20 ივნისს ბათუმში აქცია გაიმართება

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ 20 ივნისს ბათუმში აქციას გამართავს.

„გახსოვდეს გავრილოვის ღამე! ბოიკოტი რუსულ რეჟიმს!“ – აღნიშნულია „დაფიონის“ ანონსში.

აქცია ბათუმში ევროპის მოედანზე, საღამოს 19:00 საათზე დაიწყება.

20 ივნისს „დაფიონი“ აქციას გამართავს თბილისშიც, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ.

———————–

მოკლედ – რა მოხდა 2019 წლის 19-20 ივნისს

2019 წლის 19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი იყო, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნისს თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი.

ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის იმავე დღეებში ამბობდა, რომ დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი მანდატი დატოვა. აქციები რამდენიმე თვის მანძილზე, სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდა.

______________

ფოტოზე: თბილისში გამართული აქცია 20 ივნისის მოვლენების შემდგომ. ფოტო: ნეტგაზეთი

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 528 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230]
  • ტანკი – 7 974 ერთეული [+16]
  • ჯავშანტექნიკა – 15 307 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 13 959 ერთეული [+32]
  • MLRS – 1 104 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 853 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 187 ერთეული [+20]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 297 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 19 031 ერთეული [+40]
  • სპეცტექნიკა – 2 344 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 613 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 25 891 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 531 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 366 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 343 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 610 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 645 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რაზე შეთანხმდნენ მსოფლიო ლიდერები შვეიცარიაში გამართულ სამშვიდობო სამიტზე

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ელექტრონული არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობა

ელექტრონული არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა. ამჯერად დეზინფორმაციული განცხადებები ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ მომზადებული სიუჟეტით გავრცელდა.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას დეტალურად, აქტიურად და ამომწურავად  ავრცელებს და აცნობს ყველა ჩართულ მხარეს და საქმიანობებს მაქსიმალური გამჭვირვალობით ახორციელებს, დაინტერესებული პირები სავარაუდოდ, მიზანმიმართულად ცდილობენ დააზიანონ საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯი და ზოგადად საარჩევნო პროცესი.

ცესკო არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კოლეგიური ორგანო და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული განცხადებები თუ შეფასებები პოლიტიკურ გაერთიანებებთან აფილირების შესახებ, რომელიც  სიუჟეტში არაერთხელ გაკეთდა,   ერთადერთ მიზანს შესაძლოა ემსახურებოდეს – კომისიის დისკრედიტაციას. ზემოხსენებულ სიუჟეტში როგორც ჟურნალისტის, ასევე ცესკოს ზოგიერთი იმ წევრის მხრიდან, რომლებიც პოლიტიკური პარტიების მიერ არის დანიშნული, გაკეთდა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო განცხადებები, თითქოს ცესკო იცავს ხელისუფლების ინტერესებს, საუბნო საარჩევნო კომისიებს აკომპლექტებს სხვა ინსტიტუცია და არა ცესკო და ა.შ.  ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ჟურნალისტის, ისე ცესკოს ზოგიერთი წევრის განცხადებები აჩვენებს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების ერთადერთი ამოცანა ამომრჩევლებს შორის საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობის დათესვაა, შემდგომში სავარაუდოდ ამ უნდობლობის პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად გამოსაყენებლად. როგორც ჩანს, ცესკოს საქმიანობაზე პოლიტიკური დღის წესრიგის თავსმოხვევის შეუძლებლობის გაცნობიერების შემდეგ, აღნიშნული პირები გადავიდნენ პროცესის დისკრედიტაციის და დაზიანების დაუფარავ დღის წესრიგზე, რაც მიუღებელია საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით, ვინაიდან კომისიის წევრი არ უნდა წარმოადგენდეს დამნიშნავ პოლიტიკურ პარტიას, არამედ იგი უნდა იყოს ნეიტრალური და მიუკერძოებელი.

უნდა აღინიშნოს, რომ სიუჟეტის მომზადებისას ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი კომენტარისა თუ განმარტებისთვის არც კი დაკავშირებია ცესკოს, მიუხედავად იმისა რომ საყოველთაოდ ცნობილია საარჩევნო ადმინისტრაციის გაცხადებული პოლიტიკა – ყოველთვის ამომწურავად უპასუხოს მედიის კითხვებს. ეს გარემოებაც შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ მიზანმიმართულად გავიდა სიუჟეტი ცესკოს პოზიციისა თუ განმარტებების გარეშე.

ამასთან, გვინდა მოკლედ შევეხოთ სიუჟეტში ნახსენებ იმ ფაქტობრივ უზუსტობებს, რომელიც უშუალოდ საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს ეხება:

დეზინფორმაცია ე.წ. „კარუსელებთან“ დაკავშირებით:

რეპორტაჟის ავტორი და რესპონდენტები ცდილობენ საკითხი წარმოაჩინონ ისე, თითქოს არჩევნების დღეს შესაძლებელია ე.წ. „კარუსელების“ განხორციელება. თუმცა ამ მტკიცების პარალელურად ავტორი თავადვე აღიარებს, რომ ელექტრონული არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენის უბნიდან გატანა პრაქტიკულად შეუძლებელია.

საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ ბიულეტენზე დატანილია ე.წ. QR კოდი და კონკრეტული საარჩევნო უბნისთვის განკუთვნილ ბიულეტენს სხვა უბნის ხმის მთვლელი აპარატი არ მიიღებს. ამავდროულად, ბიულეტენზე რამდენიმე მონიშვნის შემთხვევაში, ბიულეტენი ბათილია. გარდა ამისა, ბიულეტენის ზომიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი საარჩევნო უბნიდან გატანა და ამით რამენაირად მანიპულირება.

დეზინფორმაცია ვერიფიკაციის აპარატთან დაკავშირებით:

რეპორტაჟის ავტორი და რესპონდენტები ირწმუნებიან, რომ  ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებით მანიპულაცია განხორციელდება. როგორც ერთ-ერთი პარტიის  წარმომადგენელი სიუჟეტში ამბობს: „ცესკო გვეუბნება, რომ მე ამოვბეჭდავ იმ აპარატიდან სიას და კედლის სიას დაადარეთო, ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ ჩაამატო იქ ეს სია დაამატო იქ ათი კაცი რა… თუ ინტერნეტში ჩართე ეს აპარატი უკვე დისტანციურად შეიძლება ყველაფრის გაკეთება, კოდის შეცვლა, სიის ჩამატება ანუ ნებისმიერი გადანაცვლება შეგიძლია…“

სხვა პარტიის წევრი კი ამბობს, რომ „თეორიულად შესაძლებელია, რომ პირი იყოს დუბლირებული რამდენიმე უბნის სიაში მხოლოდ თეორიულად, ერთ უბანზე თუ აპარატი მეორედ ხმის მიცემის შემთხვევაში სიგნალს გამოსცემს სხვა უბანზე გამომდინარე იქიდან, რომ იქ სხვა უბნის სიაა ამ სიგნალს არ გამოსცემს და თეორიული შანსი ამისა არსებობს“.

გარდა ამისა, რეპორტაჟში საუბარი იყო იმაზე, რომ არჩევნების დღეს ამომრჩევლის აქტივობას მმართველი პარტია და ცესკო ხედავს. მაშინ როდესაც, ამომრჩეველთა აქტივობა საჯაროა, პერიოდულად ქვეყნდება ცესკოს ვებგვერდზე და მასზე წვდომა აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

რეალურად კი, ვერიფიკაციის აპარატი ინტერნეტთან კავშირში არ არის და არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომელიც იქ ჩატვირთული სიის შეცვლას გახდის შესაძლებელს. ვერიფიკაციის აპარატის გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანია „პრო ვი ენდ ვიმ“. მათ დასკვნაში ნათლად წერია, რომ ერთი პირის სხვადასხვა უბანზე დუბლირება შეუძლებელია, ვინაიდან პირს აქვს მხოლოდ ერთი უნიკალური პირადი ნომერი და პროგრამა თეორიულადაც კი არ იძლევა პირის სხვა უბანზე ჩაწერის შესაძლებლობას.  ამას გარდა, პროცესში როგორც დამატებითი მექანიზმი, კვლაც შენარჩუნებულია მარკირების პროცედურა. ამავდროულად, გარდა იმისა, რომ საარჩევნო უბანზე ამოიბეჭდება სია და გაიკვრება ე.წ. კედლის სიის ვერსიასთან ერთად, პოლიტიკურ გაერთიანებებს ნებისმიერ დროს აქვთ კომისიიდან სიების გამოთხოვის შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ დამატებითი მექანიზმია იმისთვის, რომ მათი სურვილის შემთხვევაში, კომპლექსურად მოახდინონ სიების მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოაღნიშნული ფაქტი კარგად არის ცნობილი საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის, მათ შორის ამ რეპორტაჟში მონაწილე ცესკოს წევრებისთვის, თუმცა როგორც ჩანს საარჩევნო პროცესის სანდოობაზე მაღლა ისინი პოლიტიკურ ინტერესებს აყენებენ და რიგ შემთხვევებში თეორიებითა და ვარაუდებით ცდილობენ არასწორი აღქმების და მოლოდინების შექმნას.

დეზინფორმაცია გადასატან ყუთსა და სპეციალურ სიებთან დაკავშირებით:

სიუჟეტში ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ თუ გადასატანი ყუთის სიაში მყოფი ადამიანები მივლენ საარჩევნო უბანზე, ვერიფიკაციის აპარატი სიგნალს არ გამოსცემს. იმავეს ამტკიცებს ის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან დაკავშირებით. ამბობს, რომ  თუ კომისიის წევრი ეცდება იმ უბანზე მისცეს ხმა, სადაც რეგისტრირებულია, აპარატი ხმას არ გამოსცემს.

რეალურად და პრაქტიკიდან გამომდინარე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ძირითადად ხმას აძლევენ იმ უბანზე, სადაც ისინი ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანი მივა უბანზე, სადაც რეგისტრირებულია მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, აპარატი გამოსცემს ხმას და მიუთითებს, რომ ეს კონკრეტული პირი სპეციალურ სიაშია.  გარდა ამისა, კვლავ ძალაში რჩება მარკირების პროცედურა, რაც დაცვის კიდევ ერთი მექანიზმია.

ამასთან, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია შედგება 17 წევრისგან, მათ შორის 8 პროფესიული ნიშნით  არჩეული, 9 კი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულისგან და გადაწყვეტილებები კომისიურად მიიღება და არა ერთპიროვნულად, რაც თავის მხრივ მიუთითებს წარმომადგენლობისა და ინკლუზიურობის მაღალ დონეზე. შესაბამისად, არ არსებობს იმის თქმის  საფუძველი, რომ კომისია რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ არის, ან მიკერძოებულია. აღნიშნული წესით, ასევე 17 წევრისგან შედგება ქვემდგომი საარჩევნო კომისიებიც საარჩევნო პერიოდში, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უზრუნველყოფილია როგორც დაკვირვების, ისე უშუალოდ ჩართულობის შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიების მხრიდან. დაკვირვების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, აქვთ ასევე  ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლებსა და არჩევნებისთვის აკრედიტებულ მედიას.

შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ, მათ შორის  კომისიის ზოგიერთმა წევრმა, ხელი შეუწყოს არჩევნების მოდერნიზების ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ჯანსაღ საარჩევნო გარემოს, მათი მხრიდან დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო, პროცესის დამაზიანებელი განცხადებები ვრცელდება.

საარჩევნო ადმინისტრაცია სწორედ კანონმდებლობის სრული დაცვით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აგრძელებს მუშაობას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩევლებს მაღალ პროფესიულ დონეზე მოემსახუროს. ამასთან, ჩვენი მხრივ, ვადასტურებთ რა ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლების წინაშე, ყოველთვის მივაწვდით მათ სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. ჩართულ მხარეებს კი მოვუწოდებთ, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებით ნუ დააზიანებენ  საარჩევნო პროცესს და გარემოს.

ჯერ გაამტყუნა, შემდეგ გაამართლა – რა თქვა მოსამართლემ უსახლკაროების აქციაზე შშმ პირის დაკავებაზე

„ვინ დამიძახა სასამართლოში?“ – კითხვა შეუბრუნა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს მარტოხელა დედამ – მაგული ფუტკარაძემ, იმ შშმ პირის დედამ, რომელიც 2024 წლის 19 აპრილს, ბათუმში, უსახლკაროების აქციაზე დააკავეს.

დღეს, 17 ივნისს, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ გაამართლა შშმ პირი – ჯაბა კურცხალიძე. მანამდე კი, აპრილში, დაკავებიდან მეორე დღეს იგივე პირი – ჯაბა კურცხალიძე იმავე საქმეზე ამ მოსამართლემ სამართალდამრღვევად მიიჩნია.

აპრილში გამართულ სასამართლო სხდომას არც დაკავებული პირის მხარდამჭერი დაასწრეს და არც საიას ადვოკატი, რომელიც შშმ პირის ინტერესებს იცავდა.

სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძის გადაწყვეტილება გააბათილა. საქმე ხელახლა განსახილველად იგივე მოსამართლეს დაუბრუნეს.

„არ მიიტანეთ გადაწყვეტილება, რომ მხარდამჭერი პირი ხართ?“ – მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაინტერესდა, აცნობა თუ არა შშმ პირის დედამ სამართალდამცველებს, დაკავებული კაცი შშმ პირი რომ იყო.

„მივიტანე და ვინ შეხედა გადაწყვეტილებას? არავინ არ შეხედა… 200 კაცი იყო შეგროვებული, პოლიციასთან, კიბეებიდან გადმოგვყარეს ცხვრებივით, ასე შეიძლება?“ – შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს გახედა დაკავებული კაცის დედამ, მაგული ფუტკარაძემ.

„არც სასამართლოში არ წარმოადგინეთ?“ – მოსამართლემ იმის წარმოჩენა სცადა, რომ სასამართლოც არ იყო ინფორმირებული დაკავებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ.

„რატომ მომეცით ეს გადაწყვეტილება სასამართლომ, თუ არ არსებობს კანონები? პასუხს ვითხოვ მაგაზე“, – გაცხარდა უსახლკარო ქალი და ფეხზე წამოდგა.

პროცესზე არაფერი უთქვამს თავად დაკავებულს. ის დაკავებიდან მეორე დღესვე, 20 აპრილს გაათავისუფლეს.

უსახლკაროები ბათუმში პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციას და ხელისუფლებას პროგრამის შემუშავებას სთხოვენ, რომლის მიხედვითაც უსახლკაროდ დარჩენილ შშმ პირებს, მარტოხელა დედებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს და სხვა დაზარალებულებს საცხოვრისის მიღების, ან შესყიდვის შესაძლებლობა მიეცემა. ეს ადამიანები წლებია ნაქირავებში ცხოვრობენ და ძირითადად სოციალურ შემწეობას იღებენ. უსახლკაროების შესახებ არათუ პროგრამა, მათი საჭიროებებიც კი, ბათუმის მერიას ან აჭარის მთავრობას არ გამოუკვლევია.

19 აპრილის საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილე უსახლკაროებმა ყურადღების მისაქცევად რამდენიმე წუთით რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს. ამ დროს დააკავეს შშმ პირი ჯაბა კურცხალიძე.

ჯაბა კურცხალიძე და მაგული ფუტკარაძე საიას ადვოკატებთან, თამარ წულუკიძესთან და ირმა აბაშიძესთან ერთად

„ჩვენ მივმართავდით მანამდე რიჟვაძეს, გამოდი, დაგველაპარაკე, გამოდი, დაგველაპარაკე, მაგრამ არ მოგვაქცია არავინ ყურადღება,“ – მოსამართლეს ქუჩის გადაკეტვის ამბავი მოუყვა მარტოხელა დედამ, – „ქუჩა რომ გადავკეტეთ და პოლიციელმა ხელი მომკიდა, ჩემმა შვილმა ეს დაინახა და მაშინ მოვიდა ჩემთან, მე, დედა დამიცვა. ამ მომენტში მიახტა 6 პოლიციელი და დააკავეს. ეუბნებოდა ხალხი, თავი დაანებეთ, შშმ პირია, მაგრამ არა. რა, რეციდივისტი იყო?“ – ისევ პოლიციელს გამოხედა დაკავებულის დედამ.

„…გადაკეტეს ქუჩა, მოვუწოდებდით, რომ დამორჩილებოდნენ ჩვენს გაფრთხილებას… დაკავდა 173-ე მუხლის მიხედვით,“ – მიმართა მოსამართლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, იაგო ტაკიძემ და ის მუხლი მიუთითა, რომელიც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„ცნობილი იყო, რომ მას მხარდამჭერი ჰყავდა? საქმეში წარმოდგენილი არ გქონდათ,“ – სამართალდამცველს მიუბრუნდა მოსამართლე.

„არა, არ ვიცოდით, არავის არ განუმარტავს,“ – უხერხულობა დაეტყო შსს-ს წარმომადგენელს. ის დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საიას ადვოკატებმა ტყუილში ამხილეს.

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე და შსს-ს წარმომადგენელი, იაგო ტაკიძე

„იზოლატორშივე წარვუდგინეთ გადაწყვეტილება, ინფორმირებული იყვნენ კანცელარიაში და შიგნითაც,“ – უთხრა მოსამართლეს საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, თამარ წულუკიძემ.

„შესაძლოა, რთული ყოფილიყო ამის დადგენა, დაკავებული შშმ პირი იყო თუ არა, მაგრამ ჩვენ იზოლატორში ყოფნის დროს წარვუდგინეთ მათ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მხარდამჭერის სტატუსის მატარებელი იყო.

მეორე დღეს, შაბათს ველოდებოდით, როდის ჩაინიშნებოდა სასამართლო სხდომა. მოულოდნელად გავიგეთ, რომ გადაწყვეტილება სასამართლოში უკვე მიღებული იყო,“ – აღნიშნა თამარ წულუკიძემ.

„მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულს ოჯახის წევრები იზოლატორთან ელოდებოდნენ, დაკავებულის გადაყვანა სასამართლოში მოხდა მათი გვერდის ავლით და შედეგად, პროცესი ჩატარდა როგორც ადვოკატის, ისე მხარდამჭერის დასწრების გარეშე, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცესუალურ დარღვევას,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებაში.

ვიდრე დაკავებულს 19 აპრილს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანდნენ, „ბათუმელები“ ფეისბუკლაივშიც აშუქებდა ამ შემთხვევას: ჯაბა კურცხალიძის ახლობლებმა და საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები და უშუალოდ ჯაბა კურცხალიძის დედა უმეორებდნენ პოლიციის განყოფილების შესასვლელთან მყოფ პოლიციელებს, რომ დაკავებული შშმ პირია.

შშმ პირის იზოლატორში გადაყვანამდე „ბათუმელებმა“ შს სამინისტროს პრესცენტრსაც დაუსვა შეკითხვა: რა სამართლებრივი საფუძვლით დააკავეს აქციაზე შშმ პირი?

პოლიციელმა დუმილი არჩია და აღარც მოსამართლეს უთქვამს რამე, როცა საია-ს მეორე იურისტმა საქმისთვის თანდართულ ვიდეოჩანაწერზე გაამახვილა ყურადღება:

„დაკავების დროს გადაღებულ, უწყვეტ ვიდეოკადრში ისმის, როცა გეუბნებიან, ბიჭებო, შშმ პირია, ავად არის, არ წაიყვანოთო, ეს კარგად ისმის ჩანაწერში…ვიდეოში ასევე ჩანს, რომ ჯაბას კი არ ჰქონდა გადაკეტილი ქუჩა, არამედ ის მართლაც დედის დასაცავად გადადის ტროტუარიდან დაუახლოვდება დედას.

პრობლემაა სისტემა, რომელიც ასე იქცევა,“ – დაასრულა ადვოკატმა და მოსამართლეს მიანიშნა, რომ თუ მოსამართლეს ეს ყველაფერი მართლაც დაუმალეს: „სასამართლოსთვის დამალვა ძალიან ცუდი პრაქტიკაა, ასე არ უნდა ხდებოდეს,“ – დასძინა ირმა აბაშიძემ.

„შეწყდეს სამართალწარმოება…“, – მალევე გადაწყვიტა სხდომის დასრულება მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ.

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

აჭარის იალაღების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

რამდენიმე კვირაა მაღალმთიანი აჭარის იალაღებზე მესაქონლეები ავიდნენ, თუმცა ბევრ მათგანს ელექტროენერგია ამ დრომდე არ აქვს.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, როდის მიეწოდება ელექტროენერგია მოიალაღეებს.

„საზაფხულო იალაღების უდიდეს ნაწილს ელექტროენერგია უკვე მიეწოდება: სამსმელოს მთა, კუნჭულეთი, ნათელათი, ქვაბიჯვარი, ჩიბუხნარი, ვერნების მთა, ბოძაურის მთა, დიდი იაილა, ვერხვნალი, უჩხოს იაილა, ბეშუმის იაილა, საკამბეჩო, ლოდიძირი, ქვედა ყორანას იაილა, შქერნალი, ძველი იეილა და ხარიათაღი.

დარჩენილ მთებში აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები და უახლოეს 2 – 3 დღეში მოიალაღეებს ყველა დასახლებაში, სრული დატვირთვით მიეწოდებათ ელექტროენერგია”, – მოგვწერე ხულოს მერიის პრესსამსახურიდან.

„ბათუმელები“ რამდენიმე მოალაღეს ესაუბრა იმ ადგილებიდან, სადაც, ხულოს მერიის ცნობით, ელექტროენერგია უკვე ჩაირთო. ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ მათ ელექტროენერგია ჯერ კიდევ არ მიეწოდებათ.

„შესაძლოა იყოს შეფერხებები. დღის ბოლომდე აუცილებლად იქნება შუქი ამ იალაღებზე“ – გვითხრეს ხულოს მერიის პრესსამსახურში.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კურორტ ბეშუმის დირექტორსაც იმის დასაზუსტებლად, თუ რა მდგომარეობაა ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მხრივ ბეშუმში, თუმცა კურორტის დირექტორმა ჩვენს კითხვას არ უპასუხა.

„ამ ეტაპზე ბეშუმს და სხვა ძირითადად იალაღებს ელექტროენერგია მიეწოდება. რამდენიმე იალაღია [ელექტროენერგიის გარეშე] დარჩენილი ხიხაძირის, ვაშლოვანის და დიდაჭარის მიმართულებით. ველოდებით მომართვას მათი მხრიდან და მომართვის შემდეგ, თუ ქსელი მოგვცემს საშუალებას და ყველანაირი უსაფრთხოების ნომრები დაცული იქნება, ჩვენი მხრიდან მიწოდებული იქნება ელექტროენერგია”, – გვითხრეს კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიას პრესსამსახურში, რომელიც აჭარაში ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს.

შუახევის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ელექტროენერგია ამჟამად შუახევის ორ იალაღს, მერიაყელსა და ღომას არ მიეწოდება.

ახალი Toyota Land Cruiser Prado „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმში წარადგინა

ახალი თაობა და მეტი შესაძლებლობები – Toyota Land Cruiser Prado სერიით J250 ქართველი მომხმარებლისათვის უკვე ხელმისაწვდომია. 2024 წლის სრულად განახლებული მოდელი „თეგეტა ჰოლდინგის შვილობილმა კომპანიამ „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმში წარადგინა. 

მეტად უსაფრთხო, მრავალფეროვანი ფუნქციონალი და განახლებული ვიზუალი – ასეთია უახლესი თაობის მოდელის ძირითადი მახასიათებლები. იაპონურმა ბრენდმა სამოდელო რიგი ახალ დონეზე აიყვანა და მომხმარებელს უფრო სანდო და კომფორტული ავტომობილი შესთავაზა. 

გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი:მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მომხმარებელს, პარტნიორებსა და ღონისძიების სტუმრებს სრულიად ახალი თაობის Toyota Land Cruiser Prado-ს პრეზენტაციაზე ვუმასპინძლეთ. იაპონური ბრენდი მუდმივად აუმჯობესებს მიღწევებს და მზად არის, უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლეგენდარული Prado-ს ეს ახალი ვერსია ზუსტად წარმოაჩენს ბრენდის მთავარ ღირებულებებს – საიმედოობას, გამძლეობასა და პრაქტიკულობას. იაპონური ტრადიციების დაცვით, ტოიოტა ერთმანეთს უკავშირებს საწყისებსა და თანამედროვეობას. სწორედ ამ მიზეზით შევარჩიეთ ავტომობილის წარსადგენად უძველესი ისტორიული მნიშვნელობის გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმის ტერიტორია. ვფიქრობ, ის ზუსტად პასუხობს ღონისძიების კონცეფციას – „უკან საწყისებისკენ“, რომელსაც ტოიოტას ინჟინრებმა Toyota Land Cruiser Prado-ს ხასიათი მიუსადაგეს“. 

ისტორიული ციხის ტერიტორიაზე, საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახალი მოდელი დეტალურად დაეთვალიერებინათ და მიეღოთ ინფორმაცია Toyota Land Cruiser Prado-ს ახალი სერიის შესახებ. 

სარკეებით გაფორმებული ინსტალაციის დახმარებით კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო ავტომობილის განახლებული ვიზუალი. მუზეუმის ეზოში განთავსებული დეკორატიული ლოდები კი სიმბოლურად უსვამდა ხაზს ახალი მოდელის, როგორც „ყველგანმავალი“ ავტომობილის, შესაძლებლობებს, რომლისთვისაც გადაულახავი წინააღმდეგობა არ არსებობს.

Toyota Land Cruiser Prado J250-ის წარდგენას იაპონური ბრენდის ერთგული მომხმარებელი და „თეგეტა ჰოლდინგისა“ და მის შემადგენლობაში შემავალი, ღონისძიების მასპინძელი კომპანიის „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ პარტნიორები ესწრებოდნენ. 

პეტრე წაქაძე, Tegeta Cars-ის დირექტორი: „Toyota Land Cruiser Prado-ს ახალი თაობის მოდელის გამოსვლას დიდი ინტერესით ელოდნენ როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. პრემიერა იაპონიაში აპრილის ბოლოს შედგა, დღეს კი უკვე შესაძლებლობა გვაქვს, 2024 წლის ეს განსაკუთრებული ავტომობილი ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ. 

ჩვენმა მომხმარებელმა უკვე წლებია, იცის, რომ საერთაშორისო საავტომობილო ინდუსტრიის ყველა სიახლე და მიღწევა ჩვენს შოურუმებში ხელმისაწვდომია. ამჯერად ეს სიახლე კიდევ უფრო დახვეწილი Land Cruiser Prado-ს უახლესი მოდელია, რომლის მწარმოებელ იაპონურ ბრენდს, Toyota-ს, „თეგეტა ქარსი“ საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს“. 

გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმის ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებას 200-მდე სტუმარი ესწრებოდა. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 2024 წლის Toyota Land Cruiser Prado თავადაც გამოეცადათ. ტესტ-დრაივისათვის მარშრუტი საგანგებოდ დაიგეგმა, რომელიც გზატკეცილთან ერთად რთულად დასაძლევ მონაკვეთებსაც მოიცავდა. 

პრეზენტაცია თიბისი დაზღვევის, „ქორთიარდ მერიოტ ბათუმისა“ და „ალდაგის“ მხარდაჭერით გაიმართა. 

Toyota Land Cruiser Prado J250

„უკან საწყისებისკენ“ – ამ კონცეფციით განაახლა იაპონურმა მწარმოებელმა ლეგენდარული მოდელი, რაც, პირველ რიგში, დიზაინზე აისახება. მრგვალის ნაცვლად, ტოიოტამ ექსტერიერში საწყისი, კუთხოვანი ფორმები დააბრუნა. 

Toyota Land Cruiser Prado-ს ახალი თაობის ჩარჩო 50%-ით უფრო მტკიცე და გამძლეა, ვიდრე წინამორბედ მოდელში იყო. რაც შეეხება კონსტრუქციას, მისი სიმტკიცე, ძარასთან ერთად, 30%-ით არის გაზრდილი. 

ავტომობილის სიგრძე 4,92 მეტრია, სიგანე – 1,98 მ; ხოლო სიმაღლე – 1,87 მ. 

შასის კონსტრუქცია: დამოუკიდებელი, ორბერკეტიანი საკიდარი წინ, ხისტი, გაუჭრელი ღერძი უკან და თვლების ვერტიკალური სვლის დიაპაზონი გაზრდილი. ერთ-ერთი მთავარი სიახლეა წინა ღერძის სტაბილიზატორი, რომელიც ღერძს მაქსიმალურად მოქნილს ხდის და მოჭიდებას აუმჯობესებს. 

კლირენსი 220 მილიმეტრია. წინა განაკიდის კუთხე 30 ან 31 გრადუსს შეადგენს (კომპლექტაციის მიხედვით), უკანა განაკიდის კუთხე კი 22 გრადუსია. 

არაერთი სიახლეა ინტერიერში – მძღოლის განკარგულებაშია ციფრულ ხელსაწყოთა პანელი, ცენტრალური სენსორული ეკრანი და მომსახურების ცალკეული განყოფილება სხვადასხვა ძირეული ფუნქციისთვის. დამატებითი ოფციების სახით ხელმისაწვდომია 3-ზონიანი კლიმატკონტროლი და JBL-ის აუდიოსისტემა 14 დინამიკით.

ახალ ავტომობილს სავარძლების ორი ან სამი რიგით (5-7 მგზავრი) აქვს ცენტრალური ბლოკირება და უკანა, თვლებსშორისი დიფერენციალის ბლოკირებაც. კიდევ უფრო გაუმჯობესდა Crawl Control, ე.წ. ცოცვის რეჟიმი. 

ამ ეტაპზე Toyota Land Cruiser Prado ხელმისაწვდომია 2,8 ლიტრი მოცულობის დიზელის ტურბირებული ძრავით. 4-ცილინდრიანი (2,755 სმ3) ტურბოდიზელის სიმძლავრე 204 ცხენის ძალაა. ასევე წარმოდგენილია 2.7 ლიტრიანი ბენზინის ძრავით, რომლის სიმძლავრე 163 ცხენის ძალაა და 2.4 ტურბირებული ბენზინის ძრავა – 277 ცხენის ძალით. 

სრულიად ახალია 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 500 ნიუტონმეტრია (მიიღწევა 1600-დან 2800 ბრუნამდე დიაპაზონში) და ამგვარი კომბინაციის შედეგად, ახალი პრადოს ტვირთამწეობა 3500 კილოგრამს შეადგენს.

კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა უსაფრთხოების სისტემებიც. ავტომობილის გარშემო განთავსებული კამერების მეშვეობით ურთულეს უგზოობაზეც კი ეკრანიდან გააკონტროლებთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ან ავტომობილის ქვეშ ხდება. უსაფრთხოებას უზრუნველყოფს Toyota Safety Sense სისტემის განახლებული ფუნქციები, Toyota T-Mate-პაკეტი, საგზაო ნიშნების ამომცნობი და შეჯახებისგან დაცვის სისტემა. 

Toyota Land Cruiser Prado 70 წელზე მეტია, იწარმოება და ამ დროის განმავლობაში, მსოფლიო მასშტაბით, 10 მილიონზე მეტ გაყიდულ ავტომობილს ითვლის. 


„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები ღამის 12 საათამდე იმოძრავებენ

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, დღეიდან, 17 ივნისიდან, მუნიციპალური ტრანსპორტი დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე იმოძრავებს.

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, გრაფიკის ცვლილება [სამუშაო დროის გაზრდა] ზაფხულის სეზონს უკავშირდება.

ბათუმისთვის დამატებით 100 ახალი მიკროავტობუსი და 25 ავტობუსიც უნდა შეისყიდონ.

ვრცლად ამ თემაზე:

ბათუმისთვის 25 ავტობუსისა და 100 მიკროავტობუსის შესაძენად მთავრობამ კომისია შექმნა

გახდი სპორტის გურუ და გაემგზავრე EURO 2024-ის ფინალზე უფასოდ!

ევრო 2024-ის დაწყებასთან ერთად, აჭარაბეთ არენა სპორტის გულშემატკივრებს სთავაზობს ახალ სპორტულ თამაშს “სპორტის გურუ”.

„სპორტის გურუ“ გაძლევთ შესაძლებლობას სრულიად უფასოდ გაემგზავროთ EURO 2024-ის ფინალზე და ასევე მოიგოთ ისეთი არაჩვეულებრივი პრიზები როგორიცაა: საქართველოს ნაკრების ფორმა, PS5, და საგზური ევროპის ჩემპიონატის ფინალზე.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს სპორტის გურუს გათამაშებაში სრულიად უფასოდ, ამისათვის უნდა დარეგისტრირდეთ აჭარაბეთ არენას ვებ გვერდზე, გააკეთოთ ყოველდღიური პროგნოზები, დააგროვოთ ქულები და მოხვდეთ ლიდერბორდში.

გარდა ამისა, აჭარაბეთ არენა წარმოგიდგენთ ევრო 2024-ის ყოველი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ბათუმში დიდ ეკრანზე სრულიად უფასოდ.

აჭარაბეთ არენასთან მოწყობილია ფან ზონა, სადაც მაყურებელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სახალისო აქტივობებში და მოიგოს სხვადასხვა პრიზები

ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენებს ევროზე!

„მზის ხაზი“ ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე – გასტროლი

19 და 20 ივნისს, ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე „თეატრი ათონელზე“ წარმოადგენს სპექტაკლს – „მზის ხაზი“.

„გათენებამდე სამზარეულოში ჩარჩენილი ცოლ-ქმარი ოჯახურ კრიზისთან გამკლავებას ცდილობს. უკვე დიდი ხანია ისინი საერთო ენას ვერ პოულობენ და ურთიერთგაგების ყოველ მცდელობას კრახით ასრულებენ. რაშია პრობლემა? ვინ არის დამნაშავე? როგორ შეიძლება გადაილახოს კრიზისი? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის მისაღებად, მოკიდეთ ხელი თქვენს მეორე ნახევარს და მობრძანდით სპექტაკლის სანახავად“ – ვკითხულობთ სპექტაკლის აღწერაში, რომელსაც თეატრი ავრცელებს ფეისბუქზე.

სპექტაკლის რეჟისორია გეგა გაგნიძე, დრამატურგი – ივან ვირიპაევი. მონაწილეობენ მსახიობები: ნატალია გაბისონია და გიორგი შარვაშიძე.

სპექტაკლზე დაიშვებიან 18+ პირები.

ბილეთის ფასი 25 ლარია.

____________

ფოტო: „თეატრი ათონელზე“/facebook

ბათუმში, მანთაშევზე, ლიანდაგის ქვეშ მერია საავტომობილო გვირაბის აშენებას გეგმავს

ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე, ე.წ. მანთაშევის შლაგბაუმთან ქალაქის მერია საავტომობილო გვირაბის აშენებას გეგმავს.

„საჭიროა გზაგამტარი გვირაბის მოწყობა, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს შავშეთის ქუჩაზე გადატვირთული მოძრაობის განტვირთვა, რაც შესაძლებელია გვირაბის მშენებლობით.

საპროექტო გვირაბმა უნდა უზრუნველყოს შავშეთის, წერეთლის და მაიაკოვსკის ქუჩებისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებების უწყვეტ რეჟიმში შეუფერხებლად გადაადგილება და პირიქით, რითაც საგრძნობლად განიტვირთება, როგორც შავშეთის ქუჩა, ასევე წერეთლის, პუშკინისა და მაიაკოვსკის ქუჩები“ – წერია ბაზრის კვლევის დოკუმენტში.

აქვე აღსანიშნავია, რომ მაიაკოვსკის ქუჩის ნაწილს ქალაქის საკრებულომ სახელი გადაარქვა და მანთაშევის გადასასვლელიდან ბონის კულტურის სახლამდე მონაკვეთს არა მაიაკოვსკის, არამედ წმინდა დიაკონი სევერიანე აჭარელი აღმსარებლის სახელი ჰქვია.

შესაბამისად, საავტომობილო გვირაბი მანთაშევთან [ავტოსადგურის მიმდებარედ] წერეთლის, შავშეთისა და სევერიანე აჭარელის ქუჩების კვეთაში მოეწყობა.

ბაზრის კვლევას, მშენებლობისთვის საჭირო კვლევების, პროექტირებისა და შემდეგ სამშენებლო სამუშაოების ფასის დასადგენად, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ატარებს.

ტენდერი ერთი ხელშეკრულების ფარგლებში DesignBuild მეთოდით გამოცხადდება, რომლის პირობაც „შავშეთის, წერეთლის და მაიაკოვსკის ქუჩების გადაკვეთაში გზაგამტარი გვირაბის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა [2024-2025 წწ სახსრებით]“ იქნება.

„ამ ეტაპზე რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ საავტომობილო გვირაბი აუცილებლად გავა [მანთაშევზე] სარკინიგზო ხაზის ქვეშ. სხვა დანარჩენი, თუ როგორ დაპროექტდება გზაგამტარი გვირაბი, დამოკიდებული იქნება ბაზრის კვლევასა და ტენდერზე. შემდგომში, რა გადაწყვეტას შემოგვთავაზებს ტენდერში გამარჯვებული, იმის შესაბამისად გადაწყდება ტექნიკური საკითხები და გვირაბის მშენებლობა“ – გვითხრეს მერიის სამმართველოში.

სამმართველოს ინფორმაციით, ტენდერის გამოცხადების შემდეგ გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან გვირაბის აშენებამდე ვადა 10 თვეა გათვლილი [ანუ, ამ ვადაში შედის საკვლევ–საძიებო  სამუშაოები, პროექტირებაც და მშენებლობაც].

ბაზრის კვლევის პირობის მიხედვით, დაინტერესებულმა პირმა არაუგვიანეს 2024 წლის 21 ივნისის 18:00 საათისა მერიის სამმართველოში უნდა წარადგინოს თავისი წინადადება, მათ შორის განფასებული ცხრილი და ინფორმაცია გამოცდილების თაობაზე.

მანთაშევის გადასასვლელი ბათუმში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ტექნიკური დავალების დოკუმენტის მიხედვით, უნდა დამუშავდეს სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს [მაგრამ არ შემოიფარგლება] საკვლევ–საძიებო  სამუშაოებს; ასევე, მიმწოდებელმა გვირაბის პროექტირებისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი [სავარაუდო] პარამეტრები:

  • გვირაბის მოწყობა 50-80 მეტრი;
  • თითო ზოლის სიგანე [არანაკლები] 3,5 მეტრი;
  • სავალი ნაწილის სიგანე [არანაკლები] 7,0 მეტრი;
  • რკ.ბეტონის სარეგულაციო კედლების მოწყობა სიგრძით საშ. 160,0 გრძ.მ;
  • საძირკვლის გამაგრება შპურებისა და ხიმინჯების გამოყენებით;
  • ა/ბეტონის საფარის აღდგენა-რეაბილიტაცია საშ. 10 000,0მ2;
  • გვირაბში სანიაღვრე სისტემის მოწყობა ტუმბოების გათვალისწინებით;
  • საექსპლუატაციო და უსაფრთხოების ტროტუარი (ცალ მხარეს მაინც).
  • დრენაჟის და ჰიდროიზოლაციის მოწყობა;
  • გვირაბის ელ.განათება;
  • მოძრაობის რეგულირება [წრიული, კუნძულები, საგზაო ნიშნები, საგზაო მონიშვნა];

წერეთლის, შავშეთისა და სევერიანე აჭარელის ქუჩების კვეთა [მარჯვნივ მანთაშევის გადასასვლელი]
ტენდერში გაწერილი იქნება შემდეგი პირობები:

  • „მშენებლობის დასრულების შემდეგ საგარანტიო პერიოდი შეადგენს 60 თვეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს [შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს] 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს:
  • ნაპირსამაგრი, მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყლისა და კანალიზაციის,საავტომობილო გზების, გზატკეცილების, ქუჩების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაციის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 80 მილიონი ლარის ოდენობით;
  • უშუალოდ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში ნაპირსამაგრის მოწყობა რეაბილიტაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყლისა და კანალიზაციის,საავტომობილო გზების, გზატკეცილების, ქუჩების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია სამუშაოები 10 მილიონი ლარის ოდენობით;
  • ხელოვნური ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები არანაკლებ 20 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს შპუნტების და რკინაბეტონის ხიმინჯების მოწყობის სამუშაოებს;
  • იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ არ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მხოლოდ მის მიერ ფაქტობრივი მოცულობებით შესრულებული სამუშაოს ღირებულებას, ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.
  • აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია სამუშაოთა აუთვისებელი მოცულობებისა და სამუშაოთა სახეობების შესრულებაზე და მის გადახდაზე.
  • 2024 წელს შემსყიდველის მიერ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით ანაზღაურდება 1 000 000 ლარი; ამასთან, შემსყიდველი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება 2024 წელს დამატებითი დაფინანსების შესახებ“ და სხვა.

მშენებლობის ღირებულება ბაზრის კვლევის საფუძველზე ტენდერის გამოცხადების წინ დაზუსტდება.

მერიის სამმართველოსგან მოწოდებული რენდერის მიხედვით, რკინიგზის ლიანდაგის ქვეშ გვირაბი უშუალოდ შავშეთის ქუჩაზე მოეწყობა; გვირაბს ზემოთ კი გაკეთდება წრიული, საიდანაც ტრანსპორტის მოძრაობა დარეგულირდება შავშეთის, სევერიანე აჭარელისა და წერეთლის ქუჩებიდან და ამ ქუჩების მიმართულებით. თუმცა, სევერიანე აჭარელის ქუჩიდან მომავალი ავტომანქანა როგორ გადავა ბაქოს ქუჩაზე შავშეთის ქუჩის გავლით – ესკიზზე არ ჩანს. „ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დაზუსტდება პროექტირების დროს. ეს არის სამუშაო ვერსია“ – გვითხრეს „ბათუმელებს“ ქალაქის მერიის სამმართველოში. 

აღსანიშნავია ისიც, რომ შავშეთის ქუჩაზე [ბაგრატიონიდან-ბაქოს ქუჩამდე მონაკვეთში] სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობაც მიმდინარეობს.

„სანიაღვრე კოლექტორისა და შემდგომში გვირაბის სამშენებლო სამუშაოები ერთმანეთს ხელს არ შეუშლის“ – გვითხრეს დღეს, 17 ივნისს, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში.

გვირაბი მანთაშევის შლაგბაუმის ქვეშ / რენდერი-ესკიზი / წყარო: მერიის სამმართველო

წლების წინ მანთაშევის გადასასვლელთან საავტომობილო საცობის პრობლემის გადასაჭრელად არა გვირაბის, არამედ ხიდის მშენებლობის საკითხი განიხილებოდა, თუმცა აჭარის მთავრობაში ამ საკითხს მსვლელობა აღარ მიეცა.

ამ თემაზე:

აჭარის მთავრობა „მანთაშევის“ გადასასვლელზე

 

თურქეთის ნაკრებს გერმანიაში დიასპორის დიდი მხარდაჭერის იმედი აქვს – მედია

თურქეთი „ევრო 2024-ზე“ თურქულ-გერმანული საზოგადოებისგან დიდ მხარდაჭერას ელის – წერს თურქული გამოცემა „ჰურიეთი“. გამოცემა მიუთითებს, რომ გერმანიაში ბევრი თურქი ცხოვრობს ჯერ კიდევ ცივი ომის შემდგომი პერიოდიდან.

თურქეთის ნაკრები F ჯგუფის პირველ ორ მატჩს დორტმუნდში საქართველოსა და პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს, რასაც მოჰყვება მატჩი ჰამბურგში, ჩეხეთის წინააღმდეგ.

„ჰურიეთი“ წერს, რომ ორივე ქალაქში მრავალრიცხოვანი თურქული დიასპორაა, რაც ადგილობრივ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თურქეთი „ევრო 2024-ზე“ ფრთხილი ოპტიმიზმით გადის 2021 წლის იმედგაცრუებული თამაშის შემდეგ, სადაც გუნდმა სამივე თამაში წააგო და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.

„ძირითადი მოთამაშეები არიან მილანის „ინტერის“ კაპიტანი ჰაკან ჩალჰანოღლუ და 19 წლის ვუნდერკინდი არდა გიულერი მადრიდის „რეალიდან“ – წერს „ჰურიეთი“ და სტატიაში აღნიშნავს, რომ საქართველოს დებიუტი აქვს დიდ ტურნირზე და ნაკრებს „ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ხელმძღვანელობს, შინ პოლიტიკური არეულობის ფონზე“.

ხვალ, 18 ივნისს, საქართველოს ნაკრები თურქეთის ნაკრებთან ითამაშებს. მატჩი საღამოს 8-ზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების ცნობით, ხვალ, 18 ივნისს, 11:00 საათიდან, თურქეთი-საქართველოს მატჩის დაწყებამდე, დორტმუნდში, ვესტ პარკში საქართველოს გულშემატკივრები შეიკრიბებიან, 14:00 საათიდან კი დაიწყება მსვლელობა დორტმუნდის სტადიონისკენ, სადაც მატჩი გაიმართება.

____________

ფოტოზე: საქართველოს ნაკრები ვარჯიშზე გერმანიაში. ფოტო: საქართველოს ნაკრები/facebook

  • ამავე თემაზე: 

ბათუმში საქართველოს ნაკრების თამაშს ღია ცისქვეშ ორ ადგილას შეგიძლიათ უყუროთ

ბათუმში საქართველოს ნაკრების თამაშს ღია ცისქვეშ ორ ადგილას შეგიძლიათ უყუროთ

საქართველოს ნაკრების პირველ თამაშს ევროპის ჩემპიონატზე ხვალ, 18 ივნისს, ბათუმში, ღია სივრცეში დამონტაჟებულ მონიტორთან, სხვებთან ერთად შეგიძლიათ უყუროთ.

ბათუმის მერიის ცნობით, ლედმონიტორები ბათუმის სტადიონთან [„აჭარაბეთ არენა“] და ანბანის კოშკთანაა მოწყობილი.

ხვალ, 18 ივნისს, საქართველოს ნაკრები თურქეთის ნაკრებთან ითამაშებს. მატჩი საღამოს 8-ზე დაიწყება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის ყველა სხვა მატჩის ნახვას აქვე შეძლებთ.

ლედმონიტორები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჩემპიონატის დასრულებამდე მითითებულ ადგილებში დარჩება.

 

საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ სასამართლოში პირის იძულებით მიყვანის საკითხს ადმინისტრაციულ საქმეზე

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არსებითი განხილვა დაიწყო საქმეზე, რომელიც სასამართლოში პირის იძულებით წარმოდგენის საკითხს ეხება.

სადავოდ გამხდარი ნორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისგებაში მიცემული პირი თუ თავს არიდებს შსს-ს, ან მოსამართლით გამოძახებით გამოცხადებას, შესაძლებელია, იძულებით მიიყვანონ სასამართლოში. მოსარჩელეების ალექსანდრე კობაიძის და მირანდა შალამბერიძის პოზიციით, ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად უნდა მიიჩნიოს.

მოსარჩელეების აზრით, მიუღებელია კანონის დათქმა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას სავალდებულო წესით უნდა ესწრებოდეს პასუხისგებაში მიცემული პირი მაშინაც კი, როდესაც მას ადვოკატი წარმოადგენს.

„ადვოკატი უფლებამოსილია დამოუკიდებლად განსაზღვროს საქმის სტრატეგია, რისი შემადგენელი ნაწილი არის მათ შორის ისიც, რომ დამოუკიდებლად და საკანონმდებლო ჩარევების გარეშე გადაწყვიტოს საქმის განხილვისას მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა/მარწმუნებელმა მიიღოს მონაწილეობა თუ დამოუკიდებლად წარმოადგინოს და დაიცვას თავისი ინტერესები.

აღნიშნულში ჩარევა კი ზღუდავს ადვოკატის თვითორგანიზების უფლებას და საქმის განმხილველ ორგანოს საშუალებას აძლევს მის საქმიანობაში ჩაერიოს და დაადგინოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის იძულებით მიყვანა. ცხადია, ამგვარი ქმედება საქმის განხილვაზე გავლენას მოახდენს და დიდი ალბათობით დადებით კონტექსტში ვერ წარმოჩნდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალეული პირის ინტერესები, რაც გავლენას მოახდენს საბოლოო შედეგზე. ამდენად, კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი, რომელიც ადვოკატის თვითორგანიზების უფლებას იცავს, მიზანს ვერ მიაღწევს და პირთა ინტერესების დაცვას ვერ უზრუნველყოფს,“ – აღნიშნულია სარჩელში.

რაც შეეხება პირის იძულებით მიყვანას სასამართლოში, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ „ადამიანის ღირსების უფლება აბსოლუტური ხასიათისაა და მისი შელახვა არც ერთი უფლების დაცვის მიზნით არ დაიშვება.

ნებისმიერი ქმედება, რომელიც ადამიანის ღირსებას ხელყოფს, საქართველოს კონსტიტუციის შემლახველია. განსახილველ შემთხვევაში, პირის შინაგან საქმეთა ორგანოში იძულებით წარდგენა მისი უფლებების უპირობო დარღვევაა.

იძულებით წარდგენა მოიაზრებს, რომ პირმა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ განიცადოს ზემოქმედება. განსახილველი ზემოქმედების შედეგად, ადამიანი ღირსების შემლახავ შეგრძნებას, რაც უფრო მეტად მძაფრდება, თუ აღნიშნული ქმედება მესამე პირების თვალწინ ხორციელდება, რაც ცალსახად გარდაუვალია, რადგან შინაგან საქმეთა ორგანოში წარდგენისას აუცილებლად მოხვდება გარეშე პირთა თვალთახედვის ქვეშ, ხოლო თავად განმხილველი პირის წინაშე კი ღირსებაშელახული წარდგება.

გარდა აღნიშნულისა, როდესაც პირი ემორჩილება სახელმწიფო ინსტიტუტებს და საქმის წარმოებაში მონაწილეობას გადაწყვეტს ადვოკატის/წარმომადგენლის მეშვეობით და ამის მიუხედავად შინაგან საქმეთა ორგანოები იძულების წესით მაინც მოახდენენ მის წარდგენას, უფრო მეტად ლახავს ადამიანის ღირსებას.

პირისათვის თავისუფლების აღკვეთა ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით არის დასაშვები. შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ სასამართლოს განჩინების გარეშე პირის იძულებით წარდგენა პირდაპირ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილს [თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით],“ – ვკითხულობთ სარჩელში.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 527 390 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080]
  • ტანკი – 7 958 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 15 287 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 13 927 ერთეული [+14]
  • MLRS – 1 104 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 853 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 167 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 296 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 18 991 ერთეული [+24]
  • სპეცტექნიკა – 2 337 ერთეული [+12]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 613 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 25 867 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 529 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 359 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 343 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 569 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 634 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რაზე შეთანხმდნენ მსოფლიო ლიდერები შვეიცარიაში გამართულ სამშვიდობო სამიტზე

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ბუხარში შეყოფდა ბებია თავს და ისე ტიროდა მის ქმარს“ – მიქელაძეების ოჯახის ისტორია

„ბავშვობაში ხშირად შევსულვარ სახლში ფეხაკრეფით და მინახავს ბებიაჩემი, რომელიც ჩუმად ტიროდა. როგორც კი დაგვინახავდა ბავშვებს, ბუხარში შეყოფდა თავს და ისე აგრძელებდა მოთქმას. ერთის მხრივ არ უნდოდა მისი ცრემლები ენახა შვილიშვილებს, მეორეს მხრივ კი მეზობლებს მისი ტირილის ხმა გაეგონათ,“ – ასე იწყებს სულიკო მიქელაძე მისი დიდი ოჯახის რეპრესიების ამბის მოყოლას.

1937 წელი მიქელაძეების ოჯახისთვის დიდი უბედურების, განშორების, ტკივილის და გამქრალი ახლობლების სამუდამო ძებნის ათვლის წერტილად იქცა.

  • მუჰაჯირობა

მე-19 საუკუნის ბოლოს ხელვაჩაურში, სოფელ ზემო ჯოჭოში ცხოვრობდა კაცი, სახელად იუსუფ მიქელაძე. იუსუფს სამი შვილი ჰყავდა. მისმა შვილებმა ბავშვობაში ჯერ მუჰაჯირობა გამოცადეს, შუა ხნის ასაკში კი ორი შვილი, სულეიმან და ისმაილ მიქელაძეები, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ.

რუსეთ-ოსმალეთის ომის დასრულების შემდეგ აჭარა რუსების ხელში გადავიდა. ომის დასასრულმა აჭარაში საფუძველი დაუდო მუჰაჯირობას [მუჰაჯირი არაბული სიტყვაა. ნიშნავს „მიტოვებას, წასვლას“]. ათასობით მოქალაქე აჭარიდან – ზოგი ძალით, ზოგიც საკუთარი ნებით ადგა, დატოვა მშობლიური ადგილი და მაშინდელ ოსმალეთის იმპერიაში წავიდა.

მუჰაჯირი გახდა იუსუფ მიქელაძეც, მთელი თავისი ოჯახით. 1918 წელს, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ამ ამბავმა თურქეთში მყოფ იუსუფ მიქელაძემდეც მიაღწია.

„სამი ბიჭი ჰყავდა იუსუფს. ცნობა რომ მისვლია – საქართველოში დაბრუნება შეგიძლიაო, „დღესვე ურმები მოამზადეთო“ – უთქვამს. პატარა შვილს უთქვამს – „ერთი კვირის ნამუშევარი დამრჩა ასაღები, მოდი ერთ კვირაში წავიდეთო“.

იუსუფს უთქვამს: „დაფიცებული მქონდა, როგორც კი გავიგებდი საქართველოში დაბრუნების ამბავს, აქ ერთ ღამესაც არ გავათევდი იმის შემდეგო“. ბებიაჩემი იხსენებდა – „ავიდა ურემზე იუსუფი, გადახედა ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას, გაშალა ხელები, სიხარულისგან გული გაუსკდა და იქვე ურემზე გარდაიცვალაო“. დამარხეს შვილებმა იუსუფი, თავად ჩაალაგეს ბარგი და დაბრუნდნენ საქართველოში.

ბებია მიყვებოდა – როცა დავბრუნდით სოფელში, მეორე სართულის სიმაღლეზე იყო მსხვილი ეკალი და ჯაგნარი ეზოებშიო. მოკაფეს და დაიწყეს თავიდან ცხოვრება,“ – იხსენებს სულიკო მიქელაძე.

საქართველოში დაბრუნებიდან მალევე, ქვეყანაში საბჭოთა ოკუპაცია მოხდა.

„დამჯდარა ბაბუაჩემი, სულეიმან მიქელაძე, მის ძმებთან ერთად და დაუწყიათ ბჭობა – რა ვქნათო – დავრჩეთ საქართველოში თუ წავიდეთ ისევო. ძმებმა – სხვებმა თუ უნდა იცხოვრონ ამ ქვეყანაში, ჩვენც ვიცხოვრებთო. გახსოვთ მამაჩვენი როგორ მოკვდაო? არ გვინდა ისეო.

არც წასულან სადმე.

რაც მამულები ჰქონდათ ყველაფერი კოლექტივს ჩააბარეს. კოლმეურნეობაშიც შევიდნენ, ჩაისა და ციტრუსების პლანტაციები იყო, იქ მუშაობდნენ.

ბაბუა მცოდნე იყო ენების და მათემატიკის. მეტსახელად „ბაშკას“ ეძახდნენ თურმე, როგორც ნიჭიერს. 1921 წლიდან 1937 წლამდე მუხლჩაუხრელი მუშაობდნენ ბაბუაჩემი და მისი ძმები ახალი საქართველოსთვის, შთაგონებით, რომ ახალ ქვეყანას აშენებდნენ.

1937 წელს უღმერთო ხელისუფლებამ, კომუნისტური ხელისუფლება უღმერთო ხელისუფლება იყო, დააპატიმრა და გადაასახლა ორი ძმა სულეიმანი და ისმაილი,“ – გვიყვება სულიკო მიქელაძე ბაბუის და ბაბუის ძმის ამბავს.

  • სულეიმან და ისმაილ მიქელაძეების გადასახლება

ბაბუა სულეიმანი აუყვანიათ ბათუმში, მისი ძმა ისმაილი კი სოფელში დაუპატიმრებიათ. ყარაჩოღელივით კაცი ყოფილა ისმაილი. პოლიციის უფროსი კარგად იცნობდა თურმე და სანამ დასაპატიმრებლად მილიციას გამოუშვებდა, შემოუთვლია – მოვდივართ და თუ შეგიძლია აგვარიდე თავი და წადი სოფლიდანო.

ისმაილი გადარეულა – მე რა დანაშაული მაქვს, რომ დამიჭირონო. ბაბუამ ჩაიცვა და გაჰყვა ამ პოლიციელებს.

განა დამნაშავეს ეძებდნენ? არა კაცო, უბრალოდ იმ წყობისთვის ზედმეტი იყვნენ,“ – ამბობს სულიკო მიქელაძე.

სულიკო მიქელაძის თქმით, ბაბუას და მის ძმას ათ-ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

„ერთი თვე იყვნენ მეტეხის ციხეში, იქიდან სამგზავრო ვაგონებით გაუშვიათ კიროვის ოლქში. კიროვის ოლქში ჩასვლის შემდეგ ძმები გადაუნაწილებიათ, ბაბუას ძმა, ისმაილი გაუწესებიათ ე.წ. ფოსფორის საბადოში სამუშაოდ, სადაც ფოსფორს მოიპოვებდნენ, მეორე ძმა, სულეიმანი, ანუ ბაბუაჩემი, მაშინდელი მოლოტოვის ოლქში, ახლანდელი პერმის, გადაუყვანიათ ხე-ტყის დამამზადებელ საამქროში.

ფოსფორის საბადოში მუშაობა საშინლად მძიმე და მავნე ყოფილა. ექვსი თვე იყო თურმე მაქსიმუმი იქ ჯანსაღ ადამიანს გაეძლო. ისმაილსაც ამდენი ხანი უცოცხლია და მძიმედ დაავადებული გარდაიცვალა.

ჩემი ბაბუა ხე-ტყის დამზადებაზე მუშაობდა. ხუთჯერ მოუნაცვლეს ადგილი სხვადასხვა კოლონიაში, რომ ვერ მოეხდინა ადაპტაცია. ოფიციალური საბუთების მიხედვით, 1942 წელს გარდაიცვალა კოლონიაში“, – გვიყვება სულიკო მიქელაძე.

  • ბებია და „მავნებლის შვილები“

„ჩემი ბებია ფატი თედორაძე იყო ძალიან ჰუმანური, კარგი ქალი. ძველი აჭარული, ქართული ადათ-წესების ზედმიწევნით მცოდნე.

ჰყავდა ოთხი შვილი. როცა მისი ქმარი დააპატიმრეს, ოთხი შვილი მარტომ გაზარდა. ჩუმად დასტიროდა ბაბუას. არ უნდოდა მისი ცრემლები დაგვენახა.როცა რამეს ვეკითხებოდით, იმ მტკივნეულ წარსულზე ლაპარაკიც არ უნდოდა, რომ საფრთხე არ შეექმნა ჩვენთვის,“ – იხსენებს სულიკო მიქელაძე.

სულიკო მიქელაძის თქმით, განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ოჯახისთვის სტატუსი, რაც მამის და ბიძის დაპატიმრების შემდეგ მიიღო ოჯახმა.

„ხალხის მტრის ოჯახი“, „მავნებლის შვილები“ – გამუდმებით ესმოდათ თურმე მათი მისამართით. სულიკო მიქელაძე ორ ამბავს იხსენებს, როცა მისი ოჯახი სასტიკი საზოგადოების წინაშე მარტო დარჩა, საბჭოთა ხელისუფლების მიერ მიწებებული სტატუსით.

„როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ბაბუაჩემის ძმის სახლში იყო სამხედრო შტაბი. სოფელ ერგეში ყოფილა სამხედრო ნაწილი და შტაბი ჰქონდათ ჩვენთან, სოფელში.

ამ სახლის ეზოში იდგა უზარმაზარი მსხლის ხე. მეც მახსოვს ის მსხალი, გაშლილ ხელს ვერ შემოაწვდენდი იმხელა იყო, ტონა მსხალს მაინც ისხამდა.

მამიდაჩემი მიყვებოდა: შაქარა მსხალი იყო. ვიღაცები მოვიდნენ ამ მსხლის მოსაკრეფად, მოკრიფეს და წაიღესო. ჩვენც მივედით ბავშვები, გვინდოდა ის მსხალი მაინც აგვეღო, ძირს რაც ცვივდებოდაო. ის იყო ავიღეთ, დაგვიწყეს ყვირილი – „წადით თქვე მავნებლის შვილებო, ეს თქვენი არ არისო“.

სამხედრო შტაბში გიორგი ყოფილა ვიღაც, ქართველი ჯარისკაცი. დაუნახავს, ეს ბავშვები ატირებული რომ წამოსულან მსხლის გარეშე. „ბავშვებოო“, – დაუძახა თურმე, „ხვალ დილით ყველა გამოდით, აქ მსხალი ეყრება და წაიღეთო“. ასულა მსხლის ხეზე და თავიდან ბოლომდე დაურეკავს ხე, ერთი ცალიც არ შეატოვა თურმე მსხალს.

მეორე დღეს მისულან ეს ბავშვები, აუკრეფავთ მსხალი და წაუღიათ. ჯარისკაცი გიორგი ამისთვის დაუსჯიათ და „ჰაუბახტში“ ჩაუსვამთ. ეს რომ სოფელს გაუგია, ყველას რისი საშუალებაც ჰქონდა, საჭმელი გაუგზავნია დასჯილი ჯარისკაცისათვის“, – იხსენებს სულიკო მიქელაძე.

რეპრესირებულის შვილიშვილის თქმით, კიდევ ერთი ამბავია, რომელსაც ხშირად უყვებოდნენ სახლში.

„მაღაზიაში პურის რიგში ჩამდგარა მამიდაჩემი. იქ უთქვამთ ხალხს – კულაკის, მავნებლის შვილმაც იკადრაო რიგში დადგომა. იტირა თურმე მამიდაჩემმა და წამოვიდა იქიდან, აღარ გაჩერდა. საღამოს მაღაზიის გამყიდველს ჩუმად გამოუგზავნია ბარათი: „ნუ დადგებით პურის რიგში, თქვენი პური მე შენახული მაქვსო“.

იმ ცხონებულის გვარიც ვიცი, სახელიც, მერე ნათელ-მირონობაც დავამყარეთ იმ ოჯახთან. ყოველთვის უგზავნიდა თავის წილ პურს სახლში, ჩვენები რიგში რომ არ დამდგარიყვნენ და ხალხს არ გაელანძღა,“ – იხსენებს სულიკო მიქელაძე და დასძენს: „ასეა, ადამიანის სულიდან სიკეთის ამოძირკვა მაინც რთულია. ამას ვერავინ შეძლებს, მით უმეტეს საქართველოში“.

  • საფლავის ძიება

სულიკო მიქელაძემ ყველა ის კოლონია შემოიარა, სადაც ბაბუამისი იყო. უნდოდა საფლავი მოეძებნა.

„1998-99 წლებში ვიყავი ჩასული პერმში, მინდოდა ბაბუას საფლავი მეპოვა. ადგილობრივებმა მითხრეს – რა კარგი კაცი ხარ, 3 ათასი კილომეტრი მაგისთვის გამოგივლია. რა საფლავს ეძებო. აქ ტყეებში ყოველი მხრიდან იყო გულაგები ასეთი პატიმრებისო. საფლავს თავად ამზადებინებდნენო. აიღებდნენ ას კუბ ხე-ტყეს, ამოწვავდნენ გაყინულ მიწაში უზარმაზარ ორმოს, მუშები, რომლებიც იხოცებოდნენ, მარხილებით მიჰყავდათ ამ ორმოსთან და ყრიდნენ შიგნითო. ეს ორმო ნელა-ნელა ივსებოდაო. ამის მოსმენის შემდეგ აღარ მიძებნია საფლავი. მივხვდი, აზრი არ ჰქონდა.

ახლა როცა თანამედროვეობას ვადარებ 1937 წელს, ფაქტები და მოვლენები წარსულთან მიმართებაში მეორდება… ორივე უნდა იცოდე წარსულიდან, რომ მომავალს სწორად აუღო ალღო.

დღეს მიღებული ეს [რუსული]კანონი არის მაშინდელი რეპრესიული კანონის ზუსტი განმეორება და ასლი.

ეს კანონი არის რეპრესიული, მის თავში ჩადებულია უფრო უარესის კეთების სურვილი. ეს ანტიადამიანური კანონია, მას სახელმწიფოზე შეუძლია კატასტროფული გავლენის მოხდენა, სახელმწიფო შეიძლება ჭაობის ქვეყნად იქცეს. ჩვენ არ გვინდა ჭაობის ქვეყნად ქცევა.

მე გავიხსენე ისტორია, ჩემი ოჯახის რეპრესირებული წევრები პურს რომ ვერ ყიდულობდნენ. და თქვენ რა გგონიათ, ის ოჯახები, ვინც სხვის რეპრესიებზე ხელს ითბობდა, სადმე კი არ წასულან.

დამხვრეტელების მეოთხე თაობის ხელშია ეს ქვეყანა. [1937 წელს] დამხვრეტელთა მეოთხე თაობა იღებს კანონს და ეს მეოთხე თაობა ფლობს მთელს სიმდიდრეს ქვეყნისას. და იღებენ კანონს სხვებზე, საკუთარ თავზე კი არა. კი არ ამბობს – „სად ვნახე მილიონი, მოდი ეს იყოს გამჭვირვალე“, – ამბობს სულიკო მიქელაძე.

სტალინურ რეპრესიებზე საუბრისას, რეპრესირებულის შვილიშვილი ამბობს, რომ „სტალინის როლი იყო უდიდესი მათი ოჯახის განადგურებაში“.

„სტალინი იყო უდიდესი დამნაშავე, მისი გამართლება არაფრით არ შეიძლება,“ – ამბობს სულიკო მიქელაძე.

აჭარის მთავრობა ქონებას ვეღარ ყიდის – აუქციონები ისევ არ შედგა

აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოს 2024 წლის პირველი კვარტლის ანგარიში წარუდგინა. ამ ანგარიშის მიხედვით ბიუჯეტი არაფინანსური აქტივების კლების ნაწილში ისევ ვერ სრულდება. რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკა ჩიხშია.

არაფინანსური აქტივებიდან მიღებული შემოსავალი იგივეა, რაც სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან მიღებული შემოსავალი.

ანგარიშის მიხედვით  2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის არაფინანსური აქტივების კლების გეგმა 12 მილიონ 10 700 ათასი ლარით განსაზღვრეს. ხოლო ფაქტობრივი შესრულება შეადგენს 1  მილიონ 422 500 ლარი შეადგინა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით საანგარიშო პერიოდში მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა რიგი ქონების პრივატიზება:

„სამინისტროს მიერ განსაკარგად გათვალისწინებული ქონების პრივატიზების მიზნით გამოცხადდა აუქციონები, მათ შორის რიგ ქონებაზე არაერთგზის, რომლებიც არ შედგა განაცხადების შემოუსვლელობის გამო. საანგარიშო პერიოდში ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 20,8 ათასი ლარი, ხოლო არაწარმოებული აქტივების (მიწის)
გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 1 401,7 ათასი ლარი.“

არაფინანსური აქტივების განკარგვის ნაწილში ბიუჯეტი გასულ წელსაც ვერ შესრულდა. ამ მხრივ დაგეგმვის ნაკლოვანებებზე მიუთითებდა სახელმწიფო აუდიტიც.

აუდიტი თავის ანგარიშში წერდა, რომ აჭარის მთავრობა, განსაკუთრებით არაფინანსური აქტივებიდან მისაღებ შემოსულობებს, ბოლო წლების ტენდენციების საფუძველზე არ განსაზღვრავს. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩამორჩენა 2023 წლის ბოლოსაც დაფიქსირდა და 2022 წლის ბოლოსაც.

უფრო მეტიც აუდიტი მკაფიოდ მიუთითებდა მთავრობას არ გაბეროს ციფრები და პროგნოზი ანალიზის საფუძველზე გააკეთოს:

„საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვროს არსებული რესურსების, ბოლო წლების ტენდენციებისა და მოსალოდნელი პროგნოზების ანალიზის საფუძველზე.“

მთავრობამ ეს გაფრთხილება 2024 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას არ გაითვალისწინა. ამ მხრივ, იდენტური მდგომარეობაა ბათუმის ბიუჯეტშიც.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 ივნისის 21 საათიდან 17 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 23– 28 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +23 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 18 და 19 ივნისს მოსალოდნელია საღამოს და ღამის საათებში ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 526 310 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160]
  • ტანკი – 7 956 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 15 269 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 13 913 ერთეული [+58]
  • MLRS – 1 104 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 853 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 159 ერთეული [+11]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 296 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 18 967 ერთეული [+56]
  • სპეცტექნიკა – 2 325 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 613 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 25 855 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 529 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 352 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 341 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 547 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 613 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„ეს ჰგავს ჰიტლერის ულტიმატუმს“ — ზელენსკის პასუხი პუტინის წინადადებას

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმის მერიამ ცენტრალურ პარკში მცირე ზომის მიწის ნაკვეთები აუქციონზე გაიტანა

მერია ბათუმის ცენტრალურ პარკში მცირე ზომის ნაკვეთებს საიჯარო წესით ასხვისებს. ელექტრონული აუქციონი 13 ივნისს გამოცხადდა და 25 ივნისს უნდა დასრულდეს. პარკში მცირე ზომის ნაკვეთებს მერია ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულებებით ყოველ წელს სეზონურად ასხვისებს.

ინდივიდუალური მეწარმეები მერიასთან ხელშეკრულებებს აფორმებენ კონკრეტულ ტერიტორიაზე კომერციული საქმიანობის განხორციელების მიზნით, აქ ძირითადად ყავის, ნაყინის და ბატი-ბუტის, საბავშვო სათამაშოების, ხელნაკეთი და სხვა მსგავსი ნივთების სარეალიზაციო ობიექტებს აწყობენ.

ბათუმის მერიისა და საკრებულოს, ასევე ბულვარის ადმინისტრაციის ერთობლივი გადაწყვეტილებით,  წელს ბულვარის ადმინისტრაცია აუქციონს არ გამოაცხადებს პლაჟების გასხვისებაზე.

მერია თანახმაა, ბულვარმა ხელშეკრულებები გაუგრძელოს მოქმედ მოიჯარეებს, რომ მათ იგივე ქონებითა და პირობებით შეძლონ სარგებლობა, რაც გასულ წელს ჰქონდათ ხელშეკრულებით განსაზღვრული. ამ გადაწყვეტილებას  ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა.

გადაწყვეტილების მიზეზი გასულ წელს განვითარებული შტორმული მოვლენებია. მერიის განმარტებით, 2024 წლის 27 მაისს ბულვარის ადმინისტრაციამ  წერილით მიმართა მერიას, როგორც ქონების მესაკუთრეს და მოიჯარეების მოთხოვნის შესახებ აცნობა.

ამ თემაზე: წელს ბათუმის ბულვარი პლაჟებს აუქციონზე არ გაიტანს

 

„ბუნება კი არა დეკორაცია შემოდის“ – ინტერვიუ ბათუმის მწვანე პოლიტიკაზე

ბათუმის მერია ხშირად აქვეყნებს ინფორმაციას ახალი სკვერების მოწყობის ან არსებულის რეაბილიტაციის შესახებ, საქართველოს მთავრობამ კი ბათუმში გმირთა ხეივანი პომპეზურად, საქართველოს პრემიერის მონაწილეობით გახსნა. ამ პროექტში მთავრობამ ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დახარჯა. თითქოს ყველა კმაყოფილი უნდა იყოს, მაგრამ ასე არ არის. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მწვანე სივრცე უნდა ერქვას რეალურად მწვანე, მცენარეებით დატვირთულ სივრცეს და არა იმას, რაც მყარ საძირკველზე, ანუ ბეტონზე დგას.

„ჩაბეტონებული სკვერები“ არ მოსწონს და მერიას ამ საკითხისადმი უფრო სერიოზული დამოკიდებულების გამოჩენას ურჩევს თეონა დიასამიძე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი ბათუმში. ის ამ საკითხზე „ბათუმელებს“ ესაუბრა.

  • ქალბატონო თეონა ქალაქის მწვანე პოლიტიკა ამ დრომდე მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევს, მეორე მხრივ ბიუჯეტიდან დიდი თანხა იხარჯება ახალი სკვერების მოსაწყობად, ასევე არსებულის რეაბილიტაციისთვის, რასთან გვაქვს საქმე?

ზოგადად პრობლემა, რასაც ქალაქის გამწვანება ჰქვია, ძალიან მასშტაბური და თვალსაჩინოა. ბათუმი არის მზარდი ქალაქი, მისი მასშტაბი გაიზარდა. გაზრდასთან ერთად, სამწუხაროდ, ნაკლები ყურადღება მიენიჭა გამწვანებულ ტერიტორიებს და ზოგადად გამწვანების პოლიტიკას.

როდესაც ქალაქი ფართოვდება, მისი გაფართოება და მოსახლეობის ზრდა, უნდა იყოს აუცილებლად შესაბამისობაში სარეკრეაციო სივრცეების განვითარებასთან. ამას ახერხებს  ბევრი ქვეყანა დღეს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვერ მოვახერხეთ. სულ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ, რომ ბათუმს კიდევ ახალი რეკრეაციული სივრცე შემატა. თუ ამ სივრცეს ვნახავთ, დავინახავთ მხოლოდ დეკორატიულ გამწვანებას, დავინახავთ რომ არსად არ ჩანს ე.წ. ზრუნვის პოლიტიკა გამწვანების კუთხით, თუნდაც ამ სივრცეში.

განახლებული „გმირთა ხეივანი“
  • მერია ხშირად აქვეყნებს ინფორმაციას, რომ აწყობს ახალ სკვერებს და გამწვანებულ სივრცეებს ქალაქში

დიახ, ბოლო წლებში მერია აანონსებს ხოლმე, სკვერებისა და პარკების მშენებლობას ან რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაციას. მართლაც არის ხოლმე, სივრცეები სადაც ჩატარდა ეს სამუშაოები. არის არეალი, სადაც მოაწყვეს საბავშვო სივრცეები, მაგრამ თავისი შინაარსით ეს გამწვანება ზედაპირულია.

ეს სივრცეებიც არის მყარი მოპირკეთებით. მყარ მოპირკეთებას ეძახიან ისეთ სივრცეებს, სადაც ჭარბად არის გამოყენებული ბეტონი და არ არის ბუნებრივი ლანდშაფტი. არავის უზრუნია ამ კუთხით.

ეს ცხადყოფს არასისტემურ მიდგომას, არასისტემურ დაგეგმვას, რითაც სრულდება მწვანე სივრცეების მოწყობა დღეს ქალაქში.

პრობლემურია ამ პროცესში მოსახლეობის ჩართვაც. მერია ვერ იტყვის, ბოლო წლებში განსაკუთრებით, ასეთი სივრცეების მოწყობისას მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ. ანუ, ვერ დაასახელებს მოქალაქეთა ჩართულობას, ამ ნაწილში. სარეაბილიტაციო პროექტები და ახალი სკვერების მოწყობის პროექტებიც ამგვარი ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს. შემდეგ მოქალაქეებს არ აკმაყოფილებთ საბოლოო შედეგები.

  • ნუ ერთიანი მწვანე პოლიტიკა არ არის საკმარისი და მერიამ თითოეული უბნის საჭიროების გამოკვეთაზე უნდა იმუშაოს?

დაგეგმვის და რეაბილიტაციის პროცესში მონაწილეობა, მოსახლეობის ხედვების სურვილების გამოყენება არის წარმატებული სარეკრეაციო სივრცის წინაპირობა, ამას იყენებს ყველა ქვეყანა, ამის გარეშე შეუძლებელია. მითუმეტეს, როცა ახალი სარეკრეაციო სივრცის მოწყობაა დაგეგმილი.

ამგვარი კონსულტაციები იმართება მხოლოდ ერთეულ პირებთან, ან მცირე ჯგუფებთან, რომლებიც ვერ სწვდებიან ხშირად საკითხის არსს. ასეთ დროს საჭიროა ფოკუს ჯგუფების გამოკითხვა, სპეციალისტებთან, პარკებისა და სკვერების უშუალოდ მოსარგებლე მოსახლეობის წარმომადგენლებთან.

უცნაურია, როდესაც კონკრეტულ უბანში აწყობ რეკრეაციულ სივრცეს და არანაირ გამოკითხვას არ ატარებ, არანაირ ურთიერთობას არ ამყარებ იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან, მინიმუმ იმ ტერიტორიის მოსახლეობა არ გყავს ჩართული რეკრეაციული სივრცის მოწყობაში, ეს წარმოუდგენელია.

პირველ რიგში სწორედ ამ უბნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს რა პროცესი მიმდინარეობს და რა ტიპის სკვერი ეწყობა მათ ტერიტორიაზე. გარდა ამისა უნდა ჩატარდეს კვლევები, რომლითაც შეისწავლიან ზოგადად ამ მწვანე სივრცეებს, მათ მდგომარეობას განვითარების პოტენციალს.

  • ამ დრომდე მსგავსი კვლევები არ ჩაუტარებიათ?

მერიას წარედგინა ასეთი კვლევა, სპეციალური აღწერილობა და ინვენტარიზაცია ასეთი სკვერების და სივრცეების, რომლებსაც სჭირდებოდათ რეაბილიტაცია, აღდგენა, სტატუსის მინიჭება და ასე შემდეგ, თუმცა ეს პროცესი გარკვეულწილად უკვე შენელებულია. ამიტომ აუცილებელია, რომ შემუშავდეს მსგავსი კონცეფცია და განვითარდეს საჯარო მწვანე სივრცეები თანმიმდევრობით და პრიორიტეტებით, მოქალაქეთა ჩართულობებით. აუცილებელია რომ დამუშავდეს მიდგომები და სტანდარტები, რა ტიპის სკვერები გვჭირდება, რა ტიპის მოწყობა გვჭირდება ამ სკვერებში, გამწვანება როგორი გვჭირდება, მხოლოდ დეკორატიულია საჭირო თუ მრავალწლოვანი ნარგავები უნდა დაირგოს, რომ ქალაქზე ზრუნვის პოლიტიკა ჩანდეს.

აუცილებელია კატეგორიზაცია, რაც არ გვაქვს. ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე მუდმივად დგებოდა. განსაკუთრებით ბიუჯეტის დამტკიცების დროს. მუდმივად ვითხოვდით ორგანიზაციები, რომ გამწვანების პოლიტიკას მაღალი ყურადღება დათმობოდა.

ბათუმში ძალიან დაბალია გამწვანების კოეფიციენტი. თითოეულ მოსახლეზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია განსაზღვრავს კოეფიციენტს, ყველაზე დაბალი სტანდარტით საჭიროა 9 კვ.მეტრი ერთ მოსახლეზე, ყველაზე კარგია თუ იქნება 50 კვ.მეტრი. ბათუმში ასეთი ტიპის კვლევაც არ ჩატარებულა, თუმცა არის – 5.3. ესეც ყოველთვის მოდის ბულვარის ხარჯზე, რეალურად ქალაქში სხვა მწვანე ლანდშაფტი არ გაგვაჩნია და ზუსტი აღრიცხვაც არ გვაქვს.

  • ორ კონკრეტულ სივრცეზე მინდა გკითხოთ, რომელთა მოსაწყობადაც დიდი თანხა დაიხარჯა, ეს არის ბაგრატიონის სკვერი გზაგამყოფ ზოლზე და გმირთა ხეივანი

ზოგადად, თანამედროვე ქალაქმშენებლობა და გამწვანება ცდილობს, რომ შიდა გამწვანებული ტერიტორიები ერთმანეთს დაუკავშიროს და ბმაში იყოს რეკრეაციული სივრცეები ერთმანეთთან, ბუნებრივი ლანდშაფტი და ბიომრავალფეროვნება, მწვანე პოლიტიკა რომ შექმნან.

მწვანე პოლიტიკა, რომელსაც შეერთებულია მათ შორის საქართველოც, ამ პოლიტიკის დანერგვას და გატარებას გულისხმობს. დღეს ნებისმიერი ლანდშაფტის არქიტექტორი თუ გარემოს დამცველი ცდილობს როგორმე ბუნება შემოიყვანოს ქალაქში და დაუბრუნოს ის ადამიანებს. ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ სხვა რამეს. ბუნება კი არა დეკორაცია შემოდის ქალაქებში და ეს არ ქმნის მდგრადი გამწვანების პოლიტიკას.

ნაცვლად მრავალწლიანი ნარგავებისა ჩვენ ვხედავთ უფრო დეკორაციული მოწყობის სკვერს, ბეტონის საფარს, რომელიც დაიგება კონკრეტული სამსახურის მიერ და არანაირი მონაწილეობითი ფორმები ამ პროცესში არ ყოფილა.

  • რამდენად სწორია სკვერი ვუწოდოთ გზაგამყოფ ზოლზე არსებულ სივრცეს, რომლის ირგვლივაც ავტომანქანები ინტენსიურად მოძრაობენ?

სწორედ ამას ცხადყოფს ზემოთ დასახელებული კომპონენტები, როდესაც არ არის მოსახლეობის ჩართულობა ბუნებრივია ჩვენ იღებთ მსგავს ტერიტორიებს, რეკრეაციულ სივრცეებს, რომლებიც თავისი შინაარსით არ ქმნიან რეკრეაციულ სივრცეებს.

რაც შეეხება ბაგრატიონის ქუჩას, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო ამის მოწყობა, არაერთხელ დაგვიყენებია ეს საკითხი ჩვენ და მოქალაქეების მხრიდანაც იყო მოთხოვნა, რომ აუცილებელი იყო აქ მწვანე საფარის მოწესრიგება, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო ფართო ჯგუფისა და ექსპერტების მონაწილეობით მიღებული გადაწყვეტილება.

სწორედ იმ ხარვეზების გამო, რასაც ეს სივრცე განიცდის: ხმაურს, გამონაბოლქვს, არ არის უსაფრთხო, აქ მაღალი გამავლობის ავტომანქანები მოძრაობენ და არ იქმნება დასვენების გარემო იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის – ამის გამო ვიღებთ ასეთ გარემოს, რომ ეს კეთდება ციფრებისთვის და არა მოქალაქეებისთვის.

იმავეს ვაწყდებით გმირთა ხეივანთან დაკავშირებით. ისე დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომ მოქალაქეებს არ გვქონდა ინფორმაცია რა ტიპის განახლება მიმდინარეობდა ამ კონკრეტულ ადგილზე, რა ტიპის სამუშაოები ხორციელდებოდა, მივიღეთ სრულიად ხელოვნური დეკორაციული ადგილი, ამას გამწვანებას ვერ დავარქმევ, საერთოდ ვერ გავიგეთ რა არის და რატომ არის. ვერ გავიგეთ რატომ არის ეს ხელოვნური კალები, ვერ დავაკავშირეთ საკუთარ ქალაქთან, გაუცხოვდა ის ჩვენთვის, თუმცა არიან ადამიანები რომლებიც დიდი სიხარულით აზიარებდნენ, მაგრამ უმრავლესობას აქვს გაუცხოება. მივიღეთ ისევ და ისევ ბეტონის სივრცე.

განახლებული „გმირთა ხეივანი“

ასევე მიუღებელია ჩვენთვის, როდესაც მთავრობა ყიდის მიწის ნაკვეთებს მშენებლობის პირობით, სადაც მრავალწლიანი ხეები, შემდეგ კი ამ ხეებს ჩეხენ, რომ ადგილი გაათავისუფლონ მშენებლობისთვის.

ბიუჯეტში ახალი ნარგავების შესაძენად თანხებს ზრდიან, მაშინ როცა გვაქვს მწვანე კონცხი და სხვა შესაბამისი სამსახურები, რომ ნარგავები თავად გამოვიყვანოთ. ისევ ვიმეორებ, რომ ეს ყველაფერი არასისტემური მიდგომის და ჩართულობის არარსებობის მიზეზით ხდება.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 525 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 090]
  • ტანკი – 7 956 ერთეული [+20]
  • ჯავშანტექნიკა – 15 263 ერთეული [+29]
  • საარტილერიო სისტემა – 13 855 ერთეული [+37]
  • MLRS – 1 103 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 853 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 148 ერთეული [+51]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 293 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 18 911 ერთეული [+57]
  • სპეცტექნიკა – 2 322 ერთეული [+12]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 613 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 25 845 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 529 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 340 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 341 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 491 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 567 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„ეს ჰგავს ჰიტლერის ულტიმატუმს“ — ზელენსკის პასუხი პუტინის წინადადებას

 

„რუსები წყვეტენ ხალხს, მაგრამ დონბასის საზღვარზე ვერ გადიან“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

8 მილიონი ლარი დაიხარჯება აჭარის უმაღლესი საბჭოს შესანახად 2025 წელს 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა.

უმაღლესი საბჭოს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი 8 087 154  ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე, 2024 წლის ბიუჯეტთან შედარებით 567 854 ლარით არის გაზრდილი. აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის წელს აჭარის ბიუჯეტში 7 519 300 ლარია გათვალისწინებული.

უცვლელი რჩება უმაღლესი საბჭოს მომუშავეთა რიცხოვნობა – 117 საშტატო ერთეული.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები წელს, 2024 წლის 26 ოქტომბერს, პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდება.

აღნიშნული 8 მილიონი ლარიდან ხარჯები იქნება – 7 487 154 ლარი, არაფინანსური აქტივების ზრდა – 600 000 ლარი, ხოლო შრომის ანაზღაურება – 5 226 216  ლარი [მიმდინარე წელს იყო 4 658 400 ლარი, ანუ სამომავლოდ უმაღლეს საბჭოში მხოლოდ ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხა იზრდება].

„აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული თანხები გათვალისწინებული იქნეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში.“ – აღნიშნულია უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში.

ამავე თემაზე:

7 მილიონი თუ მილიარდი? – რამდენით დააფინანსებენ აჭარის უმაღლეს საბჭოს

შეიქმნა გურიის ეროვნული პარკი

„გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი 2024 წლის პირველი ივლისიდან ძალაში შევა.

გურიის ეროვნული პარკი იქმნება ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი ჯამში 15 310 ჰექტარია.

„ამ კანონის ძირითადი მიზნებია: უზრუნველყოს გურიის ეროვნული პარკის შექმნა; მოაწესრიგოს გურიის ეროვნული პარკის მართვისა და დაცვის, აგრეთვე ბუნებრივი რესურსების გამოყენების სამართლებრივი მექანიზმები“ – აღნიშნულია კანონში.

ამავე კანონით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს 2019 წლის 30 მაისის კანონი „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“. პონტოს მუხის აღკვეთილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზღვრებში 443 ჰექტარს მოიცავდა. ეს ტერიტორია შევა გურიის ეროვნული პარკის საზღვრებში.

„გურიის ეროვნული პარკის მთლიანი ფართობის 92% – 14 141 ჰექტარი არის ტყის ტერიტორია, დანარჩენი ფართობი კი, ძირითადად, ალპური მდელოებია.

დაცული ტერიტორიების დაარსება გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს და ამ ფონზე, უნდა აღვნიშნო, რომ ეროვნული პარკის ფარგლებში ტრადიციული საქმიანობა, სათიბი და საძოვრების გამოყენება არ იზღუდება.

ეს იქნება პირველი ეროვნული პარკი გურიის ტერიტორიაზე და, ვფიქრობ, ასეთი ეროვნული პარკის შექმნა გურიის რეგიონისთვის, რეგიონული განვითარების კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვანია.

მომდევნო წლებში დაგეგმილი გვაქვს ადმინისტრაციის მშენებლობა, ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიზიდულობის ცენტრი და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი სიკეთის მომტანი გახდება“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პარლამენტის მიერ კანონის პირველი მოსმენის დროს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, „გურიის ეროვნული პარკის დაარსება მიზნად ისახავს გურიის ტყის ლანდშაფტებში არსებული გამოწვევების, კერძოდ, ადამიანის ზემოქმედებით მიღებული ზიანის შეჩერებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემის შენარჩუნებას.

ეროვნული პარკის შექმნა ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას დაცულ ტერიტორიებზე, ადგილობრივ მოსახლეობას კი, დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს.“

ახალი კანონის მიხედვით, გურიის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე „დასაშვებია ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ქონებრივი უფლებების ან/და ვალდებულებების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაცია.

ამასთან, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება მის ამოქმედებამდე არსებულ:

  • „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე;
  • სასარგებლო წიაღისეულითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ლიცენზიის გაცემის მიზნით დაწყებულ საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე;
  • საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ ტყითსარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, ტყითსარგებლობის ვადით.“

ამავე თემაზე:

გომის მთისა და ბახმაროს ტყეებში ეროვნული პარკის დაარსება იგეგმება

გურიაში ეროვნული პარკი შეიქმნება

 

 

 

 

„ჩვენ ტვინში ჩაბეჭდილია რა მოხდება, თუ ოცნების წინაშე არასწორად მოვიქცევით“ – სოცდაუცველი

„ჩემი მოვალეობაა – ნაგვის ყუთთან ნაგავი არ უნდა ეყაროს“ – თავის საქმეს გვაცნობს მალხაზ ჭანიძე, სოციალურად დაუცველი ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოდან, რომელიც საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმდა.

40 ათას სოციალურად დაუცველს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სამუშაო გამოუძებნეს. მათი ჯამაგირი თვეში 300 ლარია. ხშირ შემთხვევაში დასაქმებულთა სამუშაოს აღწერა აჩვენებს, რომ მათი დასაქმება ფორმალურია. მაგალითად, ტანკს ქედაში, წონიარისის ცენტრში, ორი კაცი ალაგებს, სოფელ გულებში კი, ქალი ალაგებს ოთახს, რომელიც სოფლის ცენტრში მოუწყვიათ და იქ შეკრებილი ბიჭები ჯოკერს თამაშობენ.

ამჯერად ხელვაჩაურის სოფლებში ჯოჭოსა და კირნათში 4 სოციალურად დაუცველს ვესაუბრეთ. ჯოჭოში დასაქმებულმა, მაგალითად, მოგვიყვა, რომ მოსაცდელებს ალაგებს, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოფლის დიდ ნაწილში წლებია აღარ მოძრაობს.

„გამოდის, რომ ჩვენ გვიყენებს [ქართული ოცნება]“ – გვითხრა ინეზა ღოლიჯაშვილმა, რომელსაც ვკითხეთ: რამდენად სამართლიანია დასაქმების პროგრამის დასრულება საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე თვეში – 2025 წლის გაზაფხულზე?

ვესაუბრეთ ხულოში, სოფელ კვატიაში მცხოვრებ სოცდაუცველსაც, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიმართ თავისი კრიტიკული დამოკიდებულებების გამო „დასაჯეს“ და ხელშეკრულება შეუწყვიტეს იმის მიუხედავად, რომ სამუშაოს შესრულების დროს მისი ჯანმრთელობა დაზიანდა.

  • რუსების გამო ჩვენი საქართველო ფეხქვეშ უნდა გამოგვეცალოს? – სოცდაუცველის შეკითხვა „ოცნებას“ 

„ხიდთან რომ გადმოუხვევთ, იქ აწყვია ნაგვის ყუთები… 13 ნაგვის ყუთი იქნება სოფელში სულ,“ – მალხაზ ჭანიძე სახლში გვხდება და განმარტავს, რის გაკეთება უწევს ყოველ დილით.

„მუსორი“ არ უნდა ეყაროს ნაგვის ყუთთან, თუ რამე დამხვდება, მე ვყრი ნაგვის ყუთში, მანქანა მოდის კვირაში სამჯერ, ორჯერ, ან ერთხელ, მე არ მევალება ყუთების გაცლა. ვმუშაობ დილის 12 საათამდე, ხან პირველამდე, სამამდეც,“ – აღნიშნავს მალხაზ ჭანიძე.

მალხაზ ჭანიძე

ვინ ალაგებდა ნაგვის ყუთებს, ვიდრე ჯოჭოში მალხაზ ჭანიძეს დაასაქმებდნენ?

„ვინმე არ იყო, პრობლემა იყო, გაფენილი იყო ნაგავი მთლიანად,“ – ამბობს მალხაზ ჭანიძე. ის გვიდასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ და, შესაბამისად, რუსული კანონის მხარდასაჭერ აქციაზე მონაწილეობდა თბილისში.

„თქვენი სურვილი იყო, თუ გთხოვეს?“ – ვეკითხებით მას.

„მეც აქციაზე ვიყავი თბილისში. მთხოვეს ახლა, სურვილი რა, წავედი რა, მაგას რა მნიშვნელობა აქვს მინდოდა თუ არა, ჩემი სურვილი იყო,“ – მოკლედ გვიპასუხა მალხაზ ჭანიძემ. მან იძულების აქციაში მონაწილეობა გამორიცხა და დასძინა, რომ მისთვის არაფერი იცვლება, ქვეყანა რუსეთს დაუახლოვდება, თუ აშშ-ის მოკავშირედ დარჩება.

სოფელ ჯოჭოში დასაქმებული სოცდაუცველი ინეზა ღოლიჯაშვილი კი ამბობს, რომ ის არ ყოფილა „ქართული ოცნების“ აქციაზე და რუსულ კანონსაც ეწინააღმდეგება. თუმცა არ გამორიცხავს, მაინც „ქართულ ოცნებას“ დაუჭიროს მხარი. „არ გვიტოვებს სხვა გზას, იძულებული ვართ…“, – გასაუბრებას გვთანხმდება სოციალურად დაუცველი, ვიდეო კომენტარს – არა.

ინეზა ღოლიჯაშვილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს ქმართან და 5 შვილთან ერთად, მათ შორის, ერთ-ერთი შშმ პირია. ოჯახთან ერთად ცხოვრობს ინეზას დედა და მაზლიც. ინეზას ოჯახს 20 წელია წყლის პრობლემა აქვს – წყალს წყაროდან ეზიდებიან, როგორც თითქმის ყველა ოჯახი ამ სოფელში. ინეზას 9-სულიანი ოჯახი სახელმწიფოსგან დანიშნული შემწეობითა და პენსიით ირჩენს თავს.

ინეზა ღოლიჯაშვილი

„მეუღლე პუშკინის ქუჩაზე დგება, იქ ეძებს სამუშაოს თუ გამოჩნდა რამე, მე ბავშვებთან ვარ…

ჩვენ გვაქვს ტვინში ჩაბეჭდილი, რომ თუ არასწორად მოვიქცევით ამათ [„ქართული ოცნება“] წინაშე, მათ ეს არ მოსწონთ. ვიცით, შედეგი როგორი მოჰყვება ამას“ – გვიყვება ინეზა ღოლიჯაშვილი. ის საზოგადოებრივი ტრანსპორტის 4 მოსაცდელს ალაგებს, თუმცა სოფელში არც ერთი მიმართულებით „მარშუტკა“ აღარ მოძრაობს.

„მე ვხვეტავ 4 მოსაცდელს. მთავარია, ცოცხი მქონდეს და ასტამი, 5 – 10 წუთი მჭირდება, დავამთავრებ ამას ნახევარ საათში და დავბრუნდები… იქ სიგარეტის ნამწვავებია დარჩენილი და ამას ვალაგებ, ზოგჯერ დასალევს დალევენ, იმის ბოთლებია..

საზოგადოებრივი ტრანსპორტი პრობლემაა: ადრე წიფლნარშიც ადიოდა, ახლა აქამდეც აღარ ამოდიან უკვე 4 წელია.

წყალი არ გვაქვს 20 წელია, სამი წელი იყო შედარებით და დანარჩენი უწყლოდ ვართ. შევაწუხეთ გამგეობა, რამდენჯერმე განცხადება შევიტანეთ, ვიზამთ, გავაკეთებთო, მაგრამ ვიტანჯებით უწყლოდ. ხელვაჩაურის მერმა გვითხრა, რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებო, მაგრამ დრო სჭირდებაო… 2 წლის წინ გვქონდა ეს შეხვედრა,“ – ამბობს ინეზა ღოლიჯაშვილი.

ინეზა ღოლიჯაშვილის სახლი

რას ფიქრობს სოცდაუცველი იმაზე, რომ 2025 წლის გაზაფხულიდან ისევ დაუსაქმებელი იქნება?

„ხალხი ეძებს გამოსავალს, რომ არ დარჩეს მშიერი. ეს თუ წაართვი, ელემენტარულ 300 ლარზე ვსაუბრობთ, რა იქნება უკეთესი? გამოდის, რომ შენ ჩვენ გვიყენებ შენს სასიკეთოდ, ჩვენ ვართ იძულებული, ვიყოთ მაგათზე დამოკიდებული.

მე არ ვყოფილვარ „ქართული ოცნების“ აქციაზე თბილისში, ჩემთვის არც უთქვამთ. რომ ეთქვათ? – არც წავიდოდი. მე არ ვარ ვალდებული, თავისუფალი მოქალაქე ვარ, ჩემი აზრი მაქვს. სხვებს უთხრეს, ბევრს, ვიცი.

სამართლიანობა უნდა იყოს: შენ თუ მაძლევ იმის საშუალებას, რომ ვჭამო პური და მივაყოლო წყალი, ნამდვილად არ ვეთანხმები ასეთ რამეს [მხარდამჭერ აქციაზე წასვლა]. ეს არის უსამართლობა,“ – გვითხრა ინეზა ღოლიჯაშვილმა და დასძინა, რუსული კანონის წინააღმდეგი ვარო.

YouTube video player
ინეზა დაქორწინებამდე გორში ცხოვრობდა, მისი დედა კი, ეთნიკურად რუსია. რუსებზე საუბრის დროს ინეზას გაბრაზება ეტყობა:

„არ შეიძლება, ჩვენ მხარს ვუჭერდეთ რუსებს… არ ვეწინააღმდეგებით, ამავე დროს, ხელს ვუწყობთ, ასე გამოდის.

ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ხალხის აზრი და გააკეთოს სწორი დასკვნა. რუსმა როგორ მოგვექცა ჩვენ? რუსების გამო ჩვენი საქართველო ფეხქვეშ რატომ უნდა გამოგვეცალოს?“ – სოცდაუცველს ეს შეკითხვა აქვს ხელისუფლებასთან.

სოფელი ჯოჭო, ხელვაჩაური
  • შეკვეცეს 5 კაცი, ბევრი ათავდა… ახლა 10 ალაგებს გზას“ – რა ხდება კირნათში? 

„მე საბავშვო ბაღის ეზოს ვალაგებ, ბაღში 60 ბავშვია, ყოველდღე ჩავდივარ,“ – გვიყვება ხელვაჩაურის სოფელ კირნათში დასაქმებული ფატი ჯიხაძე. მისი თქმით, სხვა სოცდაუცველები ამ სოფელში გზას ალაგებენ.

„10 მუშაობს სოცდაუცველი, მგონი, შეიძლება მეტიც იყოს,“ – თავისი სახლის ჭიშკართან ვესაუბრებით დასაქმებულს.

ამდენი კაცი სჭირდება სოფლის გზის დალაგებას? – ვეკითხებით ფატი ჯიხაძეს.

„ზოგი შეკვეცეს, ხუთი, ბევრი ათავდა, მე არ მეხება ეს,“ – უხერხულობა დაეტყო ქალს.

ფატი ჯიხაძე

სოფლებში დასაქმებული სოცდაუცველების ნაწილი რომ ისევ უმუშევარი დარჩა, ეს ამ სოფლებში რამდენიმე სოცდაუცველმა დაგვიდასტურა. ისინი ასევე გზების და სკვერების დალაგებაზე მუშაობდნენ და უთხრეს, რომ რამდენიმე თვე მუშაობა უნდა შეაჩერონ. ეს ადამიანები წინასაარჩევნოდ ისევ დასაქმებას ელიან და გვითხრეს, რომ ვერ დაგველაპარაკებიან.

„ბოთლი იქნება, ჭიქა, რაც მოჰყვებათ, ალაგებენ, დანაწილებული აქვთ საიდან სადამდე, მეტრობით იციან,“ – გვიყვება ისევ ფატი ჯიხაძე. – „მე გამგებელმა დამასაქმა, დასაქმება არის და თუ გსურთ მონაწილეობის მიღებაო.

ჩემთვის არაა კარგი, რომ გაჩერდეს ეს პროგრამა, მშვენივრად ვართ აგერ სახლში, ხარჯი არ მაქვს, ჭამა არ გვინდა [სამუშაოს შესრულების დროს], ის 300 ლარი საკმარისია“, – ამბობს დასაქმებული.

ფატი გვიდასტურებს, რომ „ოცნების“ მხარდასაჭერ აქციაზე წასვლა მასაც უთხრა „სოფლის გამგებელმა“, მაგრამ „არ შემეძლო, არ წავედიო“. მასთან გასაუბრება აჩვენებს, რამდენად გრძნობს ანგარიშვალდებულებას დასაქმებული მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელმაც იგი წინასაარჩევნოდ, ბიუჯეტის ხარჯზე დაასაქმა.

„ახლა თითქმის ყველა დასაქმდა სოფელში ოჯახიდან“ – ხაზს უსვამს ამას ფატი ჯიხაძე და მომავალზე საუბარი ნაკლებად სურს, მაგალითად, რა მოხდება არჩევნების შემდეგ, როცა ეს პროგრამაც შეჩერდება, ის ამ 300 ლარს ვერ აიღებს და საქართველო შესაძლოა რუსეთის ხელში აღმოჩნდეს.

„თუ შემიძლია დავეხმარები „ოცნებას“ – გვპასუხობს ფატი ჯიხაძე, რომელმაც მანამდე გვითხრა, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორი არ ყოფილა, მაგრამ იქნება, თუ ამის საჭიროებას დაინახავენ „ოცნებაში“.

„ჩემთვის, ლამაზად ვარ,“ – მოკლედ გვპასუხობს ფატი. მას ვუხსნით, რომ ეს პროგრამა ბიუჯეტიდან ფინანსდება და არა „ქართული ოცნებიდან“.

„2 წელია ვმუშაობთ, ადრე არ ვმუშაობდით,“ – გვეუბნება ფატი ჯიხაძე და დამშვიდობებამდე ხაზს უსვამს იმას, რომ მასაც ევროპული მომავალი სურს.

„რატომ გაუქმდება უვიზო მიმოსვლა, რა ვიცი, არ გაუქმდებაო…“ – მზერას გვარიდებს ქალი.

საბავშვო ბაღი სოფელ კირნათში

„არ უნდა გამოიყენონ ადამიანის უფლებები, არ უნდა ისარგებლონ“ – „ქართული ოცნების“ კრიტიკას თავს არიდებს, თუმცა სოცდაუცველების დასაქმების პროგრამის არჩევნების დასრულების შემდეგ შეწყვეტას აპროტესტებს ნესტან შუშანიძე, კიდევ ერთი სოცდაუცველი სოფელ კირნათიდან.

ნესტან შუშანიძე საჯარო სკოლის ეზოს ალაგებს.

„ნაძვის ტოტი ჩამოვარდება იქ, ბავშვები რაღაცას მიირთმევენ იმის დასუფთავება… ჩემი ნება-სურვილით მეორე დამლაგებელსაც ვეხმარები,“ – გვიყვება ის.

ნესტან შუშანიძე

ნესტან შუშანიძისთვისაც უთქვამთ, „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ აქციაზე წამოდიო, მაგრამ არ წასულა, შვილიშვილს ველოდებოდი და ეს მიზეზი დავუსახელეო. ქალი ირწმუნება, რომ თავადაც სურდა აქციაზე წასვლა თბილისში.

„ალბათ ჩვენს მთავრობას დავეხმარებოდი… ალბათ, იმიტომ, რომ დასაქმება იყოს“, – გვპასუხობს ის.

ნესტან შუშანიძე გვიყვება, რომ მისი შვილის ოჯახი უკრაინაში ცხოვრობდა, როცა ოდესის დაბომბვა დაიწყო.

„ახლა ლტოლვილად გერმანიაში ცხოვრობს ქმართან და ორ შვილთან ერთად. ეშინოდათ, როცა ბომბები იყრებოდა. ამ ბიჭის მშობლები ოდესაში არიან ისევ, ორი თვის წინ რომ ააფეთქეს საბავშვო ბაღი და ფურნე, შემეშინდა, ერთი ფურნე მოყვარესაც ჰქონდა, მაგრამ გადარჩა…“ – გვიყვება ქალი.

საჯარო სკოლა კირნათში

კითხვაზე: რუსეთთან დაახლოებაში თუ ხედავთ პრობლემას? – სოცდაუცველი გვპასუხობს, რომ მისი ხედვით, ეს პრობლემაა.

მას დასაქმების პროგრამის არჩევნების შემდეგ დასრულებაზეც ვკითხეთ:

„არაა ეს სწორი, არ უნდა გამოიყენო ადამიანის უფლებები, არ უნდა ისარგებლო, პირიქით. ხელი უნდა შეუწყო მოსახლეობას, რომ მხარში დაგიდგეს, მეტი საშუალება უნდა მისცე, რომ იცხოვროს ადამიანმა, ხალხი „მუსორში“ იქექება…

ჩვენ საქართველოს არ უნდა უჭირდეს ასე,“ – ასრულებს ნესტან შუშანიძე.

კირნათის თემი [სოფელი მარადიდი], ხელვაჩაური
  • სოცდაუცველი, რომელიც სამსახურიდან გაუშვეს: „კრიტიკული მოსაზრებების გამო დამსაჯეს“

„კრიტიკული მოსაზრებების გამო დამსაჯეს, პრობლემებზე თვალს არ ვხუჭავ,“ – გვიყვება ხულოში, სოფელ კვატიაში მცხოვრები შადიმან ხოზრევანიძე. მას 2024 წლის იანვრიდან შეუწყვიტეს ხელშეკრულება და 300-ლარიანი დასაქმების პროგრამიდან ამორიცხეს.

კრიტიკული ხედვების გამო სოცდაუცველის შესაძლო დევნის გარდა შადიმან ხოზრევანიძის შემთხვევა აჩვენებს როგორ იქცევა ხელისუფლება, როცა სახელმწიფო პროგრამით დასაქმებული ადამიანის ჯანმრთელობა ზიანდება, სახელმწიფო კი, მას დაცვის ნაცვლად სამსახურიდან ათავისუფლებს.

შადიმან ხოზრევანიძის ოჯახი შემწეობას იღებს. მის შესახებ „ბათუმელები“ 2022 წელს წერდა – მოქალაქემ, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა, კვლევების დაფინანსების მოთხოვნით, აჭარის მთავრობის სახლთან შიმშილობა დაიწყო.

მოქალაქე გვიყვება, რომ ამ საპროტესტო აქციის შემდეგ მას აჭარის მთავრობიდან დახმარებას დაჰპირდნენ.

შადიმან ხოზრევანიძე

„მაშინ გადმოსცეს რაიონს, რომ ჩემი დაკმაყოფილება უნდა მომხდარიყო, უნდა გაუმჯობესებულიყო ჩემი ეკონომიკური მდგომარეობა. 2023 წლის იანვარში შემომთავაზეს ეს: სოციალური დასაქმება 300 ლარად, ასევე 100-ლარიანი საკვები პროდუქტის ვაუჩერი და ტანსაცმელი ბავშვებისთვის.

დასაქმებამდე ვესაუბრე ხულოს მერს, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ძვალსახსროვანი და კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები მაწუხებს. დამპირდნენ, რომ ისეთ სამუშაოს შემირჩევდნენ, რასაც შევძლებდი.

ეს პირობა შესრულდა: ჩემი მოვალეობა იყო სოფელში ნაგვის ყუთების დალაგება, იქვე თუ ვინმე ნაგავს დაყრიდა, ის უნდა ჩამეყარა ყუთში,“ – ამბობს სოცდაუცველი და განმარტავს, რომ სამუშაო პირობებზე ის კონკრეტულად ხულოს მერიის წარმომადგენელს სხალთის თემში – რაულ მახარაძეს შეუთანხმდა. ამ თემში შედის სოფელი კვატიაც.

2023 წლის აპრილში პროგრამის ფარგლებში დასაქმებულს ხულოს მერიის წარმომადგენელმა სოფელ კვატიაში – რუსლან ხოზრევანიძემ სხვა საქმის გაკეთება მოსთხოვა:

„…მომთხოვა სოფლის შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც არის 6 კილომეტრზე მეტი და ჯერ ტრაქტორითაც არ იყო გაწმენდილი. იცოდა, რომ 6 კილომეტრს ფეხითაც ვერ გავივლიდი, სამუშაოს შესრულებაზე ზედმეტია ლაპარაკი.

2023 წლის აპრილში სოფლის მეურნეობის პროგრამით გათვალისწინებული ნაკვეთების დახვნის დროს ასევე მე დამავალეს ზედამხედველობა ტრაქტორზე და თუ მის დავალებებს არ შევასრულებდი, ჩამომაჭრიდა თანხას, ან საერთოდ შემიწყვეტდა დასაქმების პროგრამას, რაზეც იძულებით დავთანხმდი,“ – ამბობს შადიმან ხოზრევანიძე. იგი აღწერს, რომ ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის დახვნის დროს ტრაქტორი ღობეზე გადებულ ხეს გამოედო და მას მოხვდა:

„ვეღარ მოვასწარი გვერდზე გაწევა და მომხვდა თავში. ხის მოხვედრის შემდეგ იქვე მდგომი მეზობელს რომ არ დავეჭირე, პირდაპირ ტრაქტორის სახნავ მექანიზმში ვვარდებოდი, სასწრაფოთი გადამიყვანეს რაიონის საავადმყოფოში,“ – გვიამბო შადიმან ხოზრევანიძემ. მოქალაქის თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მას თავბრუსხვევა შემორჩა, აქვს თავის ტკივილი და მხედველობის პრობლემა.

შადიმან ხოზრევანიძემ გვაჩვენა 2024 წლის თებერვალში ექიმი-ნევროლოგის მიერ გაცემული დასკვნაც, რომლის მიხედვითაც მას აქვს „ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა“.

„შემეძლო გამეკეთებია იგივე საქმე, რაზეც თავდაპირველად შევთანხმდით – ნაგვის ყუთის დალაგება, მაგრამ მითხრეს, გაუქმდა თქვენი შტატიო. ეს იყო შურისძიება იმის გამო, რომ სოფლის პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიმქონდა ჟურნალისტებამდე, მთავრობამდე,“ – გვითხრა შადიმან ხოზრევანიძემ.

მისივე თქმით, სამუშაოს შესრულების დროს მიღებული ტრავმა არსად დაფიქსირებულა, თუმცა ამ შემთხვევას ხულოს მერიის წარმომადგენელიც ადასტურებს სოფელ კვატიაში – რუსლან ხოზრევანიძესთან გასაუბრება აჩვენებს, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ „სოფლის თავკაცს“ სოციალურად დასაქმებულებზე.

„იმ ტრავმის მერე დიდი ხანი მუშაობდა. შემდეგ თავად განაცხადა უარი სამუშაოს შესრულებაზე. ტრავმა მოხდა, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი ბრალი, თვითონ მივიდა მძიმე ტექნიკასთან ახლოს, ეს მოხდა პროცესში.

მერე საერთოდ აღარ გამოვიდა სამუშაოზე, არ იკადრა მუშაობა,“ – გვითხრა რუსლან ხოზრევანიძემ.

რა ფორმით დაფიქსირდა ის, რომ სამუშაოს შესრულების დროს დასაქმებულის ჯანმრთელობას ზიანი მიადგა? – ხულოს მერიის წარმომადგენელი სოფელ კვატიაში გვპასუხობს, რომ „ეს არანაირი ფორმით არ მომხდარა“, რადგან დასაქმებულს ჯანმრთელობის დაზიანებაზე პრეტენზია არ გამოუხატავს.

რუსლან ხოზრევანიძის მტკიცებით, შადიმან ხოზრევანიძე თავიდანვე სოფლის გზების მოვლა-პატრონობის კუთხით იყო დასაქმებული. ეს პირობები წესით ხელშეკრულებაში უნდა იყოს გაწერილი. შადიმან ხოზრევანიძე ამბობს, რომ დასაქმების დროს მას გარკვეულ დოკუმენტზე ხელი მოაწერინეს, თუმცა დაზუსტებით არ იცის, ეს ხელშეკრულება იყო თუ არა.

„რამდენჯერმე მოვითხოვე ხელშეკრულება, მითხრეს, გამგებელს გამოვატანთო, დამალეს ფაქტობრივად, არ მომცეს,“ – ამბობს შადიმან ხოზრევანიძე.

ეს მნიშვნელოვანი დეტალია – „ბათუმელები“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დღემდე არაერთ სოცდაუცველს ესაუბრა. თითოეულ მათგანს ჩვენ ვკითხეთ ხელშეკრულების შესახებ – დასაქმებულების თქმით, მათ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ფილიალში მოაწერინეს ხელი, თუმცა ხელშეკრულება მათთვის არ გადაუციათ, რაც კანონით სავალდებულოა.

დასაქმებულების თქმით, მათ სამუშაოს ძირითადად „სოფლის თავკაცი“ განსაზღვრავს და მის მითითებებს ასრულებენ.

„არ ისურვა ალბათ [ხელშეკრულება], თორემ მივცემდით, რა პრობლემა იყო? ჩვენ ხომ ძალით ვერ მივცემთ ხელშეკრულებას? არავინ არ დევნის მაგას, თვითონ არ ისურვა სამუშაოზე გამოსვლა,“ – უთხრა ხულოს მერიის წარმომადგენელმა, რუსლან ხოზრევანიძემ „ბათუმელებს“ და დევნაზე საუბრის დროს ხაზი გაუსვა ამ სოცდაუცველის კომუნიკაციას ჟურნალისტებთან:

„ყველაფერზე თქვენ გაწუხებთ, როგორც ვხდები… არ ვიცი, რით ვერ ლაგდება“.

რუსლან ხოზრევანიძეს ვთხოვეთ შადიმან ხოზრევანიძესთან გაფორმებული ხელშეკრულება ეჩვენებინა. ის ამ დოკუმენტის გაცნობას დაგვპირდა, როცა სამსახურში იქნება და ხელშეკრულებას იპოვის.

ხელისუფლებისგან დასჯილ მოქალაქეს კი, გზავნილი აქვს რუსულ კანონზეც:

„ვერ ვხდები, როგორ არ უნდა გქონდეს ამაზე პოზიცია, თუ ადამიანი ფიქრობს საერთოდ საკუთარ მომავალზე და ქვეყანაზე? ეს კანონი ძალიან მძიმედ აისახება ევროპულ მომავალზე, დაანგრევს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლებას, მომავალი თაობის ცხოვრებას. ეს კანონი აახლოებს ქვეყანას დიქტატურასთან,“ – თქვა შადიმან ხოზრევანიძემ „ბათუმელებთან“.

  • რამდენი ადამიანი დაასაქმა წინასაარჩევნოდ „ოცნებამ“? 

2023 წლის მსგავსად, არც 2024 წელს მოაწოდა ხელისუფლებამ „ბათუმელებს“ საჯარო ინფორმაცია: რამდენი სოციალურად დაუცველი ადამიანი დასაქმდა, რა პირობებით, რა ვადით და რა თანხა დაიხარჯა ამისთვის ბიუჯეტიდან?

2024 წლის თებერვალში გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოგვწერეს, რომ კითხვებს დასაქმების სააგენტომ უნდა უპასუხოს. დასაქმების სააგენტოდან კი, არც საჯარო ინფორმაცია მოგვაწოდეს და არც კომენტარს დაგვთანხმდნენ.

საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა კანონის დარღვევაა.

დასაქმების სააგენტოს მიერ მომზადებული საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით კი, 2023 წელს საქართველოში 39 999 სოციალურად დაუცველი ადამიანი დასაქმდა საზოგადოებრივ სამუშაოზე.

  • „გარკვეული მზადებაა, შემდეგ უკვე არჩევნებისთვის გამოიყენებენ ამ რესურსს“ – იურისტი

„პირველი ნიშნებით უკვე ჩანს, რომ გარკვეული მზადებაა, შემდეგ უკვე არჩევნებისთვის გამოიყენებენ ამ რესურსს,“ – იურისტი ირმა პავლიაშვილი ყურადღებას ამახვილებს, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს ამომრჩევლის იძულებასთან, ჩაერთოს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისთვის სასარგებლო მოქმედებებში, ასევე იკვეთება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკები.

ირმა პავლიაშვილი საია-ს საარჩევნო პროექტების ყოფილი მენეჯერი და სამოქალაქო ორგანიზაციის „ღია სივრცე – კავკასიის“ თავმჯდომარეა.

ირმა პავლიაშვილი

„შეგვიძლია 2 მიმართულებით ვიფიქროთ: ერთია ძალადობრივი მოქმედებები, რაზეც მოქალაქეები საუბრობენ, რომ იძულებული არიან ჩაერთონ აქციებში, ან წავიდნენ შესაბამის ღონისძიებებში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ ნებას აკონტროლებენ.

მეორეა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკი.

საარჩევნო პერიოდში ჯერ არ შევსულვართ – ორი თვით ადრე იწყება წინასაარჩევნო პერიოდი და დარღვევებზე მას შემდეგ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ, თუმცა ტენდენციის სახით იკვეთება, რომ ერთიანი, სისტემური მექანიზმი მუშაობს, რომელიც სავარაუდოდ იმგვარად იქნება ორიენტირებული, რომ იგი მმართველი პოლიტიკური პარტიის სასარგებლო ადმინისტრაციულ რესურსად იქცეს.

ჩვენ ვიცით წინა შემთხვევებიდან, რომ საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული პირები, საჯარო მოხელეები არაერთხელ ჩართულან მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაცია-კამპანიაში, მაგალითად, მასწავლებლებს აიძულებდნენ, რომ აქციებს დასწრებოდნენ, ან სამუშაო საათების შემდეგ კონკრეტული კანდიდატების შეხვედრებში მიეღოთ მონაწილეობა და ასე შემდეგ.

წინასაარჩევნო პერიოდი ეძღვნება სწორედ იმას, რომ ამომრჩევლის ნების ფორმირება მოხდეს, რათა შემდეგ ამომრჩეველმა თავისი ნება გამოხატოს ბიულეტენში, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში ნების ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია ნების თავისუფალ და სამართლიან, კონკურენტულ გარემოში ჩამოყალიბება,“ – განმარტავს ირმა პავლიაშვილი.

ირმა პავლიაშვილის ორგანიზაცია, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციები სოცდაუცველების წინასაარჩევნოდ დასაქმების პროგრამის დეტალებს იკვლევენ. იურისტს ვეკითხებით, ხომ არ არის 2 თვე მცირე დრო იმისთვის, რომ საარჩევნო დარღვევების დაფიქსირება და შესაბამისი რეაგირება მოხდეს?

„იყო პერიოდი, როცა 4 თვე ჩაითვალა წინასაარჩევნო პერიოდად, რომ მსგავსი სიკეთე დაცულიყო. შემდეგ, საარჩევნო ცვლილების დროს განისაზღვრა ზუსტად 60 დღე,“ – აღნიშნა ირმა პავლიაშვილმა და ხაზი გაუსვა წინა გამოცდილებასაც, როცა გავრცელდა ინფორმაცია სოცდაუცველების შემწეობის შეწყვეტით დაშინებაზე, თუ ისინი მმართველ პარტიას ხმას არ მისცემდნენ.

„წინა გამოცდილება გვაფიქრებინებს, რომ საარჩევნო მიზნებისთვის ხდება ამ რესურსის მომზადება და შემდეგ უკვე მისი გამოყენება… შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს ამ ადამიანების უფლებების დაცვა. იგივე კოპენჰაგენის დოკუმენტი გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო და პარტიული საქმიანობა გამიჯნული უნდა იყოს ერთმანეთისგან, აღრევა არ უნდა მოხდეს, რომ ადმინისტრაციული სიკეთე პარტიამ სათავისოდ არ გამოიყენოს,“ – გვითხრა ირმა პავლიაშვილმა.

უკანონო აგიტაცია, ასევე ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის იძულებით ჩართვა სააგიტაციო საქმიანობაში, დადასტურების შემთხვევაში, საარჩევნო პერიოდში ჯარიმებს ითვალისწინებს.

 

YouTube video player

 

 

„რუსები წყვეტენ ხალხს, მაგრამ დონბასის საზღვარზე ვერ გადიან“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„მას შემდეგ, რაც გამოჩნდება F16-ები, და ეს ალბათ იქნება ივლისის დასაწყისში, უნდა შეიცვალოს გარკვეულწილად საჰაერო ვითარება. შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ, რა შეიძლება დააპიროს უკრაინამ,“ – უკრაინაში დასავლეთიდან დაპირებული სამხედრო ტექნიკის გამოჩენას ელოდება გადამდგარი გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, 2025 წლის გაზაფხულისთვის რუსებს აღჭურვილობის კრიზისი შეექმნება, თუმცა გამორიცხული არაა, ვითარება მანამდეც შეიცვალოს.

„რუსები ვერ მიდიან წინ, ისინი ინარჩუნებენ აქტიურობას, მაგრამ ეს აქტიურობა ალბათ უფრო არის ზემდგომებისთვის საჩვენებლად,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალი და დასძენს:

„ჰაიმარსები“ უკვე საკმარისი რაოდენობით აქვს უკრაინას. ეს აძლევს უკრაინელებს საშუალებას, იგივე ვოლჩანსკის მიმართულებაზე, ზურგში დაარტყან მოწინააღმდეგეს. ამიტომაცაა, რომ ხარკოვის მიმართულებაზე ფაქტობრივად რუსები შეჩერებული არიან – ჩიხში შევიდა აქ რუსეთის შეტევა,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, „პატრიოტის“ მესამე სისტემას გადასაცემს გერმანია უკრაინას. კიდევ რა გაირკვა უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე, რომელიც ბერლინში ჩატარდა?

მაგალითად, ნიდერლანდები მზადაა, რომ უკრაინას გადასცეს „პატრიოტების“ რაკეტების წარმოების კვანძები. ნიდერლანდები თავის წილს გადასცემს უკრაინას და მოუწოდებს სხვა ქვეყნებსაც, იგივე გააკეთონ.

ნიდერლანდები და გერმანელები შეთანხმებული არიან, რომ „პატრიოტების“ რაკეტები ერთობლივად აწარმოონ უშუალოდ გერმანიაში. რაღაც ნაწილს დაიტოვებენ, ევროპასაც სჭირდება ეს, რომ დაცული იყოს.

  • რაოდენობა არ დაუკონკრეტებია, თუმც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ზელენსკის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას დაჰპირდა. 7 ერთეული „პატრიოტი“ გვჭირდებაო, მანამდე თქვა ზელენსკიმ. რას აჩვენებს თქვენთვის გზავნილები სამიტიდან? 

G 7-ის სამიტი აჩვენებს, რომ ისინი აქტიურად მხარს უჭერენ უკრაინას. გადაწყვეტილება მიღებულია, რომ რუსული აქტივებიდანაც დაეხმარონ უკრაინას: რუსეთს თავისივე განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა საკუთარი ფულით მოუწევს.

უკრაინას სჭირდება„პატრიოტები“ და არ აქვს საკმარისი რაოდენობით. მაგალითად, წინა ღამეს უკრაინელებმა ჩამოაგდეს 10-დან 7 ფრთოსანი რაკეტა X 101 – 155 და 17 დარტყმითი, უპილოტო აპარატი „შაჰიდი”131/136,  თუმცა პრობლემა აქვთ ბალისტიკურ რაკეტებზე – 4 „ისკანდერი“ გაეპარათ, ერთი „კინჟალი“ ჩამოაგდეს. რუსებმა იციან სად არის „პატრიოტი“ და დარჩენილ ღრიჭოებში ახერხებენ ამ რაკეტების გაშვებას.

ამიტომაც, უკრაინას სჭირდება შეავსოს ეს საჰაერო სივრცე, რომ ბალისტიკური რაკეტებისგან იყოს დაცული. „პატრიოტს“ კი ორი რაკეტა აქვს: სპეციალურად ბალისტიკური მიზნებისთვის და საჰაერო მიზნებისთვის.

  • ბაიდენმა როცა ილაპარაკა სამიტის ფარგლებში საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის გადაცემაზე, მოიაზრება „პატრიოტები“? 

ძირითადად „პატრიოტზეა“ საუბარი. უკრაინელებს აქვთ საშუალო და ახლო მანძილის საშუალებები. უკრაინამ მიიღო „სტინგერები“ საკმაოდ დიდი რაოდენობით. აღსანიშნავია, რომ მათი ეფექტიანობა გაზარდეს – გარკვეული ნაწილი გადაინაწილეს სპეცდანიშნულების ძალებმა, რომლებიც ახერხებენ ჩაუსაფრდნენ მფრინავ საშუალებას, რომლებიც ამოცანას ასრულებენ და უკან ბრუნდებიან და ამ დროს გაანადგურონ.

სავარაუდოდ, ეს 10-წლიანი სტრატეგიული შეთანხმება, რაც გაფორმდა უკრაინას და აშშ-ის შორის უსაფრთხოების სფეროში, მოიცავს კონკრეტიკასაც. როგორც წესი, ეს ჩარჩო დოკუმენტია და შემდეგ იქნება ხელშეკრულებები, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტული თარიღები და გეგმა, რას და როდის მიაწვდიან უკრაინას.

  • რა ხდება ამ ეტაპზე ფრონტის ხაზზე? უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის თქმით, მოწინააღმდეგე ჩარჩენილია ვოლჩანსკში, მიუხედავად ძალებისა და საშუალებებისა, რომელსაც მუდმივად ავსებს სხვა მიმართულებების დანაყოფებიდან.

უკრაინელებმა მიიღეს საკმაოდ დიდი რაოდენობით ტრანშე და საარტილერიო საშუალებები. თვითონ უკრაინელები იძახიან, ამდენი ჭურვი ერთად, რაც ომი დაიწყო, ერთად არ გვინახავსო.

ამას ემატება „ჰაიმარსები“, რაც უკვე საკმარისი რაოდენობით აქვს უკრაინას. ეს აძლევს საშუალებას უკრაინელებს იგივე ვოლჩანსკის მიმართულებაზე ზურგში დაარტყან მოწინააღმდეგეს. ამიტომაცაა, რომ ხარკოვის მიმართულებაზე ფაქტობრივად რუსები შეჩერებული არიან – ჩიხში შევიდა აქ რუსეთის შეტევა.

გარკვეულ მიმართულებებზე უკრაინელებიც ახორციელებს კონტრშეტევას. საუბარია ლოკალურ, ტაქტიკური დონის შეტევებზე, მაგალითად, როცა ქუჩიდან ქუჩაზე უწევთ რუსებს უკან დახევა.

რუსების წინსვლა ტაქტიკურის ზემოთ ვერ მიდის. რუსები არიან 1200 კილომეტრზე გადანაწილებული, 3 ათასი ტანკი, 300 თვითმფრინავი და ამდენივე ვერტმფრენით, დაახლოებით 18 ათასი საარტილერიო საშუალება. ეს რესურსი რუსეთს არ აძლევს საშუალებას, რაღაც კონცენტრაცია მოახდინონ გარკვეულ წერტილში.

რუსები დარტყმის მთავარ მიმართულებად მაინც ინარჩუნებენ პოკროვსკის. ამ გზით ისინი ცდილობენ დონბასის საზღვარზე გასვლას, თუმცა კურახოვეს მიმართულებითაც საკმაოდ აქტიური ბრძოლებია, ასევე ჩასივ-იარში. წყვეტენ ხალხს რუსები, მაგრამ გეგმას მაინც ვერ ასრულებენ – ვერ გადიან დონბასის საზღვარზე, ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი მანძილია იქამდე.

ბრძოლები მიდის რობოტინოსთან, ზაპოროჟიეს რაიონში და კრინკისთან – ხერსონის რაიონში, სადაც მდინარის მარცხენა ნაპირზე უკრაინელებს პლაცდარმი აქვთ მოწყობილი.

უკვე რამდენიმე ხანია ერთი და იმავე დასახელებებს ვაჟღერებთ. ეს აჩვენებს იმას, რომ რუსები ვერ მიდიან წინ, ისინი ინარჩუნებენ აქტიურობას, მაგრამ ეს აქტიურობა ალბათ უფრო არის ზემდგომებისთვის საჩვენებლად.

რეალობა არის ის, რომ რუსეთს წინსვლა არ აქვთ, შედეგიანობა არ არის. ჩემი აზრით, შემოდგომამდე რუსებმა რასაც შეიძლება მიაღწიონ მიაღწიონ, ეს არის მაქსიმუმ კრინკის, ან რობოტინოს აღება.

  • დონბასის აღებას ვერ შეძლებენ? 

ეს შემოდგომამდე გამორიცხულია

  • შემოდგომაზე?

შემოდგომაზე შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს. გესაუბრებით დღევანდელ მოცემულობაზე. შემოდგომაზე იწყება წვიმები და ზამთრის პერიოდი, პრობლემაა უკვე წინსვლა და შეტევაში გადაადგილება.

გაითვალისწინეთ ისიც, თუ როგორ გააქტიურდნენ რუსეთში მოქმედი დივერსიული და პარტიზანული ჯგუფები. ეს შეიძლება იყოს იგივე გარკვეული, ეროვნული რესპუბლიკების პარტიზანული ჯგუფები, ან უკრაინის სპეცოპერაციების დივერსიული ჯგუფები, თუმცა ფაქტი ისაა, რომ, მაგალითად, გუშინ მოსკოვში ფაქტობრივად 800 კვადრატულ მეტრზე ცეცხლი გაჩნდა. ეს იყო თვითმფრინავების საკონსტრუქციო ბიუროს შენობა, ფაქტობრივად ამ წარმოების ტვინი, სადაც ინახება ყველა დოკუმენტაცია და ასე შემდეგ. რუსები კი იძახიან, რომ ცარიელი შენობა იყოო, მაგრამ საკონსტრუქტორო ბიურო თუ გადატანილი არაა სხვაგან, ცარიელი ვერ იქნებოდა ვერანაირად.

წარმოიდგინეთ, ეს მოხდა შუა მოსკოვში. თანაც, მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა გარკვეული ტერიტორიები დაიკავა, უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქების განადგურება გრძელდება, უკრაინა დატოვა სადღაც 8 მილიონამდე ადამიანმა. ეს, რა თქმა უნდა, ნეგატივია უკრაინისთვის, მაგრამ აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი იმარჯვებს. მე ვთვლი, რომ ეს გამოჩნდება 2025 წლის გაზაფხულ-ზაფხულში, როცა რუსეთს მნიშვნელოვანი პრობლემები შეექნება აღჭურვილობაში.

  • აშშ აცხადებს ახალ სანქციებს ბელარუსის და ჩინეთის 300 უწყების მიმართ, რომლებიც რუსეთს აწვდიან პროდუქციას სამხედრო წარმოებისთვის. რამდენად ექნება ამ სანქციებს გავლენა იმ კუთხით, რომ რუსეთს უფრო ადრე დაუდგეს სამხედრო აღჭურვილობის კრიზისი, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, სავარაუდოდ 2025 წლისთვის?

ყველაფერი შეიძლება, მაგრამ არა მგონია, რომ ასე მყისიერად, უცებ დადგეს ეს კრიზისი. სანქციებს აქვს კუმულაციური ეფექტი – თანდათან გროვდება.

რუსეთმა შეძლო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განახლება, თუმცა ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკის სხვა სფეროები სუსტდება. რუსეთი დღეს ჩინეთსა და ინდოეთში ყიდის თავის საწვავს, თუმცა ჩინეთი ამას ყიდულობს რუსეთის ფასებით, ევროპაში კი იყიდებოდა საექსპორტო ფასით. ძალიან დიდი იქნება სხვაობა მოგების თვალსაზრისით. ასე რომ სანქციები გამოიღებს თავის შედეგს, მაგრამ არა ისე, რომ გავიღვიძებთ და ხვალ უკრაინა გამარჯვებული იქნება.

  • ზელენსკის მშობლიურ ქალაქს, კრივოი-როგს დაარტყეს ისევ რუსებმა ბალისტიკური რაკეტით, რასაც უკრაინის შსს-ს ცნობით, სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა, 32 პირი დაზარალდა. რატომ არჩია რუსეთმა სამიზნედ ისევ კრივოი-როგი, თუ ეს მხოლოდ ზელენსკის პერსონას უკავშირდება?

შესაძლოა კრივოი-როგში იყოს რაიმე სამხედრო ობიექტი, მაგრამ რუსეთი ძირითადად არჩევს ისეთ ადგილებს, რომელიც არ არის დაცული „პატრიოტის“ ქოლგის ქვეშ. მისთვის არ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომელ ქალაქს გაანადგურებს. მისი ამოცანაა მეტი ნგრევა და მეტი მსხვერპლი.

  • უკრაინაში დაიწყო მობილიზაცია – რა იცვლება ახალი მთავარსარდლის პირობებში, თქვენი დაკვირვებით? სირსკი ამბობს, რომ უნდა შეიცვალოს „თავდაცვითი და შეტევითი ფსიქოლოგია,“, ასევე უნდა შემცირდეს დანაკარგები.

ფსიქოლოგია გასაგებია: როცა 2 წელზე მეტია ზიხარ სანგარში, უცებ ვერ გადახვალ შეტევაზე, ეს რთულია.

ამ ეტაპზე, ლოკალურ დონეზე თავდაცვა გახდა უფრო აქტიური. ეს გულისხმობს კონტრშეტევებს და კონტრდარტყმებს. რასაც ვუყურებ, სირსკი მეთოდურად მოქმედებს ზალუჟნისგან განსხვავებით, რომელიც რისკიანი იყო და მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიმღები, როგორც მოწინააღმდეგისთვის, ისე ზელენსკისთვის.

  • რა ჩანს ამ გადასახედიდან: უკრაინა ელოდება, როდის გამოიფიტება რუსეთი, თუ ჩნდება შესაძლებლობა დასავლეთის მხარდაჭერით უკრაინა მოემზადოს ფართომასშტაბიანი კონტრშეტევისთვის? 

უკრაინას არ ეტყობა, რომ ემზადება ფართომასშტაბიანი კონტრშეტევისთვის. უკრაინა ითხოვს ძირითადად ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს, რომ დაიცვას თავისი ძირითადი ინფრასტრუქტურა. მას შემდეგ, რაც გამოჩნდება F16-ები, და ეს ალბათ იქნება ივლისის დასაწყისში, შემდეგ უნდა შეიცვალოს წესით გარკვეულწილად საჰაერო ვითარება. შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ, რა შეიძლება დააპიროს უკრაინამ.

უკრაინაში მობილიზაცია გრძელდება, თუმცა მომზადებისთვის საჭირო იქნება 6 თვე. შეტევა უნდა განახორციელოს დასვენებულმა, აღჭურვილმა, მომზადებულმა დანაყოფმა. ახლა სანგრებიდან ამოდი და შეტევაზე გადავიდეთ – ასე არ ხდება ეს.

უკრაინა ითხოვდა 120-130 ერთეულ F16-ს. დაახლოებით ამდენი გროვდება იმ განცხადებების მიხედვით, რასაც ვისმენთ კონკრეტული ქვეყნებიდან. რა რაოდენობით მიიღებს ამას უკრაინა, შეძლებს ერთიანად მიიღოს, თუ ნაწილ-ნაწილ, არ ვიცი.

უკრაინამ რაც ამ ეტაპზე მიიღო, ეს მართვადი, საავიაციო ბომბებია. უკრაინელმა ოსტატებმა მოახერხეს საბჭოთა წარმოების თვითმფრინავებზე დაეკიდათ ეს ბომბები. თუ F16-ები დაემატება ამ ყველაფერს, ეფექტიანობა მაქსიმალურად გაიზრდება.

აქციაზე შშმ პირის დაკავების საქმე – სააპელაციომ ბათუმის სასამართლოს ხელახლა დაავალა განხილვა

ბათუმელ მოსამართლეს, ხათუნა ბოლქვაძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან უკან, ხელახლა განსახილველად დაუბრუნეს „აქციაზე შშმ პირის დაკავების საქმე“.

აქციაზე დაკავებული შშმ კაცი მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ სამართალდამრღვევად ცნო, თანაც ისე, რომ პროცესს არც ადვოკატი ესწრებოდა, არც დაკავებულის კანონიერი წარმომადგენელი.

უსახლკაროების აქციაზე, 2024 წლის 19 აპრილს, უსახლკარო და შშმ პირი პოლიციელებმა დააკავეს კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით.

„პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საქმე განიხილა საპროცესო და მატერიალური ნორმების დარღვევით“, – აღნიშნულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დადგენილებაში, რომლის შესახებაც ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. ეს ორგანიზაცია იცავს აქციაზე დაკავებული პირის ინტერესებს.

„მედიით გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, როგორ აფრთხილებენ აქციის მონაწილეები დაკავებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პოლიციელებს. მიუხედავად მითითებისა, აღნიშნული პირი მაინც დააკავეს და გადაიყვანეს ბათუმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. დაკავებულის დედას, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მისი შშმ შვილის მხარდამჭერია, არ მიეცა შვილის ნახვის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულს საიას ადვოკატი დროებითი მოთავსების იზოლატორში შეხვდა, თუმცა, მოგვიანებით სასამართლოში პროცესის თაობაზე ადვოკატის ინფორმირება არ მომხდარა. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულს ოჯახის წევრები იზოლატორთან ელოდებოდნენ, დაკავებულის გადაყვანა სასამართლოში მოხდა მათი გვერდის ავლით და შედეგად, პროცესი ჩატარდა როგორც ადვოკატის, ისე მხარდამჭერის დასწრების გარეშე, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან პროცესუალურ დარღვევას.

საქმის განხილვისას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არ დაინტერესებულა მხარის ჯანმრთელობის მდგომარეობით არც ვიდეო მასალის ნახვის შემდეგ და არც მაშინ, როდესაც პროცესზე აშკარა გახდა, რომ პირი კითხვებს პასუხს ვერ სცემდა [ვერ იხსენებდა რატომ, რისთვის და სად დააკავეს იგი] გამოხატული ჯანმრთელობის პრობლემების გამო. საბოლოოდ, სასამართლომ მიიღო პირის სამართალდამრღვევად ცნობის გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. შედეგად, გაუქმდა პირველი ინსტანციის დადგენილება და საქმის ხელახლა განხილვა დაევალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

პალატა მიუთითებს, რომ არ გამოკვლეულა, ხომ არ არსებობდა დაკავებულის მიმართ პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს თითოეული გარემოება, რაზეც მხარეები ამყარებენ თავიანთ პოზიციებს, შეაჯეროს მათი მოსაზრებები საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან მიმართებით და მიღებულ გადაწყვეტილებაში ასახოს საკუთარი დასკვნები, რომლითაც იზიარებს ან უარყოფს მათ.

სასამართლოს შეფასებით, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იმსჯელოს სასამართლომ ამ პირის მიმართ 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის შესახებ,“ – აღნიშნულია საიას მიერ დღეს, 14 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში.

__________________________________________________________

მთავარი ფოტო: შშმ პირის დაკავება აქციაზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამ თემაზე:

მოსამართლეს მშობელმა $10 ათასი აჩუქა, ანუ რა როლი აქვთ მოსამართლეებს რუსული კანონის შემოღებაში

„სქროლები“ ქალაქში – მუშაობს თუ არა მერია გადაადგილების რეგულაციაზე

ზაფხულში, ზღვის სეზონის მოახლოებასთან ერთად ბათუმში „სქროლის“ მომხმარებელთა რიცხვი მატულობს. ზოგ შემთხვევაში მოქალაქეები „სქროლს“ სამსახურში მისასვლელადაც კი იყენებენ, თუმცა ტროტუარებზე არსებული ქაოსის გამო, მათაც ისევე აქვთ თავგზა აბნეული, როგორც ველოსიპედის მომხმარებლებს.

ტროტუარების დიდი ნაწილი დიდ შავ ჯიპებს ან კაფეებს აქვთ დაკავებული, ველობილიკზე კი ხშირად ქვეითად მოსიარულეები გადაადგილდებიან.

მანქანა ტროტუარზე

არის შემთხვევები, როცა „სქროლით“ მოსარგებლეები ქალაქის ქუჩების რაღაც მონაკვეთებში დიდი სისწრაფით მოძრაობენ. ასეთ დროს ქვეითად მოსიარულეს სწრაფი რეაქცია სჭირდება იმისთვის, რომ „სქროლს“ თავი აარიდოს. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან მცირეწლოვანი ბავშვები.

ფოტო: „ბათუმელები“

გასულ წლებში ელექტრომოწყობილობებით სწრაფი გადაადგილება არაერთი ავარიის მიზეზი იყო, რა დროსაც ბულვარში სასეირნოდ გასულმა ადამიანებმა მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღეს.

სწორედ ამ შემთხვევებს ასახელებდა რეგულაციის შემოღების აუცილებლობის მიზეზად ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია, რომელიც შეზღუდვის შემოღების ინიციატორი იყო.

უსაფრთხოების წესების შესაბამისად, „სქროლით“ გადაადგილება რეკომენდებული არ არის არასრულწლოვანებისთვის, ასევე – არაფხიზელ მდგომარეობაში. საჭიროა ჩაფხუტის ტარება და ასე შემდეგ, რასაც „სქროლის“ აპლიკაცია მიუთითებს მომხმარებელს, თუმცა ამ წესების შესრულების კონტროლს არავინ ახორციელებს.

„სქროლების“ გადაადგილებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების წესების აუცილებლობაზე გასულ წელს საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზეც ისაუბრეს. ამ სხდომას ესწრებოდა ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანიც, რომელიც დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ამ მიმართულებით რეგულაცია აუცილებლად შესამუშავებელია. მან სხდომაზე განაცხადა, რომ ამაზე მერიაში იმუშავებდნენ.

2024 წლის 31 მაისს ბათუმის მერიამ საკრებულოს თანხმობით „ბულვარში, პარკში, სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილების წესის“ რამდენიმე მუხლი 2025 წლის იანვრამდე შეაჩერა.

ამ ცვლილების მიხედვით, 2025 წლის პირველ იანვრამდე ბათუმის ბულვარში არსებულ ველობილიკზე დაუშვეს ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავით გადაადგილება, ხოლო ბათუმის ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ არსებულ მონაკვეთამდე, კერძოდ, ველობილიკზე – ელექტროტრანსპორტის, მხოლოდ სამბორბლიანი ელექტროსკუტერის გადაადგილება.

გარკვეული შეზღუდვების შეჩერების ინიციატორი ამ შემთხვევაშიც ბათუმის ბულვარი იყო. საკრებულოს შესაბამისი განკარგულების პროექტის მიხედვით, ამ მოთხოვნით მერიას ბულვარის ადმინისტრაციამ მიმართა.

მერიის ინფორმაციით, „ბათუმის ბულვარის“ 2024 წლის 12 იანვრის წერილში ბულვარის ადმინისტრაციამ მერიას ჯერ თავისი, ადმინისტრაციის ფუნქცია განუმარტა:

„მოსახლეობის გაჯანსაღებისა და დასვენების ეფექტური პირობების უზრუნველყოფა, საკურორტო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაფართოება, დამსვენებელთა როგორც ორგანიზებული, ისე არაორგანიზებული კონტინგენტისათვის დასვენებისა და ტურიზმის თანამედროვე მოთხოვნილებების შესაბამისი პირობების შექმნა, ბულვარის სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა, მათი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვადასხვა ფორმებით გაცემა და შესაბამისი პირობების დადგენა.“

შემდეგ კი აცნობა: „ბოლო წლებში თვალსაჩინო გახდა, რომ ელექტროტრანსპორტით ე.წ. ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავი და სამბორბლიანი ელექტრო სკუტერით გადაადგილება განსაკუთრებული პოპულარობითა და მოთხოვნით სარგებლობს.“

მერია განკარგულების განმარტებით ბარათში წერს, რომ „ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით“ გადაწყვიტა:

„მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია 2025 წლის პირველ იანვრამდე ქალაქ ბათუმის ბულვარში არსებულ ველობილიკზე დაშვებულ იქნას ორბორბლიანი ელექტრო თვითმგორავით გადაადგილება, ხოლო ბათუმის ახალი ბულვარიდან დელფინარიუმის გასწვრივ არსებულ მონაკვეთამდე, კერძოდ, ველობილიკზე – ელექტროტრანსპორტის, მხოლოდ სამ ბორბლიანი ელექტროსკუტერის, გადაადგილება“.

კითხვაზე – მუშაობს თუ არა მერია არამხოლოდ ბულვარში არამედ ზოგადად ქალაქში „სქროლით“ გადაადგილების რეგულაციებზე, ამ დროისთვის ინფორმაცია არ გვაქვს. მერიაში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

ხულო-ზარზმის გზა, რომელიც არ მთავრდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სამუშაოები 2024 წელს „ძირითადად“ დასრულდება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ „წლის ბოლოსთვის უკვე სრულად იქნება დასრულებული ეს გზა“.

„ბათუმელების“ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ხულო-ზარზმის გზაზე სამუშაოები 2024 წელს ბოლომდე ვერ დასრულდება. არადა,  სამუშაოები აქ 2018 წელს დაიწყო და ამ გზის სრული რეკონსტრუქციაც 2020 წელს უნდა დამთავრებულიყო.

  • რა ხდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2024 წლის 12 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს“.

„სამუშაოები 21 კმ-იან მონაკვეთზე დასრულებულია, ხოლო დარჩენილ 26-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე თვეში აქტიურად დაიწყება ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. ასევე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები მეწყრულ მონაკვეთებზეც“ – აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

ხულო-ზარზმის გზა / 12.06.2024 / ფოტო: გზების დეპარტამენტი

დეპარტამენტისვე ინფორმაციით, „მიმდინარე წელს დაგეგმილია მეწყრული მონაკვეთების ძირითადი ნაწილის, ხოლო საავტომობილო გზის დარჩენილ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის სამუშაოების სრულად დამთავრება“.

საქმე იმაშია, რომ ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციაზე ბოლოს მომუშავე კომპანია „სინოჰიდროსთან“ დეპარტამენტმა ხელშეკრულება [ხულო-გოდერძის მონაკვეთზე] 2024 წლის პირველ თებერვალს შეწყვიტა.

შესაბამისად, რომელი კომპანია მუშაობს დღეს გზის ამ მონაკვეთის რეკონსტრუქციაზე და ვინ უნდა დააგოს ასფალტ-ბეტონის საფარი? – ამ კითხვაზე გზების დეპარტამენტში არ გვიპასუხეს.

პრესსამსახურში გვითხრეს, რომ კომპანიის სახელის გასაგებად წერილობით, ოფიციალურად უნდა მივმართოთ. გვაინტერესებდა ასევე ამ კომპანიასთან [თუ ასეთი არსებობს] რა თანხაზე იყო გაფორმებული ხელშეკრულება.

ხულო-ზარზმის გზა / 12.06.2024 / ფოტო: გზების დეპარტამენტი

რაც შეეხება „სამუშაოებს მეწყრულ მონაკვეთებზე“, მისი ჩატარების აუცილებლობა ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციის დროს დადგა დღის წესრიგში და ცალკე ტენდერი იყო გამოცხადებული.

შესაბამისად, „მეწყრულ მონაკვეთებზე“ კომპანია „არალი“ სხვა ტენდერის/პროექტის ფარგლებში მუშაობს, რომელსაც გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მთავარ პროექტთან შეხება არ აქვს.

„არალთან“ ხელშეკრულება 15 204 999 ლარზეა გაფორმებული და სამუშაოები, შესყიდვების პორტალის დოკუმენტების მიხედვით, 2024 წლის მაისში უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო. დეპარტამენტი კი აცხადებს, რომ „წელს დაგეგმილია მეწყრული მონაკვეთების ძირითადი ნაწილის დასრულება“.

„ბათუმელებმა“ „არალსაც“ ჰკითხა, პარალელურად მუშაობს თუ არა რომელიმე კომპანია ამ დროისთვის გზის რეკონსტრუქციაზე, თუმცა პასუხი ვერც „არალისგან“ მივიღეთ.

ვიდრე „ბათუმელები“ არკვევს საერთოდ მუშაობს თუ არა რომელიმე კომპანია დღეს ხულო-გოდერძის გზის რეკონსტრუქციაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში 2024 წლის 14 ივნისს განაცხადა, რომ „ხულო-ზარზმის გზა დასრულდება… წელს არსებითად უკვე შუამთობის დღესასწაულისთვის საქმის ძირითადი ნაწილი იქნება დასრულებული, ეს არის ის მოლოდინი იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც იქ არის სამშენებლო სამუშაოებზე. წლის ბოლოსთვის უკვე სრულად იქნება დასრულებული ეს გზა.“

„ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურსაც ჰკითხა, თუ რომელი კომპანია მუშაობს ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციაზე და საიდან აქვთ ინფორმაცია, რომ გზა სრულად დასრულდება, თუმცა პასუხი ვერც აქედან მივიღეთ.

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს პროექტს. დეტალები მათ ეცოდინებათ“ – მოგვწერეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან.

  • 2 წელზე გაწერილი საქმე მე-6 წელზე გაიწელა

ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე 2018 წელს ტენდერში გამარჯვებულად გზების დეპარტამენტმა კომპანია „ტოდინი“ გამოაცხადა, სამუშაოები 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოგვიანებით დეპარტამენტმა „ტოდინთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა და ტენდერები ხელახლა გამოაცხადა.

ხულო-ზარზმის გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის [დაბა ხულოდან დიდაჭარის კაშხალთან მისვლამდე მონაკვეთში] რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ 14,6 მილიონ ლარზე იყო გაფორმებული.

„სინოჰიდრო“ კი, გამარჯვებულად  ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ხელახალ ტენდერებში გამოავლინეს ორივე ლოტზე – დიდაჭარის კაშხლიდან ზარზმამდე მონაკვეთი.

ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანია „სინოჰიდროსთან“ კონტრაქტის შეწყვეტას საქართველოს მთავრობამ მხარი 2024 წლის 15 იანვარს დაუჭირა. ხელშეკრულება 2024 წლის 1-ელ თებერვალს შეწყდა.

ხულო-ზარზმის გზაზე სამუშაოები 2 ლოტად მიმდინარეობდა:

  • პირველი [LOT 1]: ხულო-გოდერძის უღელტეხილი – სახელშეკრულებო ღირებულება იყო 57 177 829 ლარი. დაფინანსებული არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის (KFAED) მიერ;
  • მეორე [LOT 2]: გოდერძის უღელტეხილი-ზარზმა – პროექტის ღირებულებაა 38 511 473 ლარი. აღნიშნული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ამ თემაზე ვრცლად:

ხულო-გოდერძის გზის მშენებლობა დასრულდება 2024 წელს – გზების დეპარტამენტი

2020 წლისთვის „ქართული ოცნება“ არათუ ხულო-ზარზმის გზას, არამედ მთლიანად ქვეყანაში ავტობანის მშენებლობის დასრულებას აანონსებდა:

დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა“ – ეს „ქართული ოცნების“  ერთ-ერთი დაპირება იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც პარტიამ თავის საარჩევნო პროგრამაში შეიტანა.

ამ თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

 

 

მთავარი ფოტო: ხულო-ზარზმის გზა / 12.06.2024 / ფოტო: გზების დეპარტამენტი

 

შავი ზღვიდან სამი ქვეყანა ნაღმების ამოღებას იწყებს

თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი იწყებს სამუშაოებს შავი ზღვიდან ნაღმების ამოღების მიზნით, წლის დასაწყისში რატიფიცირებული შეთანხმების საფუძველზე – წერს თურქული გამოცემა „ჰურიეთი“.

მედია ციტირებს თურქეთის ელჩს რუმინეთში, ოზგურ ალთანს, რომლის თქმითაც ივლისში თურქული, რუმინული და ბულგარული ხომალდები ერთობლივ ოპერაციას დაიწყებენ შავ ზღვაში ნაღმების საფრთხის დასაძლევად.

მედიის ცნობით, 2024 წლის იანვარში სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიზანია უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე უსაფრთხო წყლების უზრუნველყოფა.

შავი ზღვა ესაზღვრება ბულგარეთს, რუმინეთს, საქართველოსა და თურქეთს, ასევე, რუსეთსა და უკრაინას, რომელსაც რუსეთი 24 თებერვალს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით დაესხა თავს.შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში საზღვაო ნაღმები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გამოჩნდა.

სავარაუდოდ, ნაღმები დინებას მიაქვს უკრაინის პორტებიდან შავ ზღვაში, სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 13 თებერვალს, ბათუმში, ზღვის სანაპიროზე გამორიყული საზღვაო ნაღმი აფეთქდა.

პლაჟზე სატუმბო სადგურს დაანგრევენ და ახალს ააშენებენ – დაიხარჯება ნახევარი მილიონი ლარი

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ბულვარში მდებარე ზღვის წყლის საქაჩი ძველი სატუმბო სადგურის დემონტაჟს და ახლის მშენებლობას გეგმავს.  ეს სადგური, რომელიც ბათუმის კონცხზე „ალი და ნინოს“ მიმდებარე პლაჟზეა განთავსებული, ბათუმის დელფინარიუმს ზღვის წყლით ამარაგებს.

სატუმბო სადგურის მშენებლობაზე ტენდერი 502 ათას 180 ლარითაა გამოცხადებული.

ზღვის წყლის სატუმბო სადგური ბათუმში / ფოტო: თებერვალი, 2024 წ.

ახალი სადგური იმ პროექტის მიხედვით უნდა აშენდეს, რომელიც, დოკუმენტების მიხედვით ბათუმის დელფინარიუმის [ქალაქის მერიის შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“] დაკვეთით მომზადდა.

პროექტის მიხედვით დაანგრევენ არსებულ სადგურის შენობას და ახალს არა იმავე, არამედ სხვა ადგილზე ააშენებენ. ახალი სადგურის შენობას ზღვაზე გადასახედი პირსის [სადაც ადრე „ალი და ნინოს“ ქანდაკება იდგა] მეორე მხარეს, პლაჟზე ააშენებენ.

ზღვის წყლის ახალ სატუმბო სადგურს სავარაუდოდ ამ ადგილზე ააშენებენ

„ბათუმელები“ შეეცადა დეტალების გარკვევას, თუ რატომ იცვლება ადგილი, ასევე რა გახდა დემონტაჟის მიზეზი, თუმცა, ვერც მერიის სამმართველოდან და ვერც დელფინარიუმიდან პასუხები ვერ მივიღეთ.

ტენდერში კი, წინადადებების მიღება 2024 წლის 29 ივნისს დაიწყება და 4 ივლისს დასრულდება.

ახალი სატუმბო სადგური ტენდერში გამარჯვებულმა 2024 წლის 11 დეკემბრამდე უნდა ააშენოს. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა კი 3 წელი უნდა იყოს.

ბათუმის კონცხი ერთ-ერთი არამდგრადი და ავარიული უბანია ბათუმის სანაპიროზე. ზღვის შტორმის დროს აქ გროვდება ჭარბი რაოდენობით ნატანი [ქვიშა-ხრეში], რომელიც შემდეგ პერიოდულად ზღვაში, წყალქვეშა კანიონში იკარგება. ამ პროცესების შედეგად პლაჟი ბათუმის კონცხთან ხან ფართოვდება, ხან კი ვიწროვდება.

ჭარბი ნატანის არსებობა ბათუმის კონცხთან საფრთხის შემცველია, ვინაიდან არის საშიშროება, რომ ის წყალქვეშა კანიონში მყისიერად ჩაზვავდეს, რაც პლაჟის ნაპირიდან მოწყვეტას გამოიწვევს. ამას კი შესაძლოა კატასტროფული შედეგიც კი მოჰყვეს.

ფოტოებზე, რომლებიც „ბათუმელებმა“ 2023 წლის ოქტომბერში და 2024 წლის 13 თებერვალს გადაიღო, ნათლად ჩანს, თუ პლაჟის რა ნაწილი წარეცხა ზღვამ 3 თვეში, სწორედ სატუმბო სადგურთან. ზღვიდან გამომდინარე საფრთხის გამო გადაიტანეს თავის დროზე პლაჟიდან ქანდაკება „ალი და ნინოც“.

ამ თემაზე:

როგორ მიიტაცა 3 თვეში ზღვამ ბათუმის იახტკლუბთან სანაპირო

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ივნისის 21 საათიდან 15 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, რომელიც დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება 17-22 მ/წმ-მდე

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 30 – 35 გრადუსი სითბო
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 30– 35 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +23 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 16 და 17 ივნისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის წვიმა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 524 060 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 250]
  • ტანკი – 7 936 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 15 234 ერთეული [+26]
  • საარტილერიო სისტემა – 13 818 ერთეული [+48]
  • MLRS – 1 101 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 849 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 097 ერთეული [+22]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 286 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 18 854 ერთეული [+60]
  • სპეცტექნიკა – 2 310 ერთეული [+16]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 613 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 25 791 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 529 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 329 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 337 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 441 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 542 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

9 დაღუპული რუსეთის თავდასხმის შედეგად – უკრაინის ქალაქ კრივოი როგში გლოვის დღე გამოცხადდა

მოწინააღმდეგე ჩარჩენილია ვოლჩანსკში – უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ერთი სიტყვის გამო დახვრიტეს“ – შვილიშვილის მოგონებები რეპრესირებულ ბაბუაზე

დახვრეტიდან 87 წლის შემდეგ იდენტიფიცირებულია სტალინური რეპრესიების კიდევ ერთი მსხვერპლის, მემედ ჯინჭარაძის ნეშტი.

მემედ ჯინჭარაძე 1937 წლის 27 დეკემბერს დახვრიტეს, სტალინური რეპრესიების დროს. მისი ნეშტი მეხუთე მასობრივ სამარხში აღმოჩნდა, რომელიც ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზეა განთავსებული.

მეხუთე სამარხი 2021 წელს გახსნეს და მის შესწავლაში საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაცია GAFA – იყო ჩართული.

„ეს იყო სასიხარულო, ემოციური და თან ძალიან მტკივნეული ამბავი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ რეპრესირებულის შვილიშვილმა, მემედ ჯინჭარაძემ, რომელიც თავადაც ბაბუის სახელს ატარებს.

მემედ ჯინჭარაძე მედიცინის დოქტორია, ექიმი ონკოლოგი და „მედცენტრში“ მუშაობს. ცნობილი ექიმი გვიყვება რომ ბაბუას, მემედ ჯინჭარაძეს მთელი ცხოვრება ეძებდა მისი ოჯახი.

„მამაჩემმა, ისლამ ჯინჭარაძემ, ბაბუას გამო დამარქვა მემედი. ბაბუაჩემი თავისუფალი ადამიანი ყოფილა, გლეხი კაცი. ცხოვრობდა მახინჯაურში, ზღვის პირას. შრომობდა და თავისი შრომით ინახავდა ოჯახს. „კარგ ადგილას ვცხოვრობდით, ოჯახი მშიერი არასდროს არ ყოფილაო,“ – იხსენებდა ხოლმე მამაჩემი.

ბებიაჩემი იყო ემინე კახიძე, ქობულეთელი ქალი. ყველა, ვისაც ჩვენი ოჯახიდან მუშაობა შეეძლო – ბებიაჩემი, უფროსი შვილები – მუშაობდნენ კოლმეურნეობაში. ბაბუაჩემი არ მუშაობდა მხოლოდ. თავისუფალი პიროვნება იყო, იცოდა რუსული და გერმანული. ბევრს შრომობდა, მაგრამ კოლმეურნეობაში არ უნდოდა.

ნანახი მაქვს საბრალდებო დასკვნა, სადაც წერია ბაბუაჩემის დახვრეტის მიზეზი.

„დაიხვრიტა, რადგან თქვა: კოლმეურნეობაში მუშაობა არ ღირს, იმიტომ, რომ იქ ხელფასს არ იხდიანო. მართლაც, ხელფასს არ იძლეოდნენ მაშინ, შრომა დღეებს ითვლიდნენ, უხელფასოდ მუშაობდნენ. ამ ფრაზის ქვემოთ საბრალდებო დასკვნაში ეწერა, რომ ბაბუაჩემი იყო ტროცკისტი, ასევე გერმანიის და ინგლისის აგენტი.

სასამართლო არ ჰქონია. დახვრიტა ტროიკამ. სამმა კაცმა გაარჩია მისი საქმე,“ – გვიყვება მემედ ჯინჭარაძე ბაბუის შესახებ.

  • „დამარხულია დახვრეტის ადგილზე“

„საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის 1937 წლის 23 დეკემბრის #2-2859 მითითებისა და აჭარის შსს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის ამხანაგ ჯინჯოლიას ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის განსაკუთრებული ტროიკის დადგენილება სახელმწიფო დაცვის უმაღლესი ზომა დახვრეტა მემედ სუნი ოღლი ფერატის ძე ჯინჭარაძის მიმართ, აღსრულებულია 1937 წლის 27 დეკემბრის ღამეს, დახვრეტით. გვამი დამარხულია დახვრეტის ადგილზე“, – ეს არის ცნობა, რომელიც მემედ ჯინჭარაძემ ბაბუის დახვრეტიდან მრავალი წლის შემდეგ მიიღო.

ამ ოფიციალური დოკუმენტით რამდენიმე ამბავი გაარკვია ოჯახმა. პირველ რიგში ის, რომ საბჭოთა ხელისუფლება წლების განმავლობაში ატყუებდა და ტყუილი იმედით კვებავდა რეპრესირებულთა ოჯახებს, რომ მათი ახლობლები გადასახლებულები, მაგრამ ცოცხლები იყვნენ.

„მამაჩემს სჯეროდა, რომ მემედ ბაბუა ცოცხალი იყო. როდესაც მოიკითხეს, ასე უთხრეს ციმბირში გადავასახლეთო. მახსოვს ის ტკივილი, რა ტკივილითაც მამაჩემი ლაპარაკობდა მამამისზე.

ამბობდა: მამა ჩაიყვანეს ბათუმში, ტაიგაში წაიყვანეს, იქ ამუშავეს, ვერ გაუძლო, ავად გახდა ალბათ და გარდაიცვალაო. ნეტა ვიცოდე რომელ ციხეში ჰყავდათ, მის საფლავს მაინც მოვძებნიდიო. ასე სჯეროდა წლები.

1956 წელს აიღო ოჯახმა რეაბილიტაციის ცნობა. იქ ეწერა, რომ დახვრიტეს. მაინც არ უნდოდა დაჯერება და იძახდა, ციმბირშია მამაჩემიო. მამაჩემს ვერ დახვრეტდნენ, არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ, რომ დაეხვრიტათო“, – იხსენებს მემედ ჯინჭარაძე.

ყველაზე მძიმე  იყო „ხალხის მტრის ოჯახის სახელი“ -  რეპრესირებულის შვილიშვილი

  • „ხალხის მტრის შვილი“

„ბაბუაჩემს 9 შვილი ჰყავდა. როცა დააპატიმრეს, მამაჩემი მაგ დროს 14 წლის იყო. ოჯახის რჩენის ტვირთი ბებიაზე, მამაჩემზე და მის უფროს დებზე გადავიდა. როცა მამაჩემი რეპრესიების შემდგომ წლებს იხსენებდა, არასდროს არ უთქვამს – გვიჭირდა, გვშიოდა ან გვწყუროდაო. რაც ვერ მოინელა, რასაც ვერ ეგუებოდა იყო სტატუსი, რომელიც მას საბჭოთა რეპრესიულმა სისტემამ მიანიჭა – „ხალხის მტრის შვილი“, „ხალხის მტრის ოჯახი“.

30-იან წლებში, როდესაც სტალინის რეპრესიული აპარატი მუშაობდა, რეპრესირებულთა ოჯახები ითვლებოდა ტროცკისტებად და ერქვათ „ხალხის მტრის ოჯახის სახელი“, – ამბობს მემედ ჯინჭარაძე.

მისი თქმით, 1956 წელს, როდესაც ოჯახმა მემედ ჯინჭარაძის რეაბილიტაციის ცნობა აიღო, ამ ცნობით მოხდა მათი „მტრის ოჯახის“ სტატუსისგან გათავისუფლება.

„სულ იბრძოდა, იბრძოდა და სამართალს მიაღწია მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ. როდესაც რეაბილიტაციის ცნობა მიიღო, ეს მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე იყო,“ – ამბობს მემედ ჯინჭარაძე.

მემედ ჯინჭარაძის თქმით, მამამისი როცა ოჯახის რეპრესიებზე საუბრობდა, პირდაპირ არ ადანაშაულებდა სტალინს.

„მამაჩემი ამბობდა – სტალინს რომ სცოდნოდა, ასე არ მოხდებოდა, რა იცოდა სტალინმაო. მამაჩემი არ იყო სტალინის მტერი მიუხედავად ყველაფრისა.

მე ვფიქრობ, შეფასება იმაზეა დამოკიდებული რა ინფორმაციას ფლობ და რა იცი რეპრესიების შესახებ. მამაჩემმა რა იცოდა იმ რეპრესიების შესახებ?

მე, ახლა, როდესაც ინფორმაცია გამაჩნია, რა თქმა უნდა სტალინისტი არ ვარ. შეიძლება ქართველები არიან სტალინით, მისი პიროვნებით აღფრთოვანებულები, მაგრამ მე როგორც ბაბუაჩემის შვილიშვილი, ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები სტალინისტი. ბერიასა და სტალინის ნამუსზე უამრავი სისხლია,“ – ამბობს მემედ ჯინჭარაძე.

რეპრესირებული მემედ ჯინჭარაძის ნეშტი მეხუთე მასობრივ სამარხში აღმოჩნდა. რეპრესირებულთა სამარხები ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. პირველი ოთხი სამარხი 2017 წელს გაიხსნა, მეხუთე სამარხი 2021 წელს, მეექვსე კი 2022 წელს.

ჯერჯერობით იდენტიფიცირებულია 5 ნეშტი, აქედან სამი რეპრესირებულის ნეშტი ოჯახებს გასულ წელს გადაეცა. ხუთივე რეპრესირებული ამოსვენებულია მეხუთე სამარხიდან. ნეშტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე დღის წესრიგში დადგა თუ სად და როგორ უნდა დაიკრძალონ ისინი.

არსებობს იდეა რეპრესირებულთა მემორიალის და პანთეონის მოწყობის შესახებაც. მემედ ჯინჭარაძის შვილიშვილი მემედ ჯინჭარაძე ამბობს, რომ ის ემხრობა პანთეონის მოწყობის იდეას, თუკი სახელმწიფო ამას ღირსეულად გააკეთებს.

„თუ ხელისუფლება ღირსეულ პანთეონს გააკეთებს რა თქმა უნდა, მირჩევნია იყოს პანთეონში. თუ არადა მაშინ საგვარეულო სასაფლაოზე წავიყვან. იქ არის ბებიაჩემის საფლავი, მისი ქალიშვილების საფლავი და იქ დავასაფლავებ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მემედ ჯინჭარაძემ.

ამავე თემაზე:

დადგენილია აჭარაში 1937 წლის რეპრესიების დროს დახვრეტილი კიდევ 2 ადამიანის ვინაობა – GAFA

„რუსეთის კეთილ ნებაზე დარჩენა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ღალატია“ – ინტერვიუ

„რუსეთი განიხილავს საქართველოს ღია რუსიფიკაციას და დასავლეთთან სტრატეგიული კავშირის ჩაწყვეტას, როგორც მექანიზმს იმისათვის, რომ გადაუჭრას სომხეთს გზა ევროპისკენ და ასევე, დაემუქროს აზერბაიჯანის უნარს, რუსეთისგან დამოუკიდებლად აწარმოოს თავისი ურთიერთობები. ამ შემთხვევაში სომხეთის ევროპეიზაცია სრულიად შეუძლებელი გახდება, ხოლო აზერბაიჯანს ენერგორესურსების გატანა და სატრანსპორტო კომუნიკაცია გარე სამყაროსთან 100 პროცენტით შეიძლება არ შეიზღუდოს, მაგრამ რუსული კონტროლის ქვეშ მოექცევა, შესაბამისად, ეს ნიშნავს აზერბაიჯანის სუვერენიტეტის შეზღუდვას,“ – თავის მოსაზრებას გვიზიარებს ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე.

რამდენიმე დღეში ევროკავშირი მოლდოვას და უკრაინას სავარაუდოდ მოლაპარაკებას გაუხსნის, საქართველოს კი მკაფიოდ უთხრეს, რომ რუსული კანონით მისი ადგილი ევროპაში ვერ იქნება. რა ხდება თუ ე.წ. ტრიო დაიშლება? – „ბათუმელებმა“ ინტერვიუ გიორგი ბადრიძესთან ჩაწერა, ის „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარია. 2009-2013 წლებში გიორგი ბადრიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.

  • ბატონო გიორგი, რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, მოლდოვას და უკრაინას მოლაპარაკებას გაუხსნის ევროკავშირი. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ტრიო დაიშლება?

როდესაც ასოცირებული ტრიო ჩამოყალიბდა ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებდა წინ ორივე ქვეყანას. მაშინ ქართველ დიპლომატებს მიგვაჩნდა, რომ ერთგვარი ტვირთი გვქონდა აკიდებული. ყოველთვის, როცა რაიმე რეგიონულ კონტექსტში გვაერთიანებდნენ, როგორც წესი, ყველა დანარჩენი უბრალოდ ჩამოგვრჩებოდა, ან ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ იზიარებდა ევროინტეგრაციის კურსს. მაგალითად, როცა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსეული შეიქმნა, მოგეხსენებათ, ბელარუსს, აზერბაიჯანს და სომხეთს არანაირი ინტერესი ევროინტეგრაციისა არ ჰქონდათ. შეიძლება, სომხეთში ვიღაცას ჰქონდა ამის სურვილი, მაგრამ ამის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობდა.

მოლდოვას და უკრაინასაც ჩვენ მნიშვნელოვნად ვუსწრებდით ბევრი თვალსაზრისით: დემოკრატიული რეფორმებით, კორუფციასთან ბრძოლით და, რაც მთავარია, სურვილით. ამის ყველაზე ობიექტური შემფასებელი თავად ევროკავშირია. მან ჩათვალა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ დააკმაყოფილეს მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები, კრიტერიუმები. საუბარია საერთო ევროპულ პრინციპებთან, რომელთა შესრულება თავად უნდა გინდოდეს, თუ გსურს ევროკავშირის წევრობა.

ეს არ არის დავალება გარედან, ან ევროკავშირისთვის რაიმეს გაკეთება. ლაპარაკია იმაზე, რომ შენივე ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონდეს თავისუფალი, სამართლიანი სასამართლო, სადაც მას ვერ დაჩაგრავ და პრივილეგირებული კასტა ვერ დადგება კანონზე მაღლა, როგორც ახლა ხდება.

დღეს, მაგალითად, ბატონმა შალვა პაპუაშვილმა ბრძანა, ეს არჩევნები მართლაც რეფერენდუმი უნდა იყოს, ვაპირებთ თუ არა ვინმეს ვასალი ვიყოთო. დიდი ხანია მეც ვიძახი, რომ ეს არჩევნები რეფერენდუმი უნდა იყოს, როცა პირდაპირ აცხადებენ ივანიშვილის მართლაც ვასალები, პირდაპირი მნიშვნელობით ყმობაში მყოფი ადამიანები, რომ ევროკავშირში გაწევრება თურმე თავისუფლება და დემოკრატიას კი არა, ვიღაცის ვასალობას ნიშნავს – ამას პასუხი უნდა გასცეს ამომრჩეველმა.

ჩვენ თუ ვიყავით მოწინავე ამ ტრიოში, დღეს ჩამორჩენილი კი აღარ ვართ, არამედ ჩვენს ხელისუფლებას ღიად აქვს გამოცხადებული, რომ ევროკავშირის კურსი აღარ არსებობს. ამბობენ, რომ ვწევრიანდებით ღირსებით, მაგრამ თან ამბობენ, რომ არაფერს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ევროკავშირის მსგავსი ქვეყანა გავხდეთ, არ გააკეთებენ.

შეიძლება, ვიღაცაზე წინ იყო, მაგრამ მოტრიალდე 180 გრადუსით და საპირისპირო მიმართულებით წახვიდე, როგორც ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. დღეს ამ კანონის [რუსული კანონი] უკან ძალით შემოტანა იყო ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა და იმის ჩვენება, რომ დემოკრატიული პროგრესი არანაირად არ შედის ხელისუფლების ინტერესებში.

  • რა შეიძლება იყოს შემდეგი ეტაპი საქართველოსთვის, ევროკავშირის ბოლო არჩევნების გათვალისწინებით? რამდენად შეინარჩუნებს საქართველო ევროკავშირის აქტიურ მხარდაჭერას? 

ზუსტად ისე, როგორც იმედი მქონდა, რომ ჩვენ სტატუსს მოგვცემდნენ და აი, ამ ვიწრო ფანჯარას, ისტორიულ შესაძლებლობას არ გადაგვიხაზავდნენ, ასევე იმედი მაქვს, რომ სულ მცირე არჩევნებამდე მაინც ევროკავშირი არ მიიღებს რაღაც დრამატულ გადაწყვეტილებებს ჩვენი საბოლოო ჩაჭრის შესახებ.

მე მგონია, რომ ევროკავშირი უნდა დაელოდოს ქართველი ხალხის ვერდიქტს, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხის ნება გამოხატულია ძალიან მკვეთრად, მათ შორის, სამართლებრივად პლებისციტით და ეს კონსტიტუციით არის გამყარებული.

  • ოქტომბრის არჩევნები მნიშვნელოვანი ეტაპია, თუმცა რამდენად რჩება მოქალაქეების ხელში თავისუფალი არჩევნების მექანიზმი? 

როდესაც თბილისში რუსთაველის ქუჩა ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე გაივსო სრულად, დაახლოებით 100 ათასი ადამიანით, ხელისუფლების უმაღლესი დონის წარმომადგენლები გვეუბნებოდნენ, რომ აი, 9 ათასი კაცი ვერ შეკრიბესო. შემდეგ, სხვადასხვა შეფასებით 200 ათასი კაცი გამოვიდა ქუჩაში, სანაპირო გაივსო და ევროპის მოედანი და აი, 20 ათასი კაცი იყოო. როდესაც ხილულ, დათვლად რეალობაზე გეუბნება ხელისუფლება, რომ 10-ჯერ ნაკლებია, უარს გეუბნება იმაზე, რომ შენ არსებობ.

წარმოიდგინეთ, ხმებს როგორ დაითვლის, როცა ასე ერთად ამას ჩვენ ვერ დავინახავთ.

დემოკრატიული არჩევანის დაცვა არის ყველაზე სამართლიანი, სამართლებრივი და თანაც სავალდებულო ქცევა დემოკრატიულ საზოგადოებაში. დღეს ალტერნატივა ნათლად არის წარმოჩენილი: საქართველო დიქტატურის პირობებში, რომელიც დარჩენილია რუსეთის, ჩინეთის და ირანის კეთილი ნების ამარა, როცა არცერთს არ აქვს ჩვენს მიმართ არანაირი კეთილი ნება. რუსეთი პირდაპირი მნიშვნელობით ოკუპანტია და 100 ათასობით ქართველი ჰყავს ქცეული ლტოლვილად, არანაირი ნიშანი არაა, რომ აქ რაიმე შეიცვლება.

ამ 12 წლის განმავლობაში დაყვავების და ვითომ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის მიუხედავად ერთი შემხვედრი ნაბიჯი რუსეთს არ გადმოუდგამს ოკუპაციის და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით. პირიქით, ამ ხელისუფლების პირობებში დაიწყო ბორდერიზაცია, მოქალაქეების გატაცება, ტყვეთა სყიდვა და ასე შემდეგ.

ასევე, თუ ვინმეს რაიმე ილუზია აქვს, რომ ირანს რაღაც თბილი გრძნობები და ინტერესები გააჩნია, ცდება: ირანს არც ისტორიული მეხსიერება და არც ინტერესი საქართველოსთვის სასარგებლო არ აქვს.

ლაპარაკი ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე კი, საფუძველს მოკლებულია. ის სტრატეგიული შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგაც არ უჭერს მხარს საქართველოს გაეროში პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციის მიმართ. ეკონომიკურადაც ჩინეთი საქართველოთი იქამდეა დაინტერესებული, რომ ჩინური კომპანიები ევროპიდან და ამერიკიდან აღებული სესხების ამთვისებლები იყვნენ. ჩვენ ვიღებდით სესხს ან ინვესტიციას დასავლეთიდან და ვუხდით ჩინურ სახელმწიფო კომპანიებს, რომლებიც, როგორც ჩანს, არც ისე ხარისხიანად აშენებენ ჩვენს ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას.

ჩინეთი ეპყრობა საქართველოს, როგორც რუსეთის გავლენის სფეროს. ჩინეთისთვის რუსეთი ბევრად უფრო პრიორიტეტული პარტნიორია და თუ ვინმეს ილუზია აქვს იმის, რომ რუსეთს გაანაწყენებს ჩინეთი საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერით, რაც რუსეთს არ აწყობს, ძალიან მიამიტური წარმოდგენები ჰქონია სამყაროზე.

  • არ ფიქრობთ, რომ ამ მიდგომით ხელისუფლება ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებით მშვიდობას უზრუნველყოფს? „აბა, ომი გინდათ?“ – ხელისუფლების ეს პრორუსული გზავნილი არ მუშაობს?

მართალია, რუსეთი არაოკუპირებულ საქართველოში არ შემოჭრილა, თუმცა ალბათ იმიტომ, რომ დაკავებულია უფრო დიდი ომით.

ხალხი, რომელიც 12 წელია გვაშინებს ომით, ომს უცხადებს „გლობალური ომის პარტიას“, რაშიც მე წინააღმდეგობას ვხედავ: ეს ქვეყნები [რომლებსაც „ქართული ოცნება“ მისი ილუზიით შექმნილ გლობალურ ომის პარტიის წევრებად მიიჩნევს] არავის დასხმიან თავს მსოფლიოში და არიან მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო გაერთიანების – ნატოს წევრები.

რუსეთი უკრაინას თავს დაესხა არა იმიტომ, რომ ნატოში შედიოდა, მას არ ჰქონდა ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, არამედ ზუსტად იმიტომ დაესხა თავს, რომ ნატოს წევრი არ იყო უკრაინა. საქართველოსაც ზუსტად ამიტომ დაესხა თავს 2008 წელს, რომ ნატოს წევრი არ იყო საქართველო.

თუ გადახედავთ რუსეთის ურთიერთობებს ევროპის ქვეყნებთან, ან თავის მეზობლებთან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველაზე სტაბილური ურთიერთობები რუსეთს აქვს და ჰქონდა ნატოს წევრებთან. რუსეთი ღრმა და კომპლექსურ კონფლიქტში იყო იმ ქვეყნებთან, რომლებიც ნატოში იმ დროისთვის არ იყვნენ გაწევრიანებული. ასე რომ ეს მარტივი რეალობაა: ერთადერთი გრძელვადიანი გარანტია უსაფრთხოებისა, არის ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება, ყველაფერი დანარჩენი არის დამოკიდებული იმაზე, თუ რითაა დაკავებული რუსეთი იმ მომენტისთვის.

ორივე ხელისუფლება, რომელიც აქამდე ჰყოლია რუსეთს: ელცინის და პუტინის, მოქმედებენ მხოლოდ ტიპურ, იმპერიულ სტილში: როდესაც გადასაფარია კონკრეტული შიდა ეკონომიკური პრობლემა, პირველ ინსტრუმენტად რუსეთი იყენებს პატარა, მოგებულ ომს მეზობლის წინააღმდეგ.

ასე რომ, რუსეთის კეთილ ნებაზე დარჩენა არის ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების წინაშე. პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს ღალატია.

  • თქვენი დაკვირვებით, საერთაშორისო თანამეგობრობა როგორ ხედავს საქართველოს ევროპული კურსის გადარჩენას, შესაბამისად იმას, რომ სამხრეთ კავკასია ისევ რუსეთის ნაწილად არ იქცეს? 

ჩვენი პარტნიორები, ცხადია, არ ჩაერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში, არც არასდროს ჩარეულან, პირიქით, ამ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს პირადად, „ქართულ ოცნებას“ 2012 წლიდან ჰქონდათ უზომო მხარდაჭერა ევროკავშირის და შეერთებული შტატების მხრიდან. უმეტესობა იმ პოლიტიკოსებისა, სენატის წევრები, თუ ევროპარლამენტის წევრები, რომლებიც „ოცნებამ“ გამოაცხადა გლობალური ომის პარტიად და სატანის მოციქულებად, პირდაპირი მნიშვნელობით, მხარში ედგნენ „ოცნებას“ ძალაუფლების გადმობარებისას, ფიზიკურად მხარში ედგნენ ასევე იმას, რომ მილიონობით დოლარი და ევრო მიეღო საქართველოს ფინანსური დახმარების სახით.

როცა საქმე მიდგა დემოკრატიული სტანდარტების დაკმაყოფილებაზე, მაშინ აღმოჩნდნენ ისინი მტრები.

ბუნებრივია, არანაირ რევოლუციებს შეერთებული შტატები საქართველოში არ აწყობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვნახავდით კონკრეტულ ფაქტებს და არა სიზმრების გაზიარებას, რომელსაც ხან ივანიშვილი და ხან პრემიერი კობახიძე გვიყვებიან ხოლმე პირდაპირი მნიშვნელობით. სიზმრებს პერიოდულად ემატება კოშმარები, რომ თითქოს ვიღაცას მკვლელობით ემუქრებოდნენ, რაც მისივე უსაფრთხოების, უშიშროების სამსახურმა დღეს გავრცელებული ინფორმაციით უარყო.

ეს გვაჩვენებს, რამდენად უპასუხისმგებლო და მატყუარა ადამიანებთან გვაქვს საქმე.

დღეს რასაც ვუყურებთ, არის გარკვეული პრელუდია უფრო სერიოზული სანქციებისა, მაგრამ არავის არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ აშშ დასჯის ივანიშვილს და ხელისუფლებაში მოიყვანს ვინმე ახალს. სანქციებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ ის არ გადაწყვეტს საქართველოს ბედს ისე, როგორც ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხის ნების გამოხატვა.

მთავარი სანქცია „ქართულ ოცნებას“ უნდა დაუწესოს ქართველმა ხალხმა.

  • რას აჩვენებს ბოლო ტენდენციები კავკასიის რეგიონში? კონკრეტულად სომხეთზე მინდა გკითხოთ: ფაშინიანის თქმით, სომხეთი გავა რუსეთის შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ), როცა ჩათვლის საჭიროდ. „არმენპრესის” ცნობით კი, ჯეიმს ობრაიენმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, განაცხადა, რომ ამერიკა ხედავს სომხეთთან ორმხრივი ვაჭრობის გაფართოებისა და სომხეთის წილის გაზრდის შესაძლებლობას მსოფლიო სავაჭრო ბაზარზე.

სხვადასხვა ვერსია არსებობს, რატომ გადადგა ივანიშვილმა ეს ულოგიკო და კონტრპროდუქტიული ნაბიჯი. ჩემი აზრით, აქ გეოპოლიტიკას შესაძლოა ჰქონდეს თავისი კონტექსტი, მაგალითად, ეს ნაბიჯი ყოფილიყო ნაკარნახევი იძულებითი, მოსკოვის ინტერესებიდან გამომდინარე.

სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების მოახლოებასთან ერთად, ასევე, სომხეთში წარმოქმნილი განცდის შედეგად, რომ რუსეთი არ ყოფილა სანდო პარტნიორი და უსაფრთხოების გარანტი, პრაქტიკულად რუსეთი კარგავს გავლენას მთელს სამხრეთ კავკასიაზე. არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ კარგი ურთიერთობები რუსეთს და აზერბაიჯანს შორის რაიმე ბერკეტია რუსეთისთვის. აზერბაიჯანი სარგებლობს ამ ურთიერთობებით, რამდენადაც მას ეს სჭირდება, იგი არასდროს რუსეთს სტრატეგიულად არ დაეყრდნობა და გააგრძელებს დამოუკიდებლად საქართველოს გავლით გარე ბაზრებთან ურთიერთობას. რუსეთი 2020 წლიდან მოყოლებული კარგავდა და ბოლოს პრაქტიკულად დაკარგა სომხეთსა და აზერბაიჯანზე გავლენის ბერკეტები.

სომხეთში დაინახეს, რომ როდესაც მათ სუვერენიტეტის დიდი ნაწილი, ეკონომიკური აქტივების სახით, გადასცეს რუსეთს, რომ სამხედრო უსაფრთხოების გარანტიები მიეღოთ, ეს დახმარება ვერ მიიღეს. მათ უკვე აღარაფერი აკავებს დასავლეთთან თანამშრომლობისგან. სომხეთში საზოგადოების დიდ ნაწილს ურჩევნია ევროპული, დემოკრატიული საზოგადოება იყოს.

რუსეთი კი განიხილავს საქართველოს ღია რუსიფიკაციას და დასავლეთთან სტრატეგიული კავშირის ჩაწყვეტას, როგორც მექანიზმს იმისათვის, რომ გადაუჭრას სომხეთს გზა ევროპისკენ და ასევე, დაემუქროს აზერბაიჯანის უნარს, რუსეთისგან დამოუკიდებლად აწარმოოს თავისი ურთიერთობები. ამ შემთხვევაში სომხეთის ევროპეიზაცია სრულიად შეუძლებელი გახდება, ხოლო აზერბაიჯანს ენერგორესურსების გატანა და სატრანსპორტო კომუნიკაცია გარე სამყაროსთან 100 პროცენტით შეიძლება არ შეიზღუდოს, მაგრამ რუსული კონტროლის ქვეშ მოექცევა, შესაბამისად, ეს ნიშნავს აზერბაიჯანის სუვერენიტეტის შეზღუდვას.

ამ გზით რუსეთი შეძლებს მნიშვნელოვანი კონტროლის ქვეშ მოაქციოს სომხეთი და აზერბაიჯანი. ამის მაგალითია ანაკლიის პორტიც: რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, ვინ ააშენებს პორტს, დასავლეთი თუ ჩინეთი? ამერიკული, დასავლური ინვესტიციებით აშენებული ანაკლია დემოკრატიულ, დასავლეთთან ინტეგრირებულ საქართველოში იქნებოდა დასავლეთის კარიბჭე დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში, ასე კი, ჩინელების აშენებული ანაკლია იქნება – ჩინურ-რუსული კარიბჭე, რომელიც ჩვენს იზოლაციას უზრუნველყოფს. ის ტვირთი, რომელიც აქ გაივლის, იქნება რუსეთის და ჩინეთის ინტერესებში და არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებში. ვინც აკონტროლებს ტვირთბრუნვას, ვინც აკონტროლებს გზებს, ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული ასე იყო, მას აქვს უპირატესობა და კონტროლი.

ზოგჯერ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აშანტაჟებენ დასავლეთს საქართველოს გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური როლით. არ უნდა შევაფასოთ ზედმეტად ეს როლი, მაგრამ, მაგალითად, საქართველოს ინტეგრაციას დასავლეთის სტრუქტურებში, შეიძლება ჰქონდეს გავლენა ცენტრალური აზიის ქვეყნების სუვერენიტეტზეც. ეს ქვეყნები დღეს გაყოფილია ჩინეთის და რუსეთის გავლენის ზონებად, მათი დასავლეთის ბაზრებზე სტაბილური წვდომის შემთხვევაში ჩნდება შესაძლებლობა, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა სუვერენიტეტის ზრდაზე აისახოს პირდაპირ.

  • არჩევნებში აქტიურობის გარდა, დასავლეთის აქტიურობა შეიძლება გაიზარდოს, როცა ცხადი ხდება, რომ საქართველოს რუსიფიკაციის შემთხვევაში მთლიანად კავკასიაზე დაამყარებს კონტროლს რუსეთი? 

დასავლეთმა თავისი მხარდაჭერა ნათლად გამოხატა და საქართველოს მაშინაც კი, როდესაც ეს მის ხელისუფლებას დამსახურებული არ ჰქონდა, ევროკავშირმა მიანიჭა ევროკავშირში გაწევრიანების გეგმა და კონკრეტული თარიღი. სწორი გზით სვლის შემთხვევაში, 2030 წელს შეიძლება გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

ასევე, აშშ-მ ჩამოაყალიბა წახალისების და გაფრთხილების მექანიზმი. ეს ეხება იმას, რომ თუ საქართველო განაგრძობს სვლას დემოკრატიული სვლით, მას ექნება ხელშესახები პროგრესი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თუ სავიზო ურთიერთობებში აშშ-თან. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია კონკრეტული უსაფრთხოების მექანიზმები, რომელიც ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოებას გაამყარებდა.

დასავლეთმა მოგვცა ნათელი სიგნალი, რომ ჩვენი არჩევანია: თუ გვინდა დემოკრატიული, ევროპული და დასავლეთთან ინტეგრირებული ქვეყანა, გვაძლევენ ამის შესაძლებლობას; თუ არ გვინდა, მაშინ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ მათი გადასახადების გადამხდელებისგან აკრეფილი დახმარება, რაც მილიარდებს აღწევს, გაგრძელდება.

თათოს ბრძოლა რუსული კანონისა და პროპაგანდის წინააღმდეგ – გოგო ევროკავშირის დროშით

ბოლო თვეებში ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში თქვენს ყურადღებას მიიქცევდა ნაწნავებიანი გოგო ორი დროშით, ხან ნელი, ხან უფრო ჩქარი სვლით, ზოგჯერ აგრესიულადაც რომ აბრახუნებს ეტლის ბორბლებს ბათუმის არაადაპტირებული ტროტუარების ბორდიურებზე ასასვლელად. ასეთ დროს უნდა მიხვდეთ, რომ გაბრაზებულია, რადგან იძულებულია შეეგუოს, რომ ბათუმის მერიამ ქუჩების მოსაწყობად დიდი ფული დახარჯა ბიუჯეტიდან, თუმცა ადაპტირებული გარემო ვერ შექმნა.

თათო მახარაძე 28 წლის აქტივისტია, რომელიც რამდენიმე ფრონზე ერთდროულად იბრძვის. ის „შშმ ქალთა ალიანსის“ ახალგაზრდულ მიმართულებას ხელმძღვანელობს.

დროშებით დადის მას შემდეგ, რაც მთავრობამ რუსული კანონი მეორედ წარუდგინა პარლამენტს და შემდეგ დაამტკიცა კიდეც:

„არ მეგულება ადამიანი, ვინც დასთანხმდება თქვას, რომ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი და აგენტია“ – ამბობს თათო და გვიყვება, როგორ შეიცვალა მისი დღის წესრიგი კანონის ინიციირებიდან დღემდე.

თვეზე მეტია უკვე სხვა ფორმატით გვიწევს მუშაობა. თუ იყო სახლი-სამსახური, სამსახური-სახლი, ახლა საპროტესტო აქციებიც ჩვენს სამსახურად იქცა“.

რუსული კანონის ხელახალი ინიციირების შემდეგ თათოს არ გამორჩენია არცერთი საპროტესტო აქცია, რაც ბათუმში გამართეს. არც წვიმა, ცივი ამინდები და არც არაადაპტირებული ტროტუარები მისთვის აღარ იყო ბარიერი, რაც ხელს შეუშლიდა წინ გასძღოლოდა ანტირუსულ მარშს ბათუმში და ამ აქციებზე მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მისი ეტლი „რუსეთში არ შეგორდება.“

თათო მახარაძე ბათუმში, აქციაზე მსვლელობის დროს

რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ თათო ამბობს, რომ ბრძოლა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს, ისევე, როგორც უნდა გაგრძელდეს ბრძოლა მათ წინააღმდეგ, ვისი ხელითაც რუსეთი საქართველოში რუსულ საქმეს აკეთებს:

„ვფიქრობ, მაშინაც კი, როცა არ ვსაუბრობ, ევროკავშირის დროშით ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, თუ სად მინდა ვიყო და რისთვის ვიბრძვი, რისთვის ვშრომობ“.

თათო ამბობს, რომ ანტირუსულ აქციებზე დგომა მისთვის ორმაგად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს არ იყო ბრძოლა მხოლოდ შშმ პირების უფლებების დასაცავად, ეს იყო ბრძოლა ქვეყნის გადასარჩენად. ამბობს, რომ ეს ერთგვარი შესაძლებლობაც იყო მისთვის იმის საჩვენებლად, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან შშმ პირები:

„მარშის დროს მიწევდა რაღაც პერიოდში სხვა მხარეს გადასვლა, შემდეგ უკან დაბრუნება. ხალხი ხედავდა, რამდენად დიდი სირთულე გვაქვს ჩვენ, თემს. ევროპაში ამ ყველაფერზე ძალიან კარგად აქვთ ნაფიქრი, იქ ადამიანთა უფლებები დაცულია, არცერთ შშმ პირს იქ არ სჭირდება იმაზე ფიქრი, თუ როგორ იცხოვროს დამოუკიდებლად, როგორ წავიდეს სკოლაში, როგორ მიიღოს განათლება“.

თათო მახარაძე ანტირუსულ აქციაზე

მათ, ვინც ახალგაზრდების სწრაფვას ევროპისკენ, მათ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ გაუაზრებელს და მართულს უწოდებს, თათო პასუხობს, რომ ევროპა მისთვის არა მოდური სიტყვა, არამედ რეალური საჭიროებაა:

„ჩვენთვის, ქართველებისთვის, ევროპა ნიშნავს კარგ განათლებას, ევროპულ ჯანდაცვას, ნიშნავს, რომ დიაგნოზის საძიებლად არ გვიწევდეს სხვა ქვეყანაში წასვლა ან დასმულ დიაგნოზზე პროცედურისთვის არ გვიწევდეს ქვეყნის დატოვება. ეს ჩვენთვის ნიშნავს ფართო სივრცეს და ღირსეულ დასაქმებას, არჩევანის თავისუფლებას. ჩვენ ვერ მივყვებით განათლების საფეხურებს ისე, რომ შემდეგ ვიყოთ კონკურენტუნარიანები. ეს იმ პრობლემების უწყვეტი ჯაჭვია, რომლებიც ჩვენს გარემოში გვხვდება“.

თათო ამბობს, რომ რუსული კანონი გააქრობს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უკვე წლების განმავლობაში შშმ პირების უფლებებისთვის იბრძვიან და ამის გამო ძალიან სწუხს:

„მე და ჩემი მეგობრები ვშრომობთ, ვცდილობთ ჩვენი ხმა კიდევ უფრო მკაფიოდ ისმოდეს. შეიქმნა არაერთი სერვისი, ადაპტირებული ტრანსპორტი და სხვა სერვისები, რომლებიც გვიწყობს ხელს რომ დამოუკიდებლად ვიცხოვროთ, სხვათა თანასწორად. და ამ დროს გამოჩნდა მეორედ ეს კანონი, რომელიც რუსულ იდეას ატარებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რა შესაძლებლობაც აქამდე შეგვიქმნია, არსად არ წავა, მაგრამ სამყარო ვითარდება, მეტი გვაქვს გასაკეთებელი, რომ თანაბარ პირობებში ვიცხოვროთ. ამის შესაძლებლობას რუსული კანონი არ მოგვცემს.

შეუძლებელია იარლიყის, აგენტის უკან მუშაობის გაგრძელება. ეს კანონი გაბრკოლებს. აქამდე რაც კი გაგიკეთებია, ამაზე გეუბნება, რომ აგენტურული ქცევაა და ამდენი შესაძლებლობის მომცემ დასავლელ პარტნიორებზე გვეუბნება, რომ ეს არის უცხო ძალა. ვინც ამ შესაძლებლობას ვიყენებთ, გვეუბნება, რომ ვართ აგენტები. არ მეგულება ჩემს ირგვლივ ადამიანი, რომელსაც უნდა აგენტის სტატუსით გაგრძელოს შრომა“. 

ევროკავშირსა და მის შესაძლებლობაზე, დასავლელ პარტნიორებზე საუბრისას, თათო გვიხსნის, რა შეიძლება დაასრულოს ამ ყველაფერმა როგორც მისთვის, ერთი მებრძოლი გოგოსთვის, ასევე ქვეყნისთვის. 28 წლის აქტივისტი, საბჭოთა კავშირს გვახსენებს და ამბობს, რომ არ უნდა იქ დაბრუნება, სადაც ადამიანები „უჩინარი ცხოვრებით“ ცხოვრობდნენ:

„არცთუ ისე შორეულ წარსულში ჩვენ საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყანა ვიყავით, სადაც თემი არ მიიჩნეოდა საერთოდ მოქალაქედ, ადამიანად, იყო დამალული და უხილავი. მისი უფლებები და ღირსება არ იყო დაცული. არც კი აღიარებდნენ და ისეთი ტერმინებით მოიხსენიებდნენ, რომ არც მინდა ამ ტერმინების გამოყენება უფრო იმიტომ, რომ არ მინდა საზოგადოებას ეს ტერმინები შევახსენო. ჩვენ წლებია ვცდილობთ და ვიცით, როგორი ბრძოლაა ეს“. 

საბჭოთა კავშირთან პარალელის შემდეგ ისევ რუსულ გავლენებზე საუბარს ვუბრუნდებით.

„რუსული საუბარი მომრავლდა, რესტორნები მომრავლდა, სადაც რუსულად საუბრობენ, ეძებენ პერსონალს, რომელიც მეტყველებს რუსულად. მქონია შემთხვევა, რომ კომპანიას მივწერე და რუსულად მიპასუხეს. ეს მართლა გამაღიზიანებელი და შეურაცხმყოფელია“ – ამბობს თათო. 

 

მისი თქმით, კიდევ ერთი „წინა ხაზი“ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაა.

თათო მიიჩნევს, რომ ეს არის ბრძოლა, სადაც მარტო არავინ უნდა დარჩეს. იგი არამხოლოდ საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ ახლობლებსაც უხსნის, რომ ეს მათაც უნდა გააკეთონ:

„ამ ყველაფრის მიღმა მე ყველაზე მეტად მაწუხებს რუსული პროპაგანდა, რომელიც გვაჯერებს, რომ ეს მთავრობა გვიქმნის სიმშვიდეს, მშვიდობას და თუ რაიმეს ვაპროტესტებთ გეუბნებიან: აბა ომი გინდათ? – ჩვენ არ გვინდა ომი და ზუსტად იმისთვის ვიბრძვით, რომ ომი არ იყოს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენი აქციებით აქ შემოვა რუსეთი, არა, რუსეთი უკვე აქ არის, პროპაგანდით და ხელისუფლების ხელით აკეთებს რუსულ საქმეს.

მე არ მეგულება არცერთი რუსული კომპანია, რომელსაც რაღაცა დაბრკოლება აქვს ჩვენს გარემოში. სამწუხაროდ, ჩვენი გარემო ამ დაბრკოლებას მათ არ უქმნის. იმაზე უკეთ შრომობენ და ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე თავის ქვეყანაში.

ვისურვებდი რომ ამ რუსულ პროპაგანდას განვუდგეთ. ჩვენს მეგობრებში, ახლობლებში ვისაუბროთ იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ვიცხოვროთ ქართული ღირებულებებით და ჩვენი მრავალფეროვნება შევძინოთ ევროპას.“

თათო აქციაზე
თათო ერთ-ერთ აქციაზე

ნახეთ ვიდეო:

YouTube video player

თურქეთში სიცხემ ტყის ხანძრები გამოიწვია

თურქეთში, ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ტყის ხანძარი დაფიქსირდა ქვეყნის შვიდ პროვინციაში.

თურქული მედიის ცნობით, ტყის ხანძრები სტამბოლის, ჩანაქკალეს, მუღლას, სინოპის, კუტაჰიასა და იზმირის პროვინციებში კონტროლს ექვემდებარება, ხოლო მეხანძრე-მაშველები მუშაობენ ხანძრის ჩასაქრობად უშაკის პროვინციაში.

მედიის ინფორმაციით, ძლიერი სიცხის გამომწვევი ჩრდილოეთ აფრიკიდან შემოსული თბილი ჰაერის მასები გახდა, რის გამოც საბერძნეთსა და თურქეთში ტემპერატურამ +45 გრადუს ცელსიუსამდე აიწია.

სტამბოულის კატასტროფების საკოორდინაციო ცენტრმა გამოაქვეყნა გაფრთხილება 35 გრადუს ცელსიუსსა და ტყის ხანძრის გაზრდილი რისკის შესახებ.

სინოპტიკოსების ცნობით, ცხელი ამინდი თურქეთში პარასკევის ჩათვლით შენარჩუნდება.

_______________

ფოტო: „დეილი საბაჰი“

Exit mobile version