ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ქვაფენილის აყრა დაწყებულია, რუსთაველი გადაკეტილია – ბათუმის ბიუჯეტიდან 22 მილიონი ლარი დაიხარჯება

10.02.2025 •
ქვაფენილის აყრა დაწყებულია, რუსთაველი გადაკეტილია – ბათუმის ბიუჯეტიდან 22 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმში დღეს, 10 თებერვალს, რუსთაველის ქუჩის ნაწილი გადაიკეტა და ქვაფენილის აყრაც დაიწყო. ინფორმაცია ქუჩის გადაკეტვაზე მერიამ ერთი დღით ადრე, 9 თებერვალს დააანონსა.

ქვაფენილს მთლიანად აყრიან და ასფალტს დააგებენ რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე, დაგეგმილია სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც, რაშიც ჯამში 22 მილიონი ლარი დაიხარჯება ბათუმის ბიუჯეტიდან.

რუსთაველის ქუჩა გადაკეტილია ალექსანდრე გრიბოედოვისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში. აქ სამუშაოები, როგორც მერიაში აცხადებენ, მიმდინარე წლის მაისის ბოლომდე გაგრძელდება.

რუსთაველის ქუჩის გადაკეტვით კიდევ უფრო გართულდა ბათუმში მანქანების გადაადგილება. მერიამ რამდენიმე ქუჩა ორმხრივად გახსნა, თუმცა საცობების პრობლემა ამით ვერ მოგვარდა.

ამ თემაზე: ორმხრივი გახდება ჭავჭავაძის, ნინოშვილის და გრიბოედოვის ქუჩები ბათუმში – ჩაიკეტება რუსთაველი

რუსთაველის ქუჩის გადაკეტვის გამო შეიცვალა რამდენიმე მუნიციპალური ავტობუსის მოძრაობის მარშრუტიც:

ამ თემაზე: ბათუმში ორშაბათიდან რუსთაველის ქუჩაზე მოძრავი ავტობუსების მარშრუტი იცვლება

გზის გადაკეტილი მონაკვეთი  იმ პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 2 ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. სამუშაოები ქუჩების რეაბილიტაციას ითვალისწინებს ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისიდან ჯავახიშვილის ქუჩის დასაწყისამდე მონაკვეთში.

ამ თემაზე ვრცლად: რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე ქვაფენილს აყრიან და ასფალტს დააგებენ – დაიხარჯება 22 მილიონი

იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციაზე [ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან პეტრე მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი] სამმართველოს ტენდერი 12 906 207 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

შესყიდვების პორტალის მიხედვით გამარჯვებულია კომპანია „ბონდი-2009“, რომელთანაც ხელშეკრულება 12 518 999 ლარზეა გაფორმებული 2025 წლის 4 თებერვალს. ეს ხელშეკრულება შესყიდვების პორტალზე 10 თებერვალს გამოქვეყნდა. სწორედ ეს კომპანია აწარმოებს სამუშაოებს დღეს რუსთაველის ქუჩაზე.

მეორე ტენდერი 9 415 400 ლარითაა გამოცხადებული იაკობ გოგებაშვილისა და შოთა რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაციაზე [ამ შემთხვევაში პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ივანე ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში].

საცობი ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში

შესყიდვების პორტალის მიხედვით ამ ტენდერში ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის [ან, როგორც წინა ტენდერში, აქაც გაფორმებულია და მოგვიანებით ატვირთავენ, თუმცა ამ საკითხის დაზუსტება „ბათუმელებმა“ ქალაქის მერიაში ვერ მოახერხა. დაპირების მიუხედავად კითხვებზე პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია].

ამავე ტენდერში სამმართველოს სატენდერო კომისიამ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცა „ბონდი-2009“-ს, ასევე შპს „პალადას“.

მესამე კომპანია, რომლის დოკუმენტაციაც განიხილება, არის შპს „გზა“, რომელიც მერიას სამუშაოების შესრულებას ზუსტად იმ თანხაში სთავაზობს, რითაც ტენდერი იყო გამოცხადებული, ანუ 9 415 400 ლარად. შპს „გზა“ „ოცნების“ დეპუტატს, გიორგი ჭყონიას ეკუთვნის.

მერიის სამმართველოს სატენდერო კომისიის 10 თებერვლის ოქმით შპს „გზა” ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვიეს.

„ბონდი-2009“ და „გზა“, ორივე „ქართული ოცნების“ შემწირველია.

ამ თემაზე ვრცლად:

„ოცნებას“ ყველაზე ბევრი აჭარიდან შესწირეს – მშენებლების „ფანდრაიზინგი“

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: