მთავარი,სიახლეები

რა ვადაში განიხილავს სასამართლო შუამდგომლობას მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმებაზე

12.02.2025 •
რა ვადაში განიხილავს სასამართლო შუამდგომლობას მზია ამაღლობელის პატიმრობის გაუქმებაზე

მზია ამაღლობელის ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობით ხვალ, 13 თებერვალს მიმართავენ.

სასამართლო ვალდებულია შუამდგომლობის დარეგისტრირებიდან 24 საათში განიხილოს მისი დასაშვებობის საკითხი და შესაბამისი განჩინება გამოსცეს.

თუ სასამართლო მზია ამაღლობელის შუამდგომლობას დასაშვებად მიიჩნევს, მან პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების გაუქმების საკითხი შემდეგ 24 საათში არსებითად უნდა განიხილოს.

ზეპირი მოსმენის სხდომას ბრალდებულიც უნდა დაესწროს. ამ შემთხვევაში მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, იგი ფიზიკურად დაესწრება ამ პროცესს, თუ დისტანციურად.

მზია ამაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატის, გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, არ არსებობს სამართლებრივი გარემოება, რომლის საფუძველზეც შეიძლება მოსამართლემ შუამდგომლობის განხილვაზე უარი თქვას. მისივე განმარტებით, ახალ სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც ახალ შუამდგომლობაშია საუბარი, ახლავს შესაბამისი მტკიცებულებები.

„ამ საქმეში არის სამართლებრივი სიახლეები, სამართლებრივი გარემოებები, რაც, ჩვენი მოსაზრებით, იძლევა შესაძლებლობას, რომ დასაშვებობის ეტაპი შუამდგომლობამ გადალახოს,“ – აცხადებს გიორგი ხიმშიაშვილი.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს და ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა.

თუ მოსამართლემ მზია ამაღლობელის შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების გაუქმებაზე დაუშვებლად მიიჩნია, ამ განჩინების გასაჩივრება შესაძლებელია სააპელაციო წესით.

უცნობია, რომელი მოსამართლე განიხილავს მზია ამაღლობელის ახალ შუამდგომლობას. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ამ საკითხის შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდიან.

მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ: „იურიდიული ფირმა BLB“ და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

  • რა ხდება?

მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 32 დღეა შიმშილობს. ის კვლევების ჩატარების მიზნით 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შიმშილობაში მყოფი მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი არც კი განიხილა.

_____________________

ფოტოზე: 14 იანვარი, მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: