მთავარი,სიახლეები

ვგმობთ პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებისთვის ხელშეშლას – ონლაინ მედიის განცხადება

19.11.2024 •
ვგმობთ პოლიციის მხრიდან ჟურნალისტებისთვის ხელშეშლას – ონლაინ მედიის განცხადება

ქართული ონლაინმედიები: On.ge, „პუბლიკა“, „ტაბულა“, „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“ ვგმობთ 19 ნოემბერს, პოლიციის მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს.

კერძოდ, „მთავარი არხის“ ოპერატორის, სერგი ბარამიძის დაკავებას, მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და საქმიანობაში ხელშეშლას.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძესაც.

პოლიცია გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდა netgazeti.ge-ს კორესპონდენტ გივი ავალიანს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს Publika-ს ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს.

მსგავსი შემთხვევები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში პრესის თავისუფლებას და არღვევს ჟურნალისტის ხელშეუხებლობის უფლებას.

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლა, მათ შორის ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით [ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა] გათვალისწინებული დასჯადი ქმედება.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევად მიიჩნევა: ფიზიკური ძალადობა, მუქარა ან სხვა ფორმის ზეწოლა, რომელიც აფერხებს ჟურნალისტის მუშაობას.

საერთაშორისო სამართლის დონეზე ჟურნალისტური საქმიანობა დაცულია ევროპული უფლებების კონვენციით, რომლის მე-10 მუხლი უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებას.

ევროსასამართლოში აღიარებული საქართველოს ვალდებულების მიხედვით, ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ მათი საქმიანობა არ შეიზღუდოს არასამართლებრივი ძალადობის, მუქარის ან სხვა სახის სამართლებრივი შეზღუდვების შედეგად.

ჟურნალისტების მიმართ წლების განმავლობაში წარმოებული მადისკრედიტირებელი კამპანიის ფონზე, ქვეყანაში სულ უფრო უარესდება პრესის თავისუფლების მაჩვენებელი. გამოვხატავთ უკიდურეს პროტესტს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობის გამო, მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას, დაგვეხმარონ მედიაზე თავდასხმის ქმედით აღკვეთაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: