მომხმარებელი ფეისბუქში წერს, რომ ცენზურის კანონის გამო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე თვის წინ მიიღო, წიგნის მაღაზიათა ქსელიდან თანამედროვე იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის წიგნები ამოიღეს. სულაკაურის გამომცემლობა კი მურაკამის წიგნების გაყიდვის შეჩერებას ცენზურის კანონს არ უკავშირებს.
„მურაკამი მოვიკითხე ბიბლუსში და რეგულაციების გამო ამოგვაღებინეს გაყიდვიდანო. გამაღვიძეთ ვინმემ“, – წერს ერთ-ერთი მკითხველი სოციალურ ქსელში.
„ბათუმელები“ წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსს“ დაუკავშირდა და ჰკითხა, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია.
„ბიბლუსში“ დაგვიდასტურეს, რომ წიგნის გაყიდვა შეჩერებულია.
„კი, ასეა. რამდენიმე დღეა თვითონ სულაკაურის გამომცემლობას აქვს დროებით შეჩერებული გაყიდვის უფლება და ალბათ ეს საკითხი მათთან უნდა დააზუსტოთ, რატომ“, – გვითხრეს „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში.
ამავე ქსელის ერთ-ერთ ფილიალში კი დაგვიდასტურეს, რომ მურაკამის წიგნები აქვთ, მაგრამ გამომცემლის მოთხოვნით მაღაზიიდან აიღეს – „წიგნები გვაქვს, მაგრამ გაყიდვის უფლება არ გვაქვს“.
მათ ვკითხეთ, ჰარუკი მურაკამის გარდა კიდევ ხომ არ არის რომელიმე სხვა მწერლის წიგნების გაყიდვაც შეჩერებული, რაზეც გვითხრეს, რომ მსგავსი მოთხოვნა, ჯერჯერობით, მხოლოდ მურაკამის წიგნებზე მიიღეს.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა სულაკაურის გამომცემლობას, სადაც გვითხრეს, რომ მურაკამის ქსელიდან ამოღება ცენზურის კანონს არ უკავშირდება.
„არა, ახალი წიგნი გამოვეცით მურაკამის და პირიქით, განახლებას ვაკეთებთ. ახალ ყდებს ვუკეთებთ, თორემ შეჩერებული არ არის. ცენზურასთან არაფერ შუაშია, უბრალოდ, ახალი წიგნი გამოვეცით ახლა მურაკამის, კიდევ ერთი მზადდება და ყდების განახლება ხდება, დიზაინს ვუცვლით, ამიტომ არის შეჩერებული, შემდეგ ისევ გავა ქსელში“, – გვითხრა სულაკაურის წიგნის გამომცემლობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამარ ჩხაიძემ.
დაზუსტების მიზნით გამომცემლობას ვკითხეთ, ყდის განახლება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უკვე გამოცემული და ქსელში გატანილი წიგნის გაყიდვა შეაჩერონ?
„კი, მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვთანამშრომლობთ უცხოურ სააგენტოსთან, საავტორო უფლებებს ვყიდულობთ და არც ერთი წიგნი არ გვაქვს გამოცემული ლიცენზიის გარეშე. გვაქვს ვალდებულება სააგენტოსთან და მთელი რიგი პროცედურებია.
ვაახლებთ ხელშეკრულებას, ახალ ყდებს ვამზადებთ და ამის გამოა შეჩერებული გაყიდვა. ნოემბრის ფესტივალზე გამოვედით მურაკამის ახალი წიგნით და კანონთან კავშირში რომ იყოს, მაშინ წიგნები საერთოდ უნდა ამოგვეღო ქსელიდან და გაგვენადგურებინა. ამის შესახებ ჩვენ თვითონაც გავაკეთებდით განაცხადს.“
გამომცემლობას ვკითხეთ, რატომ არ არიან ამის შესახებ ინფორმირებული წიგნის მაღაზიები, თუ მიწოდება დროებით შეჩერდა? რაზეც გამომცემლობაში გვითხრეს. „არ ვიცი, ასე რატომ გითხრეს. რაღაცების მარაგი ამოწურულია. უბრალოდ, კანონთან არაფერ შუაშია, როგორც ჩანს, რაღაც გაუგებრობაა“, – გვითხრა თამარ ჩხაიძემ.
მისი თქმით, შესაძლოა მურაკამის მიწოდება ამ კვირაშიც განახლდეს.
ცენზურის კანონი არის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, ებრძვის „ლგბტ პროპაგანდას“. რეალურად კი ლგბტ თემს უფლებებს უზღუდავს, ასევე – აწესებს ცენზურას.
აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ, რომელიც აღნიშნავს, რომ ცვლილებები გააღვივებს მტრულ დამოკიდებულებას ლგბტ ადამიანების მიმართ.