„არავინ მოსულა მთავრობიდან ჩვენს სანახავად, წუხელაც მიტოვებულ შენობაში გავათიეთ ღამე 15-მა ოჯახმა, აქ არც ფანჯარაა, არც კარი, ღამით ცივა, შენობაში წყალიც არაა,“ – ამბობს მაგული ფუტკარაძე, ერთ-ერთი უსახლკარო, რომელიც 1 კვირის წინ ქობულეთში, ბუკნარში მიტოვებულ შენობაში შევიდა საცხოვრებლად.
ერთი კვირაა რამდენიმე უსახლკარო ბუკნარში, ძველ და მიტოვებულ შენობაში რჩება. ხელისუფლებას ამ დრომდე მათ შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. უსახლკარო ადამიანების თქმით, ხელისუფლებიდან მათთან ერთხელ მხოლოდ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – ედუარდ ნაკაშიძე მივიდა.

უსახლკარო ადამიანები ქობულეთში, ბუკნარში, მიტოვებულ შენობაში შეიჭრნენ ფოტო: ევა ართმელაძე / „ბათუმელები“

უსახლკარო ადამიანები ქობულეთში, ბუკნარში, მიტოვებულ შენობაში შეიჭრნენ ფოტო: ევა ართმელაძე / „ბათუმელები“
„დაიწყო დაპირება და არ მოვუსმინეთ, რადგან სამი წელია ეს გვესმის, არავინ დაპირებას არ ასრულებს… მოგვიგზავნეს ადგილობრივებიც, ჩვენც გვინდა სახლ-კარიო, ვუთხარით, ერთად ვიბრძოლოთ მაშინ-მეთქი და წავიდნენ. “ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე, რომელიც მარტოხელა დედაა. მისი შვილი შშმ პირია და ამჟამად კლინიკაშია.
„ვერ დავალევიე ის წამლები, რაც უნდა მიეღო, ამიტომ გახდა ცუდად…
როცა წვიმს, შენობაში წყალი ჩამოდის. გამოძინებას 1-2 საათით თუ ვახერხებთ, ისაა. საჭმელი მოაქვს ზოგჯერ ვინმეს და იმას ვჭამთ, ან 2-2 ლარს ვაგროვებთ, რომ რამე საჭმელი ვიყიდოთ, ეზოში წყალია და იქ ვამზადებთ, გაზის ბალონიც გვაქვს, ყავა რომ მოვამზადოთ.
პოლიცია თავიდან ბევრი იყო, ახლა მხოლოდ პოლიციის ერთი მანქანა დარჩა და რამდენიმე დაცვის პოლიციელი.
უკვე 10-ჯერ ვარ შეჭრილი სხვადასხვა შენობაში ბოლო წლების განმავლობაში, 9-ჯერ გამომაძევეს, ძალით გამომიყვანეს, იძალადეს, ამჯერად არ შეგვხებია არავინ ჯერ-ჯერობით, არც შენობაში შესვლას და გამოსვლას გვიკრძალავს ვინმე. ზოგი მიდის, წესრიგდება და უკან ბრუნდება.
მიტოვებული შენობაა, აქ არაფერია. ჩვენ ყურადღებას ვითხოვთ, სადმე საცხოვრისი მოგვცენ,“ – უთხრა მაგული ფუტკარაძემ „ბათუმელებს“.

უსახლკარო ადამიანები ქობულეთში, ბუკნარში, მიტოვებულ შენობაში შეიჭრნენ ფოტო: ევა ართმელაძე / „ბათუმელები“
უსახლკარო ადამიანები ბათუმში აქციას 2 წელია მართავენ, თუმცა ამ დრომდე ბათუმის მერიიდან, ან აჭარის მთავრობიდან მათი მდგომარეობა არავის შეუსწავლია. უსახლკარო ადამიანები წლებია ნაქირავებში, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არიან. მათი ნაწილი მარტოხელა დედა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, ან შშმ პირია. ისინი სოციალურ დახმარებას იღებენ. მუნიციპალურ, თუ ცენტრალურ დონეზე ამ დრომდე არ არსებობს პროგრამა, რომელიც ამ კატეგორიის ადამიანებს დააკმაყოფილებს და საცხოვრისს შესთავაზებს.
ხელისუფლებამ მხოლოდ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების ნაწილს გადასცა საცხოვრებელი ბინები და წინასაარჩევნოდ მათ გამოყენებას არჩევნებზე ცდილობს.
უსახლკარო ადამიანების მეორე ნაწილმა კი, აქცია ისევ ბათუმის მერიასთან 2024 წლის 3 ოქტომბერს გამართა. ამ აქციის ორგანიზატორი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მერაბ ბლადაძეა. იგი კონკრეტულად ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის მიერ უკანონოდ აშენებული კორპუსების გადაცემას ითხოვს უსახლკაროებისთვის.
მერაბ ბლადაძის თქმით, მას მოლაპარაკება ჰქონდა ოზთურქის წარმომადგენელთან. მერაბ ბლადაძე არ აკონკრეტებს, გალიფ ოზთურქის რომელ წარმომადგენელს შეხვდა, მაგრამ ამბობს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შემთხვევაში, ბიზნესმენი შესაძლოა დათანხმდეს ბათუმში უკანონოდ აშენებული 9 კორპუსის მოქალაქეებისთვის გადაცემას, შესაბამისი თანხის მიღების სანაცვლოდ.
გალიფ ოზთურქი მსჯავრდებულია და ციხეშია. მისი ადვოკატი – მაია ბერიძე და ოზთურქის ერთ-ერთი კომპანიის „მეტრო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელი, რაულ კახაძე კი, მოლაპარაკებას კორპუსების უსახლკაროებისთვის გადაცემაზე გამორიცხავენ.
„ეს არის ხალხის ემოციებით ვაჭრობა, ფიზიკურად ბუნებაში ასეთი მოლაპარაკება არ არსებობს. ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩვენ თანამოქალაქეებს, მაგრამ ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით გამოვიყენოთ კანონით მინიჭებული ყველა უფლება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ერთ-ერთი კომპანიის – „მეტრო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელმა, რაულ კახაძემ.
გალიფ ოზთურქისთან მოლაპარაკების არსებობას კატეგორიულად გამორიცხავს ასევე ოზთურქის ადვოკატი მაია ბერიძე.
მერიასთან შეკრებილი უსახლკაროები თავდაპირველად ამბობდნენ, რომ დაშლას არ აპირებდნენ და მოლაპარაკება თუ არ დაიწყებოდა, ოზთურქის კერძო საკუთრებაში შეიჭრებოდნენ, თუმცა 4 ოქტომბერს აქციის ორგანიზატორმა, მერაბ ბლადაძემ განაცხადა, რომ აქციები შეწყდა და 10 ოქტომბრიდან ისევ შეიკრიბებიან.