მთავარი,სიახლეები

არ გვაწვდიან ინფორმაციას თემურ ქათამაძის ჯანმრთელობაზე – საიას განცხადება

11.02.2025
არ გვაწვდიან ინფორმაციას თემურ ქათამაძის ჯანმრთელობაზე – საიას განცხადება

„თემურ ქათამაძე უკვე 26 დღეა შიმშილობს. მიუხედავად იმისა, რომ საიამ არაერთხელ მოითხოვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი უწყებები ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან“ – განაცხადა დღეს, 11 თებერვალს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი და მათგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გამოიკვეთა გარკვეული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმაც ვერ მიიღო სამედიცინო დოკუმენტები დროულად.

დაკავებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, რადგან ის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ იმყოფება. შესაბამისად, თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის დამძიმება ან რაიმე მძიმე შედეგი სრულად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იქნება.

მოვუწოდებთ შინაგან სამინისტროს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოს ინფორმაცია რა კვლევები უტარდება თემურ ქათამაძეს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“ – წერს საია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ამ პერიოდში თემურ ქათამაძეს უკვე 4 სასამართლო პროცესი ჰქონდა. ბოლო პროცესზე, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანება და თემურ ქათამაძე კვლავ რჩება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის ვადით.

________________

ფოტოზე: თემურ ქათამაძე ბათუმში გამართულ აქციაზე. ფოტო: ედო მჟავანაძე

 

26 დღეა თემურ ქათამაძე იზოლატორში შიმშილობს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: