ბათუმში პროევროპული აქციების მონაწილეებს გზის გადაკეტვას ედავებიან და 17 თებერვალს სასამართლოში იბარებენ.
აქციების ერთ-ერთი მონაწილის, ლინდა ცინცაძის თქმით, მას დაურეკეს და უთხრეს, რომ ედავებიან ადმინისტრაციული წესით გზის გადაკეტვის გამო, 31 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოსთან.
სინამდვილეში აქციის მონაწილეები ზებრაზე გადაადგილდებოდნენ.
„მხოლოდ ორჯერ გადავედი ზებრაზე და ამის გამო მიბარებენ“ – ამბობს ლინდა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში, 31 იანვარს, ზებრაზე გადაადგილების გამო გზის გადაკეტვას 13 მოქალაქეს ედავებიან და ისინი სასამართლოში არიან დაბარებული.
საიას ცნობით, აქციის მონაწილეებს, რომლებიც 17 თებერვალს სასამართლოში დაიბარეს, ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე მუხლის მეოთხე ნაწილით ედავებიან – „სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით“.
აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან საღამოს 7 საათის შემდეგ დაიწყო, როცა სასამართლო აღარ მუშაობდა. აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე, სადაც აქციის მონაწილეები ზებრაზე გადაადგილდებოდნენ, საღამოს საათებში დატვირთული არ არის – აქ, მახლობლად, ადმინისტრაციული შენობები მდებარეობს, საკონსტიტუციო სასამართლო და აჭარის მთავრობა, ორივე უწყების სამუშაო საათები აქციის დროს დასრულებული იყო და აქციის მონაწილეების გადაადგილება მათ მუშაობას ხელს ვერ შეუშლიდა.
______________
ფოტოზე: 31 იანვრის აქცია ბათუმში, მოქალაქეები ზებრა გადასასვლელზე. ფოტო: ედო მჟავანაძე
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 856 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180]
ტანკი – 10 068 ერთეული [+11]
ჯავშანტექნიკა – 20 927 ერთეული [+17]
საარტილერიო სისტემა – 23 174 ერთეული [+59]
MLRS – 1 283 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 067 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 25 341 ერთეული [+117]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 063 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 37 379 ერთეული [+127]
სპეცტექნიკა – 3 747 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
653 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
43 342 უპილოტო საფრენი აპარატი
594 საზენიტო სარაკეტო სისტემა
21 450 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 517 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
21 721 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
31 674 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„მოგესალმებით გლდანის #8 პენიტენციური დაწესებულების პირველი E კორპუსის 101-ე საკნიდან. აქ მყოფი უკანონო პატიმრები აქტიურად ვაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და არ გვსურს განზე გადგომა“, – ეს სარედაქციო სვეტია გაზეთის, რომელიც 19 წლის უკანონო პატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ ციხეში გამოუშვა.
„საკანი 101“ – ასე ჰქვია გაზეთს და მისი პირველი ნომერი 2025 წლის 10 იანვარს გამოვიდა.
ძველ ბათუმში, ზვიად ცეცხლაძის სახლისკენ ქვაფენილიანი გზა მიდის. 10 იანვრის დილაა. ზვიადის სახლში მისი მშობლები თბილისში წასასვლელად ემზადებიან. 11 იანვარს ზვიადის სასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს.
დილის 11 საათია, ზვიადის დედასთან, ნარგიზ დავითაძესთან ინტერვიუს ტელეფონის ზარის გამო ვწყვეტთ. „ზურა, ზვიოა? მოდი, მოდი…“ – ეძახის ნარგიზი მეუღლეს და სთხოვს, ტელეფონი შემოიტანოს. ვიდეო კადრის გაფუჭება არ უნდა, მაგრამ არც შვილის ზარის გამოტოვება სურს.
„რა ხდება მაქეთ?“ – ეს იყო ზვიადის პირველი კითხვა მშობლებთან.
მშობლებს ზვიადთან ხანმოკლე საუბარი ჰქონდათ. ზვიადმა მათ სთხოვა, რომ ციხეში შეეგზავნათ წიგნი ზვიად გამსახურდიას შესახებ. საუბარი ორ წუთს გრძელდება. მშობლები ზვიადს ჰპირდებიან, რომ მეორე დღეს პროცესზე ნახავენ.
„მხნედ ვარ, ამაყად ვარ, ბრძოლის სულისკვეთებით. რა ხვედრიც გვარგუნა ამას ვიაზრებთ – საზოგადოებას იმედს არ გავუცრუებთ. ვიბრძვით გამარჯვებამდე,“ – საზოგადოებისთვის გზავნილს უტოვებს მშობლებს ზვიადი.
„თვეში 15 წუთი აქვს საუბრისთვის და ამ წუთებს ანაწილებს. როცა დარეკავს, ცდილობს სწრაფად ილაპარაკოს და ეს წუთები გამოიზოგოს. თავიდან არ იცოდა და ერთბაშად მიახარჯა. ამის გამო მთელი ათი დღე არ ჰქონდა სასაუბრო წუთები და ვერ დაგველაპარაკა. ახლა რაციონალურად ანაწილებს. 3 დღეში ერთხელ მაინც რეკავს,“ – გვიხსნის ზურა ცეცხლაძემ, ზვიადის მამა.
„როცა მისი ზარი შემოდის, მერე ძალა მემატება“ – გვეუბნება ზვიადის დედა, ნარგიზ დავითაძე და ვაგრძელებთ ინტერვიუს, რომელსაც ზვიადის ოთახში ვწერთ.
ზვიადის ოთახის ერთ კედელზე მსოფლიო რუკის გამოსახულებითაა შპალერი გაკრული. ყველგან, სადაც რუკაზე რუსეთი წერია, წარწერა გადახაზულია და ლურჯი კალმითაა მიწერილი „Occupant“.
„ერთ დღეს სახლში რომ მოვედი ასეთი დამხვდა კედელი,“ – გვიხსნის ზვიადი დედა.
მას შემდეგ, რაც ზვიად ცეცხლაძის სახელი ყველამ გაიგო, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში? – ვეკითხებით ზვიადის დედას.
„ნერვიულობა, მეტი არაფერი არ შეიცვალა. არ მეგონა თუ პატრიოტიზმი და ასეთი რაღაცები ხალხს გააღიზიანებდა“ – გვპასუხობს ის.
ნარგიზ დავითაძე ამბობს, რომ ზვიადის პატრიოტად გაზრდა „მამამისის ბრალია“.
„პატარაობისას ზურას გარეშე არ იძინებდა. იძახდა – მამა მომიწვევსო. ზურა ზღაპრების ნაცვლად უყვებოდა ამბებს საქართველოზე, როგორი იყო ჩვენი ქვეყანა. რა გამოიარა ჩვენმა წინაპრებმა. ისრუტავდა ბავშვი.
ძალიან თავისუფალი ბავშვი იყო. ეზოში რომ ჩავიდოდა, მალე ბრუნდებოდა ხოლმე. ვეკითხებოდი, რატომ ბრუნდები ასე მალე-მეთქი და ვერ ვთანხმდებით დედა აზროვნებაშიო. ისინი სხვანაირად ფიქრობენ, მე სხვანაირად და თანხვედრაში ვერ მოვდივართო. შემოვიდოდა, ხატავდა და წერდა. ხან კედელზე, ხან რვეულში.
მეოთხე თუ მეხუთე კლასში იყო ლექციებს კითხულობდა ეროვნულობაზე. შექმნა ჯგუფი, ონლაინ და სახლში მოჰყავდა მისი ტოლები. ეროვნულ თემებზე ესაუბრებოდა – საქართველოში გვაკლია ეროვნული სულისკვეთებაო. სხვათა შორის ბევრი ბავშვი აიყოლია – ჩვენს ქვეყანას სჭირდება ეროვნული სულისკვეთებაო – იძახდა,“ – იხსენებს ზვიადის დედა.
ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ზვიად ცეცხლაძემ 2022 წელს, თავის მეგობრებთან ერთად დააფუძნა. მალევე მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. ორგანიზაცია ბათუმში და შემდეგ უკვე თბილისში, სხვადასხვა საპროტესტო აქციაში იყო ჩართული.
2024 წლის 19 აპრილის საღამოს თბილისში, გმირთა მემორიალის წინ ახალგაზრდები შეიკრიბნენ და ფიცი დადეს. მომდევნო დღეებში ფიცის ტექსტი დიდი ვნებათაღელვის და გარჩევის საგანი გახდა ქართულ საზოგადოებაში.
ეს ტექსტი გმირთა მემორიალისკენ მიმავალ გზაზე, მარშის დროს დაწერა ზვიად ცეცხლაძემ.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები, შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი, მათი სულების წინაშე. ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას. ვფიცავ, რომ არასდროს შევურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს და ერთობას.
ვფიცავ! ვფიცავ! ვფიცავ!
გაუმარჯოს დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს!“ – შეჰფიცეს ერთმანეთს და წინაპრებს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გამოსულმა ახალგაზრდებმა.
ზურა ცეცხლაძეს ზვიადის სამეცადინო ოთახისკენ მივყავართ. ერთი კედელი სრულადაა დაფარული სერტიფიკატებით. ყველა მათგანზე ზვიად ცეცხლაძის სახელი წერია და მოსწავლეობის პერიოდში სხვადასხვა დროს აქვს მიღებული.
„როცა ჩემმა შვილმა თვალი გაახილა, ყველგან ზვიად გამსახურდიას ფოტო დახვდა. ჩვენ ვზრდიდით დამოუკიდებელი საქართველოს დაბადების შესახებ ისტორიით ჩვენს შვილს და როცა დრო გავიდა, ვერც კი მივხვდით, როგორ გახდა ჩვენზე უფრო ზვიადისტი, ჩვენზე უფრო ეროვნული,“ – ასე ახასიათებს ზურა ცეცხლაძე საკუთარ შვილს.
ზურას მამა, ზურას ძმა და თავად ზურა ცეცხლაძეც აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწეოდნენ 90-იან წლებში. როგორც ზურა ცეცხლაძე ამბობს, მათი ოჯახი ზვიადისტების ოჯახი იყო და ისინი იბრძოდნენ დამოუკიდებელი საქართველოსათვის.
„ჩვენი ოჯახი ეროვნული მოძრაობის ავანგარდში იყო. 1990 წელს, ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმი მძვინვარებდა, როცა მამა ჰელსინკის კავშირში გაწევრიანდა. თვით ზვიად გამსახურდიას ხელმოწერით აქვს მოწმობა, დღემდე ვინახავთ მას.
ჩემი უფროსი ძმა ეროვნული გვარდიის წევრი იყო. მე უფრო პოლიტიკაში ვიყავი ჩართული, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ საქართველოს მასშტაბით იქმნებოდა დაუმორჩილებლობის კომიტეტები, უკანონო რეჟიმისადმი წინააღმდეგობის გაწევის მიზნით. აჭარაში დაუმორჩილებლობის კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდით. ზვიადისტების ოჯახი იყო ჩვენი.
სულ მქონდა სურვილი და ვამბობდი – თუ მეყოლება ბიჭი, ზვიადს დავარქმევ-მეთქი. თუ ორი მეყოლებოდა, იქნებოდა ზვიადი და მერაბი.
როცა ჩემი მეუღლე დაფეხმძიმდა, გვითხრეს, რომ ტყუპები გველოდებოდა და ორივე ბიჭები იყვნენ. მუცელშივე შევურჩიეთ სახელი, რომელი-რომელი უნდა ყოფილიყო. ტყუპიდან ერთი სამწუხაროდ ცოცხალი ვერ დაიბადა, ის, რომელსაც მერაბი ერქვა. ზვიადი კი გადარჩა და მას სახელი ზვიად გამსახურდიას პატივსაცემად დავარქვით,“ – გვიყვება ზურა ცეცხლაძე ოჯახის ისტორიას.
ზვიად ცეცხლაძის მშობლები ნარგიზ დავითაძე და ზურა ცეცხლაძე კითხულობენ ზვიადის ლექსებს
19 წლის სტუდენტს, ზვიად ცეცხლაძეს, ოფიციალური ბრალის მიხედვით, პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.
„სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებას ედავება, კანონიერი ხელისუფლების დამხობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება, “ – ასე აღწერს თავადაც იურისტი ზურა ცეცხლაძე საკუთარი შვილის წინააღმდეგ არსებულ საქმეს.
ზვიად ცეცხლაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. დაკავებამდე ის შაბათობით, დილით, ირაკლი კობახიძეს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ, თსუ-ს პირველ კორპუსთან საპროტესტო აქციას უმართავდა. ზვიად ცეცხლაძე ირაკლი კობახიძის სტუდენტი იყო.
საქართველოში პროევროპული აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე გამოვიდა და თქვა: „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“.
კობახიძის ამ განცხადებას ქვეყანაში მასობრივი პროტესტი მოჰყვა. უკვე 78 დღეა ეს პროტესტი არ შეწყვეტილა.
ზვიად ცეცხლაძე 4 დეკემბრის საღამოს დააკავეს თბილისში. აქციების დაწყების პირველ ორ დღეს ზვიადი თბილისში არ ყოფილა, ბათუმში იყო, რადგან ბაბუა გარდაეცვალა.
ფეისბუქის პირდაპირი ეთერი, რომელიც ზვიად ცეცხლაძის საქმის მთავარი მტკიცებულებაა, 30 ნოემბერს ჩაწერა „დაფიონის“ ფეისბუქ გვერდზე. ასევე, ზვიად ცეცხლაძის საქმეში დევს მისი დროებით ნაქირავები ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“, რის ქონასაც თავად ზვიად ცეცხლაძე კატეგორიულად უარყოფს.
ზვიად ცეცხლაძეს ხელი არ მოუწერია ჩხრეკის ოქმისათვის.
74 წლის პენსიონერი მზისა გაბეშია 28 ნოემბრიდან მარტვილის მერიასთან საპროტესტო აქციებს მართავს.
მზისა ორ თვეზე მეტია ტრანსპარანტებით ხელში მარტო დგას. ამბობს, რომ აქციების გამართვის გადაწყვეტილება მიიღო, როგორც კი ირაკლი კობახიძის განცხადება მოისმინა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს აჩერებს:
„მერიასთან გასაპროტესტებლად გავედი. ისევე, როგორც სხვა მოქალაქეები გავიდნენ რუსთაველზე თბილისში, იმ განსხვავებით, რომ ისინი ბევრნი არიან და მე მარტო ვარ აქ.“
ყოველ საღამოს თავად ამზადებს ტრანსპარანტებს, რომლითაც მეორე დღეს მერიასთან გადის.
„ყველანაირ ამინდში იქ ვდგავარ, ვაპროტესტებ. მზიას და ყველა პატიმრის გათავისუფლებას ვითხოვ. დიახ, მე ვითხოვ უდანაშაულო პატიმრების თავისუფლებას, სამართლიანობა მინდა. სიკვდილის პირამდე მიიყვანეს ხალხი და არავინაა დასჯილი. ყველამ ერთად უნდა ვუშველოთ ქვეყანას. უკვე 79 დღე გავიდა რაც მერიასთან ვდგავარ.“
მზისა გაბეშია გვიყვება, რომ ამ შენობაშია საკრებულოც, თუმცა ამ დრომდე არავინ გამოსულა და მას არავინ დალაპარაკებია. მისი თქმით, გამვლელებს ძირითადად ერთნაირი რეაქცია აქვთ, ჩუმად არიან ან ეცინებათ, მხოლოდ ერთი შემთხვევა ახსენდება, როცა მისი აქციის გასაპროტესტებლად მივიდნენ:
„მოვიდა ვიღაც ქალი, შენ რომ აქ ევროკავშირის დროშას აფრიალებ, ჩვენი დროშა უნდა აფრიალოო. ჯერ ვუთხარი, ჩვენს დროშასაც ვაფრიალებ, შემდეგ ვინ გკითხავს შენ, მე რომელ დროშას ავაფრიალებ- მეთქი. შემდეგ ვიღაცები მოვიდნენ და ის ქალი წაიყვანეს. 2 თვე-ნახევარია იქ ვარ და ჯერ ჩემთან მერიიდან და საკრებულოდან არავინ მოსულა. კარგად ან ცუდად არავინ დამლაპარაკებია“.
მზისა გვიყვება, რომ 24 წელი იმუშავა საავადმყოფოში ექთნად. როცა მისმა შვილმა თბილისში სწავლა დაიწყო, თავადაც იქ გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი ისევ მარტვილში დაბრუნდა. ამბობს, ივანიშვილის მოყვანაში დიდი წვლილ მაქვს და ახლა თავს ვსჯიო:
„თავიდან ვიყავი მხარდამჭერი, ახლა ვსჯი ჩემს თავს, დანაშაული ჩამიდენია თურმე, მე კი არა ბევრმა ჩავიდინეთ. ახლა ბევრი განუდგა, ვინც მოიყვანა, ისინიც განუდგნენ, მე ვინა ვარ. გაჭირვებულად ვასწავლე და არ დაასაქმეს. ახლა გვეძახიან ნაციონალები-ხართო, მთელი საკრებულო და მერია პორტირებული ნაციონალებია. მარტვილის ცენტრში ვცხოვრობ აქ ბინაში, ღია აივანი მაქვს და გამოფენილი მაქვს დროშები ჩვენი, ამერიკის, ევროკავშირის. საელჩო ეგონება კაცს“.
მზისა გვიყვება, რომ როცა აქციაზეა მერიასთან, ხანდახან პოლიცია აკითხავს:
„პოლიცია ირგვლივ მივლის, მაგრამ ჯერ ჩემთვის არაფერი უთქვამთ.
გურჯაანში მარტო ვაპროტესტებო ვიღაც ბიჭმა და ვედროთი წყალი გადაასხესო. ასეთი რამ არ ჩაუდენიათ, მაგრამ არც კარგს ამბობენ და არც ცუდს. გავდივარ 11-12 საათიდან და ექვს საათამდე ვარ მერიასთან.
ზოგი უსიტყვოდ ჩამივლის, ზოგს ეცინება. ძირითადად დამცინიან, ერთი მეუბნება, ჰო, შენ თუ მოითხოვე, ჟურნალისტს გაუშვებენო. მას მთელი საქართველო უდგას ფეხზე და სიმართლეს ითხოვს-მეთქი ვუპასუხე. შემდეგ ვუთხარი, დემონსტრანტები რომ დაასისხლიანეს, რატომ არავინ არის დაჭერილი, ეს არის სამართალი-მეთქი.
რა დააშავა გურამ როგავამ, მაკა ჩიხლაძემ და შეწირულმა?
ხშირად ნერვებს მიშლიან, მაგრამ ზოგი მლოცავს. მარტო რატომ ხარო – მეკითხებიან, მოდით და დასხედით, ყველა დავეტევით-მეთქი – ვამბობ.
მე სხვას არ ვუყურებ ვზივარ და ვაპროტესტებ. ვითხოვ სამართლიანობას.“
მზისა ფიქრობს, რომ ხალხს აშენებენ, ძირითადად საჯარო მოხელეებს.
„ერთმა წყალი მომიტანა და ცოტა ხანს გამომელაპარაკა, თანვე უფროსმა დაიბარა“ – გვეუბნება მზია.
ბაკურიანში, სადაც ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ტარდება, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კოტეჯზე რუსეთის დროშა გადმოფინეს.
ვიდეოკადრები დღეს, 14 თებერვალს მოქალაქემ გადაიღო ბაკურიანში და ფეისბუქით გაავრცელა.
მოქალაქეების თქმით, აღნიშნული კომპლექსი სასტუმრო crystal hotel and spa-ს ეკუთვნის. „ბათუმელები“ დაუკავშირდა სასტუმროს ადმინისტრაციას და ჰკითხა, თუ რატომ არის გადმოფენილი რუსული დროშა და რა ზომები მიიღეს იმისთვის, რომ ოკუპანტი ქვეყნის დროშა აეღოთ, თუმცა სასტუმროში ამ თემაზე არ გვიპასუხეს და ტელეფონი გათიშეს.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ მოქალაქეებმა „ბათუმელებს“ მეორე ვიდეოც მოაწოდეს, სადაც ასახულია, თუ როგორ ხსნიან ქართველები და უკრაინელები რუსეთის დროშას აივნიდან.
ვიდეოში ჩანს, რომ მოქალაქეები ჯერ დაცვის თანამშრომელს ესაუბრნენ და სთხოვეს, გაერკვია თუ ვინ ცხოვრობდა ნომერში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის დროშა იყო გამოფენილი, თუმცა დაცვამ მათ უხეშად მოუწოდა დაეტოვებინათ ტერიტორია.
„რუსეთის დროშა საქართველოში ვერ იფრიალებს“ – ამბობენ ვიდეოში მოქალაქეები. მათ უკრაინელებთან ერთად ჩამოხსნეს აივანზე გადმოფენილი დროშა, ფეხით გათელეს, შემდეგ კი ნაგავში გადააგდეს.
ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, „კრისტალ ჯგუფმა“ დროშასთან დაკავშირებით ფეისბუქზე გააკეთა განცხადება, სადაც წერს:
„გვსურს განვმარტოთ ბაკურიანში, კოტეჯ 16/1-ზე გამოფენილი რუსეთის ფედერაციის დროშის გარშემო შექმნილი ვითარება.
აღნიშნული კოტეჯი არ წარმოადგენს Crystal Hotel & SPA-ს ან კრისტალ ჯგუფის საკუთრებას. მას ჰყავს კერძო მფლობელი, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილებით გადმოფინა აღნიშნული დროშა. მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი თხოვნისა, ის კატეგორიულ უარს აცხადებს მის ჩამოხსნაზე.
ამავე პერიოდში კრისტალის საკურორტო ზონა მასპინძლობს EYOF Bakuriani 2025-ს, რომლის ფარგლებში საკურორტო სივრცეში განთავსებულია 45 მონაწილე ქვეყნის დროშა. რუსეთის ფედერაცია აღნიშნულ ფესტივალში არ მონაწილეობს, შესაბამისად, მისი დროშა ფესტივალის ფარგლებში არ გამოუყენებიათ.
ვწუხვართ, რომ აღნიშნულმა ფაქტმა შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს კრისტალ ჯგუფის რეპუტაციაზე.
ამასთან, არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ქმედება მიზანმიმართული მცდელობა იყოს ჩვენი კომპანიის დისკრედიტაციისთვის.
კრისტალ ჯგუფი მკაფიოდ ემიჯნება ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საზოგადოებაში არასწორ აღქმას იწვევს, და ვრჩებით ერთგულნი ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპების“ – აცხადებს „კრისტალ ჯგუფი“.
______________
მთავარი ფოტო: მოქალაქეებმა ბაკურიანში კოტეჯის აივნიდან რუსული დროშა ჩამოხსნეს
„იქიდან გამომდინარე, რომ 34 დღეა შიმშილობს, ქალბატონი მზია არის დასუსტებული, არის შენელებული, თუმცა ახლაც, როგორც წინა შემთხვევებში, ყოველ ჯერზე გვთხოვს, რომ არ ვისაუბროთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და წინა პლანზე არ იყოს წამოწეული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მას ამ თავისი შიმშილობის გამო არ სჭირდება არანაირი ბენეფიტები და ვინმეს მხრიდან შებრალება,“ – თქვა მზია ამაღლობელის ერთ-ერთმა ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ დღეს, 14 თებერვალს მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ.
უკანონო პატიმარი მზია ამაღლობელი 34 დღეა შიმშილობს უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად. 4 თებერვალს, მისი შიმშილობის 24-ე დღეს, ის ექიმების გადაწყვეტილებით რუსთავის ქალთა კოლონიიდან კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება.
დღესვე მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ
„შიმშილობა რთული პროცესია და გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, ამ კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება იყოს სხვადასხვა ორგანოთა ფუნქციის მოშლა და ა.შ.
კლინიკა მზად არის და აკეთებს ყველაფერს, რომ წარიმართოს სრულფასოვანი სამედიცინო მონიტორინგი, ყოველდღიურად კეთდება ლაბორატორიული კვლევები და თუ საჭირო იქნება დამატებითი სხვა სახის კვლევები, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. ეს ხანგრძლივი შიმშილობა უკვე აისახება მის ზოგად მდგომარეობაზეც.
აქვს ყველა ის სიმპტომი, რომელიც ამ პერიოდის შიმშილობისთვის არის დამახასიათებელი,“- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. მის კომენტარს ტელეკომპანია „მთავარი“ ავრცელებს.
„ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს.
მზია ამაღლობელი პირველად დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ კი – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სისხლის სამართალში კვალიფიკაციის არმქონე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
მზია ამაღლობელი უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად 34 დღეა შიმშილობს. ის კვლევების ჩატარების მიზნით 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.
ტრამპის პუტინთან და ზელენსკისთან საუბრის შემდეგ არსებითად ჯერ უკრაინის ფრონტზე არაფერი იცვლებაო – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, აშშ-ს მთავარი ფოკუსი ახლო აღმოსავლეთი და ჩინეთი ხდება, ევროპამ კი, ევროპას უნდა მიხედოს.
„ევროპას შესწევს ძალა – რესურსები და ტექნოლოგიური მხარე – რუსეთს მოუგოს შეიარაღებაში ბრძოლა. რუსეთი აღარ არის საბჭოთა კავშირი, ის საკმაოდ დასუსტებული ქვეყანაა სადღაც ბრაზილიას და იტალიას შორისაა,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი. მას ეჭვი არ ეპარება, რომ თუ ევროპა უკრაინის საჰაერო თავდაცვას უზრუნველყოფს, რუსეთი ისევ უკრაინაში გამოჩენას ვეღარ შეძლებს.
„უკრაინას უკვე სრულიად საკმარისი სახმელეთო ძალები აქვს იმისთვის, რომ შეაკავოს რუსეთის შეიარაღებული ძალები,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
ბატონო ვახტანგ, რა იცვლება უკრაინის ფრონტზე მას შემდეგ, რაც ტრამპი ზელენსკის და პუტინს ტელეფონით ესაუბრა? რა ჩანს ტრამპის განცხადებიდან, რომ როგორც ზელენსკის, ისე პუტინს „მშვიდობა სურთ“?
პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მთელი სულით და გულით სოლიდარობა გამოვუცხადო მზიას, ასევე ყველა უსამართლოდ დაკავებულ პატიმარს. იმედს გამოვთქვამ, სამართალი მალე იზეიმებს.
ტრამპის განცხადების შემდეგ ფრონტზე განსაკუთრებულად არაფერი შეცვლილა, თუმცა 12 თებერვალი შეიძლება ჩაითვალოს დღედ, როცა საომარი მოქმედებების [და არა ომის] დასრულებისკენ მიმართული მოქმედებები დაიწყო. წარმატებით თუ წარუმატებლად, ეს სხვა თემაა.
ამ პროცესში არაერთგვაროვანი რეაგირება გამოიწვია იმან, რომ ტრამპმა ჯერ დაურეკა პუტინს და საათ-ნახევარი ესაუბრა, ზელენსკის შემდეგ დაურეკა და მას სადღაც ერთი საათი ესაუბრა. პუტინთან საუბარს ტრამპმა საკმაოდ დიდი კომენტარი მიუძღვნა, გაიხსენა, რომ მათი ბაბუები ერთად იბრძოდნენ, მილიონობით კაცი დაკარგა რუსებმა, პუტინს მშვიდობა უნდა და ასე შემდეგ. ეს ცოტა გაკვირვების საფუძვლის მქონე კომენტარია. მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირი იბრძოდა და არანაკლები უკრაინელი დაიღუპა.ზელენსკისთან საუბრის შემდეგ კი რამდენიმესიტყვიანი, მოკლე კომენტარი იყო.
შეიძლება ორი კუთხით შევხედოთ ამ საკითხს: დარეკვის თანმიმდევრობაში პოზიტიურია ის, რომ ტრამპს ომის მთავარ დამნაშავედ პუტინი მიაჩნია და, პირველ რიგში, ის უნდა გაჩერდეს. ნეგატიურად კი, შეიძლება შეფასდეს ის შესაძლო გარემოება, რომ მთავარ აქტორი ამ მოლაპარაკებებში, ტრამპისთვის, შესაძლოა, პუტინია.
მე პირადად დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი ამ გამონათქვამებს და ტრამპის განცხადებებს, ვინაიდან ის არაა დიპლომატი და გამოირჩევა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით, ასევე არაპროგნოზირებადია. გემახსოვრებათ, როგორ აქებდა იგი ჩინეთის, ან ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს.
ასე რომ, მთავარია შედეგი, ის ქმედებები, რაც იქნება განხორციელებული. ფართო რაკურსით რომ შევხედოთ, იგივე პირობაა დღეს, რაც იყო ბაიდენის დროს, ოღონდ პირდაპირ, ღიად არის უკვე გაცხადებული, რომ ნატო უკრაინამ უნდა დაივიწყოს გარკვეული პერიოდით, მოლაპარაკებაა საჭირო და 2014 წლის საზღვრამდე გასვლა არარელევანტურია…
ამ საკითხებზე მინიშნებები ბაიდენის პრეზიდენტობის დროსაც კეთდებოდა, შესაბამისად, მე დიდ განსხვავებას ტრამპის რიტორიკაში ვერ ვხედავ.
თუ დათანხმდება უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას, რა უზრუნველყოფს იმას, რომ რუსეთი ისევ არ განაგრძობს უკრაინაზე თავდასხმას? აშშ-ს თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთი განცხადებიდან ირკვევა, რომ უკრაინაში შესვლას არ აპირებს ამერიკული ჯარი, ხოლო ევროპული ჯარი თუ განლაგდება უკრაინაში, როგორც სამშვიდობო, ისინი იქ არ უნდა განლაგდნენ, როგორც ნატოს მისია და არ მოექცნენ მე-5 მუხლის ქვეშ. „უნდა არსებობდეს ძლიერი საერთაშორისო ზედამხედველობა კონტაქტის ხაზზე. ნებისმიერი უსაფრთხოების გარანტიის ნაწილად. აშშ-ის ჯარები არ იქნება განლაგებული უკრაინაში“, — განაცხადა ჰეგსეთმა.
ეს ნარატივიც ვრცელდებოდა ბაიდენის დროს, რომ ამერიკული ჯარი უკრაინაში არ იქნება. ამჯერად ეს ხმამაღლა გაიმეორა ტრამპის ადმინისტრაციამ. მთავარი გარანტია, რომ რუსები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ვერ შეძლებენ თავისი აგრესიის გაგრძელებას, არის უკრაინის ძლიერი შეიარაღებული ძალები. სხვა რეალური გარანტია არ არსებობს.
სხვათა შორის, ტრამპის ცნობილი განცხადება, რომ ევროპამ უნდა მიხედოს თავის თავს, აჩვენებს მის დამოკიდებულებას.
მიმაჩნია, რომ ბრიტანელების ლიდერობა ამ მიმართულებით უფრო და უფრო ნათელი ხდება. ფრანგებიც აქტიურობენ, გერმანელები ჯერ არ არიან აქტიურად ჩართული… უხეშად რომ ვთქვათ, ტრამპმა თქვა, „ევროპამ უნდა მიხედოს ევროპას, მე ხელები დამიბანიაო“, მაგრამ ამ განცხადებას არ აქვს მხოლოდ უარყოფითი მხარე.
მიმაჩნია, რომ ევროპას მართლაც აქვს შანსი, აღორძინება დაიწყოს ევროპის სიძლიერემ, კვლავ გახდეს მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშე.
ეს ის პერიოდია, როდესაც ევროპას შეუძლია სათადარიგო სკამიდან „უმაღლესი ლიგის“ თამაშში შემოვიდეს.
ამას აჩვენებს დიდი ბრიტანეთის აქტიურობა და მისი განსაკუთრებული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ?
ფაქტია, დიდი ბრიტანეთი ძალიან აქტიურობს. 100-წლიანი ხელშეკრულება დადეს უკრაინელებთან სტრატეგიული მოკავშირეობის შესახებ.
ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ცნობილი კონტრშეტევა, რაც 2022 წლის ზაფხულში იყო უკრაინაში ხარკოვის მიმართულებაზე, როცა წარმატებით დაახევინეს უკრაინელებმა რუსებს უკან, მთლიანად დაგეგმილი და ორგანიზებული იყო ბრიტანელების მი-6-ის მიერ.
ბრიტანელებს დიდი როლი აქვთ უკრაინაში საზღვაო ზედაპირული დრონების გამოყენების თეორიული და ტექნოლოგიური შემუშავებაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ. მე მგონია, რომ ევროპა იღებს თავის თავზე ვალდებულებას და ეს ჩანს უკვე ხელმძღვანელი პირების განცხადებებში, როცა ისინი კატეგორიულად იძახიან, რომ არცერთი მოლაპარაკება და შეთანხმება არ უნდა იყოს უკრაინის გარეშე მიღებული, რომ ევროპა განაგრძობს აქტიურად უკრაინის შეიარაღებას და ასე შემდეგ.
ასევე, ისმის მოწოდება, რომ უნდა გაიზარდოს თავდაცვის ბიუჯეტი და ის, რომ ევროპის თითოეული ქვეყანა მზად უნდა იყოს დამოუკიდებლად მოიგერიოს რუსეთის აგრესია.
ასე რომ, არ არის აუცილებელი ნატოს ეგიდით შემოსვლა უკრაინაში. თუ შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და საჰაერო ძალები განახორციელებენ უკრაინის საჰაერო სივრცის კონტროლს, უკრაინას უკვე სრულიად საკმარისი სახმელეთო ძალები აქვს იმისთვის, რომ შეაკავოს რუსეთის შეიარაღებული ძალები, მით უმეტეს, თუ გადაიარაღებული იქნება და მომზადებული დასავლეთის მიერ.
რა გამოჩნდა რამშტაინის ფორმატის ბოლო შეხვედრაზე, რა სტრატეგიით აპირებს ევროპა რუსეთის დამარცხებას?
რამშტაინის შეხვედრაც აჩვენებს დიდი ბრიტანეთის ლიდერობას.
რეალურად რუსეთის შემაკავებელი ფაქტორია ძლიერი უკრაინის არსებობა. ესტონეთის შეიარაღებული ძალების [ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად] შეყვანა უკრაინაში უფრო შეაჩერებს რუსეთს, თუ საბრძოლო გამოცდილების და მაღალი მოტივაციის მქონე უკრაინის შეიარაღებული ძალები?
ევროპის ქვეყნების ლიდერების განცხადებებშიც იკვეთება, რომ ევროპა იწყებს შესაბამის მომზადებას. ევროპას შესწევს ძალა – რესურსები და ტექნოლოგიური რესურსები – რუსეთს მოუგოს შეიარაღებაში ბრძოლა. რუსეთი აღარ არის საბჭოთა კავშირი, ის საკმაოდ დასუსტებული ქვეყანაა – სადღაც ბრაზილიას და იტალიას შორისაა, ცხადია, ბირთვული უპირატესობის გარეშე. მართალია, ბრიტანული და ფრანგული ბირთვული ქობინების ნაკლებია რუსულზე, თუმცა როცა ბირთვულ ომზეა საუბარი, აშშ-ს ჩარევის გარეშე ეს არ მოხდება და ეს უკვე იქნება ნატოზე თავდასხმა.
ტრამპის პუტინთან სატელეფონო საუბრის დროსაც იყოს საუბარი ბირთვულ პროგრამასა და ახლო აღმოსავლეთზე. რატომ გამახვილდა ამაზე ყურადღება?
მათ საკითხების ფართო წრე განიხილეს. ფაქტია, რომ აშშ-მ მნიშვნელოვნად გაზარდა აქცენტი ისრაელის დახმარებაზე. უხეშად რომ ვთქვა, აშშ იღებს თავის თავზე ახლო აღმოსავლეთს და ჩინეთის მიმართულებას, ხოლო ევროპას ეუბნება, ევროპას მიხედეთ თქვენ თვითონ.
ევროპას შეუძლია მიხედოს თავის თავს, თუ არ უნდა, რომ თავის ტერიტორიაზე იხილოს რუსული ჯარები.
რატომ გააქტიურდა საკითხი მოლაპარაკების უკრაინის გარეშე გამართვაზე? დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ჯონ ჰილის განცხადებით, უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკება არ შეიძლება. „ყველას გვსურს ვიხილოთ გრძელვადიანი მშვიდობა და არა კონფლიქტის დაბრუნება“, – განაცხადა ჯონ ჰილმა.
ეს არის გამაფრთხილებელი განცხადებები, წინასწარ აქცენტების დასმა ამერიკელებისთვის, რომ საკითხები განხილული იყოს უკრაინასთან ერთად და ეს არ იყოს მხოლოდ ტრამპის და პუტინის განსახილველი. ეს არის მცდელობა, რომ მოლაპარაკებების დროს აქცენტები იყოს სწორად გადანაწილებული.
ზელენსკი უშვებს, რომ კურსკის ოლქის ნაწილი რუსეთს გაუცვალოს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაში. რა ჩანს ამ გადასახედიდან: რა შეიძლება დაიბრუნოს უკრაინამ?
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის დაკარგული ტერიტორიების ნებისმიერი რაიონი ძალიან მნიშვნელოვანია. ვთვლი, რომ თუკი არჩევანზე მივა საქმე, ყველაზე მეტად მომგებიანი იქნება ზაპოროჟიეს დაბრუნება. ზაპოროჟიეს დაბრუნებით უკრაინელები შეძლებენ სახმელეთო დერეფნის გაწყვეტას რუსეთ-ყირიმს შორის და აზოვის ზღვაზე გასვლას.
პრიორიტეტების მიხედვით მეორე ადგილზე ალბათ უნდა ავიღოთ ხერსონის მიმართულება, რომლითაც მიუახლოვდებიან ყირიმის ნახევარკუნძულს. მესამეა ხარკოვის რაიონში ტერიტორიის დაბრუნება.
ამერიკელი ექსპერტების გათვლებით, 2025 წლის იანვარში რუსებმა დაკარგეს 48 240 კაცი. უხეშად რომ ავიღოთ, ეს არის სამი დივიზია. ეს ხომ არ არის ზურგის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის დანაყოფების დანაკარგები, ძირითადად ეს არის წინა ხაზზე მებრძოლი ე.წ. ყველაზე გამოცდილი და გაწვრთნილი „აქტიური ხიშტები“-ს დანაკარგები. გამოდის, რომ დაახლოებით ერთ კვადრატულ კილომეტრზე რუსების დანაკარგი არის 96 კაცი, უხეშად რომ ვთქვათ – 100 კაცი. ყოველ 100 კვადრატულ მეტრზე გამოდის 1 კაცი. ეს ძალიან დიდი დანაკარგია.
ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინაში უკვე დაიწყეს 18-24 წლის კონტრაქტორების მიღება, ოღონდ ხელშეკრულებით. უკრაინელები ცდილობენ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების გარეშე გაზარდონ თავიანთი შესაძლებლობები.
„ქართულ ოცნებას“ და მისი საგარეო უწყებას კვლავ არ გაუკეთებია კომენტარი რუსეთის მიერ სოხუმში აეროპორტის გახსნასთან დაკავშირებით. სოხუმის აეროპორტი 1993 წლიდან დაკეტილი იყო. თქვენთვის რის მთქმელია „ოცნების“ სიჩუმე ამ საკითხზე მაშინ, როცა მათ ვაზიანის ცნობილი სამხედრო აეროდრომის პრაქტიკულად გაუქმება გადაწყვიტეს?
ვიტყოდი იმას, რომ რუსებს ყველაფერი სჭირდებათ, რაც შავ ზღვასთან ახლოსაა. როგორც იცით, რუსეთმა უკვე დაკარგა გეოპოლიტიკური სამკუთხედი: გიუმრი, სევასტოპოლი, ტარტუსი [ლატაკია, სირია]. ეს სამკუთხედი მას აძლევდა საშუალებას დიდი ტერიტორია დაეფარა შორი მანძილის საჰაერო თავდაცვის და ბალისტიკური რაკეტებით და შეექმნა საჰაერო სივრცის ე.წ. ბუშტი, სადაც თავის ინტერესებს გაატარებდა და არავის დაუშვებდა.
ასე რომ, რუსებმა სირია დაკარგეს, გიუმრიში რა იქნება ხვალ – ღმერთმა უწყის, აზერბაიჯანთან კი, ურთიერთობა ურთულდებათ, თუ უკვე გართულებული არ არის. ვგულისხმობ ალიევის მოთხოვნას თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, რაც რუსეთიდან ცინიკური ნაკადი მოჰყვა რუსი პროპაგანდისტებისგან. ფაქტია, რომ რუსებისთვის აზერბაიჯანთან მეგობრობა ამ ეტაპზე დასრულებული. რუსეთი რომ აზერბაიჯანს ვერაფერს გაუბედავს, ესეც ფაქტია, რადგან თურქეთია მის უკან. შესაბამისად, აზერბაიჯანს კარგავენ, სომხეთს კარგავენ და უნდათ, რომ ადგილი შეინარჩუნონ ამიერკავკასიაში. საქართველოზე ზემოქმედების იდეალური ვარიანტია აფხაზეთი. ამ გზით რუსეთი გარკვეული ძალის დემონსტრირებას ახდენს.
როდიდან არსებობს გამონათქვამი: ვინც ფლობს საქართველოს, ის ფლობს ამიერკავკასიას.
საქართველოს დაკარგვა კი, რუსეთს ნამდვილად არ უნდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა ასე შეიცვალა სიტუაცია სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამავე დროს, ხდება მოლაპარაკებები სუდანთან, რუსეთისთვის საზღვაო პორტის არენდასთან დაკავშირებით, სადაც შეეცდება ტარტუსის ბაზის გადატანას სირიიდან. ამ შემთხვევაში კვლავ შექმნის საჰაერო სივრცის კონტროლის სამკუთხედს: სევასტოპოლი – აფხაზეთი – სუდანი, ამ პრიზმაში, კარგად იკვეთება მისთვის საქართველოს მნიშვნელობა.
მას შემდეგ, რაც მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა მისთვის პატიმრობის გაუქმების შესახებ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ არის მზია ამაღლობელის პატიმრობა უსაფუძვლო.
იურისტი ყურადღებას ამახვილებს ორ გარემოებაზე, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა, სასამართლომ კი დააკმაყოფილა. ნონა ქურდოვანიძე ორივე არგუმენტის კონტრარგუმენტს ასახელებს.
„მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა პროკურატურამ და სასამართლომ 2 ე.წ. საფუძვლით ახსნა:
მზია მოწმეებზე გავლენას მოახდენდა;
მზიამ სილის გაწვნამდე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა და კიდევ შეიძლება იგივე გაემეორებინა.
ამ ეტაპზე გამოძიებამ უკვე გამოჰკითხა ყველა ის პირი, ვისი გამოკითხვაც უნდოდა – 4 პოლიციელი. პოლიციელებზე გავლენის მოხდენა მზიას თეორიულადაც კი არ შეეძლო, თუმცა, თუ დავუშვებდით, რომ შეეძლო, ეს ე.წ. საფრთხეც აღარ არსებობს, ყველა უკვე დაკითხულია.
რაც შეეხება მეორე არგუმენტს – მზიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ამაზე ოქმიც კი არ არის ამ დრომდე შედგენილი. არსებობს მხოლოდ ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელიც თან გაყალბებული მონაცემების შემცველია.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მოსამართლემ დღეს შუამდგომლობა არ დაუშვა განსახილველადაც კი და მზია პატიმრობაში დატოვა“, – წერს ქურდოვანიძე.
დღეს, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. ადვოკატები მიუთითებდნენ რამდენიმე გარემოებაზე, რის გამოც მოსამართლეს მზია ამაღლობელი უნდა გაეთავისუფლებინა წინასწარი პატიმრობიდან.
ზუგდიდელი აქტივისტი მარიამ სიჭინავა, დღეს, 14 თებერვალს მორიგი დაჯარიმების ვიდეოს ავრცელებს და წერს, რომ ერთ საათში ორჯერ დააჯარიმეს.
„გუშინდელია კი, ზვიანგის თემაა“-ეუბნება მას პოლიციელი, რომელმაც საჯარიმო ოქმი მარიამს მანქანაში გადასცა.
ამჯერად მარიამი ზვიგენის ფორმის ქუდის [ბალაკლავის] ტარებისთვის დააჯარიმეს 5 ათასი ლარით.
ხელის მოწერის ნაცვლად მარიამ სიჭინავამ ოქმზე დააწერა: „ცეცხლი პოლიციურ რეჟიმს“, „სილა დგებუაძეს“.
მარიამ სიჭინავა „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ უკვე სათვალავიც კი აერია, იმდენჯერ დააჯარიმეს.
„პირველ სასამართლოზე რამდენიმე ოქმი გააერთიანეს და ამერია სათვალავი. დღეს ორი დაჯარიმების ოქმი ჩამაბარეს, ორივე 5-5 ათასი ლარია. მთლიანობაში სადღაც 30 ათას ლარზე მეტია“-ამბობს მარიამი.
პროევროპულ საპროტესტო აქციების მონაწილე მარიამ სიჭინავას იმდენად ხშირად იბარებენ სასამართლო პროცესებზე, რომ რომ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე ხალათით და ოთახის ჩუსტებით გამოცხადდა. იგი ჯარიმების გადახდას არ აპირებს.
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე გაკრულია სტიკერები, სადაც გამოყენებულია დისკრიმინაციული ტერმინი „ინვალიდი“.
„შშმ პირებისადმი უპატივცემულობა კიდევ ერთხელ გვაჩვენა „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ – ასე გამოეხმაურნენ აღნიშნულ ფაქტს ბათუმში მცხოვრები შშმ პირები.
თათო მახარაძე ეტლით მოსარგებლე პირია. როგორც „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, დისკრიმინაციული სტიკერები გაკრულია N16 ავტობუსში, რომელიც მოქალაქე ნანუკა დიასამიძემ გადაიღო და გაავრცელა.
თათო მახარაძემ დღეს, 14 თებერვალს,, პოსტიც გამოაქვეყნა ფეისბუქზე, სადაც „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ სტიკერების დაუყოვნებლივ შეცვლისკენ მოუწოდებს.
„შშმ თემი წლებია ვცდილობთ, რომ საზოგადოებაში დისკრიმინაციული დამოკიდებულება გაქრეს. ამისთვის ადგილობრივმა აქტივისტებმა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უდიდესი შრომა გასწიეს. სანამ შესაძლებელი იყო, ვატარებდით მძღოლებთან ტრენინგებს, ვხვდებოდით პასუხისმგებელ პირებს – ვთანამშრომლობდით თემის საჭიროებებიდან გამომდინარე!
გასულ ზაფხულს „გამითვალისწინეს“ გუნდმა დავამზადეთ და გავავრცელეთ ეტლისთვის განკუთვნილი ადგილის შესახებ ეთიკურად ფორმულირებული სტიკერი, რაც უნდა ყოფილიყო მათთვის სამაგალითო და ახალ ტრანსპორტში გასათვალისწინებელი!
მაგრამ ახალ ავტობუსში გვხვდება სტიკერი, სადაც ისევ დამაკნინებელი ტერმინი – „ინვალიდია“ გამოყენებული!
დისკრიმინაციული სტიკერის ნაცვლად ავტობუსში ეს სტიკერი უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რომელიც შშმ პირებმა თავად გაავრცელეს გასულ წელს. თუმცა ავტოტრანსპორტმა მაინც დისკრიმინაციული სტიკერი გამოიყენა ავტობუსში.
ეს მხოლოდ ერთი შეცდომა არ არის! ეს არის სისტემური უპატივცემულობა შშმ თემის მიმართ. არალეგიტიმურ ხელისუფლებას არ აინტერესებს ინკლუზია, არ სცემს პატივს შშმ პირების მიერ მიღწეულ პროგრესს და გვაბრუნებს წარსულში.
ნამდვილად არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას უკან, საბჭოეთში დაგვაბრუნოთ. თქვენ არა, ჩვენ, შშმ თემმა ვიცით, რის ფასად დაგვიჯდა იქ ყოფნა.
მოვითხოვთ სტიკერების დაუყოვნებლივ შეცვლას და ბათუმის ავტოტრანსპორტის საჯარო ბოდიშს.
აი, როცა ლეგიტიმური მთავრობა გვეყოლება, მერე გავაგრძელებთ მუშაობას და მოვითხოვთ, ყველა სახელმწიფო უწყებამ ითანამშრომლოს თემთან პრინციპით – „არაფერი ჩვენ გარეშე“, რომ მსგავსი შეცდომები აღარ მოხდეს“ – წერს თათო მახარაძე ფეისბუქზე.
________________
მთავარი ფოტო: დისკრიმინაციული სტიკერი ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსში.
დღეს, 14 თებერვალს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის გაუქმებაზე დაუშვებლად ცნო.
ადვოკატები მიუთითებდნენ რამდენიმე გარემოებაზე, რის გამოც მოსამართლეს მზია ამაღლობელი უნდა გაეთავისუფლებინა, მათ შორის, იყო ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რაც გაყალბებულია.
პროკურორებმა – ვლადიმერ თურმანიძემ და თორნიკე გოგეშვილმა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს სწორედ გაყალბებული ადმინისტრაციული დაკავების ოქმის საფუძველზე მოითხოვეს მზია ამაღლობელის დაპატიმრება, მოსამართლე ნინო სახელაშვილი კი, ყალბ დოკუმენტს დაეყრდნო:
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, იგი პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი], თუმცა „ბათუმელების“ მიერ გადაღებული ვიდეოთი სიყალბე დასტურდება.
ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე ამბობს, რომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით. ეს მუხლი დაკავებას საერთოდ არ ითვალისწინებს.
გარდა ამისა, მზია ამაღლობელი დაკავების დროს არათუ შეურაცხყოფას არ აყენებს პოლიციელებს, არამედ საერთოდ არაფერს ამბობს.
აღკვეთი ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობით მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 თებერვალს მიმართეს.
რადგან მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო, ის ამ შუამდგომლობას არც სხდომაზე განიხილავს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გააჩივრებენ.
„ესაა სასამართლოს მორიგი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მის პატიმრობას გაამართლებს. ამ გადაწყვეტილებებით ქართული მართლმსაჯულება საკუთარი უკანონობის ისტორიას წერს,“ – აცხადებენ მზია ამაღლობელის ადვოკატები: ნონა ქურდოვანიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი და მაია მწარიაშვილი.
————–
მზია ამაღლობელი გამოცემების „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელია. იგი პროტესტის ნიშნად უკვე 34 დღეა შიმშილობს.
კვლევების ჩატარების მიზნით 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. შიმშილობაში მყოფი მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარი თქვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2025 წლის 21 იანვარს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულნი არიან: 1991 წელს დაბადებული გ.ხ. მეტსახელად „ხოშტო“ და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1981 წელს დაბადებული ე.ბ. მეტსახელად „ედო“.
ასევე, შსს აცხადებს, რომ „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე დაკავებულია – წარსულში ნასამართლევი 2000 წელს დაბადებული ლ.რ., „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე დაკავებულნი არიან – 1977 წელს დაბადებული კ.ბ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ვ.ჩ., ხოლო რაც შეეხება 1984 წელს დაბადებულ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ მ.ხ-ს, მას „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.
„ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში, უკავშირდებოდნენ ე.წ „კანონიერ ქურდებს“ და ასრულებდნენ მათ დავალებებს.
კერძოდ, „ქურდული გარჩევებით“, დაშინებით, მუქარით, საკუთარი კრიმინალური გავლენების გამოყენებითა და უკანონო ქმედებებით ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მოპოვების, ასევე, პირადი და სხვისი სარგებლის მიღების მიზნით გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში და სოფელ წყალწმინდაში ახორციელებდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას“ – წერს შსს.
შსს იუწყება, რომ პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით.
დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო” წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.
ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება მასშტაბური, საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“. ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.
გაეცანით 2025 წლის ნომინაციებია:
დოკუმენტური სერია
რეპორტაჟი
კონცეპტუალური ფოტოპროექტი
საუკეთესო ერთი კადრი /Single Image/
მობილური ფოტო
კონცეპტუალურ სერიაში ასევე დაშვებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პროექტების მონაწილეობაც.
ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს: ნაიჯელ დიკინსონი /დიდი ბრიტანეთი/, თინა შელჰორნი /გერმანია/, ვოლფგანგ ცურბორნი /გერმანია/, რიჩარდ ბრამი /აშშ/, დინა ოგანოვა /საქართველო/, ვინს ჩიანი /აშშ/.
საპრიზო ფონდი 6000 აშშ დოლარი, პირველ სამ ნომინაციაში გამარჯვებულებს თითოეულს 1500-1500 აშშ დოლარი გადაეცემათ. საუკეთესო ერთი კადრის ნომინაციაში გამარჯვებულს კი 1000, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციაში გამარჯვებულს – 500 აშშ დოლარი.
„ქოლგა თბილისი ფოტო“ 2025 წლის გამარჯვებულები გამოცხადდებიან 2025 წლის 2 მაისს.
ქოლგა თბილისი ფოტო 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე. ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. თიბისისთვის კი ახალგაზრდა თაობის განათლება და მათი მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც უკვე ორ ათწლეულზე მეტია თიბისი ქოლგა თბილისი ფოტოს ერთგული მხარდამჭერია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 თებერვლის 21 საათიდან 15 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა: ღამით 4 ბალი, დღისით: 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 16 და 17 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 855 480 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200]
ტანკი – 10 057 ერთეული [+17]
ჯავშანტექნიკა – 20 910 ერთეული [+16]
საარტილერიო სისტემა – 23 115 ერთეული [+81]
MLRS – 1 282 ერთეული [+4]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 066 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 25 224 ერთეული [+152]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 063 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 37 252 ერთეული [+156]
სპეცტექნიკა – 3 745 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
653 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
43 247 უპილოტო საფრენი აპარატი
592 საზენიტო სარაკეტო სისტემა
21 314 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 515 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
21 627 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
31 528 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს აფრთხილებს, არ ენდონ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მზაობას ომის დასრულების შესახებ:
ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინეს – მათ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავება.
მოქალაქეებს ამის შესახებ დღეს, 13 თებერვალს შეატყობინეს. მათ შორის ერთ-ერთია ბათუმელი სტუდენტი, მათე ცენტერაძე. მისი თქმით, უკვე მიიღო უწყება, სადაც ნათქვამია:
„გაცნობებთ, რომ თქვენს მიმართ ა[ა]იპ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება 2025 წლის 31 იანვარს ქ. ბათუმში, შ. რუსთაველის ქ. N28-ში მდებარე სასტუმრო „შერატონის“ შესასვლელის ქვეითად სავალ ნაწილზე საღებავის გამოყენებით წარწერების შესრულების ფაქტთან დაკავშირებით, რაზედაც შესაბამისი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით“.
მათე ცენტერაძის თქმით, უწყებაში, რომელიც მიიღო, მხოლოდ ერთი სიმართლე წერია – მისი მისამართი.
„22 იანვარს ვიყავი „შერატონთან“ გამართულ აქციაზე – შეცდომით წერია თარიღი. საფეხმავლო ბილიკზე არ გამიკეთებია წარწერა – ქვაფენილზე იყო, სამანქანოზე, სტუმრები სადაც შეჰყავთ მანქანით. Not safe – ეს წარწერა გავაკეთე“ – გვიყვება მათე ცენტერაძე.
მოქალაქეები რამდენჯერმე შეიკრიბნენ „შერატონის“ ფოიეში, სადაც 15 იანვარს, თავს დაესხნენ გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს. აქციის მონაწილეები შერატონის ადმინისტრაციისგან თავდასხმის ღამის უწყვეტი კადრების გადაცემას ითხოვდნენ დაზარალებული მხარისთვის, გიორგი გახარიასთვის.
„სატელეფონო საუბარში მითხრეს, რომ 25 იანვრით თარიღდება ჩემთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. 25-ში არც კი ვყოფილვარ ბათუმში. 150-ე მუხლის მე-3 ქვეპუნქტის დარღვევას მედავებიან. 24 იანვრის საღამოს დავტოვე ბათუმი. ოქმი ჯერ არ ჩამბარებია, სხვა დეტალები არ ვიცი. ხვალ უნდა მივიღო, როგორც ფოსტიდან მითხრეს.
მე ვიყავი „შერატონთან“ გამართულ აქციაზე და კი, წარწერაც გავაკეთე. მაგრამ იმ ადგილზე ინფორმაცია წინასწარ მოვიძიე, სადაც გავაკეთე წარწერა. ეს ადგილი წესით არ ითვლება საფეხმავლო [მონაკვეთად] იქიდან გამომდინარე, რომ მას არ გააჩნია შენობის გასწვრივ გაგრძელება და ვერანაირ შემთხვევაში საფეხმავლო ბილიკად ვერ ჩაითვლება.
ტერიტორია, სადაც ჩვენ გავაკეთეთ წარწერა, ეკუთვნის კერძო კომპანიას, ამ შემთხვევაში „შერატონს“. შესაბამისად, უშუალოდ „შერატონმა“ უნდა გვიჩივლოს“, – გვეუბნება ვიკა ფილფანი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი.
ცნობისთვის, 150-ე მუხლი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. ამ მუხლის მე-3 ქვეპუნქტით – „სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით“.
ბათუმის მერია ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავება ასევე ვაჟა დარჩიას და აკაკი გვიანიძეს. ბათუმის საკრებულოს წევრები ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ფოტოებს აქვეყნებენ.
„ბათუმის მერია ქალაქის იერსახის დამახინჯებას მედავება, კომედიურ ჟანრში არიან გადასულები.
მუნიციპალურმა ინსპექციამ გამომიგზავნა ოქმი და მითხრა, რომ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს კარებზე „იფიცება საქართველოს“ სტიკერის გაკვრა იერსახის დამახინჯებააო და ნახევარი ბათუმის რუსული წარწერებით აჭრელება შენარჩუნებაა ნეტა? მშენებლობებზე და ახალი კორპუსების იერსახეზე აღარაფერს ვამბობ, სამარცხვინოები!“, – წერს ვაჟა დარჩია სოციალურ ქსელში.
„…ბათუმში მერია ქალაქის იერსახის დამახინჯებას რომ დაგაბრალებს, ტრაგიკომიკური ამბავია“, – დაწერა აკაკი გვიანიძემ.
აკაკი გვიანიძისა და ვაჟა დარჩიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები 150-ე მუხლის პირველი ნაწილით შეუდგინეს, რაც 1 000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.
დღეს, 13 თებერვალს, ოპერის ცნობილი მომღერალი პაატა ბურჭულაძე გზის გადაკეტვის ბრალდებით 5 ათასი ლარით დააჯარიმეს.
ამის თაობაზე მას პოლიციელებმა აცნობეს, რომლებმაც პაატა ბურჭულაძეს სახლში მიაკითხეს.
„გუშინ ხალხმა მომილოცა და სიცოცხლე გამიმრავლა! ეტყობა გაუჭირდათ ამის გადატანა და ცოტა ხნის წინ, მავნებლებმაც მომილოცეს 5000-ლარიანი ჯარიმით!
პოლიციელს, რომელსაც ეს დავალება უნდა შეესრულებინა, ხელები უკანკალებდა, რა დღეში ჩააგდეს ქართული პოლიცია.
გზის გადაკეტვას მედავებიან, როცა მაგ დროს ხალხის მიერ მოწყობილ მსვლელობაზე ვიყავი და საერთოდ არ ვყოფილვარ პარლამენტთან.
კარგია, რომ ოპერის წინ სიმღერას ჯერ ვერ მიწუნებენ, საქართველოს ჰიმნის შესრულებაზეც დაგვაჯარიმებენ ალბათ მალე.
ამასაც გავუძლებთ!
ბრძოლა ბოლომდე!
თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ტყვეებს“- წერს პაატა ბურჭულაძე ფეისბუქში.
პაატა ბურჭულაძე იუბილარია, მას 70 წელი გუშინ შეუსრულდა და როგორც თვითონ ამბობდა მედიაში, კონცერტის გამართვასაც გეგმავდა, თუმცა მას ოპერის თეატრში დარბაზი არ დაუთმეს.
მუსიკოსი, მომღერალი ნინო ქათამაძე ფეისბუქზე წერს, რომ დღეს, 13 თებერვალს, კიდევ ერთი დაჯარიმების შესახებ აცნობეს.
„დღეს საღამოს სახლში მომიტანეს და ჩამაბარეს მე-2-ე ჯარიმა. გუშინდელ პროტესტზე დაარღვიე კანონიო. პირველი ჯარიმა 10 თებერვალს დამიწერეს. 2 დღეში 2 ჯარიმა.
თხოვნა მაქვს, საღამოს 22.48 სთ და 23.50-მდე თუ რამე ლაივები ან ფოტოები გაქვს, გთხოვთ, გამიზიაროთ. ბრძოლა ბოლომდე!
#თავისუფლებამზიაამაღლობელს
#თავისუფლებაივანიშვილისრეჟიმისპატიმრებს
#თავისუფლებათემურქათამაძეს
ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს“ – წერს ნინო ქათამაძე.
ნინო ქათამაძე, სხვა პირებთან ერთად, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა 10 თებერვალს.
მისი დაჯარიმების საფუძველი გახდა მოსამართლის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა – მოქალაქეებმა 2025 წლის 24 იანვარს მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან აქცია გამართეს. ამ მოსამართლემ შიმშილობაში მყოფი ჟურნალისტის და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი არც კი განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, სწორედ ამას აპროტესტებდნენ აქციის მონაწილეები.
„მზიას, რომელიც იმ დღის გათვალისწინებით 14 დღე შიმშილობდა, სჭირდებოდა ჩვენი ხმა და ჩვენი ხმა მას იქიდან გავაგონეთ, სადაც ჩვენ გვეგულებოდა, რომ უსამართლო მოსამართლე ცხოვრობდა, ასეთია ჩემი დამოკიდებულება“ – განაცხადა ნინო ქათამაძემ სასამართლო სხდომაზე.
ოთხი პოლიციელი – ვახტანგ ბოლქვაძე, დავით ანთაძე, არჩილ ანთაძე და ცოტნე ქართველიშვილი – სიტყვა-სიტყვით, ერთნაირად აღწერს, როგორ გააწნა სილა მზია ამაღლობელმა პოლიციის უფროსს და როგორ გაუწითლდა ლოყა და ყური ირაკლი დგებუაძეს.
ისინი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა გამომძიებელმა, გურამ დიასამიძემ 23 იანვარს გამოჰკითხა. თითოეული მათგანის გამოკითხვა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და მზია ამაღლობელის დაკავების დეტალების აღწერისთვის თითოეულს სულ 1,5-2 გვერდი დასჭირდა.
გამოკითხვის ოქმის მიხედვით, იდენტურია:
მათი თხრობის ქრონოლოგია;
ლექსიკა;
წინადადებების ფორმულირებები;
სიტყვები, რომლებითაც მომხდარს აღწერენ;
დეტალები, რომლებზეც გაამახვილეს ყურადღება.
რჩება შთაბეჭდილება, რომ სხვადასხვა პოლიციელის გამოკითხვის ტექსტი ერთი ადამიანის მიერაა შედგენილი.
ოთხივე მათგანი ჰყვება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება დილიდან დაიწყეს, თავდაპირველად იმყოფებოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც უკვე 78-ე დღეა უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები. შემდეგ გაჰყვნენ მარშს, რომელიც აქციის მონაწილეებმა მოაწყვეს. ჰყვებიან, რომ მსვლელობა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან შეჩერდა, სადაც მოქალაქეები დღის განმავლობაში დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
ოთხივე მათგანი შეესწრო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულად დაკავების ფაქტს. ისინი ჰყვებიან, რომ ამაღლობელი გათავისუფლების შემდეგ შეუერთდა აქციას. მათი თქმით, ამ დროს – დაახლოებით 00:30 საათზე – ადმინისტრაციული წესით დააკავეს კიდევ ორი ადამიანი. პოლიციელები ამბობენ, რომ მზია ამაღლობელსა და დგებუაძეს შორის ინციდენტი მაშინ დაიწყო, როცა ეს უკანასკნელი დაკავებულთა შესახებ აქციის მონაწილეებს განმარტებას აძლევდა.
მათ არ უხსენებიათ, რომ ამ ორი ადამიანის დაკავების დროს პოლიციელებმა თავად მზია ამაღლობელზეც იძალადეს, წააქციეს, რა დროსაც მას გასძვრა ცალი ფეხსაცმელი და დაზიანებები მიიღო კიდურებზე. გამოკითხული პოლიციელები ჩვენებაში ამის შესახებ არაფერს ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ – როგორც თავად ირწმუნებიან – იდგნენ შემთხვევის ადგილას, ზუსტად ირაკლი დგებუაძის გვერდით, ყველაფერს კარგად ხედავდნენ და ყველაფერი კარგად ესმოდათ.
„მზია ამაღლობელის დაკავებისას მისი შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მასზე ფიზიკურად არავის უძალადია“, – ეს არის ფრაზა, რომელი სიტყვა-სიტყვით მეორდება ოთხივე პოლიციელის გამოკითხვის ოქმში.
გთავაზობთ ეპიზოდებს თითოეული მათგანის ჩვენებიდან:
1. ვახტანგ ბოლქვაძე, 26 წლის, მართლწესრიგის უფროსი ოფიცერი:
„გაჩერებულები ვიყავით სამსახურის ეზოში არსებულ საგუშაგოს შესასვლელის გარეთა მხარეს, უშუალოდ შესასვლელი ჭიშკრის მიმდებარედ, სადაც იდგნენ მომიტინგეებიც. ირაკლი დგებუაძემ აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ რამდენიმე წუთის წინ დაკავებული ორი მოქალაქის მიმართ მიმდინარეობდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რადგანაც ისინი იგინებოდნენ პოლიციელების მიმართულებით და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.
როდესაც ირაკლი დგებუაძე ამ განმარტებას აკეთებდა აქციის მონაწილეებთან, ამ დროს მასთან ახლოს, მის წინ იდგა ორი ქალბატონი. ერთ ქალბატონს ჰქონდა მოწითალო შეფერილობის თმა, ხოლო მეორეს- შავი ფერის უკან შეკრული თმა. ეს უკანასკნელი გახლდათ მზია ამაღლობელი. ისინი გამოხატავდნენ ირაკლი დგებუაძის და ზოგადად, პოლიციელთა მიმართა აგრესიას. კერძოდ, ხმამაღლა ესაუბრებოდნენ მას და ითხოვდნენ დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლებას.
ირაკლი დგებუაძემ გაკეთებული განმარტების შემდეგ დააპირა გვერდით გასვლა, რა დროსაც მასთან მდგარი ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა შავი ფერის უკან შეკრული თმა, ხელით სწვდა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე და მოქაჩა ძლიერად თავისკენ. ირაკლი დგებუაძე ამ მოქაჩვის შემდეგ მიტრიალდა სახით აღნიშნული ქალბატონისკენ და სწორედ ამ დროს ხსენებულმა ქალბატონმა მარცხენა გაშლილი ხელით დაარტყა ირაკლი დგებუაძის მარჯვენა ლოყა-ყურის არეში.
აღნიშნული ქალბატონი პოლიციელების, ბერდია ფერაძისა და გიორგი ბჟალავას მიერ ადგილზევე იქნა დაკავებული ბრალდებულის სახით და ის შეიყვანეს შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, ხოლო შემდეგ- ადმინისტრაციულ შენობაში. ეს დაკავებული ქალბატონი აღმოჩნდა მზია ამაღლობელი […]“, – ჰყვება ბოლქვაძე გამოკითხვისას.
ნაწყვეტი ვახტანგ ბოლქვაძის გამოკითხვის ოქმიდან
2. დავით ანთაძე, 20 წლის, პოლიციის ოფიცერი:
„ირაკლი დგებუაძემ აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ რამდენიმე წუთის წინ დაკავებული ორი მოქალაქის მიმართ მიმდინარეობდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რადგანაც ისინი იგინებოდნენ პოლიციის თანამშრომლების მისამართით და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.
როდესაც ირაკლი დგებუაძე აქციის მონაწილეებთან აკეთებდა ამ განმარტებას, ამ დროს მასთან ახლოს, მის წინ იდგა ორი ქალბატონი, ერთ ქალბატონს ჰქონდა მოწითალო შეფერილობის თმა, ხოლო მეორეს- შავი ფერის უკან შეკრული თმა. ეს უკანასკნელი გახლავთ მზია ამაღლობელი. ისინი გამოხატავდნენ ირაკლი დგებუაძის და ზოგადად პოლიციელთა მიმართა აგრესიას. კერძოდ ხმამაღლა ესაუბრებოდნენ და ითხოვდნენ დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლებას.
ირაკლი დგებუაძემ გაკეთებული განმარტების შემდეგ დააპირა გვერდით გასვლა, რა დროსაც მასთან მდგარი ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა შავი ფერის უკან შეკრული თმა, ხელით სწვდა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე და მოქაჩა ძლიერად თავისკენ. ირაკლი დგებუაძე ამის შემდეგ მიტრიალდა სახით აღნიშნული ქალბატონისკენ და სწორედ ამ დროს მზია ამაღლობელმა მარცხენა გაშლილი ხელით დაარტყა ირაკლი დგებუაძის მარჯვენა ლოყა-ყურის არეში.
აღნიშნული ქალბატონი პოლიციელების, ბერდია ფერაძისა და გიორგი ბჟალავას მიერ ადგილზევე იქნა დაკავებული ბრალდებულის სახით და ის შეიყვანეს შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, ხოლო შემდეგ -ადმინისტრაციულ შენობაში. მე დავრჩი გარეთ, ეზოში არ შევსულვარ“, – აცხადებს დავით ანთაძე.
ნაწყვეტი დავით ანთაძის გამოკითხვის ოქმიდან
3. არჩილ ანთაძე, 40 წლის, განყოფილების უფროსი:
„აქციის მონაწილეებთან გავიდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე. მისი სამხარეო დეპარტამენტთან გამოსვლის დროს მე ვიმყოფებოდი გარეთ. იქვე იყო ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილე, გიორგი ბჟალავა. ვიდექით ეზოში არსებული საგუშაგოს გარეთა მხარეს, კერძოდ, შესასვლელი ჭიშკრის მიმდებარედ.
ირაკლი დგებუაძემ აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ რამდენიმე წუთის წინ დაკავებული ორი მოქალაქის მიმართ მიმდინარეობდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რადგანაც ისინი იგინებოდნენ პოლიციის თანამშრომლების მისამართით და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. როდესაც ირაკლი დგებუაძე აქციის მონაწილეებთან აკეთებდა ამ განმარტებას, ამ დროს მასთან ახლოს, მის წინ იდგა ორი ქალბატონი, ერთ ქალბატონს ჰქონდა მოწითალო შეფერილობის თმა, ხოლო მეორეს- შავი ფერის უკან შეკრული თმა. ეს ქალბატონები გამოხატავდნენ ირაკლი დგებუაძის და ზოგადად პოლიციელთა მიმართა აგრესიას, ხმამაღლა ესაუბრებოდნენ მას და ითხოვდნენ დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლებას.
ირაკლი დგებუაძემ განმარტების შემდეგ დააპირა გასვლა, რა დროსაც მის სიახლოვეს მდგარმა ქალბატონმა, რომელსაც ჰქონდა შავი ფერის უკან შეკრული თმა, მარცხენა ხელით სწვდა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე და მოქაჩა თავისკენ. ირაკლი დგებუაძე მიტრიალდა სახით აღნიშნული ქალბატონისკენ, რა დროსაც ქალბატონმა მარცხენა გაშლილი ხელით დაარტყა დგებუაძის მარჯვენა ლოყა-ყურის მიდამოში.
აღნიშნული ქალბატონი უშუალო სიახლოვეს მყოფი პოლიციელების, ბერდია ფერაძისა და გიორგი ბჟალავას მიერ ადგილზევე იქნა დაკავებული ბრალდებულის სახით და ის შეიყვანეს შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, ხოლო შემდეგ ადმინისტრაციულ შენობაში. დაკავებული ქალბატონი აღმოჩნდა მზია ამაღლობელი”, – ამბობს არჩილ ანთაძე.
ნაწყვეტი არჩილ ანთაძის გამოკითხვის ოქმიდან
4. ცოტნე ქართველიშვილი, 23 წლის, პოლიციის ოფიცერი;
„ირაკლი დგებუაძემ აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ რამდენიმე წუთის წინ დაკავებული ორი მოქალაქის მიმართ მიმდინარეობდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება, ვინაიდან ისინი იგინებოდნენ პოლიციის თანამშრომლების მისამართით და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. როდესაც ირაკლი დგებუაძე აქციის მონაწილეებთან აკეთებდა ამ განმარტებას, ამ დროს მასთან ახლოს, მის წინ იდგა ორი ქალბატონი. ერთ ქალბატონს ჰქონდა წითელ ფერში გარდამავალი თმა, ხოლო მეორეს- შავი ფერის უკან შეკრული თმა. ეს ქალბატონები გამოხატავდნენ ირაკლი დგებუაძის და ზოგადად პოლიციელთა მიმართა აგრესიას, ხმამაღლა ესაუბრებოდნენ მას და ითხოვდნენ დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლებას.
განმარტების შემდეგ, ირაკლი დგებუაძემ დააპირა მიმდებარე ტერიტორიიდან გასვლა. სწორედ ამ დროსაც მის სიახლოვეს მდგარმა ქალბატონმა, რომელსაც ჰქონდა შავი ფერის უკან შეკრული თმები, მარცხენა ხელით მოქაჩა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე. ირაკლი დგებუაძე ამ მოქაჩვის შემდეგ მიტრიალდა სახით აღნიშნული ქალბატონისკენ, რა დროსაც ქალბატონმა მარცხენა გაშლილი ხელით დაარტყა დგებუაძის მარჯვენა ლოყა-ყურის მიდამოში.
რისთვისაც ეს ქალბატონი პოლიციელების, ბერდია ფერაძისა და გიორგი ბჟალავას მიერ ადგილზევე იქნა დაკავებული ბრალდებულის სახით და ის შეიყვანეს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, ხოლო შემდეგ -ადმინისტრაციულ შენობაში. დაკავებული ქალბატონი აღმოჩნდა მზია ამაღლობელი”, – წერია ცოტნე ქართველიშვილის გამოკითხვის ოქმში.
ნაწყვეტი ცოტნე ქართველიშვილის გამოკითხვის ოქმიდან
ოთხივე მათგანი აღნიშნავს, რომ ამაღლობელის დაკავების შემდეგ დარჩნენ აქციაზე, პოლიციის საგუშაგოს წინა მხარეს, მოქალაქეებთან და არ დასწრებიან იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რაც დაკავებულთან უკვე პოლიციის შენობაში ჩატარდა.
ბათუმში, 26 მაისისა და სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩების კუთხეში არსებულ შენობას, სადაც სახანძრო სამსახურია განთავსებული, ბზარები აქვს.
შენობის ფასადზე ბზარი შენობის სახურავიდან იწყება და შენობის პირველ სართულამდე აღწევს, შენობის თაღში კი რკინის კონსტრუქციებია მოწყობილი შენობის გასამაგრებლად.
XIX საუკუნის ბოლოს აგებულ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.
სახანძროს გვერდით, მაღლივი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა საძირკველიც ძეგლი სტატუსის მქონე შენობასთან არის გათხრილი.
„ბათუმელები“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაუკავშირდა და ჰკითხა, არიან თუ არა ინფორმირებული შენობის დაზიანებაზე და რამ გამოიწვია შენობის დაზიანება.
„როგორც მონიტორინგის სამსახურში გვითხრეს, ინფორმირებული არიან და ადმინისტრაციული წარმოებაც დაწყებულია“ – გვითხრეს სააგენტოს პრესსამსახურში.
კითხვაზე, ხომ არ არის შენობის დაზიანება მიმდინარე მშენებლობასთან კავშირში, სააგენტოში გვიპასუხეს, რომ ამას ექსპერტიზა დაადგენს, სხვა დეტალებთან დაკავშირებით კი ინფორმაციის წერილობით გამოთხოვა მოგვთხოვეს.
ბზარები ბათუმის სახანძროს შენობაზე.
შენობის ისტორიული მახასიათებლების მიხედვით, ბათუმის სახანძროს შენობა თავის დროზე ბათუმის ყველაზე მაღალი შენობა იყო და იმდროინდელი ქალაქმშენებლობითი რეგულაცია მის სათვალთვალო კოშკურაზე მაღალი სახლის აგებას კრძალავდა.
„ლათინური L-ის ფორმის შენობა შელესილია და წითლად არის შეღებილი.
მის გრძელ ფასადებს პირველ სართულზე სწორკუთხა, ხოლო მეორეზე თაღოვანი ღიობები ანაწევრებს.
შენობის თაღში, გამაგრების მიზნით, რკინის კონსტრუქციებია განთავსებული.
26 მაისის ქუჩაზე გამავალი ფასადის ცენტრი მსუბუქად შვერილი რიზალიტითაა აქცენტირებული. სწორედ მის თავზეა აღმართული არქიტექტურული ელემენტებით (კბილანები, კრონშტაინების იმიტაცია) სათვალთვალო კოშკურა, რომელიც ლითონისმოაჯირიანი ბაქნით სრულდება.
რიზალიტის ორივე მხარეს სახანძრო მანქანებისთვის სამ-სამი განიერი თაღოვანი კარია გაჭრილი. მარცხენა კიდეში მოწყობილი ტალანი შენობის ვრცელ ეზოში გადის. ეზოს ფასადები სადაა, მათ თაღოვანი და სწორკუთხა ღიობების რიგი ანაწევრებს“ – წერია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღწერაში.
15 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში იმართება საპროტესტო მარში – „ჩვენი არჩევანი არის ან თავისუფლება, ან რუსული დიქტატურა!“.
„დღეს საქართველოს ხელისუფლება რუსული სცენარით ახორციელებს რეპრესიებს, ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, ამკაცრებს კანონმდებლობას და ცდილობს, ქვეყანა კრემლის გავლენის ქვეშ მოაქციოს!
თუ არ გავაპროტესტებთ, საქართველო გადაიქცევა პუტინის რუსეთის ანალოგიურ დიქტატურად, სადაც:
დაპატიმრებები და რეპრესიები გახდება ყოველდღიურობა!
სიტყვის თავისუფლება დაიხშობა, მედია კი სრულად დაექვემდებარება რეჟიმს!
შეკრებისა და პროტესტის უფლება აღარ იარსებებს!
ქვეყანა საბოლოოდ ჩამოშორდება ევროპას და აღმოჩნდება რუსეთის ბნელი გავლენის ქვეშ!
ეს ბრძოლა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის! თუ ახლა არ შევაჩერებთ ამ პროცესს, ხვალ გვიანი იქნება!“ – წერენ აქტივისტები.
ბათუმში მარშის მონაწილეები შაბათს, 15 თებერვალს 18:00 საათზე ცენტრალური პარკის კოლონადებთან შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობა გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოსკენ.
„ჩვენი პირველი გასვლა ბათუმის ფარგლებს გარეთ მნიშვნელოვანი და სიმბოლური იყო. მეორე გასვლაც, გვინდა, რომ ასეთივე გამოვიდეს – სარფი შეირჩა საიმისოდ, რომ ერთგვარად ხაზი გავუსვათ თემურის, როგორც მუჰაჯირების შთამომავლის წარსულს და მის დაუღალავ ჯაფას ჩვენებურების [თურქეთის ქართველობის] კულტურული ბმის აღსანიშნად ისტორიულ სამშობლოსთან. მთავარია, მივაწვდინოთ ხმა გონიო-სარფის ერთეულში მოქალაქეებს, რომ შემოგვიერთდნენ.
დარწმუნებული ვარ, სარფშიც შინაარსებით გაჯერებული შეხვედრა იქნება. ბათუმში 15:00 საათის მერე დავბრუნდებით და 18:00-საათიან მარშს შევუერთდებით“ – წერენ აქტივისტები განცხადებაში.
ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], რომელიც საიმიგრაციო იზოლატორში 28-ე დღეა შიმშილობს, პროტესტის ნიშნად სამედიცინო გამოკვლევებზე უარს ამბობს.
ადვოკატის თქმით, თემურ ქათამაძეს შიმშილობის გამო 17 კილოგრამი აქვს დაკლებული.
„ისევ აგრძელებს ბატონი თემური შიმშილობას და გამოკვლევების ჩატარების მიზნით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს აცხადებს, მისი პროტესტიდან გამომდინარე.
თანაც, მისი საქმე გარკვეული სპეციფიკურობით ხასიათდება. იცით, რომ მას უკვე 4 სასამართლო პროცესი ჰქონდა, კიდევ ერთი იქნება, სადაც უნდა გაასაჩივროს ლტოლვილისა და ჰუმანიტარულ სტატუსზე უარის თქმის საკითხი. ამ გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის მას სჭირდება შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების მითითება და მტკიცებულებები.
მისი შიმშილობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ის ყოველდღე ამზადებს გარკვეულ ახსნა-განმარტებებს საქმისთვის, უკავშირდება ახლობლებს მტკიცებულებების მოძიების მიზნით და ამაშიც ძალიან შეზღუდულია, რადგან კვირაში სამი დღე აქვს, როცა შეუძლია 4-წუთიანი ზარის განხორციელება ახლობლებთან,“ – ამბობს ადვოკატი მარიამ გაბროშვილი.
მისი თქმით, თემურ ქათამაძეს შიმშილობის გამო 17 კილოგრამი აქვს დაკლებული. დროებითი მოთავსების ცენტრში მის ჯანმრთელობას აკონტროლებენ, თუმცა ეს არ არის საკმარისი.
„შემოწმება, რაც მას იზოლატორში უტარდება – წნევის გაზომვა, შაქრის დონის ან სატურაციის გაზომვა, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული სურათი მოგვცეს.
თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში და კრიტიკული იქნება, რა თქმა უნდა, მისი კლინიკაში გადაყვანის შესაძლებლობა არსებობს, თუ ამაზე ექიმის დასკვნა იქნება,“-ამბობს მარიამ გაბროშვილი.
ადვოკატს ვკითხეთ, თუკი ის უარს ამბობს კვლევებზე და არც სხვა ექიმი შედის მასთან გამოკვლევებზე, ვინ დაწერს ამ სამედიცინო დასკვნას?
მარიამ გაბროშვილის თქმით, რადგან ამ ეტაპზე თემურ ქათამაძე პროტესტის გამო უარს ამბობს გამოკველევებზე, ამიტომ ვერ მოხერხდება დამოუკიდებელი ექიმის შეყვანა დასკვნის დასაწერად.
თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ასევე იმაზე, თუ რა კვლევები აქვს ჩატარებული მოშიმშილეს, ინფორმაცია გამოთხოვილი ჰქონდა სახალხო დამცველის აპარატს. ამიტომ ადვოკატს ვკითხეთ, მიიღო თუ არა ეს ინფორმაცია სახალხო დამცველმა და აპირებს თუ არა რეაგირებას ამ საკითხზე.
მარიამ გაბროშვილის თქმით, სახალხო დამცველის აპარატს გვიან მიეწოდა ეს ინფორმაცია და „როგორც შეაფასეს, არსებობდა გარკვეული კვლევების ჩატარების აუცილებლობა. ამის გამო სურდათ ბატონი თემურის კლინიკაში გადაყვანა, თუმცა, როცა შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ბატონმა თემურმა ჯერ-ჯერობით უარი განუცხადა კლინიკაში გადაყვანაზე,“-ამბობს ადვოკატი.
თემურ ქათამაძე ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს. მეორედ, კი იზოლატორიდან გამოსვლისთანავე. პირველი დაკავების შემდეგ, თემურ ქათამაძე საუბრობდა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მხრიდან.
თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, ის საქართველოში ათ წელზე მეტია ცხოვრობს და ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ენას ფლობს, ასევე ჩაბარებული აქვს მოქალაქეობის მინიჭებისთვის საჭირო ტესტები, მას „ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება, მოქალაქეობაზე უარს ეუბნება და მის ქვეყნიდან გაძევებას აპირებს.
თემურ ქათამაძე ქვეყანაში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, რის გამოც ის რეჟიმმა დააკავა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 თებერვლის 21 საათიდან 14 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, წვიმა, მაღალ მთაში – თოვა;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა ღამით 3 ბალი იქნება, დღისით – 4 ბალი. ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 15 და 16 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 854 280 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 250]
ტანკი – 10 040 ერთეული [+17]
ჯავშანტექნიკა – 20 894 ერთეული [+23]
საარტილერიო სისტემა – 23 034 ერთეული [+58]
MLRS – 1 278 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 063 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 25 072 ერთეული [+153]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 063 ერთეული [+6]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 37 096 ერთეული [+168]
სპეცტექნიკა – 3 744 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
653 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
43 247 უპილოტო საფრენი აპარატი
592 საზენიტო სარაკეტო სისტემა
21 314 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 515 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
21 627 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
31 528 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ერთ-ერთი ახალი გარემოება, რომლის გამოც ადვოკატები სასამართლოს შიმშილობაში მყოფი მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმებას ითხოვენ, პოლიციის მიერ მომზადებული დაკავების ოქმის სიყალბეა.
პოლიციის ხელმძღვანელი პირების მიერ ჩადენილ სიყალბეს „ბათუმელების“ ვიდეო ჩანაწერი ადასტურებს.
საუბარია 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებაზე: აქციის მონაწილეებს პოლიციელები აკავებენ სტიკერების „იფიცება საქართველოს“ გაკვრისთვის, ბათუმის პოლიციის უფროსი – ირაკლი დგებუაძე აკავებს აქტივისტს და მზია ამაღლობელის მეგობარს – ციალა ქათამიძესაც, რომლის შემდეგაც აქციაზე ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ჩნდება. იგი პოლიციელების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას აპროტესტებს და პროტესტის ნიშნად შსს-ს ღობეზე აკრავს სტიკერს – „იფიცება საქართველო“.
ამის შემდეგ მზია ამაღლობელს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს.
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების ამსახველ ვიდეოში ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა:
„150-ე მუხლია, კედელზე მიკვრაზე, ადმინისტრაციულ შენობაზე მიკვრაზე, სახელმწიფო შენობაზე…“ მზია ამაღლობელის დაკავების ოქმში კი წერია, რომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად დააკავეს, რაც პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, ან მის შეურაცხყოფას გულისხმობს.
ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ ციალა ქათამიძის შემთხვევაშიც განაცხადა, რომ მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 150-ე მუხლის [ადმინისტრაციული შენობების იერსახის დამახინჯება] საფუძველზე აკავებს – კანონის მიხედვით კი, პოლიციას ამ მუხლის დარღვევისთვის ვინმეს დაკავების უფლება საერთოდ არ აქვს.
„შემდეგ სასამართლომ და პროკურატურამ გაყალბებული დაკავების ოქმი გამოიყენეს იმისთვის, რომ გაემართლებინათ მზია ამაღლობელის პატიმრობა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე,“ – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ დღეს, 12 თებერვალს, ბრიფინგზე.
„როცა პოლიციაში მიხვდნენ, რომ 150-ე მუხლით მზია ამაღლობელს ვერ დააკავებდნენ, დაკავების ოქმი გააყალბეს და სხვა სამართალდარღვევა ჩაუწერეს,“ – განმარტავს ადვოკატი მაია მწარიაშვილი. ის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და გიორგი ხიმშიაშვილთან ერთად მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს.
პოლიციელებს ოქმში ჩაუწერიათ, რომ მზია ამაღლობელმა პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა ვიდეომასალაშიჩანს, რომ მზია ამაღლობელი უსიტყვოდ და მშვიდად მიჰყვება პოლიციელებს, დაკავებამდე კი, იგი ასევე უხმოდ აკრავს სტიკერს შსს-ს ღობეზე.
მნიშვნელოვანი გარემოება: შსს-ს, რომელიც კანონის დაცვის გარანტი უნდა იყოს, ამ დრომდე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებაზე სამართალდარღვევის ოქმი სასამართლოში არ გადაუგზავნია. შესაბამისად, სასამართლოს არ უმსჯელია, მართლა ჩაიდინა თუ არა სამართალდარღვევა მზია ამაღლობელმა.
ეს ამბავი აქ არ სრულდება: პროკურატურამ უკვე სისხლის სამართლის წესით დაკავებული მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძვლად მიუთითა ის, რომ მანამდე მან თითქოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა.
„ამ უკანონო დოკუმენტის საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობს რისკი, რომ მზია ამაღლობელი კვლავ ჩაიდენს დანაშაულს. თავისთავად ცხადია, რომ მაშინ ბრალდება სასამართლო მასალებში არ წარადგენდა [ვიდეოს], სადაც თვალნათლივ ჩანს რა გარემოებებში მოხდა მზია ამაღლობელის უკანონო დაკავება,“ – აღნიშნა მაია მწარიაშვილმა დღეს, 12 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.
„ამავე ვიდეოფირში ჩანს, რომ იმ წუთას, როცა დააკავეს მზია ამაღლობელი, როცა ეკითხებიან, ბატონი დგებუაძე პასუხობს, რომ მზია ამაღლობელი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე ანუ მათი ვარაუდით, სტიკერის გაკვრის გამო.
თუმცა სისხლის სამართლის საქმეში აღმოჩნდა ყალბად შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, სადაც წერია, რომ თურმე „მზია ამაღლობელი იდგა აქციაზე და პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეძახდა რუსეთის მონებო, ძაღლებო, ღორებო“ და არაერთი მოწოდების მიუხედავად, მან არ შეწყვიტა ეს მოწოდება… ამავე სისხლის სამართლის მასალებიდან ჩანს, რომ ამ აქციაზე ადმინისტრაციული წესით ყველა უკანონოდ დაკავებულის შემთხვევაში, [ოქმში] ეს ტექსტი არის იდენტური. პოლიცია ყველა ოქმში სახელს და გვარს ცვლის და იმეორებს ერთსა და იმავეს“, – აცხადებს მაია მწარიაშვილი.
ამ დრომდე ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსია. მას სამსახურებრივი უფლებამოსილება არ შეჩერებია იმის მიუხედავად, რომ მზია ამაღლობელი, ასევე 2025 წლის 11 იანვარს დაკავებული მალხაზ ირემაძე და აქციის მედროშე – თემურ ქათამაძე ირაკლი დგებუაძის მხრიდან ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულებზე საუბრობენ.
მზია ამაღლობელის თქმით, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა, არ აძლევდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას, მალხაზ ირემაძის თქმით კი, ირაკლი დგებუაძემ მას კედელზე თავი არტყმევინა.
გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასათანადო მოპყრობის მუხლის ნაცვლად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო. ამ საქმეში მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ.
„ვიდეოს არ იღებენ ამდენ ხანს, ყველაზე მოკლე გზა არის ვიდეო“ – აცხადებს მაია მწარიაშვილი. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ დრომდე საგამოძიებო ორგანოს არ ამოუღია პოლიციის დეპარტამენტის ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო კამერის ჩანაწერები.
„მზია ამაღლობელის საქმეში“ გამოძიების დაწყებიდან ერთი თვის თავზე მხოლოდ დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძის გამოკითხვის ოქმია, სადაც ის ამბობს, რომ სილა გააწნეს და ტკივილი იგრძნო და კიდევ 6 პოლიციელის ჩვენება, რომლებიც გამოძიებას უდასტურებენ, რომ უფროსს ლოყაზე სიწითლე შენიშნეს.
გამოძიებას არ დრომდე არ გამოუკითხავს რომელიმე დემონსტრანტი.
„სხვა მტკიცებულება ამ საქმეში არ არის და ვერც იქნება, რადგან ეს თავდასხმა არ არის…“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.
ადვოკატის თქმით, შუამდგომლობასთან ერთად სასამართლოს წარუდგენენ მზია ამაღლობელის ჩვენებას, რაც ასევე ახალი გარემოებაა ამ საქმეში.
შესაბამისად, ამ ეტაპზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს და ბრალდებამ უნდა ამტკიცოს, რით არის დასაბუთებული „მოწმეებზე ზემოქმედების გარემოება“ და რატომ არის საჭირო, რომ პატიმრობაში დარჩეს მზია ამაღლობელი.
„ეს საფუძველი აბსოლუტურად გამოცლილია, დაკითხულია ყველა. გარდა იმისა, რომ დაკითხულია ყველა, ამ საქმეში ბევრი გამოსაძიებელიც არ იყო იმ თვალსაზრისით, რომ ორივე [დაკავების] ეპიზოდთან დაკავშირებით არსებობს ვიდეოფაილი და ყველა ფიგურანტი გამოკითხულია“, – აცხადებს მაია მწარიაშვილი.
მაია მწარიაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გამოძიება იწყება სილის გაწვნის ეპიზოდიდან და არა მანამდე, მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების ეპიზოდიდან.
ადვოკატი ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითებს, კერძოდ იმაზე, რომ ბათუმის პოლიციის უფროსი დაზარალებულად მიჩნეული პირია, მის დაქვემდებარებაში მყოფი პირები კი ჩვენებებს აძლევენ გამოძიებას:
„ზედაპირზე დევს ინტერესთა კონფლიქტი ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.
რატომ არ იწყება გამოძიება იმ ეპიზოდებიდან, საიდანაც აშკარად ჩანს მზიას უკანონო დაკავება, დოკუმენტების გაყალბება, რაც დაედო შემდეგ საფუძვლად ამ საქმეს? ამ საქმეზე ასევე ძალიან ცხადი და აშკარაა, რომ დაზარალებული არის ბათუმის პოლიციის უფროსი და საქმეს იძიებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო დანაყოფი. მთავარი მოწმე ამ საგამოძიებო დანაყოფის უფროსი და მზიას დამკავებელია, ყველა მოწმე არის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის პოლიციელი…
დაზარალებული მაღალი თანამდებობის პირია და ყველა საგამოძიებო სამსახური ბესელიას დაქვემდებარებაშია, რომლის პასუხისმგებლობის დაყენებასაც ვითხოვთ.
საგამოძიებო სამსახურის უფროსის დაქვემდებარებაშია ყველა გამომძიებელი, თვითონ იძიებს საქმეს და ჩვენებასაც თვითონ იძლევა. იმ ზომის ინტერესთა კონფლიქტია ამ საქმეში, რომ ყველაზე დიდი ნდობის მქონე ადამიანისთვისაც კი გამორიცხავს მოლოდინს, რომ შეიძლება აქედან რამე ობიექტურობასთან ოდნავ მიახლოებული სურათი დაიდოს – თვითონ მღერიან და თვითონ ცეკვავენ,“ – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
დღეს, ბრიფინგის შემდეგ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, რომ რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ მზია ამაღლობელის საქმე გურიის პოლიციის დეპარტამენტს დაუქვემდებარა, თუმცა ეს ვერ აღმოფხვრის ინტერესთა კონფლიქტს:
„საქმეზე დაზარალებულად ცნობილია ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში არის ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელი პირი. დაახლოებით 1 თვის განმავლობაში საქმის გამოძიება მიმდინარეობდა იმავე ადმინისტრაციულ შენობაში [სადაც თავად დაზარალებულიც საქმიანობს] განთავსებული საგამოძიებო დანაყოფის მიერ. საქმეზე დაკითხული ბრალდების მთავარი მოწმეები არიან ამავე სამმართველოს პოლიციელები.
საგამოძიებო დანაყოფის უფროსი – ბერდია ფერაძე, რომლის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი გამომძიებლებიც აწარმოებდნენ გამოძიებას, არის ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმე და ამასთან, მან თავად დააკავა მზია ამაღლობელი.
საბოლოოდ, როგორც გამომძიებლები, ისე მოწმეები, დაზარალებულის ჩათვლით, არიან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას სამსახურებრივ დაქვემდებარებაში, რომელმაც განახორციელა მზია ამაღლობელის უკანონო ადმინისტრაციული დაკავება. მედიაში არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ირაკლი დგებუაძის ნათლია არის გრიგოლ ბესელია.
გამოძიების დაწყებიდან მზია ამაღლობელის საქმეს იძიებდა სწორედ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახური. დაცვის მხარემ მიმართა გენერალურ პროკურორს მოთხოვნით, ამოეღო სისხლის სამართლის საქმე აჭარის პოლიციის საგამოძიებო წარმოებიდან და დაექვემდებარებინა გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფისათვის. ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი საქმე ჩამოსცილდებოდა აჭარის პროკურატურას.
დაცვის მხარისათვის სიტყვიერად გახდა ცნობილი, რომ რამდენიმე დღის წინ გენერალურმა პროკურატურამ საქმე დაუქვემდებარა გურიის პოლიციის დეპარტამენტს, რაც არ აღმოფხვრის ინტერესთა კონფლიქტს და არ შექმნის ელემენტარული ობიექტურობის განცდას, ვინაიდან გურიის პოლიციის დეპარტამენტზე საპროკურორო ზედამხედველობას ახორციელებს კვლავ აჭარის პროკურატურა, რომელიც ზედამხედველობდა მზია ამაღლობელის საქმეს გამოძიების პირველი დღიდან.
აჭარის პროკურატურამ აჩვენა, რომ მას არ შესწევს უნარი იმსჯელოს გრიგოლ ბესელიას და სხვა პოლიციელების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მზია ამაღლობელის უკანონო ადმინისტრაციული დაკავების და მის წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული საქმისწარმოების დოკუმენტების გაყალბების გამო. ამასთან, ეჭვს არ იწვევს, რომ აჭარის პროკურატურას აქვს ყოველდღიური სამსახურებრივი და ოპერატიული კავშირი როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ისე ბათუმის პოლიციის უფროსთან და ყველა მის დანაყოფთან,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ 2025 წლის 12 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
12 თებერვლის ბრიფინგზე ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა კიდევ ერთ დეტალზე გაამახვილა ყურადღება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკაშიც არსებობს საქმე, როცა სსკ-ის 353-ე პრიმა ერთი [პოლიციელზე თავდასხმა] მუხლით 2024 წელს ბათუმში დაკავებული მოქალაქე მოსამართლეს 2 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე გაუთავისუფლებია. ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნით კი, სასამართლოსთვის თავად პროკურატურას მიუმართავს.
„მზია ამაღლობელის შემთხვევაში კი, დაცვის მხარემ სასამართლოს შესთავაზა 100 ათასი ლარის გირაო და სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა. იმ საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირი ნაკლები ჩინის კაცია, ვიდრე ჩვენს შემთხვევაში, ასე რომ, სასამართლო პრაქტიკა ზედაპირზე დევს,“ – განაცხადა მაია მწარიაშვილმა და ისიც დასძინა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებში ვერავინ იპოვის საქმეს, როცა სილის გაწნა სასამართლომ თავდასხმად შეაფასა, პირიქით, პოლიციელის დანით დაჭრაც კი, უზენაესმა სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმად არ მიიჩნია.
___________________
მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 32 დღეა შიმშილობს. ის კვლევების ჩატარების მიზნით 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანება „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დღეს, 12 თებერვალს, ბათუმის მერიის შენობაში მიმდინარე საჯარო შეხვედრაზე გასაშუქებლად არ შეუშვეს „ბათუმელების“ ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე.
„12 თებერვალს, „ბათუმელების“ ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე ბათუმის მერიის დაცვის პოლიციამ მერიის შენობაში იმ კომისიის საჯარო სხდომაზე დასასწრებად არ შეუშვა, რომელიც უსახლკაროების საკითხს განიხილავდა. შეხვედრას ბათუმის მერი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ. ჟურნალისტი დიდხანს ელოდა ნებართვას მერიის პრეს-ცენტრისგან. დაცვის პოლიციელებმა უარის მიზეზი ვერ განმარტეს.
საგულისხმოა, რომ შეხვედრას ესწრებოდა და აშუქებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მოპყრობა მედიის მიმართ ბევრ რეგიონში არცთუ იშვიათია – ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ჟურნალისტებს უკანონოდ უზღუდავენ წვდომას ღია სხდომებზე, „ბათუმელების“ პრაქტიკაში ის პირველი იყო.
ქარტიას აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ „ბათუმელების“ მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და მათი კანონიერი უფლებების შეზღუდვა პირდაპირ არის დაკავშირებული მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებასა და პატიმრობასთან და მიზნად „ბათუმელების“ შევიწროებას ისახავს.
იმით, რომ საჯარო შენობაში კომისიის ღია სხდომაზე ჟურნალისტი არ შეუშვეს, დაცვის პოლიციელებმა და ბათუმის მერიამ დაარღვიეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი, რომელიც მათ საჯარო შენობებში ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობების შექმნას ავალდებულებს.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის დადგენილებაში (№34) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ, 99-ე მუხლში, რომელიც აღწერს საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის წესს, ვკითხულობთ:
1. ნებისმიერ პირს უფლება აქვთ წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის ღია სხდომებს. 2. საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის დარბაზში (კაბინეტში) უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები სხდომაზე დასწრების მსურველ მოქალაქეებისათვის.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ბათუმის მერიას მოუწოდებს, დაიცვას რეგლამენტის მოთხოვნა და მისცეს „ბათუმელების“ ჟურნალისტებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის განხორციელების უფლება, რის ნაწილიცაა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში მიმდინარე სამუშაო პროცესების გაშუქება კორუფციის რისკების გამოსავლენად“ – აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო გაიყოფა და ახალი, კულტურის სამინისტრო დაემატება. ინფორმაცია აჭარის მთავრობის აპარატში დაგვიდასტურეს.
აქ მიიჩნევენ, რომ „ახალი სამინისტროს ფორმატში შესაძლებელი იქნება დარგობრივი პოლიტიკის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელება.“ – ეს იმას ნიშნავს, რომ აჭარაში ოთხის ნაცვლად ხუთი სამინისტრო და მინისტრის მოადგილის ხუთი ახალი თანამდებობა იქნება ვაკანტური.
სამინისტროს დაჭირდება შესაბამისი დეპარტამენტები, სამსახურები და მთელი რიგი რესურსი, რაც მუშაობისთვის იქნება საჭირო. შესაბამისი ცვალებები უნდა აისახოს რესპუბლიკურ ბიუჯეტშიც.
ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე ოპოზიცია საუბრობდა შტატების„ მოსალოდნელ გაბერვაზე “ არჩევნების შემდეგ, იმისათვის, რომ „მთავრობამ დაასაქმოს ისინი, ვინც არჩევნებზე ოცნების სასარგებლოდ იმუშავა“.
ცოტა ხნის წინ აჭარის მთავრობამ სამინისტროებში მოადგილეების თანამდებობებიც დაამატა. ამ თანამდებობებზე დანიშნეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წინა მოწვევის წევრები, რომლებიც „ოცნების“ გამსვლელ სიაში არ ჩაწერეს.
სამინისტროების დებულების მიხედვით მინისტრებს ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.
ასევე, მინისტრის მოადგილეებს, მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.
ცვლილებები მთავრობაში აჭარის ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
დღეს, 12 თებერვალს დღეს აჭარის ანტიკონსტიტუციურმაუმაღლესმა საბჭომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება“ ვადამდე შეუწყვიტა უსკოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით არჩეულ წევრებს ოპოზიციური პარტიებიდან.
ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე 27-ე დღეა რაც პროტესტის ნიშნად შიმშილობს ციხეში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც მის ინტერესებს იცავს სასამართლოში, ბოლო განცხადება მედროშის შესახებ გუშინ, 11 თებერვალს გაავრცელა. „მიუხედავად იმისა, რომ საიამ არაერთხელ მოითხოვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი უწყებები ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან“ – წერს საია.
შეძახილი – „თავისუფლება მედროშეს!” ყოველ დღე ისმის ბათუმის აქციებზე მას შემდეგ, რაც ქათამაძე დააკავეს. რამდენიმე დღის წინ თემურ ქათამაძეს მხარდასაჭერი წერილებიც გაუგზავნესბათუმიდან.
ვინ არის ბათუმის მედროშე? – თემურ ქათამაძის შესახებ მისი მეგობრები გვიყვებიან.
„მისი ერთადერთი იარაღია შიმშილობა”
ნინა კაკულია თემურ ქათამაძის ახლო მეგობარია. მათ წლების წინ გაიცნეს ერთმანეთი. ნინა გვიყვება ბათუმის აქციების მთავარი მედროშის ცხოვრებაზე საპროტესტო აქციებს მიღმა.
„თუ თემურს გააძევებენ, ეს თავის მოჭრა იქნება ხელისუფლების და ჩვენი, ხალხის”, – გვეუბნება ნინა კაკულია საუბრის დასაწყისშივე.
ნინამ და თემურ ქათამაძემ ერთმანეთი წლების წინ გაიცნეს და დამეგობრდნენ.
ნინა კაკულია თემურ ქათამაძესთან ერთად
„ეს არის იდეა, რომელსაც თემური ემსახურება. ეს ადამიანი არის რაინდი. ჩვეულებრივი ადამიანისთვის გაუგებარია რატომ იქცევა ასე.
ამ ადამიანს თავისთვის არასდროს არაფერი გაუკეთებია. ყოველთვის ზრუნავს ქართული სულისკვეთების შენარჩუნებისთვის, იქ, სადაც ისტორიული იდეა არსებობს. არამხოლოდ თურქეთში, არამედ ფერეიდანში, ჰერეთში. ყველგან, სადაც ქართველები ცხოვრობენ, ვისაც ავიწყდება ქართული ენა და ტრადიცია, ყველაზე ზრუნავს თემური. ეს იდეა აძლიერებს და ამ იდეისთვის შიმშილობს კიდეც, რომ დაამტკიცოს თავისი სიმართლე.
სხვა ხერხი არ გააჩნია ამ ადამიანს. მისი ერთადერთი იარაღია შიმშილობა. როდემდე აპირებს შიმშილობას, ეს არ უთქვამს. ჯერ არ ვწყვეტ შიმშილობასო, ასე თქვა. დღესაც იმავეს ამბობს. გადასხმებზეც უარს აცხადებს. არ ვიცი სადამდე.
ნაცნობები მომმართავენ და მეუბნებიან, იქნებ რამენაირად დაითანხმო, რომ შეწყვიტოს შიმშილობაო. მე არ დამიჯერებს, ეს ვიცი და ვერც ვეტყვი. თემური არ არის ის ადამიანი, რომ ვიღაცის ნათქვამით რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს”, – ამბობს ნინა.
იგი ჩვენთან საუბრისას იხსენებს, რომ თემურმა 2019 წელს ჩააბარა ქართული ენის გამოცდა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად:
„ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდა, მაგრამ დაუსაბუთებლად უარი უთხრეს [მოქალაქეობის მინიჭებაზე]. მეორეჯერ შეიტანა განცხადება – ისევ უარი”- ამბობს ნინა. მისი თქმით, მედროშეს ჯამში სამჯერ უთხრეს უარი მოქალაქეობის მინიჭებაზე.
„შიში ალბათ ჰქონდა. ეს ხომ ბუნებრივი და სავსებით ნორმალური ემოციაა, მაგრამ ის თავის შიშებს არ ანიჭებს არანაირ მნიშვნელობას. როცა უყურებდა ეს ხელისუფლება რას სჩადიოდა, უშვებდა იმ აზრს, რომ ამით დასრულდებოდა, მაგრამ ასე ვერაგულად და ავაზაკურად თუ დააკავებდნენ, ეს ალბათ ვერ წარმოედგინა, მე ასე ვფიქრობ.
თქვენ იცნობთ თემურს გარეგნულად. დროშით ხელში ყველას გყავთ ნანახი. მე მინდა გიამბოთ თემურზე, როგორც ძალიან სათნო ადამიანზე. მინდა გითხრათ, რომ სადაც ის ცხოვრობს, იმ ეზოებში რაც თუ მაწანწალა კატა და ძაღლია ყველა მასთან მიდის – თუ ავად არის, თუ მშიერია. ასეთია თემური – ყველას აპურებს, ყველას ეხმარება.
ზაფხულში პარკში დადიოდა, მტრედებს აპურებდა. უბრალოდ სასეირნოდ არასდროს მიდიოდა, თან მიჰქონდა პური და კვებავდა ფრინველებს. ბოლო ლუკმასაც დაუფიქრებლად გაუზიარებს უცხო ადამიანს. ფული იქნება, ტანსაცმელი, თავისი დრო თუ ენერგია, დაუფიქრებლად ეხმარება ადამიანებს და არამხოლოდ ადამიანებს.
დღეს მე მიკვირს, რომ ბევრი ის ადამიანი, რომელსაც ეხმარებოდა ყოველთვის, არ ჩანან მის გვერდით. სამწუხაროდ ასეა”, – გვიყვება ნინა.
თემურ ქათამაძე და ნინა კაკულია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე
ნინა კაკულიამ ქათამაძე პირველ თებერვალს მოინახულო საპატიმრო დაწესებულებაში. მედროშის მეგობარი ამ შეხვედრიდან მათ საუბარსაც იხსენებს:
„ციხეში რომ შევხდით, მაშინ მითხრა, რომ ამაყი იყო და თქვა, რომ ეს არის მისი 40 წლიანი მოღვაწეობის დაგვირგვინება, იმისა, რაც გააკეთა ქართული თვითშეგნების შესანარჩუნებლად. მართლა დაუღალავად შრომობდა, ღამღამობით წერდა, სტატიებს თარგმნიდა, აქვეყნებდა. მანამდე არავინ იცნობდა მას. დღეს თემურს საქართველოს საზოგადოება იცნობს და არამხოლოდ საქართველოში. თურქეთის საზოგადოებამაც გაიცნო ის გაფფარ ილმაზი, თემურ ქათამაძე, ვინცაა სინამდვილეში. ამითაა უსაზღვროდ ამაყი და მე მგონი, ეს სიამაყე შიშსაც ფარავს.
ახლა შეშინებულზე უფრო მეტად გაბრაზებულია.
თემური [საზოგადოების] მხარდაჭერას გრძნობს და ძალიან მადლობელია. ამაყია იმიტომ, რომ კი არის გისოსებს მიღმა, მაგრამ ყველაზე თავისუფალია, ისე როგორც ქალბატონი მზიაა ყველაზე თავისუფალი დღეს. ყველაფერზე მაღლა დგანან ეს ადამიანები – შიშზე, ბუნებრივ მოთხოვნილებებზე მაღლა დადგნენ.
მადლობელი ვარ ბედისწერის თუ არ ვიცი რას უნდა ვუმადლოდე, რომ თემური არის ჩემს ცხოვრებაში, როგორც მეგობარი. ძალიან მეხმარება ბევრ რამეში. აქამდე მე მქონდა მისი იმედი, ახლა მას აქვს ჩემი იმედი და ვცდილობ წვლილი შევიტანო მის გათავისუფლებაში.
იმედი? იმედი მაქვს, რომ აქ დარჩება. იმედი რომ არ მქონდეს ალბათ გავგიჟდებოდი. ბუნებრივია, რომ ძალიან ვნერვიულობ მის ჯანმრთელობაზე. ეს იმედი მაძლიერებს. იმედი მაქვს, რომ თემური დაგვიბრუნდება, ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქართულ საზოგადოებაში. იმ ადგილს, რომელიც მართლა ეკუთვნის. ნამდვილად დაიმსახურა, რომ იყო საქართველოს მოქალაქე და წინ გაუძღვეს იმ ქართველებს, რომლებიც კარგავენ უკვე მათ ქართველობას. ეს იყო მისი ნატვრა, რომელიც ჯერ ნატვრად რჩება. ყველაფერი კარგად იქნება და ნატვრაც აუსრულდება”- ამბობს ნინა.
თემურ ქათამაძე და ნინა კაკულია შობის ღამეს ბათუმის საპროტესტო აქციაზე
“მედროშის დამსახურებით გვიპოვა ჩვენმა ნათესავმა”
„ჩვენი მედროშე მუჰაჯირია, ქართველების შთამომავალი, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა. ბატონი თემური ჩვენი მთავარი მედროშეა გაზაფხულის აქციებიდან მოყოლებული. მისი კარგად გაცნობა იმიტომაც მომინდა, რომ მე თვითონ ვარ თურქეთის საზღვრისპირა სოფლიდან, კირნათიდან. ძალიან ბევრი მუჰაჯირი ნაცნობი მყავს და იცით, სწორედ ბატონი თემურის დახმარებით და დამსახურებით გვიპოვა ჩვენმა ნათესავმა.
თემურ ქათამაძე 40 წელია აგროვებს ქართულ გვარებს და ცდილობს თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან დააკავშიროს მათი ნათესავები. თემურს უნდა წიგნის სახით გამოსცეს გვარების ეს ნუსხა, თუმცა ჯერ ამის საშუალება არ მისცემია. ვიცი ისიც, რომ აჭარის ყველა სოფელი მოიარა ფეხით. იყო ჩემს სოფელშიც.
ჩვენ მალევე დავმეგობრდით და ბევრი საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა როგორც საქართველოში, ისე თურქეთში.
როცა ბატონი თემური, საქართველოს დროშით ხელში ბათუმის აქციების სიმბოლოდ იქცა, ხვდებოდა, რომ შეიძლება საფრთხე შეჰქმნოდა.
ჩემთან საუბრისას უთქვამს, დროშის ფრიალის გამო ჯერ არავინ არ დაუჭერიათ, მე ვიქნები პირველი, ვისაც დროშის აღმართვის გამო დაიჭერენ საქართველოშიო“, – უყვება ლინდა ცინცაძე „ბათუმელებს“.
მისი თქმით, ბათუმის აქციების ყველა მონაწილემ კარგად იცოდა, რომ პროტესტის მთავარი მედროშე წლები იბრძოდა საქართველოს მოქალაქეების მისაღებად და ეს არაერთხელ უთქვამს აქციაზე სხვადასხვა სიტყვით გამომსვლელსაც.
ლინდა ცინცაძე თემურ ქათამაძესთან ერთად ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე
„თურქეთის საზღვართან ცხოვრებამ დიდი გამოცდილება მომცა. „თურქეთის საქართველოში“ – როგორც მოიხსენიებენ თვითონ, ძალიან ბევრი ძირძველი ქართველი ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ მშობლიურ საქართველოს ვერ უბრუნდებიან, შენარჩუნებული აქვთ ქართული იდენტობა და ამ იდენტობას თაობას გადასცემენ.
ქართული სახელმწიფო არ ზრუნავს, მუჰაჯირებთან სათანადო კომუნიკაცია გვქონდეს. ძალიან კარგად ვიცით, რომ იმის მაგივრად, რომ ქართველ ეთნიკურ უმცირესობებს დაუთმოს ყურადღება და საქართველოსთან დააახლოოს, პირიქით, სეპარატისტულ განწყობებს თესავს და ეს ყველა ნაბიჯში შეიმჩნევა. ამის ცხადი მაგალითია ჩვენი მედროშის, თემურ ქათამაძის ამბავი.
პირველ რიგში ბატონი თემური ჩვენთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, სიძლიერის სიმბოლოა.
ახლა, როცა გავდივართ აქციაზე და არ გვხდება, სიცარიელეს ვგრძნობთ, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას!
მინდა, ჩვენს მედროშეს ვუთხრა, რომ ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ მისთვის და ვიბრძოლებთ თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის”, – ამბობს ლინდა.
„მე დღეს ამაზე მნიშვნელოვანი საქმე არ მაქვს“ – მითხრა მედროშემ“
„თემურ ქათამაძე გავიცანი ქართველ მუჰაჯირთა ერთ-ერთ ფეისბუქ ჯგუფში 2020 წელს და მალევე პირადადაც შევხვდით ერთმანეთს.
მისმა აქტიურობამ სოციალურ ქსელში დიასპორულ საკითხებზე მიიქცია ჩემი ყურადღება. მივწერე, გავეცანი და ვუთხარი, რომ დიასპორული საკითხებით ძალიან ვიყავი დაინტერესებული.
ვეძებდი მუჰაჯირ ნათესავებს და არამარტო ნათესავებს. მაინტერესებდა რომელი მუნიციპალიტეტიდან თუ სოფლიდან იყვნენ წასულები და მათი ქართული გვარები თუ ემთხვეოდა დღევანდელ იმ არეალში გავრცელებულ გვარებს. ბატონ თემურს მსგავს საკითხებზე მუშაობის წლების გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი და მე, როგორც ამ საკითხით დაინტერესებულ ახალგაზრდას მნიშვნელოვანი ინფორმაციების გაზიარება შემეძლო”, – გვიყვება როლანდ ღოღობერიძე, მეფუტკრეობის მავნებელ დაავადებების სპეციალისტი და სამოქალაქო აქტივისტი მედროშეზე.
იგი იხსენებს, რომ თემურისთვის ბევრჯერ უთქვამს – „თქვენ უფრო მეტად ქართველობთ დღეს, ვიდრე მე“.
როგორც როლანდი გვიყვება, ბოლოს ბათუმის აქციების მთავარ მედროშესთან გადაკვეთის წერტილად, სწორედ საპროტესტო აქციები იქცა:
„მეხუთე დღე იყო აქციების, როცა მივედი, მივესალმე და ვუთხარი, რომ ყოველდღე ვხედავდი აქციაზე. მედროშემ მითხრა – მე დღეს ამაზე მნიშვნელოვანი საქმე არ მაქვსო. არც მანამდე და არც მას შემდეგ ასეთი ფუნდამენტურად გააზრებული პასუხისმგებლობა აქციაზე გასვლის, არავისში დამინახავს, მათ შორის არც საკუთარ თავში.
თემური პირად საუბრებში აღნიშნავდა, რომ რეჟიმი ყველას მიწვდებოდა და მაგალითად ერდოღანის მმართველობა მოჰყავდა.
რაც შეეხება თემურის შიმშილობას, ეს იმ მტკიცე პროტესტის გაგრძელებაა, რასაც აქციაზე მედროშეობის სტატუსით გამოხატავდა.
შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ თემურ ქათამაძე იმ მცირე ადამიანთა შორისაა, ვინც საქართველოსთვის თავს დაუფიქრებლად გაწირავს. ერთადერთი რაც მინდა ვუთხრა თემურს, ისაა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ყველა რეჟიმს აქვს დასასრული და ამ რეჟიმის დასრულების შემდეგ ის ჯანმრთელი გვჭირდება იმ საქმეების გასაგრძელებლად, რასაც აქამდე აკეთებდა.
დაპატიმრებით ან ქვეყნიდან გაძევებით თემურ ქათამაძეს ქართველობას და ჩვენს პატივისცემას ვერავინ წაართმევს”, – გვეუბნება როლანდ ღოღობერიძე.
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, „შავშეთის ქუჩაზე [ე.წ. მანთაშევის] სარკინიგზო გადასასვლელის სარემონტო სამუშაოების გამო“, ცვლილებები შევიდა შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე:
N1 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს: შ. ხიმშიაშვილის – გრიბოედოვის – გორგილაძის – ბარათაშვილის – ჭავჭავაძის – ბაქოს – ნონეშვილის – მაიაკოვსკის – სევერიან აჭარელის – წერეთლის – თავდადებულის ქუჩებზე. N 1ა სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს: თავდადებულის – წერეთლის – სევერიან აჭარელის – მაიაკოვსკის – ნონეშვილის – ბაქოს – გოგებაშვილის – რუსთაველის – თავდადებულის – გორგილაძის – გრიბოედოვის – შ. ხიმშიაშვილის ქუჩებზე. N 2 და N 2ა სამარშრუტო ხაზები იმოძრავებენ: ჭავჭავაძის – წერეთლის – სევერიან აჭარელის – მაიაკოვსკის – თაბუკაშვილის ქუჩებზე. უკუმიმართულება იგივე. N 4 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს: ბარათაშვილის – წერეთლის – სევერიან აჭარელის ქუჩებზე. უკუმიმართულება იგივე. N 8 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს: ჭავჭავაძის – წერეთლის – სევერიან აჭარელის ქუჩებზე. უკუმიმართულება იგივე. N 15 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს: მელიქიშვილის – გორგილაძის – ბარათაშვილის – წერეთლის – სევერიან აჭარელის ქუჩებზე. უკუმიმართულება იგივე.
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ცხელ ხაზზე ვერ გვითხრეს თუ რა პერიოდით იქნება შეცვლილი მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტი.
ამავე თემაზე:
დროებით შეცვლილია 1, 1ა, 7, 7ა, 11, 10, 10ა და 15 ნომრით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა – ამ შემთხვევაში რუსთაველის ქუჩის გადაკეტვის გამო [პარალელურად ორმხრივი გახადეს მოძრაობა ჭავჭავაძის ქუჩაზე].
ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა 6 თებერვალს, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან შეხვედრისას მკაცრად გააკრიტიკეს „ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების პოლიტიკა და მოითხოვეს დასაბუთებული ახსნა იმაზე, თუ რატომ შეიცვალა ტურიზმის ორიენტირი აზიისკენ, როცა 25 წელია ტურიზმის სფერო დასავლური ბაზრების ათვისებაზე მუშაობდა.
რა ელის ტურიზმს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის პირობებში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ტურიზმის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, მამუკა ბერძენიშვილს ესაუბრა.
ბატონო მამუკა,თბილისში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს კრიზისზე საუბარი, რომელიც ამ საერთაშორისო იზოლაციის გამო შეუქმნა „ოცნების“ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ქვეყანას. თქვენ როგორ აფასებს ტურისტულ სექტორში არსებულ დღევანდელ მდგომარეობას?
კერძო სექტორი ამბობდა, რომ კრიზისი უკვე დგას. ვფიქრობ, როცა კრიზისზე ვსაუბრობთ, აქ უნდა ვისაუბროთ კონკრეტულ სეგმენტებზე და კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალზე, საქართველოს ფარგლებში.
თბილისის შემთხვევაში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები საუბრობდნენ სასტუმროებში არსებულ კრიზისზე და სასტუმროები იმიტომ აღმოჩნდნენ კრიზისულ მდგომარეობაში რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრი თბილისია.
ამიტომ, მხარჯველუნარიანი ტურისტი, რომელიც სასტუმროების კლიენტია, რა თქმა უნდა დააკლდა თბილისს. ამიტომ ამ კონკრეტულ არეალში და ამ სფეროში შეგვიძლია ვისაუბროთ კრიზისზე, ეს ცალსახაა, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ვსაუბრობთ ისეთი განთავსების ობიექტებზე რომელიც არ არის სასტუმროს მსგავსი დანახარჯების, ასეთია ვთქვათ საცხოვრებელი ბინები, რომელიც ტურისტებზე შედარებით დაბალ ფასად ქირავდება და არ იხდიან საშემოსავლო გადასახადს, მათთვის შეიძლება ეს საკითხი ჯერ დღის წესრიგში არ იდგეს.
სასტუმროს გარდა, ეს კრიზისი სხვა სექტორზე არ აისახება? ვთქვათ იგივე სარესტორნო და კვების ბიზნესზე, გიდების მუშაობაზე, ტურებზე, როცა აქ ჩამოსულ ტურისტს სთავაზობენ მომსახურებას. როგორი სურათი შეიძლება დაგვიდგეს იგივე აჭარაში ამ მხრივ?
სასტუმროებთან ერთად თუ ვინმე ამ პროცესში დაზარალდება, ეს იქნებიან ორგანიზებული ტურიზმის ირგვლივ განვითარებული ბიზნესები, მათ შორის, ტურისტული სააგენტოები, რომლებიც ძირითადად საზრდოობდნენ ევროპული ნაკადებით.
ლოგიკურად თუ ვიფიქრებთ, სურათი აქეთკენ მიდის, რომ ორგანიზებული ტურისტების რაოდენობა დაიკლებს. ეს, რა თქმა უნდა, ტურისტული სააგენტოების, გიდების მუშაობაზე და ასევე, სატრანსპორტო საშუალებების მუშაობაზეც მოახდენს უარყოფით გავლენას.
ბათუმის მაგალითი რომ ავიღოთ, ჩვენ 21-24 თებერვალს ბათუმში გვაქვს ტურიზმის სამიტი და ყველა ბიზნესსექტორთან დავიწყეთ საუბარი, რომ მოვიდნენ ამ სამიტზე, მათ შორის სასტუმროების მფლობელებიც გვყავს მოწვეული. თუმცა, ბათუმის გეოგრაფია, სამიზნე ბაზრების მიხედვით, მკაფიოდ განსხვავდება იგივე თბილისის ან ქუთაისის სამიზნე ბაზრებისგან, რადგან ბათუმში ჩვენ ძირითადად გვყავს თურქი, ებრაელი და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტები, რომლებიც დიდწილად არიან კავშირში სათამაშო ბიზნესთან, შესაბამისად, ეს პოლიტიკური მერყეობა, ცალსახად ვერ აისახება რეგიონის ჭრილში კრიზისზე.
ჯერ არ იქნებოდა სწორი კრიზისზე რომ ვისაუბროთ, თუმცა ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ არსებული მდგომარეობა ბევრად პრობლემურია იგივე ქუთაისისთვის, რადგან ქუთაისი ძირითადად დასავლური, ევროპული ტურისტული ნაკადებით იკვებება.
თბილისში ცხრა სასტუმრო დასახელდა, რომელსაც აქვს უკვე კრიზისი. ვფიქრობ, იგივე სურათი იქნება ქუთაისის შემთხვევაშიც.
თუმცა ამ ყველაფერზე მას შემდეგ გვექნება უფრო ნათელი წარმოდგენა, როცა შევხვდებით ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებს სამიტზე და ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ ციფრებს და არგუმენტებს.
რა ელოდება სოფლად ტურიზმს, რომელიც დასავლური გრანტების დახმარებით იდგა ფეხზე. რა ფორმით შეიძლება აისახოს მათზე კრიზისი?
იგივე ეხება სოფლად ტურიზმსაც. განსაკუთრებით იმ ადგილებს, რომელიც პოლიტიკურ ეპიცენტრს არის მოშორებული.
აქ პოზიტიურად შეგვიძლია შევხედოთ სურათს, რადგან ეს დახმარებები ევროპული ფონდების მხრიდან იყო ძალიან მძლავრი, უმნიშვნელოვანესი, განსაკუთრებით სოფლად და ამ ბიზნესებმა ისეთი გამოცდილება და ცოდნა დააგროვეს, რომ წესით, თუ ძალას არ დაიშურებენ, შეუძლიათ არსებული კრიზისის გადალახვა ამ ბაზისით, მიუხედავად იმისა, რომ არსებულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დააანონსა ამ დახმარებების გაუქმება, მათ შორის აშშ-მაც იგივე გააკეთა და შეაჩერა გრანტების გაცემა. ფონი შესაძლოა არ იყოს საუკეთესო, მაგრამ ვფიქრობ ის გამოცდილება, რაც ამ წლებში მიიღო სოფლად ტურიზმმა, ოპერატორებს მისცემს საშუალებას არსებობა გააგრძელონ.
თუ სახელმწიფო მზად იქნება ბიზნესთან დიალოგისთვის და მზად იქნება იმისთვის, რომ რეალურად გაიგოს რა მდგომარეობაა რეგიონში, შეიძლება ამ კრიზისების გადალახვა.
დღეს „ოცნების“ ხელისუფლება რასაც აკეთებს, ამის გამო ბიზნესი იძულებულია გადაერთოს სხვა ბაზრებზე, ანუ მოშორდეს დასავლურ ბაზრებს და გაიხედოს აღმოსავლეთისკენ. სხვა გზა არ რჩება ბიზნესს. შესაბამისად, სხვა ბაზრების ათვისების შემთხვევაში, ამ ადამიანებმა უნდა გამოიყენონ ის გამოცდილება, რაც დააგროვეს ევროპელი დონორების დახმარებით.
რა თქმა უნდა, მანამ, სანამ ახალი ბაზრები იქნება ათვისებული, იქნება გამოწვევები, იქნება ჩავარდნები, იქნება გარკვეული ინდიკატორების უარყოფითი მაჩვენებლები და ეს ყველაფერი აისახება სტატისტიკაში.
ზოგადად, 2025 იქნება ის წელი, როცა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რამდენად მედეგია ქართული ტურიზმი და შეუძლია თუ არა აიტანოს კიდევ ერთი დარტყმა.
თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება უნდა დაეხმაროს ბიზნესს და უნდა შედგეს დიალოგი. მაგრამჩვენ დღეს გვყავს ანტიკონსტიტუციური და სანქცირებული ხელისუფლება, რომელიც ცდილობს იზოლაციაში მოაქციოს ქვეყანა. რამდენად შესაძლებელია მასთან დიალოგი?
მსგავს სიტუაციებში მაინც სახელმწიფო უწყებებმა უნდა გამოთქვან სურვილი, მზაობა დიალოგის. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ განვითარებადი ეკონომიკა. ტურიზმის ინდუსტრიაც ჯერ ისევ განვითარების ფაზაშია და შესაბამისად, მას სახელმწიფო უნდა უწყობდეს ხელს, იქნება ის დასავლური ღირებულებების მატარებელი თუ არა.
მაინც სახელმწიფო უნდა იყოს პირველი ინიციატორი ამ დიალოგის და მოისმინოს რა სჭირდება კერძო სექტორს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2025 წელი შეიძლება იყოს ყველაზე რთული წელი ქართული ტურიზმის ინდუსტრიაში, იმიტომ, რომ ერთი ჩვენ დავკარგავთ ტრადიციულ ბაზრებს და მეორე, თუ ამ ტრადიციულ ბაზრებს სამუდამოდ ვკარგავთ, მაშინ მოგვიწევს ჩვენი პოტენციალის და რესურსების ახალ ბაზრებზე გადატანა და ეს რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული უნდა იყოს.
ასევე, ბიზნეს სექტორთან შეხვედრა უნდა გაგრძელდეს და ყველა რეგიონში და ქალაქში უნდა დაიწყოს დიალოგი და განხილვა არსებული მდგომარეობის.
ვიწვევთ საქართველოს და აჭარის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს, ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის და ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს, კერძო სექტორი დიდი დოზით გვეყოლება წარმოდგენილი, 250 მაღალი რანგის ბიზნესის წარმომადგენლები იქნებიან სამიტზე, შესაბამისად, ძალიან კარგი ადგილი იქნება იმისთვის, რომ ეს დიალოგი შედგეს ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის.
თუმცა ისიც ფაქტია, რომ არსებული პოლიტიკური ფონის შემდგომ, ეკონომიკური კრიზისი დღის წესრიგს იხილავს და სწორედ ამ ყველაფერს სჭირდება დიალოგი პირველ რიგში, რომ გაკეთდეს ზუსტი ანალიტიკა, დეტალური ინფორმაციების საფუძველზე და არა იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს მოხდა თუნდაც თბილისში ბიზნეს ინდუსტრიასთან შეხვედრისას, სადაც ორი კონკრეტული ფიცრის, – ტურისტების რაოდენობისა და ტურისტების შემოსავლის მიხედვით მსჯელობდა ტურიზმის ეროვნული სააგენტო.
ზუსტი ანალიზის გარეშე დიალოგი ვერ შედგება.
„ოცნების“ ხელისუფლებაბოლო წლებია ხალხს უყვება, რომ ეკონომიკამ არნახულ ზრდას მიაღწია, მაშინ როცა ღარიბი ოჯახების რიცხვი იზრდება ქვეყანაში. თქვენი აზრით, რამდენად მზადაა „ოცნების“ ხელისუფლება, რომ აღიაროს კრიზისი და ის გამოწვევები, რაზეც ალბათ ისაუბრებს ბიზნესი?
ეს რომ ასე არ მოხდეს, არგუმენტირებული უნდა იყოს ყველა მხარის მსჯელობა. ამიტომაც გვყავს ყველა მხარე მოწვეული და შესაბამისად, ამას სჭირდება ციფრებით, არგუმენტებით საუბარი და შემდეგი საკითხია, მოუსმენს თუ არა ამ არგუმენტებს რომელიმე მხარე. ამიტომ ვმართავთ ამ სამიტსაც.
ხელისუფლების არალეგიტიმურობა ზოგადად რა ტიპის პრობლემას ქმნის ტურისტულ სექტორში?
არალეგიტიმურობა ზოგადად კავშირშია პოლიტიკურ კრიზისთან. სხვა დანარჩენი – იქნება ეს ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა სფეროები, ყველაფერი მიბმულია ამ პოლიტიკურ პროცესებთან.
ამიტომ თუ პოლიტიკური პროცესი არის კრიზისის მატარებელი, ეს კრიზისი გადაედება სხვა სფეროებსაც, რაც, ცხადია, ეკონომიკური კლიმატის მხრივ ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს.
მზია ამაღლობელის ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობით ხვალ, 13 თებერვალს მიმართავენ.
სასამართლო ვალდებულია შუამდგომლობის დარეგისტრირებიდან 24 საათში განიხილოს მისი დასაშვებობის საკითხი და შესაბამისი განჩინება გამოსცეს.
თუ სასამართლო მზია ამაღლობელის შუამდგომლობას დასაშვებად მიიჩნევს, მან პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების გაუქმების საკითხი შემდეგ 24 საათში არსებითად უნდა განიხილოს.
ზეპირი მოსმენის სხდომას ბრალდებულიც უნდა დაესწროს. ამ შემთხვევაში მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, იგი ფიზიკურად დაესწრება ამ პროცესს, თუ დისტანციურად.
მზია ამაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატის, გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, არ არსებობს სამართლებრივი გარემოება, რომლის საფუძველზეც შეიძლება მოსამართლემ შუამდგომლობის განხილვაზე უარი თქვას. მისივე განმარტებით, ახალ სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც ახალ შუამდგომლობაშია საუბარი, ახლავს შესაბამისი მტკიცებულებები.
„ამ საქმეში არის სამართლებრივი სიახლეები, სამართლებრივი გარემოებები, რაც, ჩვენი მოსაზრებით, იძლევა შესაძლებლობას, რომ დასაშვებობის ეტაპი შუამდგომლობამ გადალახოს,“ – აცხადებს გიორგი ხიმშიაშვილი.
იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს და ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა.
თუ მოსამართლემ მზია ამაღლობელის შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების გაუქმებაზე დაუშვებლად მიიჩნია, ამ განჩინების გასაჩივრება შესაძლებელია სააპელაციო წესით.
უცნობია, რომელი მოსამართლე განიხილავს მზია ამაღლობელის ახალ შუამდგომლობას. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ამ საკითხის შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდიან.
მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ: „იურიდიული ფირმა BLB“ და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
რა ხდება?
მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 32 დღეა შიმშილობს. ის კვლევების ჩატარების მიზნით 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შიმშილობაში მყოფი მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი არც კი განიხილა.
_____________________
ფოტოზე: 14 იანვარი, მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესზე
„ხანგრძლივი შიმშილობა ძალიან რთული ფიზიოლოგიური პროცესია და ყოველი დღე, გაგრძელებული შიმშილობით, დაკავშირებულია შესაბამის რეალურ გართულებებთან. ეს არის ნახშირწყლოვანი წვა, ეს არის ცხიმების, ცილების წვა, შინაგანი რესურსების გამოყენება, რაც იწვევს, პირველ რიგში, კარდიოვასკულარულ გართულებებს, სხვადასხვა ორგანოს ფუნქციების მოშლას და ა.შ.,” – “ვივამედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელის მდგომარეობას აფასებს.
მისი თქმით, ყოველი მომდევნო დღე ორგანოების ფუნქციის მოშლის სულ უფრო მზარდ რისკთან არის დაკავშირებული.
“კლინიკა მზად არის. ყოველდღიურად ვახორციელებთ მონიტორინგის პროცესს და ვთავაზობთ შესაბამის სამედიცინო სერვისს. ყოველდღიურად მიმდინარეობს კვლევები.
ყველა ის დამახასიათებელი სიმპტომი აქვს, რაც უკავშირდება ხანგრძლივ შიმშილობას, მისთვის გადაადგილება მარტივი არ არის, თუმცა ცდილობს, რომ გადაადგილდეს და აქტიური იყოს. მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყოველი შემდეგი დღე, განსაკუთრებით 30 დღის შემდეგ, არის ძალიან დიდი რისკი ორგანოების ფუნქციის მოშლის”, — ამბობს ზურაბ ჩხაიძე.
მზია ამაღლობელი 12 იანვრის მერე შიმშილობს.
მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად, სტიკერის გაკვრისთვის, ადმინისტრაციული წესით, ხოლო მეორედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც “პოლიციელზე თავდასხმას” გულისხმობს. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს. ის კლინიკა „ვივამედში“ კვლევების ჩატარების მიზნით 4 თებერვალს გადაიყვანეს.
მზია ამაღლობელის ადვოკატები ხვალ, 13 თებერვალს, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას მოითხოვენ.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატები ხვალ, 13 თებერვალს, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას მოითხოვენ.
ამის შესახებ მზია ამაღლობელის ადვოკატებმა, მაია მწარიაშვილმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ, დღეს, 12 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
გარდა ამისა, მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ:
სასამართლომ დაუშვას დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელსაც ხვალ დილას წარადგენენ სასამართლოში, გააუქმოს მზია ამაღლობელის მიმართ შერჩეული ბარბაროსულად უკანონო აღკვეთის ღონისძიება და გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან;
საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის უკანონო და მანიპულირებული ბრალდების საქმე;
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და სათანადოდ მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტი;
პროკურატურამ მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი ამავე საქმეში;
საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა გრიგოლ ბესელიას და მისდამი დაქვემდებარებული პოლიციის შესაბამისი მოხელეების მიმართ მზია ამაღლობელის უკანონოდ დაკავების და უკანონოდ ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამო;
საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ირაკლი დგებუაძის მიმართ 2025 წლის 12 იანვარს დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობისა და 2025 წლის 11 იანვარს ბათუმის აქციაზე ციალა ქათამიძის ასევე უკანონო დაკავების გამო;
საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს დევნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ მოხელის წინააღმდეგ, ვინც მიიღო მონაწილეობა 2025 წლის 11 – 12 იანვრის ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეთა უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებასა და უკანონო ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში.
________________
მედიამენეჯერი და ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 32 დღეა შიმშილობს. ის კვლევების ჩასატარებლად 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი მზია ამაღლობელის შესახებ ტელეკომპანია იმედის გადაცემაში “იმედი Live” მზია ამაღლობელის შესახებ ტყუილ ინფორმაციას ავრცელებს.
კერძოდ, სოზარ სუბარმა თქვა, თითქოს მზია ამაღლობელმა სტიკერი, რის გამოც ის 11 იანვარს პირველად დააკავეს, პოლიციელს გააკრა ზურგზე. სინამდვილეში, მზია ამაღლობელმა სტიკერი დამხმარე ნაგებობაზე გააკრა.
“ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც მან გააკრა სტიკერი პოლიციელს ზურგზე, არ მგონია ეს ნორმალური საქციელი, რა გითხრათ, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და იქვე გაუშვეს. ამის შემდეგ ამას მოჰყვა მეორე ქმედება ერთ საათში თუ ორ საათში. როგორც ჩანს ამ მოკლე დროში მომხდარი ორი ქმედების გამო გადაწყვიტა სასამართლომ, რომ სასჯელი ყოფილიყო არა გირაო, ან რაიმე სხვა, არამედ ყოფილიყო პატიმრობა,” – თქვა სოზარ სუბარმა.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად დამხმარე ნაგებობაზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სისხლის სამართალში კვალიფიკაციის არმქონე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და რედაქტორი აფგან სადიგოვი, რომელიც 145 დღეა ციხეში შიმშილობს, მზია ამაღლობელს წერილით მიმართავს.
აფგან სადიგოვის წერილს გამოცემა „მედიაჩეკერი“ ავრცელებს. გამოცემამ სადიგოვთან ინტერვიუ ციხეში წერილობით, ადვოკატების დახმარებით, ჩაწერა.
“დღეს საქართველოში ორი დაკავებული ჟურნალისტი, თქვენ – აფგან სადიგოვი და მზია ამაღლობელი შიმშილობთ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?” – ჰკითხა “მედიაჩეკერმა” აფგან სადიგოვს.
“ქალბატონი ჟურნალისტის დაკავება სხვებისთვის მუქარის შემცველ მესიჯს წარმოადგენს და მთლიანად მედიის დაშინების ხასიათს ატარებს.
სიმართლისმოყვარე და დამოუკიდებელი უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის, მედიის ყოველი წარმომადგენლისთვის მატერიალური შეთავაზებები ექნებათ. ვისაც ვერაფრით დაითანხმებენ, მათ წინააღმდეგ სერიოზული მუქარის, შანტაჟის, ცილის წამების, ცრუ ბრალდების კამპანიები, დაკავებები და სხვა სახის ზეწოლა დაიწყება.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დაკავებული ქალბატონი ჟურნალისტი უდანაშაულოა და იგი, ცრუ ბრალდებით, დაკვეთით არის დაკავებული. დაკვეთით დაკავებისადმი პროტესტის გამო მის მიერ წამოწყებულ შიმშილობას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ და დიქტატურის ზღვარზე მყოფი საქართველოს მთავრობისგან ქალბატონი ჟურნალისტისა და აქციაზე დაკავებული სხვა მონაწილეების გათავისუფლებას მოვითხოვ!
როცა მეორედ დამაკავეს, დაკვეთით, აზერბაიჯანის საპატიმროში 242 დღე ვიშიმშილე. მართალ, სწორ, წრფელ გზაზე რომ ვიდექი, ვიცოდი. საკუთარ თავს დავპირდი, რომ მტარვალი და მტაცებელი, დიქტატორი ხელისუფლების წინაშე არ მოვიდრიკებოდი, არ დავმარცხდებოდი და საკუთარი შეუდრეკელობის წარმოჩენით მათ დავთრგუნავდი. კუჭი ცარიელი მქონდა, მაგრამ სული – ნაყროვანი. ვიცოცხლებდი, ღარიბ, უპატრონო, გასაჭირში ჩავარდნილ, უფლებაგათელილ ადამიანებს კვლავაც დავიცავდი, უმოწყალო ჩინოვნიკებისაგან, ხელისუფლებისაგან, დიქტატურის რკინის ხელისაგან მათ დაფარვას შევეცდებოდი.
ქალბატონი ჟურნალისტისადმი ჩემი რჩევა ეს არის. შეუდრეკელობა და დაუმარცხებლობა. სიკეთე და სიმართლე იმარჯვებს ბოლოს.
საქართველოს ხალხმა ქვეყანაში დიქტატურის გაბატონება არ უნდა დაუშვას, არ უნდა დაყაბულდეს, თვალი არ უნდა დახუჭოს, არ დაანებოს რომ ხელისუფლებამ მათ თავისუფლება, მომავალი წაართვას. ეს თავად ხალხისთვისაც შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი იქნება. დიქტატურა კიბოს სნეულებას ჰგავს. ორგანიზმს თანდათანობით წამლავს.
მთავარი ისაა, მომავალმა თაობებმა მათთვის ასეთი მთავრობის მემკვიდრეობად დატოვების გამო არ გვლანძღოს და არ შეგვაჩვენოს. ამ პრობლემას ჩვენ შთამომავლობას ტვირთად ნუ დავუტოვებთ,”- წერს აფგან სადიგოვი „მედიაჩეკერისთვის“ გაგზავნილ წერილში.
“მედიაჩეკერის” კითხვაზე, რას ეტყოდა მზია ამაღლობელს, აფგან სადიგოვი წერს:
„ძვირფასო ჟურნალისტო, ქალბატონო მზია, მოგესალმებით და სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ.
ამ მართალ, ღირსეულ და ჭეშმარიტ გზაზე სიარული კვლავაც გააგრძელეთ გამბედავად ისევე, როგორც ამას აქამდე მიზანსწრაფულად და ღირსეულად აკეთებდით.
გამარჯვება თქვენ და თქვენნაირ დამოუკიდებელ, შეუქცეველ, უდრეკ და სიმართლისმოყვარე მედიის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს!
დიქტატურის ზღურბლზე მდგარ და დიქტატურის საზიზღარ გზაზე მჩოჩავ საქართველოს მთავრობას კი ამ მცდარი გზიდან უკან მობრუნებისკენ, დაწყებული რეპრესიების შეწყვეტისკენ, თუკი ხალხის ერთგულებითა და დემოკრატიით მსახურება არ ძალუძს, მაშინ გადადგომისკენ მოვუწოდებ.
მოვითხოვ, ჟურნალისტ ქალბატონი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!
ქალბატონო მზია, როგორც აზერბაიჯანის ლეგენდარული მხედართმთავარი ბაბექი ამბობს: „40 წელი უღელქვეშ ხოხვას, ერთი დღით თავისუფლად ცხოვრება უფრო ღირსეულია, აღმატებულია“, – წერს აფგან სადიგოვი „მედიაჩეკერისთვის“ გაგზავნილ წერილში.
„მედიაჩეკერის“ კთხვაზე, რას ურჩევდა მზია ამაღლობელის კოლეგებს, ქართველ ჟურნალისტებს, რომელიც მის გათავისუფლებას ითხოვენ, სადიგოვი წერს:
„მუდამ ასეთი სოლიდარულობა, ერთმანეთის ჭირში, სირთულეში, ამგვარ გამოცდაში მიუტოვებლობა, ერთურთისთვის, მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის ხელებში მტკიცედ ჩაჭიდება, მათი დაცვა. წარმატება, წინსვლა, გამარჯვება მხოლოდ იქაა, სადაც ერთობა და სოლიდარულობაა. ვაშა თქვენ, – შეუდრეკელი, ღირსეული მედიის წარმომადგენლებს! ძირს დიქტატურა!
საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ კი, თავის იმ საზიზღარი გეგმების მომფიქრებელ და განმახორციელებელ ტვინში ჩაიბეჭდოს და არ დაივიწყოს, რომ ჩადენილი ყოველი დანაშაულებრივი ქმედებების გამო ერთ დღესაც კანონისა და ხალხის წინაშე, სწორედ რუმინეთის დიქტატორ ჩაუშესკუსავით მოუწევს პასუხის გაცემა!
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს პროტესტების მონაწილეთა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლა. დამოუკიდებელი უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მშვიდი და მთელი შესაძლებლობებით ფუნქციონირებისთვის პირობები შეექმნათ! და შეაჩეროს აზერბაიჯანის დიქტატორის, ილჰამ ალიევის პოლიტიკური დაკვეთების საქართველოში აღსრულებით ამოქმედებული რეპრესიები!
ძირს დიქტატურა!!! არა რეპრესიებს!!! თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა თითოეულ პოლიტიკურ პატიმარს!!!“ – წერს აფგან სადიგოვი „მედიაჩეკერისთვის“ გაგზავნილ წერილში.
„მედიაჩეკერმა“ თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს რამდენიმე კითხვა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დახმარებით გაუგზავნა, აფგან სადიგოვის წერილობითი პასუხები კი რედაქციამ მიმდინარე კვირაში მიიღო.
მთავარ ფოტოზე: მზია ამაღლობელი/აფგან სადიგოვი სასამართლო პროცესზე – მინდია გაბაძე/„პუბლიკა“
„ბათუმელები“ ბათუმის მერიაში უსახლკაროების საკითხზე გამართულ საჯარო შეხვედრაზე დღეს, 12 თებერვალს, არ დაუშვეს.
ბათუმის მერიაში დღეს უსახლკაროების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის ღია შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატი ესწრებოდა.
„ბათუმელებს“ ამ შეხვედრის შესახებ უსახლკაროებმა შეატყობინეს, თუმცა ბათუმის მერიის შესასვლელთან მისულ „ბათუმელების“ ჟურნალისტს დაცვის პოლიციელებმა განუცხადეს, რომ შეხვედრაზე ვერ შეუშვებდნენ.
„ბათუმელები“ ორჯერ დაუკავშირდა ბათუმის მერიის პრესცენტრს, თუმცა უშედეგოდ. მერიის პრესცენტრის წარმომადგენლის თქმით, ის არ იღებს გადაწყვეტილებას, სხდომას ვინ დაესწრება.
მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზია“, რომლის გადამღებ ჯგუფს ჩაწერის მოთხოვნით, შეხვედრის დასრულებამდე გარეთ გამოჰყვა უსახლკარო მოქალაქე მზიური ბალაძე. მოქალაქემ თქვა, რომ მას სხდომაზე არავინ მოუსმინა და ჟურნალისტების წინ ტრანსპარანტიც დაიჭირა.
მზიური ბალაძე
ინტერვიუს დასრულების შემდეგ დაცვის პოლიციამ უსახლკარო მოქალაქეც აღარ შეუშვა უკან, უსახლკაროების სამუშაო შეხვედრაზე.
„ტრანსპარანტით ვერ შეგიშვებთ, დატოვეთ და შეხვალთ“, – უთხრა მოქალაქე მზიური ბალაძეს დაცვის პოლიციელმა. მას ვუთხარით, დაესახელებინა კანონი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეს არ აქვს უფლება ტრანსპარანტი ჰქონდეს და პროტესტი გამოხატოს, თუმცა შეკითხვა უპასუხოდ დარჩა.
დაცვის პოლიციელებმა „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაშიც უპასუხოდ დატოვეს შეკითხვები: რატომ არ დაუშვეს „ბათუმელების“ ჟურნალისტი ღია შეხვედრაზე, ასევე რატომ არ მისცეს უსახლკარო მოქალაქეს მერიაში ტრანსპარანტით შესვლის უფლება?
ეს პირველი შემთხვევაა, როცა „ბათუმელებს“ ბათუმის მერიაში გამართული საჯარო შეხვედრის გაშუქება შეუზღუდეს.
„ბათუმელები“ წლებია აშუქებს მოქალაქეების პრობლემებს, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან. დაახლოებით 2 წელზე მეტია უსახლკაროები მართავენ საპროტესტო აქციებს, მათ შორის, ბათუმის მერიის წინ, თუმცა ამ დრომდე მათი პრობლემების მოგვარებაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ უზრუნია.