„ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, „ოცნების“ დეპუტატს ქობულეთში ჯამში 1,3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცეს. კომპანია „შატო კვირიკე“, რომლის მესაკუთრეა პარლამენტის წევრი გიორგი ჭყონია, 1 კვადრატულ მიწაში 59,7 ლარს გადაიხდის და ქონების მთლიანი თანხა – 819 800 ლარი, ორ წელში უნდა დაფაროს.
გიორგი ჭყონიას „შატო კვირიკეს“ 100 პროცენტი წილი მთლიანად ბიძინა ივანიშვილის ბანკ „ქართუში“ აქვს ჩადებული. წილის გირავნობის ხელშეკრულება „ბანკი ქართუსთან“ მაქსიმუმ 50 მილიონ აშშ დოლარზეა გაფორმებული. გიორგი ჭყონიას „ქართუში“ სხვა კომპანიების წილებიც აქვს დაგირავებული.
მთავრობის 2025 წლის 6 მარტის განკარგულებით, რომელსაც ხელს „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს, „შატო კვირიკეს“ პირდაპირი წესით მიჰყიდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ორი ნაკვეთი: 2 272 კვადრატული მეტრი – სოფელ ნაკაიძეებში და 11 452 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი – ქალაქ ქობულეთში, დავით მესხიძის ქუჩაზე.
„ოცნების“ დეპუტატის კომპანიას მიწა პირობებით მიჰყიდეს:
- „შატო კვირიკემ“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვეში „პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, მიწის ნაკვეთებზე ან მის ნაწილზე უნდა ააშენოს და აამუშაოს „სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი საწარმო“.
- აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიზნით კი, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 2 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია [დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე] უნდა ჩადოს.
გარდა ამისა, „შატო კვირიკე“ ვალდებულია, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამავე განკარგულებით გათვალისწინებული ინვესტიციის არანაკლებ 5%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომელიც მისი მოქმედების პერიოდში უზრუნველყოფს საპრივატიზებო პირობების შესრულებას [მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას].
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
ნაკვეთი ქობულეთში, დავით მესხიძის ქუჩაზე, რომელიც „შატო კვირიკეს“ მიჰყიდა მთავრობამ, ზღვიდან 1,5 კილომეტრშია და ფაქტობრივად ამავე კომპანიის სარგებლობაშია. საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული ტერიტორია 2024 წლის აგვისტოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში იყო და ის იჯარით ჰქონდა აღებული შპს MTS-ს [ახლანდელი შპს „შატო კვირიკე“]. შემდეგ იჯარით აღებული ნაკვეთი დაიყო და 2025 წლის თებერვალში აღნიშნული ნაკვეთი ცალკე დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად, თუმცა, ამონაწერში მოიჯარე კომპანია აღარ ფიგურირებს.
ამავე დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთის მიმდებარედ „შატო კვირიკეს“ 2 ჰექტრამდე ტერიტორია 2067 წლამდე იჯარით აქვს აღებული და იქ ვენახი აქვს გაშენებული და ღვინოსაც აწარმოებს. ეს ტერიტორია ამ დროისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

„შატო კვირიკეს“ ვენახი ქობულეთში / 17.03.2025
ხოლო კიდევ ერთ მომიჯნავე ნაკვეთზე „შატო კვირიკე“ წვეულებათა დარბაზს და სასტუმრო/კოტეჯებს ამუშავებს. ტერიტორია 2,1 ჰექტარია და უშუალოდ „შატო კვირიკეს“ საკუთრებაშია. რეესტრის დოკუმენტებით, ეს ქონება „ბანკი ქართუს“ მიერ იპოთეკითაა დატვირთული. „შატო კვირიკე“ თავის დროზე სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებშიც დააფინანსეს.

„შატო კვირიკე“ / ფოტო „შატო კვირიკეს“ ფეისბუქიდან
ამ ნაკვეთის მომიჯნავეა ასევე „შატო კვირიკეზე“ პირდაპირი წესით მიყიდული კიდევ ერთი ნაკვეთი, რომლის მისამართად რეესტრში [ასევე მთავრობის განკარგულებაში] მითითებულია – სოფელი ნაკაიძეები.

ტერიტორია, რომელიც დღეს „შატო კვირიკეს“ საკუთრებაშია, 2009 წელს შპს „აგროტექსერვისი ქობულეთს“ ეკუთვნოდა. „აგროტექსერვისი ქობულეთის“ მესაკუთრე კი ბაირამ ილმაზი იყო. 2010 წელს ეს კომპანია 1,8 მილიონ ლარად იყიდა გიორგი ჭყონიამ, 2011 წელს გადაარქვა სახელი და უწოდა შპს „MTS“.
2015 წელს კი, გიორგი ჭყონიასა და „ბანკ ქართუს“ შორის გაფორმდა წილის გირავნობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით ჭყონიამ სწორედ „MTS“-ის 100 პროცენტი წილი დააგირავა „ქართუში“.

ამონარიდი 2015 წელს გაფორმებული წილის გირავნობის ხელშეკრულებიდან [N(გ) 578, მოგირავნე: სს „ბანკი ქართუ“-ს ბათუმის სერვისცენტრი; დამგირავებელი: გიორგი ჭყონია

ამონარიდი 2015 წელს გაფორმებული წილის გირავნობის ხელშეკრულებიდან [N(გ) 578, მოგირავნე: სს „ბანკი ქართუ“-ს ბათუმის სერვისცენტრი; დამგირავებელი: გიორგი ჭყონია
ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა უშუალოდ წილის გირავნობის ხელშეკრულებაშიც, რის შედეგადაც იზრდებოდა საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის მაქსიმალური მოცულობა და ის დღეს 50 მილიონი აშშ დოლარია:


„შატო კვირიკეს“ საკუთრებაში არსებული, ასევე იჯარით და პირდაპირი მიყიდვით გადაცემული ნაკვეთები [ყველა მონიშნულია წითელი ფერით]

2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით კი საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის მაქსიმალური მოცულობა აქაც 8 მილიონი აშშ დოლარი იყო:

ამონარიდი 2015 წელს გაფორმებული წილის გირავნობის ხელშეკრულებიდან [N(გ) 577, მოგირავნე: სს „ბანკი ქართუ“-ს ბათუმის სერვისცენტრი; დამგირავებელი: გიორგი ჭყონია]

ამონარიდი 2015 წელს გაფორმებული წილის გირავნობის ხელშეკრულებიდან [N(გ) 577, მოგირავნე: სს „ბანკი ქართუ“-ს ბათუმის სერვისცენტრი; დამგირავებელი: გიორგი ჭყონია]
კომპანიები და მათში გიორგი ჭყონიას საკუთრებაში არსებული წილები, რომლებიც მართვაში გადაეცა ჯიმშერ ზოიძეს:

წყარო: წილის მართვის ხელშეკრულება
ამ კომპანიების გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ გიორგი ჭყონიას „ქართუში“ კიდევ ორი კომპანიის: „ფიგოილის“[50%] და „ბათუმი ცენტრალის“[45%] წილებიც აქვს ჩადებული.
ორ სხვა კომპანიაში – „კრიპტო ჰოუმ მენეჯმენტსა“ და „კრიპტო ჰოუმში“ გიორგი ჭყონიას პარტნიორები რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც კომპანიებში შესაბამისად წილის 70 და 55 პროცენტს ფლობენ ჯამში. შპს „თაუერ გრუფი ურეკში“ კი, ჭყონიას პარტნიორია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა [60%].
წილის გირავნობის ზემოთ აღნიშნულ ყველა ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ გირავნობა უზრუნველყოფს „ბანკსა და შპს „გზა“-ს შორის 2015 წლის პირველ ივნისს დადებული გენერალური ხელშეკრულებით N570 [საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ] და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი მათ შორის მესამე პირებთან დადებული] ხელშეკრულებ(ებ)ით წარმოშობილ ვალდებულებებს, რომლის კონკრეტული პირობები აღწერილია საკრედიტო პროდუქტის შესაბამის ხელშეკრულებ(ებ)ში“:

ამონარიდი წილის გირავნობის ერთ-ერთი ხელშეკრულებიდან
შპს „გზასა“ და „ბანკი ქართუს“ შორის დადებული გენერალური ხელშეკრულების – N570 [ასევე საკრედიტო პროდუქტის შესაბამისი ხელშეკრულებების] შინაარსი ჩვენთვის უცნობია.
კომპანია „გზა“ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილისთვის მრავალწლოვანი ხეების გადაზიდვაშიც იყო ჩართული.
როგორც აღვნიშნეთ, გიორგი ჭყონია არაერთი სხვა კომპანიის მეწილეცაა და ეს კომპანიები ადგილობრივ ტენდერებს ხშირად იგებენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ერთ-ერთი [2023 წლის] კვლევის მიხედვით ბიზნესმენმა გიორგი ჭყონიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 335-მილიონიანი შემოსავალი მიიღო.
2024 წელს შპს „გზა“ საერთაშორისო ტენდერშიც გამოავლინეს გამარჯვებულად. ამ ტენდერის ფარგლებში აჭარის სოფლებსა და დაბებში წყლის და კანალიზაციის თანამედროვე სისტემები უნდა მოეწყოს. კონტრაქტის ღირებულება ამ შემთხვევაში დაახლოებით 62 მილიონი ევროა. ვრცლად: აჭარის რომელ სოფლებში უნდა აშენდეს წელს წყლისა და კანალიზაციის სისტემები.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის გიორგი ჭყონია „ოცნებამ“ თავის საარჩევნო სიაში 46-ე ნომრად ჩასვა.
გიორგი ჭყონია დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატია არალეგიტიმურ პარლამენტში. ის „ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემწირველიცაა. ამ თემაზე ნახეთ: „ოცნებას“ ყველაზე ბევრი აჭარიდან შესწირეს – მშენებლების „ფანდრაიზინგი“
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კიდევ ერთი კომპანია „გონიო ლაქშერი რეზიდენსი“ ბათუმში [გონიოში] ადრე შეთანხმებული კოტეჯების ნაცვლად მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს.
ამ თემაზე:
„ოცნების“ დეპუტატის კომპანია გონიოში კოტეჯების ნაცვლად კორპუსებს ააშენებს – ცვლილება პროექტში






