მთავარი,სიახლეები

რა შეცვალა სტუდენტურმა პროტესტებმა საქართველოს ისტორიაში

18.11.2024 •
რა შეცვალა სტუდენტურმა პროტესტებმა საქართველოს ისტორიაში

„დღეს არავინ, არც ერთი სტუდენტი არ შეეგუება საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებას, პრორუსული პოლიტიკის გატარებას ამ ქვეყანაში, ევროპასთან ხიდების დაწვას. ამიტომ ეს მუხტი – წინააღმდეგობა და ბრაზი, სტუდენტებს შორის ძალიან დიდია“, – ამბობს პოლიტოლოგი, პოლიტიკის მკვლევარი ლევან ლორთქიფანიძე, რომელიც ბოლო წლებში არაერთი სტუდენტური მოძრაობის სათავეში იყო.

რა შეცვალა სტუდენტურმა მოძრაობებმა საქართველოში უახლესი ისტორიის მანძილზე და რატომ არის სტუდენტების ხმა ხშირად გადამწყვეტი ისტორიულ პროცესებში – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ მას.

  • ბატონო ლევან, როდესაც ქვეყანაში კრიზისული ვითარება იქმნება, ხშირად ისმის კითხვა – „სად არიან სტუდენტები?“ სტუდენტური აქტივიზმი არც თქვენთვის არის უცხო, ამიტომ მინდა გკითხოთ, რატომ აქვს სტუდენტურ მოძრაობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ასეთ დროს?

საერთოდ, სტუდენტების განსაკუთრებული როლი ასეთი პროტესტის დროს, სოციალურ მეცნიერებებში აღიარებულია და ამ განსაკუთრებულობას განაპირობებს მათი სტატუსი.

სტუდენტები ჯერ კიდევ არ არიან გაწევრიანებული იმ საზოგადოებრივ ქსელებში, იერარქიებში, რომლებიც არსებობს ამა თუ იმ სოციუმში, აქვთ უფრო მეტი თავისუფალი დრო, არ არიან მთლიანად დატვირთული ყოველდღიური სამუშაოთი, სწავლისთვისაც აქვთ დრო და სოციალური ცხოვრებისთვისაც.

შესაბამისად, უფრო ადვილია აქტიურები იყვნენ სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

მაგრამ ამას თავი რომ დავანებოთ, არსებობს პრეცედენტები, ანუ არსებობს ქვეყნები, სადაც სტუდენტებს არ აქვთ ასეთი მქუხარე სახელი, ძალიან დიდი გავლენა და არ არიან პირველხარისხოვანი როლის შემსრულებელი ისტორიულ პროცესებში, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც პირიქით ხდება. მაგალითად, საქართველოში, სტუდენტები გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ ხოლმე მთელ რიგ მოვლენებში.

  • რა შეცვალა სტუდენტურმა პროტესტებმა ამ ქვეყანაში, თქვენ რას გამოარჩევთ?

რომ მივყვეთ საქართველოს ისტორიას, ჯერ კიდევ 1921 წელს, სტუდენტები მოწინავე ძალა იყვნენ, რომლებიც წინ აღუდგნენ რუსეთის ოკუპაციას. სტუდენტები იყვნენ ჩართულნი 1924 წლის აჯანყებაში და იქაც მნიშვნელოვან სეგმენტს ქმნიდნენ. საქართველოში ეროვნული მოძრაობა 80-იან წლებში საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოვიდა სტუდენტური პროტესტის სახით, დავით გარეჯის მშენებლობის წინააღმდეგ.

დამოუკიდებლობის გამოცხადების დროსაც სტუდენტები მოწინავე ძალა იყვნენ. გავიხსენოთ 2001 წლის პროტესტი, რომლის მოთხოვნა იყო მაშინდელი შს მინისტრის, კახა თარგამაძის გადადგომა, „რუსთავი 2“-ში შეჭრის გაპროტესტება, 2012 წელსაც, როცა „ციხის კადრები“ გამოქვეყნდა, მაშინაც სტუდენტური პროტესტით დაიწყო ყველაფერი.

თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. სტუდენტები ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.
ფოტო: ნეტგაზეთი

საქართველოში სტუდენტებს უპრეცედენტო როლი აქვთ შესრულებული სხვადასხვა სოციალურ ცვლილებაში. აღსანიშნავია 2010-იანი წლები, მაშინ მეც აქტიური სტუდენტი ვიყავი და მაშინ იყო აფეთქება სტუდენტური მოძრაობების, ჩამოყალიბდა „ლაბორატორია 1918“, „აუდიტორია 115“, რომელმაც მართლა პოლიტიკურ საკითხად აქცია საქართველოში აკადემიური თავისუფლება, განათლების ხელმისაწვდომობა, განათლების ხარისხი.

მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გიგანტური ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში. ასე რომ, ძალიან დიდია სტუდენტური მოძრაობებისა და ჯგუფების გავლენა ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ტრადიციაში.

ამას ის აძლიერებს, რომ საქართველოში სრულად დისკრედიტებულია პოლიტიკური კლასი, პოლიტიკური პარტიები და ვინაიდან, პოლიტიკური პარტიებისა და ძალების მიმართ არსებობს დიდი ანტიპათია ჩვენს საზოგადოებაში, ხშირად ჯანსაღ პროტესტად აღიქმება ისეთი პროტესტი, სადაც ავანგარდში სტუდენტური ჯგუფები და მოძრაობები არიან.

  • ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის სუსტი იყო სოციალური პროტესტები, ვიდრე, ვთქვათ, სხვა ქვეყნებში. თქვენი აზრით, რა არის ის თემები, რაზეც არასდროს გაჩუმდებიან ახალგაზრდები?  

მე თვითონაც ხომ ვსწავლობდი თითქმის 13 წელი, სამ სხვადასხვა სასწავლებელშიც ვასწავლი სტუდენტებს და, შესაბამისად, ვაკვირდები ხოლმე. სამწუხაროდ, დღევანდელი სტუდენტობა, მაგალითად, 2010-იანი წლების სტუდენტობასთან შედარებით ძალიან ინდივიდუალიზებულია. ძალიან გათითოკაცებულია, ქართულად რომ ვთქვათ.

მხოლოდ პირადი განვითარების პროექტებით ინტერესდებიან და საერთო, საზოგადო ინტერესს ნაკლებად გამოხატავენ. ამიტომ გვაქვს ნაკლები სოციალური პროტესტი. არ არსებობს არც გარემოსდაცვითი სტუდენტური მოძრაობა და ასე შემდეგ.

მაგრამ არის ერთი თემა, რის გამოც სტუდენტები გამოდიან პირადი კომფორტის სივრციდან, მაგალითად, ჩემი სტუდენტები და ეს ერთი თემა უკავშირდება საქართველოს გეო-პოლიტიკურ არჩევანს. დღეს არავინ, არც ერთი სტუდენტი არ შეეგუება საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებას, პრორუსული პოლიტიკის გატარებას ამ ქვეყანაში, ევროპასთან ხიდების დაწვას. ამიტომ ეს მუხტი, წინააღმდეგობა და ბრაზი, სტუდენტებს შორის ძალიან დიდია.

ისინი აპირებენ სხვადასხვა ფორმით ბრძოლას ამ ევროპული არჩევანის დასაცავად. თემა, რომელზეც შეიძლება წარმოიქმნას სტუდენტური პროტესტის ტალღა, ერთადერთია და ეს გახლავთ ევროპის, დასავლური ინტეგრაციის საკითხი.

  • აი, ამ გათითოკაცებას, რაც თქვენ ახსენეთ, ისიც ხომ არ უწყობს ხელს, როცა სტუდენტებს ჩასჩიჩინებენ, რომ პოლიტიკა არ არის მათი საქმე, რომ უნივერსიტეტი უნდა იყოს პოლიტიკისგან დაცლილი სივრცე. რა ზიანი მიაყენა ამ პროპაგანდამ სტუდენტურ აქტივიზმს თქვენი აზრით?

როგორ შეიძლება უნივერსიტეტი არ იყოს პოლიტიზებული? ყველა დიდი დებატი, ვთქვათ, აშშ-ს პრეზიდენტებს შორის, ევროპის სხვადასხვა არჩევნების დროს დებატების უმრავლესობა უნივერსიტეტებში იმართება. ყველა დასავლურ უნივერსიტეტში მოქმედებს სხვადასხვა პოლიტიკური ტენდენცია და ჯგუფი. ასე რომ, ეს მიდგომა სრულიად გაუგებარია. უნივერსიტეტში პოლიტიკური მსჯელობა და დისკუსიები უნდა მიმდინარეობდეს.

ცხადია, პარტიულ ოფისებად ვერ აქცევ უნივერსიტეტებს, მაგრამ განხილვებისა და საჯარო დისკუსიებისთვის წესით და რიგით ღია უნდა იყოს.

ხელისუფლებაც ცდილობს უთხრას სტუდენტებს, რომ პოლიტიკა არ არის თქვენი საქმე, რომ თქვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ გაქვთ, სტუდენტებსაც აქვთ მეტ-ნაკლები არგუმენტი, რომ, ვთქვათ, პოლიტიკა საქართველოში დაბალი კულტურით ხასიათდება, მაღალია პოლიტიკური სიბინძურე, პოლიტიკური სკანდალები და ამიტომ სტუდენტებიც გაურბიან, მაგრამ ამას ხელისუფლება ხშირად ამატებს ხოლმე მათრახისა და თაფლაკვერის პრინციპს.

თაფლაკვერი არის საბიუჯეტო დაფინანსებები, რომელიც გამოიყოფა მდარე ხარისხისა და შინაარსის კლუბებისა და სტუდენტური აქტივობისთვის და აქვთ მათრახიც, რომელსაც არც მალავენ.

სტუდენტების პროტესტი თბილისში.
ფოტო: ნეტგაზეთი

მაგალითად, 2016 წელს, „აუდიტორია 115“-ის პროტესტის დროს, ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო ეგრეთ წოდებული ოდეერის ინსტიტუტის გაუქმება, რომელიც უშიშროების სამსახურის სპეციალური ოფიცრის არსებობას გულისხმობს უნივერსიტეტში. მაშინდელმა რექტორმა პაპავამ დაგვიდასტურა, რომ ასეთი საიდუმლო ინსტიტუტი მართლა არსებობდა, მაგრამ ისე წავიდა მაშინ პროცესები, რომ ეს საკითხი ბოლომდე ვერ მივიყვანეთ.

დარწმუნებული ვარ, ეს ინსტიტუცია ახლაც არსებობს ყველა უმაღლეს სასწავლებელში და ასრულებს სტუდენტური ტალღების კონტროლის ფუნქციას.

ხელისუფლება ამ ყველაფერს უმატებს დაფინანსებებს, რომ არაპოლიტიკურ, არასერიოზულ საქმიანობაში დააკავოს ეს სტუდენტური ენერგია.

  • ძალიან ხშირად, საპროტესტო აქციების ფოტოებზე, ვიდეოებზე არის ხოლმე კომენტარები – „თქვენი საქმე სწავლაა“, „ქუჩაში კი არა აუდიტორიებში უნდა იყოთ“ და ასე შემდეგ. აქვს კი ისეთ განათლებას აზრი, თუკი ქვეყანა ხვალ რუსეთში გაიღვიძებს?

რა თქმა უნდა, სწავლა მხოლოდ რაღაც ტექნიკურ და დარგობრივ ცოდნას არ გულისხმობს. უნივერსიტეტი არის სივრცე, სადაც ადამიანი გადის სოციალიზაციას, იძენს უნარებს, თვისებებს, აცნობიერებს, თუ რა ღირებულებებზეა ეს საზოგადოება დაფუძნებული. თუ უნივერსიტეტში გადიხარ ამ სოციალიზაციის პროცესს და აცნობიერებ, რომელი ღირებულებებია შენი საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ისიც უნდა შეძლო, რომ ეს ღირებულებები დაიცვა.

დაიცვა ქუჩაში პროტესტით და დაიცვა იმ ცოდნით, რომელსაც უნივერსიტეტი გაძლევს. ამიტომ ესეც სახელისუფლებო მითია, რომ თურმე მარტო იურისტი უნდა იყო და არ უნდა იყო მოქალაქე.

„დაიბრუნე ხმა“- სტუდენტების პროტესტი თბილისში.
ფოტო: ნეტგაზეთი

ჩემი პროფესიიდანაც გეტყვით, რომ სოციალური მეცნიერებებისთვის არ არსებობს იმაზე კარგი პრაქტიკა, იმაზე დიდი ლაბორატორია, ვიდრე პროტესტია. თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოხატულებას პროტესტის დროს ხედავენ ხოლმე სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლები.

და კიდევ, არასოდეს 30-40 წლის ადამიანს იმდენი დრო არ ექნება საკუთარი ღირებულებების დასაცავად, რამდენიც აქვს 18 ან 20 წლის სტუდენტს.

ეს არის პერიოდი, როცა ყველაზე მეტი ენერგია აქვთ ადამიანებს, ახალგაზრდებს და ყველაზე მეტად შეუძლიათ ქუჩაში დგომით, პროტესტით გაკეთონ თავიანთი საქმე. თუ ამ დროსაც გაჩერდი, მაშინ 30-40 წლისას უკვე კონფორმიზმი ძვალსა და რბილში იქნება გამჯდარი და მივიღებთ არა აქტიურ და კრიტიკულად განწყობა მოქალაქეს, არამედ ამა თუ იმ პოლიტიკური სისტემის ქვეშევრდომს.

  • რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებიდან მოყოლებული დღემდე, ფაქტობრივად, ორი წელია, მთელი ქვეყანა უწყვეტ საპროტესტო რეჟიმში ცხოვრობს. ახალგაზრდების რაღაც ნაწილი ალბათ გატეხა კიდეც იმედგაცრუებამ, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ მაინც გაიტანა რუსული კანონი. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს წინააღმდეგობრივი მოძრაობა, პროტესტის მიზანი რომ იყოს მიღწეული?

ერთ-ერთი ნაკლი საქართველო საპროტესტო მოძრაობებს აქვთ ის, რომ არის სპონტანური, ემოციური, ერთჯერადი და დაუგეგმავი.

პროტესტს სჭირდება ორგანიზება და ინტენსივობა. ენერგია მალე იხარჯება, ამიტომ ეს დრო უნდა გადანაწილდეს. ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ ყველა პროტესტი მარცხდებოდა.

მე მაქვს პროტესტის დაგეგმვის გამოცდილება და შემიძლია გითხრათ, რომ კარგი პროტესტის უკან დგას სულ ცოტა 40-50 კაცის დაუღალავი, რუტინული სამუშაო, რომელიც არ ჩანს.

იქ კავშირების მოძებნაა საჭირო, თამაშის წესებზე შეთანხმება, კოორდინაცია, დაგეგმვა – როდის, როგორ, რანაირად, რა ფორმით, რა მეთოდების გამოყენებით მოქმედებ. ცოდნაც არის საჭირო, რადგან მსოფლიოში პროტესტის ბევრი გამოცდილება არსებობს. ჩვენ კი ვიცით მარტო ქუჩაში გამოვარდნა და შევარდნა.

სტუდენტები ითხოვენ ხელახალ არჩევნებს, – საპროტესტო აქცია.
ფოტო: ნეტგაზეთი

დღეს უფრო იკვეთება ორგანიზებულობის ნიშნები. მიუხედავად იმისა, რომ ახლა არსებობს კოორდინაციის პრობლემა, უჭირთ ურთიერთობა პროტესტის ორგანიზატორებს ერთმანეთთან, მაგრამ წინა წლებისგან განსხვავებით, აცნობიერებენ, რომ იქ ხანგრძლივად კარვების ქალაქის შენარჩუნების რესურსი არ არის და ეს მისასალმებელია.

მისასალმებელია ისიც, როცა თქვეს, რომ ყოველდღე კი არ არის საჭირო გრანდიოზული აქციები, არამედ იქნება რამდენიმე პიკური მომენტი, ვთქვათ, პარლამენტის პირველი სხდომა, მთავრობის დამტკიცება და პრეზიდენტის არჩევა. ახლა მთავარია, ამ სამი მთავარი თარიღისთვის უკეთ მოემზადონ, ბევრი რესურსების მობილიზება შეძლონ და ერთმანეთთან მეტი კოორდინაცია ჰქონდეთ.

  • და ბოლოს, რას ეტყვით სტუდენტებს, მათ, ვინც ქუჩაში დგას ან ჯერ კიდევ არ დგას ამ ქვეყნის მომავლისა და ევროინტეგრაციის გადასარჩენად?

უნდა იბრძოლონ საქართველოს ევროპული მომავლისთვის და როცა ეს ბრძოლა გამარჯვებით დამთავრდება, არ უნდა წავიდნენ სახლში და მხოლოდ „ერაზმუსის“ პროგრამაში გამარჯვებისთვის არ უნდა იბრძოლონ.

საერთოდ, სტუდენტის ცხოვრების 50 პროცენტი უნდა შედგებოდეს სწავლით, 30 პროცენტი გართობით და 20 პროცენტი უნდა დაუთმონ სამოქალაქო აქტივიზმს. თუ ეს პროპორცია დაცული იქნება მშვიდობიანობის დროსაც, მერე აღარ დაგვჭირდება საბედისწერო პროტესტების გადატანა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: