ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე 27-ე დღეა რაც პროტესტის ნიშნად შიმშილობს ციხეში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც მის ინტერესებს იცავს სასამართლოში, ბოლო განცხადება მედროშის შესახებ გუშინ, 11 თებერვალს გაავრცელა. „მიუხედავად იმისა, რომ საიამ არაერთხელ მოითხოვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი უწყებები ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან“ – წერს საია.
შეძახილი – „თავისუფლება მედროშეს!” ყოველ დღე ისმის ბათუმის აქციებზე მას შემდეგ, რაც ქათამაძე დააკავეს. რამდენიმე დღის წინ თემურ ქათამაძეს მხარდასაჭერი წერილებიც გაუგზავნეს ბათუმიდან.
ვინ არის ბათუმის მედროშე? – თემურ ქათამაძის შესახებ მისი მეგობრები გვიყვებიან.
-
„მისი ერთადერთი იარაღია შიმშილობა”
ნინა კაკულია თემურ ქათამაძის ახლო მეგობარია. მათ წლების წინ გაიცნეს ერთმანეთი. ნინა გვიყვება ბათუმის აქციების მთავარი მედროშის ცხოვრებაზე საპროტესტო აქციებს მიღმა.
„თუ თემურს გააძევებენ, ეს თავის მოჭრა იქნება ხელისუფლების და ჩვენი, ხალხის”, – გვეუბნება ნინა კაკულია საუბრის დასაწყისშივე.
ნინამ და თემურ ქათამაძემ ერთმანეთი წლების წინ გაიცნეს და დამეგობრდნენ.

ნინა კაკულია თემურ ქათამაძესთან ერთად
„ეს არის იდეა, რომელსაც თემური ემსახურება. ეს ადამიანი არის რაინდი. ჩვეულებრივი ადამიანისთვის გაუგებარია რატომ იქცევა ასე.
ამ ადამიანს თავისთვის არასდროს არაფერი გაუკეთებია. ყოველთვის ზრუნავს ქართული სულისკვეთების შენარჩუნებისთვის, იქ, სადაც ისტორიული იდეა არსებობს. არამხოლოდ თურქეთში, არამედ ფერეიდანში, ჰერეთში. ყველგან, სადაც ქართველები ცხოვრობენ, ვისაც ავიწყდება ქართული ენა და ტრადიცია, ყველაზე ზრუნავს თემური. ეს იდეა აძლიერებს და ამ იდეისთვის შიმშილობს კიდეც, რომ დაამტკიცოს თავისი სიმართლე.
სხვა ხერხი არ გააჩნია ამ ადამიანს. მისი ერთადერთი იარაღია შიმშილობა. როდემდე აპირებს შიმშილობას, ეს არ უთქვამს. ჯერ არ ვწყვეტ შიმშილობასო, ასე თქვა. დღესაც იმავეს ამბობს. გადასხმებზეც უარს აცხადებს. არ ვიცი სადამდე.
ნაცნობები მომმართავენ და მეუბნებიან, იქნებ რამენაირად დაითანხმო, რომ შეწყვიტოს შიმშილობაო. მე არ დამიჯერებს, ეს ვიცი და ვერც ვეტყვი. თემური არ არის ის ადამიანი, რომ ვიღაცის ნათქვამით რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს”, – ამბობს ნინა.
იგი ჩვენთან საუბრისას იხსენებს, რომ თემურმა 2019 წელს ჩააბარა ქართული ენის გამოცდა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად:
„ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდა, მაგრამ დაუსაბუთებლად უარი უთხრეს [მოქალაქეობის მინიჭებაზე]. მეორეჯერ შეიტანა განცხადება – ისევ უარი”- ამბობს ნინა. მისი თქმით, მედროშეს ჯამში სამჯერ უთხრეს უარი მოქალაქეობის მინიჭებაზე.
„შიში ალბათ ჰქონდა. ეს ხომ ბუნებრივი და სავსებით ნორმალური ემოციაა, მაგრამ ის თავის შიშებს არ ანიჭებს არანაირ მნიშვნელობას. როცა უყურებდა ეს ხელისუფლება რას სჩადიოდა, უშვებდა იმ აზრს, რომ ამით დასრულდებოდა, მაგრამ ასე ვერაგულად და ავაზაკურად თუ დააკავებდნენ, ეს ალბათ ვერ წარმოედგინა, მე ასე ვფიქრობ.
თქვენ იცნობთ თემურს გარეგნულად. დროშით ხელში ყველას გყავთ ნანახი. მე მინდა გიამბოთ თემურზე, როგორც ძალიან სათნო ადამიანზე. მინდა გითხრათ, რომ სადაც ის ცხოვრობს, იმ ეზოებში რაც თუ მაწანწალა კატა და ძაღლია ყველა მასთან მიდის – თუ ავად არის, თუ მშიერია. ასეთია თემური – ყველას აპურებს, ყველას ეხმარება.
ზაფხულში პარკში დადიოდა, მტრედებს აპურებდა. უბრალოდ სასეირნოდ არასდროს მიდიოდა, თან მიჰქონდა პური და კვებავდა ფრინველებს. ბოლო ლუკმასაც დაუფიქრებლად გაუზიარებს უცხო ადამიანს. ფული იქნება, ტანსაცმელი, თავისი დრო თუ ენერგია, დაუფიქრებლად ეხმარება ადამიანებს და არამხოლოდ ადამიანებს.
დღეს მე მიკვირს, რომ ბევრი ის ადამიანი, რომელსაც ეხმარებოდა ყოველთვის, არ ჩანან მის გვერდით. სამწუხაროდ ასეა”, – გვიყვება ნინა.

თემურ ქათამაძე და ნინა კაკულია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე
ნინა კაკულიამ ქათამაძე პირველ თებერვალს მოინახულო საპატიმრო დაწესებულებაში. მედროშის მეგობარი ამ შეხვედრიდან მათ საუბარსაც იხსენებს:
„ციხეში რომ შევხდით, მაშინ მითხრა, რომ ამაყი იყო და თქვა, რომ ეს არის მისი 40 წლიანი მოღვაწეობის დაგვირგვინება, იმისა, რაც გააკეთა ქართული თვითშეგნების შესანარჩუნებლად. მართლა დაუღალავად შრომობდა, ღამღამობით წერდა, სტატიებს თარგმნიდა, აქვეყნებდა. მანამდე არავინ იცნობდა მას. დღეს თემურს საქართველოს საზოგადოება იცნობს და არამხოლოდ საქართველოში. თურქეთის საზოგადოებამაც გაიცნო ის გაფფარ ილმაზი, თემურ ქათამაძე, ვინცაა სინამდვილეში. ამითაა უსაზღვროდ ამაყი და მე მგონი, ეს სიამაყე შიშსაც ფარავს.
ახლა შეშინებულზე უფრო მეტად გაბრაზებულია.
თემური [საზოგადოების] მხარდაჭერას გრძნობს და ძალიან მადლობელია. ამაყია იმიტომ, რომ კი არის გისოსებს მიღმა, მაგრამ ყველაზე თავისუფალია, ისე როგორც ქალბატონი მზიაა ყველაზე თავისუფალი დღეს. ყველაფერზე მაღლა დგანან ეს ადამიანები – შიშზე, ბუნებრივ მოთხოვნილებებზე მაღლა დადგნენ.
მადლობელი ვარ ბედისწერის თუ არ ვიცი რას უნდა ვუმადლოდე, რომ თემური არის ჩემს ცხოვრებაში, როგორც მეგობარი. ძალიან მეხმარება ბევრ რამეში. აქამდე მე მქონდა მისი იმედი, ახლა მას აქვს ჩემი იმედი და ვცდილობ წვლილი შევიტანო მის გათავისუფლებაში.
იმედი? იმედი მაქვს, რომ აქ დარჩება. იმედი რომ არ მქონდეს ალბათ გავგიჟდებოდი. ბუნებრივია, რომ ძალიან ვნერვიულობ მის ჯანმრთელობაზე. ეს იმედი მაძლიერებს. იმედი მაქვს, რომ თემური დაგვიბრუნდება, ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქართულ საზოგადოებაში. იმ ადგილს, რომელიც მართლა ეკუთვნის. ნამდვილად დაიმსახურა, რომ იყო საქართველოს მოქალაქე და წინ გაუძღვეს იმ ქართველებს, რომლებიც კარგავენ უკვე მათ ქართველობას. ეს იყო მისი ნატვრა, რომელიც ჯერ ნატვრად რჩება. ყველაფერი კარგად იქნება და ნატვრაც აუსრულდება”- ამბობს ნინა.

თემურ ქათამაძე და ნინა კაკულია შობის ღამეს ბათუმის საპროტესტო აქციაზე
-
“მედროშის დამსახურებით გვიპოვა ჩვენმა ნათესავმა”
„ჩვენი მედროშე მუჰაჯირია, ქართველების შთამომავალი, რომელიც თურქეთში ცხოვრობდა. ბატონი თემური ჩვენი მთავარი მედროშეა გაზაფხულის აქციებიდან მოყოლებული. მისი კარგად გაცნობა იმიტომაც მომინდა, რომ მე თვითონ ვარ თურქეთის საზღვრისპირა სოფლიდან, კირნათიდან. ძალიან ბევრი მუჰაჯირი ნაცნობი მყავს და იცით, სწორედ ბატონი თემურის დახმარებით და დამსახურებით გვიპოვა ჩვენმა ნათესავმა.
თემურ ქათამაძე 40 წელია აგროვებს ქართულ გვარებს და ცდილობს თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან დააკავშიროს მათი ნათესავები. თემურს უნდა წიგნის სახით გამოსცეს გვარების ეს ნუსხა, თუმცა ჯერ ამის საშუალება არ მისცემია. ვიცი ისიც, რომ აჭარის ყველა სოფელი მოიარა ფეხით. იყო ჩემს სოფელშიც.
ჩვენ მალევე დავმეგობრდით და ბევრი საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა როგორც საქართველოში, ისე თურქეთში.
როცა ბატონი თემური, საქართველოს დროშით ხელში ბათუმის აქციების სიმბოლოდ იქცა, ხვდებოდა, რომ შეიძლება საფრთხე შეჰქმნოდა.
ჩემთან საუბრისას უთქვამს, დროშის ფრიალის გამო ჯერ არავინ არ დაუჭერიათ, მე ვიქნები პირველი, ვისაც დროშის აღმართვის გამო დაიჭერენ საქართველოშიო“, – უყვება ლინდა ცინცაძე „ბათუმელებს“.
მისი თქმით, ბათუმის აქციების ყველა მონაწილემ კარგად იცოდა, რომ პროტესტის მთავარი მედროშე წლები იბრძოდა საქართველოს მოქალაქეების მისაღებად და ეს არაერთხელ უთქვამს აქციაზე სხვადასხვა სიტყვით გამომსვლელსაც.

ლინდა ცინცაძე თემურ ქათამაძესთან ერთად ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე
„თურქეთის საზღვართან ცხოვრებამ დიდი გამოცდილება მომცა. „თურქეთის საქართველოში“ – როგორც მოიხსენიებენ თვითონ, ძალიან ბევრი ძირძველი ქართველი ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ მშობლიურ საქართველოს ვერ უბრუნდებიან, შენარჩუნებული აქვთ ქართული იდენტობა და ამ იდენტობას თაობას გადასცემენ.
ქართული სახელმწიფო არ ზრუნავს, მუჰაჯირებთან სათანადო კომუნიკაცია გვქონდეს. ძალიან კარგად ვიცით, რომ იმის მაგივრად, რომ ქართველ ეთნიკურ უმცირესობებს დაუთმოს ყურადღება და საქართველოსთან დააახლოოს, პირიქით, სეპარატისტულ განწყობებს თესავს და ეს ყველა ნაბიჯში შეიმჩნევა. ამის ცხადი მაგალითია ჩვენი მედროშის, თემურ ქათამაძის ამბავი.
პირველ რიგში ბატონი თემური ჩვენთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, სიძლიერის სიმბოლოა.
ახლა, როცა გავდივართ აქციაზე და არ გვხდება, სიცარიელეს ვგრძნობთ, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას!
მინდა, ჩვენს მედროშეს ვუთხრა, რომ ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ მისთვის და ვიბრძოლებთ თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის”, – ამბობს ლინდა.
-
„მე დღეს ამაზე მნიშვნელოვანი საქმე არ მაქვს“ – მითხრა მედროშემ“
„თემურ ქათამაძე გავიცანი ქართველ მუჰაჯირთა ერთ-ერთ ფეისბუქ ჯგუფში 2020 წელს და მალევე პირადადაც შევხვდით ერთმანეთს.
მისმა აქტიურობამ სოციალურ ქსელში დიასპორულ საკითხებზე მიიქცია ჩემი ყურადღება. მივწერე, გავეცანი და ვუთხარი, რომ დიასპორული საკითხებით ძალიან ვიყავი დაინტერესებული.
ვეძებდი მუჰაჯირ ნათესავებს და არამარტო ნათესავებს. მაინტერესებდა რომელი მუნიციპალიტეტიდან თუ სოფლიდან იყვნენ წასულები და მათი ქართული გვარები თუ ემთხვეოდა დღევანდელ იმ არეალში გავრცელებულ გვარებს. ბატონ თემურს მსგავს საკითხებზე მუშაობის წლების გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი და მე, როგორც ამ საკითხით დაინტერესებულ ახალგაზრდას მნიშვნელოვანი ინფორმაციების გაზიარება შემეძლო”, – გვიყვება როლანდ ღოღობერიძე, მეფუტკრეობის მავნებელ დაავადებების სპეციალისტი და სამოქალაქო აქტივისტი მედროშეზე.
იგი იხსენებს, რომ თემურისთვის ბევრჯერ უთქვამს – „თქვენ უფრო მეტად ქართველობთ დღეს, ვიდრე მე“.
როგორც როლანდი გვიყვება, ბოლოს ბათუმის აქციების მთავარ მედროშესთან გადაკვეთის წერტილად, სწორედ საპროტესტო აქციები იქცა:
„მეხუთე დღე იყო აქციების, როცა მივედი, მივესალმე და ვუთხარი, რომ ყოველდღე ვხედავდი აქციაზე. მედროშემ მითხრა – მე დღეს ამაზე მნიშვნელოვანი საქმე არ მაქვსო. არც მანამდე და არც მას შემდეგ ასეთი ფუნდამენტურად გააზრებული პასუხისმგებლობა აქციაზე გასვლის, არავისში დამინახავს, მათ შორის არც საკუთარ თავში.
თემური პირად საუბრებში აღნიშნავდა, რომ რეჟიმი ყველას მიწვდებოდა და მაგალითად ერდოღანის მმართველობა მოჰყავდა.
რაც შეეხება თემურის შიმშილობას, ეს იმ მტკიცე პროტესტის გაგრძელებაა, რასაც აქციაზე მედროშეობის სტატუსით გამოხატავდა.
შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ თემურ ქათამაძე იმ მცირე ადამიანთა შორისაა, ვინც საქართველოსთვის თავს დაუფიქრებლად გაწირავს. ერთადერთი რაც მინდა ვუთხრა თემურს, ისაა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ყველა რეჟიმს აქვს დასასრული და ამ რეჟიმის დასრულების შემდეგ ის ჯანმრთელი გვჭირდება იმ საქმეების გასაგრძელებლად, რასაც აქამდე აკეთებდა.
დაპატიმრებით ან ქვეყნიდან გაძევებით თემურ ქათამაძეს ქართველობას და ჩვენს პატივისცემას ვერავინ წაართმევს”, – გვეუბნება როლანდ ღოღობერიძე.
ამავე თემაზე:
კაცი საქართველოს დროშით ბათუმის აქციებიდან – „ჩემი წინაპრები მუჰაჯირები იყვნენ ხინოდან“