მთავარი,სიახლეები

არჩევნებში დახარჯული მილიონები

23.11.2024
არჩევნებში დახარჯული მილიონები

საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ბევრად მეტი დახარჯა, ვიდრე არჩევნებში მონაწილე სხვა თითოეულმა პარტიამ თუ კოალიციამ. ანტიკორუფციული ბიუროსთვის 8 ნოემბერს წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით, 27 აგვისტოდან არჩევნების დღემდე – 26 ოქტომბრამდე პერიოდში „ოცნების“ ფაქტობრივმა ხარჯმა 23 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა. აქედან 21 მილიონი საკასო, ანუ გადახდილ ხარჯებში მიუთითეს.

ამ თანხაში შედის როგორც ოფისის, ასევე რეკლამის, სახელფასო და სხვა ხარჯი. 

2024 წლის იანვრიდან 26 ოქტომბრამდე „ქართულმა ოცნებამ“ შემომწირველებისგან 15 მილიონ 527 057 ლარი მიიღო, ამას დაემატა საბიუჯეტო დაფინანსებაც.   

8 ნოემბერს წარდგენილი დეკლარაციის თანახმად, რომელიც „ბათუმელებმა“ შეისწავლა, „ოცნებამ“ წინასაარჩევნო ხარჯებიდან 917 457 ლარი შრომის ანაზღაურების ნაწილში ჩაწერა. აქედან ხელფასების სახით 391 049 ლარი გაუცია. ეს ადმინისტრაციაში დასაქმებულების ხელფასებია. დარჩენილი თანხა – 526 408 ლარი კი ფინანსურ დეკლარაციაში ასახეს, როგორც „სხვა ანაზღაურება“.

ამ ეტაპზე არ ვიცით, არის თუ არა ეს თანხა კოორდინატორების, აგიტატორების ან ე.წ. კაპიტნების დაფინანსების ნაწილი, რომლებმაც „ოცნების“ სასარგებლოდ ქოლცენტრებში იმუშავეს.

„ოცნების“ სასარგებლოდ წელს ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში ბევრად მეტი აგიტატორი, კოორდინატორი და ე.წ. კაპიტანი მუშაობდა, ვიდრე სხვა ნებისმიერ წინა არჩევნებზე 2012 წლიდან დღემდე. შესაბამისად, დეკლარაციაში მითითებული თანხა – 526 408 ლარი – მათი შრომის ასანაზღაურებლად საკმარისი ვერ იქნება. დეკლარაციაში შრომის ანაზღაურების ნაწილში ასახულ თანხას საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის მკლევარები „სასაცილო თანხასაც“ კი უწოდებენ. 

„ქართული ოცნების“ აჭარის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „ოცნება“ ქოლცენტრების მეშვეობით მუშაობდა. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა:

„…წელს განსხვავებით წინა წლებისა, ყველა უბანზე გავაკეთეთ პატარა-პატარა ქოლცენტრები, საიდანაც უფრო მარტივი გავხადეთ კომუნიკაცია უბნის უფროსებთან და ქოლცენტრის უფროსებს დავარქვით კაპიტნები. ბათუმში წლები გვქონდა ერთი ქოლცენტრი და წლევანდელ არჩევნებზე გავხადეთ მეტი. ადამიანების ჯამი არ შეცვლილა“, – დაწერა ირაკლი ჭეიშვილმა.

8 ნოემბერს წარდგენილი დეკლარაციაში, რომელიც 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრამდე წინასაარჩევნო პერიოდს მოიცავს, „ოცნება“ არ უთითებს, რამდენი კოორდინატორი, აგიტატორი და უბნის უფროსი, ე.წ. კაპიტანი ამუშავა საპარლამენტო არჩევნებისთვის. თუმცა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს არაერთი მტკიცებულება, რომ „ოცნებამ“ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს კოორდინატორები ქოლცენტრების დახმარებით ამუშავა. 

თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და სხვა დიდ ქალაქებში, ჯამში, 1 147 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ამ უბნებს ქოლცენტრებში დასაქმებული ჯამში მინიმუმ 3 441 პირი ემსახურებოდა [გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, ერთ ქოლცენტრში 3 ადამიანი მუშაობდა].

ცესკოს მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში 3 044 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ერთ უბანზე, გარდა ქოლცენტრებისა, „ოცნების“ მინიმუმ 2 კოორდინატორი მუშაობდა: შესაბამისად, ჯამში 6 088 კოორდინატორი. ანუ „ოცნებას“ ქოლცენტრებსა და უბნებზე მინიმუმ 9 529 პირი ჰყავდა დასაქმებული. 

„ოცნების“ კოორდინატორებმა ბათუმში, თბილისში, ოზურგეთში, ქობულეთსა და ხულოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამი თვე იმუშავეს და ანაზღაურების სახით თვეში 200 ლარი მიიღეს. ასეთ შემთხვევაში ქოლცენტრებში, პირობითად 3 441 კაპიტნის ერთი თვის შრომის ანაზღაურებისთვის „ოცნებას“ 688 200 ლარი დასჭირდებოდა. უბნებზე დასაქმებული 6 088 კოორდინატორისთვის კი, ერთი თვის ანაზღაურება [200 ლარიდან] 1 მილიონ 217 800 ლარი გამოდის, სამ თვეში კი – 3,6 მილიონზე მეტი ლარი. 

8 ნოემბერს წარდგენილ დეკლარაციაში, ამ ოდენობის სახელფასო ხარჯებზე არაფერი აქვს „ოცნებას“ მითითებული. შესაბამისად უცნობია, რა თანხა გადაუხადა „ოცნებამ“ თავის კოორდინატორებს, აგიტატორებსა და ქოლცენტრებში დასაქმებულებს და ხომ არ არის ეს შავი ფული? – ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი ამ ეტაპზე არ არსებობს. 

  • 8 ნოემბრის დეკლარაცია – „ოცნებამ“ საარჩევნო წელს 1 მილიონ 373 679 ლარის უძრავი ქონება შეიძინა.

„ოცნების“ დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ სახელისუფლებო პარტიამ საარჩევნო წელს 1 მილიონ 373 679 ლარის უძრავი ქონება შეისყიდა. მათ შორის 1 მილიონ 355 425 ლარი შენობა-ნაგებობებში გადაიხადეს, 13 294 ლარი კი – მანქანა-დანადგარებში. 

საიჯარო ქირის ხარჯის სახით 583 348 ლარი მიუთითეს, გაცილებით მეტი – 790 661 ლარი მიუთითეს ამ ნაწილში საკასო ხარჯის სახით. ოფისების ხარჯის სახით კი „ოცნებამ“ დეკლარაციაში 442 573 ლარი მიუთითა, აქედან მხოლოდ 295 318 ლარია საკასო ხარჯი. ეს იმას ნიშნავს, რომ დეკლარაციის შევსების მომენტისთვის დარჩენილი თანხა გადახდილი არ იყო.

  • „ოცნებამ“ წინასაარჩევნო რეკლამაში 16 მილიონამდე ლარი დახარჯა

მმართველი პარტიის სარეკლამო ხარჯი ცალკე აღნიშვნას იმსახურებს. „ოცნებამ“ რეკლამაში არც მეტი არც ნაკლები 15 მილიონ 903 117 ლარი დახარჯა. ამდენი თანხის რეკლამაში დახარჯვა კი არა, საერთო ჯამში შეგროვებაც კი ვერ შეძლო, არათუ რომელიმე პარტიამ, არამედ ცალკეულმა კოალიციამაც კი, რომელშიც 3-4 პარტიაა გაერთიანებული.

სარეკლამო ხარჯიდან 5 მილიონ  763 104 ლარი „ოცნებას“ სატელევიზიო რეკლამაში დაუხარჯია, 820 230 ლარი კი – ინტერნეტრეკლამაში. 7  მილიონ 130 686 ლარი გარე რეკლამის ხარჯია, ხოლო 1 828 466 ლარი დეკლარაციაში „სხვა სარეკლამო ხარჯის“ სახით არის მითითებული. ბეჭდური რეკლამის ხარჯი 360 632 ლარია.

  • გრაფაში სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება: 2 მილიონ 955 224 ლარი 

მმართველი პარტია არ აზუსტებს ამ გრაფაში მითითებული თანხა კონკრეტულად რაში დახარჯა.

  • 1 მილიონ 515 166 ლარი – მაისურები, კეპები და ქუდები 

მილიონ-ნახევარი ლარი დაუხარჯია მმართველ პარტიას მითითებულ აქსესუარებში – კეპებში, მაისურებში, ქუდებში, დროშებში და ასე შემდეგ.

თითქმის ყველა ფიზიკური პირი, ვინც სახელისუფლებო პარტიას საპარლამენტო არჩევნებისთვის 40 000 – 60 000 ლარი შესწირა მსხვილი ბიზნესის მფლობელი, პარტნიორი, კომპანიის დირექტორი ან უფროსი მენეჯერია. შემწირველების კომპანიების დიდი ნაწილი ტენდერებში მონაწილეობს ან მშენებელია და მშენებლობის ნებართვას სასურველი პარამეტრებით უპრობლემოდ იღებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მკვლევრები ანგარიშებში წერენ, რომ ამ შემოწირულობების შესწავლა იწვევს საფუძვლიან კითხვებს და ეჭვებს კორუფციაზე.

  • 9 მილიონ-ნახევარი ლარი კოალიცია „ცვლილებებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ 

ანტიკორუფციულ ბიუროში წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით, 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში კოალიციამ „ცვლილებებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“  9 მილიონ 901 350 ლარი დახარჯა. ეს ფაქტობრივი ხარჯია, საკასო ხარჯი კი 9 მილიონ 289 120 ლარია.

რეკლამისთვის 6 მილიონი დახარჯეს, მათ შორის 3 მილიონ 819 210 სატელევიზიო რეკლამის ხარჯია, 744 724 კი – ინტერნეტრეკლამის ხარჯი, ბეჭდური რეკლამისთვის 197 760 ლარი მიუთითეს. ბრენდირებულ აქსესუარებში კოალიციას 44 660 ლარი დაუხარჯია. გარე რეკლამის ხარჯი კი 1 მილიონ 164 526 ლარი.

2024 წლის იანვრიდან დღემდე კოალიციას 9 მილიონ 138 061 ლარი შეუგროვებია.

  • „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“

ამ კოალიციამ 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში 2 მილიონ 801 276 ლარი დახარჯა. თანხის ძირითადი ნაწილი რეკლამაში დახარჯეს, მათ შორის 1 მილიონ 113 211 ლარი სატელევიზიო რეკლამაში გადაიხადეს. შრომის ანაზღაურების ხარჯის სახით კი 201 495 ლარი მიუთითეს. 2024 წლის დასაწყისიდან არჩევნების დღემდე კოალიციის შემოწირულობებმა 3 მილიონ 143 101 ლარს მიაღწია.

„ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის“ 

27 აგვისტოდან 26 ოქტომბრამდე პერიოდისთვის კოალიციის „ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის“ ფაქტობრივი  ხარჯი 8 მილიონ 134 849 ლარია. რეკლამისთვის 7 მილიონი ლარი დახარჯეს, მათ შორის სატელევიზიო რეკლამაში 4 მილიონ 692 036 ლარი გადაიხადეს, ინტერნეტრეკლამაში 866 554 ლარი დაუხარჯიათ, ხოლო ბეჭდურ რეკლამაში – 48 035 ლარი. გარე რეკლამის ხარჯი 852 523 ლარია. ბრენდირებულ აქსესუარებში ამ კოალიციას 71 760 ლარი აქვს დახარჯული.

  • „გახარია საქართველოსთვის“

8 ნოემბერს წარდგენილი დეკლარაციით ყოფილი პრემიერის პარტიამ – „საქართველოსთვის“ შემოწირულობის სახით 348 755 ლარი მიიღო და ეს ძირითადად არაფინანსური შემოწირულობები იყო. შესაბამისი იყო პარტიის ხარჯები. 2024 წლის იანვრიდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში კი პარტიას 457 200 ლარი შეუგროვებია.

  • შემოწირულობები

ანტიკორუფციულ ბიუროში წარდგენილი დეკლარაციები ცხადყოფს, რომ ოპოზიციური პარტიები გარკვეული თანხის მობილიზებას მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ახერხებენ. შესაბამისად, სახელისუფლებო პარტიას სხვა მთელ რიგ რესურსთან ერთად, რომელსაც შემზღუდველი ბარიერების უგულებელყოფით იყენებს, დიდი ფინანსური უპირატესობაც აქვს.

აქვე უნდა გავითვალისწინოთ წინა წელს შემოწირულობის სახით მიღებული 11 მილიონი ლარიც. მართალია, 2023 წელს საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა, თუმცა იმ გარემოებების გამო, რაც ქვეყანაში დღის წესრიგში მწვავედ იდგა, მმართველმა პარტიამ, ისევე, როგორც ოპოზიციამ, მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის გაცილებით ადრე დაიწყო. ადრევე დაიწყეს აქტიურობა „ოცნების“ შემწირველებმაც, განსაკუთრებით სამშენებლო ბიზნესმა იაქტიურა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ არჩევნების კოორდინატორი, გიგი ჩიხლაძე „ბათუმელებთან “ ამბობს, რომ „ოცნების“ შემწირველების მჭიდრო კავშირი ხელისუფლებასთან აჩენს კითხვებს და ეჭვებს კორუფციაზე, რადგან შემწირველი ბიზნესმენების უმრავლესობა სახელმწიფო კონტრაქტორია ან სახელმწიფო პროგრამით სუბსიდიის მიმღები.

„გამჭვირვალობა საქართველო“ ინტენსიურად სწავლობს წინასაარჩევნოდ პარტიების შემოწირულობებს. განსაკუთრებით კი სახელისუფლებო პარტიის კავშირს შემწირველებთან, რადგან სწორედ ხელისუფალს აქვს ბერკეტი მომავალში.

__

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: