მთავარი,სიახლეები

„სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ“ – აფგან სადიგოვის მიმართვა მზია ამაღლობელს

12.02.2025 •
„სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ“ – აფგან სადიგოვის მიმართვა მზია ამაღლობელს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და რედაქტორი აფგან სადიგოვი, რომელიც 145 დღეა ციხეში შიმშილობს, მზია ამაღლობელს წერილით მიმართავს.

აფგან სადიგოვის წერილს გამოცემა „მედიაჩეკერი“ ავრცელებს. გამოცემამ სადიგოვთან ინტერვიუ ციხეში წერილობით, ადვოკატების დახმარებით, ჩაწერა.

“დღეს საქართველოში ორი დაკავებული ჟურნალისტი, თქვენ – აფგან სადიგოვი და მზია ამაღლობელი შიმშილობთ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?” – ჰკითხა “მედიაჩეკერმა” აფგან სადიგოვს.

“ქალბატონი ჟურნალისტის დაკავება სხვებისთვის მუქარის შემცველ მესიჯს წარმოადგენს და მთლიანად მედიის დაშინების ხასიათს ატარებს.

სიმართლისმოყვარე და დამოუკიდებელი უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის, მედიის ყოველი წარმომადგენლისთვის მატერიალური შეთავაზებები ექნებათ. ვისაც ვერაფრით დაითანხმებენ, მათ წინააღმდეგ სერიოზული მუქარის, შანტაჟის, ცილის წამების, ცრუ ბრალდების კამპანიები, დაკავებები და სხვა სახის ზეწოლა დაიწყება.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დაკავებული ქალბატონი ჟურნალისტი უდანაშაულოა და იგი, ცრუ ბრალდებით, დაკვეთით არის დაკავებული. დაკვეთით დაკავებისადმი პროტესტის გამო მის მიერ წამოწყებულ შიმშილობას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ და დიქტატურის ზღვარზე მყოფი საქართველოს მთავრობისგან ქალბატონი ჟურნალისტისა და აქციაზე დაკავებული სხვა მონაწილეების გათავისუფლებას მოვითხოვ!

როცა მეორედ დამაკავეს, დაკვეთით, აზერბაიჯანის საპატიმროში 242 დღე ვიშიმშილე. მართალ, სწორ, წრფელ გზაზე რომ ვიდექი, ვიცოდი. საკუთარ თავს დავპირდი, რომ მტარვალი და მტაცებელი, დიქტატორი ხელისუფლების წინაშე არ მოვიდრიკებოდი, არ დავმარცხდებოდი და საკუთარი შეუდრეკელობის წარმოჩენით მათ დავთრგუნავდი. კუჭი ცარიელი მქონდა, მაგრამ სული – ნაყროვანი. ვიცოცხლებდი, ღარიბ, უპატრონო, გასაჭირში ჩავარდნილ, უფლებაგათელილ ადამიანებს კვლავაც დავიცავდი, უმოწყალო ჩინოვნიკებისაგან, ხელისუფლებისაგან, დიქტატურის რკინის ხელისაგან მათ დაფარვას შევეცდებოდი.

ქალბატონი ჟურნალისტისადმი ჩემი რჩევა ეს არის. შეუდრეკელობა და დაუმარცხებლობა. სიკეთე და სიმართლე იმარჯვებს ბოლოს.

საქართველოს ხალხმა ქვეყანაში დიქტატურის გაბატონება არ უნდა დაუშვას, არ უნდა დაყაბულდეს, თვალი არ უნდა დახუჭოს, არ დაანებოს რომ ხელისუფლებამ მათ თავისუფლება, მომავალი წაართვას. ეს თავად ხალხისთვისაც შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი იქნება. დიქტატურა კიბოს სნეულებას ჰგავს. ორგანიზმს თანდათანობით წამლავს.

მთავარი ისაა, მომავალმა თაობებმა მათთვის ასეთი მთავრობის მემკვიდრეობად დატოვების გამო არ გვლანძღოს და არ შეგვაჩვენოს. ამ პრობლემას ჩვენ შთამომავლობას ტვირთად ნუ დავუტოვებთ,”- წერს აფგან სადიგოვი „მედიაჩეკერისთვის“ გაგზავნილ წერილში.

“მედიაჩეკერის” კითხვაზე, რას ეტყოდა მზია ამაღლობელს, აფგან სადიგოვი წერს:

„ძვირფასო ჟურნალისტო, ქალბატონო მზია, მოგესალმებით და სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ.

ამ მართალ, ღირსეულ და ჭეშმარიტ გზაზე სიარული კვლავაც გააგრძელეთ გამბედავად ისევე, როგორც ამას აქამდე მიზანსწრაფულად და ღირსეულად აკეთებდით.

გამარჯვება თქვენ და თქვენნაირ დამოუკიდებელ, შეუქცეველ, უდრეკ და სიმართლისმოყვარე მედიის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს!

დიქტატურის ზღურბლზე მდგარ და დიქტატურის საზიზღარ გზაზე მჩოჩავ საქართველოს მთავრობას კი ამ მცდარი გზიდან უკან მობრუნებისკენ, დაწყებული რეპრესიების შეწყვეტისკენ, თუკი ხალხის ერთგულებითა და დემოკრატიით მსახურება არ ძალუძს, მაშინ გადადგომისკენ მოვუწოდებ.

მოვითხოვ, ჟურნალისტ ქალბატონი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!

ქალბატონო მზია, როგორც აზერბაიჯანის ლეგენდარული მხედართმთავარი ბაბექი ამბობს: „40 წელი უღელქვეშ ხოხვას, ერთი დღით თავისუფლად ცხოვრება უფრო ღირსეულია, აღმატებულია“, – წერს აფგან სადიგოვი „მედიაჩეკერისთვის“ გაგზავნილ წერილში.

„მედიაჩეკერის“ კთხვაზე, რას ურჩევდა მზია ამაღლობელის კოლეგებს, ქართველ ჟურნალისტებს, რომელიც მის გათავისუფლებას ითხოვენ, სადიგოვი წერს:

„მუდამ ასეთი სოლიდარულობა, ერთმანეთის ჭირში, სირთულეში, ამგვარ გამოცდაში მიუტოვებლობა, ერთურთისთვის, მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის ხელებში მტკიცედ ჩაჭიდება, მათი დაცვა. წარმატება, წინსვლა, გამარჯვება მხოლოდ იქაა, სადაც ერთობა და სოლიდარულობაა. ვაშა თქვენ, – შეუდრეკელი, ღირსეული მედიის წარმომადგენლებს! ძირს დიქტატურა!

საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ კი, თავის იმ საზიზღარი გეგმების მომფიქრებელ და განმახორციელებელ ტვინში ჩაიბეჭდოს და არ დაივიწყოს, რომ ჩადენილი ყოველი დანაშაულებრივი ქმედებების გამო ერთ დღესაც კანონისა და ხალხის წინაშე, სწორედ რუმინეთის დიქტატორ ჩაუშესკუსავით მოუწევს პასუხის გაცემა!

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს პროტესტების მონაწილეთა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლა. დამოუკიდებელი უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მშვიდი და მთელი შესაძლებლობებით ფუნქციონირებისთვის პირობები შეექმნათ! და შეაჩეროს აზერბაიჯანის დიქტატორის, ილჰამ ალიევის პოლიტიკური დაკვეთების საქართველოში აღსრულებით ამოქმედებული რეპრესიები!

ძირს დიქტატურა!!! არა რეპრესიებს!!! თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა თითოეულ პოლიტიკურ პატიმარს!!!“ – წერს აფგან სადიგოვი „მედიაჩეკერისთვის“ გაგზავნილ წერილში.

„მედიაჩეკერმა“ თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს რამდენიმე კითხვა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დახმარებით გაუგზავნა, აფგან სადიგოვის წერილობითი პასუხები კი რედაქციამ მიმდინარე კვირაში მიიღო.

მთავარ ფოტოზე: მზია ამაღლობელი/აფგან სადიგოვი სასამართლო პროცესზე – მინდია გაბაძე/„პუბლიკა“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: