზნე ქედის მუნიციპალიტეტი იყო და პროგრამას ადგილზე ახორციელებდნენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები: „დემოკრატიის ინსტიტუტი“, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდი ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.
არასამთავრობო ორგანიზაციის, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის, ალექსანდრე ლორთქიფანიძის თქმით, საგრანტო კონკურსის პრიორიტეტი იყო ახალგაზრდების საინტერესო პროექტების ხელშეწყობა:
„ერთ-ერთი ასეთი საინტერესო იდეის ავტორი გიორგი თავართქილაძე იყო, რომელმაც წარმოადგინა იმ დროისთვის ინოვაციური იდეა „გლემფინგების“ მოწყობის სახით. ძალიან საინტერესო იდეა აღმოჩნდა, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ადგილობრივ დონეზე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, რაც სამაგალითო გახდა სხვებისათვის და დღეს უკვე მრავლად ვხვდებით ქედის მუნიციპალიტეტში მსგავსი ტიპის განხორციელებულ პროექტს, რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებისთვის.
ENPARD-ის განხორციელება საქართველოში 2013 წლიდან დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს. პროგრამის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ადგილობრივებს და ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს“ – ამბობს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

ალექსანდრე ლორთქიფანიძე
მისივე განმარტებით, ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირის დახმარება შემდეგ ძირითად საკითხებს ითვალისწინებს: სოფლის მეურნეობის ინსტიტუტების ეფექტიანობის გაუმჯობესება და მათი დახმარება სოფლის მეურნეობის სექტორის რეფორმირების პროცესში; სოფლად დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მცირე ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებით და რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით და სოფლად სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიკაციის ხელშეწყობა, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობით, გარემო პირობებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვით.
2013-2022 წლებისთვის ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში 179.5 მილიონი ევრო იყო და ის რამდენიმე ფაზად განხორციელდა. პროექტის მეოთხე ფაზა ახლა მიმდინარეობს საქართველოს ოთხ რეგიონში – კახეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და გურიაში. მეოთხე ფაზის ჯამური ბიუჯეტი 55 მილიონ ევროს შეადგენს.
ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.