ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა 6 თებერვალს, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან შეხვედრისას მკაცრად გააკრიტიკეს „ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების პოლიტიკა და მოითხოვეს დასაბუთებული ახსნა იმაზე, თუ რატომ შეიცვალა ტურიზმის ორიენტირი აზიისკენ, როცა 25 წელია ტურიზმის სფერო დასავლური ბაზრების ათვისებაზე მუშაობდა.
რა ელის ტურიზმს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის პირობებში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ტურიზმის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, მამუკა ბერძენიშვილს ესაუბრა.
- ბატონო მამუკა, თბილისში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს კრიზისზე საუბარი, რომელიც ამ საერთაშორისო იზოლაციის გამო შეუქმნა „ოცნების“ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ქვეყანას. თქვენ როგორ აფასებს ტურისტულ სექტორში არსებულ დღევანდელ მდგომარეობას?
კერძო სექტორი ამბობდა, რომ კრიზისი უკვე დგას. ვფიქრობ, როცა კრიზისზე ვსაუბრობთ, აქ უნდა ვისაუბროთ კონკრეტულ სეგმენტებზე და კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალზე, საქართველოს ფარგლებში.
თბილისის შემთხვევაში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები საუბრობდნენ სასტუმროებში არსებულ კრიზისზე და სასტუმროები იმიტომ აღმოჩნდნენ კრიზისულ მდგომარეობაში რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრი თბილისია.
ამიტომ, მხარჯველუნარიანი ტურისტი, რომელიც სასტუმროების კლიენტია, რა თქმა უნდა დააკლდა თბილისს. ამიტომ ამ კონკრეტულ არეალში და ამ სფეროში შეგვიძლია ვისაუბროთ კრიზისზე, ეს ცალსახაა, მაგრამ მეორე მხრივ, თუ ვსაუბრობთ ისეთი განთავსების ობიექტებზე რომელიც არ არის სასტუმროს მსგავსი დანახარჯების, ასეთია ვთქვათ საცხოვრებელი ბინები, რომელიც ტურისტებზე შედარებით დაბალ ფასად ქირავდება და არ იხდიან საშემოსავლო გადასახადს, მათთვის შეიძლება ეს საკითხი ჯერ დღის წესრიგში არ იდგეს.
- სასტუმროს გარდა, ეს კრიზისი სხვა სექტორზე არ აისახება? ვთქვათ იგივე სარესტორნო და კვების ბიზნესზე, გიდების მუშაობაზე, ტურებზე, როცა აქ ჩამოსულ ტურისტს სთავაზობენ მომსახურებას. როგორი სურათი შეიძლება დაგვიდგეს იგივე აჭარაში ამ მხრივ?
სასტუმროებთან ერთად თუ ვინმე ამ პროცესში დაზარალდება, ეს იქნებიან ორგანიზებული ტურიზმის ირგვლივ განვითარებული ბიზნესები, მათ შორის, ტურისტული სააგენტოები, რომლებიც ძირითადად საზრდოობდნენ ევროპული ნაკადებით.
ლოგიკურად თუ ვიფიქრებთ, სურათი აქეთკენ მიდის, რომ ორგანიზებული ტურისტების რაოდენობა დაიკლებს. ეს, რა თქმა უნდა, ტურისტული სააგენტოების, გიდების მუშაობაზე და ასევე, სატრანსპორტო საშუალებების მუშაობაზეც მოახდენს უარყოფით გავლენას.
ბათუმის მაგალითი რომ ავიღოთ, ჩვენ 21-24 თებერვალს ბათუმში გვაქვს ტურიზმის სამიტი და ყველა ბიზნესსექტორთან დავიწყეთ საუბარი, რომ მოვიდნენ ამ სამიტზე, მათ შორის სასტუმროების მფლობელებიც გვყავს მოწვეული. თუმცა, ბათუმის გეოგრაფია, სამიზნე ბაზრების მიხედვით, მკაფიოდ განსხვავდება იგივე თბილისის ან ქუთაისის სამიზნე ბაზრებისგან, რადგან ბათუმში ჩვენ ძირითადად გვყავს თურქი, ებრაელი და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტები, რომლებიც დიდწილად არიან კავშირში სათამაშო ბიზნესთან, შესაბამისად, ეს პოლიტიკური მერყეობა, ცალსახად ვერ აისახება რეგიონის ჭრილში კრიზისზე.
ჯერ არ იქნებოდა სწორი კრიზისზე რომ ვისაუბროთ, თუმცა ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ არსებული მდგომარეობა ბევრად პრობლემურია იგივე ქუთაისისთვის, რადგან ქუთაისი ძირითადად დასავლური, ევროპული ტურისტული ნაკადებით იკვებება.
თბილისში ცხრა სასტუმრო დასახელდა, რომელსაც აქვს უკვე კრიზისი. ვფიქრობ, იგივე სურათი იქნება ქუთაისის შემთხვევაშიც.
თუმცა ამ ყველაფერზე მას შემდეგ გვექნება უფრო ნათელი წარმოდგენა, როცა შევხვდებით ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებს სამიტზე და ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ ციფრებს და არგუმენტებს.
- რა ელოდება სოფლად ტურიზმს, რომელიც დასავლური გრანტების დახმარებით იდგა ფეხზე. რა ფორმით შეიძლება აისახოს მათზე კრიზისი?
იგივე ეხება სოფლად ტურიზმსაც. განსაკუთრებით იმ ადგილებს, რომელიც პოლიტიკურ ეპიცენტრს არის მოშორებული.
აქ პოზიტიურად შეგვიძლია შევხედოთ სურათს, რადგან ეს დახმარებები ევროპული ფონდების მხრიდან იყო ძალიან მძლავრი, უმნიშვნელოვანესი, განსაკუთრებით სოფლად და ამ ბიზნესებმა ისეთი გამოცდილება და ცოდნა დააგროვეს, რომ წესით, თუ ძალას არ დაიშურებენ, შეუძლიათ არსებული კრიზისის გადალახვა ამ ბაზისით, მიუხედავად იმისა, რომ არსებულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დააანონსა ამ დახმარებების გაუქმება, მათ შორის აშშ-მაც იგივე გააკეთა და შეაჩერა გრანტების გაცემა. ფონი შესაძლოა არ იყოს საუკეთესო, მაგრამ ვფიქრობ ის გამოცდილება, რაც ამ წლებში მიიღო სოფლად ტურიზმმა, ოპერატორებს მისცემს საშუალებას არსებობა გააგრძელონ.
თუ სახელმწიფო მზად იქნება ბიზნესთან დიალოგისთვის და მზად იქნება იმისთვის, რომ რეალურად გაიგოს რა მდგომარეობაა რეგიონში, შეიძლება ამ კრიზისების გადალახვა.
დღეს „ოცნების“ ხელისუფლება რასაც აკეთებს, ამის გამო ბიზნესი იძულებულია გადაერთოს სხვა ბაზრებზე, ანუ მოშორდეს დასავლურ ბაზრებს და გაიხედოს აღმოსავლეთისკენ. სხვა გზა არ რჩება ბიზნესს. შესაბამისად, სხვა ბაზრების ათვისების შემთხვევაში, ამ ადამიანებმა უნდა გამოიყენონ ის გამოცდილება, რაც დააგროვეს ევროპელი დონორების დახმარებით.
რა თქმა უნდა, მანამ, სანამ ახალი ბაზრები იქნება ათვისებული, იქნება გამოწვევები, იქნება ჩავარდნები, იქნება გარკვეული ინდიკატორების უარყოფითი მაჩვენებლები და ეს ყველაფერი აისახება სტატისტიკაში.
ზოგადად, 2025 იქნება ის წელი, როცა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რამდენად მედეგია ქართული ტურიზმი და შეუძლია თუ არა აიტანოს კიდევ ერთი დარტყმა.
- თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება უნდა დაეხმაროს ბიზნესს და უნდა შედგეს დიალოგი. მაგრამ ჩვენ დღეს გვყავს ანტიკონსტიტუციური და სანქცირებული ხელისუფლება, რომელიც ცდილობს იზოლაციაში მოაქციოს ქვეყანა. რამდენად შესაძლებელია მასთან დიალოგი?
მსგავს სიტუაციებში მაინც სახელმწიფო უწყებებმა უნდა გამოთქვან სურვილი, მზაობა დიალოგის. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ განვითარებადი ეკონომიკა. ტურიზმის ინდუსტრიაც ჯერ ისევ განვითარების ფაზაშია და შესაბამისად, მას სახელმწიფო უნდა უწყობდეს ხელს, იქნება ის დასავლური ღირებულებების მატარებელი თუ არა.
მაინც სახელმწიფო უნდა იყოს პირველი ინიციატორი ამ დიალოგის და მოისმინოს რა სჭირდება კერძო სექტორს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2025 წელი შეიძლება იყოს ყველაზე რთული წელი ქართული ტურიზმის ინდუსტრიაში, იმიტომ, რომ ერთი ჩვენ დავკარგავთ ტრადიციულ ბაზრებს და მეორე, თუ ამ ტრადიციულ ბაზრებს სამუდამოდ ვკარგავთ, მაშინ მოგვიწევს ჩვენი პოტენციალის და რესურსების ახალ ბაზრებზე გადატანა და ეს რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული უნდა იყოს.
ასევე, ბიზნეს სექტორთან შეხვედრა უნდა გაგრძელდეს და ყველა რეგიონში და ქალაქში უნდა დაიწყოს დიალოგი და განხილვა არსებული მდგომარეობის.
ვიწვევთ საქართველოს და აჭარის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს, ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის და ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს, კერძო სექტორი დიდი დოზით გვეყოლება წარმოდგენილი, 250 მაღალი რანგის ბიზნესის წარმომადგენლები იქნებიან სამიტზე, შესაბამისად, ძალიან კარგი ადგილი იქნება იმისთვის, რომ ეს დიალოგი შედგეს ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის.
თუმცა ისიც ფაქტია, რომ არსებული პოლიტიკური ფონის შემდგომ, ეკონომიკური კრიზისი დღის წესრიგს იხილავს და სწორედ ამ ყველაფერს სჭირდება დიალოგი პირველ რიგში, რომ გაკეთდეს ზუსტი ანალიტიკა, დეტალური ინფორმაციების საფუძველზე და არა იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს მოხდა თუნდაც თბილისში ბიზნეს ინდუსტრიასთან შეხვედრისას, სადაც ორი კონკრეტული ფიცრის, – ტურისტების რაოდენობისა და ტურისტების შემოსავლის მიხედვით მსჯელობდა ტურიზმის ეროვნული სააგენტო.
ზუსტი ანალიზის გარეშე დიალოგი ვერ შედგება.
- „ოცნების“ ხელისუფლება ბოლო წლებია ხალხს უყვება, რომ ეკონომიკამ არნახულ ზრდას მიაღწია, მაშინ როცა ღარიბი ოჯახების რიცხვი იზრდება ქვეყანაში. თქვენი აზრით, რამდენად მზადაა „ოცნების“ ხელისუფლება, რომ აღიაროს კრიზისი და ის გამოწვევები, რაზეც ალბათ ისაუბრებს ბიზნესი?
ეს რომ ასე არ მოხდეს, არგუმენტირებული უნდა იყოს ყველა მხარის მსჯელობა. ამიტომაც გვყავს ყველა მხარე მოწვეული და შესაბამისად, ამას სჭირდება ციფრებით, არგუმენტებით საუბარი და შემდეგი საკითხია, მოუსმენს თუ არა ამ არგუმენტებს რომელიმე მხარე. ამიტომ ვმართავთ ამ სამიტსაც.
- ხელისუფლების არალეგიტიმურობა ზოგადად რა ტიპის პრობლემას ქმნის ტურისტულ სექტორში?
არალეგიტიმურობა ზოგადად კავშირშია პოლიტიკურ კრიზისთან. სხვა დანარჩენი – იქნება ეს ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა სფეროები, ყველაფერი მიბმულია ამ პოლიტიკურ პროცესებთან.
ამიტომ თუ პოლიტიკური პროცესი არის კრიზისის მატარებელი, ეს კრიზისი გადაედება სხვა სფეროებსაც, რაც, ცხადია, ეკონომიკური კლიმატის მხრივ ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს.