ხატია ფუტკარაძემ და ლუკა დუმბაძემ თავიანთი პირველი ბიზნესი ერთი თვის წინ დაიწყეს. ბათუმში, ლერმონტოვის და ფარნავაზ მეფის ქუჩების კუთხეში გახსნეს Book Cafe/წიგნის კაფე, რომელიც პირველი სტუდენტური კაფეა ქალაქში.
„ჯანსაღი კვება, სამუშაო სივრცე და ლიტერატურა“ – ამ კონცეფციაზე ააწყვეს კაფე ხატიამ და ლუკამ.
„დიდი ხნის სურვილი იყო საკუთარი საქმე გვქონოდა. წლების განმავლობაში ვფიქრობდი მსგავსი ტიპის კაფეს გახსნაზე, მაგრამ სანამ ხატიას არ შევხვდი, მანამდე იდეა საქმედ ვერ ვაქციე. კაფეს კონცეფცია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ჩამოვაყალიბეთ, რადგან თავად არ გვქონდა ისეთი სივრცე, სადაც თან ვისწავლიდით, თან ვიმუშავებდით და თან თავისუფლად ვიქნებოდით“, – ამბობს ლუკა დუმბაძე.
კარგი ყავა, გემრიელი, ჯანსაღი საკვები და კარგი ლიტერატურა – აი, რა დახვდება Book Cafe-ში მისულ სტუმარს.
„ჩვენი ბიზნეს მოდელი მორგებულია სტუდენტებზე. ამიტომ თითოეულ კომპონენტში გავითვალისწინეთ სტუდენტები. ჩვენი სამუშაო სივრცე უფასო გავხადეთ ყველა სტუდენტისთვის და შემოსავლების მიღება გადავწყვიტეთ მხოლოდ იმ პროდუქციით, რომელსაც კაფე აწარმოებს.
გვინდოდა ისეთი მყუდრო გარემოს შექმნა, სადაც სტუდენტი მშვიდად მუშაობას შეძლებდა. შემდეგი ამოცანა იყო ზუსტად შეგვერჩია ის ლიტერატურა, რომელიც სტუდენტებისთვის იქნებოდა აუცილებელი, ამიტომ სულაკაურის გამომცემლობასთან თანამშრომლობით შევძელით შეგვევსო მსოფლიო ლიტერატურა და ის ლიტერატურა, რომელიც სწავლის პროცესში შეიძლება დასჭირდეთ სტუდენტებს.
ასევე, სტუდენტური ბარათის შემთხვევაში სტუდენტები კაფეში 35 %-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ სრულ პროდუქციაზე“, – ამბობს ხატია ფუტკარაძე.
ხატია და ლუკა ბსუ-ს სტუდენტები არიან, მაგისტრატურის პირველ კურსზე სწავლობენ.
14 ნოემბერს ბსუ-ში სტუდენტური პროტესტი დაიწყო. სტუდენტები გაყალბებულ არჩევნებს და წინასაარჩევნო პროცესში მმართველი პარტიის სასარგებლოდ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ჩართულობას აპროტესტებენ.
8 დღე და ღამეა სტუდენტთა ერთი ჯგუფი ღამეს უნივერსიტეტში ათევს პროტესტის ნიშნად. ხატიამ და ლუკამ გადაწყვიტეს თავიანთი წვლილი შეეტანათ ამ პროცესში, მათი მხარდაჭერა სტუდენტებისადმი საკვების და წიგნების მიტანაში გამოიხატა.
„დამწყები ბიზნესისათვის მსგავსი აქტივობის გაკეთება საკმაოდ რთულია, მაგრამ ჩვენ გვინდოდა იქ ვყოფილიყავით, სადაც ჩვენი მეგობრები და სტუდენტები არიან,“ – ამბობს ლუკა დუმბაძე.
„ჩვენც სტუდენტები ვართ და გვინდოდა ასე გამოგვეხატა სტუდენტებისათვის გვერდში დგომა. ჩვენი მიზანია სტუდენტები გავამხნეოთ, ამასთან, კომპანიებს მივცეთ მაგალითი და მოვუწოდოთ, რომ ჩაერთონ მსგავს აქციებში.
ჩვენი მხარდაჭერა სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კარგი იქნება თუ ბევრი კომპანია მოგვბაძავს და დაეხმარება სტუდენტებს, რადგან ახლა სტუდენტების გვერდით დგომა მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ხატია ფუტკარაძე.