მთავარი,სიახლეები

„გამოსავალი არის ავჯანყდეთ, გამოვაცხადოთ დაუმორჩილებლობა“ – სტუდენტები

21.11.2024
„გამოსავალი არის ავჯანყდეთ, გამოვაცხადოთ დაუმორჩილებლობა“ – სტუდენტები

„დუმილი მშვიდობას ნიშნავს?“, „როგორ იმღერებ, თუ ხმა მოგპარეს?“, „თავისუფალი მეცნიერებები თავისუფლების გარეშე?!“, „რისთვის სწავლობ სამართალს, თუ თავისუფლებისთვის არ იბრძვი?“- ეს ის სლოგანებია, რომლებიც სტუდენტებმა თსუ-ს კიბეებზე გამოფინეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტი გრძელდება. ისინი ღამესაც  თსუ-ს შენობაში ათევენ. სტუდენტები აპროტესტებენ არჩევნების გაყალბებას და ახალი არჩევნების გარდა მოითხოვენ თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას იმის გამო, რომ მან უნივერსიტეტის ეზოში სპეცრაზმი შეუშვა, სტუდენტებს კი კარები ჩაუკეტეს.

უნივერსიტეტის დაცვა არც ახლა აძლევს სტუდენტებს თავისუფლად გადაადგილების უფლებას. პროტესტში მონაწილე სტუდენტები, რომლებიც მესამე დღეა ღამეს პირველ კორპუსში ათევენ, გამოსავალს დაუმორჩილებლობაში ხედავენ.

მათი თქმით, არსებული ხელისუფლება არალეგიტიმურია და საზოგადოება უნდა აჯანყდეს.

პროტესტში მონაწილე სტუდენტებს „ბათუმელები“ ესაუბრა.

მეორეკურსელი ვაჟა ღურწკაია თსუ-ში ეკონომიკას ეუფლება. ის მესამე დღეა, რაც უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ათამდე სტუდენტთან ერთად ღამეს ათევს და 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. ვაჟა მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა.

გაყალბებული არჩევნების გარდა ვაჟა და მისი თანამოაზრე სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორის გადადგომასაც ითხოვენ, რადგან ის სპეცრაზმი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის მონაწილეები დაარბია, უნივერსიტეტის ეზოში შეიყვანეს.

„ვაპროტესტებთ „ქართული ოცნების“ მიერ ჩვენი უნივერსიტეტის ოკუპაციასაც. სამი ღამეა აქ ვრჩებით უნივერსიტეტში, ამიტომ რომ არ გადავიღალოთ, გვყავს შემცვლელებიც. უამრავი ადამიანია მსურველი და გვენაცვლებიან ხოლმე.

აქ, ადგილზე ათი სტუდენტი ყოველთვისაა. ზოგჯერ უფრო მეტიც.

მხარს გვიჭერს ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ლექტორ-მასწავლებლებიც და გვეუბნებიან, რომ თუ რაიმე დახმარება დაგვჭირდება, აუცილებლად დაგვიდგებიან გვერდით“, – გვეუბნება ვაჟა ღურწკაია.

სტუდენტების პროტესტი თსუ-ში.

ამ დროისთვის თსუ-ში შუალედური გამოცდები მიმდინარეობს და პროტესტის მონაწილე სტუდენტები პროტესტის პარალელურად გამოცდებსაც აბარებენ.

„აქ ვინც ვრჩებით ღამით, გამოყოფილი გვაქვს სივრცე და ვმეცადინეობთ და ვისაც შუალედური აქვს, იმას ვენაცვლებით. 25 ნოემბრისთვის შუალედური გამოცდებიც დასრულდება და ვფიქრობ, უფრო მეტი სტუდენტი შემოგვიერთდება.

სტუდენტები ყოველთვის იყვნენ სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების მონაწილე საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც, თუ გადავხედავთ ისტორიას. ამიტომ, ჩვენ ვალდებულად ვგრძნობთ თავს, რომ მივიღოთ იმ პროტესტში მონაწილეობა, რაც ქვეყანაში გვაქვს და დავიცვათ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება“, – ამბობს ვაჟა.

პროტესტში მონაწილე სტუდენტები რექტორისგან მოითხოვენ პასუხს იმაზე, თუ ვინ მისცა სპეცრაზმს უნივერსიტეტის ეზოში განთავსების უფლება. თუმცა რექტორი ჯერჯერობით დუმს.

„რექტორმა შემოაგზავნა ყავა და ღვეზელები, თუმცა ხელი არ გვიხლია.

მოდის ჩვენთან ინფორმაცია, რომ თითქოს საერთოდ არ იყო რექტორი სპეცრაზმის შემოყვანაზე ინფორმირებული. თუ ასეა, მაშინ გააკეთოს ამაზე განცხადება. თუმცა, ასე რომ იყოს, მაინც პრობლემაა, რადგან გამოდის, რომ რექტორი ვერ იცავს უნივერსიტეტის ავტონომიურობას და ჩვენს უფლებებს.

ჩვენ არ გვჭირდება ისეთი რექტორი, რომელიც არა სტუდენტების ცოდნაზე, განათლებასა და მათ უფლებებზე იქნება ორიენტირებული, არამედ უნივერსიტეტს აქცევს სტრატეგიულ ობიექტად, სადაც შეჰყავთ ძალოვანი სტრუქტურები, რომელიც გვარბევს.

ამიტომ ჩვენ არა მარტო რექტორის გათავისუფლებას ვითხოვთ თანამდებობიდან, არამედ მთლიანად სისტემის გაწმენდას, რადგან თუ სისტემა არ შეიცვალა, ამას გაათავისუფლებენ და დაგვინიშნავენ ახალ მარიონეტს“, – გვეუბნება ვაჟა.

მისი თქმით, ახლა არც უიმედობისა და ნიჰილიზმის დროა, რადგან ქვეყანა რთულ სიტუაციაშია და მხოლოდ ბრძოლას აქვს აზრი. „ბრძოლას რომ ყოველთვის აქვს აზრი, ამის მაგალითებიც ბევრი გვაქვს ისტორიაში. ამიტომ ასეთი რეჟიმების შეცვლისთვის მთავარი დაუმორჩილებლობაა. ხალხისა და სტუდენტების ძალისხმევით ყველაფერი კარგად დასრულდება“, – ამბობს ვაჟა ღურწკაია.

თსუ-ში სტუდენტები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და რექტორის გადადგომასაც მოითხოვენ.

ელენე ზურაბიშვილი პირველკურსელია და საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობს. ელენე საუბარს ბათუმელი სტუდენტების მადლობით იწყებს, რადგან ამბობს, რომ სწორედ მათ მისცეს სტუდენტური დაუმორჩილებლობის მაგალითი.

„მეორე ღამეა, რაც ვრჩები თსუ-ში. მანამდე ვიყავი ილიაუნიში, რადგან აქ არ გაგვიღეს კარები, ღამე გავათენეთ ჯერ კიბეებზე, შემდეგ კი მოვახერხეთ შენობაში შემოსვლა.

შემართება, რა თქმა უნდა, გვაქვს, სხვანაირად ვერ გავუძლებდით ღამისთევებს.

ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ გამოვაფხიზლოთ ის ხალხი, ვინც მოდუნებულია. დღეს გარეთ, ქუჩაში ბრძოლა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ. უნდა ავირჩიოთ ან რუსეთი, ან ცივილიზებული დასავლური სამყარო. თუ ახლა დავკარგეთ შანსი, მეორედ ან აღარ მოგვეცემა, ან ძალიან დიდი ხანი გადაიწევს ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ჩამოვშორდებით დასავლურ ცივილიზაციას.

განსაკუთრებით ახალგაზრდებს უნდა აწუხებდეთ ეს, იმიტომ, რომ ვეღარ მიიღებენ დასავლურ განათლებას, ვეღარ მიიღებენ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას და ყველა იმ სიკეთეს, რომელიც დასავლეთს მოსდევს. ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ვკარგავთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, რადგან უნივერსიტეტი ძალოვანი უწყებების შტაბ-ბინად გადააქციეს უკვე და სტუდენტებს არ უშვებენ უნივერსიტეტში. ისიც კი არ ვიცით, მართლა დაცვის თანამშრომლები არიან ეს ხალხი თუ არა. ვითხოვთ ხელშეკრულებებს, მაგრამ არ გვაჩვენებენ.

თსუ-ს თავისი ისტორიული ბრწყინვალება დაუკარგეს, ისეთი უღირსობა ხდება აქ“, – ამბობს ელენე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, ის სტუდენტობა, რომელიც ორი წელია რუსთაველზე დგას და დღეს შესაძლოა ნიჰილიზმით არის მოცული, რადგან არჩევნები გაუყალბეს, მაინც მოიკრებს ძალას.

„მინდა მათ ვუთხრა, ვინც არ ელოდა ასეთ შედეგებს, რომ არც არავის ჰქონდა მოლოდინი,  არჩევნები არ გაყალბდებოდა, მათ შორის არც ოპოზიციურ პარტიებს. თავიდანვე უნდა გაგვეცნობიერებინა ის, რომ არჩევნების შემდეგ დიდი ბრძოლა გველოდა – არჩევნები არ ყალბდება დემოკრატიულ ქვეყნებში და თუ ჩვენ დემოკრატიისთვის ვიბრძვით, ესე იგი, არ გვაქვს დემოკრატია.

შესაბამისად, არჩევნების გაყალბება მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო და საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ფარ-ხმალი უნდა დავყაროთ ამის გამო. ვინც არ იყო მზად, ვცდილობთ ეს ადამიანები ავიყოლიოთ და გამოვაფხიზლოთ, რადგან თუ სტუდენტები უარს იტყვიან და არ იბრძოლებენ საკუთარი და ქვეყნის თავისუფლებისთვის, აქ იღუპება ქვეყანა“, – გვეუბნება ელენე.

ლუკა ხიზაძე პირველკურსელია და ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობს.

მესამე დღეა, რაც ლუკა ღამეს ათევს უნივერსიტეტში და ასე ცდილობს ქვეყნის თავისუფლების დაცვას.

„გაყალბებული არჩევნების ფონზე მთავრობა ცდილობს დაატეროროს საზოგადოება, დაატეროროს სტუდენტები და ამის მაგალითია აქ სპეცრაზმის შემოყვანა.

რაც შეიძლება გამძლედ და მხნედ უნდა ვიყოთ, რადგან დამორჩილება არ არის გამოსავალი. გამოსავალი არის ავჯანყდეთ, დაუმორჩილებლობა გამოვუცხადოთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას და მთელი უნივერსიტეტი გამოვაცოცხლოთ.

იმედი მაქვს, ეს ბრძოლა გაფართოვდება და მეტ თანამოაზრეს შევიძენთ. ილიაუნის სტუდენტებიც სულ ჩვენთან არიან, მხარს გვიჭერენ. თეატრალური სტუდენტებიც შემოუერთდნენ  ჩვენს ბრძოლას.

მთავარი საფრთხე, რაც დღეს გვაქვს არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ, არ გვისმენს, მათთან უკვე სამართლებრივ ბრძოლაშიც ვეღარ შევდივართ, რადგან აღარ არსებობს დემოკრატიული ინსტიტუციები, ჯერ კიდევ არსებობდა იმედი, რომ არჩევნების გზით წასულიყვნენ მშვიდობიანად, მაგრამ დავინახეთ, რომ არ აპირებენ წასვლას. ამიტომ ვინც ვიბრძვით ევროპული მომავლისთვის, ქუჩაში უნდა გადმოვინაცვლოთ. საყოველთაო პროტესტში ვხედავ გამოსავალს, სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში“, – ამბობს ლუკა.

წარწერა ბანერზე – სტუდენტური პროტესტი თსუ-ში.

სესილი პაჭკორია პირველკურსელია და იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს თსუ-ში.

მეორე დღეა, რაც ღამეს ათევს უნივერსიტეტში და არ აპირებს შენობის დატოვებას.

„უნივერსიტეტი საჯარო სივრცეა, მაგრამ დაცვა ისევ გვიშლის ხელს აქ შემოსვლაში. თსუ-ს მუზეუმის სტატუსიც აქვს და ყველას შეუძლია შემოვიდეს, მაგრამ რექტორის ბრძანებაა ალბათ, რომ კარები ჩაგვიკეტონ.

ის, რომ უნივერსიტეტში სპეცრაზმი შემოდის და სტუდენტი ვერა, ეს არის ყველაზე დიდი დაცემა რექტორის. არავის აქვს უფლება მე, სტუდენტს, შენობაში გადაადგილება და შემოსვლა ამიკრძალოს.

ქვეყანაში გვყავს არალეგიტიმური მთავრობა და ამ სიტუაციაში ირღვევა ყველა მოქალაქის უფლება. მათ შორის ჩვენიც. ყველა რევოლუცია ისტორიულად იწყებოდა სტუდენტებისგან, თსუ-დან და მეც იმიტომ ვდგავარ აქ, რომ ჩემი ქვეყნის და ჩემი მომავალი მადარდებს. ჩემი უფლებები მადარდებს და ამიტომ ვერთიანდებით ყველა უსამართლობის წინააღმდეგ.

დარწმუნებული ვარ, ეს მუხტი გაიზრდება, გაძლიერდება და ველოდებით სხვებსაც, დაგვიდგნენ გვერდით, რომ გადავაყენოთ არალეგიტიმური მთავრობა“, – ამბობს სესილი პაჭკორია.

სესილი პაჭკორია

სტუდენტების საპროტესტო აქციების პარალელურად, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ქუჩებშიც, უნივერსიტეტის წინ გაშლილია კარვები.

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოშიც.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: